Sunday, January 23, 2011

მალხაზ ხარბედია – კრიტიკა და რეცენზიები


თამაზ ვასაძის წიგნი “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” და სოსო ტაბუცაძის “უბრალო დამატება” თითქმის ერთდროულად გამოსცა “ლიტერატურის ინსტიტუტმა”. ერთში კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
ეს ორი წიგნი იმ დიდი ხარვეზის ამოვსების მცდელობაა, რაც ბოლო წლებში ქართულ ლიტერატურულ კრიტიკასა და რეცენზირების კულტურაში გაჩნდა. ამ წიგნებში ერთგან კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
თამაზ ვასაძის კრებული “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” 30 წლის მანძილზე დაწერილ სტატიებს უყრის თავს, რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართულ ლიტერატურას მოიცავს, დავით გურამიშვილიდან დაწყებული – ბესიკ ხარანაულითა და ჯემალ ქარჩხაძით დამთავრებული. წიგნის რედაქტორის, ლიტერატურათმცოდნე მაკა ელბაქიძის აზრით შემთხვევითი არ არის, რომ წიგნი დავით გურამიშვილით იწყება, რადგან მისი სიტყვით, არც რუსთველამდე და არც რუსთველის შემდეგ “ისე მკაფიოდ და ზედმიწევნით არსად არ ცხადდება ჭეშმარიტების ძიების თუ მისი ხელახლა აღმოჩენის წყურვილი, როგორც “დავითიანში””:
“სწორედ დავით გურამიშვილის მიერ გავლებულ კვალს, და ეს ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს, გაჰყვება შემდეგ მთელი მომდევნო პერიოდის ქართული მწერლობა. და მე შევეცდები თემატურად დავალაგო თამაზ ვასაძის მიერ წარმოდგენილი მასალა და სწორედ ამ ხაზს მივყვე. ვთქვათ, ბარათაშვილი გაჰყვება ამ ხაზს თავისი ფილოსოფიური ლირიკით, ილია ჭავჭავაძე თავისი რაციონალიზმითა და განმანათლებლური სულისკვეთებით, აკაკი წერეთელი თავისი ზნეობრივი გაკვეთილებით, ვაჟა ფშაველა თავისი ჰუმანიზმით, დავით კლდიაშვილი – ტრაგიკომიკურობით, ვასილ ბარნოვი სპეციფიკური ფილოსოფიურ-რელიგიური მსოფლხედვით, ნიკო ლორთქიფანიძე თავისი განუმეორებელი პოეტიკით, მიხეილ ჯავახიშვილი ტრაგიკომიკურობით და გროტესკულობით, ლეო ქიაჩელი რომანტიკული ესთეტიკით, გერონტი ქიქოძე მისთვის დამახასიათებელი იშვიათი ობიექტურობით, დაკვირვებისა და ანალიზის იშვიათი სიმახვილით, გლიგოლ რობაქიძე ინტელექტუალიზმის წინ წამოწევით, გალაკტიონი პოეტური მეს სრული ინტიმიზაციით, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე – სიცოცხლის ვნებიანი სიყვარულით, გურამ რჩეულიშვილს თავად თამაზ ვასაძე ასე ახასიათებს – ვნებად ქცეული აზრი თუ აზრად ქცეული ვნება, ბესიკ ხარანაული – აზრის სილაღით და ჯემალ ქარჩხაძე რეალობის კრიტიკულ-ანალიტიკური ხედვით”.
მაკა ელბაქიძის ეს ჩამონათვალი სრული არ არის, წიგნში სხვა ავტორებსა და თემებსაც ნახავთ:
“შემთხვევითი არ არის ისიც, რომ თამაზ ვასაძე თავის წიგნს ამთავრებს ორი ძალიან საინტერესო თავით. ერთი ეს არის “ეროვნული და დასავლური”, და მეორე “ილიას ფორმულა ჩვენს დროში”. ეს ორი თავი ერთგვარად სისტემატიზაციას ახდენს იმ ყველაფრისას რაც წიგნის წინა ნაწილებში ითქვა და ეს ალბათ ძალიან აქტუალურია ჩვენთვის დღეს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, დასავლური ფასეულობების ძალიან ფართოდ წინ წამოწევა მოხდა ამ ბოლო წლებში და ძალიან ბევრი ჩვენგანი საკმაოდ ნიჰილისტურად უდგება ამ საკითხს და ხშირად გაიგონებთ, რომ დასავლური ფასეულობები სპობს ეროვნულ კულტურებს, რომ შეიძლება ჩვენი კულტურა მასკულტურაში გაითქვიფოს და ა.შ., მაგრამ თამაზ ვასაძის წიგნში არის ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება, რომ ყველა ამ ავტორთან, რომელიც მე ახლა ჩამოვთვალე, და ეს ეხება ფაქტობრივად მთელს ქართულ ლიტერატურას, არის ერთი უწყვეტი ხაზი. ეს არის ადამიანის სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ, თავისი პიროვნული თავისუფლებისაკენ, და ეს არის ქართველი ადამიანისთვის დამახასიათებელი (რადგან ჩევნ ქართულ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ) მისწრაფება, რომ სამყარო უკეთესად აქციონ, გააუმჯობესონ, გარდაქმნან იგი”.
სოსო ტაბუცაძის რეცენზიები უმთავრესად ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა. გაზეთ “24 საათის” ლიტერატრულ დამატებაში, გაზეთ “კალმასობაში”. საქართველოში ძალზე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ავტორი თავის რეცენზიებს უყრის თავს. ასეთი მაგალითები ბოლო წლებში სულ რამდენიმე მახსენდება:
“ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ იმ გაგებით და იმ შეგნებით, როგორაც გვესმის ჩვენ დღეს და რასაც ჰქვია ლიტერატურული კრიტიკა, დღეს არ არსებობს, და არც იარსებებს, იმიტომ, რომ ლიტერატურული კრიტიკა საბჭოურ სივრცეში რაც იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის, ეს იყო იარაღი, რასაკვირველია, იდეოლოგიური იარაღი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არამხოლოდ საბჭოური იდეოლოგიის ინსტრუმენტს, არამედ მეორე მხრივ ეროვნული იდეოლოგიის ინსტრუმენტსაც. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ ერთის კლასიკოსად წარმოვიდგინოთ 20-იანი წლების კრიტიკოსი პლატონ ქიქოძე, და მისი წიგნი, უკვე იშვიათობად ქცეული. ვისაც უნახავს, მან იცის, რომ ეს წიგნი პირდაპირ იარაღია... და მეორე მხრივ, უკვე ჩვენს დროში, აკაკი ბაქრაძე, ეროვნული იდეოლოგიის თვალსაზრისით...”.
სოსო ტაბუცაძის აზრით, კრიტიკა რომ არ არსებობს, ეს არცაა გასაკვირი. მისი სიტყვით, კრიტიკის დაბადება თუ აღორძინება პირველ რიგში რეცენზირების კულტურის გაჯანსაღებითაა შესაძლებელი და იმ კრიტიკის ადგილი, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო, დღეს რეცენზიამ დაიკავა. ტრადიციულ ქართულ კრიტიკას კი იგი რუსული ტრადიციიდან იწყებს, კერძოდ ბელინსკიდან, რომლის გამგრძელებელი ილია იყო ჩვენთან. ეს კრიტიკა კი სოსო ტაბუცაძის აზრით ძალიან განსხვავდება ფრანგული ან ბრიტანული ტრადიციისგან, ტომას ელიოტისგან, როლან ბარტისგან და ა.შ.:
“ყველაზე კარგი ის იქნება, რომ უბრალოდ, როცა კრიტიკაზე ვისაუბრებთ, ძალიან ღრმად და კარგად დავმარხოთ ის საბჭოური კრიტიკა, ანუ უნდა დავივიწყოთ ეს და უნდა დაიბადოს ახალი”.
ახალი კრიტიკის დაბადება არც ისე ადვილია, მითუმეტეს უახლოესი და უმძიმესი წარსულის ღრმად დამარხვამ არამგონია ამაში ხელი შეგვიწყოს.
© radiotavisupleba.ge

No comments: