"მე დაბადებამ ოცდაათი წლის ზღურბლთან მომიწია..."
ჟურნალისტ სირუს თაჰბაზის დიალოგი ფორუღ ფაროხზადთან
სპარსულიდან თარგმნა ლუკა ავალიშვილმა
- რატომ წერთ ლექსებს, რას ეძებთ ლექსებში?
- ეგ თქვენი "რატომ" საერთოდაც ვერ ეგუება ლექსებს და პოეზიას. მე არ შემიძლია გითხრათ, რატომ ვწერ ლექსებს. ვფიქრობ, მიზეზი - ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - რაც ხელოვან ხალხს თავიანთი საქმიანობისაკენ უბიძგებს, გახლავთ ამ ადამიანების ქვეცნობიერი მისწრაფება - დაუპირისპირდნენ და არ დაემორჩილონ წარმავლობას. ეს ის ხალხია, რომელთაც სიცოცხლეც და სიკვდილიც სხვებზე უფრო უყვართ და უკეთ ესმით. ხელოვნებაც ამ ქვეყნად დარჩენის, საკუთარი თავის უკვდავყოფისა და სიკვდილის აზრის უარყოფის თავისებური მცდელობაა. ზოგჯერ ვფიქრობ, მართალია, სიკვდილი ბუნების ერთ-ერთი კანონია, მაგრამ ადამიანი მხოლოდ ამ კანონის წინაშე გრძნობს თავს უმწეოდ და არასრულფასოვნად. სხვა საქმეა, რომ სიკვდილს ვერაფერს მოუხერხებ. ის უნდა იყოს და ძალიანაც კარგი რამეა. აი, ეს გახლავთ ზოგადი განმარტება, რომელიც შესაძლოა, ოდნავ სულელურადაც კი მოგეჩვენოთ. პირადად ჩემთვის კი პოეზია მეგობარია და როცა მასთან მივდივარ, შემიძლია, ძალზე უბრალოდ გული მოვიოხო. ის ჩემი მეწყვილეა, რომელიც სრულმყოფს, მაკმაყოფილებს და ამას ისე ახერხებს, რომ თავისი არსებობით ოდნავადაც კი არ შემაწუხოს. ზოგიერთები საკუთარ დანაკლისს - ცხოვრებაში სხვა ადამიანებთან ურთიერთობით, მათთან მოძიებული თავშესაფრის წყალობით ინაზღაურებენ. მაგრამ დანაკლისი ამით არასოდეს ანაზღაურდება და რომ ანაზღაურებულიყო, განა თვითონ ეს ურთიერთობა არ იქნებოდა ყოფიერებისა და ამქვეყნის უდიდესი პოეზია?!
პოეზია ჩემთვის ის სარკმელია, რომელსაც როგორც კი მიუახლოვდები, თავისთავად იღება. მე ვჯდები ამ ფანჯარასთან: ვიყურები, ვმღერი, ვღრიალებ, ვტირი, ხეების ანარეკლს ვუერთდები და ვიცი, რომ ფანჯრის იქითა მხარეს სივრცეა. იქ ვიღაცას აუცილებლად ესმის ჩემი; ვიღაცას, რომელიც სულერთია, 200 წლის შემდეგ მოვა თუ 300 წლის წინათ ცხოვრობდა. პოეზია ჩემთვის კავშირის საშუალებაა ყოფიერებასთან და არსებობასთან - ამ სიტყვის ყველაზე უფრო ვრცელი მნიშვნელობით. მისი სიკეთე ისაა, რომ როცა ადამიანი ლექსს წერს, შეუძლია თქვას - ვარსებობ, ანდა უკვე ვიცხოვრეო. უამისოდ კი, აბა, როგორ შეიძლება ასეთი რამეების თქმა და გაცხადება?!
მე ჩემს ლექსებში არაფერს დავეძებ. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ლექსებში ხელახლა ვპოულობ საკუთარ თავს. რაც შეეხება სხვათა პოეზიას, ან - ზოგადად პოეზიას... ზოგი ლექსი ღია კარივითაა, რომლის არც აქეთა და არც იქითა მხარეს არაფერია. კაცი იფიქრებს - აფსუს ქაღალდიო! ზოგი ლექსიც, პირიქით, დაკეტილ კარსა ჰგავს, რომლის გაღების შემდეგ, ხვდები, რომ მოტყუვდი და არც კი ღირდა მისი გამოღება. მის მიღმა ჩამოწოლილი სიცარიელე ისეთი საზარელია, რომ "აქეთა მხარის" - ზედაპირის - სისავსეც კი ვერ ანაზღაურებს; იმ დროს, როცა ძირითადი სწორედ ის - "იქითა მხარე" ანუ სიღრმე, შინაარსი უნდა ყოფილიყო.
აი, ზოგი ლექსი კი არც კარია, არც ღია და არც დახურული. ისინი ჩარჩოთი დასაზღვრულნი არ არიან. გზას გვანან. სულერთია, გრძელსა თუ მოკლეს. გზას, რომელიც რაღაცასთან შესახვედრად მიდის, მიისწრაფის. მერე უკან ბრუნდება და არასოდეს იღლება. ზოგჯერ თუ შეჩერდება, რაღაცაზე დასაკვირვებლად, რაც მანამდე არც წინა არც უკანა გზობისას - არასდროს შეემჩნია.
ხანდახან მინდა პოეზიამ ხელი ჩამჭიდოს, თან წამიყვანოს, ფიქრი, მზერა, შეგრძნება და ხედვა მასწავლოს. შედეგი კი ჩვენი ურთიერთობისა იყოს გამოცდილი, კარგად აწონილი ფიქრი და ნააზრევი.
მე ვფიქრობ, რომ ხელოვნება, პოეზია გაცნობიერება უნდა იყოს, გაცნობიერება ცხოვრებისა, არსებობისა და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ვაშლისაც კი, რომელსაც ვკბეჩთ, ან ჩაკბეჩას ვუპირებთ.
შეუძლებელია მხოლოდ შიშველი ვნებებით ცხოვრება. ან უფრო უკეთ: ხელოვანს არ შეუძლია და არც შეიძლება - იცხოვროს მხოლოდ შიშველი ვნებებისა და გრძნობების ხარჯზე. ადამიანი კარგად უნდა ხედავდეს თავის თავსა და თავის სამყაროს და სწორედ ეს აუცილებლობა უბიძგებს მას შემდგომში ფიქრისაკენ. ხოლო როცა აზროვნება იწყება, კაცს შეუძლია უკვე მყარად დადგეს ფეხზე. ისე არ გამიგოთ, თითქოს, ვამბობდე - პოეზია ჩაფიქრებული ან ფილოსოფიურად შეფიქრიანებული უნდა იყოს-მეთქი. არა, რა სისულელეა! ამით იმის თქმა მინდოდა, რომ პოეზია ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად, უნდა იყოს აზროვნებით გამობრძმედილ და გაწვრთნილ შეგრძნებათა და წვდომათა ნაყოფი. თუ პოეტი ნაღდი პოეტია (და ამასთანავე: პოეტი ანუ გათვითცნობიერებული), ხვდები მისი აზრები რანაირად, როგორ შეედინებიან მის პოეზიაში, მსგავსად "ფანჯარასთან მოფრენილი ღამურასი"; მსგავსად: "ქვაზე მკვდარი ტოროლასი"; მსგავსად: "მზვარეში ჩათვლემილი კუსი"* - ასე უბრალოდ, უპრეტენზიოდ და ლამაზად...
- თქვენ ბრძანეთ, რომ პოეზიაში საფიქრალს დაეძებთ ანუ ფორმასა და გრძნობით მხარეებს თავს ანებებთ და ძირითადი ყურადღება შინაარსზე გაქვთ გამახვილებული. მაშასადამე, თქვენ არ გაკმაყოფილებთ მხოლოდ ლამაზი, მოქნილი და მოქნეული ფრაზებით გაწყობილი ლექსები?
- ასეთი ლექსები მხოლოდ მოხდენილნი, ნატიფნი და მშვენიერნი არიან. მაგრამ განა პოეზია მარტო ისაა, რაც მხოლოდ მოხდენილი, ნატიფი და მშვენიერი შეიძლება იყოს?! მაგალითად ის ლექსები, ბოლო დროს "ესკიზების" სათაურით რომ ქვეყნდება. ასეთ ლექსებს მე სწორედ სილამაზის, მშვენიერებისა და მოხდენილობის საზღვრებში ვაღიარებ.
- ანუ ამაღლებულ პოეზიად მიიჩნევთ?
- თუ მხოლოდ იმ თავისებურებათა მქონე იქნება, რაც მე ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, არა! თუმცა, აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ პოეზია სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ზოგჯერ ლექსი მარტო ლექსია და მეტი არაფერი. ამ შემთხვევაში სიტყვა "ლექსს" მისი ზოგადი მნიშვნელობით კი არა, იმ გრძნობითი აზრით ვხმარობ, როგორც ის გვესმის ხოლმე საერთოდ. მაგალითად, როდესაც დაისისას, ხეს ვხედავთ, ვამბობთ ხოლმე - რა პოეტურიაო. არიან ლექსები, რომლებიც სწორედ ამგვარი მშვენიერებით გამოირჩევიან და ასევე გვატკბობენ. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ლექსი პოეტურია და რასაკვირველია, ნაღდი პოეზიაა. მაგრამ თვითონ პოეზია მხოლოდ მათით არასოდეს შემოიფარგლება. ამ ლექსებს თავიანთი ადგილი აქვთ. სილამაზე და მშვენიერება კი პოეზიის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი შეიძლება იყოს. სხვათა შორის, რასაც ახლა ზოგადად ვლაპარაკობ, გარკვეულწილად ჩემს თავსა და შემოქმედებაზეც მოგახსენებთ. მე საკუთარ თავს სხვებზე მეტად ვაკრიტიკებ. ბუნებრივია, რომ ჩემი ძალიან ბევრი ლექსი უინტერესო და არაფრისმთქმელია. მაგრამ, ამავე დროს, შეუძლებელია პოეზიის შინაარსისათვის რაღაც კონკრეტული ფორმულა გამოვიყვანოთ და განვაცხადოთ: ყველა ლექსი მხოლოდ ზოგად, განზოგადებულ ხასიათს უნდა ატარებდეს! საქმე ის არის, ადამიანი როგორ უყურებს და აღიქვამს საზოგადო თუ პირადულ საკითხებს. სწორედ ხედვა, ხედვის კუთხეა, რაც რომელიმე პოეტის ლექსებს პირადულობის ელფერს ანიჭებს ანდა პირიქით, პირად პრობლემებს ზოგადად, განზოგადებულად წარმოაჩენს.
კრებულ "ტყვეში" თავმოყრილ ლექსებს რომ დღევანდელი გადასახედიდან ვაფასებ, ვხვდები - ზოგი რამ ჩემთვისაც კი უინტერესოა და მეც კი აღარ მეხება. არადა, ამ ლექსების ფესვები, სხვათა შორის, თავის დროზე პიროვნული სულაც არ ყოფილა. ზოგადი სიტუაციით საზრდოობდა და მათში მარტო მე კი არა, მთელი ქვეყანა იგულისხმებოდა.
- საქმე ისაა, რომ როდესაც ხელოვანი იმ ეტაპამდე მივა, როცა მხოლოდ თავისი, სპეციფიკური და განსხვავებული ხედვა ჩამოუყალიბდება, წინა პლანზე პასუხისმგებლობის საკითხი წამოიწევს. მაგალითად, როცა ადამიანი თქვენს რამდენიმე ღირებულ ლექსს წაიკითხავს, რომელთა დაწერის თავი და სიმამაცე ცოტა ვინმეს თუ ექნება საერთოდ, მერე კი მათ გვერდით, ძალზე პირადული საბაბით "შექმნილ" ბანალობებს წააწყდება, განხიბლული რჩება და იმასაც კი ფიქრობს, რომ თქვენი მიზანი ამ შემთხვევაში კრებულის მოცულობის გაზრდა და მისი გამოსაცემად მომზადება...
- მართალია...
- ხოლო როცა პოეტს პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს - ნიმა იუშიჯის რჩევით - იგი საკუთარ ნაწერებს, საკუთარ პოეზიას დიდი სიფრთხილითა და უშეღავათო მომთხოვნელობით უნდა მოეკიდოს...
- იცით, მე ერთხელ ვთქვი: ზოგი ლექსი სავსებით შეესაბამება ადამიანის რწმენას, გამოცდილებასა თუ პოეტურ გემოვნებას და ასეთი ლექსების ნდობა მუდამ შეიძლება. მაგრამ არის ლექსები, რომლებიც ამ რაღაცეებს არ შეესატყვისებიან, თუმცა ადამიანს მათ მიმართ რაღაცნაირი სიყვარულის გრძნობა აქვს. ძალზე გაურკვეველ მიზეზთა გამო, ამ წიგნში 3-4 ისეთი ლექსია, რომელიც არ მომწონს, მაგრამ რატომღაც, ძალიან მიყვარს. შესაძლოა, უმჯობესი იყო ეს ლექსები არ გამომექვეყნებია. მაგრამ რომ არ დამებეჭდა, მგონია, მათ გამო გულმშვიდად ვერასდროს ვიქნებოდი.
- აქვე თავისთავად ისმება ცხოვრებისგან განცალკევებისა და აბსტრაქტულ, განყენებულ თემებზე წერის საკითხი, ზოგს ჰგონია, რომ ყოფასთან მათი კავშირი და ცხოვრების ნახვა დაავიწროვებს, ჩარჩოში მოაქცევს მათ პოეტურ თვალსაწიერს. ამიტომაც, ადამიანი განყენებულ სამყაროში უნდა ცხოვრობდეს და მხოლოდ ინტელექტით იაზრებდეს და "აგემოვნებდეს" არსებულ სინამდვილეს. განვითარების წინაპირობად სწორედ ეს, ცხოვრების ამგვარი წესი მიაჩნიათ. "ხელახალ დაბადებაში" დაბეჭდილი თქვენი ლექსები კი შეიძლება ასეთი დამოკიდებულების, ამგვარი აზროვნების უარყოფად მივიჩნიოთ. მაგალითად, თქვენს "მიწიერ სასწაულებს", საერთოდ, შეგვიძლია დოკუმენტური ლექსიც კი ვუწოდოთ. მაშასადამე არსებული სავსებით განსხვავდება გრძნობისმიერი, სუბიექტური წარმოსახვებისგან...
- არა, მე არა მწამს ჩარაზულ ოთახში თავშეფარებისა და ამგვარ პირობებში - "შინაგანი ჭვრეტებისა". ადამიანის წარმოსახვითი სამყარო უნდა იყოს შედეგი მისი ხეტიალისა და თავისი ეპოქის სინამდვლესთან მუდმივი კავშირისა. ადამიანმა უნდა ნახოს, რათა დაინახოს და არჩევანის საშუალება მიეცეს. როცა კაცი თავის სამყაროს ადამიანებს შორის და ცხოვრების შუაგულში იპოვნის, მხოლოდ მაშინ შეეძლება ეს სამყარო მუდამ თან ჰქონდეს; თავისად დაიგულოს და ამ სამყაროს შიგნიდან დაუკავშირდეს მთელ ქვეყანას.
როცა ქუჩაში ხეტიალის შემდეგ შინ მიბრუნდებით, ქუჩიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებები გონებაში გრჩებათ და ეს შთაბეჭდილებები უკვე თქვენს შინაგან სამყაროსა და თქვენს არსებობას ეკუთვნის. ხოლო თუკი გარეთ არ გახვალთ, თავს დაიტყვევებთ და მხოლოდ ქუჩაზე ფიქრით დაკმაყოფილდებით, არავინ იცის დაემთხვევა თუ არა თქვენი წარმოსახვა გარეთ არსებულ სინამდვილეს. შესაძლოა, გარეთ მზე იყოს, თქვენ კი სიბნელე და წყვდიადი გეგონოთ. შეიძლება გარეთ მშვიდობა იყოს, თქვენ კი იფიქროთ ომი და ბრძოლააო. ასეთი ვითარება ნეგატიური ასკეტიზმის ერთ-ერთი სახეა, რომელსაც არც თვითონ ადამიანისთვის და არც საზოგადოებისთვის მოაქვს სარგებელი. ყოველ შემთხევაში, პოეზია ცხოვრებისაგან იბადება. ყველაფერი მშვენიერი, ყველაფერი, რასაც ზრდა შეუძლია, ცხოვრების შედეგია. ამიტომაც, კი არ უნდა იფიქრო და უარყო, უნდა წახვიდე, დააგემოვნო და გამოსცადო - ცხოვრების უსაზიზღრესი წამებიც კი... მაგრამ არა როგორც დაფეთებულმა ბავშვმა, არამედ საღი გონებითა და ყოველგვარი არასასიამოვნო განცდის მოლოდინით. ყველა ხელოვანი კავშირში უნდა იყოს ცხოვრებასთან; სხვანაირად, აბა, მითხარით, როგორ აივსება?!
- უდავოდ... მაგალითად - "შეხვედრა ღამეში". როდესაც ადამიანი ამ ლექსს კითხულობს, ძალიან ბევრი საფიქალი უჩნდება. საფიქრალი, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულთანაა დაკავშირებული. ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ამ ლექსით იმ თაობის სათქმელი ითქვა, რომელსაც სული ყელში მობჯენოდა და თავისი არსებობისა აღარც კი სჯეროდა. "მისი ორი თვალის გაშლილი სივრცე კი ოდენ მწარე ტირილის გემოს შეიგრძნობდა".
- დიახ, მე ვუყურებდი იმ ადამიანთა სახეებს, ერთ დროს რომ საზარელი პრეტენზიები და სურვილები ჰქონდათ და, ვფიქრობდი: აი, ეს ახლა, წინ რომ მიზის, ნუთუ მართლა ისაა, ვინც მაგალითად, ამ რვა წლის წინათაც ჩემს წინ იჯდა და ამ წუთას იმ რვაწლისწინანდელმა კაცმა ეს დღევანდელი რომ დაინახოს, თუ იცნობს-მეთქი? ყველაფერი თავდაყირა იდგა. მეც კი ამოყირავებული ვიყავი, მე მძულდა და მაოცებდა ჩემი სასოწარკვეთილება. ეს ლექსი სწორედ ამ შეგრძნებების ნაყოფია და მის შემდეგ შევძელი ცოტათი მაინც გამოვსწორებულიყავი. კორექტივები შევიტანე საკუთარი ფიქრებისა და წარმოდგენების ტექსტში და ზოგიერთ რამეს ხაზი გადავუსვი, თუმცა, სამყარო იმგვარივე დარჩა, რაც უწინ იყო. ისეთი ამოყირავებულია, არ მინდა და ვერც ვახერხებ, რომ მისი მჯეროდეს.
- "თვალმარგალიტით სავსე საზღვარშიც" (იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთების აზრით, ის ლექსი არაა და ძალიანაც კარგია, ასე რომ ფიქრობენ) სანაქებოა თქვენი სიახლოვე ცხოვრებასთან. თითქოს, ყველა პრობლემის, თვითონ ცხოვრების შიგნიდან საუბრობთ. ძალიანაც კარგი! ზოგჯერ პოეზია, პოეტურობა შეეწიროს გულწრფელობას, განა აქამდე პირიქით არ იყო: პოეზია არ იწირავდა ხოლმე გულწრფელობას? თქვენ კი ადექით და შური იძიეთ!..
- ლექსი არასოდეს არაფრით შემომისაზღვრავს. მე ვამბობ: პოეზია ყველაფერშია, ოღონდ უნდა აღმოაჩინო და შეიგრძნო. ასეთ ვითარებაში, გადახედეთ ჩვენში გამოცემული ლექსების ამდენ კრებულს და მიხვდებით, როგორი შეზღუდულია ჩვენი პოეზიის შინაარსი. როგორც წესი, აქ ან ზნეობაზე საუბრობენ, რომელიც ისე მაღალია, რომ შეუძლებელია, ადამიანური იყოს; ანდა შეგონებები, ნეკროლოგები, ამბების ჩვეულებრივი თხრობა და ელემენტარული უხამსობა მოგხვდებათ თვალში. პოეზიის ენაც - რაღაც სპეციფიკური და გაყინული - ადრიდანვე მყარად დაკანონებული ენაა.
"თვალ-მარგალიტით სავსე საზღვრის" ლირიკული გმირი საზოგადოებაა. საზოგადოება, რომელსაც მართალია მრავალ მტკივნეულ საკითხზე ხმამაღლა ყვირილი ვერ მოუხერხებია, მაგრამ ის მაინც ჯერ კიდევ შეუძლია, ასეთ საკითხებზე იუმორითა და ხუმრობით ისაუბროს.
ამ ლექსში მე ვემხრობოდი სასტიკ, გახრწნილ და სულელურ საკითხთა გროვას. მთელ პოეზიას სუნამოს სურნელი ხომ არ უნდა ასდიოდეს. მოდით, ზოგი ლექსი ისეთი "არაპოეტური" იყოს, რომ მისი წერილში ჩაწერა და ამ წერილის სატრფოსთან გაგზავნა არ შეგვეძლოს. აი, დარდი! რაც უნდა ისა თქვან! როცა ამ ლექსს გვერდით ჩაუვლიან, ნება იბოძონ და აბზეკილ ცხვირებზე ხელი აიფარონ, მე კი, შარდის სუნით აქოთებულ ქუჩაზე რომ ვლაპარაკობ, არ შემიძლია, წინ სუნამოების ჩამონათვალი დავიდო და ამ ქუჩის სუნის აღსაწერად ყველაზე უფრო კეთილსურნელოვანი სუნამო შევარჩიო. ეს ოინბაზობაა. ოინი, რომელსაც ადამიანი ჯერ თავისთავს უკეთებს და მერე დანარჩენებს.
- თქვენ თანამედროვე, დღევანდელობის შესაფერის ენასა და ფორმაზე ისაუბრეთ. ხომ არ გგონიათ, რომ თქვენს "მრჩობლედებში" და ასევე იმ ყაზალშიც, რომელიც დღეს მიჩქმალულია, თქვენი გრძნობები ჩაახშეთ ან სრულად ვერ გადმოეცით. ეს ლექსები ძველი მგოსნების მიბაძვითაა დაწერილი და ადამიანს ნაფტალინის სუნს ახლის ცხვირ-პირში. ამიტომაც იქნებ ჯობდეს, თქვენ ყოველთვის თქვენს სტილსა და ყალიბში იმუშაოთ. თქვენ იყოთ თქვენ და სხვა მეტი არავინ...
- მრჩობლედების, ორსტროფედების თაობაზე დეტალურად ვისაუბრე ბატონ აზადთან ინტერვიუში. რაც შეეხება თქვენს შეხედულებას... არა, ასე ნამდვილად არ არის. ფესვი ერთია, მაგრამ წამები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მართალია, ლექსი დღეობით, ზოგჯერ კი თვეობითაც იქმნება და გროვდება პოეტის შიგნით, მაგრამ საბოლოოდ, იგი მაინც წამიერი გააზრების, წამიერი წვის ნაყოფია. მრჩობლედების შემთხვევაში ეს წვა ძალიან შორ, დაცილებულ წამს დაუკავშირდა. სხვა ლექსებში კი, პირიქით, ჩემი განცდები ძალზე ახლოს იყვნენ ჩვენს დროსთან და დღევანდელობასთან.
- არგუმენტაციას მაინც გაურბიხართ. ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ ის სიყვარული, რაც თქვენს მრჩობლედებში გადმოეცით, განსხვავდებოდა იმ სიყვარულისაგან, რომელზედაც თქვენს დანარჩენ ლექსებში საუბრობთ?! მაგრამ თქვენ ხომ ერთი მთლიანი, დაუნაწევრებელი არსება ხართ და თქვენი ფიქრი ერთ კონკრეტულ სიყვარულს დასტრიალებს... თანაც ამ ლექსებს ერთმანეთისაგან არც ისე დიდი პერიოდი აცილებთ...
- ყოველ შემთხვევაში, ეს მრჩობლედები ჩემი სულის გარკვეულ მდგომარეობათა ანარეკლია, ჩემი აღქმები, რომლებიც, სხვათა შორის, დროსთან არიან დაკავშირებულნი. ამ აღქმებმა და სულიერმა მდგომარეობებმა კი იმ წუთას სწორედ ეს ფორმა მოითხოვა. ამასთან, მე მიყვარს ეს მრჩობლედები და ბოლოს და ბოლოს, მე იმას ვამბობ, რომ მთავარია, სათქმელი იყოს ახალი, თორემ ფორმებისა და კლიშეების მსხვრევა არც ისე ძნელია. სწორედ ამ საქმეს აკეთებს ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი: ერთი ხელის მოსმით ამსხვრევენ ყველაფერს. კი ბატონო, დაამსხვრიონ, მაგრამ სანაცვლოდ რა ააგეს? ძველად, უწინდელი მგოსნების სატრფოს ზილფი ერთი ტაეპის სიგრძის იყო, ახლა ერთნახევარი ტაეპის სიგრძისაა. მერე, ამით რა შეიცვალა?! მე საზომის მტერი როდი ვარ, მე ვამბობ - მოდით, უფრო შინაურულად ვისაუბროთ-მეთქი.
- იცით, ჩვენთვის "ეპოქის პოეზიის" საკითხი დგას. დროის შეგრძნების, დროში ყოფნის და ცხოვრების საკითხი. ამიტომ თუ აქ საუბარი ფორმასაც შეეხო - მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ჩვენ გვჯერა: ჩვენი დროის - თანამედროვე ეპოქის - პოეზია შესაფერის ფორმასა და ყალიბსაც მოითხოვს. "თვალ-მარგალიტით სავსე საზღვარი" და ასევე კრებული "გაზაფხულის ლანდები" (რომლის "მწვანე ლანდის" წაკითხვის სურვილი არასოდეს აღარ გამიჩნდება!) და "ჩიტი" იმდენად არიან სრულყოფილნი, რამდენადაც დღევანდელობის საფიქრალი დღევანდელი ფორმითა და ყალიბით არის მოცემული. მთლიანობაში კი, ამ წიგნში ორი ტიპის ლექსებს ვხედავთ: ერთნი, რომლებიც ფორმისა და შინაარსის მხრივ - თქვენს ძველ ნამუშევრებთან ამჟღავნებენ სიახლოვეს და ნაკლებღირებულნი არიან, ვიდრე ის ლექსები, რომლებშიაც საგნებსა და მოვლენებს უფრო მთლიანობაში, უფრო სერიოზულად აფასებთ. "ხელახალი დაბადება" სწორედ ამ ლექსებისთვის უნდა დაგერქმიათ: "მიწიერი სასწაულებისთვის", "ღამეში შეხვედრისთვის", "ბაღის დაპყრობისთვის", "საჩუქრისა" და რამდენიმე სხვა ლექსისათვის...
- მე უკვე მოგახსენეთ, რომ ამ კრებულში თავმოყრილი ლექსები ჩემი ოთხწლიანი ცხოვრებისა და საქმიანობის შედეგია ამ ოთხ წელიწადში დაწერილი ლექსები - არამხოლოდ კარგი, არამედ მთლიანად - ერთად შევკრიბე და გამოვეცი. ამ ლექსებს ბუნებრიობა გამოარჩევთ, მათი ავიც და კარგიც, ღირსებაც და ნაკლიც ბუნებრივია. ამის მიუხედავად მე ვფიქრობ, ყველაფერი ახლიდან უნდა დავიწყო, რადგან ადამიანმა გარკვეულ სიმწიფეს - თავის საქმეში მაინც - უნდა მიაღწიოს.
მე პოეზია წიგნების კითხვით არ მისწავლია. თორემ ახლა ალბათ ჩვეულებრივი, ტრადიციული ყასიდებისა და ყაზალების მწერალი ვიქნებოდი და მეტი არაფერი.
აი, ასე - ავდექი და გზას გავუდექი. - უღრან ტყეში დაკარგული პატარა ბავშვივით, ყველგან მივედი, ყველაფერს ჩავუკვირდი. ყველაფერმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ვიდრე საბოლოოდ ერთ წყაროსთვალს არ მივადექი და ამ წყაროსთვალში საკუთარი თავი არ დავინახე, რომელიც თვით ჩემგან და ტყის მთელი გამოცდილებებისაგან შედგებოდა. ამდენად, აღნიშნულ კრებულში თავმოყრილი ლექსები ჩემი მეორე "მეა" და ჩემი ძიებებია წყაროსთვალის საპოვნელად.
ახლა პოეზია ჩემთვის ძალზე სერიოზული რამაა. პასუხისმგებლობაა, რომელსაც საკუთარი არსებობის წინაშე ვგრძნობ და პასუხია, რომელიც ჩემივე ცხოვრების წინაშე უნდა ვაგო. ამიტომაც, პოეზიას ისევე ვეთაყვანები, როგორც მორწმუნე - თავის რელიგიას. ამასთანვე, ვფიქრობ, რომ შეუძლებელია მხოლოდ ნიჭს დაეყრდნო. რადგან კარგი ლექსის დაწერა ისეთივე რთულია, ისეთსავე ყურადღებას, შრომასა და წვალებას მოითხოვს, როგორც რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა.
მე ერთი რამეც მწამს და ეს გახლავთ პოეტად ყოფნა ცხოვრების ყოველ წამსა და მომენტში: პოეტად ყოფნა ე.ი. ადამიანად ყოფნა. მე ვიცნობ მავანთა და მავანთ, რომელთა ყოველდღიური საქციელი არავითარ კავშირში არაა მათ პოეზიასთან. უკეთ რომ ვთქვათ, ეს ადამიანები პოეტები მხოლოდ ლექსის წერის მომენტში არიან. მერე იცვლებიან და ისევ ერთი ჩვეულებრივი, ხარბი, გაუმაძღარი, უსამართლო, გონებაჩლუნგი, შურიანი და საცოდავი კაცები ხდებიან. მე არ მჯერა მათი სიტყვებისა, რადგან ცხოვრებას ამაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ხოლო როცა ეს ხალხი თავის ლექსებსა და ნაწერებში გულში მჯიღს იცემს და რაღაცას გაჰყვირის, ზიზღი მიპყრობს და არა მჯერა, რომ სიმართლეს ამბობენ. მაშინ ვფიქრობ, - ნეტავ, ასე მართლა ერთი თეფში ფლავის გულისათვის ხომ არ ირჯებიან-მეთქი... თუმცა, კარგით... თავი დავანებოთ...
ჩემი აზრით, ხელოვანმა - პირველ რიგში - თავისივე თავი უნდა შექმნას და სრულყოს. მერე საკუთარი თავიდან გარეთ უნდა გამოვიდეს და მას, როგორც ყოფიერებისა და არსებობისაგან შემდგარ მთლიანობას ისე უნდა შეხედოს, რომ მისმა ნააზრევმა, ფიქრებმა და გრძნობებმა ზოგადი ხასიათი შეიძინოს.
- ვიცი, ძალიან სულელურ შეკითხვებს გისვამთ, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, რატომ ხედავთ ზოგჯერ ასე საზიზღრად ცხოვრებას და ადამიანებს:
"ჭერის დაბრეცილ-დაღრეცილ ხაზებში
საკუთარი თვალი დავინახე -
მძიმე ტარანტულივით ხმებოდა
იატაკზე,
გუგის სიყვითლეში" ("მიხვედრა")
ან:
"ჩემი წილი მიტოვებულ კიბეზე ქვემოთ დაშვებაა.
და რაღაცასთან შერწყმაა მარტოობასა და ხრწნილებაში"
ანდა: "იმ პატარა არსებებს ხედავდი,
რომლებიც დამდგარიყვნენ"... ("მიწიერი სასწაულები)
- წეღან მოგახსენეთ, ლექსი უმთავრესად ერთი წამის განწყობილებისა და აზრის "შედეგია-მეთქი. ჩემი აზრით, შეუძლებელია სიცოცხლის ყველა წამი მშვენიერი იყოს და ამდაგვარი ხედვა ანუ როგორც თქვენ ბრძანებთ, ამგვარი საზიზღარი აღქმა, ზოგჯერ უფრო საჭიროა და უფრო მართალი, ვიდრე ცხოვრების უსარგებლო ქება-დიდება. როცა ადამიანი რომელიმე პრობლემას ყოველმხრივ განიხილავს და საბოლოოდ საქებარ დასკვნასაც გამოიტანს, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ მე ხომ ფილოსოფოსი არ გახლავართ?! მე ადამიანი ვარ, სუსტი ვარ და ზოგჯერ ჩემს სისუსტეებსაც ვემონები. რომ არ დავემონო, ცხოვრებისათვის აუცილებელ ძალასაც ვერ მოვძებნი.
ერთხელ უკვე განვმარტე ის ფრაგმენტი, თქვენ რომ "მიხვედრიდან" გამოაცალკევეთ. ამ ლექსის სათაურიც კი შესანიშნავად მიუთითებს მის შინაარსზე. თვითონ ლექსში ხომ ნათურის ჩაქრობასა და ანთებაზე არის საუბარი. ცხოვრების ერთი წამი ბნელშია. სიბნელესთან შეჩერება კი ზრდასრულობის საიდუმლოსთან შეჩერებას წააგავს. ეს არათუ საზიზღარი, სავსებით ბუნებრივი ხედვაა. ყველა ადამიანი, როცა არსებობას ერთი ყალიბიდან ანუ საკუთარი თავიდან უყურებს, ასეთი მტანჯველი პესიმიზმი და სასოწარკვეთილება ეუფლება. მე რომ ცხოვრების ნაწილი არ ვიყო, მართლაც, რაღაც გაუგებრობა ვიქნებოდი - უბედური და ისეთი უმაქნისი, როგორიც "მიხვედრაში" ვჩანვარ.
მეორე ფრაგმენტთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ, რომ თქვენი უმთავრესი ნაკლი ის გახლავთ, რომ ჩემს ლექსებში აზროვნების მაგისტრალური და მკაფიო ხაზის ძებნას შესდგომიხართ. მე ხომ ფილოსოფოსი არა ვარ, არც რაღაც ფილოსოფიურ დოქტრინას ვაყალიბებ ჩემს ლექსებში. მე მხოლოდ საგნებსა და მოვლენებს განსხვავებული, ჩემეული კუთხიდან ვუყურებ. ამ ხედვის ლოგიკაც გრძნობითი ლოგიკაა.
თუმცა, თქვენ მიერ მოხმობილი იმ სამი სტრიქონის ანალიზი მშრალი მათემატიკური ლოგიკითაც რომ მოვინდომოთ, ერთ კონკრეტულ პრინციპს აუცილებლად მოვიხელთებთ: ხრწნა და გაუცხოება ჩემთვის სიკვდილი, კვდომა არ არის, რაღაცა ეტაპია, საიდანაც შეიძლება ცხოვრება ახალი თვალთახედვითა და შეგნებით დაიწყო. სიყვარულიც მთელი მინარევებისა და გარეგანი ფაქტორების გამოკლებით - მისალმებაა, უანგარო, პასუხის არმომლოდინე მისალმება - ყველასა და ყველაფრისადმი. ხელები, რომელთაც შეუძლია იყვნენ ხიდი - სურნელის, სინათლისა და ნიავის დანაბარებისაგან აგებული - სწორედ ამ უცხოობაში მწვანედ იფოთლებიან. თუკი ჩვენ გააზრებული იმედები და შეხედულებები არ გვაქვს სიყვარულსა და ცხოვრებაზე, მაშინ ამ რაღაცეებს შორის განსხვავებას ვერასდროს დავინახავთ. ეს ყველაფერი კი იყო ერთი შეგრძნების, ფიქრისა და ხედვის სხვადასხვაგვარი ანარეკლი იმ საკითხის მიმართ, რომელიც დაისვა.
ნუ მომთხოვთ ჩემი ლექსების განმარტებას. არასასიამოვნო და საერთოდაც სასაცილო საქმიანობაა. ამასთან, ჩემი აზრით, რამდენიმე სტრიქონს არასოდეს არ უნდა დაეყრდნო და ლექსი მთლიანად, მთლიანობაში უნდა განიხილო. როდესაც ამ ნაწყვეტებზე ფრაგმენტულად, შეზღუდულად ვიმსჯელებთ, რასაკვირველია, გულს რაღაც დაგვაკლდება, მაგრამ საკმარისია, ისინი მთლიანი ლექსის კონტექსტში შეფასდეს და ყველა პრობლემა უცებ მოგვარდება. თუნდაც იმავე "ხელახალი დაბადების" რამდენიმე სტრიქონზე, როდესაც მთელი ლექსის კონტექსტიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ისინი განსხვავებული, ახალი შინაარსით დაიტვირთებიან. ჩვენი ეპოქის პოეზიის ერთ-ერთი თავისებურება ხომ ესეც გახლავთ: დღეს უკვე სტროფი სტროფი აღარაა... "მიწიერი სასწაულების" თაობაზე ნათქვამ თქვენს სიტყვებს, მაპატიეთ და ვერ დავეთანხმები. ამ ლექსში არ არის არაფრის და მით უმეტეს, ადამიანის - საზიზღარი აღქმა. პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ თანაგრძნობაა. მთლიანობაში კი ეს ლექსი გახლავთ ადამიანების კი არა, იმ გარემოს აღწერა, რომელშიაც ადამიანებს ცხოვრება უხდებათ და რომელიც მათ სისაძაგლის, ამაოებისა და დანაშაულისაკენ უბიძგებს. მე სწორედ ეს ცოდვის მასულდგმულებელი ბუდე მქონდა მხედველობაში, თორემ თვითონ ადამიანები უცოდველნი არიან, რადგან ისინი ხანდახან დგანან და შადრევნების მუსიკას უსმენენ. მათში ჯერაც არ ჩამკვდარა მშვენიერების შეგრძნება. ოღონდ ეგ არის, ამისა უკვე თვითონვე აღარ სჯერათ. თუნდაც ეს ფრაზა "პატარა სულიერები" რომ ავიღოთ: უნებისყოფო სულიერები, უცოდველი სულიერები, უბედური სულიერები... ამ ფრაზაში მცირედი სიბრალული და სინანულიც კი იგრძნობა. მე მინდოდა სწორედ ეს გადმომეცა, რომ მერე დამენახა, როგორ გაიაზრებდნენ სხვები.
- ქალბატონო ფაროხზად, ჩვენ მადლობელნი ვართ თქვენი; გვიყვარხართ და გაფასებთ იმ საინტერესო სიტყვებისთვის, რაც ბრძანეთ; კარგი ლექსებისთვის, რაც დაწერეთ და უკეთეს ლექსთათვის, რომლებსაც დაწერთ. მე პოეტი არა ვარ და ამიტომაც ის, რაზედაც გესაუბრეთ, ლექსის ერთი ჩვეულებრივი მკითხველისა და დამფასებელი კაცის მოლოდინიდან იღებდა სათავეს, მოლოდინიდან, რომელიც მას შეიძლება თქვენგან და სხვა კარგი და გულწრფელი პოეტისაგან ჰქონდეს.
- იყო დრო, როცა პოეზიას გართობისა და თავისშექცევის საშუალებად მივიჩნევდი. მწვანილის რჩევას რომ მოვითავებდი ხოლმე, ყურს მოვიფხანდი და ვიტყოდი: ახლა წავალ და ბარემ ერთ ლექსსაც ჩამოვარაკრაკებ-მეთქი. მერე იყო სხვა დროც, როდესაც ვფიქრობდი, რომ თუკი ლექსს დავწერდი, რაღაცა უეჭველად შემემატებოდა. ახლა კი, როცა ლექსს ვწერ, ასე მგონია, რაღაცა მაკლდება. რაღაცას ვაქანდაკებ და სხვებს გადავულოცავ ხოლმე. ამიტომაც, პოეზიას უკვე სერიოზულ საქმიანობად აღვიქვამ და მის მიმართ ერთგვარი ფანატიზმითაც კი გახლავართ განმსჭვალული. ერთ დროს, საკუთარ ლექსებს თვითონვე დავცინოდი, მაგრამ ახლა ვინმემ რომ გაბედოს და მასხრად აიგდოს ჩემი ნაწერები, ძალიან გავბრაზდები. იმიტომ, რომ მე ისინი უკვე ძალიან მიყვარს. დიდხანს ვიწვალე, სანამ პოეზიის - ამ უცხო და უცნაური ველურის - მოთვინიერებას შევიძლებდი. მერე კი ასევე დიდხანს ვიწვალე, რომ იგი ჩემს შიგნით გამელაღებინა, შევრწყმოდი მას და ჩემს "ერთ სულ და ერთ ხორცად" მექცია, ისე რომ, ჩვენი განცალკევება იოლი საქმე აღარ ყოფილიყო. კრებულებში "ტყვე", "კედელი" და "ამბოხი" მე მხოლოდ ერთი უბრალო გამხმოვანებელი ვიყავი გარე სამყაროსი. იმ დროისათვის პოეზია ჩემში კი არ იყო დავანებული, ჩემთან ერთად ცხოვრობდა, როგორც ქმარი, მეგობარი, ყველა ის ადამიანი, რომლებთანაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში ცხოვრება გვიწევს ხოლმე. მერე კი პოეზიამ თვითონ ჩემს შიგნით გაიდგა ფესვი და ამიტომაც შეიცვალა ჩემი ლექსების შინაარსი. ახლა უკვე ლექსს მხოლოდ ჩემს თავზე დაწერილ, პირადი გრძნობების გამომხატველად და გამოხატულებად არ აღვიქვამ - პირიქით, რაც უფრო მყარდება ჩემში პოეზია, მე უფრო ვიშლები, ვიტოტები და ახალ-ახალი სამყაროებისაკენ მივიწევ...
- დიახ, ვხედავთ, რომ "ხელახალი დაბადების" მერე დაწერილ ლექსებში თქვენ განსხვავებული აზროვნება დაიწყეთ და თქვენს პოეზიაში ფიქრი, ინტელექტი გახდა პირველადი...
- ასეა. ყოველ შემთხვევაში, დაბადების მერე უნდა გაიზარდო, ტანი აიყარო... მე ამ დაბადებამ ოცდაათი წლის ზღურბლთან მომიწია. ახლა კი უკვე ვეღარ ვეგუები ცარიელ, ფიქრისა და აზრისაგან დაცლილ პოეზიას.
- როგორ გგონიათ, თქვენი ეს შეხედულება იმ ადამიანებთან ურთიერთობის შედეგი ხომ არაა, რომლებიც პოეტურები არ არიან, ინტელექტუალობის პრეტენზია აქვთ და თქვენც, საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მიგიყვანეს?
- არა, მე ჩემი საფიქრალი, საზრუნავი მაქვს და სხვების გავლენის ქვეშ ნაკლებად ვექცევი. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ საკუთარი, დამოუკიდებელი შეხედულება მქონდეს ყველაფერზე. ევროპელმა პოეტებმაც ჩემზე დიდი გავლენა ვერ იქონიეს...
- რომელ პოეტებს გულისხმობთ?
- ე.წ. "ინტელექტუალურ პოეტებს" - ელიოტს, სენ ჟონ პერსს, ნიმას... მე მათი ლექსების წაკითხვის შემდეგ გავიგე, რომ არსებობს ცნება "ინტელექტუალური პოეზია" და შევეცადე, მათი გავლენის ქვეშ არ მოვქცეულიყავი, განსაკუთრებით ევროპელ პოეტთა შემთხვევაში. ნიმას გავლენას ამ რამდენიმე ხნის წინ განვიცდიდი, მაგრამ მერე თავი დავიხსენი და ნიმას მხოლოდ ახალი საზომების გამოყენებაში თუ ვბაძავდი. იყო დრო, ნიმამ ლამის გამსრისა. ახლა მგონია, გასრესას გადავურჩი. უბრალოდ, ნიმამ რაღაც გზა ჩემზე უწინ გაიარა. მე კი ვცდილობ, ის გზა, რომლის შუაშიც გაჩერდა და ვეღარ შეძლო თუ ვეღარ მოახერხა, მისი ოღრო-ჩოღროები მოესწორებინა, განვაგრძო და ამ გზის მოპირკეთებაზეც ვიზრუნო. ამას მთელი გულწრფელობით შევეცდები...
· ფრაგმენტები დიდი სპარსელი პოეტის ნიმა იუშიჯის ლექსებიდან (მთარგმ).
© ”არილი”
No comments:
Post a Comment