აქ ყველაფერი მოსაბეზრებელი გახდა...
ცივი პალატა... გრძელი დერეფანი... მუდმივად ჩაკეტილი ფანჯრები და საღამო, როდესაც მისის ტეილორი ორ ტიპთან ერთად მოდის და სქელ ტაბლეტებს იძულებით მაყლაპებს...
მისის ტეილორს თეთრი სამედიცინო ხალათი აცვია და დიდი ძუძუები აქვს. ტაბლეტები კი საშინლად მძულს, რადგან ყოველთვის ყელში მეჩხირება. ფანჯრებს არავინ აღებს, ხშირად ჰაერიც იხუთება და ოფლის სუნი დგას.
აქ ყველას ერთნაირი ფორმები გვაცვია და ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვსადილობთ. მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი საკმაოდ უგემოვნოა, მისი დაგემოვნება იძულებით მიწევს.
საღამოს, ტაბლეტების მიღებიდან რამდენიმე წუთში თვალები მეხუჭება და დილამდე ვკვდები.
მისის ტეილორი ყოველთვის ერთი და იგივე შენიშვნას მაძლევს და საშინლად ბრაზდება, როდესაც შუა პალატაში ვშარდავ. მე კი ვპასუხობ, რომ მაშინ დარვინი არაფერ შუაში იყო...
* * *
ნავახშმევს, როდესაც პალატაში მოგვათავსეს, ელცინმა სისხლი გამიშრო, ის დაჟინებით მთხოვდა აპარატის ისტორია მომეყოლა.
- გუშინ ხომ მოვყევი – ვცდილობ თავიდან მოვიშორო.
- ყველამ არ იცის.
- ყველამ არც უნდა იცოდეს.
- ზოგიერთს ეძინა – მხარს უბამს კოზლოვი.
- მაგალითად, მე – ამბობს საშა და საწოლზე მოხერხებულად კალათდება.
- მოკლედ, ეს ამბავი ბევრად ადრე დაიწყო, მაგრამ ისინი სამშაბათს მოვიდნენ – ვიწყებ მე - შუაღამე იქნებოდა, როცა კარებზე დააკაკუნეს, შემოსვლისთანავე მიბრძანეს სახლი დროებით დამეტოვებია, მე ვეუბნები, რომ მათ ამის უფლება არა აქვთ, მაგრამ პასუხის ნაცვლად, ცემას მიწყებენ და გარეთ მაგდებენ. თეთრი უნიფორმები აცვიათ, ყველა შეიარაღებულია. ჯერ ნივთების აღრიცხვას იწყებენ. შემდეგ სახლს საგულდაგულოდ ჩხრეკენ. ,,სად არის?’’ – მეკითხება ერთ-ერთი.
,,წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მეკითხებით’’ – მოჩვენებითი სიმშვიდით ვპასუხობ.
,,კიდევ ერთხელ გიმეორებ, სად არის?’’- უნიფორმიანი ტონს იმაღლებს.
,,არ ვიცი’’ – ვამბობ თუ არა, უკნიდან მძიმე დარტყმას ვგრძნობ და იატაკზე მოწყვეტით ვეცემი. გონზე რომ მოვდივარ, ორი უცნობი გაურკვეველი მიმართულებით მიმათრევს. ფეხებში ძალას ვერ ვგრძნობ. ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამომდის, მთელი სახლი თავდაყირა დააყენეს, მაგრამ პირველი ჩხრეკა უშედეგოდ დასრულდა.
- როგორი იყო?
- მოცულობით, ოთახის ნახევარს იკავებდა.
- ოთახი რამხელა იყო?
- საკმაოზე დიდი.
- მე კარადა მქონდა მსგავსი მოცულობის, რომელშიც მამაჩემს ერთი თვე
ვმალავდი – ამბობს კოზლოვი.
- რატომ მალავდი? – ელცინი ეკითხება.
- მოხუცი იყო და სიკვდილის ეშინოდა, მაგრამ ერთი თვის თავზე
კარადაში მოკვდა, ზოგმა თქვა უჰაერობის გამოო.
- ეგ ისტორია ვიცით, მეზობლები რომ სუნმა შეაწუხათ, ისიც ვიცით.
- მოყოლილი მაქვს? – კოზლოვი იმდეგაცრუებულია.
- არაერთხელ.
- ჩვენ სიზმრების აპარატზე გვაინტერესებს – ამბობს საშა.
- შაქრის – უსწორებს ელცინი.
- შაქრის რატომ?
- ეგრე ქვია.
- ნუ მომაცდენთ, ისედაც მეძინება.
- ჯერ თეთრხალათიანი ძუკნა არ გამოჩენილა.
- მერე რა, ისე არ შეიძლება გეძინებოდეს?
- განაგრძე, ყველას გვაინტერესებს.
- მოკლედ, აპარატში მიკროსქემა იდო, რომელიც ხელსაწყოს მთავარ
მექანიზმს წარმოადგენდა, მისი დახმარებით ადამიანები მომდევნო დღის პროგნოზს ხილვებში ხედავდნენ, საგულისხმოა ისიც, რომ კლიენტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ.
- როგორ ხდებოდა მათი მოზიდვა?
- პირველმა ექსპერიმენტმა იმდენად გაამართლა, რამდენიმე დღეში
მთელმა ქალაქმა იცოდა გამოგონების ამბავი.
- მათ ისტორიებს მართლა ისმენდი?
- ეს პროცესი თითქმის ჩემდა დამოუკიდებლად მიმდინარეობდა, მე
მხოლოდ აპარატზე ვაერთებდი.
- შაქრის რატომ იყო?
- როცა საკუთარ ისტორიას მოყვებოდი, აპარატი შაქარს იძლეოდა, რომლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ხედავდი ხილვას მომდევნო დღის შესახებ.
- ანუ?
- მაგალითად, თუკი ხილვაში ავტოკატასტროფის მსხვერპლი იქნებოდი, მეორე დღეს შეგეძლო კატასტროფა თავიდან აგეცილებია.
- როგორ?
- ძალიან მარტივად, მეორე დღეს ნებისმიერი სახის ტრანპორტით სარგებლობაზე იტყოდი უარს, რის შედეგადაც საფრთხე აღარ დაგემუქრებოდა.
- ანუ, რა გამოდის, შენს აპარატს ჩემი გადარჩენაც შეეძლო?
- ვერ მიგიხვდი.
- ვიდრე აქ გამომკეტავდნენ, წინა დღით რომ მოვსულიყავი და აპარატით მესარგებლა, ახლა აქ არ ვიქნებოდი.
- და ვერც ამ ისტორიას მოისმენდი – აჯავრებს კოზლოვი.
- შენ არავინ გეკითხება – ტონს უწევს საშა.
- თუ მაგ ლოგიკით მივუდგებით, ელენას გადარჩენაც შემეძლო – ამბობს ელცინი.
- ელენა ვინ არის? – ვეკითხები.
- ჩემი ქალიშვილი.
- ახლა სად არის?
- ზღვაში.
- იქ რა უნდა?
- მაშველები ერთი კვირა ეძებდნენ – სლუკუნებს ელცინი – ცურვა არ იცოდა.
- ბოდიშს გიხდი.
- რისთვის?
- უხერხული შეკითხვის გამო.
- არაფერია, ისტორიების მოსაყოლად აქაურობა ყველაზე საუკეთესო ადგილია.
- მოსასმენადაც – ისევ კოზლოვი ეჩრება.
- სიფათს მიგინგრევ, ნაბიჭვარო – ემუქრება საშა.
- ახლა ეგ აპარატი სად არის? – საუბარში კოსტავა გვერთვება.
- იმათმა წაიღეს – თვალებით ჭერისკენ მივანიშნებ.
- როგორ მიაგნეს, შენ უთხარი?
- სამი დღე მაწამეს, მაგრამ კრინტიც არ დამიძრავს, ბოლოს სარდაფში მიაკვლიეს, სპეციალურად გამოყოფილ უზარმაზარ ოთახში.
- დიდხანს იწვალეს?
- საკმაოზე დიდხანს, რადგან როცა ისინი მოვიდნენ, მე მათ ველოდებოდი.
- გადამალეთ?
- ცხადია გადავმალე.
- მარტოს არ გაგიჭირდა? – ელცინი მეკითხება.
- მარტო არ ვყოფილვარ, რამოდენიმე ერთგული კლიენტის დახმარებით, ნაწილ-ნაწილ გადავიტანე სარდაფში.
- შენს ადგილას, მე სახლსაც დავტოვებდი – კოზლოვი ამბობს.
- რა აზრი აქვს, მათ ვერსად დაემალები, მიწიდანაც ამოგთხრიან.
- ეგ მართალია.
- ნეტა სად ინახავენ?
- პარლამენტში – იცინის კოზლოვი.
- ნერვებს მიშლი – ელცინის შენიშვნაზე, კოზლოვი სიცილს წყვეტს.
- შემდეგი არჩევნებიც მოგებული აქვთ – ვამბობ მე.
- მაგაში ეჭვიც არ მეპარება, ისინი ხალხს უსმენენ და სასურველ შაქარს იძლევიან.
- იქნებ მაღაზიებშიც ყიდიან.
- არაფერია გამორიცხული.
- თანაც შაქარი, მოხუცებს და ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ.
- ოდესმე შენი აპარატით უსარგებლიათ?
- ვის?
- იმათ – საშა ჭერისკენ მიმანიშნებს.
- რამდენიმე მათგანი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მოვიდა, თავი ჩვეულებრივ ადამიანებად წარმომიდგინეს, მაგრამ მაინც ვიცანი..
- რანაირად?
- ხელოვნური ულვაშები ეკეთათ და პარიკი ედოთ..
- უთხარი?
- არა, თავი ისე მეჭირა, თითქოს ვერაფერს მივხვდი.
- თავის მოტყუება მაგარი რამეა – ამბობს კოზლოვი – ეგ რომ შეგვძლებოდა ახლა აქ არ ვიქნებოდით.
ეს იყო პირველი რეპლიკა კოზლოვის მხრიდან, რომელმაც საშა და ელცინი არ გააღიზიანა.
- მგონი ხვალ, ჰაერზე გავყავართ – ამბობს კოსტავა.
- თუ ისევ არ გაწვიმდა.
- მე წვიმაშიც თანახმა ვარ.
- ჩემზე რომ იყოს, ახლაც სიამოვნებით გავისეირნებდი.
- იმ ძუკნასთან ერთად? – კოზლოვი ეკითხება.
- რატომაც არა – იცინის საშა – ალბათ გავჟიმავდი კიდეც.
საშა და კოზლოვი სიცილს იწყებენ, მოგვიანებით დანარჩენებიც მხარს ვუბამთ. ამ დროს დერეფნიდან მოგუდული ხმაური გვესმის, რამდენიმე ადამიანის საუბარს, დროდადრო ნაბიჯების ხმა ფარავს.
- ჩშშ – ელცინი საჩვენებელ თითს ტუჩთან იდებს.
ყველანი ვჩუმდებით. ხმა თანდათან გვიახლოვდება, ახლა მხოლოდ მათი საუბარი იმის. ისინი კარებთან დგანან.
- ეს ოთახი დალუქულია – მისის ტეილორი ამბობს.
- შეიძლება შევამოწმოთ? – უცხო ხმაა.
- არ მენდობით?
- რათქმაუნდა გენდობით, მაგრამ აქ ნდობა არაფერ შუაშია, მე დავალებას ვასრულებ.
მოულოდნელ ხმაურზე, ყველანი ვფითრდებით. სამარიდან ახლადამდგარ მიცვალებულებს ვგავართ. რამდენიმეხნიან პაუზას მისის ტეილორის შეკითხვა არღვევს.
- მოკალი?
- ჯერ სუნთქავს – სხვა ხმა პასუხობს.
- ჯობია ჭრილობა გადავუხვიოთ, რათა სისხლისგან არ დაიცალოს,
დანარჩენს მე მივხედავ.
- ახალი ფორმაა საჭირო.
მათი საუბარი უკვე შორიდან გვესმის. გაურკვეველ დიალოგს დროდადრო მისის ტეილორის გამაღიზიანებელი კისკისი ფარავს, რომელსაც დერეფნის ექო შემაძრწუნებლად ახმოვანებს.
- ალბათ დამკვირვებელი იყო – ამბობს კოსტავა.
- მაგას ხვალ გავიგებთ - ჩურჩულებს ელცინი.
- ხვალიდან ახალი მეგობარი გვეყოლება.
ჩამავალი მზის შუქი, ფანჯრებიდან შემოდის და გისოსების ჩრდილს მტვრიან იატაკზე ხატავს. აქედან გახედვა ყველას შეუძლია. მათ შორის ჩვენც, თუმცა სასიამოვნო ხედის ნაცვლად, უზარმაზარი კედელი იშლება, რომელიც კოსტავას თქმით, ადამიანის სხეულის ნაწილებით არის ნაგები.
- ვინ ადამიანების? – კოზლოვი შეშინებული ხმით კითხულობს.
- იმათი, ვინც აქედან გაქცევა მოინდომა.
- შენ საიდან იცი? – ვეკითხები.
- ჩემი დიდი ბაბუა მშენებელი იყო, ისინი აშენებდნენ.
- ვინ ისინი?
- ყველანი, ვინც კი ამ ქვეყნის შვილები იყვნენ.
- მართლა ბაბუამ გითხრა? – ელცინს ხმაში ხრინწი ერევა.
- ბავშვობაში, ზღაპრებს ყოველთვის ბაბუა მიყვებოდა ხოლმე,
მაგრამ ეს ისტორია ზღაპარი არ არისო მითხრა. როცა კედელი შეგვიკვეთეს, ომიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და გამოცდილებაც დიდი მქონდაო. მისი თქმით ყველა ამბოხებულ პაციენტს ორგანოებს აჭრიდნენ და სამშენებლო მასალის დაზოგვის მიზნით კედლისთვის იყენებდნენ, ამას რა თქმა უნდა, სხვა პაციენტების დასანახად აკეთებდნენ. რათა შიში დაეთესათ.
- კედლის აშენება რატომ გადაწყვიტეს? – საშა კითხულობს.
- ბაბუა მაგ თემაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბოდა, მაგრამ ერთხელ
მაინც დავაცდენიე.
- რაო რა გითხრა?
- კედლის იქით სხვა სამყაროაო.
- მაინც როგორი? - კოზლოვი როლშია.
- ისეთი, როგორზეც ჩუმად ოცნებობენ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენ,
ბაბუას აზრით, ჩვენი ხალხი ამისათვის არასოდეს იქნება მზად.
- წარმოგიდგენია? – ელცინი მეუბნება – შენი აპარატის გამო იქ
შესაძლებელია ხელის გულზე გატარონ, აქ კი ცოცხლად გმარხავენ.
- უნდა დავიძინო – ვამბობ მე.
- ჯერ არ მოსულა, შვიდამდე დრო გვაქვს – მამშვიდებს ელცინი.
- მერე რა, ისედაც მეძინება.
- კარგი, მაშინ ყველამ ერთდროულად დავიძინოთ, ოღონდ ერთი პირობით
– ამბობს კოსტავა.
- რა პირობით? – კითხულობს საშა.
- ძილის წინ, ყველამ კედელზე ვიფიქროთ.
- კარგი აზრია.
- კედელზე რატომ?
- იქნებ სიზმარში მაინც ვნახოთ იქეთ რა ხდება.
საბანს ბოლომდე ვიფარებ და თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ. სამარისებურ
სიჩუმეს საათის წიკ-წიკი არღვევს.
უკვე შვიდი სრულდება...
ო, როგორ ვერ ვიტან იმ წყეულ ტაბლეტებს: ყოველთვის ყელში მეჩხირება.
დერეფნის ბოლოდან ფეხის ხმა ისმის.
ალბათ მისის ტეილორია...
© "არილი“
No comments:
Post a Comment