Sunday, April 6, 2008

გელა ჩქვანავა


კოლორიტების შემგროვებელი


ეკა ქევანიშვილი



საბავშვო ბაღის ასაკის - ბაღიდან იპარებოდა, ყვითელ ავტობუსებს ახტებოდა და სოხუმის ქუჩებში აღმა-დაღმა დაქროდა, სკოლაში სულ ბოლო მერხზე იჯდა და ალგებრის წიგნის ყდა ფოლკნერის "სოფელზე" ჰქონდა შემოკრული, მასწავლებელს რომ არ დაენახა. სკოლის დამთავრების მერე კი კაფე "ლედნიკის" ხშირი სტუმარი, მეგობრებთან ერთად შამპანურის ბოთლით ხელში მაგიდაზე შემხტარიც ბევრს ეყოლება შემჩნეული. იქაურებს ეხსომებათ, თორემ, ჩვენ რა ვიცით.

ჯერ პენ-მარათონიდან გაიჟღერა მისმა სახელმა, მერე "არილიდან", ბოლოს ვიღაცამ მითხრა, აფხაზეთიდან არისო. ან თქმა რად უნდოდა, მაშინვე ცხადი იყო – ვიღაც აქამდე უცნობმა ბიჭმა თავისი კოლორიტული მოთხრობებით მთელი სოხუმი თავზე დააპირქვავა მკითხველს. კარგი მეამბე გამოდგა, თანაც, მოთხრობები რამაზოზე და მე-14 ა კორპუსზე, ძიძარიას ქუჩაზე და კაფე "ლედნიკზე" ზუსტად იმ დროს დაიბეჭდა, ომის დამთავრებიდან მეცხრე წელს, როცა აფხაზეთი უკვე ყველას ენატრებოდა.

"იცი, რა ქუჩა იყო ეს ძიძარიას ქუჩა? უცნაური, ცოცხალი, თავგადასავლების, ამბების ქუჩა იყო - მოქეიფე ხალხით სავსე. თითქმის არაფერს ვიგონებ, რასაც ვწერ. მხოლოდ ვიხსენებ".

13 სექტემბერს 40-ის ხდება. ომი რომ დაიწყო, 25-26 წლის ბიჭი იყო. იმ ბიჭის თვალებით ეს ორმოცი წლის კაცი მართლა რაღაცნაირად დიდი ჩანს...

“- ორმოცი წლის იუბილის გადახდა არ შეიძლებაო და..

- არ მითხრა, რომ ცრურწმენების გჯერა.

- ცრურწმენების არა, მაგრამ სიზმრების კი.

- სანთლებიანი ტორტი გქონია ოდესმე?

- არა, ეგეთები არ მიყვარს. არაყი მიყვარდა, მაგრამ ერთხელაც გულმა "დამარტყა" და ავიკრძალე. ეგეც და ყავაც. ვინ იფიქრებდა.”

ან იმას ვინ იფიქრებდა, რომ ბაგების სტუდქალაქში, ერთ ოთახში წლები იცხოვრებდა. წყალს მეორედან მეცხრე სართულამდე ყოველდღე ხელით აზიდავდა, უშუქობის გამო, ცოლ-შვილს სოფელში, ახალციხეში გაუშვებდა და მერე თვითონაც თბილისსა და სულ სხვა კუთხეს, სამცხეს შორის ივლიდა. ისე კი, აქაც დამკვირვებლად დარჩა: "ახალციხეში რომ მივდივარ ხოლმე, სულ უკან ვჯდები სამარშრუტო ტაქსიში, მიყვარს ადამიანების თვალიერება, მათ ურთიერთობებზე დაკვირვება. მარტო მგზავრებს კი არა, პოლიტიკასაც, პოლიტიკოსებსაც ვაკვირდები.. და სულ ცარიელ თვალებს ვაწყდები ყველგან. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, რაც უნდა ცუდი გააკეთონ, სინანულის გრძნობა არ ექნებათ, იქნებ ძალიან ახალგაზრდები არიან და ესაა მიზეზი?".

დღეს უკვე მეტს ფიქრობს. თუმცა, იმ ბიჭს, ჭუჭრუტანიდან რომ უთვალთვალებდა მთელ სოხუმს და ამ კაცს შორის, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს, დიდი არაფერი განსხვავებაა. მაშინ ხედავდა და თავად იყო მონაწილე, ახლა უბრალოდ ყველაფერს იხსენებს და წერს, იქნებ იმიტომაც, რომ არასოდეს დაავიწყდეს.

"პირველი მოთხრობა საფოსტო ყუთზე დავწერე. ადრე ყველას ერთნაირი, საბჭოური ყუთები გვედგა და ერთ დღესაც მამაჩემმა მოიტანა, ლამაზი, განსხვავებული. მეც ავდექი და დავწერე. მაგის მერე სულ ვწერდი, ოღონდ, უფრო პიესებს.

- სკოლის ბოლო მერხიდან რა ჩანდა ხოლმე?

- ჩემი კლასელები, მათი ხმები მახსოვს, ყველა მოძრაობა, ქცევა. რომელმა როდის რა თქვა. ამასწინათ ერ-ერთი დამეღუპა და იმ ბიჭზე ყველაფერი გამახსენდა. ჩემს კლასზეც მინდა დავწერო. როგორები ვიყავით და როგორები გავხდით. დღეს მათი 70% რუსეთშია გადახვეწილი. მე კი ვიჯექი ბოლო მერზე, ჩემს საყვარელ წიგნებს ვკითხულობდი და ხან ალგებრის, ხან ფიზიკის ცარიელი ყდებით ვფარავდი".

მერე, წლების მერე, უკვე თავმომწონე ბიჭობაში საყვარელი წიგნების და "ინოსტრანნაია ლიტერატურას" ახალი-ნომრების დამალვა აღარ მოუწევს. საქვეყნოდ კითხვა კაფე "ლედნიკში" ისეთი მიღებული ამბავი იყო, როგორც ლუდის წრუპვა ან ყავაზე მკითხაობა.

გელას სოხუმი, ისევე როგორც ყველა სოხუმელის – ქვიშაზე მოდუღებული ყავის სურნელიანი, კაფეების ქალაქი იყო. დღესაც ასე იხსენებს, თუ თბილისელები უბნელობის მიხედვით ზომა-წონიან ერთმანეთს, სოხუმში, ამის გარკვევა ერთი კითხვით ხდებოდა, "რომელ კაფეში აბირჟავებო". გელა "ლედნიკის" მუშტარი იყო. ეს ზამთარ-ზაფხულ ღია კაფე, სულ სავსე ხალხით, სამედიცინო სასწავლებელს ესაზღვრებოდა. გოგოები ყავის დასალევად მიდიოდნენ და ბიჭებსაც მეტი რა უნდოდათ: "დალევდნენ ყავას, მერე ჭიქებს იპარავდნენ და სამკითხაოდ…მიჰქონდათ. ოღონდ უკან ყოველთვის აბრუნებდნენ. ამაზე სულ ვხალისობდით ხოლმე".

მაგრამ ეს ყველაფერი ომამდე იყო.

თვითონ სოხუმიდან, ქალაქის დაცემის შემდეგ ერთი თვის მერე გამოაღწია. ტყვედ იყო აფხაზებთან. ამბობს, რომ გაუმართლა და გადარჩა. თუმცა ახსოვს ის აუტანელი აურა, დაყრუებული ქალაქის. სხვანაირი სოხუმის. ყველაზე ცუდი ამბები ჯერ არ დაუწერია. არც იცის დაწერს თუ არა ოდესმე.

პირად კომპიუტერში, რომელიც ბოლო ლიტერატურული პრემიით იყიდა, თავისი სახლის სურათებს ეძებს. აჰა, იპოვა. სახლი. მხოლოდ კედლები. მაგრამ იმ მეზობელს მაინც მადლობა, რადგან სურათი გადაუღო და გამოუგზავნა.

"აქეთ კორპუსი იდგა, აქ სამკერვალო ფაბრიკა იყო... ახლა ვიცი, ჩემს სახლს, რაც დარჩა, იმასაც აგურებად შლიან და მიაქვთ. სხვა სახლს ააშენებენ ჩემი სახლისგან ალბათ..

- ემოციები შეგისუსტდა ამ წლების მანძილზე? – მიკვირს და ვეკითხები.

- ექვსი წლის წინ რომ ეთქვათ, რომ შენს სახლს შლიანო, არ ვიცი რას ვიზამდი.. მაგრამ ახლა.. დგას მიტოვებული სახლი, რას უზამენ აბა? ვიზე გავბრაზდე? ისე კი, სახლის შეგრძნება არ მაქვს აქ, მენატრება. და იმ ჩემი სახლის შენების პროცესი მახსოვს კიდევ, დაბრუნებაც იცი როგორი მინდა? ჭიშკარს რომ შეაღებ და შენ ხარ ბატონ-პატრონი.”

აქ კია, ცხოვრობს, მაგრამ რა განსხვავებაა? ეს კითხვა გელასთან შეხვედრისას აუცილებლად გაგიჩნდებათ. თუ არ გჯერათ, თავად შეხვდით და ნახავთ. თვითონაც მაგას არ ამბობს? ისევ სოხუმში ვცხოვრობო. ძველი მეზობლები თუ შეხვდებიან ქუჩაში, აქ თბილისში, ესეც იშვიათზე იშვიათად, ერთმანეთს არც ესალმებიან წესიერად, ისე იწყებენ (თუ აგრძელებენ) საუბარს, თითქოს გუშინ ერთად აგორებდნენ კამათელს ძიძარიას ქუჩაზე.

"თბილისში ხშირად არ ჩამოვდიოდით, მამას რუსეთში დავყავდი. ერთხელ როსტოვში წავედით, ცივი, ღრუბლიანი ქალაქი დამხვდა. ხორცის უზარმაზარ მაცივარს მაგონებდა. თბილისში რომ ჩამოვედი პირველად, ომის მერე, მაშინაც ასეთი შეგრძნება მქონდა. არ მიყვარს დიდი ქალაქები... მაგრამ თბილისი მაინც შემიყვარდა."

იქნებ იმიტომაც, რომ ბოლოს მაინც გამოძებნა მსგავსება თბილისსა და სოხუმს შორის. თბილისელის "თავისი" ტიპაჟი ჩამოიყალიბა და ახლაც რომ ჰკითხო გელას, გეტყვის, რომ ქუჩაზე გადარბენისას, ის მძღოლი, რომელიც მანქანას ანელებს და ხელით გითმობს გზას, ნაღდი თბილისელი უნდა იყოს. სოხუმელობაც დახვეწილობას, კულტურულობას, ზრდილობიანობას ნიშნავდაო, ამბობს.

"იცი, როგორი დამოკიდებულებები იყო? მახსოვს, მამაჩემმა ჩვენი სომეხი მეზობლის ქორწილში ღომი გააკეთა. რად უნდოდათ ღომი სომხურ ქორწილში, მაგრამ მაინც. ურთიერთობა იყო სხვანაირი, ლაღი, გულიანი".

ხო, მართლა, ის ამბავიც უნდა გავუხსენო, ქორწილებზე გელა თურმე სულ ფულის ამკრეფის როლზე იყო დამტკიცებული. გაგანია ცეკვა-თამაშის დროს ის ოთახში იჯდა ხოლმე. დღესაც ვერ მიმხვდარა, ასე რატომ "გაანაწილეს": "ეგ კი არა, მესაფლავეებადაც ჩვენ მივდიოდით. მაგაში ფულს ვინ გადაუხდიდა ადამიანს. ომის დროს ოცი საფლავი მაინც მექნება გათხრილი".

სად, რომელ მოთხრობაში რომელი ამბავი და კადრი გაცოცხლდა, ეს გელას მკითხველმა გამოიცნოს. ჯერჯერობით ყველა ამბავი არც დაუწერია. სიუჟეტი რომ მოაფიქრდება, უცებ, ტელეფონში ჩაინიშნავს ხოლმე – მთავარია, არ დაავიწყდეს. დავიწყებით ტელეფონის ნომრები, დაბადების დღეები და სხვა მსგავსი თარიღები ავიწყდება, თორემ, ბამბუკების და აკაციების ტევრს სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე, აი, გორას რომ ეძახდნენ, რა დაავიწყებს.

“- რაზე დარდობ ხოლმე?

- ძალიან რომ გაჭიანურდეს ეს დაბრუნების პროცესი, სახლი აღსადგენია და სანამ ახალგაზრდა ვარ, მინდოდა მომესწრო.

- მიზნები?

- სანამ ბავშვები სკოლაში წავლენ, სოხუმში დავბრუნდები მეთქი. ეს ადრე, ახლა აღარ ვიცი.

- და ღმერთი?

- სამართლიანია ღმერთი... მაგრამ მას ჩემისთანა უბრალო კაცი რას გაუგებს? ნიჭი უნდა მის შემეცნებას. შემეცნება კი ლოგიკის დაჭერაა. გააჩნია, ვინ როდის იჭერს ამ ლოგიკას. მე, ამ გზაზე, ალბათ, სადღაც შუაში ვარ.

- რამეს ნანობ?

- ხანდახან კი ვნანობ ხოლმე რუსეთში რომ არ წავედი. ჩემი პირველადი პროფესია ფილოლოგიაა, მაგრამ მშენებელიც ვარ. ყველაფერის კეთება ვიცი.. შეიძლება კიდეც წავიდე.

- უფრო მეტს წერ თუ უფრო მეტს კითხულობ?

- წერით სულ ვწერ, ნარკოტიკივითაა. ვერ შეეშვები. კითხვა კი... ადრე უფრო ბევრს ვკითხულობდი. თან არათანმიმდევრულად, არეულად. "პეპი გრძელიწინდა" ისე პატარამ წავიკითხე, რომ სიუჟეტი საერთოდ არ მახსოვს.

ამ დილით ვნატრობდი - ერთი სოხუმური სიგარეტი "კოსმოსი" მომცა და კიდევ, ნეტავ, ფოლკნერი არ მქონდეს წაკითხული მეთქი. მისი "სოფელი" რომ წავიკითხე პირველად, შოკში ჩავვარდი: ვკითხულობდი ფოლკნერს და ნამდვილ მეგრულ სოფელში ამოვყავი თავი. ჩეხოვი მიყვარს კიდევ ძალიან.

თანამედროვეებს ნაკლებად ვკითხულობ. განსაკუთრებით ე.წ. ინტელექტუალური პროზა არ მომწონს. კუნდერა მაჩუქეს ამასწინათ, ვერა რა! ძალიან ბევრი ფილოსოფიაა შიგ. ბევრს ლაპარაკობენ.

პენ-მარათონის გამარჯვებული და ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატი გელა ჩქვანავა ამბობს, რომ წარმატება მასაც სიამოვნებს, ერთი, ორი და ხანაც სამი დღე. მერე ნაბახუსევზე გამოდიხარ და მთავრდება... არ მთავრდება მხოლოდ ის, რაც გელას ყველაზე მეტად აკლია:

"კაფე. აი, ისეთი კაფე, ათასი პრობლემით და უფულობით და უშუქობით გაწვალებული რომ გახვალ სახლიდან და თავს შეაფარებ. "ლედნიკი" მაკლია"...

მეც ისე დავამთავრებ გელაზე დღეს, როგორც თვითონ დაამთავრა ერთ-ერთი თავისი ყველაზე კოლორიტული მოთხრობა მე-14-ე ა კორპუსი: "ასე იყო ეს ამბავი, "დინასტიასავით" დალაგებული და სწორხაზოვანი ვერ არის მთლად, არც "ფორსაიტების საგაა", მაგრამ ჩვენში რომ დარჩეს, ხომ იკითხება გვარიანად? ჰოდა, გადაწყვეტილი მაქვს სერიალი გადავიღო, სინოფსისი მზად მაქვს როგორც ხედავთ. მხოლოდ სოხუმში დაბრუნებაღა დარჩა."


©
”ცხელი შოკოლადი”

No comments: