Sunday, October 5, 2008

სიმონ ჯანაშია

კოტე ჯანდიერი, ნინო გოგუაძე – იდიოტიზმის ანატომია

ზოგადი განათლების სისტემის ექს-‘რეფორმატორებს’

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსისა და პათოსის წერილების საპასუხო წერილების წერისთვის იშვიათად ვიცლი ხოლმე, მნიშვნელოვნად ჩავთვალე მეპასუხა, რათა მკითხველს ჰქონდეს საშუალება, კრიტიკულად შეხედოს საქმის ვითარებას და ავტორთა ამბიციას, განათლებისა და კულტურის ფლაგმანებად წარმოგვიდგინონ თავი. მადლობას ვუხდი გაზეთ "24 საათის" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ გაზეთ "რეზონანსში" ერთხელ უკვე დაბეჭდილ პასუხის წაკითხვის შესაძლებლობას უფრო ფართო აუდიტორიას თავისი გაზეთის საშუალებით აძლევს.

22 ივლისი, 2008

სიმონ ჯანაშია, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი



ეპიზოდი


სანამ აქ მუშაობას დავიწყებდი, განათლების სამინისტროში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. პირველად ეს 1989 წელს იყო, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, ხოლო ბოლოს სტუმრის სტატუსით 2003-ში. ყველა ჩემი ვიზიტი წარუშლელი შთაბეჭდილებით მთავრდებოდა და ამიტომ ზედმიწევნით მახსოვს მრავალი დეტალი, მაგრამ ამ სტატიის მიზნებისთვის მხოლოდ ორი შემთხვევაა საინტერესო. პროფესიული თვალსაზრისით, განათლების სამინისტროსთან შეხება პირველად 2000 წელს მომიწია. ბატონი გივი ზალდასტანის თაოსნობით, ახალი სკოლის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობდა. დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა საქართველოში - ამერიკული აკადემია თბილისში. ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ვემზადებოდი იმისთვის, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში განათლების სპეციალობით მაგისტრატურის კურსი დამემთავრებინა. სწავლის პერიოდში საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და დასავლეთში მიღებული სწავლების მეთოდების სინთეზის საფუძველზე ახალი სკოლისთვის სასწავლო გეგმა უნდა შემემუშავებინა. დაგეგმილი მქონდა, რომ საქართველოდან წამეღო სასწავლო გეგმა, რომელსაც ჩვენს სკოლებში იყენებდნენ და ამ მოთხოვნაზე დაყრდნობით შემემუშავებინა საგაკვეთილო გეგმები, მომეგროვებინა თვალსაჩინოებები, დამეწერა ტესტები, მომეფიქრებინა საექსკურსიო თემები და სხვ.
სასწავლო გეგმის საშოვნელად მივედი განათლების სამინისტროში. მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ერთ დიდ, ბნელ და გაურემონტებელ ოთახში წრეზე განლაგებულ მაგიდებთან მსხდომი ათამდე ქურთუკმოსხმული ადამიანის რეაქციამ ჩემს მორიდებულ კითხვაზე - "ხომ არ გაქვთ სასწავლო გეგმა, რომლითაც სკოლებში ისწავლება?". ათივე ძალიან დაიბნა, ერთმანეთს გადახედა და შეეცადა იგნორირება გაეკეთებინა ჩემი კითხვისთვის. ზოგიერთმა უცებ ძველი ჟურნალი გადაშალა, ზოგი ფანჯარასთან მივიდა. ერთერთმა, რომელსაც თავისი უხერხულობა თანამდებობამ დააძლევინა მოკლედ, მაგრამ მეგობრულად მომიჭრა: "იცით ჩვენ ერთი ეგზემპლარი გვქონდა, სკოლებში გავაგზავნეთ და რომ დაგვიბრუნდება აუცილებლად მოგცემთ. გამოგვიარეთ მოგვიანებით". სხვებმაც მეგობრულად თავი დამიქნიეს. თანამდებობა რომ ჰქონდა, მას მხოლოდ მდიდრულ ტყავის ქურთუკზე ეტყობოდა, თორემ ოთახში იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხელმძღვანელის სტატუსის სიმბოლოები: გამორთული კომპიუტერი და ტყავის სკამიც კი არ იდგა. იმ წუთას ვერ გავაცნობიერე, მაგრამ მოგვიანებით, უკვე პედაგოგიკის ინსტიტუტში შევიტყვე, რომ დამტკიცებული სასწავლო გეგმა, რომლითაც იქნებოდა განსაზღვრული საქართველოში რა, როდის, როგორ და რატომ ისწავლება, უბრალოდ არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ საგნების ჩამონათვალი, საათების მითითებით.
ნახევარი წლის შემდეგ, უკვე სწავლისას, გავიგე, რომ საქართველოში განათლების რეფორმა იწყებოდა. საუბარი იყო, როგორც სისტემის მართვის ძირეულ გაჯანსაღებაზე, ისე განათლების შინაარსისა და სწავლების მეთოდების გათანამედროვეობაზე. მესმოდა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მსოფლიო ბანკისგან სამოც მილიონიან კრედიტს იღებდა, ახალი სწავლების პრინციპების დასანერგად მოწვეული ჰყავდა საქართველოში არსებული ინტელექტუალური ელიტა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსულტანტები ეხმარებოდნენ ქართველებს მართვის ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში და სხვა. მიხაროდა და იმედი მქონდა, რომ მსგავს პასუხს, რაც მანამდე მივიღე არავინ აღარასოდეს მიიღებდა. გამიხარდა ისიც, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ (2002-2003 წ.), მიმიწვიეს ექსპერტად მსოფლიოს ისტორიის სახელმძღვანელოების შესაფასებლად. პროფესიონალურად იყო შედგენილი კითხვარები, რომლითაც ხდებოდა შეფასება. ჩაგვიტარეს სემინარი სახელმძღვანელოების დიზაინისა და შინაარსის ორგანიზების შესახებ. ექსპერტების ჯგუფის თითოეული წევრი ინდივიდუალურად ვაფასებდით სახელმძღვანელოებს. შემდეგ ქულები შეიკრიბა და აღმოჩნდა, რომ ცხრა წიგნიდან რვამ არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო. ამ პროცესისას ისევ მომიწია განათლების სამინისტროში მისვლა. აქ უკვე არსებობდა რეფორმის ჯგუფი, რომელიც დამხვდა გარემონტებული, დასავლური ტიპის "ოფისში". თანამედროვე მეტყველებისა და გამომეტყველების ადამიანები, კომპიუტერები, ახალი ავეჯი - ყველაფერი იმედის მომცემად გამოიყურებოდა. ერთ ოთახში თითქოს უკვე აღარ იჯდა ათი ადამიანი.
2004 წელს, უკვე მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველოში ხელისუფლებაც და ქვეყნის განვითარების კურსი შეიცვალა, განათლების რეფორმის პროექტის სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების ჯგუფში დავიწყე მუშაობა. მუშაობის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ ჩემი შთაბეჭდილებები იმის შესახებ, რომ საქართველოში 2000-2004 წლებში განათლების რეფორმა მიმდინარეობდა, მხოლოდ ილუზია იყო. აღმოჩნდა, რომ ერთ ოთახში ათი ადამიანი კი არა, უკვე 40 მუშაობდა. უბრალოდ, მათ არ მოეთხოვებოდათ სამსახურში სიარული. ასევე აღმოჩნდა, რომ რეფორმის ჯგუფს კი ჰქონდა რამდენიმე კომპიუტერი, მაგრამ, მაგალითად, განათლების სამინისტროს 400 თანამშრომელს მხოლოდ 20 თანამედროვე კომპიუტერი ჰქონდა. სამინისტროს ახლადგარემონტებულ ოთახებში, ელექტროღუმელებზე 50-ლარიანი ხელფასის მქონე სპეციალისტები ლობიოს ხარშავდნენ (ეს არ არის ხუმრობა - ჩემი თვალით ნანახი რეალობაა). აღმოჩნდა ისიც, რომ 2000 წელს დაწყებული რეფორმის ოთხი წლის თავზე ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოში სასწავლო გეგმა (აღარაფერი რომ არ ვთქვათ კანონპროექტებზე, რომლებსაც უნდა შეექმნა საფუძველი ახალი სისტემისთვის). არ არსებობდა არცერთი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ იქნებოდა განხილული, რომლის შექმნის მონაწილეები მასწავლებლები იყვნენ და სხვა. ასევე გამაოგნებელი იყო ის, რომ სახელმძღვანელოების შემმუშავებელი ჯგუფის წინა ხელმძღვანელის კაბინეტში (სადაც ახლა მე ვმუშაობ) არ იყო არცერთი წიგნი, რომელიც განათლების პრინციპებს ეხებოდა. სამაგიეროდ, იყო უამრავი კინოს სცენარი და სახელმძღვანელოების ნიმუშების მცირე ნაწილი. რთული იყო იმის დაჯერება, რომ ამ სახელმძღვანელოებს შორის იყო ის სახელმძღვანელოებიც, რომლებიც ჩემი და სხვა ექსპერტების შეფასების საფუძველზე თითქოს დაწუნებული იყო. დაუჯერებელი იყო, როდესაც ამ სახელმძღვანელოებში ამოვიკითხე "დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ". შემდგომში სხვა მრავალი დაუჯერებელი ამბავი გავიგე - მაგრამ ამას ქვემოთ მოგითხრობთ.
სწორედ ამ სასწავლო გეგმების ჯგუფს ხელმძღვანელობდა სტატიის ავტორი ქალბატონი ნინო გოგუაძე, ხოლო მისი თანაავტორი ბატონი კოტე ჯანდიერი სახელმძღვანელოების ჯგუფს კურირებდა. ეს ადამიანები საკუთარი მოღვაწეობისას მეტნაკლები წარმატებით ქმნიდნენ ილუზიას, რომ საქართველოში განათლების რეფორმა მიმდინარეობს, ინტელექტუალურ მხარდაჭერას უწევდნენ სამინისტროს კორუფციული სქმების შექმნასა და განხორციელებაში. ცოტასთვის იქნება უცნაური იმის აღმოჩენა, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან იმით, რაც დღეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს.
გადავხედოთ მათ სტატიას "იდიოტიზმის ანატომია" (ნ. გოგუაძე, კ. ჯანდიერი, გაზეთი "რეზონანსი", 12.07.08, გვ. 10-11). თუ ამ სტატიას გამოვაკლებთ ლანძღვის ნაწილს, დავაკვირდებით არგუმენტებს და განვიხილავთ კონტექსტს, ნათელი გახდება, რომ ავტორების მთავარი მიზანია, დაარწმუნონ მკითხველი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრები დაკომპლექტებულია არაკომპეტენტური ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ სათანადო განათლება, გამოცდილება, რომლებმაც არ იციან თავიანთი საქმე და, რაც მთავარია, რომლებსაც არ შეუძლიათ აზროვნება. მიზნის კეთილშობილება ალბათ ცალკე განსჯის საგანი უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მეთოდების მთელი არსენალია გამოყენებული. გარდა სიმართლის თქმისა, შეგვიძლია განვიხილოთ ისეთი პრინციპები, როგორიცაა შეგნებული დამახინჯება, ჰიპერბოლიზაცია, არარსებული წყაროების განხილვა, წყაროებში იმის განხილვა, რაც იქ არ გვხვდება, ტყუილი ან მარტივი ლოგიკური კონსტრუქციების ვერდაძლევა და სხვა. სტატიის ავტორები ცდილობენ, რომ შემოფარგლონ საკუთარი მსჯელობის არეალი რეფორმატორთა აზროვნების სიმდაბლით, რომელიც ენების მათი ახალი კლასიფიკაცით ე.წ. "პროექტების ენაშია" გამოხატული, მაგრამ უჭირთ. ზედმეტი სიბრაზისა თუ არგუმენტების ნაკლებობისგან ისინი ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გადადიან ხან დაფინანსების სისტემის განხილვაზე, ხან გამოცდების სისტემის, ხან საუნივერსიტეტო რეფორმაზე, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების რეფორმის შეფასებაზე და ა.შ. სტატიის შეფასება, მისი სტრუქტურის თვალსაზრისით, ქართული ენისა და ლიტერატურის მოსწავლეებისთვის მიგვინდია, რომლებიც უკვე დაწყებითი სკოლიდან სწავლობენ, თუ როგორ ჩამოაყალიბონ აზრი თანმიმდევრულად. განვიხილავ მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კრიტიკის გამალებული მცდელობაა.


მთავარი დებულებები
ავტორები გვამცნობენ, რომ ენა აზროვნების საფუძველია. აზროვნება დედაენის სრულყოფილ ცოდნაზეა დამოკიდებული. ბუნდოვნად გამოთქმული აზრი აზრი არ არის. რეფორმატორებმა არ იციან ქართული. რეფორმატორები ებრძვიან ქართულს. რეფორმატორებს არ შეუძლიათ აზრის სწორად გადმოცემა და იგონებენ ახალ ენას - "პროექტების ენას", რომლითაც მალავენ საკუთარ გაუნათლებლობას. ეს, ავტორების მტკიცებით, ბანალურ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული დასკვნებია.
სტატიიდან ჩანს, რომ ავტორებს არა მხოლოდ ენის, არამედ ენის საშუალებით შემეცნების ფილოსოფიურ თუ პრაქტიკულ საკითხებში გარკვევა უჭირთ. ეს თვალსაჩინოა, როდესაც ავტორები მსჯელობენ, რომ მთავარია აზრი ენობრივად და ლოგიკურად გამართულად და სალიტერატურო ქართულით იყოს გადმოცემული და ის უკვე ჭეშმარიტია. ავტორები საჭიროდ არ მიიჩნევენ იფიქრონ იმისთვის, რომ აზრი გადმოსცენ. ფიქრისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენისა და ლოგიკური კონსტრუქციების ცოდნა, არამედ საკითხისაც, რაც, რა თქმა უნდა, ენის ცოდნაზე უფრო რთულია. სოფიზმის ასეთი მარტივი გაგება კარგად ჩანს ავტორების მიერ მოყვანილი არგუმენტების გადამოწმებისას. მაგალითად, ავტორებმა არ იციან, ან ვერ იყენებენ ცოდნას იმის შესახებ, რომ, როდესაც რომელიმე ნაშრომის ციტირებას ახდენ, აუცილებელია მისი ატრიბუტები დაასახელო (ავტორი, გამოცემის წელი და ა.შ.). ეს პროცედურული ცოდნაა, რაც მათ, ეტყობა, მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ და ამის გამო სტატიაში ვკითხულობთ ციტირების ახალ ფორმებს, როგორებიცაა "ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სასწავლო გეგმა", "მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელო" და ა.შ. ციტირების ასეთი ფორმა, გარდა იმისა, რომ მსჯელობისას აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს, გვაჩვენებს, რომ ავტორებისთვის უცნობია ის სფერო, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. როდესაც ციტირებისას ამბობ, რომ მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელოს ასმეერთე გვერდზე, ან ბიოლოგიის მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს მეათე გვერზე რაღაც წერია, ის მაინც ხომ უნდა იცოდე, რომ მეათე კლასში ორი ქიმიის, ხოლო მეშვიდე კლასში ბიოლოგიის ექვსი სხვადასხვა სახელმძღვანელო გამოიყენება.
თუმცა ზერელე ციტირება "სასარგებლოა" არაკეთილსინდისიერი ავტორისთვის, რადგან ასე შესაძლებელია ტყუილიც შეაპარო მკითხველს. მაგალითად, ჩვენი ავტორები ცრუობენ მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ ბუნებისმეტყველების ტრიმესტრულ სწავლებას სასწავლო გეგმაში ინტეგრირებული ეწოდება. აი, რა წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში (ეროვნული სასწავლო გეგმა, 2007 წელი. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. გვ. 23):
"საბუნებისმეტყველო საგნების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის) სწავლა სავალდებულოა VII-X კლასებში. VII-X კლასებში სკოლა ირჩევს ორი შესაძლებლობიდან ერთს:
ა) თითოეული საბუნებისმეტყველო საგანი თითო ტრიმესტრის განმავლობაში ისწავლება (მაგრამ არა ერთდროულად. მაგ. მეშვიდე კლასში შეიძლება ისწავლებოდეს: I მესამედი ქიმია, II მესამედი ფიზიკა, III მესამედი ბიოლოგია).
ბ) საბუნებისმეტყველო საგნები ისწავლება ინტეგრირებული კურსით სამივე ერთად - ერთ საგნად."
აი, როგორ აწოდებენ ავტორები თავის სტატიის მკითხველს ამ დებულებებს: "სასწავლო წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ისწავლება მხოლოდ ერთი საბუნებისმეტყველო საგანი, ვთქვათ, ბიოლოგია; მეორე სამი თვის განმავლობაში - მხოლოდ ფიზიკა, ხოლო მესამე ტრიმესტრში კი - მხოლოდ ქიმია. ყოველივე ამას, რატომღაც, საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებად ასაღებენ." იბადება კითხვა, ავტორები მარტივ ლოგიკურ კონსტრუქციას ვერ ართმევენ თავს, სადაც წერია ორი შესაძლო ვარიანტი ტრიმესტრული ან ინტეგრირებული სწავლების შესახებ, თუ გამიზნულად ამახინჯებენ წყაროს? იქნებ მათი პრობლემა ეთიკის სფეროს სცილდება და საქმე უფრო მარტივადაა. იქნებ პრობლემა ისაა, რომ ავტორებს დაკვირვებით კითხვა უჭირთ?
სტატიაში ხშირად საქმე რეალობის დამახინჯებასთან გვაქვს. მაგალითად, ის სისტემა, რომელიც ამ ადამიანების სამინისტროში მოღვაწეობის დროს არსებობდა, გულისხმობდა მეათე კლასში 18 სხვადასხვა საგნის სწავლებას. წარმოიდგინეთ, რომ ამის გათვალისწინებით, ავტორები ბრალს გვდებენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შემოღების შემდეგ, თურმე, საგანთაშორისი კავშირების დარღვევა ხდება. არაფერი რომ არ ვთქვა იმის შესახებ, რომ ინტეგრირება მოხდა ისეთი საგნების, როგორიც იყო ალგებრა და გეომეტრია, ენა და ლიტერატურა, საზოგადოებრივი მეცნიერებების გარკვეულ კლასებში და სხვა, მარტო ის, რომ სასწავლო გეგმა საერთოდ არ არსებობდა, იყო მთავარი გარანტია იმის, რომ არც არანაირი საგნობრივი კავშირები არსებობდა. საბუნებისმეტყველო საგნებში ხშირად მოეთხოვებოდათ მათემატიკური აპარატის ცოდნა, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ ნასწავლი. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის გარდა, არსად არ ასწავლიდნენ ფორმალური ხასიათისა და შინაარსის ტექსტების წერას (მაგ. კვლევის ანგარიში, მოხსენება და ა.შ.). ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო გეგმა ზოგადად, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნების ფარგლებში ყველაზე მეტად, გულისხმობს მჭიდრო საგნობრივ კავშირს, როგორც თემატურ, ისე უნარების სიბრტყეში. საუკეთესოა მაგალითია ის, რომ სამივე საბუნებისმეტყველო საგანში ისწავლება კვლევის მეცნიერული მეთოდი, რაც არ იყო მოთხოვნილი არც ჩვენი ავტორების მოღვაწეობისას და არც მანამდე.
აზრის ბუნდოვანებაზე მსჯელობისას ავტორებს ვეთანხმები, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის შეცდომები, რაც ზოგჯერ ძნელად გასაგებს ხდის მის შინაარსს. ასევე ვეთანხმები ავტორებს იმაში, რომ შეცდომები გვხვდება სახელმძღვანელოებშიც. მთავარი ეს არ არის, რადგან, თუ არსებობს კეთილგანწყობილი კრიტიკა, ამ შეცდომების მითითების შემთხვევაში, ისინი სწორდება. მას შემდეგ, რაც 2004 წლის დეკემბერში ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტი გამოქვეყნდა, ასობით ასეთი რეკომენდაცია მივიღეთ და გავითვალისწინეთ. სტატიის ავტორებისგან კი არ მახსოვს არცერთი წერილი. ეჭვი მაქვს, რომ ისინი არც კითხულობენ ზედმიწევნით იმ დოკუმენტებს, რომელზეც მსჯელობენ, რადგან შეამჩნევდნენ ერთ უხერხულობას, რომ, მაგალითად, სტატიის ავტორი ქ-ნი ნინო გოგუაძე ამ სასწავლო გეგმის ავტორების ჩამონათვალში წერია. იმის გამო, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე (ანუ, როგორც მაშინ უწოდებნენ - კურიკულუმზე) სწორედ მის დროს დაიწყო მუშაობა და მნიშვნელოვნად ჩავთვალე, რომ მისი მონაწილეობა აღნიშნული ყოფილიყო, მიუხედავად მისი წარუმატებლობისა. გაუგებარია, სასწავლო გეგმა მას თუ წაკითხული აქვს, როგორ შეიძლება საკუთარ თავი იმ ეპითეტებით შეემკო, რაც სტატიაში გვხვდება?! ან თუ თანაავტორობა არ სურს, რა უშლიდა ხელს ეს ჩვენთვის შეეტყობინებინა? პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - რომ პრობლემა გვაქვს დაკვირვებით კითხვასთან და ზოგადად დაკვირვებასთან.
ის, რომ ავტორებს პრობლემა აქვთ დაკვირვების სურვილსა და უნართან, კარგად ჩანს იმაში, რომ ამჩნევენ დეტალებს, მაგრამ ვერ ამჩნევენ მთავარს. მაგალითად, ამჩნევენ იმას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მეთექვსმეტე გვერდზე მათთვის გაუგებარი ფრაზა წერია (სხვათა შორის საინტერესო ისაა, რომ მათთვის გაუგებარია მრავალი ისეთი რამ, რაც საქართველოს მასწავლებლების უმრავლესობისთვის ცხადზე-ცხადია), მაგრამ ვერ ამჩნევენ იმას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არსებობს. ვერ ამჩნევენ იმას, რომ, რაც თვითონ ვერ შეძლეს ოთხი წლის განმავლობაში, ის ერთი წლის მანძილზე - 2004 წელს გაკეთდა. მათ მიერ შექმნილ სასწავლო გეგმაში შეცდომებს ვერავინ ვერ იპოვიდა მარტივი მიზეზის გამო - ის უბრალოდ არ არსებობდა. ვერც მათ კანონპროექტებში მოძებნის ადამიანი შეცდომას. რეფორმის პროცესში მრავალწლიანი მოღვაწეობისას საკანონმდებლო ცვლილებებზე სერიოზულად მუშაობას ისინი საჭიროდ არ მიიჩნევდნენ. ასევე არ თვლიდნენ საჭიროდ, რომ ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, მასწავლებლები ჩაერთოთ დოკუმენტების შემუშავებაში. ანდა როგორ უნდა ჩაერთოთ, როდესაც მასწავლებლებს მაშინ ცამეტი თვის ხელფასი არ ჰქონდათ მიღებული? ასევე ვერ ამჩნევენ იმას, რომ ბოლო სამ წელიწადში 200-ზე მეტი ახალი სახელმძღვანელო დაიწერა, მაგრამ ამჩნევენ ამ სახელმძღვანელოებში არსებულ უმნიშვნელო შეცდომებს. ვერც იმ უხერხულობას ამჩნევენ, რომ მათ დროს დამტკიცებული სახელმძღვანელოები, არათუ უზადო, ხშირად აბსოლუტურად უვარგისი იყო. მაგრამ თურმე დღევანდელ სახელმძღვანელოში არსებული შეცდომა რეფორმატორების აზროვნების დონეზე მეტყველებს, მაგრამ მათ დროს დამტკიცებულების შეცდომები იმავე საზომით მათზე არ ვრცელდებოდა. ვერც იმას ამჩნევენ, რომ გამომცემლობებს სამინისტროში ფული, ისე როგორც მათ დროს იყო, აღარ მიაქვთ, და არც ის, რომ სამინისტროს თანამშრომლების ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოები აღარ მტკიცდება. ვერც იმას ამჩნევენ, რომ გამომცემლობები რეალურ ინვესტიციებს დებენ სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაში იმიტომ, რომ მათი წიგნების გაყიდვის გარანტია აღარ არის ზარი სამინისტროდან, რომელიც სკოლებს "ურჩევდა" ხოლმე, რომელი წიგნი "აერჩიათ". აღარც უნივერსიტეტების რექტორების მიერ დაწერილი წიგნები ხდება უალტერნატივოდ დამტკიცებული სახელმძღვანელოები და სახელმძღვანელოების დამტკიცების კრიტერიუმი აღარ არის ნათესაობა, ახლობლობა და გავლენა სახელმწიფო ეშელონებში. ვერც იმას ამჩნევენ ჩვენი სტატიის ავტორები, რომ, მათი და მათი მეგობრების მუშაობის პერიოდისგან განსხვავებით, ახლობლების შვილები დაუმსახურებლად აღარ აყავთ სამსახურში. აღარ არის უფასო ექსკურსიები ჩილეში და საკუთარი შვილების ავიაბილეთებსაც აღარ აფინანსებს სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტი. ავტორებს ყოფნით სითამამე და თანაც ფიქრობენ, რომ, რადგან მათი მოღვაწეობა არ ყოფილა შეფასებული, უფლება აქვთ, ბრალი დაგვდონ კორუფციული სქემების შექმნაში.
დეტალებზე მსჯელობა და მთავარის მიჩქმალვა საუკეთესო ხერხია საკუთარი დილეტანტიზმის დასაფარად. ამ ხერხის დემონსტრირება არაერთხელ მინახავს ამ სამსახურში მუშაობისას. მაგალითად, ჯგუფს სთავაზობ, რომ განიხილონ კანონპროექტი ან კონცეფცია. ამ დროს ხშირია, რომ მათი ყველაზე ამბიციური და აქტიური წევრები ცდილობენ, რომ განხილვის მთელი პროცესისას პუნქტუაციის ნორმებზე იმსჯელონ და არა დოკუმენტის არსზე. ჩვენი ავტორებისგან განსხვავებით, ეს არ დამართნიათ ზოგადი განათლების რეფორმის დასავლელ შემფასებლებს. ადამიანები, რომლებიც განათლების სფეროში მსოფლიოში უცილობელ ავტორიტეტებად არიან მიჩნეულები, რომელთა წიგნები განათლების შესახებ ასიათასობით ტირაჟით გამოდის სხვადასხვა ენაზე, რომელთა რჩევებს ითვალისწინებენ მრავალი ქვეყნის მთავრობები, განათლების რეფორმას საქართველოში უპრეცედენტოდ წარმატებულად მიიჩნევენ - იმიტომ, რომ ისინი ეცნობიან სისტემას, უყურებენ ცვლილებებს ერთიან და თანამედროვე საგანმანათლებლო პრინციპების კონტექსტში და არა ისე, როგორც ამას ჩვენს მიერ განხილული სტატიის ავტორები გვთავაზობენ - რომ რეფორმის არსი შეფასდეს ისეთი დეტალით, რომლის მიხედვითაც ერთერთ დოკუმენტში უნდა ეწეროს "საგნის ერთი მასწავლებელი", "ერთი საგნის მასწავლებელის" ნაცვლად. საქართველოში მოქმედი მასწავლებლებიც ასევე მთლიანობაში უყურებენ ამ რეფორმას და არა ერთი აბზაცის პრიზმიდან და სწორედ ამიტომ უჭერენ ისინი მხარს ძირითად კურსსა და ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ კრიტიკულად არიან ისინი განწყობილი რომელიმე ცალკე აღებული პრინციპისადმი.

დეტალები
იმისთვის, რომ მკითხველს შეუქმნან წინასწარი განწყობა, თითქოს, სტატია ამხელს უვიც და უგუნურ ადამიანებს, ავტორები არა მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზებით ცდილობენ ფონს გასვლას. წინასწარვე, სტატიის შესავალში ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ მკითხველი, რომ მათ მიერ სერიოზულად განიხილება დოკუმენტები, რომლებიც შექმნილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც არ აქვთ სათანადო განათლება იმისთვის, რომ ასეთი დოკუმენტები შექმნან. ავტორები ცდილობენ წარმოაჩინონ ეს ადამიანები, როგორც უმაღლესი განათლების არმქონენი, რომლებსაც მოკლევადიანი "თრენინგების" გავლის შემდეგ სერტიფიკატები აქვთ დაგროვილი და, რომლებსაც დასავლეთში სპეციალისტებადაც კი არ თვლიან. ავტორებს აინტერესებთ, საერთოდ თუ აქვს რომელიმეს "თუნდაც მაგისტრის ხარისხიც" კი. ცნობისთვის, მინდა სიამაყით ვთქვა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავის დაქვემდებარებული სტრუქტურებით, მისი ძირითადი ბირთვის ძალიან მაღალი კვალიფიკაციით მეტოქეობას გაუწევს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ნებისმიერ შესაბამის სამინისტროებს. გარდა საქართველოში მიღებული განათლების მქონე, მაღალკვალიფიცირებული ადამიანებისა, აქ სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობს რვა ჰარვარდის განათლების სკოლის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, სამი კოლუმბიის უნივერსიტეტის ხარისხის მფლობელი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის არაერთი მაგისტრის ხარისხის მფლობელი, ომაჰას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, ვანდერბილდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, სიმონსის კოლეჯის მაგისტრის ხარისხის მფლობელი და სხვა. ჩამოთვლილთაგან აბსოლუტურ უმრავლესობას მაგისტრატურის კურსი სწორედ განათლების, განათლების მართვის, პოლიტიკის და ადმინისტრირების კუთხით აქვს გავლილი. ასევე მრავალი მათგანი ფლობს მაგისტრის ხარისხს განათლებაში სწავლისა და სწავლების კუთხით, ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის მიმართულებით. დღევანდელი სამინისტრო ძალიან განსხვავდება იმ სამინისტროსგან, რომელსაც სტატიის ავტორები "შიგნიდან" იცნობდნენ, სადაც მართლაც ჰარვარდში ერთთვიანი კურსგავლილი ადამიანები ჰარვარდის კლუბებს აარსებდნენ და კედლები აჭრელებული ჰქონდათ ტრენინგების სერტიფიკატებით. თავისთავად ამ სერტიფიკატებში ცუდი არაფერია და იმას აჩვენებს, რომ ადამიანს კვალიფიკაციის ამაღლება სურს, მაგრამ დავეთანხმები ავტორებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს განათლება ჰქონდეთ იმ სფეროში, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ. ჩვენს მიერ განხილულ სტატიის ავტორებს ავიწყდებათ იმის ხსენება, რომ იმ სამინისტროში და იმ რეფორმის ჯგუფში, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ, წამყვან თანამდებობაზე არცერთი ისეთი ადამიანი არ მუშობდა, რომელსაც განათლების სფეროში ხარისხი ჰქონდა, არაფერი რომ ვთქვა იმის შესახებ, თუ რომელი უნივერსიტეტები იყო ამ ხარისხის გამცემი. ამის გარდა, სასწავლო გეგმების შემქმნელების უვიცებად მოხსენიებისას, ავტორებს ავიწყდებათ ისიც, რომ სასწავლო გეგმების შემქმნელების ნახევარი მაინც სწორედ მათ დროს იქნა მიღებული სამსახურში. საქართველოში გავრცელებული აზრის მიუხედავად, რომ მთავრობების შეცვლისას პროფესიონალების ავტომატურად დათხოვნა ხდება, მათ არათუ შეინარჩუნეს თავიანთი თანამდებობები, არამედ კარიერულ წინსვლასაც მიაღწიეს და იმის მიუხედავად, რომ მათ მაინცდამაინც დასავლეთში მიღებული ხარისხი ყველა შემთხვევაში არ აქვთ, საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი.

შემოთავაზება
როდესაც ცდილობ რაღაც გააკრიტიკო, სულ ცოტა, ის მაინც უნდა ჩანდეს, თუ რას სთავაზობ ოპონენტს ან შენს აუდიტორიას, როგორ წარმოგიდგენია შენ ამა თუ იმ საკითხის გადაჭრა. სამწუხაროდ, სტატიის ავტორები არათუ პირდაპირ არაფერს გვთავაზობენ, არამედ საკმაოდ თამამად გვაჩვენებენ იმას, რომ არ ესმით უმარტივესი პედაგოგიური ხერხები: ისტორიის სავარჯიშოების, ან საბუნებისმეტყველო საგნების ინტერაქტიული მეთოდიკის ძალიან თვალსაჩინო მაგალითებზე მსჯელობისას, საკუთარ უვიცობას არ მალავენ. მაგალითად, ცდილობენ, რომ სარკასტული გამონათქვამებით ილუზია შექმნან, რომ სკოლაში არ შეიძლება მოსწავლეებმა იმსჯელონ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, როდესაც რადიოაქტიულ ნივთიერებებთან აქვთ შეხება ან მოსწავლეები ვერ შეძლებენ ძირითადი ისტორიული მოვლენების თანმიმდევრობის დამახსოვრებას და ა.შ. რაც შეეხება მათ ძირითად მოტივს, რომ თურმე ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტების ენა იმდენად მდარეა, რომ ასახავს ჩვენს მდარე აზროვნებას - ამ საკითხთან მიმართებაში ავტორები სამწუხარო ალტერნატივას გვთავაზობენ. მათ სტატიაში, სათაურის ჩათვლით, ხშირად გვხვდება ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა: "იდიოტიზმი", "ნაბოდვარი", "უწიგნური, მაგრამ ... ლაღად მოტლიკინე რეფორმატორები". ან რად ღირს ეს აბზაცი: "მთელს ამ ბნელმეტყველებას, ენობრივ და აზრობრივ კოშმარს ზოგნი სოროსის ფარულ ზრახვებს უკავშირებდნენ, ზოგნი - მასონების შეთქმულებას მიაწერდნენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ეს ყველაფერი გაუნათლებლობის, დეფექტური აზროვნებისა და, უბრალოდ იდიოტიზმის ნაყოფია". სამწუხაროა, როდესაც ადამიანები, რომლებიც თავს ინტელექტუალებად თვლიან, ასეთ სიმდაბლემდე დაეცემიან საკუთარი არაკომპეტენტურობისა და სიბრაზის გამო. ასევე სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ბეჭდური მედია ამგვარ შეურაცხმყოფელ ტექსტს საკუთარი გაზეთში "მოსაზრების" რუბრიკის ფარგლებში დასაშვებად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სკოლის ახალდამთავრებული მოსწავლეები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ ენასა და საკუთარ რეპუტაციას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სტატუსის დაკარგვის შემდეგ კარგავენ უნარს, რაიმე სასარგებლო შესთავაზონ საზოგადოებას. სკოლებში უკვე უკეთ ასწავლიან გააზრებულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ, რაც იმის წინაპირობაა, რომ ქ-ნ. ნ. გოგუაძისა და ბ-ნ. კ. ჯანდიერის შექმნილი სტატიების მსგავსის დაწერის სითამამეს ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მისცემს მათ, ვისაც ინტელექტუალობის პრეტენზია აქვთ.


© “24 საათი”

No comments: