ჯალაღონიას მტერი
„კაცის ტანიდან ჩამოჭრილი გირვანქა ხორცი არცა დიდებით და არც ფასით არ შეედრება საქონლის ხორცსა, ანუ ცხვრისას, თუნდა თხის ხორცსაც.”
უილიამ შექსპირი, „ვენეციელი ვაჭარი“
მაიორმა ჯალაღონიამ – მწითურმა გოლიათმა, რომელსაც ცეცხლისფერი თავის სამი მეოთხედი სამართებლით პირწმინდად ჰქონდა აპარსული, საქაღალდე დახურა, დიდი მაუდგადაკრული მაგიდიდან ჩამოხტა, კიტელის კალთები ორივე ხელით ძირს დაქაჩა და სმენაზე მდგომ ჯარისკაცს ჰკითხა: „ესე იგი, მგელი ხარ, არა?”
ჯარისკაცმა არ უპასუხა, თითქოს მას არ მიმართავდნენ. ჯალაღონიამ გაიღიმა. სწრაფსა და მოკლე პასუხებს იყო ნაჩვევი. კაპიტან მარტინენკოს მოკიდებული სიგარეტი გამოართვა, სახესთან ახლოს მიიტანა და ჰაერში გაფანტული კვამლი ხარბად შეისუნთქა. მოწევით არ ეწეოდა, ცოლს გაუწია ანგარიში და თავი დაანება, როცა
ქალიშვილი შეეძინათ. ბავშვი გულის თანდაყოლილი მანკით დაიბადა.
სიგარეტის მოსაწევად რომ გავიდნენ, სამხედრო ჰოსპიტალის მთავრმა ექიმმა ჯალაღონიას აუხსნა, გოგონას პარკუჭი აქვს გადაგვარებულიო. „კედელს მცირე ზომის ნახვრეტი აქვს, საიდანაც გადასროლილი სისხლის ნაწილი უკან ბრუნდება. შედეგად პარკუჭი ბოლომდე ვერ იკუმშება. ამას მეცნიერულად დეკომპრესია ჰქვიაო”.
მაშინ ჯალაღონია ძალიან ახალგაზრდა იყო. შინაგანი ჯარის უმცროსმა ლეიტენანტმა – თავი და სამხრეები ერთი ფერის რომ ჰქონდა, ექიმის ნათქვამიდან ბევრი ვერაფერი გაიგო. არადა, მოხუცი ქირურგი განაგრძობდა: „...იმდენ სისხლს ვერ აწვდის წინაგულს, რამდენსაც იღებს, კუნთი კი ნელნელა ეშვება, თითქოსდა იფლაშება, ზარმაცდება. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთ დღეს საერთოდ უარი თქვას შეკუმშვაზე”.
„ეს რას ნიშნავს?” – გულუბრყვილოდ იკითხა ჯალაღონიამ.
ექიმმა შუბლი მოისრისა. ჯალაღონიას გულმა ცუდი უგრძნო.
„ოპერაცია არ უშველის?” – უნდოდა ეკითხა, მაგრამ თეთრხალათიანმა დაასწრო.
„საბედისწერო წუთი შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის მოხდება ეს. შეიძლება, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლოს, შეიძლება, დღესვე, აქედან გასვლამდე დამთავრდეს ყველაფერი”.
ჯალაღონია ყურადღებით უსმენდა...
„სრულწლოვნობამდე ოპერაციას აზრი არ აქვს”, – განაგრძო მთავარმა ექიმმა, – „ერთადერთი, ხელს თუ შეუწყობთ. სიმშვიდე, დიეტა და სუფთა ჰაერი სჭირდება! მერე, თუ გაგიმართლათ, მოსკოვში, კარდიოლოგიურ კლინიკაში წაიყვანეთ!”
ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც ექიმმა ურჩიათ, მაგრამ სამსახურიდან შინ მისულ ჯალაღონიას ყაზარმიდან სიგარეტის, ოფლის, არყისა და კირზის ჩექმების სუნი მიჰყვებოდა. ცოლი ბავშვის ცუდად ყოფნას ისედაც ქმარს აბრალებდა და პირველივე ავადმყოფობისთანავე ისეთი აყალმაყალი მოაწყო, რომ ჯალაღონია იძულებული გახდა ღამე ყაზარმაში გაეთია. მერე კაპტიორკაში, შინელებსა და აშმორებულ ვალინკებს შორის ძილი მობეზრდა და სულ სხვა კაცად იქცა. მართალია, ყაზარმის, ჩექმებისა და გუტალინს სუნს ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ ოჯახში დამთმობი გახდა – აღარც ეწეოდა და შინ მთვრალიც აღარ მიდიოდა. არ უნდოდა შვილის ავადმყოფობით გამწარებული ცოლისთვის გაღიზიანების საბაბი მიეცა. ყველანაირად ცდილობდა ესიამოვნებინა, ღამღამობით ბავშვის ტირილზეც ის დგებოდა... მაგრამ სახლისგან
განსხვავებით, სამსახურში ჭირვეული გახდა – უმნიშვნელო დარღვევაზეც კი სჯიდა ჯარისკაცებს. როცა ჯარი ზონაში შედიოდა, წითელთავა არც პატიმრებს ინდობდა. მერე წლები გავიდა. მხრებზე კენტად დაბნეული ვარსკვლავის მსგავსად, თვითონაც ერთი ორად გამსხვილდა, ხოლო მის ცხოველურ სისასტიკეზე ყაზახეთის ზონებში ლეგენდების მოყოლა დაიწყეს. მწითური მაიორის დანახვაზე 1800 ჯარისკაცი ხერხემლის გადატეხვამდე იზნიქებოდა, მისი ბრძანებით ჩაცუცქული პატიმარი კი მანამ ვერ გაიმართებოდა წელში, ვიდრე მტკაველზე გადმოვარდნილი სწორი ნაწლავი გაუტეხავ ყამირში ფესვებს არ გაიდგამდა...
* * *
– კაპიტანო, კარგად დააკავირდი, – ჯალაღონია მარტინენკოს მიმართავდა, თან სმენაზე მდგომი ჯარისკაცის წინ ბოლთას სცემდა, – ერთი შეხედვით ადამიანს ჰგავს: ხელები, ფეხები, თავის მოყვანილობა, ვერტიკალური ხერხემალი... თითქოს ადამიანია, მაგრამ, აბა, თვალებში შეხედე, როგორი მგლური გამოხედვა აქვს!
– რაო, ჯარისკაცო, მგელი ხარ? – კაპიტანი მარტინენკო ჯარისკაცს წინ დაუდგა.
– ...
– უპასუხე, ძუკნა, როცა წოდებით უფროსი მოგმართავს! – იღრიალა მარტინენკომ.
– რა მგელი, – ჯარისკაცმა ოფიცერს მზერა გაუსწორა, – მგელი რომ ვიყო, განა, ძაღლებს ამდენს ვაყეფებდი?
მარტინენკომ მთელი ძალით მოქნეული მუშტი ბალთის ზემოთ, ხებეს მეორე და მესამე ღილებს შორის ჩაარტყა.
ჯარისკაცი დარტყმას მომზადებული დახვდა. ჰაერის შესუნთქვაც მოასწრო, მუცლის დაჭიმვაც და უკან გახტომაც. დაეცა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს.
ჯალაღონიამ ფარაჯის საყელო კაუჭით შეიკრა.
– კაპიტანო, ადამიანები ადამიანებს ზრდიან, – თქვა მან, – მგლები – მგლებს, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ მგლები ადამიანებს შორისაც გამოერევიან ხოლმე!
კაპიტანმა მარტინენკომ კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა მწითური გოლიათის ამ სიტყვებს. კაბინეტიდან გასული ხუთ წუთში უკან სერჟანტებისა და მორიგე ჯარისკაცის თანხლებით დაბრუნდა.
– ვ კაპტიორკუ ეგო ნა ხუი! – გასცა ბრძანება.
სერჟანტებმა, კიბეები რომ არ დასვრილიყო, რიგითი გიორგაძე ძველ შინელში ჩადეს და ისე წაიღეს, მორიგე ჯარისკაცმა კი საპნიანი წყალი და ტილო მოიმარჯვა...
* * *
რიგითი გიორგაძე წითელ არმიაში გაწვევამდე, უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. არ დამალულა, მიუტანეს თუ არა შეტყობინება, მაშინვე გამოცხადდა კომისარიატში. სამედიცინო შემოწმება უპრობლემოდ გაიარა, მხოლოდ თვალის ექიმთან, სივცოვის ცხრილთან დააყოვნეს.
“გოდენ კ სტრაევოი სლუჟბე”, - თქვა ულვაშებიანმა კომისარმა და
გადაშლილ მიწერილობას ბეჭედი ხეთქა.
ქართველი ახალწვეულების ლაშქარს გიორგაძე ერთ კვირაში შეუერთდა და მოჰყვა იმ ნაკადში, რომელსაც ულვაშებდაწკეპილი ლეიტენანტები ყოველი წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ჯერ ნავთლუღის შემკრები პუნქტისკენ, ნავთლუღიდან კი სამხედრო ეშელონებით ძდევამოსილი წითელი არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესავსებად ერეკებოდნენ, მაგრამ როგორც კი სამხედრო ფორმა მოირგო, როგორც კი გაუტეხავი, სადღაც ცელიონოგრადსა თუ კრასნოიარსკის ზონებში შეკერილი კირზის ჩექმები ჩაიცვა, როგორც კი ნაცრისფერ, ნახევრადსველსა და კაუსტიკური სოდით აყროლებულ ბალიშისპირზე დადო თავი, როგორც კი მწყობრში მიმავალს ვიშე ნოგუ, შირე შაგო, დაუძახეს, მიხვდა: საბჭოთა არმია რომანტიული თავაგადასავლებისთვის არ გამოდგებოდა! არადა, როგორი იმედი ჰქონდა ივანოვოში მოვხვდები და იქაურ ფეიქარ ქალებში გავერთობიო. ნავთლუღის გასაწვევ პუნქტში შეკრებილი ათასობით წვევამდელის მსგავსად, მასაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ქალაქი ივანოვო, საბჭოთა კავშირის საფეიქრო მრეწველობის ცენტრი, ჯანმრთელი მამაკაცებისთვის ჟრუანტელის მომგვრელ ხიფათს შეიცავდა: ლეგენდის თანახმად, ივანოვო სავსე იყო ახალგაზრდა ქალებით. საეჭვო სტატისტიკის მიხედვით, ერთ მამაკაცზე საშუალოდ ასი სისხლსავსე და, რაც მთავარია, დაუკმაყოფილებელი დედაკაცი მოდიოდა. ლეგენდა მეტი დამაჯერებლობისთვის ამგვარი შეგონებით სრულდებოდა: „ღამით ქალაქში არ გახვიდე. მითუმეტეს, არ გახვიდე მარტო, თორემ დაგიჭერენ, ყვერებზე მავრთულს შემოგახვევენ და მორჩა, არ მოგეშვებიან, იმდენ ხანს გიხმარენ, ვიდრე სულს არ ამოგხდიან!” ბევრი, ძალიან ბევრი წვევამდელი თანახმა იყო ამგვარი ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო. განა უდაბნოში გზააბნეულ, წყურვილით გათანგულ ადამიანს წყალში დახრჩობით შეაშინებ? მაგრამ რიგით გიორგაძეს არ გაუმართლა: შინაგან ჯარში, მწითურ გოლიათთან, მაიორ ჯალაღონიასთან მოხვდა!
ჯალაღონია ჯარისკაცებისთვის ნამდვილი დედინაცვალი იყო, რიგითი გიორგაძე კი ყველაზე მეტად სძულდა. „იბი სვაიხ, ჩტობ ჩუჟიე ბაიალის!“ - იტყოდა ხოლმე და რაიმე უაზრო ან დამამცირებელ საქმეს დაავალებდა. ყოველ ჯერზე უკვდავების წყალზე აგზავნიდა და განა იმიტომ, რომ წყურვილი მოეკლა?
როგორც ყველა დედინაცვალი, მაიორიც ოცნებობდა გერის დაღუპვაზე, თუმცა ჯალაღონიას გულის გასახეთქად, რიგითი გიორგაძე ყოველთვის უვნებლად ბრუნდებოდა. უტიფარი ღიმილით შეხედავდა მწითურ გოლიათს და ჯარისკაცებს თვალს ჩაუკრავდა, მაგრამ ერთხელ ისეთი დავალება მიიღო, რომლის შესრულება არ შეეძლო. რიგითმა გიორგაძემ კარგად იცოდა: ფეხსალაგი რომ გაეწმინდა, მძღნერის სუნს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე ვერ მოიშორებდა...
ჯალაღონიამ დედა შეაგინა და მუშტი მკერდში ჩაარტყა. რიგითმა გიორგაძემ კი ხელში შეჩეჩებული, მოშლილი კანალიზაციის ხშირი წმენდისგან გაშავებული გვარლი გადაუჭირა. გადარეულმა ჯალაღონიამ ხელი კისერში წაავლო და ლენკომნატაში შეათრია, მოგვიანებით კი ბრძანება გასცა, ვ კაპტიორკუ ეგო ნა ხუიო. სერჟანტებმა კიბეები რომ არ დასვრილიყო, რიგითი გიორგაძე ძველ შინელში ჩადეს და ისე წაიღეს, მორიგე ჯარისკაცმა კი საპნიანი წყალი და ტილო მოიმარჯვა...
ამ დღიდან მოყოლებული მაიორი და რიგითი ერთმანეთს კრიჭაშეკრულნი ებრძოდნენ. ჩივილი, სისხლის სამართლის ან დისციპლინარული სასჯელის დაკისრება არცერთს უცდია...
* * *
მაიორი ჯალაღონია ყარაულის შესამოწმებას დილის ექვს საათზე შეუდგა, თან ცოლის საყვარელი ფინია, ბურთივით მრგვალი ჩაპა გაიყოლა. საყარაულოში შესულმა მწითურმა გოლიათმა მთელ ხმაზე იყვირა, ხანძარი მეათე საგუშაგოზეო. ნამძინარევი სერჟანტები და რიგითები, მათ შორის გიორგაძეც, მეათე პოსტისკენ გაიქცნენ, თან ნიჩბები, ცეცხლსაქრობები და კონუსის ფორმის სათლები გაიყოლეს.
საყარაულოში სამი ჯარისკაცი დარჩა. იმის გამო, რომ საკეტი რიგითმა გიორგაძემ მოშალა, კარი ავტომატურად აღარ დაიკეტა. ჩაპამაც, ჯალაღონიას ცოლის საყვარელი ძაღლმა, ამით ისარგებლა და გარეთ გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ, ფინიამ ჯერ საყარაულოს მახლობლად, ასფალტის ნაპრალიდან ამოსულ ლეღვის ხეს მიაფსა, შემდეგ კი მავთულხლართებით დაწნული ღობისკენ გასწია.
- სად არის ძაღლი, ძუკნავ? - პოსტიდან დაბრუნებულმა მაიორმა ჩაპა მოიკითხა.
- ძუკნა?
- ძაღლი, ჩემი ძაღლი!
- ჩაპა? - შეცბა ყარაულის უფროსი და ჩაპა-ჩაპას ძახილს მოჰყვა, - აქ უნდა იყოს!
- სად აქ, შენი დედა, სად აქ?
სერჟანტმა მხრები აიჩეჩა. ჯალაღონიას გულმა ცუდი უგრძნო. მწითურმა გოლიათმა ზონის ბარაკებისკენ გაიხედა. ფერი დაკარგა. „კარაულ ვ რუჟიო“, იღრიალა მთელ ხმაზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო: ჩაპას სისხლიანი ტყავი პატიმრებმა მავრთულხლართზე გადმოკიდეს...
მთელი თვე ყაზარმაში ეძინა ჯალაღონიას...
მწითურ გოლიათს რიგითი გიორგაძისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა ხვდებოდა ვისი წყალობით იქცა ჩაპა ჭლექიანი პატიმრების კერძად. რიგითი გიორგაძეც ხვდებოდა, რომ ეს დუმილი, ჯალაღონიას სასტიკი შურისძიების მაუწყებელი იყო. იცოდა, რომ მწითური გოლიათი ვალში არავისთან დარჩებოდა, რომ მტერს, ნამდვილ მტერს არ აცოცხლებდა.
ჯალაღონია მართლაც ემზადებოდა...
კურსანტობის დროს ნასწავლი გაიხსენა, რომ მტრის განადგურება ადვილია როცა იცი სად იმყოფება და როგორია მისი ბრძოლისუნარიანობა, როგორაა შეიარაღებული, რას აკეთებს და როგორ შეიძლება მოიქცეს. ბრძოლის წარმოება უფრო ადვილია მაშინ, როდესაც იცნობ იმ ადგილს, სადაც ბრძოლა მოგიწევს...
მწითური გოლიათი მტერს კარგად იცნობდა, იცოდა თუ როგორ იყო შეიარაღებული და სად უნდა დასხმოდა თავს, როგორ უნდა ემოქმედა... მაგრამ ჯალაღონიამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა: ყურადღება არ მიაქცია მეცხრე საგუშაგოს, სადაც დილის ოთხიდან ექვს საათამდე სერჟანტი ბაგიშევი მორიგეობდა და, საიდანაც კარგად მოჩანდა მტრის, რიგითი გიორგაძის მიერ გატკეპნილი მეათე საგუშაგოს პერიმეტრი...
გიორგაძეს, ისევე როგორც ყარაულში სიარულით გატანჯულ სხვა ჯარისკაცებს, ყველანაირ პოზაში, მათ შორის ფეხზე მდგომსაც შეეძლო დაძინება, მაგრამ იმ ღამეს ვერ მოახერხა. მეათე საგუშაგოზე ტელეფონმა დარეკა.
- გიორგაძე, - ყურმილში ბაგიშევის ხმა გაისმა, - მგონი, შენ ტერიტორიაზე ვიღაცაა შემოსული.
- რა იცი, ბაგიშევ, დაინახე რამე? .
- ისეთი არაფერი, მაგრამ, მგონი არ ვცდები, შენი რა მიდის, დარეკე საყარაულოში და პოსტის გაძლიერება მოითხოვე.
ბაგიშევი რიგითი გიორგაძის მოვალე იყო. არც მეტი, არც ნაკლები, სიცოცხლე ემართა. რომ არა გიორგაძე, სუმგაითელ სერჟანტს ჩეჩნები მოკლავდნენ.
ნედლი ჯარისკაცებიდან სერჟანტი ბაგიშევი ყველაზე მეტად ჯიბრაილოვმა, ჩეჩენმა ახალწვეულმა გააწვალა. მწყობრში სიარულისას ფეხს შეგნებულად ურევდა, სიმღერის დროსაც შეგნებულად ბღაოდა. ყაზარმიდან, აბანოდან და სასადილოდანაც ყველაზე გვიან ჯიბრაილოვი გამოდიოდა. კვირის თავზე ბაგიშევმა თავის დარტყმით ცხვირი ჩაუმტვრია, მუშტით კი - ლავიწის ძვალი. წელიწადნახევრიანმა ჩეჩნებმა საქმის გასარჩევად, საღამოს შემოწმების შემდეგ, კეჩის საწყობის უკანა ეზოში დაიბარეს. ბაგიშევს მარტო უნდოდა წასვლა, მაგრამ გიორგაძემ არ დაანება.
- ვიცი, მოგკლავენ, - უთხრა, - გამოგყვები, თვალებს მაინც დაგიხუჭავ!
არ მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩეჩნებში გიორგაძის ნაცნობი ერია. გებიშ მარგოშვილი იყალთოში, ბიძის ოჯახში გაიცნო. მერე კარანტინშიც ერთად იყვნენ და ერთად იხდიდნენ ათ დღეღამიან სასჯელს გარნიზონის ჰაუპტვახტში, სადაც ქისტი ძმადნაფიცის გულისთვის გიორგაძეს ყარაულის უფროსმა, სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ლეიტენატმა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მოტეხა.
ბაგიშევი გადარჩა, თუმცა ჩეჩნებმა ბოლომდე მაინც არ აპატიეს. უთხრეს, ჯიბრაოილოვს მხარი რომ მოურჩება, ერთი ერთზე უნდა ეჩხუბოო...
- მოჩვენებები დაგეწყო? - გიორგაძემ შიშის დამალვა სცადა, - ბაგიშევ, იქნებ, სიზმარი ნახე?
- შენი საქმისა შენ იცი! - სერჟანტის ხმა შორიდან ისმოდა, - მაგრამ არ დაიძინო, ბიჯო, გესმის, არ დაიძინო!
რიგით გიორგაძეს დაძინება აღარ უცდია. ერთი ხანობა დამფრთხალი კოშკურაზე აძვრა და იქიდან ათვალიერებდა პერიმეტრს. საეჭვო ვერაფერი შენიშნა, დაწყნარდა და ისევ ძირს ჩამოვიდა. გადატენილი ავტომატით წინ და უკან სიარულს მოჰყვა. ასე ერჩივნა, სიარულში დრო უფრო ჩქარა გადიოდა. დათვლილი ჰქონდა: ერთ შემოვლას ათ წუთს ანდომებდა...
...ჯალაღონია კი ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ისე ახლოს მიეპარა, რომ შეეძლო დანა ესროლა, მაგრამ მავთულხლართებმა შეუშალა ხელი. რიგითმა გიორგაძემ ათოდე მეტრში ისე ჩაიარა, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, არადა მახვილმა მთვარის შუქი აირეკლა.
- იდექი! – კბილებში გამოცრა ჯალაღონიამ და ბასრი ლითონის პირი ყელზე მიადო. - არ გაინძრე, ძუკნავ, თორემ უთავოდ დარჩები!
- არ მომკლათ, ამხანაგო მაიორო! - ამოიხროტინა რიგითმა.
- როდის აქეთ გავხდი „ამხანაგი მაიორი“? მე ხომ მწითური ნაგაზი ვარ, ბოზო!
ჯალაღონიამ რიგით გიორგაძეს ავტომატი აართვა და იქვე, შორიახლო დააგდო.
- არ მომკლათ...
- გეშინია? - გაიხარა ჯალაღონიამ, - ვერ შეგპირდები! განა არ იცი, რომ მგლის მოკვლისთვის პრემიაა დაწესებული... შენნაირი ცხოველის ტყავში ორმაგ პრემიას უნდა იძლეოდნენ. შენ საუკუნე რომ იცოცხლო, სახეიროს არაფერს გააკეთებ...
- მაპატიეთ... - ძლივს გამოსცრა კბილებში რიგითმა გიორგაძემ.
- იმ ქვეყნად მთავარანგელოზმა გაპატიოს, მე კი აქაურობას უნდა მოგაშორო, ტყუილად ამძიმებ ქვეყანას...
- ამხანაგო მაიორო, შინ დედა მელოდება... გამოვსწორდები...
- გამოსწორდები სამარეში, შენი დედა! - ჩასძახა ყურში, - დედა გაახსენდა? რაც შენ ხარ ის დედაშენი იქნება, განა ქაქი მქნელს არა ჰგავს? რომ გაცოცხლო, რა ხეირი შენგან? მოგკლავ, სურსათს მაინც დავზოგავთ! შენნაირი ვირთხების ადგილი მიწაშია! - თქვა ჯალაღონიამ და დანა თავს ზემოთ შემართა.
რიგითმა გიორგაძემ თვალები დახუჭა და ლითონთან შეხებას დაელოდა.
მწითურ გოლიათს გეგმა დაწყობილი ჰქონდა: რისთვის შეიძლება მოკლან გუშაგი, თუკი პატიმრები არ გარბიან?
ცხადია, იარაღისთვის!
მაგრამ ჯალაღონიამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა: მთვარიანი ღამე, რომლის სხივებსაც ვერაგულად ირეკლავდა ლამის ნახევარმეტრიანი მახვილი. წლების წინ, კურსანტობისას ნასწავლი, მზვერავის მთავარი შეგონება დავიწყებოდა: „გამურე დანა თავდასხმის წინ, რათა ლითონის ბრჭყვიალმა არ გაგცეს!“
სერჟანტმა ბაგიშევმა სწორედ ეს ბრჭყვიალი დაინახა. დაინახა და, საყარაულო სამსახურის წესდების დარღვევით, გაფრთხილების გარეშე ატეხა სროლა. დამიზნება არც უცდია. რომ მოენდომებინა, მწითურ გოლიათს მაინც ვერ ააცდენდა...
* * *
იმ ღამეს სამხედრო ნაწილს არ დაუძინია: ჯალაღონია ყურს ქვემოთ, ექიმების თქმით, შიდა საუღლე ვენაში მოხვედრილმა ტყვიამ იმსხვერპლა; მხარში, უფრო ზუსტად კი, ლავიწ-დვრილისებულ კუნთში დაჭრილი რიგითი გიორგაძე კი იოლად, ოპერაციის გარეშე გადარჩა, თუმცა ყველაზე მეტად სერჟანტ ბაგიშევს გაუმართლა: გიორგაძის ვალიც გაისტუმრა და ფხიზელი სამსახურისთვის, ორკვირიანი შვებულებაც დაიმსახურა...
მოგვიანებით, სამხედრო ნაწილის სასადილოში შეკრებილი ოფიცრები ყოფილი მეთაურის შესანდობარს წყალში გაზავებული სპირტით რომ სვამდნენ, ლეინტენანტმა დოლიამ თქვა: ჯალაგონია ძველი წრთობის ნამდვილი ოფიცერი იყოო; ძლიერი, გონიერი და დაუნდობელი! სისტემაც მის სასარგებლოდ მუშაობდა, დიდი ძალისხმევის გარეშე გასრესდა ნებისმიერს, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა, მისი არავის ემართაო...
ყველა დაეთანხმა, ერთის გარდა. ეგ რა შუაშიაო, თქვა კაპიტანმა მარტინენკომ და, ვიდრე მღვრიე სითხით სავსე თუნუქის ფინჯანს პირთან მიიტანდა, ჯალაღონიას შემცვლელს, ვიცე-პოლკოვნილ შაპოვალოვს, ახალწვეულისთვის წართმეული სანთებელა აჩუქა...
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment