ქუდი
წინასწარმეტყველება გამართლდა, ჩემმა ძმამ მართლაც ბრწყინვალე კარიერას გამოჰკრა ხელი. მისი მოხსენებები თუ გამოკვლევები ნუტაციის სფეროში წარმატებით იკითხებოდა არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში, არამედ ევროპაშიც. მე კი ამ დროს ფსიქიურად დაავადებულ ადამიანთათვის განკუთვნილ ინსტიტუტებში სირბილით გადავიღალე. დასვენება მჭირდებოდა. ვიცოდი ჩემს ძმას დაღუპული მეუღლისგან დარჩენილი, მიტოვებული სახლი ჰქონდა და ვთხოვე, თუ შეიძლება რამდენიმე ხნით ამ სახლში ვიცხოვრებ-მეთქი. უარი არ უთქვამს და მეც მადლიერი დავრჩი. ჩემი ძმის მეუღლე თვალით არასოდეს მინახავს, მაგრამ ახლა ამ ქალის გემოვნებითა და სიყვარულით გაწყობილი ოთახები ჩემთვის არეულ-დარეული ცხოვრებისაგან გაქცევამოწადინებულისთვის, ერთადერთი თავშესაფარი გახდა.
სახლი მდინარესთან სრულიად განმარტოებით იდგა. აქ გატარებულმა პირველმა ორმა კვირამ უკვე მაგრძნობინა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი და სუნთქვა შემეძლო. თქვენ წარმოიდგინეთ, უჩვეულოდ გამახალისებელ აკრობატიკასაც კი მივყავი ხელი... თქვენ, ჯანსაღებს ეგებ სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის, ჩემი ავადმყოფი გონების პატრონისთვის, სწორედ რომ მისწრება იყო.
აქ, უნთერახში, ჩემი ძმის სახლში საშუალება მომეცა განვმარტოებულიყავი, გამეანალიზებინა უკვე ჩვეულებად ქცეული ყოფა და საკუთარი მიგნებებითა თუ წარმოსახვებით სათანადო დასკვნები გამომეტანა. თუმცა ერთი კია, აქ მეცნიერულ მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. აღარ შემეძლო განუწყვეტელი ქექვა ხაბულასის, დიპოლდის, ჰაიზენბერგის, ჰილფისა თუ ნიუტონის ნაშრომებში. ამათ გარეშე კი წარმოუდგენელი იყო მეტყევეობათმცოდნეობაში რაიმე წინსვლა. ჩემი სნებაშეყრილი გონება ვეღარ იტევდა ამდენ რამეს, უნარი აღარ შესწევდა ღრმად ჩასწვდომოდა მოვლენებსა თუ ფერთა ისტორიას და უმრავლესობიდან უმცირესობის გამორიცხვის მეთოდით რაიმე ღირებულს ჩაბღაუჭებოდა. ავადმყოფურმა გონებამ თვითკრიტიკისა და თვითდათრგუნვის აუტანელ ზღვრამდე მიმიყვანა. ვითომდა გამოსავალს ვეძებდი, არადა ამ გამოსავლის ძიებაში, თვით გამოსავალსაც კი ძირიძირობამდე ვუკირკიტებდი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. გადამღალა ამ ცხოველურმა არსებობამ, მთლიანად მატერიამ. ვლამობდი, როგორმე მოვშორებოდი, გავთავისუფლებულიყავი გარე სამყაროსგან და იქამდეც კი მივედი, რომ სახლიდან ყველა მოსამსახურე დავითხოვე. ვუბრძანე, ჩემი ძმის ჩამოსვლამდე აღარ დაბრუნებულიყვნენ. თან იმისაც მეშინოდა, თავი არ გამომემჟღავნებინა, ჩემს სულიერ წონასწორობაში არ შეპარვოდათ ეჭვი. ერთი სიტყვით, ყველას კარგად გადავუხადე და გავისტუმრე. უკვე შემეძლო თავისუფლად მემოქმედა, თავშეკავება აღარ მმართებდა. ვიგრძენი, ამ ორ კვირაში ჩემმა ავადმყოფობამ კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. სახლის წინა მხარეს ყველა ჟალუზი თუ დარაბა დავგმანე, ვინმეს რომ არ შემოეხედა. უკანა მხარეს კი ფანჯრების დაგმანვას აზრი არ ჰქონდა. ამ მხრიდან უღრანი ტყე ერტყა სახლს და ფანჯრებში კიდევ უფრო მეტი წყვდიადი შემოდიოდა, ვიდრე იმ დარაბებჩარაზულ ოთახებში. მხოლოდ საძინებელში დავტოვე სარკმელი ღიად, რომ არ დავმხრჩვალიყავი. თავი დავიმარტოხელე თუ არა, შევეცადე, დოქტორ მანუელის მოძღვრებას ჩავჯდომოდი, თუმცა წინასწარვე ხომ ნათელი იყო, ჩემი ძალისხმევა რომ ფიასკოთი დასრულდებოდა. გონება ამდენს ვერ გაუძლებდა. კატასტროფამდე, უკვე თითქმის შეშლილობამდე ვიყავი მისული. ძმას არაფერს ვატყობინებდი, პირიქით ვწერდი: თავს მშვენივრად ვგრძნობ, მეცნიერულ მუშაობაშიც წარმატებები მაქვს, ძალიან მომწონს შენი სახლი-მეთქი. სინამდვილეში კი, უნთერახში ყოველი მოახლოებული მწუხრის ჟამი შიშის ზარს მცემდა. მეშინოდა ბინდის, აუტანელი წყვდიადი რომ მოჰქონდა. საქმე თვით სიბნელეს კი არ ეხება, არამედ შეგრძნებებს, რასაც ღამის წყვდიადი აღმიძრავდა. წყვდიადი, როგორც გადაულახავი გამოცანა მე სულაც არ მაინტერესებდა. ამისი არც უნარი შემწევდა, არც სურვილი გამაჩნდა და სხვათა შორის - არც დრო. მე მხოლოდ ჩემი თავით, ჩემი ავადმყოფობით ვიყავი მოცული. არ შემეძლო, მშვიდად ვმჯდარიყავი სახლში და დავლოდებოდი შებინდებას, იმ მუქარით აღვსილ წყვდიადს, შებინდებას რომ სდევდა თან. ამიტომაც შებინდდებოდა თუ არა, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი სახლიდან. სამი გზა მქონდა: ან პარშალენისკენ უნდა გავქცეულიყავი, ან ბურგაუსკენ, ან კიდევ მონდზეესკენ, თუმცა ამ უკანასკნელს ყოველთვის თავს ვარიდებდი. ძირითადად ბურგაუსკენ გავრბოდი (ოთხი წელია უკვე ამ ავადმყოფობით Cephalagie-თი ვიტანჯები), მაგრამ დღეს ჩვეულებას გადავუხვიე და ამ საზიზღარ პარშალენისკენ ავიღე გეზი. ეს მხარე სასაკლაოებით იყო სავსე, სულ ასამდე მოსახლე თუ იქნებოდა.
ძილი მომერია, მინდოდა დამეძინა, მაგრამ არა, რა დროს ძილია, ძილზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, აუცილებლად უნდა დავწერო რამე ამ დაუძლურებულ პარშალენელებზე და ბურგაუელებზე. ერთი სიტყვით, როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, დღეს პარშალენისკენ გამოვიქეცი. აქ უნთერახში ჩემმა ავადმყოფობამ სიგიჟის ზღვარს მიაღწია. შიშები დამჩემდა, თავის მოკვლაც კი მინდოდა. საყვარელ ძმაზე აღარც ვფიქრობდი. ხან თავის ჩამოხრჩობა ვიფიქრე, ხან მდინარეში გადავარდები-მეთქი. ყინულის საფარველიც შეთხელებული იყო, საბედნიეროდ არც ცურვა ვიცოდი, უმალვე ჩავიძირებოდი. მაგრამ თვითმკვლელობაზე ფიქრი ერთია და განხორციელება მეორე. გამბედაობა არ მყოფნიდა. გაბედვა იქით იყოს და რატომღაც აკვიატებული მქონდა, რომ სიკვდილიც აუცილებლად გამიჯანჯლდებოდა და საშინლად გავწამდებოდი: ხეზეც კაი ხანს ვეკიდებოდი სულთმობრძავი, წყალშიც ან ჩავიძირებოდი, ან არა. ეს უსუსურობა და უძლურება სულ უფრო მაგიჟებდა. არა და თითქოს ხეებიც, მდინარეც მაცდურად მიხმობდნენო თავისკენ. მაგრამ მე გავრბოდი, უკანმოუხედავად, შეუჩერებლად გავრბოდი და ყურადღებასაც არ ვაქცევდი მათ. არა, ხეების სურვილს ვერ დავემორჩილები. მე მეშინია მათი. მე ყველაფრის მეშინია. წარმოიდგინეთ, აუტანელი სიცივე იყო, მე კი უპალტოოდ, უჟილეტოდ, თხელი შარვლისა და პერანგის ამარა გავრბოდი. მაგრამ არ მციოდა, სულაც არ ვიყინებოდი, პირიქით, შიგნიდან ცეცხლი მეკიდა, სიცხისგან ვიწვოდი. გიჟივით მივქროდი პარშალენისკენ. უფრო სწორად სიგიჟეს გავურბოდი. რომ არ გავქცეულიყავი, მართლაც გავგიჟდებოდი. თუმცა, ვინ იცის, ეგებ გაგიჟება ჯობდა კიდეც. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თვით გაგიჟების პროცესიც გამიჭიანურდებოდა. სიგიჟე შიშს მგვრის, მაგრამ მაინც გაგიჟება მერჩივნა. აკი ერთმა პროფესორმა მიწინასწარმეტყველა კიდეც, უახლოეს მომავალში ჭკუიდან გადახვალო. მას მერე ორმა წელმა განვლო და ჯერ კიდევ არ შევშლილვარ. მაგრამ წარმოვიდგენ თუ არა წყვდიადს, სახლში ვეღარ ვჩერდები. თვალთაც მიბნელდება, ყურებიც მეხშობა. ვერც ვეღარაფერს ვხედავ და არც აღარაფერი მესმის... ვერ ვიტან ჩემს ოთახში შემოჭრილ ამ აუტანელ სიბნელეს, უკუნს. და რომ არ გავიქცე, მართლა შევიშლები. სახლიდან გამოსვლისას, ჩემს უკან ყველა კარს ვრაზავ, გასაღებების მთელ ასხმას ნაჩქარევად ვიდებ ჯიბეში და ქუჩაში გავრბივარ. სირბილისას წვეტიანი გასაღებები ხან თეძოში მერჭობა, ხან ბარძაყში. არც ისაა გამორიცხული, ყინულზე დამისხლტეს ფეხი, და დავეცე. მთელი მუცელი სულ დაიარავებული მაქვს. ბურგაუსკენ მიმავალი გზა 100-ჯერ მაინც მაქვს გადათელილი, მაგრამ მაინც ვეცემი. ჯერ მარტო გუშინწინ ოთხჯერ წავიქეცი, მთელ კვირაში კი თოთხმეტჯერ. შინ დაბრუნებისას, სარკეში რომ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, შევნიშნე, რომ ნიკაპზეც მქონდა ჭრილობა, თანაც ღრმა. სხვა ჩემს ადგილზე ალბათ ექიმს მიმართავდა, მაგრამ მე არც მიფიქრია. საერთოდ ექიმების მეშინია. არც სისხლით დალაქავებული დედისერთა შარვლისთვის მიმიხედავს. მერე რა, რომ სისხლიანია, ეს მე ვიცი მხოლოდ. მაინც სულ სიბნელეში დავდივარ და ვინ დამინახავს. გადაღლილობისგან ისე მტკიოდა თავი, სხვა აღარაფერი მახსოვდა. სარკიდან სისხლით დადღაბნილი კომიკური სახე მიმზერდა, შარვალიც დამხეოდა - გამეცინა. ტკივილმა სულ დამიმანჭა სახე. მაგრამ არა უჭირს, მაინც უკანასკნელი კვირაა. თუმცა მთავარი ეს როდია, საქმე იმაშია, რომ სულ სხვა რამ მინდა გითხრათ: პარშალენისკენ მიმავალ გზაზე ქუდი ვიპოვე. ახლაც, როცა ამ ყველაფერს ვწერ, თავზე მახურავს. დიახ, მე ქუდი ვიპოვე, ნაცრისფერი ჭუჭყისგან გაპოხილი და გახევებული ქუდი. კაი ხანია რაც თავზე მახურავს, უკვე ჩემი სუნიც კი უდის. შინ დაბრუნებისთანავე შევეცადე ქუდი სადმე საგულდაგულოდ დამემალა, ხან ჩემს ოთახში შევვარდი, ხან წინკარში, ადგილი რომ ვერ მოვუნახე, თავზე დავიკოსე. ვიფიქრე, ასე თვალში მაინც აღარ გამომეჩხირება-მეთქი. გადაგდება არ შემეძლო; სულ რამდენიმე საათია, რაც თავზე მახურავს ეს ქუდი და ერთადერთი ფიქრიღა მაქვს: თავზე ქუდი მახურავს. ვშიშობ ჩემი მდგომარეობა ქუდით, თუ უქუდოდ, განუწყვეტელი ფიქრით მოვიხსნა თუ არა, ესეც ალბათ ჩემი ავადმყოფური გონებიდან გამომდინარეობს. ავადმყოფობიდან, რომლის ახსნაც ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო. თითქმის რვა ექიმთან ვიყავი, წარმოუდგენლად ძვირიც დამიჯდა, ზოგიერთთან მოხვედრაც კი პრობლემა იყო, მაგრამ ყველა ერთნაირი არამზადა გამოდგა.
თუმცა ამ წუთას ჩემი საფიქრალი სულ სხვა რამაა: მთელი საღამოა ეს ქუდი მახურავს და არც კი ვიცი, რატომ. თავზე მძიმე ტვირთად მაწვა, მაგრამ ვერ ვიხდიდი, თითქოს მჭედელმა დამაჭედაო. თუმცა ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანია, მთავარი ისაა, სად და როგორ ვიპოვე ქუდი და რატომ მახურავს ახლაც თავზე... ამის სათქმელად, ალბათ ერთი წინადადებაც იკმარებდა, საერთოდაც, ყველაფრის თქმა შეიძლება ერთი წინადადებით, მაგრამ არავის ეპიტნავება ეს. გუშინ ამ დროს ამ ქუდის არსებობის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი, ახლა კი მთლიანად ქუდი მფლობს... საუბარია ერთ ყოველდღიურად სახმარ, გაქუცულ, ჭუჭყისგან გაპოხილ, ასიათასობით სხვა ქუდის მსგავს ქუდზე. მაგრამ ახლა ჩემი ყოველი ფიქრი თუ ქმედება, ჩემი არსებობაც აქ, უნთერახში ამ ქუდს უკავშირდება. ქუდს, რომელიც ამ მხარეში ყოველ ყასაბსა თუ ხის მჭრელს, ყოველ გლეხს ახურავს. აქ ყველა ასეთ ქუდს ატარებს...
სათქმელთან უფრო ახლოს რომ მივიდე, მინდა მოგითხროთ, როგორ დაიწყო ეს ამბავი. უკვე გითხარით, რომ დღეს პარშალენისკენ ავიღე გეზი. დიდხანს ვორჭოფობდი, საით წავსულიყავი, არ ვიცოდი და ბოლოს ისევ პარშალენმა გადამძლია. მართალია, ბურგაუ თავისი მაცხოვრებლებიანად მახინჯი და გულმიუსვლელი იყო, ამ მხრივ პარშალენს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ჩემნაირი ავადმყოფისთვის, მაინც ბურგაუში სიარული ჯობდა. ერთი სიტყვით, პარშალენის ქუჩებში დავრბოდი, რომ უცბად რაღაცას წამოვკარი ფეხი. შემეშინდა, რადგან როცა ბნელში რაიმე რბილ საგანს ვადგამ ფეხს, ყოველთვის მკვდარი ვირთხა ან კატა მგონია. უკან გადავხტი, მერე ფეხის წვერით ფრთხილად გავწიე გვერდზე საგანი და როცა დავრწმუნდი, რომ არ იყო არც მკვდარი ვირთხა და არც კატა, დავმშვიდდი. აქეთ-იქით მიმოვიხედე, ხომ არავინ მიყურებს-მეთქი, გული დავიარხეინე და დავიხარე, ხელში ქუდი შემრჩა. ასეთი ქუდი ამ მხარეში ხომ ყველას ახურავს: ყასაბს, ხის მჭრელს თუ გლეხს. რა ვუყო ახლა ამ ქუდს? გავიფიქრე და საფუძვლიანად შევათვალიერე. თავზე მოვისინჯე, რატომღაც მომეწონა. მგონი, ურიგო არ უნდა იყოს ასეთი ქუდის ტარება. მაგრამ მე რა უფლება მაქვს ამ ქუდზე. მე ხომ არც ყასაბი ვარ, არც ხის მჭრელი და არც გლეხი. ნეტავი ვინ დაკარგა? ან რა ფერისაა? მწვანეა თუ შავი? იქნებ ნაცრისფერია? - ავფორიაქდი უცებ. ისე, მეტწილად, ასეთი ქუდები ნაცრისფერი, მწვანე ან შავია. ნეტავი რამდენი ხანია, რაც აქ გდია? კაცმა რომ თქვას, მშვიდად კი ვგრძნობ ამ ქუდში თავს?! ვინმეს რომ შემოეხედა, მეც ხის მჭრელი, ყასაბი ან გლეხი ვეგონებოდი. ადამიანები თავიანთი ჩაცმულობით აღიქმებიან, რადგან ვიზუალურად მხოლოდ ტანსაცმელი ჩანს, რომელშიც კაცია შეყუჟული. თუნდაც ახლა, მე რომ ეს ქუდი მეხურა, ხომ შეიძლებოდა ვინმეს ყასაბი, ხის მჭრელი ან გლეხი ვგონებოდი. მოდი და მერე დააჯერე, რომ არც ყასაბი ხარ, არც გლეხი, არც ხის მჭრელი, რომ მეცნიერი ბრძანდები, თუმცა რაღა მეცნიერი, უბრალოდ ერთი საცოდავი, სულით ავადმყოფი. 3 წელია, რაც მეცნიერულ მოღვაწეობას შევეშვი. 3 წელია, რაც მივატოვე ჩემი ლაბორატორია და ერთი ხელის მოსმით მოვუღე ბოლო ყოველგვარ კონტაქტებსა და მიღწევებს. ყველასა და ყველაფრისგან უკან დავიხიე და საკუთარ დაავადებულ თავს შევეწირე მსხვერპლად. მეცნიერებას შევეშვი და თავის ქალის სპეციალისტებს ჩავუვარდი ხელში. ერთი კლინიკიდან მეორეში დამარბენინებდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ექიმებთან სირბილის მეტი სხვა არც არაფერი მიკეთებია. ექიმების ხელში აღმოვჩნდი და დღესაც მათი რჩევებით მიდგას პირში სული. ექიმებთან აღარ დავდივარ, მაგრამ მათ გამოწერილ წამლებს განუწყვეტლივ ვსვამ, ჯიბითაც კი დავატარებ. მე ვერ ვიარსებებ ამ წამლების, ამ ნემსების გარეშე. ერთი სიტყვით, სიმართლე უნდა ვაღიარო, 25 წლის ასაკში უკვე არარაობად ვიქეცი. ალბათ ამიტომაც მომეწონა ეს ქუდი, სწორედ რომ ზედგამოჭრილი იყო ჩემნაირი ავადმყოფისთვის. მაგრამ ფიქრმა, რომ ქუდზეც კი არანაირი უფლება არ მქონდა, მოსვენება დამიკარგა. რა მოვუხერხო ახლა ამ ქუდს? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. დავიტოვო? - ეს ხომ იგივე ქურდობაა, სხვისი ნივთის მითვისება. არ დავიტოვო და გამოდის, უარს ვამბობ ამ ქუდის ტარებაზე. ერთი გზაღა დამრჩენია - პატრონი უნდა ვიპოვო! მთელ პარშალენს შემოვირბენ და ყოველ მაცხოვრებელს ვკითხავ, ქუდი ხომ არ დაგიკარგავთ-მეთქი. ჯერ ყასბებისგან დავიწყებ, მერე ხის მჭრელებთან და გლეხებთანაც მივალ. უკვე წარმოვიდგინე, რა გადამღლელი იქნებოდა ყველა პარშალენელის სათითაოდ გამოკითხვა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. ყველა სახლიდან შუქი გამოდიოდა, ეზოები, სასაკლაოები, ბოსლებიც კი გაეჩირაღდნებინათ. ქუდით ხელში ერთ კარს მივადექი, დიდხანს ვაკაკუნე, შინ კი იყვნენ, მაგრამ ეტყობა, ვერ გავაგონე. როგორც იქნა, ნაბიჯების ხმა გაისმა და კარიც გაიღო: "რა გნებავთ?" - "იცით, ეს ქუდი ვიპოვე, აი ეს ქუდი", - ვთქვი მე და მაშინღა აღმოვაჩინე, რომ ქუდი ნაცრისფერი იყო. ისიც შევნიშნე, რომ კარში მდგომსაც თავზე მსგავსი ქუდი ეხურა... "თუმცა თქვენ... თქვენ, როგორც ჩანს, არ დაგიკარგავთ, ბოდიშს გიხდით". ეტყობა, ვიღაც არამზადა ვეგონე, ალმაცერად გადმომხედა და პირდაპირ ცხვირწინ მომიჯახუნა კარი. ისე, ნიკაპზე ჩემი ჭრილობის გამო მართლაც საეჭვოდ გამოვიყურებოდი, მაგრამ უკან დახევა არ მინდოდა და ახლა მეორე კარს მივადექი; აქაც ვიღაც კაცმა გამიღო კარი. მასაც მსგავსი ნაცრისფერი ქუდი ეხურა. ჩემი შეკითხვა რომ გაიგო, უხეშად მკრა ხელი და ღამის წყვდიადში გამომისროლა. ეტყობა, ქურდი ვეგონე, რომელიც ამ ხრიკით სახლში შეჭრას ცდილობდა. ქალაქურმა კილომაც გააღიზიანა ალბათ (რატომღაც ეს კაცი ყასაბის კვალობაზე ცოტა გამხდარი მეჩვენა, მაგრამ ნამდვილმა ყასაბმა თავის გაფრთხილებაც იცის). მესამე, მეოთხე სახლთანაც იგივე განმეორდა. მაგრამ არ ვნებდებოდი. არ მინდოდა ჩემი ნაპოვნი ქუდი სულმდაბლურად, თუნდაც გადაგდებით მომეშორებინა. შეუპოვრად განვაგრძობდი გზას. ყასბებთან რომ მოვათავე, ახლა ხის მჭრელებსა და გლეხებს მივადექი. მაგრამ ყველას ასეთი ქუდი ეხურა. ერთი ბინძური პარშალენელის უკმეხად ნათქვამმა ბურგაუში წასვლაც კი მაიძულა. მისგან გავიგე, რომ დღეს პარშალენში 8 ბურგაუელი ყოფილა ღორების შესასყიდად (ბურგაუელები და პარშალენელები ერთი-მეორეში სარფიანად ვაჭრობდნენ). ამ ბინძური კაცის ნათქვამს ჩავეჭიდე და გადავწყვიტე, ბურგაუშიც მეძებნა ქუდის პატრონი, სხვა რა გამოსავალი მქონდა. უკანმოუხედავად მივრბოდი. ყურები მიწიოდა: ქურდო, ქუდის ქურდო!
ბურგაუში რომ ჩავედი, ფეხებს ძლივსღა დავათრევდი. ყასბების სახლები ერთიმეორის გვერდით, ახლო-ახლოს იდგა. პირველივე სახლთან გამოსულ კაცს მსგავსივე ქუდი რომ შევნიშნე, შიშმა ამიტანა, უსიტყვოდ გამოვბრუნდი უკან. მეორე კარს მივადექი, აქაც იგივე... ქუდის შესახებ კითხვა ვეღარც გავუბედე. "ხომ ვერ მეტყვით, რომელი საათია?" - ამოვილუღლუღე სასომიხდილმა. "რვა საათია, იდიოტოო", - მომაძახა უხეშად და კარი მომიჯახუნა. ბურგაუელებსაც მსგავსი ქუდი ახურავთ! ყველას, ყველას ერთნაირი ქუდი ახურავს - გავიფიქრე გაოგნებულმა და ვერც შევნიშნე, როგორ გავიქეცი უნთერახისკენ. "მაგრამ ქუდის პატრონი რა იქნა? ვიღაცამ ხომ ნამდვილად დაკარგა ეს ქუდი? ხომ უნდა დავუბრუნო უკან? - მოსვენებას არ მაძლევდა ამგვარი კითხვები. შინ მისვლამდე დურგლები და მჭედლები შემომხვდნენ, მათაც ასეთივე ქუდები ეხურათ. ვინ იცის, ეგებ ზემო ავსტრიის რომელიმე პროვინციის მცხოვრებმა დაკარგა ეს ქუდი. ნეტავ კიდევ რამდენი ათას კაცს უნდა ვკითხო: ქუდი ხომ არ დაგიკარგავთ-მეთქი? არასოდეს მიგრძვნია თავი ასე სიქაგამოცლილად, როგორც დღეს. გამოსავალი არ ჩანდა. ქუდი ჩემთან უნდა დამეტოვებინა. "ყველას ერთნაირი ქუდი ახურავს!" - ამ ფიქრმა კიდევ უფრო გამიძლიერა თავის მოკვლის სურვილი. შიშისგან ვძრწოდი, მზარავდა ცივი, გამოცარიელებული, გაყინული ოთახები. საკუთარი თავიც მზარავდა, არადა, სიკვდილისაც მეშინოდა. რა ვქნა ახლა, რა ვიღონო, რა მოვუხერხო ამ დაავადებულ თავს. ეგებ წერამ მიშველოს? ხო, უნდა დავწერო! ამიტომაც მივუჯექი მაგიდას და კალამი მოვიმარჯვე. მაგრამ წერის დროსაც განუწყვეტლივ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: "როგორც კი დავასრულებ წერას, უეჭველად რაიმე თბილ კერძს მოვიმზადებ და შევჭამ. თანაც, წერისას ისე გავიყინე, ქუდშიც უკეთ შევიყუჟები. ყველას ასეთი ქუდი ახურავს. ყველას, ყველას ერთნაირი ქუდი ახურავს..."
ვეღარც წერას ველეოდი. ვწერდი, ვწერდი...
© “არილი”
No comments:
Post a Comment