Saturday, October 11, 2008

მანანა კვაჭანტირაძე

თანამედროვეთა გასაგონად

ლადო ასათიანისადმი მიძღვნილ წერილს, რომელიც 1971 წლითაა დათარიღებული, გურამ ასათიანი შემდეგი სტრიქონებით ამთავრებს: "რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, / თუ მამულს თავი არ ანაცვალე? / ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, / მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს". ამას მოსდევს მძიმედ და მოჭრილად დასმული ფრაზა - შეკითხვა, რომლითაც გურამ ასათიანი, ორმოცდასამი წლის ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი, თავისი დროის ახალგაზრდებს მიმართავს: "საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ სტრიქონებზე დღევანდელი ოცდაექვსი წლის ბიჭები?"
ჩემთვის, როგორც გურამ ასათიანის უმცროსი თანამედროვისათვის, დღევანდელი გადასახედიდან უფრო გასაგები და ახლობელია ის მუხტი, რომელიც ამ ფრაზას თუ შეკითხვას აწერინებდა: ხიდის გადება და დიალოგი თაობებს შორის; კითხვის დასმისა და პასუხის მიღების მარადიული წრებრუნვა ისტორიულ ცვალებადობათა ფონზე, ანუ, საბოლოო ჯამში - "პრომეთეს პათოსი", რომელიც პოეზიის ცეცხლის (სიტყვის ენერგიის) გა-ნაწილებას და გა-ვრცელებას ახლავს. ალბათ, ლადო ასათიანსაც იგივე მუხტი კარნახობდა თავის უახლოეს წინაპართან შეხმიანებას ("და აწვალებდა მას სიკვდილამდე / ქართული მზე და ქართული მიწა" - ტიციან ტაბიძე), რადგან თაობათა შორის ყოველი გადაძახილი, მით უფრო ლიტერატურაში, მხოლოდ კანონია და არა გამონაკლისი. გურამ ასათიანიც ყველა დროის შემოქმედთა ხსოვნისა და ერთგულების ამ დიდ კანონს იცავდა. მასთან ერთად კი მწერლისა და კრიტიკოსის პასუხისმგებლობას იმ "ახალი ზრახვების" მიმართ, რომელსაც, მისივე ფაქიზი ინტუიციით, ყველაზე მეტად სწორედ "დროის მოთხოვნილება განსაზღვრავს" და არა სხვა რამ.
წარსულისა და მომავლის მიმართ პასუხისმგებლობაზე მწერლობის კარგად ნაცნობი კატეგორიული განაცხადი ბუნებრივად აჩენს სურვილს, ეს კატეგორიულობა დროის ახალ კონტექსტში შევამოწმოთ და გავიაზროთ. აქ კი, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, გურამ ასათიანის ხელმეორედ წაკითხვისას სასიამოვნოდ გაკვირვებულები და გახარებულებიც აღმოვაჩენთ, რომ დიდად არაფერი შეცვლილა და დროისაგან დაბნეული და "ახალი ზრახვებით"გაბრუებული საზოგადოება ისევე თხოულობს მწერლობის "ფხიზელ მეურვეობას" და "თბილ ხელებს", როგორც 70-იან წლებში. ისევე, არანაკლებ და იქნებ, მეტადაც...
"წვალების" ცნება "წამების", ანუ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, "მარტვილად შექმნის" სინონიმია. თუ ისტორიულ კონტექსტებს შორის განსხვავებასაც გავითვალისწინებთ, "გაწვალება" ჩვენს სინამდვილეშიც მოუსვენრობას, მუდმივი საფრთხის, ტკივილის შიშისა და პასუხისმგებლობის გრძნობას გულისხმობს, ანუ იმ ყველაფერს ერთად, რაც მარტო მარტვილს კი არა, ნებისმიერი დროის ყველა ჭეშმარიტ შემოქმედსა და პოეტს განუმზადა ბედისწერამ. ე.ი. მუდმივ თანა-ზიარობას, სხვისი ტკივილის გა-ზიარებას და გა-თავისებას. გურამ ასათიანიც ბევრს საუბრობს ადამიანურობაზე, ტკივილზე, ცეცხლზე, დაჭიმულ სიმზე, მაღალ ძაბვაზე, სიფხიზლეზე, გადარჩენასა და გაფრთხილებაზე. არც ის მეჩვენება შემთხვევითობად, რომ სწორედ მის კალამს ეკუთვნის ბრწყინვალე ესსე "ასე უყვარდათ საქართველოში".
გურამ ასათიანი ქართული კულტურისა და სულიერების საზღვრებს იცავდა, მისი ჰუმანისტური და ესთეტიკური იდეალების სივრცეს ედგა დარაჯად. გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ როგორც პიროვნება და შემოქმედი, თვითონვე წარმოადგენდა ხასიათის იმ თვისებათა განსახიერებას, რომლის ნიშნებსაც ეძებდა მწერლობასა და ხალხურ შემოქმედებაში და რომელთაც "ქართული სულიერების ესთეტიკურ სუბსტრაქტად" თვლიდა.
გურამ ასათიანის მოღვაწეობის პერიოდი უკავშირდება მწერლობის მიერ საკუთარი ფუნქციის გააზრების კიდევ ერთ აღმავალ ეტაპს. მოგეხსენებათ, კომუნისტური იდეოლოგიური წნეხის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ წარმოშვა კულტურული და ზნეობრივი იდენტურობის პრობლემა, რომლის სახიფათო სამომავლო მასშტაბები უკვე მკაფიოდ იკვეთებოდა საზოგადოების სოციალური და მორალური ცხოვრების ფონზე. მის მიმართ დაპირისპირების ტენდენცია 60-70-იანი წლების ლიტერატურული პროცესის ძირითად მახასიათებლად იქცა. 50-იანი წლების ცნობილ მოვლენებს - იმპერიის იდეოლოგიური ცენტრის შესუსტებას 60-70-იანი წლების ლიტერატურამ თანდათან გააზრებულად და მიზანმიმართულად დაუპირისპირა ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერება, მისი დაბრუნება მარგინალურიდან ცენტრალურ პოზიციაზე. კულტურის ამ საერთო ტენდენციას, რომელიც, ფაქტობრივად, სოციუმის მორალურ-ნორმატიული სისტემის, ანუ ტრადიციული კულტურული სივრცის მსხვრევის პარალელურად და მის საპირისპიროდ მიმდინარეობდა, სწორედ მწერლობა ედგა სათავეში - ეროვნული და ზნეობრივი თემატიკის გაძლიერებით, მითოსური და არქეტიპული ფესვების ძიებით, კულტურულ ფასეულობათა იერარქიის მოწესრიგებით და ქართული ხასიათის ტრადიციულ მოდელთან დაბრუნების მცდელობით. იმ ათწლეულებში მწერლობა ბრძოლის წინა ხაზზე იდგა (სხვა საქმეა, ვინ როგორ ხედავდა საკუთარ ფუნქციას ამ ბრძოლაში) და გურამ ასათიანიც მთელი თავისი შემოქმედებით ძალიან ჰგავდა იმ დაჭიმულ სიმს თუ ნერვს, გადამწყვეტი შეჯახების წინ საკუთარ თავს მოდუნებას რომ უკრძალავს.
მწერლობის ამ ფუნქციამ განუსაზღვრა მას საკუთარი შემოქმედების მიმართულებაც და სიღრმეც. მანვე შეაძლებინა, შეექმნა ლიტერატურაზე ცოდნის მრავალტომიანი კორპუსი, რომლის ხელმეორედ წაკითხვასა და შეფასებასაც გვავალდებულებს დრო, არა ჩვენი საშინლად აჩქარებული და დაძაბული, გამომფიტავი ყოველდღიურობა, რომელიც საკუთარ თავს მხოლოდ ფულის ექვივალენტად აღიქვამს - არამედ კულტურის, ხსოვნის, წარმოსახვის დრო, სადაც წიგნის კითხვა ან სამყაროზე ცოდნის ამო-კითხვაა, ან შე-კითხვაზე მიღებული პასუხი, ან თუნდაც მივიწყებულ ეგზოტიკურ ნაკრძალში გასეირნება (ცხადია, მხოლოდ იმათთვის, ვინაც ასეთი გასეირნების გემო იცის).
დღეს თითქოს უფრო საგრძნობია ის დანაკლისი, რაც გურამ ასათიანის წასვლას მოჰყვა ქართულ კრიტიკაში. მისი ცხოვრება და შემოქმედება მართლაც პრომეთეს ნიშნით იყო აღბეჭდილი. გურამ ასათიანი ქართველ მკითხველს სულიერი სიმხნევის გამომუშავებაში, გაძლებაში ეხმარებოდა. პოეტური სიტყვის სითბო და სინათლე მიჰქონდა მასთან, მისი ხიბლისა და საიდუმლოს ამოცნობას ასწავლიდა.
იგი უარყოფდა ლიტერატურის "განპირობებულობის" იდეას, ლიტერატურის არსებობის აზრს სწორედ მის თავისუფლებაში ხედავდა. კრიტიკული აზროვნება კი მტკივნეულ ძიებად, თანაშემოქმედებად, "ახალი ფასეულობის შექმნად" ესახებოდა: "კრიტიკული აზროვნება... იწყება სწორედ იქ, სადაც თავდება მიმოხილვა და შეფასება, როდესაც კრიტიკოსი თვითონ დგება შემოქმედის, მაძიებლის როლში, ნათლად გრძნობს თავისი საქმის სიმძიმეს - ჭეშმარიტებისაკენ მოძრაობის ყველა მტკივნეულ სიმპტომს და სწორედ ამ ტკივილით რწმუნდება, რომ მისი ხელობა უფასო დამატება კი არაა "მხატვრული" ლიტერატურისა, არამედ რეალური საჭიროებით გაპირობებული ახალი ფასეულობის შექმნის ცდა". აქვეა ერთი საგულისხმო შენიშვნაც, რომელიც საქმეში ჩახედულ მკითხველს უთუოდ გაახსენებს თანამედროვე მეტაკრიტიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან მოთხოვნებს: "თუ ყველაფერი "განპირობებულია" (ანუ აღმნიშვნელი მკაცრადაა დეტერმინირებული აღსანიშნის მიერ - მ.კ.), მაშინ ლიტერატურის არსებობას საერთოდ არა აქვს აზრი! ლიტერატურის ამქვეყნად არსებობა ხომ სწორედ იმითაა გამართლებული, რომ ის არის ადამიანის სულის ლაღი მოძრაობის, აღმაფრენის თავისუფალი სარბიელი". შემოქმედის გამახვილებული ინტუიციის წყალობით გურამ ასათიანი სიტყვიერი შემოქმედების არსებით ბუნებას ჭვრეტდა ყველა დროისა და ტიპის შემოქმედებაში. ზემოთ მოტანილ სიტყვებშიც იმ ადამიანებთან ფარული პოლემიკა იგრძნობა, ვინც კრიტიკას "მხატვრული" ლიტერატურის დამატებად თვლიდა და ამ აზრის დაკანონებას ცდილობდა. "მხატვრულის" ბრჭყალებში ჩასმაც წერილობითი სფეროების მკვეთრი გამიჯვნისა და ერთ-ერთი მათგანისათვის გარედან მინიჭებული უპირატესობის წინააღმდეგ მიმართულ ირონიულ ჟესტადაც შეიძლება აღვიქვათ. ამიტომაც წერდა იგი პოეტურ სიტყვაში სიცოცხლის მშვენიერების მჭვრეტელი კაცის დახვეწილი, მომხიბლავი ფრაზით, ანალიტიკური აზრის ცხად და ცივ კონტურებს შემოქმედის შინაგანი ცეცხლით ათბობდა და არბილებდა.
მწერლობას იგი განიხილავდა, როგორც "ერის სულიერი რაობის უპირველეს ემანაციას". ეროვნული თვითდამკვიდრების ისტორიულად ყველაზე მიზანშეწონილი მოდელის ძიებაში მთავარ როლს მწერლობას აკუთვნებდა. დაუღლელად ეძებდა ერის ცენტრალურ ბგერას სხვადასხვა საუკუნის პოეტთა შემოქმედებაში. ამ ბგერის ობერტონების ამოცნობას ცდილობდა ყველგან და ყოველთვის - სათავეებიდან დაწყებული თანამედროვეობით გათავებული.
მოგეხსენებათ, პიროვნების სუბსტიტუციურ ხერხემალს ისტორიზმის განცდა ქმნის. გურამ ასათიანი ერთგან წერდა, ჩვენი ლიტერატურის ისტორია "ახლადაა დასაწერი, მისი ეროვნული და ტიპოლოგიური თავისებურებების გამოკვლევა ის ამოცანაა, რომლის ამოხსნა და ამოხსნილის გათვალისწინება გასულმა საუკუნემ გვიანდერძაო". ამ ანდერძის შემსრულებლის პასუხისმგებლობით წერდა და იღვწოდა. პასუხს (ანუ სიტყვას) მიაგებდა თავის დიდ წინაპრებს იმ განსაკუთრებული და განუმეორებელი შეგნებით, რომ ამით პატივის მიგების მხოლოდ თავის, საკუთრივ თავის რიტუალს ასრულებდა და სხვა ვერავინ გააკეთებდა მის საქმეს. წერდა როგორც მებრძოლი და მცველი - რეაგირებდა ლიტერატურის სულისა და სხეულის ყოველ რხევაზე, თვალს ადევნებდა პროცესებს, გზას ულოცავდა სიახლეებს, ძვრებს. მასშტაბურად, ფართო სამზერიდან წვდებოდა ლიტერატურის ისტორიის ვრცელ მონაკვეთებს რუსთაველიდან თავის უშუალო თანამედროვეობამდე. იგი ხიდს დებდა კულტურულ სივრცეებს, ლიტერატურის ისტორიის ცალკეულ მონაკვეთებს შორის, რათა ქართველ მკითხველს ისტორიზმის განცდის სიმძაფრე არ შენელებოდა, რათა უკეთ გვეგრძნო, რომ მთლიანობის მო-ნაწილენი ანუ მთელის შემადგენელი ნაწილ-ები ვართ, დიდი სულიერების დროსა და სივრცეში გაბნეული, მაგრამ მაინც ერთ-იანობის მატარებელი ფრაგმენტები.
გურამ ასათიანი ჩვენს ხსოვნას იცავდა, რადგან მტკიცედ სწამდა: იმ ერს, რომლის მომავალსაც საფრთხე ემუქრება, წარსულის ხსოვნამ უნდა შეუნარჩუნოს ღირსება და გააძლებინოს უკეთეს დრომდე. აქედან მოდიოდა მისი სიფხიზლე და მომთხოვნელობა თანამედროვე მწერლებისა და მწერლობის შეფასებაში, მოწიწება და თაყვანისცემა ძველების მიმართ.
"სათავეებში" ის ღირსეულად ასრულებს თავის ზეამოცანას: მთლიანობად კრავს დარღვეულ ეროვნულ ცნობიერებას და მომავლისაკენ მიმართავს მას. ფაქტობრივად, ეს ქართული მწერლობის ზოგადი მისიის პირდაპირი გაცხადება იყო, იმედისა და რწმენის ჩანერგვა, სტრუქტურირება მკითხველის ცნობიერებაში. მაგრამ არა მარტო ეს. ყური მივუგდოთ სიტყვის ვაჟკაცურ ბრძოლას ეჭვთან, უიმედობასთან, რომელიც ინტონაციათა ფაქიზ რხევაში ირეკლება: "დრო მიდის და ჩვენ ვიცვლებით, თანდათან ვკარგავთ თვისებათა ნაწილს, ვსხვაფერდებით. გავა დრო და მეტს წაგვართმევს": მას ტკივილს გვრის შეუქცევადი პროცესები, მაგრამ თავს იმხნევებს და ჩვენც გვამხნევებს, რომ "სიბერე ჯერ კიდევ შორსაა", რომ "განახლება მუდმივი წყურვილია ქართული სულისა", რომ "თვით ჩვენი ხასიათია განსაკუთრებით გამძლე, რაღაც ურევია შიგ, სამარადჟამო დუღაბივით" და ეს "რაღაც უსათუოდ უნდა გადარჩეს".
უპირატესად იგი ქართული ხასიათის სიმაღლეებზე წერდა, რადგან იცოდა, რომ სამყაროზე ქართული წარმოდგენა და იმედის ქართული განცდა მაღალზე, უკეთესზე, რომანტიკულ მწვერვალებზეა ორიენტირებული, მაღლივ კონსტრუქციებს ეფუძნება. ამ სიმაღლეების მაგალითით იმხნევებს და ილამაზებს ცხოვრებას უკიდურესი უიმედობის წუთებშიც კი ("ცაც მაღალია, მთაც მაღალია და კაციც უნდა იყოს მაღალი"). თუმცა არასოდეს უღალატია ზომიერების გრძნობას, ესოდენ აუცილებელს ჭეშმარიტად კულტურული და ესთეტური ცნობიერებისათვის; არც არასრულფასოვნების კომპლექსი გასჩენია პატარა ერის შვილობის გამო, არც "ჩაკეტილობაში" და "უნიკალურობაში" უძებნია გამართლება, რადგან იცოდა: ღვთის თვალისათვის, რომლის ანალოგსაც ამქვეყნიურ არსებობაში ესთეტისა და შემოქმედის თვალი წარმოადგენს, არ არსებობს დიდი და პატარა; რომ სამყაროს მრავალხმიანობას მცირე ტალღის ჩქაფუნიც ისევე ერწყმის, როგორც დიდის გუგუნი.
მარტივში, სადაში ჭეშმარიტებისა და მშვენიერების აღმოჩენის უტყუარი გუმანი ჰქონდა. ირონიით წერდა იმათზე, ვისთვისაც ესთეტურის საზომი მხოლოდ მასშტაბებით განიზომება. ამიტომაც გაბედულად სთავაზობდა საზოგადოებას "ზოგისთვის მეტისმეტად მარტივ", თავისთავად კი ძალზე მნიშვნელოვან დაკვირვებას, რომ "ქართული ხასიათის არსისმიერი თვისება ადამიანურობაა". "ადამიანურობის" შეზღუდვას უკავშირებდა "კაცობრიობის ხანგრძლივ სულიერ დრამას", ამავე თვისებაში ჭვრეტდა ქართული კულტურის გადარჩენის ონტოლოგიურ მიზეზს. ქართული ხასიათის ამ დომინანტურ ბგერას ეძებდა ჩვენი სულიერი ევოლუციის ათასწლოვან გზაზე და სწორედ მისი შენარჩუნება მიაჩნდა ქართული სულიერების ყველაზე გამორჩეულ ღვაწლად.
ვინც 70-იანი წლების მწერლობას კარგად იცნობს, დამეთანხმება: ინდივიდუალური მარტოობის ეგზისტენციალური მსოფლშეგრძნებისა და ერის ისტორიული მარტოსულობის მხატვრული სინთეზი სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა. პრომეთე-ამირანის სიმბოლური სახის გააზრებისას გურამ ასათიანი წერდა: "მარტოობა მისი უმძიმესი ხვედრია და არა თვითგანაჩენი. ეს არისო ყველაზე დიდი სასჯელი, რომელიც მას უზენაესმა ძალამ გადმოუვლინა".
მაგრამ სასჯელთან ერთად იგი პრომეთეს "მზის წილობაზე", "სინათლის მოციქულობაზეც" ლაპარაკობდა. ცასა და მიწას შორის გადებული ხიდის სიმბოლოდ აღიქვამდა მას. საგულისხმოა: ამირანის სახეს მთელი კავკასიური რეგიონის ხალხთა ხატად მიიჩნევდა და ქართულ კულტურაში ხედავდა "კავკასიური ჯვარცმის" ყველა ადგილობრივი მოტივის აკუმულაციას.
ქართულ კოსმოგონიაში ბუნების კეთილზნეობის, მისი ჰუმანური საწყისის რწმენა სჭარბობსო - ბრძანებდა ბატონი გურამი. იგი უსასრულო სამყაროში ქართველი კაცის თანდაყოლილი შინაურულობის განცდაზეც საუბრობს და ჩვენი კულტურის დასაბამიერ თვისებად სიკეთისა და მშვენიერების დანახვის ნიჭს მიიჩნევს.
ქართველი ერის ისტორიაში, მის მწერლობასა და კულტურაში, ქართულ ხასიათში ამირანის საბედისწერო განაჩენის გადალახვის განუწყვეტელ მცდელობებს ჭვრეტდა.
"სათავეებთან" რაღაცით სამადლობელსაც ჰგავს...
უცნაური დამთხვევაა: სიკვდილის წინა დღეებში თურმე წიგნის სასიგნალო ეგზემპლარი ედო საწოლთან. ახლა ვფიქრობ, რომ "სათავეებთან" უფრო მომავალი თაობებისთვის დაიწერა, ვიდრე თანამედროვეებისთვის. ამას მაფიქრებინებს ის დიდი გადასახედი, საიდანაც გურამ ასათიანი თავისი ხალხის წარსულსა და მომავალს გასცქეროდა, მხმობის თან დაძაბული, თანაც მოიმედე ინტონაცია. მთავარია, მისი საუბარი "დიდ, მთავარ ბრძოლაზე", რომელიც წინ გველოდა. ბრძოლაზე, რომელშიც ქართველმა ხალხმა "შეუძლებელი უნდა შეძლოს", "ძალთა განუზომელ უთანაბრობას" უნდა გაუძლოს.
იქნებ, ვაჭარბებ კიდეც, მაგრამ იმ დროისათვის სავსებით მოსალოდნელ და სასურველ გაშიფვრაზე მეტად - თვითმპყრობელ იმპერიასთან დაპირისპირებას ვგულისხმობ - ვფიქრობ, გურამ ასათიანი კაცობრიობის მომავლის უფრო ვრცელ პერსპექტივას ხედავდა, მსოფლიო პოლიტიკური რუკის სამომავლო ცვლილებებს გულისხმობდა. ამ კონტექსტში მოიაზრებდა ქართველების "მთავარ ბრძოლასაც" - მოძრაობის, მოქმედების, წინააღმდეგობის უნართა მობილიზებად საკუთარი, ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად უკვე შეცვლილ მსოფლიო მთლიანობაში.
"ერი ერად ყოფნის ძალისხმევაა" - ამბობდა მერაბ მამარდაშვილი. ძალზე მაცდუნებელია სურვილი, ეს აზრი ადამიანზე, მით უფრო კულტურაზეც გავავრცელოთ. კულტურა სახედ ყოფნაა, სწორედ სახის შენარჩუნების ძალისხმევაა და არა ნიღბების მორგებისა. გურამ ასათიანის და სხვათა მიერაც არაერთგზის შენიშნულ, ჩვენ ხასიათის არტისტიზმს ამ მხრივ სიკეთესთან ერთად არასწორი არჩევანის გაკეთების საფრთხეც ახლავს - "გამოგონილი ბედნიერებით, ბედნიერების ხელოვნური სუროგატებით ტკბობა".
წინამავალის უტყუარი გუმანით გრძნობდა ყოვლისშთანმთქმელი გლობალურობის საფრთხეს, მაგრამ ისევ თავისი სიბრძნის წყალობით, პოლიტიკოსთა ნებას არ ანდობდა კაცობრიობის მომავალს და დროისმიერ ნიშნად მიიჩნევდა იმ დადებითს, რაც "ახლადაღმოცენებად მთლიანობას" ახლავს: "თუ მას არსებობა უწერია (!!! - მ.კ.), იგი საფუძველშივე უნდა განერიდოს შინაგან უსახურებას, მისი მატერია არნახული მრავალსახოვანებისაგან უნდა შედგესო" - ბრძანებდა ბატონი გურამი. ამ დროისმიერ ნიშანთან იმედისმომცემ რეზონანსულ ჟღერადობას იძენს მის მიერ შენიშნული, ქართული ხასიათის კიდევ ერთი ფუძემდებლური თვისებაც: "მიმღეობის უფართოესი, შეუზღუდავი მასშტაბი, წადიერებათა სიდიადე, სამყაროს უშორესი სივრცეებისაკენ მიმართული სწრაფვა".
თანამედროვე მსოფლიოს ქაოსსა და ეიფორიაში, რომელსაც სწორედ განსხვავებათა წაშლა ქმნის და ყველა ტიპის იდენტურობისადმი ეჭვი ხრავს - სქესის იდენტურობიდან დაწყებული, ეროვნულით დამთავრებული - თითქოს ძნელია გაიზიარო გურამ ასათიანის რწმენა. მით უფრო, რომ ძალზე ძნელი სახილველი გახდა ქართული ხასიათის ის თვისებები, რომელზედაც იგი წერდა. მაგრამ რიგი ობიექტური ფაქტორების გამო (თვით ობიექტურობის საყოველთაო კრიზისის პირობებშიც კი!) მის სიტყვას ვენდობი, რადგან: გაქრობისა და გადარჩენის დიალექტიკა გურამ ასათიანისათვის სამყაროს ამოუცნობი საიდუმლო იყო, ბუნების ეთიკური სამართლიანობისა და წესრიგის გამოხატულება. ამ სამართლიანობისა და წესრიგის ერთგულება მიაჩნდა სწორედ ქართული სულის განუყრელ თვისებად, ხოლო მისი უსასრულო სიცოცხლის გარანტიად კი - დაუმცხრალი "ეროვნული ენერგია - სიცოცხლისუნარიანობა და შემოქმედებითი პოტენცია".
დამეთანხმებით, შთამბეჭდავი არგუმენტებია.
ძალიან მინდა, თანამედროვე ახალგაზრდობამაც გაიზიაროს ეს არგუმენტები.




© “ლიტერატურა - 24 საათი”

No comments: