უსათაურო, ანუ ჩემი "ღობე-ყორული"
ეს ჩანაწერები, ჩემთვის შეუმჩნევლად, "თავისთავად" იქმნებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ვწერდი მაშინ, როცა ლექსი არ მეწერებოდა და ზოგი მათგანი ლექსის ეკვივალენტი მგონია. ასეა თუ ისე, ჩემი ჩანახატები, ზნეობრივი და ფილოსოფიური სენტენციები (ღმერთმა დამიფაროს, არც მონტენს, არც ლაროშფუკოს თავს არ ვადარებ!), რაღაცნაირად წარმოადგენს ჩემს პიროვნებას და ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე შემეტანა ჩემს "ავტობიოგრაფიულ ნარკვევში". მკითხველმა განსაჯოს, რამდენად სწორად მოვიქეცი.
* * *
უსარგებლო ფიქრი - დროსტარების საუკეთესო საშუალებაა! გონება, ჩვენ, არა მარტო დისერტაციების დასაწერად, გართობისთვისაც მოგვცა ღმერთმა! შემოქმედი კაცი, მხატვარი, სიკვდილამდე ბავშვია და ტვინი, როგორც საყვარელი სათამაშო, მას არასდროს მობეზრდება! დროცა და სივრცეც, წარსულიცა და აწმყოც, მომავალიც და უსაზღვრო კოსმოსიც - ყოველივე ეს გონების სრულ განკარგულებაშია!.. საბრალონი არიან, ვისაც ამ სიმდიდრის გამოყენება არ შეუძლია!
მაგრამ ფიქრი აუცილებლად უსარგებლო უნდა იყოს - პრაქტიკულ ინტერესს მოკლებული! იგი უნდა გვიტაცებდეს, გვალაღებდეს, გვართობდეს, - ამ "გართობაში" კი ბევრი რამ იგულისხმება: ძიების აზარტიცა და აღმოჩენის სიხარულიც!
* * *
თავს იღარიბებს, ვინც მხოლოდ აწმყოში ცხოვრობს! უფალმა, ჩვენ მოგონებისა და ფანტაზიის, ანუ დროში გადანაცვლების უნარიც მოგვანიჭა... ამის შესახებ, კარგად წერს კურტ ვონეგუტი თავის რომანში "სასაკლაო N5": "ჩემი რომანის გმირი ბილ პილიგრიმი დროს გამოეთიშა - 50 წლის კაცი იყო, უკვე დაქვრივებული, როცა დაიძინა და თავისი ქორწინების დღეს, 20 წლის ასაკში გამოეღვიძა! მერმე უხილავი კარი შეაღო და 70 წლისა გახდა!.. ბილის თქმით, არაერთხელ გაუვლია თავისი ცხოვრების გზა - დაბადებიდან სიკვდილამდე. იგი განუწყვეტლივ მოგზაურობს დროში და ზოგჯერ თვითონაც არ იცის, დღეს სად აღმოჩნდება: ბავშვობაში, ახალგაზრდობაში თუ სიჭარმაგეში?! "სიკვდილი არ არსებობს, - აცხადებს ბილი, - გარდაცვლილ ადამიანზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იგი ამჟამად "ცუდად გამოიყურება", რადგან დროის სხვა მონაკვეთში, მაგალითად, წარსულში - იგი ცოცხალია. ამიტომ სისულელეა მკვდრის დატირება... დრო კრიალოსანს ჰგავს და მისი ყოველი მძივი - წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, - მუდამ ჩვენს განკარგულებაშია, როგორც ჩვენი მოქმედების ასპარეზი"...
რა დიდებული, მანუგეშებელი აზრია!
* * *
სიბერე - სიცოცხლესთან გაჭიანურებული გამოთხოვებაა, უსიამოვნო და ძნელად ასატანი. მაგრამ, ამავე დროს, იგი სიცოცხოლის გახანგრძლივების ერთადერთი საშუალებაცაა, რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობს!
* * *
თუ კარგად ვიცით, რაზე ვწერთ, მით უმეტეს, სიმართლეს თუ ვწერთ, შეგვიძლია ბევრი რამ გამოვტოვოთ - მკითხველი თვითონ მიხვდება.
* * *
რატომ არის, რომ გამოუცდელი კაცის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება უფრო სასტიკი და ულმობელია, ვიდრე გამოცდილი ბოროტმოქმედის დანაშაული?
* * *
აწმყო - უსასრულოდ მცირე მონაკვეთია ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის და ჩვენ, ფაქტობრივად, მხოლოდ წარსულში და მომავალში ვცხოვრობთ!
* * *
უცხოელები "გენაცვალეს" და "შენი ჭირიმეს" იმიტომ ვერ თარგმნიან, რომ ამ გამოთქმების შესატყვისი განცდა არ გააჩნიათ, თორემ იმათი ენა ქართულზე ღარიბი როდია.
* * *
ის, რაც სუყველას ეკუთვნის, სინამდვილეში არავისია - ეს ანბანური ჭეშმარიტება ვერა და ვერ გაიგეს კომუნისტებმა! მარქსი მაინც რამ გადარია, ის ხომ თვითონ მესაკუთრე იყო?!
* * *
ერთი პაწაწინა, უძველესი ქვეყნის პატივმოყვარე მოსახლეებმა (რომლებსაც "ქართველებს" უწოდებდნენ) თავიანთი ეროვნული ანბანის უკვდავსაყოფად, ქალაქის მოედანზე გრანიტის ლოდი აღმართეს და ზედ დააწერეს: "აქ "დედა-ენის" ძეგლი დაიდგმებაო"... გავიდა ხანი და როცა იმ ქვეყანაში კოსმოდრომის მშენებლებმა მიწის ქანს გრანიტის ლოდიც ამოაყოლეს, მთელს დედამიწაზე კაციშვილი არ აღმოჩნდა, რომ ის წარწერა ამოეკითხა!
* * *
იქნებ შემოქმედება ჩვენი უსუსური მცდელობაა, გაკვირვების წამიერ განცდას უსასრულობის თვისება მივანიჭოთ?!
* * *
ქართველი კაცი ბუნებით მსახიობია და ყოველთვის ისეთი გატაცებითა და კმაყოფილებით თამაშობს თავის თავის როლს, რომ ხშირად არც აინტერესებს: რა სპექტაკლში მონაწილეობს?!
* * *
ბუნება ბრმა და გულგრილია. იგი ყოვლად უაზროდ, მექანიკურად ეწევა ჩვენში დამანგრეველ მუშაობას და აინუნშიც არ აგდებს ჩვენს ზრახვებსა და მისწრაფებებს!
* * *
პროვინცია რომ თბილისს ეტანება, კარგია - საქართველოს დედაქალაქში ძირითადად ქართველები უნდა სახლობდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ქალაქური ცხოვრების წესი, დღეს, სომეხმა ჰაიკანუშამ უკეთესად იცის, ვიდრე ქართველმა ფაცია-ბიცოლამ!
* * *
ერთი ჩემი დაუწერელი მოთხრობის "კონსპექტი" მინდა შემოგთავაზოთ: ყველაფერი ქალ-ვაჟის ერთმანეთისადმი ლტოლვით დაიწყო. მერმე, ეს ფიზიკური და სულიერი ლტოლვა, ე.წ. "სიყვარული", საკუთრების გრძნობაში გადაიზარდა და ეჭვიანობამ ცოლი იქამდე მიიყვანა, რომ მან "მოჰკლა" და დაივიწყა ქმარში - მამაკაცი, ქმარმა კი (რაკი ცოლში მხოლოდ ეჭვიან მოთვალთვალეს ხედავდა), "მოჰკლა" და დაივიწყა ცოლში - დედაკაცი... მაგრამ ისინი მაინც ერთად იყვნენ და თითქოს უყვარდათ კიდეც ერთმანეთი და ვერაფრით ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ სინამდვილეში მათ სიყვარული კი არა, - ერთად ჩადენილი ბოროტმოქმედება - სიყვარულის მკვლელობა აკავშირებდა!
* * *
ნიჭი დანაშაულივითაა, რომელიც მხატვარმა თავისი შემოქმედებით უნდა გამოისყიდოს!
* * *
ნებისმიერი საზოგადოება სოციალურ ჯგუფებად, ანუ კლასებად იყოფა, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა, უფრო დიფერენციული დაყოფა, რასაც ჩვენი არსებობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მართლაც, რამდენია საზოგადოებაში ჭკვიანი და უჭკუო, პატიოსანი და თაღლითი, ბოროტი და კეთილი, ძუნწი და ხელგაშლილი...
საკვირველია, რომ "კლასთა ბრძოლის" მიმდევრებს ეს მხედველობიდან გამორჩათ!
* * *
ერთი საყოფაცხოვრებო "კანონი" აღმოვაჩინე: ქალისადმი ჩვენი სიყვარული იმ ენერგიის უკუპროპორციულია, რაც ამ სიყვარულის მოსაპოვებლად (ანუ ქალის ხელში ჩასაგდებად!) დაგვეხარჯა... განა ასე არ არის?
* * *
ნუ მოვთხოვთ ადამიანს იმაზე მეტს, რისი მოცემაც მას თვითონ, ნებაყოფლობით უნდა... მაშინ ყველანი ბედნიერი ვიქნებით!
* * *
ქართველ კაცს ლექსის წერის (საერთოდ, შემოქმედების) თანდაყოლილი ნიჭი აქვს. მაგრამ არაფერს ისე კარგად და ისეთი შთაგონებით არ წერენ ჩვენში, როგორც ნეკროლოგს (გარდაცვლილი ადამიანისთვის ტკბილი სიტყვა არ გვენანება!).
სადღეგრძელოს თქმაშიც მარჯვენი ვართ, რადგან სადღეგრძელო ხშირად ნიღაბია ნამდვილი გრძნობის დასაფარავად და სადღეგრძელოს მთქმელი, თავის გამოჩენას უფრო ცდილობს, ვიდრე მოყვასის დაფასებას!
* * *
როგორი მომხიბვლელი და სასურველიც არ უნდა იყოს ქალი, შვილს დედასთან ქუჩაში გავლა არ უნდა ეუხერხულებოდეს! ჩვენმა დედებმა და ბებიებმა ყოველთვის იცოდნენ ქალური თავდაჭერისა და მიხრა-მოხრის ეს საიდუმლოება. ნუთუ ახლა დაივიწყეს?
* * *
ერთ ჩემს ნაცნობ პოეტს იმდენად დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე, თვითონვე რცხვენოდა ამის, ერიდებოდა თავის ღირსებებზე ლაპარაკს და ამიტომ უაღრესად თავმდაბალ კაცად თვლიდნენ!..
* * *
ჩემი დაკვირვებით, ადამიანს ხუთი შეგრძნების გარდა, კიდევ ერთი, გარდაუვალი აღსასრულის შეგრძნებაც აქვს... თუ მიგიქცევიათ ყურადღება, რა ნაღვლიანი თვალებით იყურება ახალშობილი ბავშვი?!
* * *
სიყვარული რწმენაა და ყველანაირ ცოდნას აღემატება! საყვარელ არსებაზე ხშირად არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ გვიყვარს და ეს ჩვენთვის საკმარისია. სამაგიეროდ, კარგად შეგვიძლია დავახასიათოთ ადამიანი, ვის მიმართაც სრულებით გულგრილნი ვართ.
* * *
ამას წინათ, ბალზაკი გადავიკითხე. საყურადღებოა გობსეკის ევოლუცია... თავიდან, გამდიდრება მისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალება იყო: ამის გამო განიცდიდა გაჭირვებასა და დამცირებას, ყველაფერს იკლებდა, კაპიკ-კაპიკ ფულს აგროვებდა, რომ შეძლებული კაცი გამხდარიყო. იგი ფიქრობდა: ყოველთვის ასე ხომ არ ვიქნები, დოვლათს დავაგროვებ, შეძლებული კაცი გავხდები და ბედნიერად ვიცხოვრებო... მაგრამ მიზანი შორს იყო და დროთა ვითარებაში, გობსეკი იმდენად შეეჩვია თავის მათხოვრულ ყოფას, რომ დაივიწყა ის, რისკენაც მიისწრაფოდა. იგი უკვე აღარ ვარგოდა იმ მომავალი "ბედნიერი ცხოვრებისთვის" და ამიერიდან, მხოლოდ შიმშილის, დამცირებისა და უუფლებობის პირობებში შეეძლო არსებობა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ბედნიერი ცხოვრების მიღწევის საშუალება - მატერიალური დოვლათის დაგროვება, - გობსეკისათვის ცხოვრების მიზნად გადაიქცა... დასკვნა ასეთია: წინააღმდეგ მარქსისტული მოძღვრებისა, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად მარტო ის საშუალება გამოდგება, რომლის მეშვეობითაც მიღწეული მიზანი, თავის პირვანდელ სახეს არ კარგავს...
* * *
ორთაბრძოლაში მოგებული ის არის, ვინც გამარჯვებულიც კი თავის "მეობას" შეინარჩუნებს!
* * *
სასვენი ნიშნების მტერი არ ვარ, მაგრამ ბოლო ხანს ძახილის ნიშანი შემძულდა. ჩემი ნება რომ იყოს, გავაუქმებდი... თუმცა, ამით რა შეიცვლება?
* * *
საკულტო ნაგებობა, - ქართული ტაძარი იქნება თუ გოთური ეკლესია, - ხელთუქმნელსა ჰგავს: იგი ბუნებასთან ორგანულად შერწყმულია და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქო, ხესავით, მიწიდან იყოს ამოზრდილი... ამას ვერ ვიტყვით სამოქალაქო ან საწარმოო დანიშნულების შენობებზე, თვით არქიტექტურულ შედევრებზეც კი, ცოცხალი ბუნების ხელოვნურ დანამატებად რომ გამოიყურებიან!
* * *
ერთმა ახალგაზრდა მწერალმა ბრძენსა ჰკითხა: მშობლიური ენის გარდა, უცხო ენებიც ვიცი და რომელ ენაზე ვწეროო? ბრძენმა უპასუხა: იმ ენაზე წერე, რა ენაზეც ლოცულობო... ჩემი აზრით, ენის არჩევანზე თუ მიდგა საქმე, იმ ენაზე უნდა ვწეროთ, რა ენაზეც დავიძახებთ: "ვაი, დედაო!", როცა რაიმეს ვიტკენთ!
* * *
ვინმეს უნდა ვჭირდებოდეთ, - მარტო მაშინ იქნება ჩვენი არსებობა გამართლებული!
* * *
ადამიანს თუ პასუხს ვაგებინებთ მისი შეხედულებების გამო, მაშინ უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმ მოვლენებისთვისაც, რამაც ეს შეხედულებები განაპირობა, ეს კი აშკარა უსამართლობა იქნებოდა!
* * *
ადამიანი, თუ მას ყოველივე არსებულის ნაწილად არ წარმოუდგენია თავისი თავი, შეუძლებელია ბედნიერი იყოს.
* * *
ერთბაშად და მოკლედ ბევრს რომ იტყვი, ესაა ლექსი!
* * *
რაც დრო გადის, ჩემში თანდათან იკლებს საკუთარი თავის შეცოდების გრძნობა და მოყვასისადმი უფრო მეტი თანაგრძნობით ვიმსჭვალები. იქნებ, ის პირვანდელი, ღვთაებრივი საწყისი იღვიძებს ჩემში, აღსასრულს რომ ვუახლოვდები?
* * *
საკვირველია, მაგრამ მელექსე კაცს, ლექსის მოსმენა არ მიყვარს! პოეზია, ალბათ, ფერწერას უფრო ჰგავს, ვიდრე მუსიკას და ლექსის აღქმა შინაგანი მხედველობის საშუალებით ხდება!
* * *
რწმენა თუ არ გაგაჩნია, მახვილს ნუ ამოიღებ, რადგან ბრძოლას მხოლოდ მიზანი აკეთილშობილებს: უმიზნოდ მებრძოლი - მოღალატეზე უარესია!
* * *
პოეზიაში მოყვარულებს არაფერი ესაქმებათ: მუზასთან არშიყობა არ შეიძლება - იგი თავდავიწყებით უნდა გიყვარდეს!
* * *
დადიხარ, ხვდები ქალებს, მათ შორის, შემთხვევით, შეიძლება ისიც შეგხვდეს, ვისაც შეიყვარებდი, რომ იცნობდე, მაგრამ შემთხვევით არ იცნობ და სხვა შეგიყვარდება, ვისაც ასევე შემთხვევით შეხვდი და გაიცანი... ასე, ჩვეულებრივი შემთხვევითობა შენი ცხოვრების ბედისწერად იქცევა... ნუთუ მარტო შემთხვევაა ის, რასაც ბედისწერას ვეძახით?
* * *
შიშით დაზაფრული - ერთია, მშიშარა - სხვაა! შიშმა შეიძლება ადამიანი გაგიჟებამდე მიიყვანოს, მაგრამ ლაჩრულ, უპატიოსნო საქციელს არ ჩაადენინებს. მშიშარა კაცი კი, ბუნებით პატიოსანიც რომ იყოს, არავითარ სისაძაგლეს არ მოერიდება სულიერი სიმშვიდისა და თავისი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად!
* * *
ხშირად მეჩვენება, თითქოს რაღაც ისეთი ვიცი, რაც სხვებმა არ იციან, მაგრამ რა ვიცი - ვერ მივმხვდარვარ!
* * *
"ღრმა აზრი" სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მისი სიტყვიერი გამოხატულება აუცილებლად ბუნდოვანი და გაუგებარი უნდა იყოს. პირიქით - სწორედ რთული და ორიგინალური აზრი უნდა გამოითქვას უბრალოდ და გასაგებად, რომ მკითხველმა არ იგრძნოს მწერლის "უპირატესობა", მიენდოს მას და ადვილად გაითავისოს მისი ნათქვამი...
* * *
"გონებრივი დალტონიზმი" შეიძლება ვუწოდოთ პოეტების პროფესიულ დაავადებას, როცა ისინი მართალსა და ტყუილს, სინამდვილესა და ფანტაზიას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ...
* * *
ის კაცი სულ თავის თავს უსმენდა, მაშინაც კი, როცა სხვას ელაპარაკებოდა!
* * *
ღმერთო ჩემო, რამდენი უსიამოვნება ხდება ქვეყანაზე, თუნდაც ისეთი, პირადად ჩვენ რომ არ გვეხება?! რატომ გვინდა მაინცდამაინც ყველაფერი ვიცოდეთ? განა უფრო ხელსაყრელი არ იქნებოდა თავი მოგვეტყუებინა, ვითომ არაფერი არ ვიცით?!
* * *
კარგ აზრს რა სჯობია! სამწუხაროდ, საზოგადოებაში ყოველთვის მოიძებნება ერთი სულელი, ვინც მეთოდურად და თანამიმდევრულად თქვენს აზრს აბსურდამდე მიიყვანს!
* * *
ქალთან ფიზიკური სიახლოვე, პირადად ჩემთვის, მარტო ფიზიკური სიახლოვეა - უდიდესი სიამოვნების წყარო. "სიყვარული" ამასთან არაფერ შუაშია, მით უმეტეს - "ღალატი", "ერთგულება" და სხვა ამისთანები!
* * *
ცირკის არენაზე გამოსული ჯამბაზი ალყაში მოქცეულ მეომარსა ჰგავს. სცენა სხვაა: ვაჟკაცურია, როგორც დუელი, მსახიობისა და მაყურებლის პირისპირ შეყრა!
* * *
უპატრონოა თვითონ, ვისაც არავინ ჰყავს საპატრონებელი!
* * *
უღირს მტერთან ბრძოლაში გამარჯვების სირცხვილს, განა არ ჯობია - ღირსეულ მტერთან დამარცხების სიამაყე განიცადო?!
* * *
ისტორია - მუნჯი კინოფილმივითაა: ყოველი ახალი თაობა თავისი ნება-სურვილით ახმოვანებს მას და თავისი მოთხოვნილების მიხედვით ალაპარაკებს მოქმედ პირებს. მთავარია, არტიკულაცია არ დაირღვეს და ახალი ტექსტი ისტორიულ პირთა ტუჩების
მოძრაობას შეესაბამებოდეს!
* * *
ჩეხოვის პიესებში უდიდესი სულიერი კატასტროფები ხდება, მოქმედი პირები კი ყოვლად უმნიშვნელო, წვრილმან საკითხებზე საუბრობენ... ეს გენიალური "თავისებურება" უაღრესად ართულებს ჩეხოვის პიესების თარგმნას.
* * *
კურტ ვონეგუტი წერს: "ღმერთმა დედამიწა შეჰქმნა, მაღლიდან დახედა და თქვა: ცოცხალი არსებაც საჭიროა, რომ ვიღაცამ დაინახოს ჩვენი ნამოქმედარიო... მერე თიხა აიღო და მიწაზე ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები მოაშენა. მათ შორის ადამიანიც იყო - ერთადერთი, ვისაც ლაპარაკი შეეძლო. ადამიანმა მიმოიხედა და იკითხა: "რა აზრი აქვს ყოველივე ამას?" "შენ გგონია, ამას აზრიც უნდა ჰქონდეს?" "რასაკვირველია!" მაშინ შენთვის მომინდვია ამის გამოცნობაო, - თქვა უფალმა და გაუჩინარდა".
* * *
სიბრიყვისა და სპორტით არანორმალური გატაცების ბრალია, რომ ლიტერატურაში გამარჯვებულებს და "ჩემპიონებს" ვეძებთ! ვინ ვის აჯობა, პირველობა ვინ მოიპოვა? მაგრამ მწერლობა ჩემპიონატი როდია. ლიტერატურაში "პირველი ადგილი", ჩვეულებრივად, რამდენიმე მწერალს ეკუთვნის - კარგსა და სხვადასხვანაირს და მხოლოდ ისტორიულ პერსპექტივაში ნიშანსვეტებივით ჩანან: გურამიშვილი, ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი...
* * *
უფლის ქმედებაში ჩვენ მხოლოდ სიკეთის ამოცნობა შეგვიძლია, სხვა მისი ნამოქმედარი ჩვენს განსჯას არ ექვემდებარება.
* * *
რა ცოტა უნდა რუს გოგონას, რომ მზეთუნახავი გახდეს: შიშველ ტანზე გახუნებული ჩითის სარაფანი, იაფფასიანი "ბასანოჟკები" და ომში დაღუპული მამის საველე ჩანთა მხარზე გადაკიდებული!
© „არილი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment