გურამ მეგრელიშვილი, თამაზ დემეტრაშვილი “iratta.ru”. გამომცემლობა “ალიანსი”. თბილისი, 2010.
„რასაკვირველია, ფრანგებმა იმიტომ წააგეს ომი, რომ ძალიან სექსუალურები იყვნენო“, – ირწმუნება ოდენი. ცხადია, რუსეთთან საქართველოს დამარცხებასაც ექნებოდა თავისი მიზეზები, თუმცა, თავიდანვე გამოვრიცხოთ, რომ ეს მიზეზი ოდენისეულ ვერსიასთან ახლოს იყოს.
რომანი „iratta.ru” რუსეთ–საქართველოს ომზე გვიყვება, თუმცა, სამწუხაროდ, არც აქაა ახსნილი, რატომ დამარცხდა საქართველო, რადგან, საბედნიეროდ, ამ ომში საქართველო იმარჯვებს. წიგნის ორივე ავტორი ომის კონტრ–ვერსიას გვთავაზობს, რომელიც, მიუხედავად წიგნის სოლიდური მოცულობისა, თავაუღებლად იკითხება.
iratta–დ ოსები იხსენებიან და რომანის სახელწოდებაც აქედან უნდა გამომდინარეობდეს. RU დომენი კი კონფლიქტში რუსული საცეცების არსებობაზე მიანიშნებს.
ტექსტური დეკორაციების კადრული მონაცვლეობა, ეფექტური სტოპ–კადრები,
ერთგვარად, სინოპსისის ასოციაციას აჩენს. თითქოს ავტორები წერისას უკვე ხედავდნენ წიგნის საფილმო ვერსიას (მგონი, არაა დაგვიანებული ფილმზე ფიქრი).
რომანში, მხატვრულ სინამდვილესთან ერთად, გამოყენებულია სამხედრო ჩანართები, რომელიც ერთგვარი ფანჯარაა, საიდანაც მთელი თავისი სისასტიკით მოჩანს ომი. ომი, რომლის მოგება შევძელით. მართალია, ჯერ მხოლოდ ფურცლებზე, მაგრამ ეგეც ხეირია.
„ესმა ონიანი – 100 ლექსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“. თბილისი, 2010 წ.
100 ლექსის სერიით მორიგი პოეტური კრებული გამოიცა. ესმა ონიანი თანაბრად ნაცნობი სახელია მხატვართა და ლიტერატორთა წრეში. ორივე სფეროში შესაშური ინტენსიურობითა და ექსპრესიულობით ქმნიდა ნამუშევრებს. ამიტომაც არის მის ლექსებში ამდენი ფერი. თითოეული სიტყვა კონკრეტულ „ფერით“ ასოციაციას ბადებს.
ესმა ონიანი ფორმალურ აქსესუარებს მიღმა, სიტყვის ფსკერზე ეძებს შინაარსებს, კონცეფციებს, ფერებს. არც კონვენციური პოეზიის ტექნიკაა მისთვის უცხო, თუმცა, მას იშვიათად მიმართავს და ისიც, ძირითადად, ირონიზირების საჭიროების შემთხვევაში.
მიუხედავად აქტიური არტისტული ღვწისა, ესმა ონიანი მასობრივად პოპულარული არასოდეს ყოფილა. ამ ფაქტზე წიგნის ერთ–ერთი რეცენზენტიც ამახვილებს ყურადღებას: „ესმა ონიანი, უბრწყინვალესი პოეტი, დღემდე დარჩენილია სალონებისა და ცალკეული ოჯახური წრეების კუთვნილებად. სხვათა შორის, ამაში ვერ ვხედავ ვერაფერს ცუდს. ესმა არ შეიძლება, იყოს მასობრივი პოეტი (რეზი თვარაძე).“
ოლესია თავაძე „სევდიანი ჩანაწერები“, თბილისი 2010 წ.
წიგნის სახელწოდება შიგნით მოთავსებული ნებისმიერი ტექსტის სათაურადაც გამოდგებოდა. ოლესია თავაძის ფსიქოლოგიურ მინიატურებში სევდიანი განწყობა ყველა სიტყვის უკან იმალება. აქ სევდა მთავარი გმირია.
ავტორი პროფესიონალი ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია, შესაბამისად, მოულოდნელი არ იქნება ტექსტებზე დართული მშვენიერი ილუსტრაციები, რომელიც მისივე შესრულებულია.
წიგნის კითხვისას არაერთი ალუზია შეიძლება გაჩნდეს: ბოდლერის „პოეტური პროზის“, ქართული ხალხური ზღაპრების და ეზოპეს იგავებისაც... ეს ყველაფერი ხიდია, რომლის გავლითაც ავტორი თავის სადა და სევდიან ამბებს გვიყვება.
„სევდიანი ჩანაწერების“ უკეთ შესაგრძნობად, მისი წაკითხვა „რედიოჰედის“ რომელიმე კომპოზიციის თანხლებითაც შეიძლება. მე უკვე ვცადე და გაამართლა.
ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო “გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი”. გამომცემლობა “ინტელექტი”. თბილისი, 2010
“მე ვიყავი ის, რასაც ვწერდი. მამაკაცები თუ ქალები - ეს მე ვარ.” საკუთარ გმირებთან იდენტიფიკაციის საკითხს ასე, ერთი მოკლე ფრაზით გამოკვეთს.
სინამდვილეში, სულაც არაა სპრინტერი და წერისას ნება-ნება მოყოლას ამჯობინებს, პერსონაჟის ხასიათის “გამოყვანას” დიდ დროს უთმობს, თითქოს იშინაურებს, რომ მერე უფრო გაბედულად გაგვიმხილოს, ვთქვათ, როგორი გაუბედავი იყო ლუსიენი პირველ ღამეს.
ეს კი სულაც არაა მთავარი. მთავარი არც ნობელის პრემია ყოფილა, რომელიც ლე კლეზიოს 2008 წელს გადაეცა. მთავარი იქამდე იყო – აცტეკები, უონანასები, ჟიულ ვერნი, კიპლინგი, ინდიელები, მოგზაურობა, მოგზაურობა, მოგზაურობა... მის პირველ წიგნსაც ხომ “გრძელი მოგზაურობა” ერქვა. და, ბოლოსდაბოლოს, მისი ყველა წიგნი ხომ მოგზაურობაა. არა გეოგრაფიულ, სტატიკურ სივრცეში, არამედ პერსონაჟის გონებაში, გუნებაში, ილუზიებში, რომელიც, დიალექტიკის მურტალი წესების თანახმად, საბოლოოდ აუცილებლად იმსხვრევა.
“გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი” უკანასკნელი ფრანგი ნობელიანტის – ლე კლეზიოს ნოველების წიგნია. თუმცა, რაღა ნოველები, რომანებივით ტექსტებია. მაგრამ არ მოიწყენთ. ამის მიზეზი არ გექნებათ. სამაგიეროდ, მსუყე მიზეზი გექნებათ ფიქრისთვის, რომლისკენაც ეს წიგნი აუცილებლად გიბიძგებთ.
ზვიად კვარაცხელია „ილია სამეგრელოში“. გამომცემლობა „არტანუჯი“. 2009
რაც უნდა ძლიერი მუხტის მატარებელი იყოს, ალბათ ძალიან ძნელია, ერთ კონკრეტულ გამონათქვამზე მთელი წიგნის არქიტექტურა დააშენო. „ილია სამეგრელოში“ მხატვრულ–დოკუმენტური წიგნია, რომელიც ინსპირაციას ილიას ერთი ცნობილი გამონათქვამიდან იღებს („სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“).
ეს უკვე ფრთიანი ფრაზა 1885 წელს წარმოითქვა და მას შემდეგ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კონტექსტითა და შინაარსით დატვირთულა, ბევრი კამათისა და განსჯის მიზეზი ყოფილა. თუმცა, ზვიად კვარაცხელიამ ფანტაზიას მეტი გასაქანი მისცა და მთელი „თავგადასავალი“ ააგო ამ ფრაზაზე.
მეცხრამეტე საუკუნისათვის სახასიათო ტიპაჟებისა და ლექსიკის ათვისებით ავტორი იოლად ახერხებს, მოგვიახლოვოს ილიას ესთეტიკა, ილიას ეპოქა და თვითონ ილია. ეპოქის ასე ზედმიწევნითი გაცოცხლებისათვის, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გაუწევია ავტორს, რაც ერთი შეხედვითაც ჩანს.
როგორც წინასიტყვაობის ავტორი, კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე აღნიშნავს, ეს არის „რეალობის აღდგენა - ხილული გარემოთი თუ წარსულით, ისტორიული პერსონაჟებითა თუ შორეული ლანდებით.“
„ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა. 2010 წ.
„ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებულია. საკმაოდ სქელტანიანი წიგნია, ასე – 500 გვერდამდე. კონფერენციაში მონაწილე მეცნიერთა მულტიეთნიკურობიდან გამომდინარე, მასალები სხვადასხვა ენაზეა შესრულებული. მათ შორის, ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე.
როგორია ტოტალიტარიზმის გამოვლინებები? რა ეტაპზე იჩენს ის თავს? „რა მარწუხებში ექცევა ლიტერატურა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში?“ ამ კითხვებზე არა მხოლოდ ქართველი, არამედ ინგლისელი, ამერიკელი, რუსი თუ სომეხი მეცნიერები სცემენ პასუხებს.
ტოტალიტარიზმის, როგორც მოვლენის, ყველა დისკურსის გამოწვლილვით განხილვა, სემიოტიკური, ლინგვისტური თუ წმინდად პოლიტიკური ანალიზი. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ამ თემას უკავშირდება, ერთ დიდ კრებულშია თავმოყრილი და დაინტერესებული მკითხველისთვის გემრიელი ლუკმა იქნება.
კარგი იქნებოდა, თავად ამ სამეცნიერო კონფერენციის შესახებაც ყოფილიყო მოკლე ინფორმაცია დატანებული (სად ჩატარდა, ვისი ეგიდით და ა.შ.), მაგრამ ეს მცირე ტექნიკური დეტალია, რომელიც წიგნს, საბოლოო ჯამში, არაფერს ვნებს.
„კავკასიონი“, ყოველთვუირი ჟურნალი. ტფილისი, 1924 წ. რეპრინტი – გამომცემლობა „სიესტა“, 2010 წ.
ჟურნალი „კავკასიონი“ 20–იანი წლების ერთ–ერთი საუკეთესო აკადემიური გამოცემა იყო, რომლის რეპრინტ–ვერსია ახლახანს გამომცემლობა „სიესტამ“ წარმოადგინა. ქართული და უცხოური ლიტერატურა, ფილოსოფია, მემუარები და სხვადასხვა კულტურული პროცესის ანალიზი – ეს ყველაფერი ერთ ჟურნალში იყო მოქცეული და რაც მთავარია, უკიდურესად დახვეწილი გემოვნებით შერჩეული. ბოდლერის, ვერჰარნის, კლოდელისა და მონტესკიეს გვერდით იმ დროის ქართველ ავტორებსაც ნახავთ (მაგ: რობაქიძის წერილს ლენინისადმი, სადაც ავტორი საბჭოთა ბელადს ისევე უტყდება სიყვარულში, როგორც შემდგომში – ჰიტლერს).
პავლე ინგოროყვას რედაქტორობით გამომავალი ჟურნალის საქმიანობა საბჭოთა „კაგებეს“ თვალს არ გამოჰპარვია და რეპრესიებსაც არ დაუგვიანია.
მერე და მერე, ჟურნალის სხვადასხვა ნომრები არალეგალურად ინახებოდა იმდროინდელი ენთუზიასტების სახლებში, სარდაფებში და ასე მოვიდა აქამდე.
მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურული, ფილოსოფიური და ზოგადკულტურული ტენდენციების გასაგებად ჟურნალ „კავკასიონის“ გაცნობა მკითხველს ნამდვილად წაადგება.
მზია სიმონიძე, ლარისა ყირმელაშვილი, „ქართული ტრადიციული კერძები“, გამომცემლობა „აგორა“, 2010 წ.
კულინარია კულტურის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი რომ არის, ამაზე დავა არ ღირს. თავის მხრივ, ქართული კერძების დიდი ასორტიც რომ მოგვეპოვება, არც ესაა დიდი სიახლე. თუმცა, მაინც არ მეგონა, ამ რაოდენობის და ამდენი განსხვავებული გემოს მქონე ქართული კერძი თუ არსებობდა.
ეს წიგნი ქართული, ტრადიციული კერძების მოყვარულებისთვის მშვენიერი „ნადავლი“ იქნება.
რაც მთავარია, უკეთ საორიენტაციოდ, მენიუ საქართველოს ყველა კუთხეს მოიცავს და ამ ნიშნით არის კიდეც დაყოფილი. კახური ღორის ფეხების მუჟუჟი, იმერული ეკალა ნიგვზით, მეგრული ელარჯი, თუშური გორდილა, აჭარული ქაფშია და ა.შ. ყველაფერია იმისათვის, რომ კარგად გაეცნო ქართულ სამზარეულოს და მოცემული რეცეპტებით თავადაც სცადო რომელიმე კერძით პირის ჩატკბარუნება.
როგორც მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე დიდი გურმანი იტყოდა:
მაშ, ჩავღლიოთ!
პაატა შამუგია
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
No comments:
Post a Comment