II თავი
ფილიპი
ალენი კრივში ქალაქის იუნიორთა შეჯიბრებაზე გავიცანი. მერვედფინალში შევეჯახეთ ერთმანეთს. მეორე რაუნდში წაქცეული მოციგურავესავით გავასრიალე ტრაკით რინგზე. უკან რომ ვბრუნდებოდით, ავტობუსში გვიან ავედი, ყველა ადგილი დაკავებული იყო, მხოლოდ მის გვერდით იყო ერთი ადგილი თავისუფალი. მივუჯექი და რატომღაც ბოდიშიც მოვუხადე. ალენმა გამიღიმა, მერე მკითხა, საკუთარი სურვილით გავხდი მოკრივე თუ მშობლების ინიციატივით. მშობლები არა მყავს - ვუთხარი. ალენმა მომიბოდიშა. “არა, მთლად ეგრეც არაა, - შევწუხდი, - მყავს, მაგრამ ისინი ჩემი მშობლები არ არიან”. “აყვანილი ხარ?” “ჰო” - რატომღაც იმ მომენტში გულწრფელი გავხდი, არადა ამაზე თითქმის არასდროს ვლაპარაკობ. ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით. მერე მან ხმადაბლა მითხრა: “მეც აყვანილი ვარ”. ისევ ჩუმად ვისხედით. უფრო დიდხანს. მერე მივხვდი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა მეკითხა და ვკითხე: “ცუდად გექცევიან?” “უკვე სულერთია” - მიპასუხა ალენმა. “რატომ?” “მაგას შენ ვერ გაიგებ” - მომიგო კაი ხნის შემდეგ. “ვითომ რატომ?” ალენმა ხელი ჩაიქნია და ფანჯარაში გაიხედა. გარეკილი სამი დედაჩემი გამახსენდა და მკლავზე ხელი წავავლე: “არ არსებობს. მე ყველაფერს გავიგებ. უფრო მეტსაც, ვიდრე შენ” ალენმა გამომხედა და მითხრა: “რინგზე რომ მაჯობე, ეგ არაფერს ნიშნავს. ცხოვრება რინგია, მაგრამ მხოლოდ რინგი არ არის. მეტიცაა”. გამეღიმა. ოღონდ გამეღიმა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ეს ფრაზა ძალიან მომეწონა. მან კი ჩემი ღიმილი სხვანაირად აღიქვა და დაბღვერილმა შემომხედა. და მაშინ, რათა მასზე შოკი მომეხდინა, ვთქვი ის, რაც აქამდე არასოდეს მითქვამს: “შენ იცი, რას ნიშნავს სამი დედა და არცერთი მამა?” ალენი გაშეშდა, ჯერ თვალებში შემომხედა, მერე მთლიანად მომათვალიერა, მერე ისევ თვალი გამიყარა თვალში... და ბოლოს ერთადერთი სიტყვა ამოღერღა: “სამი?” “ჰო, სამი” - მივუგე მაშინათვე. “ეგ როგორ?” “ჩვეულებრივ...” აშკარად ეტყობოდა, რომ გამალებით ფიქრობდა, მერე წაიბურტყუნა: “მაგაზე არც კი მიფიქრია... მე და ჩემს მეგობრებს მარტო ორი დედა გვყავს... ან ორი მამა...”
ასე გავიცანით ერთმანეთი. მეორე დღეს ერთმანეთს შევხვდით და ალენი თავისი ოჯახისა და სამეგობროს შესახებ დაწვრილებით მომიყვა, მე კი ჩემი დარტყმული მშობლები აღუწერე. მერე საერთო შეხვედრაზე წავედით.
- გაიცანით, ფილიპი... მეხუთე - თქვა ალენმა.
- ბრავო! - შესძახა დიდძუძუებიანმა გოგომ და ტაში დაუკრა, - მე კი მარტა ვარ!
- სოფი - მითხრა კიბეზე ჩამომჯდარმა გოგომ, წამოდგა და ხელი ჩამომართვა.
კედელთან აწურულმა ბიჭმა უხმოდ გამომიწოდა ხელი.
- ეს პიერია, ჩვენი მუნჯი მეგობარი - ჩაიხითხითა მარტამ და პიერს კისერში ხელი წაუთაქა. პიერის ფუმფულა მტევანი ჩემს მუშტში მოექცა.
- ფილიპ, ჰევი მეტალი გევასება? - მკითხა უცებ მარტამ.
რა უნდა მეთქვა. მაშინათვე გულს ხომ არ გავუტეხდი... და თავი დამაჯერებლად დავუქნიე.
- იეს! - იყვირა მარტამ და ჰაერში შეხტა. - ძლივს არ ვნახე ჩემიანი?!
მარტა სულელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სოფი მომეწონა, რომელიც ჩუმად იჯდა და გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა.
მერე ვისხედით და “კოკა-კოლას” ვსვამდით. გარდა მარტასი. მარტა ლუდს ყლურწავდა. პიერი საათისკენ აცეცებდა თვალს ხშირად. სოფი საღეჭ რეზინას ბერავდა და ხეთქავდა. ალენი შფოთავდა, თავის სამეგობროს დაძაბული მზერით აკონტროლებდა და მუდამ რაღაც შეკითხვებს სვამდა. ამ კითხვა-პასუხში ჩემი მშობლების მთელი ისტორია მომაყოლა და თავის ძველ მეგობრებსაც დააყაჭინა ჩემთვის საინტერესო სხვადასხვა ოჯახური ინფორმაციები.
სადღაც ერთი საათის შემდეგ კი - წავიდეთ ახლა! - ბრძანა ალენმა და საუბრის ეშხში ძლივს შესულებს ერთმანეთთან დამშვიდობება მოგვიწია.
- პირველი პიერი წავა, ორიოდე წუთის მერე მარტა, მერე სოფი, მერე ფილიპი, ბოლოს კი მე! - გასცა განკარგულება ალენმა.
ავიწურეთ, გავიტვრინეთ და კედელს აყუდებულები საკუთარ რიგს მორჩილად ველოდით. სოფი რომ წავიდა, ცოტა ხანში მეც ჩემს გზას გავუყევი. ამ შეხვედრით აღგზნებული წარმოსახვაში ჩემს ახალ მეგობრებთან დიალოგს ვაგრძელებდი. ეს წარმოსახვითი დიალოგი ფეხით სწრაფ სიარულში გადამეზარდა და რამდენიმე წუთში სოფის წამოვეწიე.
- საით მიდიხარ? - ვკითხე.
აღმოჩნდა, თითქმის ბოლომდე უნდა გამეცილებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გადამეხვია მარჯვნივ. მივყვებოდი გვერდით სოფის და შინაგანად ვთრთოდი. სოფი ხმას არ იღებდა... მეათეხარისხოვან შეკითხვებს ვუსვამდი და ისიც მეათეხარისხოვან პასუხებს მცემდა. უცებ ამან გამაბრაზა და თვით ჩემდა მოულოდნელადაც კი ვკითხე:
- მომისმინე, გიყვარს შენ ვინმე?
სოფიმ თავისი დაჭყეტილი თვალებით შემომხედა და კიდევ უფრო დაჭყიტა.
მივდიოდით. სოფი არაფერს ამბობდა. მხოლოდ დაჭყეტილი თვალებით მიყურებდა და ბოლოს ეს დაჭყეტილი თვალები დახარა.
- გიყვარს! - გამოვუტანე განაჩენი.
ვიარეთ. და როგორც იქნა სოფიმ ხმა გამოსცა:
- ნწ!
ორიოდე წუთის მერე კი მითხრა, რომ სახლთანაა და დამემშვიდობა.
სახლში სამივენი დამხვდნენ. სესილი მორიგი რიტუალისათვის ემზადებოდა, ინგრიდი კომპიუტერს მისწებებოდა, კატარჟინას კი სახეზე კოსმეტიკური ნიღაბი ეკეთა და დივანზე იწვა.
- დედიკო, როგორა ხარ? - თავი აწია კომპიუტერიდან და მკითხა ინგრიდმა. რეაქციის გარეშე სამზარეულოში გავედი და საკვების ძიებას შევუდექი. მაცივარში ძეხვის ნაგლეჯი იდო, გაზქურაზე კი ცივი ფაფით ნახევრადსავსე ქვაბი იდგა. ფაფას შევაგინე და ძეხვი გამოვიღე. მაგრამ საპურეში რომ ჩავიხედე, აღმოვაჩინე, რომ შიგ პურის ერთი ნამცეციც კი არ ეგდო. ახლა დედებს შევაგინე და სამზარეულოში ნიღბიანი კატარჟინაც შემოვიდა.
- გშია? - მკითხა ნაზად.
- მაგრა გიხდება! - ვუპასუხე.
- რაა? - კიდევ უფრო განაზდა კატარჟინა.
- ეგ შენი ტრაგიკული ნიღაბი... თუ კომიკურია და მე ვერ ვხვდები? - უცებ, ერთ წამში, და არ ვიცი რატომ, საძაგელ ადამიანად ვიქეცი.
- ფილ... საყვარელო... - კატარჟინა მომიახლოვდა და თავისი ნიღბიანი სახე ახლოს მომიტანა. - გემუდარები, ასეთი ნურასოდეს იქნები...
- ო’კეი, დედი... ოღონდ ჩაირბინე ახლა და პური ამომიტანე...
- ფილ... საყვარელო... - კატარჟინა ერთსა და იმავეს იმეორებდა - ჩავირბენდი, როგორ არ ჩავირბენდი, მაგრამ ხომ ხედავ... - თავის ნიღაბზე მიმანიშნა - ამითი როგორ ჩავირბინო...
- მერე მოიხსენი, თუ ხელს გიშლის! - ვიყვირე უცებ და დედაჩემს ნიღაბი თეატრალურად ჩამოვგლიჯე - პური თუ ნიღაბი, საკითხავი აი ესაა!.. და პური თუ შვილი თუ ნიღაბი, აი, ესაა საკითხავზე საკითხავი, ჩემო მშობლებო! - სამზარეულოს მაგიდაზე ავხტი, ის ახლა ჩემი ავანსცენა იყო, ვიდექი, ხელში ძეხვის ნაგლეჯი მეკავა, აქეთ-იქით ვაქნევდი მას და იმპროვიზაციულად “დედიკოების ბიჭის” მონოლოგს ვთხზავდი - და დიეტა თუ ლიტერატურა თუ ბუდა, ყველაფერი საკითხავია, ოღონდ არა ერთი რამ: დედა თუ მამა!.. არა, ეს არაა საკითხავი, ყველაფერი გარკვეულია: მხოლოდ და მხოლოდ დედა... მხოლოდ და მხოლოდ დედა... დედა!.. დედა!.. - ჭერს ავყურებდი და ისე გავყვიროდი. ლამის სული შემეხუთა. ინგრიდი და სესილი შემოვარდნენ და კატარჟინასთან ერთად ცდილობდნენ ჩემს დაბლა ჩამოყვანას. მე ვბორძიკობდი, უკვე ერთსა და იმავეს ვბოდავდი და ჩემს დედებს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს და ჩამომიყვანეს, დივანზე წამაწვინეს და სამივენი ერთად მეფერებოდნენ... ხანმოკლე, მაგრამ ასეთი ექსტაზური გამოსვლის შემდეგ გონება გამეთიშა და ძილისკენ წავედი... უკვე ძილბურანში მყოფს სესილის სიტყვები მომესმა: “ნასვამს არ ჰგავს, ხომ არ მოწია ან რამე უარესი ხომ არ ქნა?..” “არა...” - წამოვბოდე და თვალები გავახილე: ჩემი სამი დედა დავინახე, თავზე რომ მადგა, დამყურებდა და სამივე ნამდვილი დედასავით რომ იყო შეწუხებული... ამ სურათმა სახეზე ბედნიერი ღიმილი გადამაკრა... “ღმერთი სამობითაა...” - ვთქვი ერთი ჩემი მართლმადიდებელი მეგობრის ამოჩემებული ფრაზა, ორი თითით პირჯვარი გადავიწერე და საკუთარი ერთადერთი ძილით დავიძინე...
კატარჟინა ჩემი ბიოლოგიური დედაა, ინგრიდი და სესილი კი ჩემი ოფიციალური დედები. პასპორტით მე მათი შვილი ვარ, და როგორც ხშირად მეუბნებიან და მიმტკიცებენ, ლამის ბედნიერიც კი უნდა ვიყო ამით. კატარჟინა შარშან გამოჩნდა. როცა მოვიდა, კარი მე გავუღე. თვალისდამაბრმავებლად ლამაზი ქალი იდგა ზღურბლთან და მიღიმოდა. ინგრიდი იკითხა. ვუთხარი, სამსახურშია, ერთი-ორ საათში მოვა მეთქი. თუ შეიძლება, დავუცდიო - მითხრა და ჩემი ნებართვით ბინაში შემოვიდა. სავარძელში ჩავსვი, “კოკა-კოლა” გამოვუტანე. ის იჯდა, სვამდა “კოკა-კოლა”-ს და ისე დაჟინებით მიყურებდა, რომ დავფრთხი. რა უნდოდა, ვერაფრით ვხვდებოდი. მერე, თანდათანობით გამოკითხვა დამიწყო: სად ვსწავლობდი, როგორ ვსწავლობდი, რა მაინტერესებდა და ასე შემდეგ. რომ ვცადე გამერკვია, თავად ვინ იყო, ინგრიდის ძველი მეგობარი ვარო - მომიჭრა და მაგითი დაასრულა. მერე ინგრიდიც მოვიდა, და კატარჟინა რომ დაინახა, ისე გადაფითრდა და შეიცვალა, რომ ცხოვრებაში პირველად შემეშინდა ნამდვილი შიშით. ინგრიდი და კატარჟინა კაი ხანი უყურებდნენ ერთმანეთს და შიგადაშიგ ჩემსკენ აცეცებდნენ მზერას, ბოლოს კი კატარჟინამ ინგრიდს ჰკითხა: “დავილაპარაკოთ ცალკე?” “ჰო” ამოღერღა ინგრიდმა და ჩამოჯდა. “გავიდე?” - ვკითხე ინგრიდს. “გადი, გადი...” - აღელვებულმა მითხრა ინგრიდმა და მეც ოთახიდან გავედი. თითქმის ორი საათი სამზარეულოში ვიჯექი და ვფიქრობდი, თუ რა ურთიერთობა შეიძლებოდა ჰქონოდათ ინგრიდს და ამ თვალისდამაბრმავებელ ქალს. რა არ წარმოვიდგინე, მაგრამ არა ის, რაც სინამდვილეში იყო. ამასობაში სესილიც მოვიდა და ისიც თავისთან შეიყვანეს. მოხურულ კარს ხანდისხან ვუახლოვდებოდი და ვცდილობდი, მათი საუბრის ნაგლეჯები მაინც დამეჭირა, მაგრამ არაფერი მესმოდა: ყველანი ძალიან ჩუმად ლაპარაკობდნენ. ძალიან გვიან, როგორც იქნა, კარი გაიღო და ინგრიდი გამოვიდა. მე სამზარეულოში ვიჯექი და ჩაის ვსვამდი. “ფილიპ, მეც დამისხი ჩაი” - მითხრა ინგრიდმა და მაგიდასთან ჩამოჯდა. სანამ ჩაის ვუმზადებდი, ინგრიდი ყურებზე ხელებმიჭერილი იჯდა და ეტყობოდა რომ რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა. ჩაი რომ დავუდგი, თავი ასწია, გამჭოლი მზერით შემომხედა და მკითხა: “მზად ხარ?” მართალია, ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე, მაგრამ მეორეს მხრივ ბოლომდე ვხვდებოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი უნდა თქმულიყო. და დამაჯერებლად ვუპასუხე: “მზად ვარ.... ყველაფრისთვის მზად ვარ...” ინგრიდმა ჩაი მოსვა და ჩუმად თქვა: “ეს ქალი შენი დედაა...”
მას შემდეგ კატარჟინა ჩვენთან ცხოვრობს. მას შემდეგ ხშირად ცდილობს, ჩემი მთავარი, პირველი და ნამდვილი დედა იყოს. მაგრამ კატარჟინა ჩემთვის მაინც ძალიან გვიანი დედაა. მე ხანდახან ვუყურებ კატარჟინას მუცელს და ვფიქრობ, რომ რათა ამ ქვეყანას მოვვლენოდი, ამისათვის ოდესღაც მის ამ მუცელში ვიჯექი, მაგრამ სესილი და მით უმეტეს ინგრიდი მაინც უფრო დედები არიან ჩემი. სესილიმ და მით უმეტეს ინგრიდმა მალე გაიშინაგანეს, რომ კატარჟინა მესამე უნდა ყოფილიყო და მიიღეს საკუთარ კამპანიაში. და არიან ისინი - სამნი - ჩემთვის - ერთისთვის. სამივე თავისი ცხოვრების კრედოს მახვევს თავს: კატარჟინასთვის ცხოვრება სილამაზეა, ინგრიდისთვის - შემეცნების პროცესი, სესილისთვის კი ღმერთისკენ სწრაფვა. ჩემთვის? ჩემთვის უკვე კაი ხანია ცხოვრება ამ სამის გაერთიანების უშედეგო მცდელობებად იქცა.
კატარჟინა ბი აღმოჩნდა. რაკი მისი ცხოვრების კრედო სილამაზეა, სადაც კი სილამაზეს ხედავს, ყველგან ესწრაფვის. თავისი მამაკაცებიც ჰყავს, მაგრამ სესილი და ინგრიდიც თავისიანებად გაიხადა. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა: ვხედავდი, როგორ არ უნდოდა და როგორ ებრძოდა საკუთარ თავს ინგრიდი, მაგრამ როგორ დამარცხდა. და რაკი დამარცხდა, როგორ ჩაითრია სესილი კოლექტიურ “მშობლიურ” სექსში... და უკვე რამდენიმე კვირაა, საღამოთი ერთად მეუბნებიან “ძილი ნებისა”-ს სამივენი და საძინებელში იძურწებიან... კატარჟინამ თავისი გამოჩენით სრულიად შეცვალა ჩვენი ყოფა: და ამიტომ კატარჟინა ყველაზე მეტად მძულს და მიყვარს...
გუშინწინისწინ კატარჟინას მუცელზე მედო თავი... კატარჟინა თმას მიქოჩრავდა და მედუდნებოდა. “დე, - ვუთხარი, - მართლა გიყვარვარ?” კატარჟინამ ჩემი თმის მოქოჩვრა შეწყვიტა, თვალებში ჩამომხედა და მითხრა: “არა...” გამეღიმა. “რა გაცინებს?” - მკითხა და ცხვირი გამიქაჩა. რამდენიმე პასუხი ერთდროულად მომადგა პირზე, მაგრამ რაკი ასე იყო, ვერცერთი ვერ ამოვთქვი, გადავბრუნდი და მის მიერ გაქაჩული ცხვირი მის კალთაში ჩავრგე. და ასე, მდუმარედ, გაუნძრევლად ვიყავით მთელი საათი. ამაზე მეტი საერთოდ აღარაფერი მინდოდა. მაგრამ მერე მოვიდა ინგრიდი და ყველაფერი წამში დასრულდა.
გუშინწინ ინგრიდის მუცელზე დავდე თავი... ინგრიდმა ხუთიოდე წუთი გაძლო, მერე კი აფორიაქდა: “ფილ... ცუდად ხომ არა ხარ?” - მკითხა. “არა” - ვუპასუხე. “ფილ... მგონი მაინც ცუდადა ხარ...” - მომესმა რამდენიმე წუთის შემდეგ. “არა” - გავუმეორე... ვგრძნობდი, როგორ შფოთავდა მისი მუცელი... და მარტო მუცელი არა - თავად ინგრიდი შფოთავდა... “ფილ, ხვალისათვის ბევრი რამ მაქვს მოსასწრები” _ მითხრა თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ... თავი ავიღე...
გუშინ კი სამიოდე საათი სესილის მუცელზე მედო თავი. მაგრამ სესილი მედიტაციაში იყო და მგონი ამას ვერც აღიქვამდა. მერე მე თავად მომბეზრდა და ჩემს ოთახში ისე გავიხიზნე, სესილის ეს არც კი უგრძვნია...
დღეს კი... დღეს ვიგრძენი რომ უკვე სულ სხვა რამ მსურდა: სოფის კალთაში ჩამედო თავი... აქამდე ქალები, გოგონები, საერთოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები რაღაცნაირად მაღიზიანებდნენ, სიმშვიდეს მაკარგვინებდნენ, მაბნევდნენ, და სოფი პირველი იყო მათი რიგებიდან, რომელშიც ვიგრძენი, რომ შესაძლო იყო, მას ჩემთვის სიმყუდროვე მოეტანა... თუმც ჯერჯერობით ეს მხოლოდ ალბათობა, საიდანღაც გაჩენილი შანსი იყო, რეალურად კი იგი ახლა სხვა მდედრებზე მეტად მაფორიაქებდა... “შემიყვარდა ვითომ?” - ჩავეკითხე საკუთარ თავს და შორეული სიღრმიდან დადებითი პასუხი ამომესმა...
გაგრძელება იქნება
© kalmasoba.com
No comments:
Post a Comment