Friday, January 14, 2011

გივი ალხაზიშვილი - ლექსები


ხსოვნა უჩარჩოო

ვწრუპავთ ჩაის - დროსთან ერთად,

მომავალი მოდის

და ქრება ჩაის ორთქლივით.


დროს გავყავართ

და ვსაუბრობთ წარსულზე,

როგორც ყოფილ აწმყოზე.

........

მერე ვიღაც მაწვდის ანგარიშს -

ერთ პერსონაზე

და მე მიკვირს,

რომ ის იყო და არა იყო

და ვსაუბრობდით;

უჩინმაჩინის ქუდი ეხურა

და მას სხვები ვეღარ ამჩნევდნენ...

იგი ასეთი გამჭვირვალე და სიფრიფანა

ჰაერივით იყო ჰაერში,

ახლაც რომ ვსუნთქავ ნაწვიმარ ბაღში

და ყვავილის მზერა მეცნობა

და ზღვის ფშვინვა,

მეგობარივით მეგულება გულისყურში,

უჩარჩოო ხსოვნის სიღრმეში,

შენს სიჩუმეში, ამ სიტყვებში,

ახლა რომ ვფიქრობ შენს გასაგონად.

2. 10. 2010 წ.


შეგრძნების კვალი

ივლისის ეპისტოლე

გადამავიწყდა..

მახსოვს მხოლოდ შეგრძნების კვალი,

ცვილის გული, სხვა არაფერი..

არ ისურვა, სიტყვებს თავი არ შეაფარა..

სჯობს, არ ვიცოდე,

მხოლოდ ვგრძნობდე

გაურკვევლობის სუნთქვაში როგორ იბადებიან

სხვა დღეები და ღამეები

და გაქცევაზე თვალი უჭირავთ.

...იგი მოვა, ვინც, ოდესღაც,

თავის ხელის ჩრდილში დამმალა.

გაქრა ივნისი, წაიყოლა თიბათვის სუნთქვა,

მისი სხეულის ფრაგმენტები ჩემში ჩატოვა-

ცაცხვის, თივის და ბავშვობის სუნი,

მაგრამ რა მითხრა ვეღარ ვიხსენებ..

მხოლოდ კონტური, შეგრძნების კვალი -

ზოგჯერ სისხლში რომ წაიმღერებს

და ქარს ინატრებს,

მუდამ ქარის მომლოდინე ქარის წისქვილი,

თუმცა ისედაც იფქვება დრო,

ისედაც ცრიან წელიწადებს,

ისედაც ზელენ

და ისედაც მზე გადმოდის ოქროს ვარცლიდან,

და ისედაც აცხობენ გულში ჩაკრულ სურვილებს.

ისეთნაირად მომენატრე,

ახლა შენში ჩაკარგვა მინდა და ზღვის ფშვინვაში

მილიონების სუნთქვას ვპოულობ

და შენც იქ გეძებ, სახლში, რომელიც სუნთქვით აშენეს.

ქარი სულია, არავინ იცის, საიდან მოდის და საით მიდის...

...და უკვე დროა, ავწიოთ ფრთები განთიადისა,

რომ შევეგებოთ პირქარს ქარის წისქვილებივით

და ამ უნდობარ საუკუნეში

კიდევ ერთხანს ვიქარწისქვილოთ,

ვიქარწვიმოთ და გავიქარწყლოთ დარდი,

ვიდრე დრო გაგვაქარწყლებს.

2. 7. 2010 წ.

არდადეგების გაგრძელება

ფერადი ფანქრები,

ობოლი ბავშვების ფიქრებში წათლილი:

ყვითელი - მზის ლაქა,

მწვანე და წითელი - ყანა და ყაყაჩო

და ლურჯი... საღამოს ცასთან წათვლემილი,

სხვა - წვერმოოქრული,

მზეებს რომ დახატავს და სახლის სახურავს,

აწოწილ საკვამურს, ზოზინა კვამლით

ზეცას რომ აღრმავებს,

სადაც ჩამალულა

ყივილი უთვალავ მამლის.

ზაფხულის ნიავი -

ნანატრი გადია,

გულში რომ ჩაგიკრავს და გეალერსება

და შენში იღვიძებს უგამჭვირვალესი

შეგრძნება ნაივის,

რომ ისევ შენშია, რაც მუდამ მიმოდის;

არც მაშინ იცოდი, რომ ეს დრო ჩაივლის -

თვალებში არეკლილ სეზონის ბრწყინვით და

უცნობი დუეტის მჭვრეტელი აივნით.

მე ქარმა ხელახლა დამკარგა ფრანივით,

ფრენს ფიქრი, ფუტკარი, ფრთები სიფრიფანა

დაბზუის ყვავილებს, დაეძებს ნექტარს

და არ მერცხვინება, დღემდე რომ ვეკუთნი

შეყვარებულების საეჭვო სექტას.

არავინ წასულა, ისევ აქ არიან,

ჩემში განაგრძობენ სიცოცხლეს ესენი,

ვცხოვრობ შვილიშვილის დახატულ სახლში და

გარს მივლის ჩემივე დღეების მესერი.

15. 7 2010 წ.

მე ახლა შენზე წავიდარდე

ა?

ივლისის მეორე ეპისტოლე

...შენ გამომძერწე დედის მუცელში...

...ახლა ვარ უჩინარი სამარხივით,

რომელზეც დადიან და არც იციან...

და როცა არ დადიან ფიქრის დრო მისაკუთრებს,

მზისა და მთვარის სანიშნით მომძებნა

და კიდევ ცვალებად განწყობის აალებით,

მე კი მეშინია გამჭოლი მზერის

და ჩემში სიტყვებად ახელილ თვალების..

მე ვდარდობ, როდესაც არ დადიან

და მოწყენილობა მეუფლება;

მაფიქრებს და მათი არმოსვლა,

რაღაც მნიშვნელოვანს მეუბნება,

რადგან, ორჭოფობა ყოველთვის,

თან გასაგებია, თან გაუგებარი

და ეს ხელისგული, თავი რომ ჩამოვდე -

ხან ჩემი სახლია, ხან ჩვენი გემბანი....

ყველა სულიერი საბრალოა,

ვინც ფიქრს სატკივარზე ამახვილებს,

მე ახლა შენზე წავიდარდე

და სიტყვა თვალივით ამეხილა:

ჩემი მომავალი შინ ბრუნდება

უთვალავ-ღამე-დამეხილი.

18. 7 2010 წ.

სუნთქვის მიყურადება

ივლისის მესამე ეპისტოლე

...არსებობ ჩემში ნალურსმივით...

. . . . .

შენს ფიქრებს აწყობილს შავი ნონპარელით -

ვიღაც აკვირდება სამყაროს ლუპიდან...

როცა ოთახში შედიხარ ფეხაკრეფით,

ნაბიჯთან ერთად

კრეფ ხსოვნაში ჩამალულ ფიქრებს,

თვალებით ამბობ, რასაც სიტყვა ვერ მოუძებნე,

- უმწეობამ შეგატოვა

შორისდებულის მოსაწყენ ხმოვნებს...

ვის ელოდები?

არც კი იცი, როდისღა მოვლენ..

სულგანაბული უმზერ საბრალოს

და შემკრთალი მიაყურადებ:

სუნთქავს თუ არა?!

დგახარ საწოლთან და ელოდები,

სიცოცხლე როდის ამობურცავს ქათქათა ზეწარს

და სუნთქვა როდის შეაღვიძებს ავადმყოფ ჰაერს..

ჯერ ერთად სუნთქავთ წარსულს და აწმყოს,

და ისევ ცდილობთ,

რომ ეს სივრცე გამოიზოგოთ,

აღსავსე ფიქრის და თვალების გამონაბოლქვით.

ჯერ ერთად სუნთქავთ...

შენი მზერა იქითკენ მიდის,

სადაც არავინ აღარ არის,

სულ აღარავინ

და სიტყვას გულშიც ვეღარ გაივლებ,

რადგან გული, შენ კი არა, სიჩუმეს უცემს.

ძველი ტკივილი

ნალურსმივით გამსჭვალავს ხსოვნას

და ცის ლუპიდან ვიღაც გიყურებს...

28. 7. 2010 წ.

უშენო დრო...

აგვისტოს ეპისტოლე

დღეებს გამსჭვალულს უშენობით,

როგორ ვუშველო,

ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ,

დუმილი ისე მისაკუთრებს,

ლამის მიშვილოს,

სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ თუ არ მიშველე.

რაც თავს გადამხდა, რა ვიცოდი..

მაგრამ აქ რომ ვარ -

ვეძებ გასაქცევს,

ვირტუალურ დროში ვსახლდები...

რა მწარე იყო უეცარი შენი გაქრობა

და მყისიერადDგამოცლილი ყველა საყრდენი.

არაფერია, არაფერი,

სულ არაფერი

და არაფერშიც შენს საძებნად შევეხეტები,

გამჭვირვალეა ხელისგული,

რომ ავიფარე

თვალზე და ახლა

ყველაფრიდან შენ იხედები..

7. 8. 2010 წ.

გაღიმება

აქ ხარ...

სიტყვაში ვგრძნობ შენს ყოფნას...

და აქედან

გზას რომ გაჰყურებ,

რომელიც უკვე გაიარე

და შინ დაბრუნდი,

რომ ეს ტექსტი წაგეკითხა

და უსიტყვო სიცარიელე

შეგევსო შენი გაღიმებით -

იმ სურათიდან,

სადაც ჩვენ ვსხედვართ შვილებთან ერთად

და ჩარჩოში აღარ ვბერდებით.

11. 8, 2010 წ.

შეღამებისა

სექტემბრის ეპისტოლე

სიჩუმე ჩემი თვალებია...

ამ სიჩუმეში,

ისევ ამოდის დარდის ეკალი..

ერთი ტემბრი გვაქვს მე და სექტემბერს

და შემოდგომა

შენს მაგივრად მომდევს ხელკავით.

მხოლოდ ხსოვნა ვარ,

მაგრამ ხსოვნაში ობლის კივილი

დარჩა იმ დროის ობელისკივით...

შეჩვეული ვარ ეკლიან ბალიშს

და ფიქრის ისე გამოზოგვას,

რომ არ დამთავრდეს..

გადის დღე-ღამე შორიახლოს,

ისევ უჩემოდ,

იქნებ სექტემბრის აჩქროლება

მეყოს ზამთრამდე.

საგნები ისე დამიახლოვდნენ,

ნათითურების ამბებს მიმხელენ.

შენ ეს მუსიკა ვერ დაგამწუხრებს,

აღარ მოუსმენ ბგერებს სევდიანს,

რაც გულში გაკრთა, თვალსაც ანათებს,

ანარეკლია ან სევადაა...

/ლიფსიტასავით ხტის მაჯისცემა,

ის ავადაა.../

სარეცხის თოკზე შავი ხალათი

მოირგო ქარმა და ამოიცვა..

შედედდა ბინდი შეღამებისა,

კრთება გიშერი, უფრო მოცვია..

უბერავს ქარი, ქარი სულია

და ყოველივე ქარმა მოიცვა;

მე ორიოდე სიტყვაც მეყოფა,

შენი ბაგიდან თუ ჩამოცვივა...

2. 9. 2010 წ.

გახედვა ხვალისკენგახედვა

სექტემბრის მეორე ეპისტოლე

სად ხარ,

როცა აქ აღარ ხარ,

როცა გულშიც ვეღარ გპოულობ

და თუ გული გამელია ან გამიწყალდა,

შენს ხსენებაზე რად მეკუმშება?!

ჩემი ლოდინი სიჩუმეში ჩამოიმარცვლა

და მწიფს დუმილის თავთავები

და თავისთავად შენში ვეძებ თავშესაფარს

და ვერ გპოულობ...

იქით ჯერ კიდევ ხალისობენ

და მკერდსავსე ღამის ფშვინვა ვერ მოიბეზრეს,

სადაც ჩემს წარსულს აგრძელებენ

და მზე და მთვარე

ადი-ჩამოდის ზეცის კიბეზე.

თვალს ავარიდებ მათ -

ერთმანეთს რომ დაეძებენ

ხელებით, კოცნით, სუნთქვის სიხშირით

და წუთის სიღრმეს მოღიღინე სისხლი ირეკლავს.

მიკვირს,

ისევ აქეთ დავრჩი,

ამ ბავშვთან ერთად,

ხმას რომ აყოლებს უნებურ მოტივს

და მის გამზრდელად ვიგულისხმები,

ჩვენ გვინაწილებს სახლის სიჩუმე

და საათიდან ამომხტარი გუგულის ხმები,

რომ ხვალინდელი გადღევანდელდა

უმიზეზო და შეურისხველი...

11. 9. 2010 წ.

© „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

No comments: