თარგმნა თაკო ლეკვეიშვილმა
კაცი თევზებს უყურებდა. თევზები შუშის იქით მშვიდად დაცურავდნენ. მათთვის ქვის ფილებისაგან აკვარიუმი აეშენებინათ. აკვარიუმი დიდი იყო. მისი ნახევრადჩაბნელებული კედელი სიღრმეში იკარგებოდა. კაცის წინ კი შუშის კედელი აღმართულიყო. გამოქვაბულის მსგავს ჩაბნელებული დერეფნის ორივე მხარეს, კედლებში ჩაშენებულ აკვარიუმებში ნაირ-ნაირი და ფერად-ფერადი თევზები გამოფენილიყვნენ. ყოველ აკვარიუმს ზემოდან უხილავი შუქი ანათებდა. კაცი ახლა უკვე იჯდა და ისე ათვალიერებდა ჩუმსა და ცივ სინათლეში მყოფ თევზებს.
თევზები მშვიდად ეკიდნენ შუშის მიღმა. თითქოს ჩიტები ყოფილიყვნენ, ფრთა-მოტეხილი ჩიტები. თითქოს ზეცაში ეკიდნენ. ბუშტუკებს უშვებდნენ, ოდნავ ირხეოდნენ და ძალიან ნელა ატყლაშუნებდენ ფარფლებს. ეს რომ არა, ვერც კი იგრძნობდა კაცი წყალში თუ იყვნენ. კაცმა პირდაპირ, ფსკერზე ორი თევზი ერთად შენიშნა. თავები ერთმანეთისათვის მიეტყუპებინათ და კუდებს იქნევდნენ. უეცრად შეფართხალდნენ, მაღლა აიჭრნენ, შუა გზიდან მოუხვიეს და კვლავ ფსკერზე დაეშვნენ. თითქოს ერთმანეთის კოცნას ლამობდნენ, მაგრამ ისევ განცალკევდნენ. ასე ტრიალებდნენ და აქეთ-იქით დასრიალებდნენ.
კაცი ჩამოჯდა. ასეთი გაუთავებელი მოძრაობა ჯერ არ მინახავსო, გაიფიქრა. მთელს ქვეყნიერებაზე ყველა სხვა აკვარიუმში და წყალსაცავში თევზები თავისთვის დაცურავენ და საკუთარი მარტივი მიხრა-მოხრა აქვთ. რა არ ენახა: თევზები, ფრინველები, ადამიანები. ტყეში, ქუჩებში. ცით მოწყვეტილი ვარსკვლავებიც კი ენახა, მაგრამ მსგავსი ჰარმონია - არასოდეს! ერთდროულად შემოდგომაზე ფოთლები არ ცვივა, არც სანოვრუზო ჯეჯილი ამოდის ქოთანში ერთბაშად. არც ვარსკვლავები იწყებენ ციმციმს ერთსა და იმავე დროს. მაგრამ წვიმა? აი, წვიმა - შესაძლოა. წვიმის ძაფები თითქოს ერთად მოედინებიან. ან იქნებ ზღვიდან აღმდგარი ორთქლი?
ეს ორი თევზი განუყრელად ერთად დაცურავდა. ალბათ იმიტომ, რომ ერთნაირები იყვნენ. ხოლო ასე ერთნაირნი რომ იყვნენ, იმიტომაც მეგობრობდნენ. მათი ჰარმონიული მოძრაობა შვა ერთსულოვნებამ, თუ ერთსულოვნება განაპირობებდა ამ ჰარმონიას? იქნებ ტყუპები არიან? მაგრამ არსებობენ კი ტყუპი თევზები?
კაცს ჩამიჩუმი არ ესმოდა, მაგრამ ისიც კი დაუშვა, რომ ეს ორი თევზი ერთმანეთს ელაპარაკებოდა და მათ ერთმანეთისა ესმოდათ. მაგრამ რატომ არ შეუძლიათ ეს სხვა თევზებს? ესენი იცნობენ ერთმანეთს. მათ ამ ვიწრო აკვარიუმში ცხოვრება რიტმულ ცეკვასა და კეკლუცობაში გაჰყავთ. მაგრამ როდემდე გასტანს მათი ამგვარი ცეკვა?
მოხუცმა ქალმა, რომელსაც პატარა ბავშვისთვის ჩაევლო ხელი და აკვარიუმის დასათვალიერებლად შეჩერებულიყო, კაცს მოჰკრა თვალი. ქალი ბავშვს თევზებზე მიუთითებდა. კაცი წამოდგა და აკვარიუმისკენ წავიდა. ლამაზ-ლამაზი თევზები თავისუფლად და ზანტად დასრიალებდნენ. აკვარიუმი მშვენივრად იყო განათებული და შიგნით ყველაფერი მსუბუქ სიმშვიდეს მოეცვა. ქალი ბავშვს თევზებზე უთითებდა - შეხედეო! შემდეგ მისი აწევა მოინდომა, მაგრამ ძალა არ ეყო. კაცმა ხელი მოხვია პატარას და მაღლა ასწია. "გმადლობთ, ბატონო", - უთხრა დედაბერმა.
ცოტა ხნის შემდეგ კაცმა ბავშვს უთხრა: "შეხედე იმ ორს, რა ლამაზები არიან ერთად!"
ის ორი თევზი ისევ ერთმანეთის პირისპირ იდგა. ფარფლები ნაზად უთრთოდათ. აკვარიუმის კიდის ზომიერი შუქი დილის სიზმარს წააგავდა და ქვის ფილებს სუფთას და კრიალას, მშვიდსა და მსუბუქს აჩენდა.
ახლა თევზები კვლავ გაიყარნენ, რათა ისევ შეყროდნენ ერთმანეთს და გვერდი-გვერდ ეცურათ.
კაცმა ბავშვს უთხრა: "შეხედე იმ ორს, რა ლამაზები არიან ერთად!"
ბავშვმა ცოტა ხნის შემდეგ ჰკითხა: "რომელ ორს?" კაცმა უპასუხა:
"იმ ორს. იმ ორზე გეუბნები, იმ ორს შეხედე!" და თითი აკვარიუმის შუშას მიადო. შუშაზე ვიღაცას ნემსით თუ ლურსმნით ავტოგრაფი ამოეკაწრა.
ცოტა ხნის შემდეგ ბავშვმა თქვა: "ორნი არ არიან".
"აი, ისინი, ის ორნი" - დაჟინებით იმეორებდა კაცი. ბავშვმაც გაუმეორა: "სწორედ ისინი! ორნი არ არიან. ერთი მათგანი მეორის ანარეკლია, რომელიც შუშაში მოჩანს".
კაცმა ძირს ჩამოსვა პატარა და სხვა აკვარიუმების დასათვალიერებლად გაემართა.
© „არილი“
No comments:
Post a Comment