კაბა
თითოეული სირმით, ნაქარგით,
მძივით ვცდილობ წარმოვიდგინო
თუ როგორი ლამაზი იყო
ქალი, რომელსაც ტანზე ემოსა
ეს თეთრი კაბა - მუზეუმში,
ნახევრად სარდაფში თუ მარადიულ
ბინდში - ნაზად გამოფენილი.
ნაწნავების და თვალების და
ბაგის გარეშე - თაროებს შორის
ბჟუტავს იგი. ბჟუტავენ ლალის
თვლები ხავერდის ჩიხტიკოპებში,
ბეჭდები და ხანჯლები და
ნამტვრევები - ფიალებად შეწებებული.
და ისევ კაბა - სამუდამოდ უარყოფილი,
როგორც ზედმეტად მძიმე თუ გრძელი
თუ - ზედმეტად მშვენიერი, თვალისმომჭრელი.
ვდგავარ - მისგან თავისუფალი.
სიმსუბუქისთვის - სამოსელიც,
სხეულიც დადნეს! მაგრამ ეს კაბა -
შორიდან ისე მსუბუქია, ერთი წამით
შეიძლება ვისურვო და ლექსად დამაჩნდეს:
ჩავიცვა, კალთა ჩამოვბერტყო,
ჩამოსცვივდეს ჩრჩილის პეპლები.
* * *
ფრჩხილებს - ლაქი და
პერანგს - კრახმალი;
და თქვენთვის -
ეს დღეც არის ახალი;
მართლა ახალიც -
სადღაც აქ არის:
ხორკლიანი და გაულაქავი.
* * *
ზღვამ გაიტაცა მზის ქუდი -
შხეფებით, ტალღის მორკალვით;
ვიღაცას - თევზის კუდიანს -
ტალღაში თვალი მოვკარი;
და ჩემს გარშემო გაშლილი -
ზღვამ თან წაიღო ნადავლი:
ცა - გამჭვირვალე თავშალი,
ნაპირი - ჭრელი სანდალი;
ანაა, თუ - მარიანა,
თუ კიდევ ვინმე - დობილი?! -
სიტყვების ელვით, მარილით -
ტალღაში გადადნობილი;
ვისაც ზღვის ლექსი აქეზებს -
ვარდისფრად შეღამებული:
ქალთევზად იქცეს, ნაპირზე
დატოვოს - შეყვარებული.
დამსვენებლები
ამ ზაფხულს - წყალი ვერ იქნება
მიწის ვეება კოცონზე თუ ფერფლზე ძლიერი;
ვიცი და მაინც, მატარებლის სარკმელად იქცა
წუხანდელი ეკრანის შავი ჩარჩო; ნაცრისფრად
ამოიბურცა ზღვის ტილო, მე ის
დამალბობს და დამაბრუნებს ისევ სიცხიანს.
ესენიც - ჩემი დობილები - წელს კიდევ უფრო
მეტად გვანან საკუთარ თავებს თუ -
ოფისის გოგოებს თუ მზეთუნახავებს;
წვანან ნაპირზე და ითვლიან: ეს ცა არის
პირველი; სადღაც მესამეზე ბრწყინავენ
ჩვენი საქმროები; და მეცხრეზე - კადილაკები;
და მერე მაინც ერთად ვაბრუნებთ
ქვებზე ამოყრილ მედუზებს ზღვაში.
ღამის ტილო კიდევ უფრო მეტად სველდება:
სველი ხმები, სველი ფერები; აქედან -
ღამის ბულვარიდან - ვეყუჟებით თითების თეატრს;
მსახიობები უცხო ღმერთებს გვანან -
სიცოცხლეს გრძნობენ, ატევენ - ხელის მტევნებში.
სუნთქვაშეკრული ვზივარ და ვცდილობ
არ გავინძრე. თითქოს ჰაერში, ჩვენს თავსზემოთ
ვიღაც ტივტივებს და იმისი თითებია - ჩემი ხელები,
ჩემი ფეხები, რომლებიც მთელი ღამე
სველი მაქვს, გაოფლილი; კოღოების ნაკბენებს
ვითვლი. მეჩვენება, რომ ამ ზღვასთანაც
და ხმელეთის შუაგულშიც - მთელი ქვეყანა
დასიცხულია, დაკბენილია და გაუნძრევლად,
საზიზღარი ნეტარებით ყველაფერს ითმენს.
* * *
გარშემო
ფრენენ ხარაბუზებად -
აქლემები თუ მხოლოდ კუზები;
და არ ამცდება თითის დაქნევა,
მათგან ერთიც რომ იქცეს აქლემად.
ტყვეების გაცვლა
ჭიანჭველების დედოფლის შავი საშოდან
ნელა მოიწევენ ჯარისკაცები; იყოფიან:
ერთი - მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ;
სათვალავი მერევა; საით უნდა წავიდე?!
კოლონია სადღაც ზურგსუკან გუგუნებს და
თვალებისკენაც - ზუსტად იმავე სხეულებით
და ხმაურით ამოვსებული შავი ორმო -
მობჯენილია. ომის ღმერთებო, უნდა მანიშნოთ
საით არის ჩემი ქვეყანა ან სიყვარული?!
სახეები დაუბრუნეთ თქვენს ჯარისკაცებს,
რომ შემეძლოს მტრისგან მოკეთე გამოვარჩიო;
თორემ ეს მიწა - მდინარის, ზღვის, ოკეანის
ორივე მხარეს - სასწორის ორი შავი თეფშია -
სიყვარულის გამომხმარი ფესვებით სავსე
და კარგავს, კარგავს წონასწორობას... ვიდრე
სიძულვილს ამატებთ მათში; ძვლებსა და კოცონს
და აი, უკვე - ჯოჯოხეთურ სიმსუბუქესაც.
და დამწვარი, სისხლებშემხმარი ჯარისკაცები,
თუ კვამლიდან გამოაღწიეს, მოათრევენ
ხორბლის მარცვლებს; არც დაჭრილებს,
არც სამშობლოს, არც ერთგულებას...
და ღმერთებო, თუ კვამლიდან გამოვაღწიე... -
ზურგით მოვათრევ, ხელუხლებლად გიბრუნებთ
მთელს თქვენს ძლიერებას, მრისხანებას,
თავდავიწყებას... და დამიბრუნეთ, დამიბრუნეთ
ჩემი სისუსტე: ხსოვნის ძალა, სიყვარულისთვის
სიცოცხლის და სიკვდილის ძალა.
© ”არილი”
No comments:
Post a Comment