სარკის ზედაპირზე
ლიტვურიდან თარგმნა ნანა დევიძემ
გზა ვაფლის პირსახოცივით ნაზი იყო.
მიწიდან ამოხეთქილი ბალახის სველი ღეროები კაბის კალთებზე ეკვროდა. ხელში ფეხსაცმელები ეჭირა. ჩხვლეტია კენჭებს ვერც გრძნობდა, ისე დაერბილებინა უხმოდ დაფენილ ხამს, ობობას ქსელივით რომ აუბურდა თმა და ახლა წამწამებზე უგროვდებოდა.
- დედი, ნუ წყრები, ნუ წყრები დედი... - სირბილით მიუყვებოდა ხვინჭიანი გზის პირს და იმეორებდა: - არ მინდოდა, - სრუტუნებდა, - რა საზიზღრობაა ეს მშრალი ღვინო. მუცელი ამატკივა. საწოლზე მივწექი, ტკივილს რომ გაევლო და ჩამეძინა. არ გამიწყრე დედი...
შედგა. მოეჩვენა, მინდორზე დაფენილ ფერფლისფერ ნისლში კარმა ისე გაიჭრიალა, თითქოს ძილ-ღვიძილში მყოფი დედაბერი, ეზოში საჭიროებისთვის რომ გამოვიდა, უკან შებრუნდაო.
- დედი, ნუ მიწყრები...
რაზამ მსუბუქად, მაგრამ მკაცრად დაიჩხაკუნა.
- მე... - თვალებიდან ნამი ჩამოიფერთხა და გაჩუმდა. ნისლში მისი დროის კარი იღებოდა და იკეტებოდა, ოღონდ გოგონამ არ იცოდა, წარსული იყო ეს თუ მომავალი. წამის სიდიადეს ვერ აღიქვამდა, რადგანაც სმენას უფრთხობდნენ ხმები; წვრილი, მდორე კრწიალი, ხმაჩახლეჩილი კატის კნავილს რომ ჩამოჰგავდა, უცაბედი გასროლა თუ რაზის ჩხაკუნი.
- ვაი, იესო! - აღმოხდა გოგონას და შეშინებულმა მიმოიხედა. ღვინისაგან უხურდა ცარიელი მუცელი - მოჩვენებითი ბუხარი, უსინათლო და უცეცხლო.
ფრენა მოუნდა. სურდა, გაყინული, უძრავი ჰაერი ხელის მკვეთრი მოძრაობით გაეპო. ფრენას იქნებ გამოესყიდა რაღაც, რაც ჯერ ვერ გაეაზრებინა, მაგრამ გრძნობდა, რომ ის მასში გაყურსულიყო. სახლამდე კი ცოტაღა დარჩა, გადაივლიდა მეზობლის ბოსტანს, სადაც ცისფრად ყვაოდა კარტოფილი და შინ ამოჰყოფდა თავს.
რაღა საჭირო იყო ფრენა?
ფეხსალაგთან ქრისტესისხლას ტერფები შეაწმინდა და გაუკვირდა, რომ აქამდე ვერ ამჩნევდა, როგორ მოსდებოდა ეს ბალახი აქაურობას.
ფეხსალაგის შეღებული კარიდან გარეთ იჭრებოდა ნისლზე მუქი ლურჯი კვამლი. მაგრამ მას არც ყალიონის, არც სიგარეტის მძაფრი სუნი არ უგრძვნია. ვის უნდა მოეწია აქ, ახლა, დილის ხუთ საათზე, როცა მზე ჯერ არ ამოწვერილიყო, როცა ხის კენწეროები ცივ ნისლში ირწეოდნენ?!. განავლის სუნიც არ იდგა. განთიადის სილურჯესაც არ სურდა მიწაზე დაშვება.
გოგონამ შეშის საწყობ ფარდულს ჩაურბინა.
სახლის შავი ღრიჭოებიდან გარეთ აღწევდა დიდი ხნის ჩალაგებული ლოგინის სუნი, ქაფურის სპირტის, ოფლით გაჟღენთილი ბამბაზიის სიმძაღე და მძინარეთა მშვიდი სუნთქვა...
ამან დაკრძალვა გაახსენა, როცა გვირგვინებს გამხმარი წიწვები სცვივა და რკინის კარკასი მეჩხერი კბილებით იღიმის. ხოლო სასაფლაოს ყოვლისმშთანთქმელი სილა ყრუ შხრიალით ყლაპავს სასახლის მაქმანებს.
ეს ყველაფერი ჰგავდა დასასრულის მოახლოებას, დასაწყისის თვალყურის მიუდევნებლად.
უამრავი საგანი, ერთი შეხედვით საშინლად ბანალური, პრეტენზიას აცხადებდა დასაწყისზე; კარტოფილის ცისფერი ყვავილები, მზით გადაწითლებული კარის სახელური, ყვითელი ფარსმანდუკები, სარდაფის სარკმელში გაჩრილი კრცხილის წვერისმაგვარი ძენძი, გზის მოსახვევი - გაცოფებული იასამანი, რომლის მიღმა, სიზმარში, ჭვრეტდა, წითელ სამოსში გამოწყობილ ბოსტნის საფრთხობელას აუჩქარებლად, მაღლა რომ სწევდა ჯერ ერთ, ნამდვილ და მერე მეორე, წარმოსახვით, ფეხს და მტვერზე სხვადასხვაგვარ ნაკვალევს ტოვებდა.
და არც ერთი არ იყო არც პირველი და არც ბოლო.
გოგონა ბალახში ჩაჯდა.
ბალახის წამახული წვერები ნემსებივით ესობოდა შიშველ ბარძაყებს.
გოგონას გაეცინა.
ჩხვლეტამ გაახსენა ტერარიუმის მაგვარი საპროცედურო კაბინეტი, სადაც ახალგაზრდა, ლამაზი ქირურგი, რომელიც ელვის პრესლის ჩამოჰგავდა, აპენდიციტის ოპერაციის მერე ძაფებს უღებდა. გოგონას უკვირდა, ქირურგი წარამარა რომ წითლდებოდა. ეგონა, პროფესიონალური გულმოდგინების გამო მოსდიოდა ასე.
ტკიოდა, ისე ტკიოდა, თითქოს ძაფებს კი არა, უწვრილეს ძარღვებს აძრობდნენ. მერე თვალები დახუჭა იმ იმედით, რომ მოხდებოდა სასწაული და ქირურგი ხავერდოვანი ბარიტონით ამღერდებოდა: "Love me tender, love me true". ეს, რასაკვირველია, არაფერს შეცვლიდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა შეჩერებულიყო წამი, ილუზიებს დამონებული.
კოინდარი ზღვის ბალახივით და ნაპირს შერჩენილი უსიცოცხლო შლამივით სველი იყო. მან ხელი გადაუსვა ბალახს და გადააწვინა. ვერ გაერკვია, რა იყო ეს, ლოგინი თუ წყლის მორევი.
მერე მოეჩვენა, რომ სარკის გაყინულ ზედაპირზე იწვა.
ყვითელი ფოთლები ნელი ბორიალით ეფინებოდნენ სარკეს და უხილავი მოცეკვავის ფეხსაცმელებივით უხმოდ დასრიალებდნენ ზედაპირზე. ნელ-ნელა ნესტი აიღეს, დამძიმდნენ და თანდათან დანებდნენ მის სიგლუვეს. სარკე უკვე აღარ ირეკლავდა საგნებს, ის თავად ფლობდა მათ.
საგნებით სავსე მორევი ჩამოჰგავდა ავეჯით გადატვირთულ ოთახს, სადაც დიდი ხანია არავის გადაეწმინდა მტვერი და სადაც ობობას ქსელში გაბმული, გაშეშებული ჩრჩილი ნელა ირხეოდა.
ის გულგრილად შეჰყურებდა ნაპირზე მდგარ საკუთარ თავს, რომელიც აკვირდებოდა, თუ როგორ ითრევდა წყალი სიღრმეში წიგნს. ეს, ალბათ ელიოტის პოეზია იყო. უკვირდა, რაღა ელიოტი, საკუთარი არაფერი გაგვაჩნიაო? წიგნს არ უნდოდა ჩაძირვა, თუმცა ფოთლებზე მეტად დამძიმდა. მისი ყდა გონდაკარგული პეპელას ფრთებივით ფარფატებდა. ფსკერის სიღრმეში მკითხველის მკაცრ და მომთხოვნ მზერას ლანდავდა და ეს აშინებდა.
გვერდი იცვალა. იგრძნო საკუთარი სხეულის სიმძიმე და უმაქნისობა.
ესმოდა სიტყვები, რომელსაც საოცრად ნაცნობი ტემბრის ხმა წარმოთქვამდა. მერე კარს ებღაუჭებოდა და ხელისგულში ციცქნა ხიჭვები ესობოდა. თავში კი მექანიკური ჩიტივით ქანქარებდა აზრი, რომ ყველაფერი იყო ლოგიკური და უსამართლო.
ზეწარს ვალერიანის სუნი აღარ უდიოდა. მოკუნტული გრძნობდა, როგორ უჭკნებოდა სხეული და უგუნური ცხოველივით ცახცახებდა.
- დედი, არ გამიწყრე...
მუცელი ისევ ტკიოდა, ოღონდ ღვინისა და არა წინასამშობიარო სპაზმების გამო. ამან ცოტა დაამშვიდა, ტბაში ჯერ კიდევ არ ჩაძირულიყო წიგნი, არც ზეწარს უდიოდა ვალერიანის სუნი. დასასრული არ ჩქარობდა. ის ხავერდოვანი ხმით ღიღინებდა: "Love me tender..."
- უფალო! - ლოგინის სითბოგამოყოლილმა ხელებმა გოგონა წამოსვა. მან დამძიმებული ქუთუთოები ასწია და დედის უკმაყოფილო სახეს წააწყდა. - რა სულელი ხარ! აქ რამ დაგაძინა? ახია შენზე ფილტვების ანთება!
მან გოგონა შეაჯანჯღარა და ღამეული სიზმრები დაურღვია.
- თვალებს ამოვჩიჩქნი იმ ძროხას. ვეღარ გაბედავს დაგათროს და გაგრყვნას. შენც კარგი ვინმე ხარ. რას დაბრძანდები იმასთან?!
შეჯანჯღარებული გოგონა კანკალმა აიტანა, იგრძნო, ჟრიალმა შიშველი ფეხებით ზურგზე ჩაურბინა და შეცბუნებულმა ღიმილით ჩაიჩურჩულა: - ნუ მიწყრები, დედა!
სამზარეულოდან შემწვარი კარტოფილის სუნი აღწევდა. საკვამურიდან გუნდ-გუნდად ამომავალი კვამლი ჩამოჰგავდა აზრს - ჯიუტსა და დაუოკებელს.
დედამ ვედროები აახმაურა. ერთ-ერთში საწური ჩაბრახუნდა.... და გოგონამ სიცივის უკანასკნელ შეხებასავით იგრძნო, როგორ ტოვებდა მოუსვენრად ვიბრაციული ელექტრონული ველი, განცდა, რომ რაღაც იყო და დამთავრდა, გაქრა, გაშორდა, დავიწყებაში ჩაინთქა...
კიბისაკენ გაქანდა, რამდენიმე საფეხურს აახტა და ბოლომდე შეაღო ოთახის კარი.
მძინარეთა სუნთქვა შეიგრძნო.
კარს რომ ხურავდა, ერთხელ კიდევ გახედა საკვამურიდან ამომავალ კვამლს, გაიფიქრა, რომ დედას ძალიან არ გაულანძღავს, ალბათ საღამოსათვის შემოინახა. დაამთქნარა და საგნების შეუმჩნევლად სიზმარში შეაბიჯა.
ამ სიზმარს კი ნაღდად უნდა ჰქონოდა თავისი სითბო, სუნი, ფერი და ისეთივე ხელშესახები უნდა ყოფილიყო, როგორც პაწია ცხოველები, როგორც კარტოფილის ცისფერი ყვავილები, მზით გადაწითლებული კარის სახელური, ყვითელი ფარსმანდუკები, სარდაფის სარკმელში გაჩრილი კრცხილის წვერისმაგვარი ძენძი, გზის მოსახვევი - გაცოფებული იასამანი, რომლის მიღმა, სიზმარში, ჭვრეტდა წითელკაბიან ბოსტნის საფრთხობელას, აუჩქარებლად, მაღლა რომ სწევდა ჯერ ერთ, ნამდვილ, ფეხს და მერე მეორე - წარმოსახვითს - და მტვერზე სხვადასხვაგვარ ნაკვალევს ტოვებდა.
ქარში გაშლილი კაბის კალთებით ის გოგონასკენ მიდიოდა. და გოგონამ იგრძნო: ხელიდან უსხლტებიან პაწია ცხოველები, მირბიან და ტოვებენ მარტოს უკაცრიელი გზის მოსახვევთან.
© „არილი”
No comments:
Post a Comment