Saturday, April 12, 2008

აკა მორჩილაძე, “ქაღალდის ტყვია”

გიორგი კაკაბაძე


ძნელად საშოვნელი

აკა მორჩილაძე, “ქაღალდის ტყვია” (მცირე რომანი, მოთხრობები). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.

თანამედროვე სამყაროში ყველაფერი დაჩქარებულია. მკითხველს იმდენი დრო აღარ აქვს, რომ ვრცელი ფილოსოფიური რომანები იკითხოს, ამიტომ წიგნებს ძირითადად მგზავრობის დროს, ან ძილის წინ თუ გადაფურცლავს. მწერლებიც, უკვე კარგა ხანია, რაც პრობლემებზე ხანგრძლივ მსჯელობას გაურბიან. წერენ იმას, რასაც ხედავენ; წერენ იმაზე, ვისაც იცნობენ და წერენ ისევე, როგორც ლაპარაკობენ. ასეთი რომანები ორ-სამ თვეში ერთხელ იწერება და სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ ლიტერატურულ ჰამბურგერებს ჰგავს, სადაც ყველა ინგრედიენტი ნაცნობი და ახლობელია და მთელი საიდუმლო მხოლოდ მათ ოსტატურად შეზავებაშია. სწორედ ამის გამო ზოგიერთი ავტორი თავის ტექსტებში ხშირად ლიტერატურულ პერსონაჟად გარკვეული საქციელისა თუ მდგომარეობის აღმნიშვნელ “მოდელებს”, თუ გნებავთ “ტიკინებს” იყენებს, რომელთა ხასიათებიც იმთავითვე განსაზღვრულია და რომელთაც ნაწარმოებში შესაფერის დროსა და ადგილზე მოიშველიებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი კატეგორიის მკითხველთან აპირებს ესა თუ ის მწერალი ურთიერთობის დამყარებას.

აკა მორჩილაძეს აქამდე კარგი რომანებით რომ არ გავენებივრებინეთ, ალბათ “ქაღალდის ტყვიაც” შეუმჩნეველი დაგვრჩებოდა, რადგან ისიც ზემოთ აღნიშნულ ნაწარმოებთა რიგს განეკუთვნება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მწერალს ჩვეული ოსტატობა დაუკარგავს. მისი აბსტრაქტული თხრობის მანერა იმ ყოველდღიურ ცხოვრებას გვიხატავს, სადაც სიკვდილთან დახუჭობანას თამაში თავად სიცოცხლისაგან გაქცევას ენაცვლება. სადაც ბავშვობაზე ფიქრი ბატონობს და სადაც ცხოვრება იმ ძაფების ფრთხილი გადარჩევაა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთზე არიან გადაბმულნი. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ნუთუ კარგი რომანისთვის ეს საკმარისია?

რაზეა ეს რომანი?

ლოთ და მექალთანე პოეტზე, რომლის ლექსებსაც სამშობლოში არ იცნობენ, სამაგიეროდ უცხოეთში აფასებენ. ბავშვობიდანვე ერთად შეზრდილ “კეთილშობილ” ყაჩაღებზე, ასე ვთქვათ, ერთგვარი “ერთხელ საქართველოში” (ეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ახალი არქითემაა). ლამაზ და სულელ ქალბატონებზე, რომელთა გამოც მამაკაცებს კონფლიქტი მოსდით. სასულიერო პირ - მამა ონოსიფორეზე, რომელსაც ამ ნაწარმოებში რეალურად არანაირი ფუნქციაც არ აკისრია. სამაგიეროდ, ყველანაირ გამოუვალ მდგომარეობას აწონასწორებს სადღაც სტამბულში მყოფი, რომანის “deus ex machina”- ყოვლისშემძლე ემიგრანტი ახმედ კაია, რომლის სახელიც პირდაპირ კავშირშია პერსონაჟებისადმი ავტორის დამოკიდებულებასთან.

დიახ, ისინი ყველანი ავტორის ნებით “კაი ბიჭები” არიან და კაიბიჭური ცნობიერებით, დაუნდობლობით, თუ სამყაროსადმი ერთნაირი ემოციური დამოკიდებულებით ცხოვრობენ. თანაც ისე, რომ შანელის პომადის გამო კაცის მოკვლაზე უკან არ დაიხევენ. მსოფლიო ლიტერატურა კონფლიქტის გამოწვევის გაცილებით უფრო აბსურდულ და ტრაგიკულ მიზეზსაც იცნობს, მაგალითად: რომელი მხრიდან უნდა გატყდეს კვერცხი - მსხვილი თუ წვრილი ბოლოდან. მაგრამ ამას თავი დავანებოთ თუგინდ იმიტომ, რომ იმ რომანში ეს ისტორია ჩვეულებრივი პარაბოლაა, რომლის საშუალებითაც ავტორმა კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის გამოწვეული კონფლიქტი გააშარჟა. “ქაღალდის ტყვიაში” ატეხილი პერიპეტიები კი შეკრულ წრეში ტრიალებს, იგი მხოლოდ “კაი ბიჭების” სივრცეში წარმოქმნილი და იქვე დასრულებული პრობლემაა და მისი განზოგადება ხელოვნურ და ნაძალადევ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ მკითხველი არჩევანის წინაშე დგას: ან თამაშის წესებს უნდა დამორჩილდეს და ავტორის მიერ შემოთავაზებული სამყარო მიიღოს, ან წიგნი გვერდზე გადადოს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც წაკითხული თვალით ნანახს ბევრად სჯობს.

მართალია, მინი-რომანის ყოველი ეპიზოდი შულოდან ძაფის ამოხვევასა და ერთმანეთისაგან განცალკევებას ჰგავს და ამგვარი ხერხით მკითხველსაც თავშესაქცევ გამოცანას სთავაზობს, მაგრამ მეჩვენება, რომ ძაფის თითოეული გადაბლანდვით ავტორს ყველაზე მთავარი რამ დავიწყებია: სათქმელი, რომელიც ამ ბოლო დროს ლიტერატურულ ბაზარზე ძალიან ძნელი საშოვნელი გახდა.

© ”ცხელი შოკოლადი”

No comments: