დღიურებიდან
1976 წ. 1 იანვარი
ამ წელიწადს მთავარია სტუდია-სახელოსნო
თეატრი უნდა შევქმნა!
* * *
ძალიან მნიშვნელოვანია არა იდეა, სათქმელი, არამედ დედააზრი. რა უბრალოა, მაგრამ რა ზუსტი, სწორი. გენიალურია. ყველაფერი საამისოდაა. დედააზრი - ყველაფრის საწყისი და მაორგანიზებელი, მთავარი გენი.
"ახალი ტაძარი ახალ წესს ითხოვს", - წერს პიტერ ბრუკი. ძალიან ზუსტია! როგორი წესი ექნება ჩვენს სტუდიას? თეატრი რიტუალიდან უნდა აღმოცენდეს. ჯერ რიტუალი იშვა და მხოლოდ ამის შემდეგ ააგეს მისთვის ტაძარი (თეატრი). როგორი რიტუალი გვჭირდება ჩვენ?
ფიქრები:
სტუდიაში პატარა სკივრი ან ზარდახშა უნდა დაიდგას, სადაც ყველა მსახიობი და რეჟისორი თავის პირად, მისთვის ყველაზე ძვირფას რელიკვიებს შეინახავს, რომლებიც მის სახლთან, მშობლებთან, შვილებთან იქნება დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ჩემი ძველი, ჯავახიშვილის ქუჩის სახლის აგურის ნატეხი, კოვზი, რომლითაც ბავშვობაში მაჭმევდნენ, სათვალე დედაჩემის, რომელიც დიდი ხანია აღარ არის ცოცხალი. მე მოვიტან მუშამბის პატარა ნაჭერს სამშობიაროდან, სადაც ლიკას ნომერია დაწერილი (საბრალო ჩემი ნინელიკა!). თითოეულმა თავისი სულის ნაწილი მოიტანოს და ამ ჩვენს სკივრში შეინახოს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, 31 დეკემბერს, ყველანი შევიკრიბებით, ამოვალაგებთ ამ ჩვენს რელიკვიებს და ჩვენი მეგობრების წინაშე მთელი წლის აღსარებას ვიტყვით. აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ ვნებათაგან ჩვენი სხეული, უნდა დავმშვიდდეთ და ფიქრებითა და შეგრძნებებით თეატრის სამყაროში გადავეშვათ.
1977 წ. 1 დეკემბერი
ვაშა-ა-ა-ა-! სავარძლები მოიტანეს. ჩვენ ჩვენი თეატრი გვაქვს. მალე, სულ მალე გაიხსენება ჩემი თეატრი! როგორი იქნება, ნეტავ?
* * *
გავხსენი თეატრი-სახელოსნო. ახალი თეატრი - ახალი სწავლება! თუ ახალი სწავლება არ არის, თუ რწმენა არ არის, არავითარი თეატრი არ აღმოცენდება.
არსებობს სიღრმისეული რეპეტიციები, როდესაც აზრის, წარმოსახვის და ინტუიციის ზემოქმედებით ტექსტის შიდა შრეებში ვიჭრებით და შიგ მოულოდნელ მოვლენებს, სვლებსა და აქამდე ვერ-ნავარაუდებ კონფლიქტებს გამოვაჩენთ. ასეთი რეპეტიცია გამდიდრებს. მიგნებები ფორმით საინტერესო ქმედით კონტურებს იძენს. მაშინ, ზეაწეული, წარმოსახვის ტალღით ატაცებული სწრაფი "სიჩქარით" თხზავ და ძერწავ სცენებს და მიქრიხარ, მიქრიხარ... არც კი იცი, სად. რა ბედნიერი ხარ ასეთი რეპეტიციის დროს.
1978 წ. 6 თებერვალი
57 წლისა გავხდი. რატომღაც მილოცავენ, იმის მაგივრად, რომ კიდევ ერთი დაკარგული წელი მომისამძიმრონ.
თუმცა, ეს წელი მაინცდამაინც დაკარგული არ იყო - თეატრი შევქმენი! პატარა, მაგრამ ჩემი თეატრი! ასეთი თეატრი არსად არის. სად შეიძლება მოიძებნოს თეატრი, სადაც სპექტაკლის დღეს ძალიან დაწვრილებით და დიდხანს გადიან სცენებს ამ სპექტაკლიდან? სად არის ისეთი თეატრი, სადაც დღევანდელი სპექტაკლის ყველა მონაწილე, დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე, მობილიზებული, მაქსიმალურად ყურადღებამოკრებილია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მსახიობები ფოიეში შუქს აქრობენ, სანთელს ანთებენ, მის ირგვლივ მუქ სილუეტებად იკრიბებიან, ვიღაც მუხლებზეც კია დაჩოქილი. მურმან ჯინორია ჩუმად იწყებს: - "გაიხსენეთ, რისთვის გამოდიხართ სცენაზე? აქტიურად ვიფიქროთ ჩვენს როლებზე, რატომ და რისთვის გავდივართ სცენაზე. რა ფუნქცია აქვს ჩვენს როლს. გაიხსენეთ, რომ ჩვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვართ დედამიწის ზურგზე, საშუალება გვაქვს, ჩვენი სათქმელი ვთქვათ სცენიდან. მოემზადეთ, გაიხსენეთ, ვის და როგორ თამაშობთ..." ყოველ ჯერზე ეს სიტყვები ახალია, კონკრეტული, განწყობის შექმნაში გეხმარება. მერე, ოდნავ გასაგონად მღერიან (მზია იწყებს) თავის ჰიმნს და ვიღაც აქრობს სანთელს. ამ დროს კი მაყურებელთა დარბაზში უამრავი ხალხია. მათ რომ იცოდნენ, ამ წუთებში კულისებში რა ხდება, ყველანი იქ შემოცვივდებოდნენ ამ ჭეშმარიტი რიტუალის სანახავად - სხვაგან რომ არსად არსებობს, ისეთი თეატრის რიტუალისა, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე თავად სპექტაკლი. ის უნიკალურია! სად არის კიდევ თეატრი, სადაც ყველა რეჟისორი, ჩემი მეთაურობით, მსახიობთა თამაშის, განათების, მუსიკის და ა.შ. სულ უმცირეს შეცდომებსა და უზუსტობებს პედანტურად იწერს. სად არის კიდევ თეატრი, სადაც სპექტაკლის შემდეგ (ჯერ კიდევ გრიმსა და კოსტიუმებში) იწყებენ გარჩევას - ვინ როგორ ითამაშა და რა აკლდა დღევანდელ წარმოდგენას. სად არის კიდევ თეატრი, სადაც ყოველი სპექტაკლის შემდეგ მსახიობებს ნიშნებს უწერენ? - არსად. ეს არაჩვეულებრივია, ეს რწმენაა, რელიგია თეატრისა!
მიყვარს თეატრი! მაგრამ ჩემი მსახიობებისთვის მეტი ალერსი უნდა გავიღო. აი, რა მაკლია. მე - მხოლოდ ვითხოვ, ალერსი კი - სასწაულებს ახდენს.
* * *
შინ მარტო ვარ. სტუდიაში დღეს უქმეა. გაბმულად ჭიკჭიკებენ ჩვენი ჩიტები, სიმღერად არიან ქცეულნი, მთელ ბინაში დაფრინავენ - გეგონება თავიანთი ბინა იყოს, ერთმანეთს დასდევენ. რატომ მღერის ჩიტი? რატომ წერს ადამიანი ლექსს? რატომ თამაშობს მსახიობი სპექტაკლს? იმიტომ, რომ გამოხატოს თავისი აღტაცება სიცოცხლით. ის ხომ მშვენიერია! სიცოცხლე - ბედნიერებაა! ბედნიერია ამქვეყნად მოსული, მაგრამ ეს არ უწყის. ჩიტმა კი იცის. მას არანაირი კომპლექსი არ აწუხებს. აი, ლოჯიაში მზემ შემოანათა და ჩიტიც ტრელებად დაიღვარა, მისი მეგობარიც შეეხმიანა. სცენაზე იმისთვის უნდა ითამაშო, რომ სიცოცხლის მიმართ შენი აღტაცება გამოხატო, სიხარული შენი არსებობის გამო, მყოფობის ბედნიერება! ყოველ ჯერზე, სცენაზე კვდომისას, მყოფობის, არსებობის სიხარული დაბადო. რა ბედნიერებაა - ყოფნა!
ქუჩაში კაცი მიდის. კოჭლობს. სიარული უჭირს. გაქცევა რომ შეძლებოდა - მასზე ბედნიერი, ალბათ, არავინ იქნებოდა. ჩვენ შეგვიძლია ვირბინოთ, ვწეროთ, ვხატოთ, ვითამაშოთ, დავინახოთ, გავიგონოთ, შეგვიძლია სიყვარული, სუნთქვა - ბოლოს და ბოლოს, და რატომღაც, არ მივიჩნევთ თავს ბედნიერად. ჩიტი კი მღერის და ამით გამოხატავს თავის სიხარულს, იმ სასიამოვნო მღელვარებას, მის გულსა და სულს რომ ავსებს. რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ მაყურებელთა დარბაზიც ჩიტსავით მღელვარებდეს?!
სცენაზე, სპექტაკლის დროს, სულ უნდა გქონდეს იმის შეგრძნება, რომ ადამიანებს შენი ცხოვრების, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის შესახებ მოთხრობებს უამბობ. ცხოვრების გამჭოლი ხაზი უნდა ითამაშო, გმირთა ქცევებითა და განცდებით თხრობა. და მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა სპექტაკლი კარგი. ქცევით თხრობა მსახიობის შესრულებას მტვრის ტილოსავით ჩამოაცილებს მსახიობური ოინების და "ხრიკების" წლობით დადებულ მტვერს. უნდა ისწრაფოდე მთავარისკენ, რისი გულისთვისაც გამოდიხარ სცენაზე, რისი გულისთვისაც ხარ ამ ჩვენი სამარცხვინო საქმით დაკავებული.
* * *
ჩემი წიგნი მაღაზიის თაროებზე დევს. ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით ასეა. ზოგჯერ რომელიმე მაღაზიაში შევივლი და თვალებით ვაწყნარებ მას: ნუ გეშინია, გიყიდიან, გიყიდიან. ის კი ობლად შემომცქერის და ჩემს მზერაში დარწმუნებულობას ხედავდეს დიდად-მეთქი - ვერ ვიტყვი.
* * *
ფანჯრებს მიღმა ეზო ჩიტებითაა გავსებული. ისინი რაღაც თავის ამბებზე, ძალიან აქტიურად მსჯელობენ, ღელავენ, კამათობენ, განიცდიან. თითქმის ისევე, როგორც ადამიანები. თბილა. მზიანი ამინდია. ფანჯრები ღიაა. ნამდვილი ზაფხულის დღეა.
ახლა გავიფიქრე: როდესაც ახალი თაობის რეჟისორებისა და მსახიობების შესახებ უფრო მეტი გინდა გაიგო, ამისთვის რა კარგი საშუალებაა, მათთან ერთად ცხოვრებიდან აღებული ეტიუდებით იმუშაო. ეს ეტიუდები გარემომცველი ცხოვრება-სინამდვილის მიმართ მათი დამოკიდებულების ანაბეჭდი, კვალი, ანარეკლი გახდება. ის, რასაც სტუდენტი ჯერ ვერ გამოხატავს, ვერ განსაზღვრავს სიტყვებით, იმის გადმოცემას, ასახვას ეტიუდით შეძლებს. ახალგაზრდების ეტიუდური შემოქმედება საშუალებას მომცემს, მათი შინაგანი სამყაროს შესახებ ობიექტური ინფორმაცია შევიქმნა - რა გარემოში ცხოვრობენ ისინი და როგორ? მომცემს საშუალებას, შევისწავლო მათი სამყარო, მათი ინტერესები, მათი გარემოცვა და დავეხმარო, სრულყონ საკუთარი თავი, გემოვნება და ჩვეულებანი, შეხედულებანი და ჩვევები. რა საინტერესოა, მეორე ადამიანის საიდუმლოს ჩაწვდე, შეიცნო მისი აზროვნების წესი, აღმოაჩინო ის ახალი, რაც ჩვენთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის, ძნელად გასაგებ თაობას აქვს. ისინი ხომ ჩვენ სრულებით არ გვგვანან. რა საინტერესოა ეს ყველაფერი!
* * *
შეგრძნებები - ბადებს აზრს,
აზრი - ბადებს სურვილებს,
სურვილები - ქცევებს,
ქცევები - ჩვევებს,
ჩვევები - ხასიათს,
ხასიათი - ადამიანს და მის ბედს.
რა საინტერესოა!
* * *
ბიჭვინთა. ფიქრები: თუ ადამიანს შესწევს უნარი, ყოველ ჯერზე გაიკვირვოს და ხელახლა აღმოაჩინოს ის, რასაც თავის გარშემო ხედავს - ბედნიერი ადამიანი ყოფილა.
სულის მოძრაობა. რა არის ეს? არადა, ესაა ყველაზე მთავარი, რითაც ადამიანები ერთმანეთთან ან საკუთარ თავთან ამყარებენ კონტაქტს. ეს ის არის, რაც ადამიანებისგან, ჩვეულებრივ, დაფარულია, მაგრამ, რაც მუდმივად ხდება. ესაა ჩვენი ფიქრები და განცდები: მოუთმენელი, დაუმშვიდებელი, მუდმივად რაღაცისკენ მიმსწრაფი. ეს ფარული მოძრაობაა, სწრაფვა. ერთი ადამიანისა მეორისაკენ. იგი ყოფითი საქმეებისა და ჩვევების მიღმაა დაფარული. სულის მოძრაობა - ესაა გარეშე თვალისათვის მალული, მაგრამ მუდმივ მოძრაობაში მყოფი საიდუმლო სწრაფვანი და განცდები. ესაა ბილიკები, რომლებსაც მუდმივად კაფავენ ჩვენი სურვილები, ფიქრები და გრძნობები სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უღრან ტყეში.
* * *
სიკეთე უნდა ქმნა. ასე მგონია, სტუდიის შექმნით კეთილი საქმე გავაკეთე და რაღაც კარგის შეგრძნება მეუფლება. ვინმემ რომ ნახოს, სპექტაკლისათვის როგორ ემზადებიან ჩემი სტუდიელები, როგორ უყურებენ სანთლის ალს, როგორ ურთიერთობენ მასთან, როგორ განაწყობენ ერთმანეთს სპექტაკლისათვის, როგორ განეშორებიან ყოველივე იმას, რაც ყოველდღიურია, დანალექია, ქუჩისაა, წარმავალი... ცდილობენ, მარადიულს ემსახურონ. რა ლამაზია ეს! ბედნიერი ვარ, როდესაც იქვე, სიბნელეში ვდგავარ და მათ ვუთვალთვალებ.
* * *
ოქტომბრის თვეში მზეა გარშემო. მზე და ფოთოლთა ყვითელი ფერი უმშვენიერესი პალიტრით მოეფინა არე-მარეს. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ყურყუმელაობ სითბოსა და ფერის ამ ოქროსფერ სტიქიონში.
წელიწადის სიბერე, რა მშვენიერია იგი!
* * *
პიესის ყოველი სცენა ეტიუდების მწკრივია, ჯაჭვი. ეტიუდი - სიტყვების შიგნით, ადამიანის შიგნით არსებული მოძრაობაა. აი, სადღაც იქ, შიგნით, სულში, ფიქრებში, სიტყვებს მიღმა რაღაც ხდება, რაღაც ფუთფუთებს. უნდა შეძლო, ამოიცნო და დაბადო შინაგანი მოძრაობა.
დამდგარი წყალი მოსაწყენია, აბობოქრებული კი - მშვენიერი. ღრმა წყალი მიყუჩებულია. შიგ ქვა რომ ჩააგდო, მის ზედაპირზე წრეები სეირნობას და ერთი მეორის მიყოლებით გაფართოებას დაიწყებენ. თვალისათვის დასანახი მხოლოდ ზედაპირული მოძრაობები იქნება. წყლის მთელი სიღრმე კი ქვამ აამღვრია, ქვამ ააღელვა. ესაა ეტიუდი. ცხოვრების ჩვეულ დინებაში მეტ-ნაკლებად კრიტიკული, კრიზისული სიტუაცია უნდა შევიტანოთ და ეტიუდიც შიგნიდან დაიწყებს გაცოცხლებას. ამის გარეშე სცენაზე სიცოცხლე არ იარსებებს, მოვლენები არ იქნება. მოძრაობა სულის შიგნითაა, რაღაციდან რაღაცისკენ მიმსწრაფი.
* * *
ყოველი სტუდენტი - განსაკუთრებული სამყაროა. ის უნდა აღმოაჩინო, გახსნა, შეისწავლო, შენებურად ისე გარდაქმნა, რომ თავისი განსაკუთრებული ხასიათი, თავისი ინდივიდუალობა არ დაეკარგოს და პროფესია შეისწავლოს, უმჯობესია, თუ ვიტყვით - დაეუფლოს.
* * *
თუ პიესაში, რომელსაც ამუშავებ, არ ჩადებ რაიმე საკუთარს, ავტობიოგრაფიულს, თუ თითოეულ პერსონაჟს, მოქმედების თითოეულ ხვეულს, თითოეულ მოვლენას საკუთარი გამოცდილებით არ გამსჭვალავ - კარგი არაფერი გამოვა. გენერალური რეპეტიციის ჩათვლითაც კი, ყურადღებით, გაფაციცებით უნდა ადევნო თვალყური, რომ ეს პიროვნული არ გაქრეს. არ შეიძლება, აბსტრაქტულად დგამდე პიესას ისე, რომ შენად არ აქციო. უნდა გამოიყენო სხვისი ქარგა და სიტყვები, მაგრამ აუცილებლად დადგა შენი, პიროვნული. პიესასაც დასადგმელად ხომ ამ ნიშნით ირჩევ - გაძლევს თუ არა ის საშუალებას, გამოხატო რაღაც შენი, ძალიან პიროვნული.
რაც უფრო მეტს იტყვი შენზე, მით უფრო მიუახლოვდები ავტორს - პარადოქსია!
* * *
განათება სცენაზე - სასწაულთა სასწაულია, თუკი მას არა როგორც ჭაღ-გამნათებელს შეხედავ, არამედ, როგორც - მზეს, რომელიც სცენას სიცოცხლეს, სიკვდილს, სიცივეს, სითბოს, მარტოობას, სიხარულს, სიყვარულს, ბოროტზე გამარჯვების ზეიმს ანიჭებს. რა აღარ ძალუძს შუქს, თუ ისევეა მოძებნილი, როგორც ხმა, ფერი, მხატვრული სახე. სცენა არ შეიძლება გაანათო, როგრც სადგური ან მაღაზია.
* * *
თეატრალური მართლმაგვარობა, ცხოვრების აღწერა - არ ნიშნავს ცხოვრების ასლის გადაღებას. არამედ ესაა ძერწვა განსაკუთრებული ცხოვრებისეული სიტუაციებისა, რომლებიც არაჩვეულებრივად მართლმაგვარად უნდა იყოს შესრულებული. უაღრესად თეატრალური ფორმის და პლანების დაძვრისას, შენაცვლებისას - შესრულების აბსოლუტური მართლმაგვარობა.
ქარი უბერავს, მაგრამ თუ გარშემო დატოტილი ხეები არ არის, ის არ ჩანს. ქარი - უხილავია. მაგრამ, საკმარისია, ჯიბიდან ამოვიღოთ ქაღალდის ტელეგრაფის ლენტი და ქარიც მაშინვე ხილული ხდება. აი, უყურე, რანაირ გრიგალებად იკლაკნება. ქმედებაც ასევეა. ცხოვრება, ავტორისეული ტექსტის ქვეშ, დაფარულია. ქმედების ლენტი პიესის სიტყვებიდან გამოთავისუფლებული ცხოვრებისა და ვნებების ზეწოლით ფეთქავს. თეატრში მთავარია, გრიგალი შექმნა. მოძრაობა, აქამდე უხილავი, ხილული გახადო!
* * *
ეტიუდი - მოვლენის, მთლიანი როლის, ურთიერთობების გადაწყვეტის ყველაზე მართებული გზაა, ეტიუდით შეიძლება ხასიათიც მოძებნო. ეტიუდი არ არის ტექნიკური საშუალება. ეს - შემოქმედებითი აქტია, მთხზველობა. რეპეტიცია ეტიუდურად უნდა ჩავატაროთ. ყველაფერი ეტიუდად უნდა ვაქციოთ. ეტიუდი - პატარა სპექტაკლია, უჯრედი მომავალი სპექტაკლისა, რომელიც, იმპროვიზაციის მეშვეობით, ცოცხლობს, თრთის. თითოეულ ეტიუდში დაპროგრამებული უნდა იყოს მთელი სპექტაკლი. ეტიუდი - სპექტაკლის გენია.
* * *
მხოლოდ სცენური რეპეტიციების დროს ვცოცხლდები, ფრთებს ვისხამ, მეორე სუნთქვა მეძლევა და უზომოდ ბედნიერი ვარ. თამაში - აი, თეატრის სტიქია, გაგრძელებული ბავშვობა, გადაქცეული პროფესიად. მიყვარს თამაში, ოღონდ სცენაზე. სარეპეტიციო ოთახი - თამაშისათვის მზადებაა.
* * *
კიდევ ერთხელ ვნახე ფელინის ფილმი "ორკესტრის რეპეტიცია". ნამდვილმა ხელოვნებამ ბოლოს ცრემლიც მომგვარა. აი, აქ არის პოლიფონია! მხოლოდ მუსიკას, - ამბობს ფელინი, - მხოლოდ შრომას შეუძლია გადაარჩინოს კაცობრიობა დაღუპვას და განადგურებას. მხოლოდ მწყობრ, დახვეწილ მელოდიას, როდესაც მას ერთად ვასრულებთ - შეუძლია გადაარჩინოს დაღუპვის პირას მდგარი კაცობრიობა. გარშემო ყველაფერი ინგრევა, იქცევა, ვერშესაერთებელ ნაწილებად იშლება, პირველქმნილ აზრსა და ჰარმონიას ვანაწევრებთ. დიდი ფელინი კი ყოველგვარ გაუცხოებას ერთი მთლიანად, მწყობრიდან აგებს. მხოლოდ მუსიკის წიაღში შეიძლება გადარჩე, მხოლოდ შრომაში შეიძლება იპოვო ხსნა. და აი, ამ საშინელი კოშმარისას ერთადერთი დირიჟორიღაა ყურადღებამოკრებილი, ჩაღრმავებული. დირიჟორი ყველას შეკრებს და ორკესტრი იწყებს დაკვრას. ჩვენს გარშემო ყველაფერი ინგრევა, ორკესტრი კი უკრავს და იბადება მუსიკა; და იგი აერთიანებს ადამიანებს სიმწყობრედ და მთლიანობად, ამ საშინელ ნგრევაში ღმერთთან გვაერთიანებს!
* * *
მოცარტი! კონცერტი N19. დილით, თეატრში წასვლამდე, ვუსმენ. ყურადღებას ვიკრებ, შინაგანად ვაკვირდები თხზულებას, მუსიკალურ სტრუქტურას, რომელსაც ის დროში ქმნის, ვაკვირდები თემის განვითარებას, მის დამუშავებას და იმას, თუ როგორ არის ეს ყველაფერი ინსტრუმენტებით, ანსამბლებით ხორცშესხმული. ვაკვირდები იმას, თუ როგორ თხზავს ის სვლებს, ხერხებს, ხმებში, ხმებით როგორ აფიქსირებს დროის წყვეტილობას. თვალყურს ვადევნებ, მივყვები მის ოსტატობას. ვცდილობ, პირდაპირი ასოციაციები არ გამიჩნდეს (აქ ნაკადული რაკრაკებს, იქ ძაღლი ყეფს, ჩიტები ჟღურტულებენ), რასაც ბავშვობაში მასწავლიდნენ. მუსიკა - ხმათა არაჩვეულებრივი, ღვთიური შეხამებაა. ეს ღმერთების ენაა. მისი მეშვეობით მათთან ვამყარებთ კავშირს.
თუმცა, არსებობს სხვაც - ლიტერატურული მუსიკა. ეს სულ სხვა რამაა და სუფთა მუსიკაზე რანგით დაბალიც.
* * *
თავს იმ იმედით როდი ვიმშვიდებ, რომ მაყურებლისთვის თეატრი - ტაძარია, მაგრამ მსახიობებისთვის ის უნდა იყოს ტაძარი. თუ არადა, რა აზრი აქვს, ემსახურო მას?! თუკი ის არ განგწმენდს, არ გაგაკეთილშობილებს, თუკი ის მხოლოდ ბალაგანია, სახიობა, მაშინ რისთვისღაა საჭირო?! თეატრში ყოფნას მაშინ აქვს აზრი, თუკი სასწაულს ეძებ, რომელიც ცხოვრებაში არ იპოვება. თეატრი ადგილია, სადაც ლაპარაკობენ და ქმნიან მთავარს: რისთვის ვარ, რისთვის ვართ, როგორები ვართ, როგორები უნდა ვიყოთ? თეატრი იმისთვისაა, რომ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ, გვერდიდან შეხედონ საკუთარ თავს და გაოცდნენ.
* * *
გენიალურია ქართული (გურული) სიმღერის, მრავალხმიანობის პოლიფონია. ახლა ვუსმენდი და ვტკბებოდი, ბედნიერი მივყვებოდი ცალკეულ ხმას და ვგრძნობდი რაღაცას, რაც შეუთავსებადის ამ გენიალური შეთავსებით იქმნებოდა. სწორედ ეს არის ხელოვნება.
* * *
ტრადიცია - ეს არის ის საუკეთესო, რაც ქართულ თეატრში დაკრისტალდა. ეს ის გენებია, სადაც წარსულისა და მომავლის ინფორმაციაა ჩადებული. ტრადიცია - დედაარსია, მას ვერ მოიგონებდა ორი-სამი ოსტატი და თეატრმცოდნე. ეს ის არის, რაც სვანურ ფრესკებს ბიზანტიურისგან გამოარჩევს, ქართულ საგალობელს, მრავალხმიანობას - მსოფლიოს სხვა ხალხთა სიმღერებისგან. ხშირად მიფიქრია იმაზე, რა გამოარჩევს ქართველს, ვთქვათ, სომეხისგან. ესაა სული და არა ჩოხა.
* * *
როდესაც რაღაც მტანჯავს, როდესაც ვეძებ, ეს როგორ გამოვხატო, მაშინ მჭირდება პიესა. მაგრამ, სად არის, სად ვეძებო? ეს ტანჯვა სიყვარულს ჰგავს, შიგნით დაგროვებული, დაბერილი, აფეთქებული გარეთ გამოსვლას ლამობს. ეს მინდა გამოვხატო. ამისთვის მჭირდება დრამა, სიტყვები, სიტყვები, სიტყვები, რომლებსაც საკუთარი შინაარსით, ემოციებითა და შთაგონებით ავავსებ. ამისთვის საჭიროა, ეს მოგენიჭოს (და თუკი არ გაქვს მონიჭებული, საიდან გააჩენ?). ამისთვის საჭიროა თეატრი, საკუთარი თეატრი, არა სამსახურეობრივი, არა აკადემიური, არამედ სახელოსნო, რომელიც ესოდენ მჭირდება ცხოვრებისათვის: 1. სცენა - სივრცე, 2. ჯგუფი მსახიობებისა, რომლებიც არსად იჩქარებენ და ბრმად მომყვებიან და 3. პიესა. თეატრი, სადაც არ იტყუებიან, არაფერს მოგაჩვენებენ; სადაც კი არ იმალებიან, არამედ ისეთები ჩანან, როგორებიც არიან; არაფერზე თამაშობენ, თავი არ მოაქვთ, ვითომდა, გატაცებული ვართო; თეატრი, სადაც ვისწავლით მთლიანად, მთელი არსებით როგორ შევასრულოთ ქმედება, ისე, როგორც ცხოვრებაში არაჩვეულებრივი სიყვარულის წუთებში ხდება, როდესაც შეუძლებელია განვსაზღვროთ, ცნობიერად ვმოქმედებთ თუ არაცნობიერად; როდესაც ჩვენ თვითონ კი არ ვმართებთ თავს რაღაცას, არამედ რაღაც გვემართება; როდესაც ურთიერთობა თავისთავად, ძებნის გარეშე აღმოცენდება, როდესაც ის აქ არის, როდესაც გრძნობები უკიდურესად გაშიშვლებულია და არ არის მოტყუება. აი, სწორედ ეს არის თეატრი, რომელიც მსახურების, ლოცვის ღირსია.
ჩემი თეატრი - რიტუალის, აღსარების თეატრია, სადაც მსახიობებმა და მაყურებელმა უკიდურესი თვითგახსნის, სულიერი თვითგაშიშვლების რიტუალი უნდა გამოიარონ.
* * *
სასწაული - მოვლენაა, რომელიც ბუნების საზღვრებს იქით არსებობს. და განა თეატრი კი არ არის სასწაული? - როდესაც სცენაზე არასოდეს არსებული ცხოვრება, ტანჯვა, სიხარული, ადამიანები, ხასიათები იბადება?!
თეატრი - სასწაულია.
© ”არილი”
No comments:
Post a Comment