Thursday, December 16, 2010

ზურაბ ლეჟავა – უხურდავებელი მონეტა


კუხიანიძე ჯმუხი კაცი იყო, ქართველისთვის მეტად მუქი კანით და მძლავრი, ბანჯგვლიანი მკერდით, მას უკვე აღარ ეთქმოდა ახალგაზრდა, მაგრამ სტაბილური სამუშაო მაინც არ ჰქონდა. იგი ოჯახს შემთხვევითი შემოსავლებით ინახავდა, თუმცა, უნდა ითქვას, ინახავდა არცთუ ცუდად, გარდა ამისა, ის მომავალზეც ფიქრობდა და შესაბამისად ზრუნავდა კიდეც. თავის მრავალრიცხოვან ცოლშვილთან გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის თოთხმეტსართულიანი სახლის ერთოთახიან ბინაში იყო დაბინავებული და იმავე მიკრორაიონის მიმდებარე უკაცრიელ მინდორში იშენებდა სახლს. ერთი სიტყვით, მინდორი იყო საერთო, ანუ ყველასი, ხოლო ლითონის ბადით უკანონოდ შემორაგვული პატარა ტერიტორია, მასში ჩადგმული პატარა სახლით, იყო კუხიანიძისა.
ეს სახლი იყო ამ კაცის ოცნება და იმედი, იქ აპირებდა იგი ცხოვრებას: ხეების დარგვას და დენის შეყვანას, ქათმებისა და იხვების მოშენებას...
ადრე, მაშინ, როცა სხვანაირად ფუნქციონირებდა ქალაქის დასუფთავების სამსახური, კუხიანიძეს ჰქონდა სამსახური ზემოთხსენებულ სამსახურში. მას ცოტა ღიმილისმომგვრელადჟღერადი თანამდებობა ეკავა. ნაგვის ოპერატორი ერქვა თანამდებობას. კუხიანიძეს ნაგვმზიდავი მოტოროლებით გადაჰქონდა ნაგავი. ჰქონდა პატარა, მაგრამ სტაბილური ხელფასი და ცოტაოდენი შემოსავალი ნაგვიდანაც, ნაგავში ნაპოვნი ფერადი და შავი ლითონები, მაგალითად...
შემდეგ დროება შეიცვალა - დასუფთავების სამსახურში ჩატარდა რეორგანიზაცია: ნაგვმზიდავი მოტოროლები შეცვალეს ასევე ნაგვმზიდავი მძლავრი ავტომობილებით, სწორედ იმ ეგზომ ავტომატიზირებული ავტომობილებით, რომლებსაც თითოს შეეძლო ოცი მოტოროლერის მაგივრობის გაწევა. ქალაქის დასუფთავების საქმეს ამ მოტოროლებმა, რასაკვირველია, დიდად უშველეს, მაგრამ კუხიანიძეს და მისნაირ მოტოროლერისტ ნაგვის ოპერატორებს არ გაუმართლათ – ისინი სამსახურიდან დათხოვილნი და უფუნქციონი შეიქნენ. თუმცაღა, ნაგავტრესტის გულკეთილმა ხელმძღვანელობამ გულისხმიერება გამოიჩინა და შტატების შემცირების საფუძველზე დათხოვნილ თანამშრომლებს ჩამოწერილი მოტოროლები უფეშქაშა.
კუხიანიძესაც ერგი ერთი ასეთი სტაფილოსფერი, დანჯღრეული, ნაგვის სუნით აქოთებული მოტოროლერი. ამ მოტოროლერმა, რომელსაც კუხიანიძემ მაშინვე გადაუკეთა ნაგვმზიდი კამერა სატვირთო ძარად, ხოლო სტაფილოსფრიდან ხაკისფრად გადაღება, მალე უნივერსალური თვისებები შეიძინა. იმიტომ, რომ ის ახლა უკვე აღარ იყო მხოლოდ მოტოროლერი, არამედ იყო მოტოროლერი, მოტოციკლეტი, კვადროციკლი, ავტომობილი, კატერი და ალბათ, შვეულმფრენიც. დიახ, დაუჯერებელია, მაგრას ეს მანქანა დაფრინავდა კიდეც, ყველაფერი კი კუხიანიძის გამომგონებლური ნიჭისა და ყოფილი პარტკომის, საბრალო დათო ბიძიას სარდაფიდან მოპარული მოტოციკლეტის ნაწილების წყალობით...
საბრალო დათო ბიძია მეზობელ სადარბაზოში ცხოვრობდა, ამ მეზობელ სადარბაზოშივე იყო მისი სარდაფიც. სწორედ ამ სადრაფში ეყენა საბრალო დათო ბიძიას ძველი კალიასკიანი მოტოციკლეტი, რომლის არსებობაც აღარავის და შესაძლოა, თვით დათო ბიძიასაც აღარ ახსოვდა. თუმცა, ეს მთლად ასე არ იყო. კუხიანიძის სარდაფს და საბრალო დათო ბიძიას ბნელ სარდაფებს ერთი სქელი კედელი ჰყოფდათ. ამ კედელში კუხიანიძეს რამდენიმე აგური ამოეღო და საიდუმლო ხვრელი გაეკეთებინა. ამ ხვრელიდან შეძვრებოდა ხოლმე ის დათო ბიძიას ბნელ სარდაფში და იქ შენახულ ძველ მოტოციკლეტს თავისი მოტოროლისთვის საჭირო ნაწილებს აცლიდა. შემდეგ კი მოპარული ნაწილებით ახდენდა ერთ დროს ნაგვმზიდი მოტოროლერის, ხოლო აწ უკვე უნიკალური სატრანპორტო საშუალების შემდგომ სრულყოფილებასა და მოდერნიზებას. კედელში აგურებს ისე ოსტატურად აწყობდა, რომ საბრალო დათო ბიძიას აზრადაც არ მოსდიოდა მის სარდაფს თუ ვინმე სტუმრობდა საავკაცოდ და სამამაძაღლოდ. სტუმრობდა კი არადა კუხიანიძეს სულ დაეშალა ყოფილი პარტკომის კალიასკიანი მოტოციკლეტი და ნაწილ-ნაწილ გამოეტანა უჩუმრად.
ახალი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობდა და “ტაქსაობდა” კუხიანიძე, გადაჰყადა ხალხი და შინაური ცხოველები, გადაჰქონდა ბარგი, საშენი მასალა და ათასი სხვა რამ. ასე ცხოვრობდა ოცნებით იმაზე, რომ გლდანის მეშვიდე მიკრო რაიონის მიმდებარე უკაცრიელ მინდორში ააშენებდა ოდესმე სახლს, უკანონოდ რასაკვირველია, გაიყვანდა დენსა და გაზს, მოაშენებდა ქათმებს და იხვებს... მშენებარე სახლი კუხიანიძის გულის გასახარად ჩანდა მისი ბინის ფანჯრიდან... და ასეთი იყო ერთი სიტყვით ამ კაცის ცოდო-მადლი

* * *
კიდევ იყო ვასო - ახალგაზრდა კაცი. არ იყო იგი ხელმოკლე ოჯახის შვილი: სურვილისა და სიბეჯითის გამოვლენის შემთხვევაში ვასოს სავსებით შეეძლო კარგი ესვა, კარგი ეჭამა, მიეღო კარგი განათლება, ეშოვნა სათანადო სამსახური და ცხოვრებაც შესაბამისად მოეწყო. ეს ყველაფერი, პრინციპში, ასეც იყო: ვასოს ჰყავდა მშობლები, და-ძმა, განათლებაც ჰქონდა, კაი სამსახური, ნათესავები, სითბო-სიმყუდროვე, მაგრამ... ერთი ჰქონდა ვასოს, მაინც თავის შეგრძნებაში დიდი და მოუგვარებელი დისკომფორტი: ის თავის ქვეცნობიერში თავს (უიმე-უიმე–უიმე) ქალად გრძნობდა. ჰქონდა - შენ ხარ ჩემი ბატონი - კაი დიდი, მამაპაპური ცხვირი, კაი ფანჩულა წარბები, თითქმის ვაჯკაცურად განიერი მხრები, თითქმის დაძარღვული და მსხვილი მაჯები, მაგრამ ქალად გრძნობდა თავს და რა გინდათ მითხარით... თანაც, ეს შემპარავი შეგრძნება ქალურობისა, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო შეგრძნებადი ხდებოდა, მყისიერი და აქტუალურიც.
თავიდან ყველაფერი წვრილმანებით დაიწყო, ვასომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, და თავისი დიდი, მთაგორიანი ცხვირი, პატარა, ნაზ, ოდნავაპრეხილ, ქალის ცხვირისებურ, სექსუალურ, მიმზიდველ, აღმგზნებ ცხვირად გადაიკეთა. შემდგომ, ეტაპობრივად, ჭარბთმიანობის პრობლემასაც შეეჭიდა ეპილაციებისა და ჰორმონალური საშუალებების მეშვეობით. მერე თეძოების გასაგანიერებელი რთული ოპერაცია გაიკეთა, ბოლოს კი მთლიანად მიენდო თავისი საქმის ნამდვილ ჯადოქარ პროფესორ კუზანოვს, ჩაიტარა რამდენიმე ურთულესი, მრავალსაათიანი ოპერაცია, რის შემდეგაც საბოლოოდ გარდაიქმნა ნამდვილ ქალად, სახელად ამ ახალმა ქმნილებამ, რადგან ადრე ვასო ერქვა, ტასო დაირქვა. ამ ოპერაციამდე და წინამდებარე ოპერაციებებამდე ვასო იყო ზორბა მამაკაცი, რომელიც იწონიდა ას კილოგრამზე მეტს, ტასოდ გარდაქმნის შემდეგ ის ორმოცდაათკილოანი ტანწერწეწეტა ქალი შეიქნა
სადღა უნდა წაეღო გამოჩენილ პროფესორს ვასოს სხეულის მორჩენილი ფრაგმენტები, თითქმის სამოც კილოგრამამდე მეტი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ხომ არ გადაყრიდა? არა, ძვირფასი მასალის გადაყრა არ შეიძლებოდა. ამიტომ კუზანოვმა ვასოსგან (პარდონ, ტასოსგან) ნებართვა აიღო და სხეულში მორჩენილი ფრაგმენტები მეცნიერული მიზნებისათვის გამოიყენა. ეს მიზნები კი, ან უკეთ ითქვას, მიზანი იყო: სხეულის მორჩენილი ფრაგმენტებიდან ახალი ადამიანის შექმნა. თუკი ყველასთვის უცნობმა, ვიღაც კუხიანიძემ ერთი დანჯღრეული მოტოროლერისა და ძველისძველი კალიასკიანი ნაწილებისგან შესძლო უნიკალური სატრანსპორტო საშუალების აწყობა, განა გაუჭირდებოდა საქვეყნოდ ცნობილ კუზანოვს სამოცი-სამოცდაათი კილოგრამი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლებისგან ერთი კარგი ვაჟკაცის, “კაი ყმის” დამზადება? არა, არ გაუჭირდებოდა. და არც გაუჭირდა – პირიქით, გაუადვილდა. ეს მორჩენილი ფრაგმენტები ხომ თითქმის მთლიანად მამაკაცური იყო. ტასომ ხომ მხოლოდ ქალური ან თითქმის ქალური შეინარჩუნა საკუთარ თავში. შესაბამისად, მორჩენილი ფრაგმენტებიდან პროფესორს ადვილად გამოუვიდა ხელიდან ერთი კარგი “კაი ყმა” კავკასოიდური გარეგნობისა. ამ კავკასოიდური გარეგნობის “კაი ყმას” დაარქვეს, ანუ გნებავთ, დაუტოვეს, სახელი ვასო. პრინციპში ვასო, სინამდვილეში იყო ტასო, რომელიც ახლო წარსულში ვასოდყოფილი გადაკეთდა ტასოდ, ხოლო ახალი ქმნილება, ანუ ფრაგმენტებისგან შეკოწიწებული, აწ უკვე ვასოდ წოდებული, მხოლოდ და მხოლოდ, ნუ, ალბათ, კლონი ან კლონისმსგავსი რამ, იყო ტასოდ გადაკეთებული ვასოსი. ასე იყო ერთი სიტყვით ეს ყველაფერი და რომ არ აირიოს ერთმანეთში რაღაცეები, ვიხმაროთ ამიერიდან არა ის სახელები, რომლებიც ოდესღაც ვიღაცეებს ერქვათ, არამედ რაც ჰქვიათ აღწერილ დროში. ახალი ტასო ნაზი და ერთი შეხედვით გაცილებით სუსტი არსება იყო ბრგე და ერთობ კავკასოიდურ ვასოზე, მაგრამ ტასო სახელ და სქეს შეცვლილ, მაინც პირველწყარო-მატრიცა იყო გაორებული არსებისა. მან, ტასომ, რომლის პირველობასაც არ უარყოფდა ახალი ვასოც, რაღაც თავისი, მშობლიური იგრძნო ახალ ვასოში და შეუყვარდა საკუთარი კლონი. ვასოსაც შეუყვარდა ტასო ანალოგიური მიზეზებით.
მალე მათი სიყვარული იმდენად გაღრმავდა, რამდენადაც შეიძლება გაღრმავდეს ორი თავისუფალი აზროვნების ადამიანის სიყვარული, თანაც ისეთი სექსუალურად თავისუფალი აზროვნებისა, როგორი აზროვნებისანიც იყვნენ ტასო და ვასო. ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, მაგრამ ამ ოჯახს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნდა. მაშინ, ისევე როგორც ახლა, აკრძალული იყო ჩვენში საკუთარი სხეულის ნაწილებზე და კლონებზე დაქორწინება. ამიტომ ამ უცნაურ წყვილს ძალიან სჭირდებოდა, როგორმე ბენილუქსში გამგზავრება, ბენილუქსის მოქალაქეობის მიღება და შემდეგ იქ დაქორწინება. ამისთვის კი საჭირო იყო ფული – დიდძალი ფული სჭირდებოდა ყველაფერ ამას.
ტასო და ვასო დიდხანს იმტვრევდნენ თავს იმაზე ფიქრში, თუ როგორ ეშოვნათ ბენილუქსში გასამგზავრებელი თანხა, მაგრამ ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ მოეფიქრებინათ, სანამ ვიღაცამ არ ურჩია მათ შავ-ბნელ ძალებთან დაკავშირება. მოკლედ, ტასოს და ვასოს უნდა შეესწავლათ შავი მაგია, გამხდარიყვნენ ამ მაგიის მაგისტრები, ქვესკნელიდან გამოეძახებინათ მაჯლაჯუნა და ერთ უხურდავებელ მონეტად მიეყიდათ მისთვის შავი კატა თეთრის მაგიერ. ეს მოკლედ, ახლა კი ვრცლად: იმისთვის, რომ გახდეთ შავი მაგიის ნადვილი მაგისტრი და უხურდავებელ მონეტად მიჰყიდოთ მაჯლაჯუნას შავი კატა თეთრის მაგიერ, საჭიროა ყურადღებით წაიკითხოთ შავი მაგიის სახელმძღვანელოს ის ნაწილი, რომელიც ასწავლის უხურდავებელ მონეტის მოპოვების წესს. ამ წესის თანახმად, ასეთი მონეტის მოპოვების მსურველმა უნდა დაიჭიროს ორი კატა – მწითური და შავი. შავი კატა უნდა ჩასვას ძალიან მკვრივ შავ ტომარაში და რაც შეიძლება მაგრა მოუკრას ამ ტომარას პირი. ნასკვი რაც უფრო რთული იქნება და ბევრი – უკეთესია. რაც შეეხება მწითურ კატას, ის შეიძლება ჩასმულ იქნას ნებისმიერი ფერის მკვრივ ტომარაში, რომელსაც ისეთნაირად ექნება მოკრული პირი, რომ კატა ვერ ამოხტეს. შემდეგ, როცა ჩავა მზე და დაღამდება, ფეხით უნდა გაუდგეს გზას უხურდავებელი მონეტის მსურველი ნებისმიერი მიმართულებით, გასცდება ქალაქს და როცა შეამჩნევს პირველივე არაასფალტირებულ გზას, გადაუხვევს მასზე და ივლის ამ გზით. როგორც კი დაინახავს პირველ ბილიკს, მაშინვე გადაუხვევს და ივლის ახლა უკვე ამ ბილიკით, მანამ, სანამ ბილიკი ესე არ გადაიკვეთება სხვა კიდევ უფრო პატარა და საცალფეხო ბილიკით. ასე მოუწევს სიარული შავი მაგიის ახალბედა მაგისტრს ცოტახანს თუ დიდხანს, სანამ არ წააწყდება განცალკავებით მდგომ დაუმთავრებელ, უცხოვრებელ სახლს, რომელიც აუცილებლად გადახურული უნდა იყოს. შემდეგ შედის მაგისტრი ამ სახლში, ამოიყვანს მწითურ კატას ტომრიდან, მოკლავს მას და მის სისხლს აპკურებს უცხოვრებელი სახლის კედლებს. შემდეგ შუა ოთახში, პირდაპირ იატაკზე, სახელდახელოდ, აანთებს ცეცხლს და წინასწარ მომზადებულ ქვაბში მოხარშავს საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილ კატას თავისი ბეწვითა და შიგნეულით. მაგისტრმა უნდა იქონიოს თან მარილი, დაფნის ფოთოლი და ყველაფერი ის, რაც უხდება წვნიანს; და რასაც დაუმატებს გემოვნების მიხედვით. ამ პროცესისას პროზელიტი მაგისტრი გამუდმებით იძახებს მაჯლაჯუნებს და უწმაწური სიტყვების გამოყენებით ეპატიჟება მას წვნიანზე და არაყზე. როდესაც ხორცი მოიხარშება, უნდა ჩაიყაროს ქვაბში ოხრახუში და ცოტაოდენი დუღილის შემდეგ გადმოიდგას ქვაბი ცეცხლიდან. შემდეგ ხუთი-ათი წუთი კიდეც უნდა იპატიჟოს მაჯლაჯუნა სიტყვებით და თუ მაინც არ მოვიდა, უნდა მიუჯდეს მაგისტრი სუფრას, მიირთვას კატის გემრიელი წვნიანი, დააყოლოს არაყი, აქოს ეს ყველაფერი, იწმინდოს სახელოთი ქონიანი ტუჩები, თამამად აბოყინოს, გამოსცრას გაზები, აგინოს მაჯლაჯუნას გულთბილად იმის გამო, რომ არ მოდის, და დარწმუნებული ბრძანდებოდეს, რომ ის აუცილებლად მოვა. პროზელიტ მაგისტრს არ უნდა დაავიწყდეს, რომ პროდუქტები, ჭურჭელი და სხვა საჭირო ნივთები უნდა ჰქონდეს წინასწარ მომზადებული. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, უხურდავებელი მონეტის მომპოვებელი უნდა იყოს მარტო.
შემდეგ, როცა მაჯლაჯუნა მოვა, უნდა უნდა მიიპატიჟოს იგი სუფრასთან, მიართვას მას არაყი, და კატის წვნიანი. სასმელი, რაც შეიძლება მეტი უნდა დაალევინოს და როცა ის შეთვრება, ვითომ შემთხვევით უნდა მიარტყას მაგისტრმა ფეხი კატიან ტომარას, რომელშიც ეყოლება შავი კატა თეთრის მაგიერ. გაიგონებს თუ არა მთვრალი მაჯლაჯუნა კატის ჩხავილს, იგი მაშინვე დაინტერესდება ტომრის შიგთავსით. მაგისტრმა უნდა უპასუხოს, რომ ტომარაში უზის თეთრი კატა, რომელსაც ყიდის. როცა მაჯლაჯუნა ფასით დაინტერესდება, მაგისტრმა უნდა უპასუხოს, რომ ერთი უხურდავებელი მონეტაა ფასი თეთრი კატისა. მაჯლაჯუნა შეიცხადებს და იძვირებს ფასს, შეეცდება პროზელიტის გაცილებით დაბალ ფასზე დაყოლიებას: ის დაუწყებს მაგისტრს მოთაფვლასა და შეხუჭუჭებას, შეიძლება პირდაპირ მუქარაზეც გადავიდეს, მოითხოვს ტომრის გახსნას და კატის ჩვენებას, რაზეც არამც და არამც არ შეიძლება დათანხმება, რადგან თუ მაჯლაჯუნამ ნახა, რომ კატა შავია, ის მას აღარ იყიდის. შავი და მწითური კატები ქვეყნისაა ჯოჯოხეთში და იქ მხოლოდდამხოლოდ თეთრი კატებია დეფიციტი. მაჯლაჯუნა ნებისმიერ თანხას გაიღებს თეთრ კატაში - უხურდავებელ მონეტასაც კი. მაჯლაჯუნებს ძალიან უყვართ თეთრი კატები და ვისაც ასეთი კატა ჰყავს, ის პირველი ბიჭია საბობოქროში. დიდძალი ფული, აურაცხელი ძვირფასეულობა, ზღაპრული ქონება, უძრავი და მოძრავი, ვერ შეედრება უხურდავებელ მონეტას, რომელსაც ერთხელ იდებს ძეხორციელი ჯიბეში, შემდეგ კი რამდენჯერარ უნდა ამოიღოს და დახარჯოს იგი, მონეტა მაინც მისი მფლობელის ჯიბეში დარჩება: ჩაიყოფს ჯიბეში ხელს, ამოიღებს მონეტას, იყიდის ამ მონეტით რამეს და დადებს მონეტას მაგიდაზე და როდესაც ჯიბეში ჩაიყოფს ხელს თავისი მონეტა ისევ ჯიბეში დახვდება. დღეში ათასი მონეტაც რომ ამოიღოს და ამ მონეტებით სკივრები აავსოს, ერთი უხურდავებელი მონეტა მაინც ყოველთვის ჯიბეში ექნება. რომ გაჩხრიკონ ან გაძარცვონ და მონეტა მფლობელს ძალით წაართვან, ის გასხლტება და მაინც მფლობელს დაუბრუნდება, რადგან არაფერი არსებობს მისი დამკავებელი, არც სკივრი, არც ქისა, არც ყულაბა და არც სეიფი. მხოლოდ მფლობელის ჯიბეა მისი მუდმივი ნავსაყუდელი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამრავლებული მონეტები აღარ მრავლდებიან, რადგან მხოლოდ დედანია უხურდავებელი. ის, რომელსაც მფლობელის ჯიბეში დაუდევს ბინა.
ისმის ლოგიკური კითხვა: რა საჭიროა ეშმაკის მოტყუება და თეთრი კატის შავით შეცვლა, როცა ამდენი თეთრი კატაა დედამიწაზე - განა უფრო ადვილი არ იქნებოდა ნამდვილი თეთრი კატის გაყიდვა? ნურას უკაცრავად, ასეთ შემთხვევაში მაჯლაჯუნა თავად მოგატყუებთ და უხურდავებელი მონეტის ნაცვლად უბრალო მონეტას შემოგაჩეჩებს. ის მონეტა თავიდან გამრავლებას დაიწყებს, მაგრამ როცა მაჯლაჯუნა წავა და კატას წაიყვანს, აღარ გამრავლდება. უხურდავებელ მონეტას მხოლოდ მაშინ აქვს ყადრი, როცა იგი მოტყუებითაა მოპოვებული. თეთრკატიანი ტომარა მრავალი რთული ნასკვით, რაც შეიძლება მაგრად უნდა იყოს პირმოკრული და აი რატომ: როგორც კი მაჯლაჯუნა უხურდავებელ მონეტით კატიან ტომარას იყიდის, ის მაშინვე გამალებით შეუდგება რთული ნასკვებით მაგრად პირმოკრული ტომრის გახსნას, ამ დროს პროზელიტმა მაგისტრმა სწრაფად უნდა გაიქანოს ჯიბეში უხურდავებელი მონეტა და რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოს იქაურობას. ამ დროს მან უნდა მოასწროს და შევარდეს სადმე ეკლესიაში და და იქ მოიცადოს, სანამ პირველი მამლები არ დაიყივლებენ. მხოლოდ იქ იქნება უსაფრთხოდ მაჯლაჯუნას მომტყუებელი. ეკლესია ეს ის ადგილია, სადაც მაჯლაჯუნას შესვლა ეშინია. პირველი მამლების პირველ დაყივლებისთანავე შეცბება მაჯლაჯუნა და უკუიქცევა; უკუიქცევა იმიტომ, რომ პირველი მამლების მესამედ დაყივლებამდე მან უნდა მოასწროს ჯოჯოხეთში დაბრუნება. პირველივე დაყივლებისთანავე შეცბება, ის ადგილზე დაიწყებს ბუქნას, მოჰყვება ლანძღვა-მუქარას, მაგრამ პრაქტიკულად აღარ იქნება საშიში, მას თქვენთვის თითქმის აღარ ეცლება. მამლების მეორედ დაყივლებისთანავე თავქუდმოგლეჯილი უკუიქცევა, რადგან ის პირველი მამლების მესამედ დაყივლებამდე ჯოჯოხეთის დარაბებს იქით მხარეს არ აღმოჩნდება, მას სამზეოზე მოუწევს მთელი დღე ყოფნა, ხოლო ღამის თორმეტ საათზე, როცა ჯოჯოხეთის დარაბები კვლავ გაიღება, გამოუცვივდებიან მას მაჯლაჯუნები, ალქაჯები, ბოროტუნები, ჯოჯოხეთის სხვა ბინადარნი და სულ ცემა-ჯიჯგნით წარიტაცებენ თან; ხოლო როცა გაიგებენ, რომ მან ყველაფერთან ერთად უხურდავებელი მონეტაც დაკარგა თავისი უჭკუობით და ამ ფასდაუდებელი ფულით შავი კატა შეიძინა თეთრის სანაცვლოდ, მაშინ ხომ მართლაცდა საშინელ დღეს აყრიან.
* * *
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ტასომ და ვასომ ჩასხეს ტომრებში საგანგებოდ დაჭერილი კატები – მწითური და შავი, მოამზადეს წინასწარმომარაგებული პროდუქტები, სხვადასხვა ნივთები და ღამის თორმეტი საათის შესრულებისთანავე გაუდგნენ გზას. გასცდნენ ქალაქს, გასცდნენ მის გარეუბან გლდანს და ნება-ნება სიარულში მიადგნენ კუხიანიძის მშენებარე სახლს. მათ მხოლოდ ერთადერთი, წესით დაწესებული პირობა დაარღვიეს. ისინი ორნი წავიდნენ უხურდავებელი მონეტის მოსაპოვებლად. ერთად წასვლა კი საჭიროდ იმიტომ მიიჩნიეს, რომ თავს ჯერაც ერთ არსებად თვლიდნენ და აღიქვამდნენ – და ეს ფაქტიურად ასეც იყო: ტასო და ვასო წარმოადგენდნენ ორად გაყოფილ, ორ პიროვნებად ჩამოყალიბებულ ერთ ადამიანს, რომელიც, სხვათა შორის, დროდადრო, უნდა ითქვას - ერთობ არაიშვიათად ერთიანდებოდა, ყველა არასაბავშვო ასაკის ადამიანისათვის მისახვედრი საშუალებით.
მოკლედ, ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს – ტასო და ვასო მიადგნენ კუხიანიძის სახლს. ამ სახლს ჯერ ბევრი აკლდა დასრულებამდე, მაგრამ ის გადახურული იყო და მაშასადამე აკმაყოფილებდა მაგიური პირობების მოთხოვნებს. ტასო და ვასო გადაძვრნენ ლითონის ბადეზე, შევიდნენ სახლში და შეუდგნენ საქმეს: პროდუქტები და ნივთები მიალაგ-მოალაგეს. ვასომ ეზოში დაწყობილი შეშის გროვიდან ათიოდე ნაჭერი სახლში შეიტანა; მერე გახსნა ტომარა, რომელშიც მწითური კატა ჰყავდა დამწყვდეული, სტაცა ამ უკანასკნელს ქეჩოში ხელი, კნავილ-ჩხავილ-ფაფხურით ამოათრია ტომრიდან, აარჩია მოზრდილი, ხელში დასაჭერად და თავში ჩასარტყმელად ყველაზე მოსახერხებელი შეშის ნაჭერი და ბევრი ფიქრის და ცერემონიალის გარეშე, ჩასცხო საბრალო და უმწეო ცხოველს კეფაში. კატა მაშინვე მოკვდა. ამის შემდეგ ტასომ იქვე ნაპოვნ ხიჭვიან ფიცრის ჩამონაჭერზე დიდი და კარგად გალესილი დასაკეცი დანით მარდად დაჭრა კატა, მწვანილი და ხახვი. ვასომ კი პირდაპირ იატაკზე, რომელზედაც ჯერ პარკეტიც არ დაეგოთ, გააჩაღა ცეცხლი და კატიან-მწვანილიან-ხახვიან-დაფნისფოთლიანი ქვაბი ზედ შემოდგა. კატის სისხლი კი ტასომ აპკურა კედლებს წესისამებრ. შემდეგ ცოტათი მიალაგ-მოალაგეს ოთახი, ან უკეთ რომ ითქვას, უფრო მცდელობა გამოავლინეს ამისა, რადგან იქ ისეთი არეულობა იყო, როგორიც მშენებლობებზეა ხოლმე. აგურები, ცარიელი და სავსე ცემენტის ტომრები, ლურსმნები, რკინისა და ხის ჩამონაჭრები ეყარა ყველგან. ალბათ არ ღირს ახლა იმის დაწვრილებით ჩამოთვლა თუ რამდენი აგური ან ბლოკის ნატეხი მოისროლა ვასომ კუთხეებისკენ ან რამდენი ცალი რკინის მილი და კუთხოვანა გასწია ტასომ პრანჭიაობითი წუწკუნით; მამაკაცის ამღგზნები, გამომწვევი, ვითომ შემთხვევითი, სინამდვილეში კი კარგად გათვლილი პოზების გამიზნულად მიღებითა და “პურ-ფუნთუშეულის” გრაციოზულ-ნარნარი თაფთაფით.
ერთი რამ კი უნდა აღინიშნოს მხოლოდ – მაინც ისე, სხვათაშორის: ამ მომენტებში ანუ ოთახის მილაგებ-მოლაგების, კერძის მომზადების, ღობეზე თუ ფანჯარაში აძრომა-ჩამოძრომის დროს ტასო და ვასო სათუთად ეფერებოდნენ ერთმანეთს. უფრო აქტიურობდა ვასო, ხოლო ტასო გაპრანჭვითა და მორცხვად “იგერიებდა” მიჯნურის მოზღვავებული მამაკაცური ჟინით გამოწვეულ “კურვატულობას”. ასე მაგალითად: მავთულის ბ??????? აცოცებისას ვასომ, - რომ უფრო ცოტათი მეტ ხანს შეეგრძნო სატრფოს სურნელი, - შეაყოვნა ბავშვივით ხელში ატატებული ტასო, რის გამოც კინაღამ ჟანგიან მავთულზე ჩამოახევინა საბრალო გოგონას ჭიპი, ხოლო ბინაში ფანჯრიდან გადაძრომისას, აი სწორედ მაშინ, როცა ფეხსაცმელგახდილი ტასიკო ფანჯრის რაფაზე იყო საცოდავად ჩამოკიდებული, ხოლო ვასოს მისი შიშველი ბარძაყები ეპყრა ხელთ, კი არ შეუშვირა დროულად თავი, რათა გოგონა დასდგომოდა ან დასჯდომოდა მაინც თავზე, არამედ სწორედ თავით, დიახ, დიახ თავისი ბოლივერა კავკასოიდური თავით დაუწყო კაბის კალთის აწევა, რათა ამ კაბის კალთის ქვეშ მიმალული სიფრიფანა საზაფხულო საცვალი ეხილა. ვითომც ჯერაც არ ენახა, რა... ფხაკურსა და ფაფხურში კავალერს გოგონა ხელიდან გაუვარდა, რის შედეგადაც ტასიკომ ცოტათი გადაიყვლიფა მუხლი. ეჰჰ, კაცები მაინც სულ ეგეები როგორ არიან – ოღონდ თავისი ხუშტური აისრულონ და... ჰოდა ხო მოხვდა სამაგიეროდ ხელში და ბეჭშიც და ამ დარტყმების დროს სიტყვიერადაც: - დებილო! შტერო! დიგინირატო! – თუმცა ვასოს ანცობით გამოწვეული ტასოს გაბუტულობანი დიდ ხანს არ სტანდა. ისინი თითქმის წაჩხუბებისთანავე რიგდებოდნენ, ხოლო ამ შერიგებების დასტურად ხანგრძლივად ლოშნიდნენ და წუწნიდნენ ერთ-ურთს.
ადუღდა წყალი. მოიხარშა კატა. ტასომ ცოტა მწვანილი კიდევ ჩაამატა და ოთახში შიგნეულთან ერთად მოხარშული ხორცის სპეციფიური სუნიც დადგა, ხოლო სანთლის, მთვარისა და ცეცხლის შუქზე გაიშალა პატარა სუფრა: სახელდახელოდ გაშლილ გაზეთებზე – პური, ნიორი, ტასოს მიერ კოხტად დაჭრილი ზაფხულის და არასათბურის მკვრივი, ცოტათი ხაოიანი პომიდორი, მარილი ასანთის კოლოფში, კაი მაგარი ჭაჭის არაყი, პატარა ჭიქები, კატის ცხელ-ცხელი, სანელებლებით ზომიერად შეზავებული წვნიანი და გაზეთის ხელსახოცები. იყო ზაფხული, თბილი, მთვარიანი ღამე, სადღაც ახლოს, არაგამაღიზიანებლად ჭრიჭინებდა ჭრიჭინობელა და მიუხედავად იმისა, რომ მაჯლაჯუნას მეტად უჩვეულო და საკმაოდ სახიფათო ვიზიტი იყო მოსალოდნელი, აღარ, ან თითქმის მაინც აღარ ეშინოდა ტასოს. იმიტომ, რომ მის გვერდით იყო ვასო – ძლიერი და ბანჯგვლიანი. ტასომ იცოდა, რომ ეს უცნაური, მისივე ხორცის ნაჭრებისგან აკოწიწებული არსება დაიცავდა, ყოველ შემთხვევაში ცდას არ დააკლებდა საამისოდ.
* * *
კუხიანიძემ კორპუსის ბინის ფანჯრიდან შენიშნა შუქი თავისი უკანონოდ მშენებარე სახლის ფანჯრებში, თანაც შუქი არა ელექტრული, არამედ შუქი საშიში, ავის მომასწავებელი, ლიცლიცა – ისეთი, როგორიც აქვს ცეცხლს.
აფორიაქებული და ლამის თავზარდაცემული კუხიანიძე სწრაფად ჩამოვიდა ლიფტით ძირს. მოახტა თავის მოტოროლერს და დიდი სიჩქარითა და მოტოტრანსპორტისთვის დამახასიათებელი თუხთუხ-ტრახტრახით გაეშურა მშენებარე სახლისკენ.
ტასომ და ვასომ ამასობაში ცოტა წაიხემსეს. შეავსეს არყით ჭიქები, დააგემოვნეს კატის წვნიანი, მიუჭახუნეს ერთ-ურთს ჭიქები და მიუხედავად იმისა, რომ შავი მაგიის მაგისტრობას აპირებდნენ და საერთოდაც არ იყვნენ “კარგ საქმეზედ” მოსულნი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირველი სადღეგრძელო, მაინც, სიყვარულისა შესვეს. იმიტომ ალბათ, რომ სიყვარული მართლაც ყველგან სუფევს.
თამადობდა და ენამზეობდა, რა თქმა უნდა, ვასო. შემთვრალი ტასო კი თავის გაქალურებულ შემთვრალ მზერას მომხიბვლელი “ჩერჩეტულობით” ალივლივებდა და ვასოს “სიბრძნით” გაამაყებული, მოსიყვარულე, მთვრალი თვალებით მომზირალი, მხოლოდ დროდადრო ჩაურთავდა ხოლმე რაიმე, მისი აზრით, საჭირო შენიშვნას. ის ბევრს არ ჭამდა და მხოლოდ დროდადრო, გრაციოზულად წიწკნიდა წიწმატს.
ვასო და ტასო – ვასიკო და ტასიკო, - რამეთუ სწორედ ასე მოიხსენიებდნენ ისინი უმეტესწილად ერთურთს, საგრძნობლად შეზარხოშდნენ. და თუ აქამდე გამოძახების მიზნით, ხუმრობანარევი ღიმილით, ხმადაბლა თათხავდნენ მაჯლაჯუნას, ახლა შემთვრალ-შეთამამებულნი უკვე მთელი ხმით გაჰყვიროდნენ: - მაჯლაჯუნა ხარ თუ რაღაცა ხარ მოდი შენი... მოდი წვნიანი მაინც ცეცხლე... მოდი თორემ გაცივდა შენი... ამისთანა კატა დაგიკალით, შენ კი არ მოდიხარ შენი...
ავტორს საღერღელი აეშალა და, როგორც თვითონ იტყვის ხოლმე, სულ კალმის წვერი ექავება, ისე უნდა მოვლენების იმ თანმიმდევრობითა და სიმძაფრით აღწერა, როგორადაც მაშინ ისინი იქ ვითარდებოდნენ. მაგრამ, ვაგლახ, როგორც თევზს უთქვამს: - “ბევრსაც ვიტყოდი, თქვენმა მზემ, მაგრამ პირი წყლითა მაქვს სავსეო”, - დაწერ რამეს და არ დაგიბეჭდავენ, თუ დაგიბეჭდეს და მოგივარდებიან ხალხის სულიერებისა და ზნეობრიობაზე მზრუნველი “მორალისტები”, რომლებიც სულ შავ დღეს გაყრიან. ამიტომ მხოლოდ მოკლედ, ზედაპირულად ხერხდება აკრძალულზე ლაპარაკი:
მუხლებს, რომლებიც სხვათაშორის, ერთობ ამოგანგვლოდა ტასოს ცემენტში, უკვე აღარ უკოცნიდა ვასო, არამედ წამდაუწუმი ფურთხებით ლოშნიდა და კბენდა. წამდაუწუმ იფურთხებოდა იმიტომ, რომ მშრალი, პუდრისებრი ცემენტი ვასოს ვნებიან, ნოტიო ხახაში გარდიქმნებოდა ცემენტის ხსნარად, ცოტა ქვიშა და ასეთი ცემენტით სახლებს ააშენებდა კაცი. არადა ტასო მთლად განაცრისფერებულიყო. ოდნავი თავშეკავებით, და რაოდენ უცნაურია, ცოტა კეკლუცობითაც, მაგრამ ისიც იფურთხებოდა საპასუხო კოცნებისას, რადგან მთვრალი ვასოც კარგა გვარიანად იყო ცემენტში ამოგანგლული. ისინი მთვარის, ცეცხლისა და სანთლის აღმგზნებ, ლიცლიცა შუქზე მთვრალები გორაობდნენ ცემენტის ტომრებზე, ქონიან-ცემენტიანი ტუჩებით კოცნაობდნენ, ღლაბუცობდნენ, ჯიკაობდნენ და ყოველივე ამასთან ერთად ლანძღვა-გინებით იხმობდნენ მაჯლაჯუნას: - მოდი წვნიანი ჭამე შენი...
ქვესკნელიდან გამოძახებული მაჯლაჯუნა ერთხანს გარს უვლიდა მშენებარე სახლს. მას ძალიან უნდოდა სახლში შესვლა; კატის წვნიანის ჟრუანტელის მომგვრელი სუნი და უცერემონიო, ბილწსიტყვაობანარევი საალერსო შეძახილები შეზარხოშებული წყვილისა ანდამატივით იზიდავდა ჯოჯოხეთის ბინადარს. მაგრამ “ბინადარმა” იცოდა ისიც, რომ ადამიანებთან საქმის დაჭერა არ იყო ადვილი. ეს ყველაფერი შეიძლებოდა უსიამოვნებით ან მეტიც – დიდი უბედურებითაც დასრულებულიყო. თუმცა მაჯლაჯუნამ ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო და კარზე დააკაკუნა.
ვასომ და ტასომ კარზე დაკაკუნება გაიგონეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაკუნი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, შეცბნენ, ქონიან-ცემენტიანი ცხვირ-პირი სახელდახელოდ შეიწმინდეს. ტასომ მიისწორ-მოისწორა მტვრიანი კაბა, ხოლო ვასომ დაუდევრად შეიბერტყა შარვალი, რის შემდეგაც ფრთხილად მივიდა კართან და იკითხა: - ვინ არის? – მაჯლაჯუნა ვარ, მაჯლაჯო, - უპასუხა მაჯლაჯუნამ, - წვნიანზე მოვედი! რა არ მელოდით თქვენი...
ვასომ კარი გააღო და მაჯლაჯუნა შინ შეიპატიჟა:
- მოდი, შემოდი შენი...
ოთახში შესვლისას ვასომ, როგორც თავისი მეორე ნახევარი ისე წარუდგინა ტასო მაჯლაჯუნას. მაჯლაჯომ ალმაცერად აჰხედ-დაჰხედა ცემენტის ტომარაზე დასკუპებულ მთვრალ ტასიკოს და ცოტათი უსაყვედურა წყვილს იმის გამო, რომ ისინი ორნი იყვნენ მოსულნი, თუმცა საყვედურის მიუხედავად მაინც დასწვდა ტასოს გამოწვდილ ხელს და მოხდენილი ჯენტლმენურობით ეამბორა მტევანზე. შემდეგ ქუსლები ერთმანეთს მიარტყა ოფიცერივით, ასოთხმოცი გრადუსით შეტრიალდა ქვაბისკენ და მოხერხებულად მიუჯდა მას. ვასომ და ტასომ თავი იმართლეს და აუხსნეს მაჯლაჯუნას, რომ ისინი ფაქტიურად მართლაც ორი ნახევარი იყვნენ ერთი მთლიანი არსებისა. მაჯლაჯუნა ახსნა-განმარტებით დაკმაყოფილდა და ტასიკოს მიერ მზრუნველობით გამოწვდილ, კარგა გავსებულ, სურნელოვანოხშივარიან ჯამში ჩაყო დინგი. ვასო და ტასოც მიუსხდნენ სუფრას. მათაც გადაიღეს კატის წვნიანი და მიუხედავად იმისა, რომ უკვე წაეხემსათ, მაჯლაჯუნას მადისა და ჭამის “დახვეწილ” მანერების შემყურეთ მათაც სიამოვნებით მიირთვეს დამატებითი ულუფა. მაჯლაჯუნა არ ჭამდა კოვზით. ის მხოლოდ დროდადრო იშველიებდა მას – ისე კი უფრო დინგითა და თათებით – ღრუტუნის, ბოყინის, სლოკინის, ტუჩების ლოკვისა და გინების თანხლებით.
ახუხეს სტუმარს, რათქმაუნდა, რამდენიმე ჭიქა არაყიც და როგორც შავი მაგიის სახელმძღვანელოში იყო მითითებული, სწორედ ისე გაჰკრეს ფეხი ტომარას, რომელშიც შავი კატა ჰყავდათ დამწყვდეული. კატამ, რათქმაუნდა, დაიჩხავლა და შემდგომ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც შავი მაგიის წესებითაა გათვალისწინებული.
მაჯლაჯუნამ ყურები ცქვიტა.
სინამდვილეში, თუმცა დაბალი რანგის, მაგრამ მაჯლაჯუნა მაინც ერთ-ერთი ნაირსახეობაა ეშმაკისა და მისი მოტყუება, როგორც წესი, არ ხელეწიფება ჩვეულებრივ მოკვდავს, თუმცა არსებობს ზოგიერთი ჯადოები, რომელთა გაკეთებაც შეუძლიათ ადამიანებს და რომელთა წინაშეც უძლურნი არიან ზოგიერთი სახეობის ეშმაკები. და აი სწორედ ასეთი ჯადოს განხორციელება ხდებოდა მაშინაც. მაჯლაჯუნამ შეთავაზებულ სატყუარაზე მოახდინა სათანადო რეაგირება და მისი ანკესზე წამოგების პროცესიც ნელ-ნელა დაიწყო.
ტასომ და ვასომ მოახსენეს მაჯლაჯუნას, რომ შავ, მკვრივ ტომარაში მათ თეთრი კატა ჰყავდათ დამწყვდეული, რომლის გაყიდვაც სურდათ. მაჯლაჯუნამ თვალები ჭყიტა, შემდეგ ეშმაკურად მოჭუტა, რათა თავისი დაინტერესება მიეჩქმალა და ვაჭრობას მოჰყვა: ის ხან რას სთავაზობდა წეევილს და ხან რას. წვრილმანებიდან დაიწყო და ოქროს მთებამდე მივიდა; მაგრამ ტასო და ვასო შეუვალები იყვნენ, მათ მხოლოდ ერთი საფასური აწყობდათ – უხურდავებელი მონეტა.
უზომოდ ბევრი ვაჭრობის, წუწუნის, თითქოსდა მოლაპარაკებების შეწყვეტის, წასვლის იმიტაციისა და ნიადაგ მუქარის შემდეგ, მაჯლაჯუნა მაინც ბრუნდებოდა, მაინც იწყებდა თავიდან და ამით ტასოს და ვასოსაც აძლევდა იმის საბაბს, რომ ამ უკნასკნელთ ჰქონებოდათ იმედი იმისა, რომ, ასე თუ ისე, ადრე თუ გვიან, მაინც აყიდინებდნენ მაჯლაჯუნას შავ კატას თეთრის მაგიერ: მაჯლაჯუნა ითხოვდა ტომარის გახსნას და კატის ჩვენებას, მაგრამ ამაზე ტასო და ვასო, რა თქმა უნდა, არ თანხმდებოდნენ. ეს არ შეიძლებოდა. ბოლოს მოსახდენი მოხდა: იმედგადაწურულმა მაჯლაჯუნამ ვასოს შავი ტომარა გამოართვა, ტომარაში მრავალჯერ მოსინჯული კატა ხელით კიდევ ერთხელ მოსინჯა და როცა კატამ ისევ დაიჩხავლა, - ჩაიყო ძალიან ღრმად ჯიბეში ხელი და ამოიღო ის, რისი ამოღებაც ასე არ სურდა – უხურდავებელი მონეტა.
უხურდავებელი მონეტა იყო ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ვერცხლისფერი საბჭოთა რუბლი, რომელზედაც ვლადიმერ ილიას ძე ლენინის თავი იყო გამოსახული.
ტასომ ელვისუსწრაფესად გამოსტაცა მაჯლაჯუნას მონეტა ხელიდან, მეორე ხელი ვასოს გაუწოდა სწრაფად და როცა ეს უკანასკნელი სატრფოს ხელს ხელით დასწვდა, ისინი გაიქცნენ. მაჯლაჯუნა კი ამასობაში ცემენტის ტომრებთან ჩაცუცქდა და აკანკალებული თათებით შეუდგა ტომრის ნასკვების გახსნას.
* * *
კუხიანიძე ამასობაში გამხეცებული მიჰქროდა ყველგანმავალი მოტოროლერით თავისი მშენებარე სახლისკენ. უნივერსალური მანქანა თითქმის მთელი დატვირთვით მუშაობდა და აღარც კი ეხებოდა დედამიწას ბორბლებით, არამედ მიფრინავდა. აი ჩაფრინდა კიდევ თავის ეზოში კუხიანიძე, მოტოროლერიდან გადმოხტა, კარს მიაწყდა და მისაღებ ოთახში შეიჭრა. მაჯლაჯუნამ კი სწორედ ამ დროს გახსნა ბოლო კვანძი. შავ ტომარაში ხელი ჩაყო და იქიდან შეშინებულ-გაავებული, ნახევრად ველური, შავი კატა ამოათრია. მაჯლაჯოს საშინელი, განწირული ყვირილი აღმოხდა. ტასოს და ვასოს მწარე ტყუილით გაწბილებულსა და გაოგნებულს, შავმა კატამ მწარედ დაჰკაწრა და დაუკბინა ხელი. მაჯლაჯომ ავად აჰხედა ოთახში შემოჭრილ კუხიანიძეს, რომელიც ტასოს და ვასოს თანამზრახველად მიიჩნია და შავი კატა შიგ სახეში ესროლა. კუხიანიძემ კი, რომელიც თავის მხრივ, არანაკლებ იყო გაცეცხლებული, ხელი სტაცა მუგუზალს კოცონში, სწორედ იმას, რომლითაც ვასომ ცოტა ხნის წინ მწითური კატა მოკლა და მთელი ძალით ჩასცხო მაჯლაჯუნას გოგრაში. ეს ყველაფერი როგორღაც უცებ, ერთ წამში კი მოხდა, მაგრამ შედეგი სერიოზული შეიქნა: კუხიანიძემ ძლივს მოიშორა გულგახეთქილი კატა, რომელმაც სულ დაუკაწრა ცხვირ-პირი, ხოლო მაჯლაჯუნას ლამის ნაპერწკლები დასცვივდა თვალებიდან, როცა მუგუზალი მოხვდა თავში. ამის შემდეგ ისინი შეიბნენ და იბრძოდნენ დიდხანს.
* * *
ვასომ და ტასომ კი ამასობაში მიაღწიეს ქალაქამდე და ახალ უსაფრთხო ადგილს ეძებდნენ, რათა მამლების პირველ დაყივლებამდე და მაშდამე, ფაქტიურად გათენებამდე, როგორმე გაეძლოთ და მეტად საშიში მდევარისგან თავი დაეღწიათ. ასეთი ადგილიც გამოჩნდა.
* * *
თბილისის გარეუბანში იყო ერთი ეკლესია, რომელიც თავის დროზე ეკუთვნოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას, თუმცა აღწერილ დროში, ანუ, მაშინ, როცა ეს ამბები ხდებოდა, ამ ეკლესიის მოძღვარი მამა ოლიმპიოზი, მისი მომხრე რამდენიმე მღვდელმსახური და მრევლი დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ ქართულ საპატრიარქოს. მიზეზი ამისა იყო ის, რომ მათი აზრით ეკლესიის ხელმძღვანელობა არასათანადოდ მკაცრად ებრძოდა ბოლო დროს მომრავლებულ სხვადასხვა ჯურის სექტებს და ყველა იმ “უზნეობასა” და “უსულგულობას”, რომელიც ვიღაცეების მიერ იყო სადღაც გამოგონილ-მოჩმახული, ხოლო ეს გამოგონილ-მოჩმახული ემსახურებოდა ორად-ორ მიზანს – ქართული ზნეობის დაკნინებას და ქართული სულიერების წარწყმედას.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელები, შექმნილი სიტუაციის გამო, ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ. მამა ოლიმპიოზი ხომ, ერთის მხრივ კარგს ქადაგებდა: ებრძოდა ქრისტიანულ სარწმუნეობის დამახინჯებას, ეწინააღმდეგებოდა გარყვნილებას, მიესალმებოდა ძველი კარგი ტრადიციების აღდგენას. მაგრამ ის არღვევდა დაწესებულ კანონს, რითაც არცხვენდა ეკლესიას და სახელს უტეხდა სახელმწიფოს. მამა ოლიმპიოზის მიმდევრობით, ეგრეთწოდებული “ოლიმპიელები”, თავს ესხმოდნენ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი, იაღოვას მოწმეების სამლოცველოებსა თუ თავშეყრის ადგილებს; არბევდნენ ტელევიზიებსა და გამომცემლობებს, საიდანაც და სადაც მათი აზრით სიბილწეები გადაიცემოდა და იბეჭდებოდა. ისინი იყვნენ უკიდურესად შეუვალნი და არადამთმობნი, ხოლო საბრძოლო იარაღად იყენებდნენ თითქმის ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ – საეკლესიო ნივთებსა და წიგნებსაც კი.
ისე კი, საერთოდ, მამა ოლიმპიოზი არ იყო ცუდი კაცი – ხარბი, მომხვეჭელი, კარიერისტი, შურიანი და ბოროტი. ის ბევრს კიდევაც უყვარდა საზოგადოებაში სწორედ მისი შეუვალობისა და პირდაპირობის გამო. ერთი სიტყვით, ეს კაცი, იყო კიდეც მართალი და არც იყო მართალი. ისევე როგორც, პრინციპში, ყველანი ჩვენ...
“ოლიმპიელებთან” ანგარიშის გასწორება არ იყო ადვილი საქმე. ისინი ყველასთვის მოულოდნელად ანხორციელებდნენ თავიანთ თავდასხმებს, რის შემდეგაც თავიანთ სავანეში იმალებოდნენ. ამ დროს ისინი იყვნენ მრავალრიცხოვანნი და მათი ლიდერების დაპატიმრება გამოიწვევდა დიდ აყალმაყალს. სახელმწიფო ერიდებოდა ასეთ აყალმაყალს ეკლესიის ტერიტორიაზე, და მითუმეტეს, შიგ ეკლესიში. დაჭერა კაცისა და მისთვის ხელების გადაგრეხვა, კაცისა, რომელსაც ანაფორა აცვია და დიდი ვერცხლის ჯვარი ჰკიდია ჯაჭვით კისერზე, არ არის ადვილი საქმე ქრისტიანულ სახელმწიფოში.
ამჯერად კიდევ უფრო გართულდა ყველაფერი და საკითხიც უფრო მწვავედ დადგა: “ოლიმპიელთა” მიერ განხორცილებელი მორიგი დარბევის სერიის შემდეგ, მოთმინების ფიალაავსებულმა სამართალდამცავებმა ალყაში მოაქციეს რკინის მაღალი მესერით გარშემორტყმული ეკლესიის ტერიტორია და მეგაფონების მეშვეობით მოსთხოვეს იქ გამაგრებულთ დანებება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივი იერიშითა და ეკლესიაში შეჭრით დაიმუქრნენ. პასუხად ოლიმპიელები შეიარაღდნენ ხის ჯვრებით. მამა ოლიმპიოზმა, მისმა ერთგულმა, ათლეტური აღნაგობის გიგანტურმა დიაკვანმა ბიკენტიმ და რამდენიმე მიკედლებულმა, მათი ჭკუის სასულიერო პირმა, ასევე თავის მხრივ მოითხოვეს პოლიციელების მიერ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დაუყოვნებლივი დატოვება: წინააღმდეგ შემთხვევაში თავად დაემუქრნენ პოლიციელებს იერიშით. წამოყენებული პირობის შეუვალობის დასტურად კი მძევლებად აიყვანეს რამდენიმე პოლიციელი. ყოველივე ამას დაერთო ისიც, რომ ეკლესიაში გამაგრებულები მობილური ტელეფონებით დაუკავშირდნენ თავიანთ ახლობლებსა და მომხრეებს ქალაქში და ქალაქის მიმდებარე რაიონებში, რომელთაც, რათქმაუნდა, არ დააყოვნეს და გამოენთნენ თანამოძმეთა საშველად. ამ ახალმა ხალხმა ალყაში მოაქცია, ამჯერად უკვე, პოლიცია. ისინი ცდილობდნენ პოლიციელთა რიგების გარღვევას და ეკლესიაში გამაგრებულებთან შეღწევას. რა თქმა უნდა, მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. რადიკალური ოპოზიციონერები: ძმები გაჩეჩილაძეები, ძიძიგური, ზურაბიშვილი, სანიკიძე (ცხენით), ბესელია, მამუკა კაციტაძე, გუგავა, კუკავა და სხვები განლაგდნენ ეკლესიასთან ძალიან ახლოს და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ლანძღავდნენ ხელისუფლებას. ცოტა მოშორებით არარადიკალური ოპოზიციაც თარგამაძისა და ალასანიას სახით, ლანძღავდა ხელისუფლებას, ოღონდ უფრო მოზომილად და თავშეკავებით. სრულიად განცალკევებით იდგა კეთილ-გოროზი შალვა ნათელაშვილი, რომელიც ლაპარაკობდა დამარცვლით და ამტკიცებდა პოპულარულად, რომ ეს ყველაფერი მოიგონა მან და მხოლოდ მან, ჯერ კიდევ, თვრამეტი წლის წინ, ხოლო დანარჩენმა ვითომოპოზიციონერებმა მხოლოდ მიბაძეს და იდეები მოპარეს მას. – “რატომ მომპარე-ე-ეს?” – კითხულობდა ის ნიშნისმოგებით. იყვნენ ისეთებიც – აქა იქ, წვრილწვრილები, მაგალითად: პენსიონერთა პარტიის ლიდერები, რომლებიც დამარცვლითა თუ დაუმარცვლავად, ჩიფჩიფითა თუ კუსკუსით გაიძახოდნენ: - “დენი ოჩი თეთრი! გაჟი ათი თეთრი! ჭყალი უფასოდ!” და იყო პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურიაც, რომელმაც საერთოთ არ იცოდა რა უნდოდა იქ.
ორომტრიალი ძალას იკრებდა.
ტასო და ვასო თავის შესაფარებლად ეკლესიისკენ გაიქცნენ. ისინი გასცდნენ პოლიტიკოსებს, გასცდნენ “ოლიმპიელთა” დასაცავად მოსულ ხალხს და რეზინის ჯოხებითა და გამჭვირვალე ცელულოიდის ფარებით აღჭურვილ, ლითონის მუზარადებით თავდაბურულ ნიღბოსან საპოლიციო სპეცრაზმელების მწკრივს მიაწყდნენ. პოლიციელებმა ისინი “ოლიმპიელთა” აქტიურ მხარდამჭერებად აღიქვეს და, რათქმაუნდა, უკუაგდეს. თუმცა ტასო და ვასო გაავებული მაჯლაჯუნას შიშით არ შეეპუენ და პოლიციელთა მწკრივს ისევ მიაწყდნენ. პოლიციელებმა ისინი კვლავ უკუაგდეს, თანაც მეტად უხეშად. ამ უკუგდებისას ტასო დაეცა და მტკვინეულად გადაიყვლიფა მუხლი. ამის დანახვაზე ატყდა ორომტრიალი – ხანძარი, რომელსაც ფაქტიურად ერთი პატარა ნაპერწკალიღა უკლდათ.
“ოლიმპიელთა” მხარდამჭერები, რადიკალური და ლიბერალური ოპოზიცია, საზოგადოების წარმომადგნელები და უბრალო გამვლელები – ყველანი ერთად გამოესარჩლენ “საბრალო” გოგონას და შხუილით მიაწყდნენ პოლიციის სპეცჯგუფელთა რიგებს. სპეცჯგუფელებმა აიფარეს ცელულოიდის ფარები და გამეტებით დასცხეს მოიერიშეებს რეზინის ჯოხები. ეკლესიის ტერიტორიაზე გამაგრებულები შიგნიდან მიაწყდნენ რკინის მესერს. განსაკუთრებით აგრესიულებმა დაიწყეს მესერზე გადაძრომა, ხოლო დანარჩენები იქნევდნენ დიდი ზომის ხის ჯვრებს და ხიშტებივით ჩხვლეტდნენ ამ ჯვრებით მესერთან მდგომ პოლიციელებს. ამ დროს პოპულარული ოპოზიციონერი მომღერალი “უცნობი” იგივე უმცროსი ძმა გაჩეჩილაძე სახელდახელოდ აწყობილ სცენაზე მღეროდა მის მიერვე შექმნილ პოლიტიკურ სიმღერა “დოუნანას”, რომლის გაგონებისას პირდაპირ სისხლი ეყინებოდათ ძარღვებში ხალხს. სცენა მოქცეული იყო ბაგირებით დაწნულ გალიაში, ხოლო უცნობს კატორღელის სიმბოლური სამოსი ეცვა. ფეხზე ჯაჭვით მიბმული ჰქონდა ორფუთიანი გირი, რომელსაც ისე სწრაფად დაარბენინებდა “უცნობი”, რომ მაშინვე მიხვდებოდით – ის არ იყო ნამდვილი, არამედ პენოპლასტისგან გამოთლილი უნდა ყოფილიყო. სიმღერის შესრულებისას “უცნობი” დახტოდა “საკანში”, წვებოდა ნარაზე, კითხულობდა გაზეთს, ეჯაჯგურებოდა “გისოსებს”, “ისაქმებდა” პატარა “გარშოკში” და იქექებოდა. ამ დროს მას სახეზე ეკეთა დიდი ოსტატობით დამზადებული ნიღაბი, რომელსაც ტუჩები ჰქონდა მოჭმული. თითქოსდა პატიმარს თაგვებმა ტუჩები მოაჭამესო.
* * *
კუხიანიძე ორთაბრძოლაში ერთხანს შეეძალიანა მაჯლაჯუნას, ისკიარადა თავიდან ცოტათი დაჯაბნა კიდეც. მაგრამ უბრალო ადამიანი განრისხებულ მაჯლაჯუნასთან აბა რას გახდებოდა. მაჯლაჯომ ის დაამარცხა, კისერზე მოახტა და ჯორივით გააჭენა ეზოში, თან კუდს ურტყამდა მხრებში, მათრახივით, მწარედ. მოტყუებულ მაჯლაჯუნას უნდოდა კუხიანიძეზე ამხედრებული დასწეოდა ტასოს და ვასოს. თავიდან ის ასეც მოიქცა და კუხიანიძე მინდორში გაიგდო, თუმცა როცა ეზოში გაჩერებული ყველგანმავალი მოტოროლერი დაინახა, მან ჰკითხა კუხიანიძეს: თუ რა “ეშმაკის მანქანა” იყო ეს და როცა გაიგო, რომ ეს კუხიანიძის მიერ შექმნილი უნივერსალური მოტოროლერი იყო, აიძულა საწყალ კუხიანიძეს დამჯდარიყო საჭესთან და სასწრაფოდ დასწეოდა ტასოს და ვასოს.
კუხიანიძემ თავისი ყველგანმავალი მოტოროლერი მთელი დატვირთვით აამუშავა და მალე უნივერსალური მანქანა მიწას მოსწყდა და თბილისის მიმართულებით გაფრინდა. მაჯლაჯუნა და კუხიანიძე მიფრინავდნენ და ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან თბილისის შემოგარენის უნიკალური სილამაზით სტკბებოდნენ. დამარცხებული კუხიანიძე ბრაზით აკრაჭუნებდა კბილებს, ხოლო გამარჯვებული მაჯლაჯუნა, რისხვით აღღჭიალებდა ეშვებს.
* * *
ამასობაში პოლიციელებს საკმაოდ გაუჭირდათ. მათმა უფროსმა მობილური ტელეფონით დაურეკა თავის უფროსებს, ვითარება მოახსენა და დამატებითი ძალების მოშველიება ითხოვა; ამის შემდეგ თავის ხელქვეითებს აირწინაღების გაკეთება უბრძანა, თავადაც აირწინაღი გაიკეთა და ცრემლსადენი გაზის გაშვება ბრძანა.
მალე სამართალდამცავთა დასახმარებლად გამოგზავნილი ძალები გამოჩნდნენ. ეს იყო ორი საპოლიციო ვერტმფრენი “იროკეზი”, რომლებიც პრეზიდენტმა ობამამ აჩუქა პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს ვერტმფრენები მძლავრი გუგუნით დაეკიდნენ ჰაერში, ხოლო იქიდან პარაშუტისტებმა იწყეს გადმოხტომა. პარაშუტისტებს ნიღბები და აირწინაღები ეკეთათ და პატარა ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი. ისინი რეზინის ტყვიებს უშენდნენ ხალხს.
ცოტა ხანში ჰაერში გამოჩნდა კიდევ ერთი მეტად უჩვეულო მფრინავი ობიექტი, კიდევ უფრო უჩვეულო ეკიპაჟით: თვალცრემლიანი პილოტი კუხიანიძეთი საჭესთან და მის კისერზე ამხედრებული ასევე თვალცრემლიანი ხომალდის უფროსი მაჯლაჯუნათი. მათზე ცრემლსადენ გაზს ემოქმედნა და ამიტომაც ტიროდნენ ასე გულამოსკვნით.
პარაშუტისტმა მეავტომატეებმა უცნობ ობიექტს რეზინის ტყვიებით გაუხსნეს ცეცხლი. ასეთივე ტყვიებს ვერტმფრენებიდან ისროდნენ მეტყვიამფრქვევეებიც. – აბა, ჩემო მოკვდავო შვილებო, მოდით ჩემთან! – მსწრაფლ შეუძახა მაჯლაჯუნამ მაშინ ვერტმფრენების ეკიპაჟებს და ჰაერში ჩამოკიდებულ პარაშუტისტებს და ტაში შემოჰკრა. ტაშის შემოკვრა იყო და ორი ახალთახალი “იროკეზი” ჰაერში ერთმანეთს შეასკდა, შემდეგ კი ძირს ჩამოვარდა; პარაშუტები და პარაშუტისტები კი ერთმანეთში აიხლართნენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სიხარულის ყიჟინა დასცხეს: - ბრძოლა დღესვე!!! – ხოლო აღტაცებულმა შალვა ნათელაშვილმა შამპანიურის ბოთლი ბათქანით გახსნა. ხევსურულ სამოსში გამოწყობილმა გუბაზ სანიკიძემ ცხენი გამოაჭენა.
რეზინის ტყვიებით დაზიანებული მოტოროლერი ერთხანს ფარფატებდა ჰაერში. თვალცრემლიანი კუხიანიძე უკვე ვეღარ იმორჩილებდა საჭეს. რეზინის ტყვიანაკრავი მაჯლაჯო კი მხოლოდ ხელს უშლიდა მას მოტოროლერის მართვაში. ბოლოს ისინიც ჩამოცვივდნენ ძირს თავიანთი მოტოროლერიანად.
ციდან მოვლენილ დაუპატიჟებელ სტუმრებს – პარაშუტისტ პოლიციელებს მიწაზე ელოდნენ ხის მძიმე ჯვრებით შეიარაღებული ქართული სულიერების დამცველები და “უცნობის” “დოუნანათი” და მამა ოლიმპიოზის ლოცვა-კურთხევით გამხნევებულნი, მამაცურად ჰკაფავდნენ მტერს, სახიდან გლეჯდნენ ნიღბებს და აირწინაღებს – ტარტაროზებო, დაცემულო ანგელოზებო, ეშმაკის მოციქულებო, მასონებო, ადვენტისტებო მეშვიდე დღისა!!! აი, თქვენ!!! აი, თქვენ!!! – გაჰყვიროდნენ “ოლიმპიელები” და გამეტებით ურტყამდნენ პარაშუტით დაშვებულ პოლიციელებს მუშტებს, წიხლებს, და ჯვრებს, რათა ამ უკანასკნელთ ვერ მოესწროთ რეზინის ტყვიების გასროლა ან, რაც შეიძლება, ნაკლები რაოდენობით გაესროლათ ეს “დაწყევლილი” ტყვიები.
ცრემლსადენი გაზითა და საკუთარი უძლურებით ატირებული კუხიანიძე პირდაპირ დიაკვანი ბიკენტის ფეხებთან დაენარცხა მიწაზე. მას კისერზე კვლავაც მაჯლაჯუნა აჯდა. ამ უკანასკნელს ფეხები და ხელები წაეჭირა კუხიანიძისთვის კისერში, ბანჯგვლიან კუდს ბეჭებში ურტყამდა და გაჰყვიროდა – აჩუ, აჩუ შე სამგლევ შენა, აჩუ შენი... - ბინდ-ბუნდი იყო და დიაკვანმა ბიკენტიმ მაჯლაჯუნა პოლიციელად მიიღო უცებ, ხოლო დაბეჩავებული კუხიანიძე თავისიანად, მაჯლაჯოს მოჯღანული სიფათი კი სპეცრაზმელის ნიღბად, აირწინაღად ან რაღა ასეთად. ამიტომ ბიკენტიმ ბევრი ლოლიავის გარეშე ქეჩოში სტაცა მაჯლაჯუნას მარცხენა მჯიღი ზიზღით, აიტაცა მაღლა, გიგანტური საჩვენებელი და ცერა თითები საშინელი ძალით, გირაგივით მოუჭირა კისერში; მეორე ხელის უზარმაზარი ფოლადის თითები კი ცხვირდინგზე წაატანა, ნიღბისა თუ აირწინაღის ჩამოსაგლეჯად. თუმცა, როგორც უკვე ითქვა ეს არც ნიღაბი იყო და არც აირწინაღი. ეს იყო მაჯლაჯუნას ბეწვიან-დინგიანი სიფათი, დაბოლოებული თხისებრი წვერით. ბიკენტი ერთხანს ეჯაჯგურა მაჯლაჯუნას თხისებრ სიფათს, მაგრამ ნიღაბი მაინც ვერ აჰხადა მას. მხოლოდ წვერი ააგლიჯა ნიკაპზე. მერე მაჯლაჯუნა მარცხენა ხელით მაღლა შეაგდო, იმავდროულად მარჯვენა ხელი სწრაფად მომუშტა, წამში დაიფურთხა ამ მუშტზე და მთელი ძალით ჰგლიჯა ჰაერში აგდებულ მაჯლაჯუნას ყბაში მუშტი. შემდეგ კუხიანიძეს შეაშველა ხელი, წამოდგომაში მიეხმარა და ცოტათი შეაბერტყა მტვერი. კუხიანიძემ რამდენჯერმე ჩააზილა წიხლი მიწაზე გართხმულ მაჯლაჯუნას, ზედ დააფურთხა და შეეშვა, რადგან წაქცეულის ცემა წესად არ ჰქონდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პოლიციის მაღალი ხელმძღვანელობა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო დიდმა დანაკრგმა. ორი ვერტმფრენის ჩამოგდება ხუმრობა საქმე არ იყო. ამას გარდა, იყვნენ სერიოზულად დაშავებულნიც. ამიტომ ცბიერმა მინისტრმა სასწრაფოდ ყველაფერი ეშმაკურად დაგეგმა და შეცვალა. იქ უკვე იყო ფარული კამერით შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ოსტატურად იღებდა ყველაფერს. მერაბიშვილმა დაავალა ამ ჯგუფის უფროსს ისე გადაეღოთ ყველაფერი თითქოს ეს კლიპის გადაღება ყოფილიყოს და არა ნადვილი ამბავი. შემდეგ გამოიძახა შემოქმედებითი ჯგუფი: მომღერლები, მოცეკვავეები, კომპოზიტორი კეჭაყმაძე და პოეტი ბერსენაძე. ამ ხალხს ვანო მერაბიშვილმა პირადად სთხოვა მონაწილეობა მიეღოთ კლიპის მომზადებაში და მათაც სასწრაფოდ შექმნეს დაუვიწყარი საპოლიციო კლიპი სახელწოდებით “აბაულა”.
კლიპში ნაჩვენები იყო ქართველ პოლიციელთა მამაცობისა და დისციპლინირებულობის დამადასტურებელი სცენები, როცა ისინი სამწყობრო ყაიდაზე მარშირებდნენ, გამოძახებისთანავე გარბოდნენ დაზარალებელების გადასარჩენად, ცხენდაცხენ პატრულირებდნენ ქალაქში და პარაშუტებით ხტებოდნენ ვერტმფრენებიდან. კლიპში დიდი ადგილი ჰქონდათ დათმობილი მოხდენილ, მანდილოსან პოლიციელებსაც: ისინი ჰაეროვან საპოლიცო სამოსელში გამოწყობილნი პოლიციის სამმართველოს ახალ, კაშკაშა და ბრდღვიალა შენობაში ლამაზად დაფარფატებდნენ და საქაღალდეებს იქნევდნენ. შეძახილზე “აბ-ა-უ-ლ-ა-ა!” – ისინი მსწრაფლ მობილიზირდებოდნენ, დგებოდნენ მწყობრში და სირინოზისებრი, უმანკო ხმებით ნაზად ასრულებდნენ მისამღერს სიმღერისას, რომელიც ჟღერდა, დაახლოებით, ასე:
-“ჩვენი შრომა რთული –ა,
ზა-არი შემოსული –ა!
მო-ქა-ლაქის საა-შველად,
ჯგუ – უფი გამოსული-ა!
ერთ-ერთი ძუძუ-მკერდითა და სხვა ქალური, ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული პოლიციელი მანდილოსანი, რეზინის ხელჯოხით ხელში ცეკვავდა რაღაცას სტრიპტიზის მაგვარს და ნელნელა რიტმულად იხდიდა ტანთ. გახდისას, უნიფორმის ცალკეულ ნაწილებს, მაგალითად: სამხრეებსა და სხვადასხვა ღვედებს, პირდაპირ იგლეჯდა და ძირს ყრიდა. მას ამ დროს ჰქონდა მკაცრზე მკაცრი სახე და ცეცხლოვანი თვალები, რომლებიც ბურღავდნენ და ნუსხავდნენ ყველას, განსაკუთრებით კი დარბაზის შუაგულში მჯდომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც ამ დროს სკამზე იყო მიბმული თოკებითა და ხელბორკილებით. ის მხოლოდ დროდადრო აჰხედავდა ხოლმე ნასიამოვნები და ცოტათი შიშნარევი მზერით გაგულისებით მოცეკვავე რეზინის ჯოხიან თეატრონის ქალს და თავჩაქინდრული იკრიჭებოდა უდიპლომო სასიძოსავით. – ა-ბა-უ-ლ-ა!
* * *
არეულობამ დიდხანს გასტანა – თითქმის დილამდე. თუმცა მერე და მერე სამართალდამცავებმა მაინც მოახერხეს წესრიგის დამყარება და სიმშვიდის აღდგენა. მათ უკუაგდეს ბრბო, უკუაგდეს ბრბოს წამქეზებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ზოგიერთი მათგანი დააპატიმრეს კიდეც; პოლიციელებმა ასევე უკუაგდეს “ოლიმპიელები”. ისინი შეიჭრნენ მათ ეკლესიაში და პირდაპირ შიგნით დააპატიმრეს მათი ლიდერი მამა ოლიმპიოზი, თავის ათიოდე განსაკუთრებით აქტიურ თანამზრახველთან ერთად.
დაჭრილები და დაშავებულები იქნენ მოვლილნი და საჭიროების შემთხვევაში გოსპიტალიზირებულნი. მათი მკურნალობის ხარჯები მთლიანად სახელმწიფომ აიღო თავის თავზე.
ტასო და ვასო მშრალად გამოვიდნენ წყლიდან. მათ გაქცევა მოახერხეს და უხურდავებელი მონეტაც თან წაიყოლეს.
მაჯლაჯუნა რესპუბლიკური საავადმყოფოს სარეანიმაციო განყოფილებაში მოეგო გონს. ის ტვინის მძიმე შერყევითა და რამდენიმე მოტეხილობით მიიყვანეს იქ, გარდა ამისა აღენიშნებოდა შიდა ორგანოების დაზიანებები და უამრავი დაჟეჟილობა თუ სისხლჩაქცევები სხეულზე. აღენიშნებოდა ამასთან ნიკაპზე წვერისაგლეჯილობაც.
გონს მოსვლის შემდეგ მაჯლაჯოს გაახსენდა, რომ ჯოჯოხეთში დასაბრუნებლად მას მამლების მესამედ დაყივლებამდე უნდა მოესწრო. მერე კი კარიბჭე ირაზებოდა, ხოლო დაგვიანებულს მეტად მკაცრი სასჯელი ელოდა: ჯოჯოხეთში დაგვიანებისთვის, საბობოქროს მეთაურის ბრძანებით, ეშმაკები მას კარცერში გადაიყვანდნენ, საჯდომში გრძელ, ცხელ შამფურს გაუყრიდნენ გულის სიღრმემდე და ორი კვირით აცეკვებდნენ ცოდვილთათვის განკუთვნილ აშიშხინებულ, გავარვარებულ ტაფაზე. ეს რომ არ მომხდარიყო, მაჯლაჯუნამ გონსმოსვლისთანავე სცადა ადგომა, მაგრამ ვერ შეძლო, როგორც უკვე ითქვა, დამტვრეული ძვლები და დაჟეჟილი კუნთები ამის საშუალებას არ იძლეოდნენ. გარდა ამისა, ის თითქმის მთლიანად იყო თაბაშირში. მაინც სცადა ნახვევებისა და არტახებისგან განთავისუფლება, მოიძრო და შორს მოისროლა ილიზაროვის აპარატი, რის გამოც მედიკოსებმა კიდევ უფრო მაგრად დააბეს აღგზნებული ავადმყოფი, ხოლო რადგან ამ აღგზნებულმა ავადმყოფმა უცენზურო სიტყვებით მორალური შეურაცყოფაც მიაყენა მათ არაერთგზის და რადგან ეს ავადმყოფი გამუდმებით ბოდავდა და იმეორებდა, რომ ის ადამიანი სულაც არ იყო, არამედ იყო მაჯლაჯუნა სახელად მაჯლაჯო, რომელსაც სასწრაფოდ უნდა მოესწრო ჯოჯოხეთში მამლების დაყივლებამდე მისვლა... მედიკოსებმა ბევრი არც აციეს და არც აცხელეს, მათ მორიგე ექიმის მითითებით დამამშვიდებელი, ძილის მომგვრელი პრეპარატი შეუშხაპუნეს აღგზნებულ ავადმყოფს და მიაძინეს. დილით კი მოიწვიეს ფსიქიატრი, რომელმაც კიდევ რამდენიმე ახალი დიაგნოზი დაუსვა: რეაქტიული ფსიქოზი, დაბნეული სკლეროზი, თეთრი ცხელება და ლესბიური მიდრეკილებები ახალ მთვარეზე. ქირურგიული და თერაპიული მკურნალობის შემდეგ ის გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მისი პიროვნების დადგენა ერთხანს ვერ ხერხდებოდა, რადგან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მისი სახე დაემსგავსებოდა სიფათს – ცხვირი უგავდა დინგს, ყბები უგავდა ღრანჭებს, ხოლო ბეწვიანი ყურები მიუგავდა ნამწვებითა და ფერფლით სავსე საფერფლეებს. თავად კი შიზოფრენიითა და დაბნეული სკლეროზით დაავადებულს გავდა, ვისაც საკუთარი ვინაობა საერთოდ არ ახსოვდა. თავის თავს მაჯლაჯოს ეძახდა და მიაჩნდა, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრი იყო, თუმცა შემდეგ კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობითა და ინტერპოლის დახმარებით, სამართალდამცავებმა მოიძიეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა სია და დიდის წვალებითა და ძალისხმევით დაადგინეს, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ექვსი თვის წინ დაკარგული, ასევე შიზოფრენიით და დაბნეული სკლეროზით დაავადებული არშაკ კარაპეტოვიჩ კირაკოსიანი. მაჯლაჯუნას სიმაღლე, წონა და სისხლის ჯგუფი ემთხვეოდა კირაკოსიანისას. ამოიცნეს ის ოჯახის წევრებმაც – მეუღლე ვართუშამ და ქალიშვილმა კარინემ. კარინემ აღნიშნა ისიც, რომ მამიკო, სხვათაშორის, გალამაზებულიყო კიდეც ადრინდელთან შედარებით.
* * *
კუხიანიძეს ჩამოართვეს გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მიმდებარე მინდორში მითვისებული მიწა. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. თუმცა, სამაგიეროდ, ამ შემთხვევის წყალობით მისი გამოგონების შესახებ, მთელმა მსოფლიომ შეიტყო. და თუ მას ყურადღებას არავინ აქცევდა და თავისი გამოგონება არც კი ჰქონდა დაპატენტებული, ახლა მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო და საავიაციო კომპანიები სთავაზობდნენ ერთიმეორეზე მომგებიან და ხელსაყრელ კონტრაქტებს. საბოლოოდ კუხიანიძის არჩევანი შეჩერდა კომპანია “მერსედეს-ბენცზე”. გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზედაც მერსედესმა, ბენცმა და კუხიანიძემ სამ თანაბარ ნაწილად, ძმურად გაიყვეს კომპანიის აქციები, ხოლო კომპანიას ამიერიდან დაერქვა “მერსედეს-კუხიანიძე-ბენსი”. მათ დანერგეს კუხიანიძის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები და ზღაპრული მოგებაც ნახეს. ავტომობილები მერსედესის საფირმო ნიშნითა და წარწერით “MERSEDES-KUHIANIDZE-BENZ” ამიერიდან არა მარტო დაგორავდნენ ბორბლებზე, არამედ სერავდნენ ზღვებს და დაფრინავდნენ ცაში. ეს იყო წინგადადგმული გიგანტური ნაბიჯი საავტომობილო წარმოებაში და ნახტომი ოცდამეორე საუკუნეში. ახლა კუხიანიძე წარმატებით ნერგავდა ახალ ტექნოლოგიებს ავტომობილთმშენებლობაში და პარალელურად თანამშრომლობდა საერთაშორისო კოსმოსურ სააგენტოსთანაც.
ჯენტლმენური ხასიათის კუხიანიძემ არ დაივიწყა ყოფილი პარტკომი საბრალო დათო ბიძია, რომელმაც ამდენი წლების შემდეგ ჯერაც არ იცოდა, რომ მისი კალიასკიანი მოტოციკლეტი, თავის დროზე, ნაწილ-ნაწილ დაეშალა კუხიანიძეს და სწორედ ამ ნაწილებისა და საკუთარი ნიჭის წყალობით შეექმნა უნივერსალური მანქანა. კუხიანიძემ არაფერი დაუმალა დათო ბიძიას. ცოდვა გაუმხილა, ბოდიში მოუხადა, მიყენებული ზარალი ათასმაგად აუნაზღაურა და კომპანია “მერსედეს-კუხიანიძე-ბენსში” შესთავაზა მუშაობა პარტკომად. დათო ბიძიამ შეთავაზება მადლიერებით მიიღო და მუშაობას შეუდგა, ის დღესაც “მერსედეს-კუხიანიძე-ბენსის” უცვლელი პარტკომია. აი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი არის ძველი, გამოცდილი კადრი – იდეურად საიმედოდ შეჭედილი და პოლიტიკურად მდგრადი.
* * *
პროფესორი კუზანოვი, გაწეული ღვაწლისთვის, დააჯილდოვეს ღირსების ორდენით და სამართლიანადაც; თუ ადამიანი კაცია და თავს ქალად გრძნობს, ანუ თუ პირიქით, - ქალია და თავი კაცი ჰგონია, განა უპრიანი არ არის თუკი ღვთისნიერი ვინმე გადააკეთებს მას და მიანიჭებს ისეთ თვისებებს, როგორიც საშუალებას მისცემს უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ჩამოყალიბდეს ისეთ პიროვნებად, როგორადაც წარმოუდგენია მას საკუთარი თავი.
ადამიანის სქესის შეცვლა დიდი და რთული საქმეა, მაგრამ პროფესორმა კუზანოვმა შესძლო უფრო მეტი. მან ერთ სხეულში გამომწყვდეული ორი ადამიანი გამოათავისუფლა და ორივეს დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება მისცა. და თუ ერთ სხეულში გამომწყვდეული ეს ორი არსება – ტასო და ვასო – ვერ ეტეოდა და საკუთარ სხეულში ადგილს ვერ პოულობდა – ახლა, ოპერატიული ჩარევის წყალობით ორ სხეულად ჩამოყალიბების შედეგად – ეს ორი არსება, მოსიყვარულე წყვილი შეიქნა. ისეთი მოსიყვარულე, რომ თავისი სიყვარულის განსამტკიცებლად და ურთიერთობის დასაკანონებლად შავი მაგიის მაგისტრობას და ბენილუქსში წასვლასაც კი არ მოერიდნენ.
ტასომ და ვასომაც, რომ იტყვიან, იპოვნეს თავიანთი გზა. მათ, მართალია, ვერ შეძლეს ბენილუქში გამგზავრება, რადგან უხურდავებელი მონეტის გამოყენება არ დასცალდათ. მათ ერთხანს თითქოს იხეირეს, მაგრამ მალე მოხდა “ვარდების რევოლუცია” საქართველოში – მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ქვეყანაზე და საბჭოთა ხელისუფლებაც კი. ლენინისთავიანი რუბლი ამიერიდან აღარ ფულობდა და მხოლოდ ერთგვარ ნუმიზმატურ ფასეულობას წარმოადგენდა მხოლოდ. ტასო და ვასოც ისხდნენ დედაენის ძეგლთან – იქ სადაც ნუმიზმატები იკრიბებიან და ყიდდნენ ლენინისთავინ საბჭოთა რუბლებს. ასეთი რუბლები ძვირად არ ფასობდა, რადგან, რომ იტყვიან, ქვეყნისა იყო ქვეყანაზე. თუმცა ტასოს და ვასოს ამგვარი შემოსავალი პურის ფულად არ ყოფნიდათ. მათ დაქორწინების უფლება არ მისცეს, თუმცა არც ერთად ცხოვრება დაუშლიათ. და ალბათ ასეც სჯობს. იქ, სადღაც, ქორწინდებიან კაცები კაცებზე, ქალები ქალებზე, საკუთარ კლონებზე და ასე შემდეგ. და ეს განა ვარგა? ეგეთი ხარ და ეგეთი იყავი, ვინ გიშლის, მაგრამ ქორწინებას შეურაცხყოფას რაღადღა აყენებ?
* * *
მამა ოლიმპიოზის დადებითი თვისებები გაითვალისწინა სასამართლომ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც დამნაშავედ სცნეს. დამნაშავედ ცნობილს კი მიუსაჯეს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. გაასამართლეს და სხვადასხვა სახის სასჯელი დაუწესეს მის ზოგიერთ აქტიურ მომხრესაც. ეკლესიის შენობა კი, რომელსაც ისინი თავისად თვლიდნენ, დაუბრუნეს კანონიერ მფლობელს – საქართველოს საპატრიარქოს.
* * *
ერთი სიტყვით, თითქმის ყველა დააკმაყოფილეს და დააწყნარეს თუმცა...
ცნობილია, რომ ეშმაკი უკმაყოფილოა ხოლმე, როცა ყველაფერი კარგად ან თითქმის კარგად მთავრდება. ეს ამბავიც თითქმის კარგად დასრულდა. გარდა ამბის კარგად დასრულებისა, ეშმაკს სხვა საბაბებიც კი ჰქონდა უკმაყოფილებისთვის. ჯერ ერთი – მან ვერ დასაჯა მაჯლაჯუნა ჯოჯოხეთში დროულად არგამოცხადებისათვის, რადგან ეს უკანასკნელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავდათ ადამიანებს გამომწყვდეული. და მეორე – მისი უხურდავებელი რუბლიც ადამიანებს დარჩათ სამზეოზე.
თუმცა, მეორე მხრივ, რა არის სადარდებელი? განა მაჯლაჯუნა ადრე თუ გვიან ისევ ჯოჯოხეთში არ მივა? უხურდავებელი მონეტები კი, რუბლები, დოლარები, გირვანქები, ტუგრიკები, იენები და რუპიები, ეშმაკს იცით რამდენი აქვს...
და კიდევ: თქვენი ცრურწმენებისა გამო, ცოდვას ნუ დაიდებთ და ტყუილა-უბრალოდ ნუ დახოცავთ საბრალო კატებს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments:

Post a Comment