ნინა
ნინას დიდი მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ. მე ამდენს ვერ ვუძლებ. აუტანელი დედაკაცი ბრძანდებოდა, ღმერთო მაპატიე. სანამ ნიკო გამაცნობდა, მის შესახებ სულ ერთი-ორი რამ ვიცოდი. ძალიან კი მიკვირდა: თურმე ოჯახში გაიზარდა და არა ტყეში, ფრანგი გადია ჰყავდა და რამდენიმე ენა იცოდა, რაც ნამდვილად არ ეტყობოდა. ის კი უცებ დავიჯერე, რომ საბჭოთა კავშირის ლამის ყველა კუთხეში უცხოვრია, ისე კარგად ეწყობოდა ყველგან და ყველგან ისე ტკბილად იძინებდა, აშკარად დიდი სკოლა ჰქონდა გავლილი. ისიც ვიცოდი, რომ ჰქონდა ჯერ რესტორანი, მერე სამაკლერო ფირმა, მერე ტურისტული სააგენტო, და როგორც კი ფული ჩნდებოდა, ვინმე კაცს გადაეყრებოდა, ფულს გაფლანგავდა და მერე თავიდან იწყებდა ხოლმე ფულის და, შესაბამისად, ახალი კაცის ძებნას.
ნიკომ გუდაურში გამაცნო. ნინა ვესტიბიულში იჯდა ჭიქით ხელში და უწყვეტლივ ლაპარაკობდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ სულ ასეთ მდგომარეობაში იყო, და გამიკვირდა, ამას რაღა ჭირს-მეთქი:
- მე ეგრე იოლად არ მოვკვდები, ნუ გეშინია. მიმკითხავეს. ოთხმოცი წელი მინიმუმ. თან ლოგინში, ბედნიერი ბაბო, ბლომად შვილიშვილები დაისვენებენ, როცა გადავგორდები... ოღონდ ის შვილიშვილები საიდან გაჩნდებიან, ჰა? ეგ ხომ ჰაერწვეთოვანი ინფექცია არაა. რაღაცეები შამანა ბაბოებსაც ეშლებათ ხოლმე.
არადა, როგორც მერე გავიგე, ძალიან მშიშარა იყო, კონფლიქტების ეშინოდა, დახურული სივრცის და ღამე მარტო დარჩენის.
- ღამე რა, მგლის და ქურდის კი არ მეშინია. მეშინია, რომ რაღაცა შემაშინებს. ეგაა და ეგ. მიხაელთან როცა ვიყავი, იმ გენიოსმა ჯერ სახლი კარგად დამათვალიერებინა, თავის სარდაფებიან-საიდუმლო გასასვლელებიანად. მართლა, კედელში საიდუმლო გასასვლელი ჰქონდა, ეგ ხომ მე-16 საუკუნის სახლია. სარდაფები კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა ამოთხრილი, სულ ქვედას გაწმენდის ფული არ ეყო, თვითონ გაწმენდის კი ეშინოდა. შენ რა გგონია, იმიტომ კი არა, რომ ბნელა ან შეიძლება ჩამარხული ლუთერი მოფეთებოდა. იმის ეშინოდა, სახლი არ დაინგრესო. ავადმყოფი. ამას ტყუილად ვამბობ, ვენაცვალე, იცი, როგორ მიყვარს? ჰოდა, მანსარდაში ამიყვანა, უზარმაზარში, ლოგინი მანახა, თან ორკაციანი, სადაც მარტო უნდა ჩავგდებულიყავი. ის წელი სულ შეყვარებულებთან ერთად ვცხოვრობდი და სულ მარტო ვეგდე. არა, კარგი ხალხი იყო, უბრალოდ, მე მარტო ვიყავი და ცოტა მომწყინდა. კაი, ჰა, სულ მარტო არ ვიყავი, მაგრამ ძილით სულ მარტოს მეძინა. მიხაელი გახარებული მომიყვა, სახლში სრული ხმის იზოლაცია გვაქვს, ჩვენი ხმა არ შეგაწუხებსო. შესაბამისად, მეც რომ კივილით გავმსკდარიყავი, ვერ გაიგებდა. კარგია, არა? სანამ დავწვებოდი, მთელი სხვენი ავითვისე, რომ ღამე კარადა ვინმე ურჯულოს წამწყდარი სული არ მგონებოდა. სარკეც იდგა კუთხეში, აზრზე ხარ, ის რომ ღამე ალაპლაპებულიყო? ჩავეგდე მერე ლოგინში, ვიკითხე "რომაელთა ყოფა" და მერე შუქი ჩავაქრე. თხუთმეტ წუთში ერთხელ, იმ ქუჩაზე ეკლესია დგას, იმის ზარი რეკავდა და კინაღამ ავაფრინე. მე შენ გეტყვი, ვინმე დებოშს ატეხავს და გეშველება და მიხვდები, სადა ხარ?! კოშმარია. ვერ ვიტან კუდრაჭა ქალაქებს. მეორე დღესვე მოვკურცხლე იქიდან. მიხაელს ვუთხარი, რომანტიკული პაემანი მაქვს-მეთქი. იმდენი მომხვდა. თორემ ისე სულ არ მეშინია. რისი უნდა მეშინოდეს? რა, ხომ არ მოვკვდები?!
- არ მოკვდები, მოგკლავენ. – ნიკო ჩაერია. ნინას არ უყურებდა, ან რა საყურებელი იყო.
- არა, არ მომკლავენ. პონტია. იმდენჯერ უნდა მოვმკვდარიყავი, და მაშინ არ მოვკვდი, კუჭიც არ ამშლია. ხომ გეუბნები, მიმკითხავეს-მეთქი.
...
ისევე, როგორც ყველა ფსევდოინტელექტუალი, ნინაც ათასგვარ გაუგებარ წიგნს კითხულობდა: ეგოისტის ბიბლიას, ოშოს, რაღაც ფემინისტურ ნაგავს. ამიტომ ყოფითის გარდა ათასგვარი სხვა სისულელითაც ჰქონდა თავი გამოტენილი, და მისი არცთუ გრძელი ცხოვრების ერთ-ერთი, სამკვირიანი სიყვარულის დასრულების შემდეგ, როცა უკვე ნიკოს გარეშეც ვხვდებოდი ხოლმე, სოსოსთან, კლუბში, ყველაფერს ისეთი ახსნა მოუნახა, თავში მხოლოდ ნინას რომ შეიძლება მოსვლოდა, იმიტომ, რომ დებილი იყო:
- რა იყო, იცი? მე ხომ სინამდვილეში არაფერი მიჭირს, და მაშინ საერთოდ ძალიან მაგრად ვიყავი: ფული იმდენი მქონდა, ჩემი გვარისას რომ არავის ღირსებია, თან საქმეც მევასებოდა, სახლიც მაქვს, თან მეგონა, რომ ლამაზი ვიყავი, ზაფხული, ზაგარი, რა ვიცი... არც უკაცობა მტანჯავდა, რა ვიცი... ჰოდა, მე ხომ დებილი ვარ და ზღვაზე რომ ვიწექი, მაგარი გოგო, გამახსენდა - ეგ ხომ ეგრეა: მზე რომ ჩადის, უნდა ინატრო, ოღონდ გულით, და აგიხდება. იმიტომ გიყვები, რომ იცოდე, რომ ნორმალურად უნდა ითხოვო, თორემ ჩემსავით მოგივა. მე კიდე ეგ ვერ გავთვალე და ჩემს ღმერთს ვთხოვე, ღმერთო, სიყვარული მომეცი, თუნდაც ერთი-ორი კვირით, და მერე ყველაფერს ავიტან-მეთქი. ჰოდა, მომცა და თან ერთი-ორი კვირით, და მერე, რომ მორჩა, ვეკითხებოდი, იმ კაცს კი არა, ჩემს ღმერთს, რატომ იჟმოტე, რა იყო ეს ერთი-ორი კვირით-მეთქი. რაც მთხოვე, ის მოგეციო. აზრზე ხარ?
ამ კლუბში, როგორც ჩანს, ხშირად ტირიან. ნინა ტიროდა და ზედაც არავის შეუხედავს. ღია ფანჯარაში ბავშვი იყურებოდა და დედას ეჯღანებოდა. უამრავ ქოთანში უამრავი ყვავილი იდგა. ცხელოდა. ნინა მწვანე ხელსახოცით იხოცავდა ცხვირს.
ხალხში არასოდეს ვიტირებ, ატირებული ქალი მაიმუნს ჰგავს. თან ნინა, თავგადახოტრილი, გაძვალტყავებული, ოდესღაც გარუჯული, ახლა კი აქერცლილი მკლავებით. მაშინ ჯერ კიდევ მიაჩნდა, რომ მოკლე კაბის ტარება შეიძლებოდა, ეს მერე გაახსენდა ლურჯი კაპილარები, მერე მომახსენა: მოკლე კაბაში ვიტრინაში საკუთარ თავს რომ ვხედავ, სულ მინდა, ვინმემ იბღავლოს, "პელე, გოლ, გოლ!"-ო. სანამ ამ კაცს შეხვდებოდა, ყველაზე ნაკლებად იმას დარდობდა, ლამაზი მუხლები ჰქონდა თუ არა. მოგცლია ერთი, ნინა.
- მოგცლია ერთი. რა მნიშვნელობა აქვს. რა, ფეხების გამო კი არ მითხრა, აახვიეო... კარგია ზემფირა, არა? კარგი გოგოა... ხომ იცი, კრიშნა თავის ერთგულებს ყველაფერს ართმევს. ეტყობა, მაგრად ვუყვარვარ, იეჭვიანა. მოცეკვავე ღმერთი, ავდრის ღრუბლისფერი კრიშნა, ყოვლისმიმზიდველი, блядь... ესენი გვაღირსებენ ლუდს, თუ მილიციას დავუძახო?
- მოკლედ, რას გეტყვი იცი? აჰა, მოაქვს. ჰოდა, კაცი რომ შემოგეყრება, უთავბოლოდ ნიჭიერი, უგზო-უკვლოდ განათლებული, მძიმე და დედამოტყნული, ეგრევე უნდა გაიქცე სადმე, ვთქვათ, ტრაბზონში. თუ მიჰქარე და არ გაიქეცი, ის მაინც უნდა იცოდე, რომ სულ ტყუილია ყველაფერი. უბრალოდ, ლოგიკა ვერ გავიგე, блядь, მაინც მაგასთან ვიყავი და მაინც ვაძლევდი, აბა, რას ვიზამდი, ვაფრენდი, და რა ჯანდაბად მინდოდა, блядь, მაგის ჰაი და ჰუი. დიდი მადლობა, - გაბრწყინებული მიუბრუნდა ოფიციანტს, - ნუ დარდობთ, გეთაყვა, ალერგია მაქვს და იმიტომ ვგავარ კოღოს ნაკბენს. არაჩვეულებრივ ვიდზეა ეს თქვენი ლუდი.
ეს ბრიყვული და ნერვების მოშლის გარდა არაფრის მომცემი სასიყვარულო ისტორია ასევე ბრიყვულად დაიწყო. ნიკომ ნინა რაღაც უცხოურ წარმომდგენლობაში მიიყვანა და ერთ კვირაში სამი ბინა გაასაღებინა ცენტრალურ ვაკეში. გოგოს ფული გაუჩნდა. იმ ფულით სანდლები იყიდა, სამი ზომით დიდი – "პატარა მუკის ბაჩიები, ботиночки на вырост", და ინდური ჭრელი თავსაფარი, ხან წელზე იხვევდა, ხან ყელზე, ხან პირსახოცად იყენებდა და ხან სუფრად. დანარჩენი ფულით კი ოლიმპოსში აპირებდა წასვლას, გასარუჯად, ლურჯ ზღვაში საჭყუმპალაოდ და ვარდისფერ კლდეებზე პლანის მოსაწევად. სწორედ ამ დიადი გეგმის შესახებ გვიყვებოდა კაფეში ქალებს, როცა კაცი გაიცნო.
რატომ მოეწონა, ვერ გეტყვით. ნინასეული მამაკაცების შეფასების კრიტერიუმები აქ აშკარად არაფერშუაში იყო. ერთი კი უნდა ვთქვა – ერთმანეთს გავდნენ, გარეგნულადაც და, როგორც მაშინ მეჩვენა, კიდევ რაღაცით. იქნებ იმით, რომ ორივე ბევრს მოგზაურობდა, ორივე აღმოსავლური მისტიციზმის ნიადაგზე იყო შექანებული, ან იქნებ ორივე, კაცმა არ იცის, რატომ, თან გოიმურადაც ჟღერს – საშინლად მარტოხელად გრძნობდა თავს, და ორივეს ეგონა, არის, ასრულდა ოცნებაო. კაცისა რა გაითხრათ, ნინას კი ეს ჭირდა. იდიოტი.
ფაქტი ისაა, რომ იმ საღამოს, კაფეში, ნინასთან საუბრის დროს, კაცს ფუმფულა, ძუძუებიანმა და ტუჩებდაბერილმა გოგომ მოაკითხა, ნინაზე ბევრად ახალგაზრდამ და სექსუალურმა. კაცმა უთხრა, მე და ნინა თურქეთში მივდივართო. გოგო გაიბუტა. მეორე დღეს, იმავე კაფეში, კაცმა ნინას უთხრა, რა ვქნა, სოფო პატარაა, შენ კი ყოჩაღი ქალი ხარ და უჩემოდაც კარგად იქნებიო. ნინამ უთხრა, ნამდვილადო. იმ საღამოს პეროვსკაიაზე არყით დათვრა და მეორე დღეს, როგორც ყოველთვის, მარტო გაუდგა გზას. დიდად არ უდარდია, ეტყობა, ასეთებს მიჩვეული იყო. მე, მაგალითად, თავს მოვიკლავდი.
ცხადია, თავში ჭკუა რომ ჰქონოდა, ამ ფონზე ნამდვილად აღარ მივიდოდა იმ კაფეში, მაგრამ ნინას ჭკუა ვინ თქვა. ზღვიდან ჩამოსულს ეგონა, კარგად გამოვიყურებიო, და კვლავ იმ მაგიდასთან გამოცხადდა, იმავე კაცის ნახვის იმედით.
ატყდა აფრიკული ვნებები და ტამტამების ბაგუნი. გაგიჟდა ნინა. დილით რვა საათზე დგებოდა ხოლმე, რომ აუზზეც მიესწრო – აბა, ზაგარი? თორემ წყალში ვინ შეაგდებდა, - და სამსახურშიც არ დაეგვიანა. იმდენს მუშაობდა, რამდენსაც არც არავინ სთხოვდა. ფული უნდოდა. მოკლედ, გადაირია. მერე ასევე გიჟად გარბოდა იმ კაცთან, გორავდნენ ტახტზე და ოცნებობდნენ, როგორ მოივლიდნენ ნახევარ მსოფლიოს, როგორ ეყვარებოდათ ერთმანეთი და როგორ ცხონდებოდა მათი სულები.
- პირველი ფახი მაშინ დამემართა, უცებ "ჩვენ" კი არა, "მე" რომ თქვა. "მე წავალ". მაგრამ ვიფიქრე, მკიდია-მეთქი. არ მეკიდა. მერე დაიწყო джентельменский набор-ი: ბოლოს კაცთან როდის იყავი? ფეხებს იპარსავ? არა, იცი, არ ვიპარსავ, блядь, ვიკრეჭ. დაუნი. ჰო, კიდევ, კლასიკა: გაათავე? გადასარევი, თუ გინდა...
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ოლიმპოსში აღარა – ამდენი ფული ნინას აღარ გამოუვიდა, - მაგრამ ბათუმში კი ერთად წავიდნენ. იქ ერთი კვირა იყვნენ, იბოდიალეს, იცურავეს – იმან, ნინამ ცურვა არ იცოდა – და როცა ჩამოვიდნენ, კაცმა უთხრა, ჩემო დაო, შენ შენთვის, მე ჩემთვისო. არ მიკვირს – სად ჰქონდა იმ უბედურს ნინას ნერვები, ერთი კვირა სულ ნინა, თან შეყვარებული ნინა როგორი გადასატანია?
- შენ რა უთხარი?
- ეს რეპი იცი? – წამოდგა და გამოთქმით შეასრულა. კუთხის მაგიდასთან მჯდომებმა თავი წამოწიეს და ნინას ბრიყვად მიაჩერდნენ.
- რას ნიშნავს?
- ყველაფერს ერთი ბოლო აქვს, მხოლოდ ძეხვსა აქვს ორი. ასეა, ჩემო განძო, ასეა, ჩემო განძო!
იმ ღამეს ჰომოსექსუალისტებით გამოტენილ დისკოთეკაზე წავყევი, მეორე დღეს კი ნინა კვლავ ზღვაზე წავიდა და როცა დაბრუნდა, აღარც კაცი ჰყავდა, აღარც ფირმა ჰქონდა და აღარც მათი დარდი. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თქვა. იმის მერე კი აი, ახლა შემხვდა, ზამთარში. არადა, მინდოდა მე ნინა?!
როგორც მოგახსენეთ, საძაგელი დრო იყო, ზამთარი, უჟმური საღამო. აღმართს მივუყვებოდი და მაღაზიასთან, რომელთან გაჩერებაც სულ არ მაწყობდა, იმიტომ რომ ვალი მაქვს, ნინა შემხვდა.
რას დამსგავსებია. იასამნისფერი პალტო ისევე უხდებოდა, ცირკში რომ უხდებათ ხოლმე დათვებს თეთრი წინსაფრები. ეტყობა, ისევ სვამდა, თვალები ჩავარდნილი ჰქონდა და ცხვირი - აქერცლილი.
მაღაზიაში შევიდა, ჩემი ვალი გადაიხადა და თავის კლასიკური ასორტიმენტი შეიძინა, ვეგეტარიანელი იყო; ოღონდ ლუდი კი არა, არაყი იყიდა, თან ბევრი, ცივაო. ჩემთან წავედით, გაზი დავანთე, ნინას ჩითები მივეცი. წინდა სამარცხვინოდ ჰქონდა დახეული და შემომჩივლა, თითებს შორის მჭრისო. მერე, რატომ არ ყიდულობ, ფული ხომ გაქვს-მეთქი. კარგი, რაო.
კარგი. ჩამოვასხით. ნინა ფეხს დააჯდა. თავის დროზე გამიკვირდა, ამას რას შვრება-მეთქი, მერე გავარკვიე, ოდესღაც ბალერინა ყოფილა, მერე ჰატჰა-იოგას აწვებოდა და იქიდან ჩარჩა, რომ წელში გამართული უნდა ყოფილიყო: "დაბერება აქედან იწყება," კისერზე ისვამდა ხოლმე ხელს, ფრთხილად, იმიტომ რომ ხალი აქვს და მელანომის ეშინია. გამართული კია, მაგრამ მაგრად დაბერდა.
იდაყვი გაასწორა, ნეკი გაბზიკა და დაიწყო სადღეგრძელო:
- შენ გაიხარე, ჩემო ლამაზო. ყველაფერს გისურვებ, რასაც ჩემს თავს ვუსურვებ ხოლმე, კარგ გუნებაზე როცა ვარ. ჯანმრთელობას, - აბა, კბილები თუ გტკივა, რისი თავი გექნება? დიდხანს სიცოცხლეს, მოგზაურობას, ყველაზე მაგარ კაცს – ჯანმრთელს, ნიჭიერს, ლამაზს, კეთილს, ფულიანს, გულუხვს, მშიშარა და ჟმოტი რად გინდა! თან შენზე იყოს შეყვარებული და შენც აფრენდე, ოღონდ ის უფრო აფრენდეს; მოკლედ, მაგრად იყავი. მე ძალიან მიყვარხარ და მომავალ ცხოვრებაში კაცად დავიბადები და შენ კი თავიდან არ გეყვარები, მაგრამ მე ვიბრძოლებ შენთვის და ცოლად მოგიყვან და ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები...
თურმე, ნინა ბედნიერი ბავშვი ყოფილა. თურმე, ყველას უყვარდა: უაღრესად ერუდირებულ დედას, არაჩვეულებრივ მამას, დეგენერატ, ამჟამად ფინეთში გახიზნულ ძმას, ბაბუას. როგორც ამბობდნენ, ბებიასაც უყვარდა, ოღონდ ნინას არ ახსოვდა, ის როცა მოკვდა, სამი წლის ყოფილა. ბებო მანქანამ გაიტანა და ჩანთიდან ნინასთვის ნაყიდი საჩუქრები გადმოუცვივდაო. იმ ქალსაც ნინა ერქვა და ნინა ყვებოდა, ლამაზი იყო, ოღონდ მე არ ვგავარო.
- გარეგნულად არ ვგავარ, თორემ ისე ალბათ რაღაც-რაღაცეებით კი. ეტყობა, დიდი ნასტირნი ქალბატონი ბრძანდებოდა ეს ბებიაჩემი... საერთოდ, დედის მხრიდან ყველა ქალი ცოტა ნაგიჟარი კი იყო. იყო რა, არის.
- რა გინდა, რას გადაეკიდე...
- მოიცა, რა, შენ რა იცი. მეც მაკლია. თან ახლა მეხსიერება მიმენავლა, ლექსიკოლოგიაში კი მაგარი ვარ, მაგრამ სხვა რა გითხრა. ეე.. ჯერ მარგარიტა იყო, კრასავიცა, ეგ ამბავი რომ იცოდე, მიხვდები, რაც მჭირს.
ნინა არასოდეს კითხულობდა, გაინტერესებდა თუ არა.
- მოკლედ, ეს მარგო იქაა დამარხული, სოფელში, მთელი ბალღობა რომ გადასახლებული ვიყავი, მთელი ზაფხულები, და რომ მძულს. არა, ახლა, თუ გინდა, წავიდეთ. პრინციპში, მაგარი ადგილია. აი, - ძვლიანი ხელი გაიშვირა, - ჩემი მაჯის სიმსხო წყარო მოდის, წიწვნარიცაა, ისეთი ტყეც, სოკოებიც, რა ვიცი. თან მოწყენილობისგან შეიძლება გაგიჟდე. "ჰაუ ჰაუს" მეტი ხმა არ ისმის, და ის კიდე – წია, წია, წია: ფაცო მამიდა ქათმებს უყრის სიმინდს, დაჩეჩქვილს, რომ ყელში არ გაეჭედოთ, ყელზე არაფერი დაადგეს ჯუჯულებს, блядь. ქათმები მაგრად მიყვარს. ოღონდ ცოცხალი. მამლები უფრო. არა, მართლა, წავიდეთ ერთი-ორი დღით, რა უნდა, მშვენიერი სახლია, სადგურიდან ნახევარი საათი უნდა, ჰა, კაი, ერთი საათი. მაგრად მეჯავრება, მაგრამ შენ თუ იქნები, წავიდეთ. ძველი ჟურნალებია, "Я в замке король" წაკითხული გაქვს? წავიდეთ, წავიდეთ...
დალია. ნიკოს ნათქვამი ჰქონდა, იმ სოფელში მას შემდეგ მივდივართ, რაც ნინა გავიცანი, ანუ ასი წელიო.
- ჰოდა, მარგარიტა ლამაზი ქალი ყოფილა და აფრენდა საკუთარ თავზე. მეფის ნაცვლის სასახლეში სეფექალი თუ სტასდამა თუ რაღაც ეგეთი ყოფილა, ეტყობა, მაგიტომ მაქვს მელკაპამესტნი ამბიციები. ოღონდ არ გათხოვდა, ეტყობა იმიტომ, რომ გიჟი იყო, თუ შიგ ჰქონდა, თუ венец безбрачья, რა ვიცი, გაიგებ?! ამ არაყს ბაბო ქნარო აკეთებს ტელაგრეიკისგან, ნამდვილად. მე მოვკვდე. დამაბრმავებს? ჰოდა, ოცდაათი წლის რომ გახდა, სარკეში ჩაიხედა, ნაოჭი დაინახა – აზრზე ხარ, მე ოცი წლიდან ნაოჭები მაქვს, - და წავიდა იმ სოფელ ჭირიანთკარში. მანამდე ვენეციური მარმარილოს საფლავის ქვა შეუკვეთა, სხვანაირი ხომ არ ეკადრებოდა, ახლა გულზე ადევს, ანგელოზებიან-ვარდებიანი, ის ქვა ლოგინქვეშ ამოიდო და იცხოვრა ასე ასი წელი. ვენეციური რომაა, ის მარმარილო, ოჯახმა მომახსენა, თორემ მე რას მივხვდებოდი. გაახურეს, ვენეციურიაო და ძალიან ლამაზი იყო მარგარიტაო, გაატრაკეს საქმე რწყილიანმა ტახტის აზნაურებმა. ყოველ მისვლაზე ამას მიყვებიან... წლები აღარ მახსოვს, ბლომად კი უცხოვრია. ჩემი ბაბო რანაირადაა, ვერ გავიგე, მაგრამ არის, დედულების საგვარეულო სასაფლაოზე წევს. აზრზე ხარ, რა შიგ ჰქონდა? ახლა რა არის ის სოფელი და მაშინ, აზრზე ხარ, რა იქნებოდა?
- რა ვიცი...
- რა რა იცი? ეგ ნორმალურია? ჩვენ ვიყოთ კარგად. – ჩამოასხა, მაგრამ არ დალია. – თქვი რამე.
- შენ თქვი.
მე რა მეთქმოდა.
- კაი. ნათელ მომავალს. რა კარგია, არა, 35 წლის პერსპექტიული გოგო როცა ხარ, პერსპექტივა – შავი მიწა.
დალია. მერე ტუალეტში გავიდა და იქიდან მესმოდა მისი მოძახილი:
- Наверно милый мой идет... რა მითხარი?
- არაფერი.
- ჰო. ნიკო სადაა?
- მალე ჩამოვალო.
- რაო?
- მალე ჩამოვალო.
- აჰა.
ნინა და ნიკო ოდესღაც, დიდი ხნის წინათ დამეგობრდნენ. ნინას ნიკოზე მეტად არავინ უყვარდა ამქვეყნად – მგონი სხვა არც არავინ უყვარდა – და ძალიან როცა თვრებოდა ხოლმე, ამბობდა, ღმერთს რომ ვყვარებოდი, მე და ნიკოს ერთმანეთი გვეყვარებოდა, ისიც ბედნიერი იქნებოდა და მეცო. მაგრამ ეს მართალი არაა, ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ ნინამ თუ თავი რამე ნეხვში არ წაყო, ცუდად ხდება, ნიკოს კი ახალგაზრდა ქალები მოსწონს. ნინას ყველა კაცი ცოტას ეჭვიანობდა ნიკოზე, მაგრამ სულ ტყუილად, იმიტომ რომ ნინა უმალ მონასტერში წავიდოდა, ვიდრე ნიკოსთან დაიჭერდა საქმეს. Жизнь дорога как память-ო, იტყოდა ხოლმე. სხვა რამეებში ასე საღად ვერ მსჯელობდა.
ნიკოს ხსენებას აუცილებლად გრძელი ტირადა მოჰყვებოდა. ნინამ კარგად იცოდა, რომ აღარ მინდოდა ამის მოსმენა, ამიტომ სრულიად იდიოტურად იბოდიშებდა ხოლმე, სულ სხვადასხვა ისტორიებით - ძალიან მიკვირს, რომ წლების განმავლობაში ლიტრობით ჩასხმულმა ალკოჰოლმაც ვერ დააკარგინა დამახსოვრების და მეტყველების უნარი.
- მაშინ მე და ატმანანდამ მთელი ღამე ქუჩაში რომ ვიარეთ, ლენინგრადში, აუ, რამხელა კოღოები იყო, იცი? ატმანანდამ მითხრა, საგიჟეთში როცა ვიჯექი, ექიმმა თქვა, склонность к монологам первый признак шизофрении-ო. ჰოდა, ეტყობა, მეც ეგ მჭირს. არა? – პასუხს არ დაელოდა და ჩამოასხა. ჯერ ცოტ-ცოტა, მერე დაამატა. – დალიე. მერე сбегали-добавили-ს ვიზამთ. საწყალი ატმანანდა, ბოტულიზმით მოკვდა, თუ რა ჰქვია, ბუტულიზმი? ნიკოს გაუმარჯოს. ეგ არის ქართველი მამაკაცების არსებობის გამართლება, ჩემი ნიკოლოზა. მე როცა გავმდიდრდები, არ ვიცი, რას გავუკეთებ, რა ვიცი, ყველაფერს, სტიპენდიას დავუნიშნავ, მაგარს, და ვეტყვი, ჰუმბოლტისაა-თქო. ისე, ფანტაზიაში აშკარად ღობე მაქვს, არა? გაუმარჯოს. ყველაზე კარგი ნიკო. ძალიან ბედნიერი იყოს, ჰქონდეს წარმატება, ფული, დიდი სიყვარული, მოკლედ, რაც მოუნდება. გაუმარჯოს.
დავლიეთ. მანდარინს გადაწვდა, არადა, არ უყვარს. ეტყობა, დათვრა.
- ნინა, დავწვეთ? ხვალ წასასვლელი ვარ.
- ჰო, დაწექი. მე ვიბანავებ, კარგი? და მერე მოვალ. ბაკსაც გამოვრთავ და შუქსაც, არ იდარდო.
დილით აღმოვაჩინე, რომ არ დაწოლილა, ისე წასულა. ალბათ სახლში ამჯობინა გამოძინება. ჭურჭელი გაურეცხავს, ყვავილებისთვის ხმელი ფოთლები მოუძვრია. დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობდა. მერე დედამისმა მითხრა, პუნაში წავიდა, სამედიტაციოდო. ბინა გააქირავა და წავიდა და ერთ-ორ თვეში ჩამოვაო. არადა, ხომ გახსოვს, სულ ამბობდა, ოშო აღარაა, პუნაში რაღა მინდაო. ეტყობა, შესცივდა, გამოიზამთრებს და ჩამოვაო.
...
ამ ხიდის გვერდით რომ მდინარისკენ ჩასასვლელი იყო, მაშინ შენიშნა, რამდენიმე წლის წინათ, მანქანის ტარებას როცა სწავლობდა – კვირაში სამჯერ, ცხრა საათზე, ხიდის კუთხეში ელოდა ხოლმე ინსტრუქტორის ცისფერ მანქანას. უნდოდა, მანქანის ტარება ესწავლა და თურქეთში წასულიყო სამოგზაუროდ.
მაშინ ფეხები ეყინებოდა. თბილი ბათინკა კი ჰქონდა, მაგრამ არ იცვამდა, განიერი ცხვირები აქვს და პედლებზე ნორმალურად ვერ ვაბიჯებო. იმ ფეხსაცმელს კი, ქუსლიანს, შარვალი სულ არ უხდებოდა. ისე, ვის ეპრანჭებოდა, კაცმა არ იცის. ინსტრუქტორს? არა მგონია. მოკლედ, იდგა ხოლმე, იყინებოდა და მიდამოს ათვალიერებდა. მაშინ აღმოაჩინა ეს ჩასასვლელი.
ოდესღაც მთიდან ჩამოზიდული, ახლა კი სახლიდან წამოღებული ბროლებიანი ქვებით სავსე ზურგჩანთა შეძლებისდაგვარად კარგად მოირგო და დაიძრა.
- აზრზე ხარ, რაც მე მდინარის წყლები მისვია, ხან დუნაი ვხვრიპე და ხან არღუნი, ვინ იცის, რამდენი ნინა იყო შიგ... რას გადავრჩი трупный яд-ს?!
ალბათ ამას ფიქრობდა. ზუსტად არ ვიცი.
სულელი იყო ნინა. ეგონა, აქაოდა, ქვებიანი ზურგჩანთა მკიდია და არ ამოვტივტივდები და ყველა იფიქრებს, რომ პუნაში წავედიო.
© “ლიტერატურა - 24 საათი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment