Tuesday, May 5, 2009

ირაკლი ბერიაშვილი – ორი ელექტრონული მოთხრობა



ჯადოქარი

“ზედ, შენ გამოცდილი და საიმედო ჯადოქარი ხარ. მქონდეს იმედი, რომ ერთ თხოვნას შემისრულებ? ხომ იცი, ვალში არ დაგრჩები!”
ბიჭმა კვესტის ბოლოს დახედა:
Reward - 10000 xp, 2 ოქრო და წამოსასხამი - 9 გამძლეობა, 5 ძალა და 10 ინტელექტი... საჩუქარს არა უშავს, ალბათ არც ისე ადვილი კვესტია.
DDდღეს ალბათ მიაღწევს მეორმოცე დონეს... მთელი თვეა ამ წუთზე ფიქრობს, წუთზე, როცა ორმოცის გახდება და ცხენის ყიდვის უფლება ექნება. საკმარისია ეს კვესტი შეასრულოს, ერთი-ორი მონსტრიც მოკლას და...
კვესტის კითხვა განაგრძო:
“მოკლედ, დებიურების კარმიდამოში, აროტში უნდა წახვიდე. რეფიუჯ პოინტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. წადი და კენატასა და იმისი შვილების ფარდელისა და მარსელის თავები მომიტანე!
ეგ ღორი! ეგ... har...“
ბიჭმა დისპლეის თვალი მოაცილა. გვერდით პატარა მაგიდიდან ინგლისურ-ქართული ლექსიკონი აიღო და “harlot”-ის ძებნას შეუდგა.
ოთახი პატარა იყო - სამი ოთხზე. ფანჯარასთან საწოლი იდგა. იქვე, საწოლის თავზე, ნიშაში - წიგნის სამი თარო. პირველ თაროზე “ტომ სოიერი” და “ჰეკლბერ ფინი”, “რობინზონ კრუზო”, “საიდუმლო კუნძული”, “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ” და “კაპიტან გრანტის შვილები”, ლინდგრენის “პეპი გრძელი წინდა”, “ბიჭუნა და კარლსონი”, “ჰარი პოტერის” ხუთივე წიგნი და, რა თქმა უნდა, “პატარა უფლისწული”.
მეორე თარო დისკებით, მაუსისა და ფერად-ფერადი კაბელების კოლოფებით იყო სავსე. მარჯვენა კუთხეში მაღვიძარა იდგა. მესამე თაროზეც წიგნები ეწყო. ესენი ჯერ არ ჰქონდა წაკითხული.
ფანჯრებს იქიდან ღამე იცქირებოდა. არც ადამიანების, არც მანქანების ხმა - გარედან შემოსული წვიმის ჩუმი შრიალი პროცესორის ვენტილატორის ღუღუნს უერთდებოდა.
ნაცრისფერტილოგადაკრულ სავარძელში იჯდა. კარიდან რომ შეგეხედათ, მარტო წაბლისფერთმიანი თავი მოუჩანდა. ამ ზაფხულს თორმეტისა კი გახდა, მაგრამ ასაკთან შედარებით პატარა და თანაც ძალიან გამხდარი იყო.
har… har… ბიჭმა თითი ჩამოაყოლა გვერდს... აი ისიც: harlot - ბოზი. ჩაეცინა. ლექსიკონი დახურა, ისევ მაგიდაზე გადადო და კვესტის კითხვა განაგრძო. მარჯვენა ხელი მაუსზე ედო, მარცხენა ხელის თითები - კლავიატურაზე. Elwynn Forest-ში მშვიდად ვერ იქნები - ყოველ წამს შეძლება მონსტრი ან ალიანსელი გამოჩნდეს.
დისპლეიზე უჟმური, ჩამუქებული ტყე მოჩანდა. თვითონ ჯადოქრის გრძელ ბალახონში გამოწყობილი თეთრთმიანი ქალის წინ იდგა. კვესტის ტექსტი ეკრანის მარცხენა ზედა კუთხეში იყო მოთავსებული. მეჩხერი ტყის მიღმა ჟანგიან რკინისღობეშემოვლებულ სასაფლაოზე გრანიტის სვეტები აჩოჩხილიყო.
“... ეგ ბოზი! კენატა ჯერ კიდევ ცოცხალია. მისი ოჯახი Hჰყვავის და სულ უფრო მდიდრდება, მაშინ როცა მე ვიტანჯები! რა უსამართლობაა! ჩემი ოჯახი დაიქცა, ჭირმა და უბედურებამ გააჩანაგა. ქონება წაგვართვეს, გაგვძარცვეს. ცალკე ხანძარმა შთანთქა ყველაფერი. და ამის შემდეგ მასა და მის საზიზღარ შვილებს თავხედობა ეყოთ მოეპარათ მამის დანატოვარი უკანასკნელი ძვირფასეულიც. არანაირი ნივთები აღარ მჭირდება. ის, რაც ახლა მინდა, მათი თავებია!
მოკალი ჩემი გულისთვის! წადი აროტში, რეფიუჯ პოინტის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მათი თავები მომიტანე!”
ბიჭმა მართკუთხა ჩარჩოს ქვედა მარცხენა კუთხეში Accept-თან მიიტანა კურსორი და დააწკაპუნა. კვესტის ჩარჩო დაიხურა.
- ნიკა, დაწექი, გვიანია!­ - მოისმა ქალის ხმა მეზობელი ოთახიდან.
- ცოტაც, რა, დე, - ბიჭმა ჯერ საათს შეხედა, მერე კარისკენ მიაბრუნა თავი, - ჯერ თერთმეტიც არ არის...
მაგიდის ლამფისკენ გაიწვდინა ხელი და სინათლეს დაუკლო.
მეზობელი ოთახიდან აღარავინ გამოხმაურებია. ფანჯრის იქით ისევ შრიალებდა წვიმა.
დისპლეის ქვემოთა მარჯვენა კუთხეში პატარა მართკუთხედი ამოვარდა. “ელენე” ურეკავდა “სკაიპით”.
“აქ ხარ?” - ეწერა პირველ სტრიქონზე.
“ჰო” - ლათინური ასოებით აკრიფა კლავიატურაზე.
“სკარლეტ მონასტერში” არ წამომყვები? ასორმოცდაათიან, შვიდსტამინიან და ათინტელექტიან სტაფს აგდებს ერთ-ერთი ბოსი.
“რეფიუჯ პოინტის” კვესტზე ვაპირებდი წასვლას, ზუსტად ეხლა გამოვართვი. მაგრამ არა უშავს. მერე გავაკეთებ. სად შევხვდეთ?”
იცოდა, რატომაც ურეკავდა ელენე. “სკარლეტ მონასტრის” შესასვლელთან დღედაღამ ალიანსელები დაძრწიან. ის “ვარიორიც” იქ იქნება...
ეტყობა, უკნიდან ვიღაც მიეპარა - განათდა და სიცოცხლის ხაზიც დამოკლდა. შებრუნდა.
ვეებერთელა რუხი დათვი იყო, Frost Nova მონიშნა. გაყინა. მერე მოშორდა და Frost Bolt-ი ესროლა. დათვი ისე ჩქარა ვეღარ იქნევდა ტორებს. ახლა Fireball გაუშვა თავდამსხმელისკენ. მერე კიდევ. დათვმა ყინული მოიხსნა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ღმუილით წამოსულს შუა გზაზე უწია კიდევ ერთმა Fireball-მა. კურსორი მკვდარ დათვს დაადო, ფული და რაღაც ნივთები აკრიფა.
ისე, სკარლეტში წასვლას ტანარისში ჯობდა წასულიყვნენ. ძალიან უყვარდა ტანარისი. იქ ტყე არ იყო, სასაფლაოც კი უფრო მხიარულად გამოიყურებოდა. ქვიშის ბორცვები ისე ლამაზად მისდევდნენ ერთმანეთს... ეგეთ ქვიშიან ბორცვზე მოვიდა დედამიწაზე თავისი B-12 პლანეტიდან პატარა უფლისწული. თეთრ ქვიშაზე აქეთ-იქით საქმიანად დადიოდნენ ჯუჯა, გრძელცხვირა გობლინები. მას შემდეგ, რაც თავისი დაბადების ადგილი დუროტარის პატარა დაბა Den-ი მიატოვა, მეათედან ოცდამეთხუთმეტე დონემდე სულ ტანარისში აიწია. აქვე გამართა თავისი პირველი დუელი ალიანსელთან... წაგება ვის სიამოვნებს, მაგრამ როცა პატიოსან, რაინდულ ბრძოლაში მარცხდება, არ სწყინს...
ერთი კვირის წინანდელი ამბავი გაახსენდა. შესვენებაზე დერეფანში ელენესთან იდგა ფანჯარასთან. წვრილი გოგო იყო. წაბლისფერი თმა და კოხტა ცხვირი ჰქონდა. კომპიუტერი თითქმის ერთდროულად უყიდეს მშობლებმა. WoW-ის თამაშიც ერთდროულად დაიწყეს. ზედი რატომ დაირქვიო, ეკითხებოდა.
- მამაჩემი რომ თარგმნის წიგნს, იქ არის ერთი პირველი რანგის მოხუცი ჯადოქარი, ზედიკუს ზულ ზორანდერი. ზედ შემოკლებული სახელია.
- საინტერესოა?
- ძალიან. თვითონ არ წამიკითხავს, მაგრამ თითქმის თავიდან ბოლომდე ვიცი, დედაჩემს უყვება ხოლმე. სულ ცხრა წიგნია გამოსული, ამერიკელი მწერალია, ეხლა მეათესაც წერს თურმე.
- რა ჰქვია?
- ვის?
- წიგნს.
- არა, ვიფიქრე, მწერლის გვარი ხომ არ აინტერესებს-მეთქი.
- ეგეც მაინტერესებს.
- ტერი გუდქაინდი. წიგნების საერთო სათაური “ჭეშმარიტების მახვილია”, ცალ-ცალკე კი “ჯადოქრის პირველი კანონი”, “ჯადოქრის მეორე კანონი” და ასე შემდეგ, მეცხრემდე.
- არ აპირებ წაითხვას?
- კი. პოტერის მეხუთე წიგნს მოვრჩები და მერე...
- მეც მათხოვებ?
- გათხოვებ, ოღონდ მარტო პირველს.
- რატომ მარტო პირველს?
- დანარჩენები ქართულად არ არის ნათარგმნი. თუ რუსულად ან ინგლისურად შეგიძლია...
ამ დროს დერეფანში მეშვიდეკლასელმა ბიჭებმა ჩაიარეს. ორ-ორად - მხრებზე ხელგადახვეულებმა. ერთი გაჩერდა და ნიკას თვალი თვალში გაუყარა.
- საქმე მაქვს შენთან.
ბიჭს გაუკვირდა, რა საქმე უნდა ჰქონდესო, მაგრამ მაინც გაჰყვა.
- შენ, ბიჭო, მაგ გოგოსთან მეორედ არ გნახო, თორემ ცხვირ-პირს გაგინგრევ! გაიგე?
ხმა არ გაუცია.
მეორე დღეს დიდ დასვენებაზე ისევ ფანჯარასთან იდგნენ. ელენე მულგორეზე ეკითხებოდა, კვესტი მაქვს შესასრულებელი და რომელი გზით ჯობს წასვლაო.
ამ დროს ისევ იმ შანტრაბამ ჩამოიარა. ჭიტომ - ასე ეძახდნენ იმ ბიჭს - ჯერ განზე გაიხმო, მერე ტუალეტში შევიდეთო. დანარჩენები მიჰყვნენ.
- ხომ გითხარი, მაგ გოგოსთან არ გნახო-მეთქი! - თქვა და ისე ჩამოუსვა თავზე ხელი, თმა თვალებზე ჩამოეშალა. უკნიდან ვიღაცამ პანჩური ამოარტყა.
მუშტი მომუჭა.
- ერთი ამას უყურე, მგონი თავის დაცვასაც აპირებს, - ჩაიცინა ერთმა.
- ეხლა წადი, ბიჭო, და დაიხსომე, რაც გითხარი, - ისევ ჭიტომ თქვა, - ისე დაგისიებთ ცხვირ-პირს, დედიკო ვეღარ გიცნობს.
გუშინწინ თვალებჩალუჯებული დაბრუნდა სკოლიდან.
- უი, თვალი დამიდგეს, - შეიცხადა ბებიამ.
- ვინ გცემა? - ჰკითხა დედამ
მამას არაფერი უკითხავს. თავი დაანებეთო, უთხრა ქალებს, თვითონ მოაგვარებს თავის პრობლემებსო.

* * *
ცოტათი გულიც კი დასწყდა, საინტერესო კვესტი იყო, მაგრამ ელენეს მარტოს ხომ ვერ გაუშვებდა სკარლეტში. აუცილებლად მოკლავენ.
- სად შევხვდეთ და ანდერსითის წინ, მცველები რო დგანან იქ.
- ო’კეი. მე ახლა დუროტარში ვარ, თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები.
სკარლეტში ალიანსელებიც დადიან. ის “ვარიორიც” სულ იმ მიდამოებში ტრიალებს. ოთხჯერ შეებრძოლა, ოთხჯერვე დამარცხდა. ორმოცდაათიანთან წაგება სასირცხვო არ იყო, მაგრამ მაიცდამაინც თავისზე დაბალლეველიან მეტოქეს ირჩევს ხოლმე... ჭიტოსავით...
რაღაც უნდა მოიფიქროს. ტყის ვიწრო ბილიკზე მირბოდა და თან ფიქრობდა. უცებ გონება გაუნათდა. Frost Nova –ს შემდეგ რამდენჯერმე შენიშნა, რომ Frost Bolt-ი 316-ის მაგივრად 500-ზე მეტს ურტყამდა. აი თურმე როგორ გამოდის კრიტიკალი! ესე იგი ეს კომბინაცია რამდენჯერმე რომ გაიმეოროს, “ვარიორი’ ვერც მოუახლოვდება და აღარც Fireball-ის სროლა დასჭირდება. Frost Bolt-ი ხომ თითქმის წამით სწრაფია! ანდერსითიში შესასვლელთან ორი გოლიათი დარაჯის გარდა არავინ ჩანდა.
ესენი “კომპის” მცველები იყვნენ - სამოციანები. ჰორდელების ქალაქს ალიანსელებისგან იცავდნენ.
ბალახიან ფრდობზე დაჯდა და სიცოცხლე აღიდგინა. მალე მოპირდაპირე კოშკიდან ტელეპორტით გადმოსული ელენეს ფიგურა შენიშნა. გუშინ ოცდათოთხმეტი გახდა და სკარლეტის მწვანე სტაფის დაჭერის უფლებაც მოიპოვა. მაგრამ ჯერ სკარლეტში უნდა შეაღწიონ, მერე კი საიდუმლოებების მცველი დოანი მოკლან.
ერთად წავიდნენ მონასტრისკენ მიმავალ დაკლაკნილ ბილიკზე. გზაზე რამდენიმე მონსტრის მოკვლა მოუხდათ.
კიბეებზე ფართომხრებიანი “ვარიორი” იჯდა. ალიანსელები მორიგეობით დარაჯობდნენ სკარლეტს. არტეფაქტები რომლებიც იქ იშოვებოდა, ძალიან აძლიერებდნენ მოთამაშეს და ბუნებრივია მტრისთვის დათმობა არ უნდოდათ.
ნიკამ ყურსაცვამები მოირგო თავზე და ლაპარაკის რეჟიმზე გადავიდა.
- ორივე მოვერევით, მაგრამ მერე მთელ ქვეყანას შეყრის ორი ერთზე მოვიდაო.
- აბა, რა ვქნა, ვუყურო როგორ მოგკლავს?
- ვერ მომკლავს! შენ აქეთ-იქით იყურე ვინმე არ მოვიდეს მოსაშველებლად.
- ო’კეი.
“ამას ვის ვხედავ!” - გაჩნდა წარწერა ეკრანის ქვემოთა მარცხენა კუთხეში, - “დაითესეთ ეხლა, სანამ ლამაზები ხართ. რამდენჯერ უნდა მოგკლა რომ ჭკუა ისწავლო?”
“გაგვატარე, ეს მონასტერი შენი საკუთრება არ არის. ჩვენც გვინდა არტეფაქტები.”
“კი ბატონო, სცადე, თუ გაივლი...”
FFrost Nova წრედ გაიშალა მწვანე ბალახზე და “ვარიორის” ფეხები ყინულმა შებოჭა. ნიკამ Frost Bolt-იც მიაყოლა. “ვარიორის” თავზე მოთავსებული მწვანე ხაზი საგრძნობლად დამოკლდა.
ნიკა მეტოქის ფერად-ფერად ტანისამოსსა და ცინიკურად მომღიმარე სახის მეტს ვეღარაფერს ხედავდა.
სკარლეტის დაუპატიჟებელი მცველი უკვე ფეხზე იდგა, ყინული მოიხსნა და ხმალშემართული წამოვიდა. ნიკამ იგრძნო როგორ დაკარგა მოძრაობის უნარი.
“თუ მოასწრო ჩემამდე მოსვლა, კარგი დღე არ დამადგება.” საბედნიეროდ მხოლოდ ერთხელ მოასწრო დარტყმა “ვარიორმა”. ზედი განზე გახტა და ისევ Frost Nova და Frost Bolt-ი უთავაზა. ჭიტო ისევ დაება. ღიმილი გაუქრა სახიდან. თვითონაც მშვენივრად დაინახა როგორ დაპატარავდა მწვანე ზოლი.
“რამდენიმე ასეთი სროლა და მომკლას ეს ლაწირაკი.”
- ნიკა, ალიანსელები! - მოესმა ყურმილში ელენეს ხმა.
ეტყობა ახლო-მახლო დაძრწოდნენ და “ჩატით” გამოიძახა.
- ეკრანის მარცხენა კუთხეს დახედა. ერთი ხუთჯერ მაინც ეწერა: Help! Help! Help!
იგრძნო როგორ მოხვდა Fireball-ი - უცებ განათდა და ნაპერწკლები აქეთ-იქით გაცვივდა. სადღაც ზურგიდან ესროლეს. ხეებს შორის კიდევ რამდენიმე ჩრდილი გამოჩნდა.
- გაიქეცი, ელენე! ანდა, “ლოგაუტი” მიეცი! ჩქარა!
ისევ იელვა Fireball-მა. დისპლეიზე მწვანე ზოლს ახედა. რამდენიმე მილიმეტრიღა დარჩენილიყო.
- ჩქარა, ელენე, ჩქარა!
წამის შემდეგ პატარა ფიგურა აღარსად იყო. ახლა შეეძლო მომკვდარიყო და სანამ სულად იქცეოდა, ვიღაცის ნათქვამი თუ წაკითხული გაახსენდა:
“ადრე თუ გვიან ყველა ზღაპარი სრულდება;
ადრე თუ გვიან ყველა გმირი ეცემა ბრძოლის ველზე”
რატომღაც საათს გახედა. ორი სრულდებოდა. ფანჯრებს იქით ჩუმად შრიალებდა წვიმა.

ბლეიდერი

- ცხოვრება ძალიან მოკლეა საიმისოდ, რომ თამაშისთვის მოცდე.
ჩემი მბრუნავი სავარძლის უკან დგას და ეგეთი ფილოსოფიური შეგონებით მამუნათებს ცოლი. წყალი არ გაუვა, ისიც დისპლეიზე გაფრანგებულ ჩემს “ზედიკუსს” შესცქერის, მარცხნივ და მარჯვნივ რომ კაფავს მტერს.
“ბრძოლის” კადრი ჩავხსენი და ისევ თარგმანს მივუბრუნდი. ახლა აღარც გამოსხივება აქვს კომპიუტერს და აღარც ერთ ადგილზე ჯდომით ვიმოკლებ სიცოცხლეს. ის, რაც პირდაპირ თუ ირიბად მაინც ფულის წყაროს უკავშირდება, ჯანმრთელობისთვის ამ საშიშ გავლენებს როგორღაც ანეიტრალებს. თუ როგორ, ესეც ალბათ მარტო ჩემმა თანამეცხედრემ იცის.
- ჩაის დალევ თუ ჰერკულესი გირჩევნია? - უკვე სამზარეულოდან მესმის ხმაში სითბოშეპარული ჟღურტული.
- ჰერკულესი.
ჩაისთვის ძველი პიჯაკივით მორგებული სავარძლიდან უნდა ავდგე, მაგიდასთან მივიდე. არა, ჯერ ხელები უნდა დავიბანო და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდე მაგიდასთან. იქიდან კი ჩემი P-4 შორსაა - ვერც ვთარგმნი და ვერც “ზედიკუსს” მივადევნებ თვალს. მაგიდასთან იმიტომ, რომ ამ ჩემს მყუდრო კუთხეში შეიძლება ფინჯანს წავკრა ხელი, ან კიდევ რამე სხვა უბედურება დამემართოს.
“- ნეტა რა ნახე მაგ კოცონებში? მაინც რა არის საინტერესო? - ბუტბუტებდა კეისუკე სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე. ყინავდა, მაგრამ უქარო ღამე იყო. ამოისუნთქებ და სიტყვები პირს გამოსცდება თუ არა, იქვე იყინება.
- “პერლ ჯემში” რაღაა საინტერესო? კაკაფონიაა და მეტი არაფერი, - უპასუხა ძიუნკომ.
- “პერლ ჯემს” ათ მილიონამდე თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში...
- კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე.
- რაც მართალია, მართალია, - დაეთანხმა კეისუკე.
- ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან.
- ეგეც სიმართლეა.”
დიალოგი ჩავიკითხე და მოთხრობის თარგმნა გავაგრძელე.
მეორე წელიწადია, მურაკამის ვთარგმნი. ხარუკი მურაკამის. სამი რომანი და რამდენიმე მოთხრობა დამიგროვდა. ახლაც არ ვიცი, რატომ მოვკიდე ხელი. თარგმნაზე არასოდეს ვგიჟდებოდი. ხომ არიან, ხომ კი არა ნამდვილად არიან უკეთესი მწერლები. რაღა მაინცდამაინც ეს? რა უცნაურია. შეიძლება ვერც ვერასოდეს მივხვდე - რომანი ხომ მანქანა არ არის, ძრავის სიმძლავრით, სპიდომეტრზე დაწერილი ციფრებითა და დიზაინით ჩაგივარდეს გულში. ქალივით. თანაც სად მე და სად იაპონია, რა უნდა გვქონდეს საერთო? ალბათ მარტო მთები...
“კეისუკემ ჯიბიდან მარჯვენა ხელი ამოიღო და ძიუნკოს მოხვია.
- მაგრამ იცი რას გეტყვი, ძიუნკო?.. სულ არ მაინტერესებს, რა იყო ხუთასი საუკუნის წინათ და რა იქნება კიდევ ხუთასის შემდეგ. სულ არ მაინტერესებს! მთავარი ის არის, რაც ახლაა. იცის კი ვინმემ, რამდენი დარჩა ქვეყნის აღსასრულამდე? შენ გგონია, ფიქრობს ვინმე მომავალზე? კუჭი უნდა გქონდეს ამოვსებული და გიდგებოდეს. რა, არა?”
ერთხანს დისპლეის უაზროდ შევყურებ. მერე ისევ ჩავიკითხე ბოლო აბზაცი. თითქოს არა უშავს. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვუდებ გულს. ეტყობა, რაღაც დავაკელი ჭიას. როგორც იტყვიან ხოლმე, ყველა თავის ჭიას ახარებს - ზოგი მათემატიკურს, ზოგი ალკოჰოლურს, ზოგი ფილოლოგიურს, ზოგი კაზინოში აკიდებულს, ზოგიც ვინ იცის სად ნაპოვნსა თუ ნაშოვნს. ეს online თამაში silk road-იც ჭიის ნაირსახეობაა. ეს არის და ეს. მაგრამ ამას სხვის გასაგონად არ ვამბობ. რა თქმა უნდა, ვერც ცოლს ვეტყვი - აზრი არა აქვს. ან ვერ, ან კიდევ უარესი - არ გაიგებს. ნეტა ჩემი “ზედი” რას შვრება? ისე, რა გამიტრაკა საქმე ამ ჩემმა კნეინამ. ჩემთვის ერთიც თამაშია და მეორეც. გააჩნია, როდის, როგორ და რა გუნებაზე ვარ. ვითომ სულ ერთი არ არის, რით მივიღებ სიამოვნებას? ჩემი ცოლი იტყვის, მურაკამი ინტელექტუალური სიამოვნებააო. თითქოს მართალია, მაგრამ ერთი უმნიშვნელო, მისთვის უმნიშვნელო დეტალი ავიწყდება: აზარტი. იქ, სადაც აზარტი არ არის, არაფერი მესაქმება. წლები თავისას შვრება - პოკერს უკვე ვეღარ ვთამაშობ, ნერვები აღარ მყოფნის. ჰო, უვალიუმოდ ვეღარ. დალევ და გინდ გითამაშია, გინდ არა - სანახევროდ გძინავს, ბურანში ხარ. არც პულსი აგიჩქარდება, არც წნევა აგიწევს. ადრენალინზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. კარესა და ჭირიანი ვალეტების ორ წყვილს ერთნაირად, დანისლული თვალებითა და გაგრილებული გულით უყურებ. მოკლედ, პრეზერვატივით სიყვარულსა ჰგავს. ეს, რაც შეეხება პოკერს, მაგრამ პაემნებზე სიარულის დროცა და გოგოებზე ლამის ქუჩაში ნადირობის დროც ძალიან შორს დარჩა. აი, Silk Road სულ სხვა რამეა. თან ახლა მოდაშიც რომ არის აბრეშუმის გზა?! არა, ხომ ლამაზი სახელია. დუელი გინდა? კი ბატონო. ქარავანი გინდა ატარო ბანდიტებით სავსე გზებზე? კი ბატონო. ისე, თუ მოინდომებ, შენც შეგიძლია ძარცვო ქარავნები. გადაიცვი ბანდიტის შავი ტანისამოსი და ხოცე ვაჭრები. რომ იცოდე, როგორ ელამუნება ყურს აგონიაში მყოფი ფულის ტომრების წყევლა-კრულვა! თითოეული მეომრის, სოვდაგრისა თუ ბანდიტის უკან ცოცხალი და, რაც მთავარია, შენი მასტის ადამიანები არიან. ზიხარ შენთვის მომყუდროებულში, რბილ, მართლა შენზე მორგებულ სავარძელზე გიდევს საჯდომი და თუმცა ხინკალსა და მწვადს აქ არავინ გაღირსებს, მაგრამ სამაგიეროდ დაუყვედრებლად გაქვს ჩაი, რძიანი ყავა, გახეხილი ვაშლი, გემრიელი ბუტერბროტები და, რაღა თქმა უნდა, ჰერკულესი...
სანამ ჩემი “ზედის” ფარ-ხმლითა და აბჯრით ვტკბები, პროცესორის გვერდით კუჭის საუკეთესო მეგობრით სავსე მათლაფა იკავებს ადგილს. საუკეთესო მეგობარს საუკეთესო სურვილებიც მოჰყვა:
- შენი გამოსწორება არ იქნება. ჰერკულესის კი არა, ვიცი, რისი ღირსიცა ხარ.
თამაშის ჩახსნა, რა თქმა უნდა, ვერ მოვასწარი. საოცარია, მაინც როგორ ახერხებს ხოლმე ასე მოულოდნელად თავზე წამოდგომას.
- კარგი, რა, მუშაობამ ვირი მოკლა, - თავის დაცვას ვცდილობ, - ხანდახან მეც ხომ შეიძლება ამოვისუნთქო!
ამ ჩემს კონტრშეტევას ყურადღების ღირსადაც არ თვლის და თავის სამუშაო ადგილს უბრუნდება. მეც ჩემს ჭიას უნდა მივხედო. დღეს საღამოს “WAR-ია” - “ფენიქსებს” უნდა შევებრძოლოთ, ომი გამოგვიცხადეს და ქვეშიდან ხომ არ გამოვალთ. მანამდე ხოტანში - ეს ჩემი ქალაქია - ერთ-ორ რეისს მოვასწრებ აქლემით. ცოტა ფულს ვიშოვი. გზაზე ჩასაფრებული ბანდიტებისგან დავიცავ ჩემს ტვირთსა და აქლემს. ისე იოლად ვეღარ მერევიან - ხუმრობა ხომ არ არის, სამოცდამეოთხე დონის ბლეიდერი მყავს!
დისპლეის მარცხენა ქვედა კუთხეში ტექსტი ტექსტს მიჰყვება. ერთმანეთშია არეული გერმანული, რუსული, ინგლისური...
ქალაქში გახურებული ვაჭრობაა. ყიდიან, ყიდულობენ. ზოგს იარაღი უწყვია დახლზე, ზოგს აბჯარი, ზოგსაც სხვადასხვაგვარი ელექსირები, მიქსტურები - სამკურნალო, სიცოცხლის მოსამატებელი, ძალის მოსამატებელი...
ჩვენს გილდიას საკუთარი სალაპარაკო არხი აქვს. შეკრების დრო, ადგილი, რომელიმე ქარავანზე თავდასხმა თუ პირიქით - ტვირთის გადატანა ერთი ქალაქიდან მეორეში - ეს ყველაფერი, ცხადია, საიდუმლოა და სხვამ არ უნდა გაიგოს.
ეხლა გამოხტება ვინმე პრაგმატისტი და მეტყვის: ეგ ხომ ერთ მოცუცქნულ ეკრანზე ხდება, ადამიანებიც, იარაღიც, ფულიცა და აქლემებიც ვირტუალურია. ნეტა, რა სიამოვნებას ნახულობო.
აბა, რა ვუთხრა, მაშინ ის თქვი, რა არ არის ვირტუალური-მეთქი. თანაც აქ ორმოცდაათი წლის წინათ პრივატიზებულ ჭიაზეა ლაპარაკი, ჩემს საკუთარ ჭიაზე.
აი, ვიღაც თურქი ამეკიდა. ამ ბოლო დროს ეგენიც მომრავლდნენ, ვარსკვლავითა და ნახევარმთვარით შემკული ემბლემით უცბად იცნობ. რაღაცას მთხოვს დამტვრეული ინგლისურით. მგონი, ფარი მომყიდეო. მერე მე ონანიზმით გავერთო-მეთქი? მინდა ვუთხრა, მაგრამ არ ვიცი როგორ დავწერო “ონანიზმი” ინგლისურად. თურქულად ხომ არ ვიცი და არ ვიცი. ამიტომ go away-მეთქი და გზას ვაგრძელებ.
- Hi. - მწვანე ფერის შრიფტია. ვიღაც დროებითი პარტნიორი მესალმება. ესტელა. ქალია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, სალამს ხომ ვერ დავუჭერ. ჰაი-მეთქი.
- German?
- No,Georgian.
პაუზა. ეტყობა, ვერ მიხვდა ვის ელაპარაკება.
- Where’r u from?
სხვა რა გზაა, უნდა გავიმეორო. ვიცი, უაზრობაა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა ვუპასუხო. ისევ პაუზა და:
- What’s your name?
ნამეტანი ჩქარი ტემპით მოიწევს. ეტყობა, რაღაც უჭირს.
- Ira, - ბრიჯში აშშ ნაკრების კაპიტანს ჰქვია. შინაურობაში მეც, მაგრამ ამერიკულ ვერსიაში სუფთა მამაკაცური სახელია. ეგრეც მიიღებს. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა.
- No. Honey.
- What?
- I want to call you such. May I?
აი, ახალი ნათლიაც ვიშოვე. მაგრამ რა ჯანდაბაა ეს Honey, წარმოდგენა არა მაქვს. ვხვდები, რომ რაღაც მოსაფერებელი სიტყვა უნდა იყოს, თითქოს ნაცნობიც არის, მაგრამ... ჯობს ისევ ლექსიკონს დავეკითხო.
ძველი, ორკილოგრამიანი მიულერის ლექსიკონი მაქვს. იქვე, გვერდზე, პატარა ტუმბოზე მიდევს სხვა ლექსიკონებთან ერთად. honey… honey… honey… აი... 1. თაფლი. 2. საყვარელი. რაღაც ვარიანტში თაფლის კვერიც შეიძლება იგულისხმო. თაფლის კვერიც გავხდი. ჯანდაბას, რაც არი, არი - ძალინ მაინტერესებს მაინც რა უნდა.
- Ok.
- Honey.
როცა არც ხმა გესმის და ვერც ხედავ, აუცილებლად ახალგაზრდასა და ლამაზს წარმოიდგენ. სხვისი არ ვიცი, მე კი სწორედ ეგრე მემართება. ნეტავ საიდან არის?
- Were’r u from, honey?
- Philippines, honey.
თხელები, ნაზები, ძალიან ქალურები. ისეთი მომსახურება იციან, მეშვიდე ცაზე აგაფრენენ. არც კი ვიცი, საიდან მაქვს ეგეთი წარმოდგენა, ფილიპინი თვალითაც არ მინახავს. ალბათ კინოდან. გაბრდღვიალებული წითელი ფარნები, წითელი ფარდები, ნელსაცხებლების სურნელი და ხერხემლის დაყოლებაზე მოცეკვავე ნატიფი თითები... ვგრძნობ, როგორ მიხშირდება პულსი.
- What u want? - ფლირტი კარგია, მაგრამ მაინტერესებს მაინც რა უნდა.
- Gold. Give me gold, honey.
ღმერთო, რა ჩქარა შემოიხია ყველაფერი. მეგობრების ფანჯარაში ეს-ეს არის ჩაწერილი ესტელა უცებ წავშალე და bb-მეთქი.
ჰო, ამ ფილიპინელი გამომძალველის გადამკიდე, სულ დამავიწყდა, რომ ჩემს ერთგულ მგელს - სხვათა შორის, ბროფი ჰქვია, ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ წიგნში მგლად გადაქცეული კაი კაცის სახელი - ჭამა სჭირდება. სიცოცხლის ხაზი თითქმის განახევრებია. სულ პატარა ვიყიდე. ძალიან ლამაზი და საყვარელი იყო. ახლა ისეთი კოხტა აღარ არის, სამაგიეროდ სამოცდამესამე დონეს მიაღწია, ზედთან ერთად იზრდება, თანდათან ემატება ძალა და გამძლეობა. რაც მთავარია, ძალიან მეხმარება ბანდიტებთან და მონსტრებთან ბრძოლაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქარავანი მიმყავს ხოტანიდან დონჰანგში. იქ ერთი ადგილია, შხამიანი მონსტრებით სავსე, სიკვდილის ხეობას ეძახიან. სწორედ იქ უყვართ ჩასაფრება მოთამაშე ბანდიტებს. ცალკე მონსტრების, ცალკე ყაჩაღების მოგერიება ძალიან ჭირს. ბევრი, ძალიან ბევრი მექარავნე ტოვებს ამ ხეობაში საკუთარი ოფლით მონაგარს.
- ისევ ომობანას თამაშობ, მურაკამის კი მალიარი ცაცოს ბიჭი გითარგმნის, არა?
რომ აქვს, სულ არ მიკვირს, მაგრამ საიდან გამოაძრო ეს უჩინმაჩინის ქუდი ამ ჩემმა ცოლმა, ეგაა საინტერესო. თამაშის ჩახსნა აღარ მიცდია.
- Hi. - ყავისფერი ასოებით მესალმება ვიღაც. ვიღაც კი არა, ჩემი გილდიელია. გოგო უნდა იყოს, აბა Princessa-ს რატომ დაირქმევდა. თუმცა, რა ვიცი... ისე, ქალების ნამდვილი ცვენაა დღეს. რაღაც პატარა ქალაქი ახსენა. დასავლეთ უკრაინიდან უნდა იყოს. Princessa-ს ინგლისური, ჩემი არ იყოს, Hi-თი იწყება და ამითვე მთავრდება. რუსულიც, ეტყობა, ისერა იცის. მაინც რუსულით ვაგრძელებთ.
- ჩვენი გილდიიდან შენს გარდა არავინ თამაშობს, - ერთი სტრიქონი დაწერა და მერე, როგორც ჩანს, ყოყმანი დაიწყო, გავაგრძელო თუ არაო, - ეტყობა, სძინავთ ჯერ. ერთი შემპირდა, აქლემი დატვირთე და მე გამოგყვებიო. ნახევარი საათია ველოდები...
- სად ხარ?
- დონჰანგში.
- სად მიგაქვს, პირველ ქალაქში თუ ხოტანში?
- ხოტანში.
- შემოვლითი გზით თუ პირდაპირ, სიკვდილის ხეობის გავლით.
- რა ვიცი, როგორც შენ იტყვი.
- გოგო ხარ თუ ბიჭი?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- ამ ბოლო დროს ბიჭებიც გოგოს სახელს ირქმევენ. ალბათ გამორჩენის მიზნით. თავს შეგაცოდებენ, და...
- არა. გოგო ვარ. ჩვიდმეტი წლის. სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობ, პირველ კურსზე. საკმარისია? ჰო, ოლია მქვია.
ცოტა არ იყოს, დავიბენი. ამდენი რამის კითხვას ნამდვილად არ ვაპირებდი.
- ანკეტების შევსება არ მჩვევია. უბრალოდ მაინტერესებდა, ასეთი რისკიანი მართლა გოგოა-მეთქი?
- სარისკო რა არის, მართლა ხომ არ მომკლავენ.
უცებ წარმოვიდგინე როგორ გლეჯენ ჩვიდმეტი წლის გოგოს სხეულს მონსტრები, ყაჩაღებს კი სიცილ-ხარხარით მიაქვთ მისი ტვირთი.
- დამელოდე. ხუთ წუთში მანდ ვიქნები. მე გაგაცილებ.
მადლობა გადამიხადა და გაჩუმდა. სიცოცხლისა და მანის მოსამატებლები ვიყიდე, ბროფის ბოლომდე გავუვსე მწვანე ხაზი და ტელეპორტით დონჰანგში გადავედი. დასავლეთის კართან მელოდებოდა თავისი აქლემით.
- შეჯექი და, რაც არ უნდა მოხდეს, არ ჩამოხვიდე. აქლემისთვის სიცოცხლის მოსამატებლები მოიმარაგე?
- ჰო.
- რამდენი ვარსკვლავი მოგაქვს?
- ერთი.
- ეგრე ჯობს. ცოტა და ნაღდი. სიხარბეს კარგი არაფერი მოაქვს. მაშინ სიკვდილის ხეობით წავალთ, შემოვლით ძალიან შორსაა.
- კარგი.
ერთი ვარსკვლავი ტვირთის ის რაოდენობაა, როცა მოთამაშე ყაჩაღს უფლება არა აქვს უშუალოდ შეუტიოს აქლემსა და მის პატრონს. ორი და მეტი ვარსკვლავი კი, ესე იგი, გაცილებით მეტი ტვირთი და შესაბამისად მეტი მოგებაც, ამის უფლებას აძლევს. თუმცა ყაჩაღებს ერთვარსკვლავიანი ქარავნის გაძარცვის საშუალებაც აქვთ. თავის ცხენს კომპიუტერის ყაჩაღების მისატყუებლად ცოტაოდენ ტვირთს აჰკიდებენ და ქარავანს წინ გაუვლიან. მერე ცხენიდან ჩამოხტებიან და კომპის ყაჩაღებს ისღა რჩებათ, ქარავანს მიესიონ. თუ აქლემსაც მოკლავენ და მის პატრონსაც, მიწაზე დაყრილ უკვე უპატრონო ტვირთს მოთამაშე ყაჩაღი კრეფს. ნაძარცვი თავის, მხოლოდ მძარცველებისთვის განკუთვნილ ბუნაგში მიაქვს და იქ ყიდის.
- Party მომეცი.
ეკრანზე “ზედის” ქვემოთ “პრინცესას” ფოტოც გამოჩნდა. ახლა ჩვენი საუბარი მხოლოდ ჩვენ “გვესმის”.
სიკვდილის ხეობა დონჰაგიდან მთელი სავალის სამ მეოთხედზეა. ისე გავიარეთ ეს გზა, რომ ხმლის ამოღება არც დამჭირვებია - კომპიუტერულ ყაჩაღებსა და თითო-ოროლა მონსტრს დისტანციური ელვისა და ბროფის დახმარებით ისე ადვილად ვხოცავდი, რომ საუბრის გაგრძელების საშუალებაც კი მოგვეცა:
- სად ცხოვრობ?
- თბილისში.
ეტყობა, იმ პატარა წყენამაც გაუარა და ცოტა გათამამდა კიდეც:
- რამდენი წლისა ხარ?
- ბევრის.
- მაინც რამდენის - ოცის, ოცდახუთის?
სიზმარში რომ დაფრინავ, ანდა განძს იპოვი, გაგეღვიძება და - არაფერი, ზუსტად ეგრე დამემართა.
- უფრო მეტის.
- ოცდაათის, ოცდათხუთმეტის?
ჩვიდმეტწლიანებისთვის ეს ალბათ სულ ზედა ზღვარია. თითქოს საკმარისი არ იყო იმედგაცრუება. ახლა კიდევ ერთხელ მაღვიძებს და სილასავით მაწნის სახეში, რომ არც ფრენა შემიძლია და განძიც თვალსა და ხელს შუა ამიორთქლდა.
ტყუილის თქმა არ მინდა. არადა, სიმართლე ამ მოულოდნელად გაბმულ უდღეურ ძაფებსაც დაწყვეტს. რამდენიც არ უნდა თქვას, ასაკს რა მნიშვნელობა აქვსო, მაინც დაწყვეტს.
- დაახლოებით ეგრე, - ისევ ტყუილის თქმა ვამჯობინე.
“კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე... ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან”.
რა ვქნა, მე ჩემს პატარა კოცონს ვუფრთხილდები.
სიკვდილის ხეობა არც ისე გრძელია, მაგრამ თავიდან ბოლომდე გავლას საკმაო დრო სჭირდება. არც ურჩხულები არიან მაინცდამაინც დიდები, მაგრამ ძალიან სწრაფები და გესლიანები არიან. ერთს რომ მოკლავ, იმის ადგილზე ორი ჩნდება. მე ვერაფერს დამაკლებენ, მაგრამ აქლემს უტევენ - ორ-ორი, სამ-სამი, ოთხ-ოთხიც კი. ბროფი თავის სტიქიაშია - აზარტში შესული ფლეთს შხამიან მონსტრებს. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სივიწროვე და სიბნელეა - გზა სახურავივით წამოფარებულ ორ კუპრივით შავ კლდეს შორის მიიკლაკნება. არც გასასვლელი ჩანს, არც შემოსასვლელი. ერთ ადგილზე თუ დიდხანს იტრიალე, შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც, საიდან შემოხვედი და საით მიდიხარ.
როგორც იქნა, უსწორმასწორო სამკუთხედის ფორმის სინათლეც გამოჩნდა.
- ეხლა რაც შეიძლება სწრაფად იარე, არ გაჩერდე, გასასვლელთან იქნებიან.
დღის სინათლეზე პირველები მე და ბროფი გავდივართ. მართლა გასასვლელთან ჩასაფრებულან. სამნი არიან. შავებში. ორი მაშინვე ჩამოხტა ცხენიდან. ფარზე და მახვილზე ეტყობათ - სამოცზე ნაკლები არც ერთი არ არის. მენტები არიან, მაგრამ ბლეიდერის დაგდება არც ისე იოლია. მთავარი ის მესამეა. სანამ ცხენიდან არ ჩამოვა, ვერც მიხვდები რა დონისაა. გავჩერდი. დრო უნდა მოვიგო. პრინცესას ჯერ ხელს ვერ ახლებენ. ეს იმათაც მშვენივრად იციან და შეტევაზე გადმოდიან. ბევრი ვერაფერი დამაკლეს. სიცოცხლე შევივსე და Heaven chain-ით ვუპასუხე. ბროფიც იმას ეცა და სიცოცხლე თითქმის გავუნახევრეთ. მეორემ Freeze იხმარა. მიქსტურა ავტომატურ რეჟიმში მაქვს დაყენებული - ყინული მტვერივით ჩამოვიფერთხე და ისევ პირველს დავცხე. ერთი ასეთი დარტყმაც და ორნიღა დარჩებიან.
მარცხნივ პრინცესას მოვკარი თვალი. თავისი აქლემით ერთ ადგილზე დგას. არ ვიცი, ბრძოლამ გაიტაცა თუ უბრალოდ ჩემი მიტოვება არ უნდა.
- წადი, რას მომჩერებიხარ, სანამ ესენი ჩემს მოკვლას მოახერხებენ, უკვე შორს იქნები.
ამასობაში მესამე მიხვდა, რომ მის ორივე პარტნიორს ადრე თუ გვიან გავუსწორდებოდი და ისიც ჩამოხტა ცხენიდან. ზუსტად ჩემი დონისაა. სხვა შემთხვევაში ალბათ გავეცლებოდი, აქლემსა და ტვირთსაც კი დავუტოვებდი, მაგრამ ახლა ბოლომდე ვიბრძოლებ. მე ეხლა იერუსალიმისკენ დაძრულ ჯვაროსნებზე მეტი მიზეზი მაქვს - ერთი პატარა ქალბატონის ბედი მაბარია.
იმ მესამემ პირდაპირ ბროფის დაჰკრა. მგელი უსულოდ გაიშალა მიწაზე. აქ კი პატარა შეცდომა მომივიდა. იმის მაგივრად, იმ პირველისთვის მომეღო ბოლო, გამწარებული ბროფის მკვლელს ვეცი. ამასობაში პირველმა სიცოცხლე ისევ აღიდგინა და სამივემ ერთად შემომიტია.
შორს, იქ, სადაც მდინარეზე გადასასვლელი ბორანი მეგულებოდა, პრინცესას მოვკარი თვალი. კარგია, რომ დამიჯერა...
შიგნით, სადღაც გულთან ახლოს რაღაც დაინთო. სიცოცხლის მწვანე ხაზი ნელ-ნელა მოკლდება, მაგრამ ეს უკვე აღარ მადარდებს...
- ტყუილად კი არ ამბობენ, ბებრუხუნებს პატარა გოგოები მოსწონთო!
ახლა კი ვიკადრე და უკან მივიხედე. ჩემი ცოლი დოინჯშემოყრილი მისჩერებია დისპლეის.
“რა სულელები არიან ეს ქალები”, გავიფიქრე და იმის თქმა დავაპირე, რომ არც ჩემი და არც იმ გოგოს ასაკი აქ არაფერ შუაშია, რომ უბრალოდ... უბრალოდ...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: