Friday, May 15, 2009

გივი ალხაზიშვილი - ლექსები



* * *


ფოიე. კარადას ეყრდნობი დაღლილი,
საბრალო მოხუცი, წელში მოკუნტული.
ფანჯარა. მიჰყვება მთას მთათა გრაგნილი,
მრავალჯერ წაკითხულ ხელწერის კონტური.

ქარი აღარ არი. ქარი სად წავიდა?!
გსურდა წაჰყოლოდი, მაგრამ შეგატოვა
სახეს, ამომავალს ხსოვნის საცავიდან,
ხმოვანს, მომდინარეს უღრმეს ლეგატოდან.

შენ გული განავრცე. ჩამომდნარ თვალებით
და გაწვდილ ხელებით ეძებდი ღვთიშობელს,
სათქმელი გაგიქრა, სიტყვა გემალება,
ბაგენი სიტყვების წარმოთქმას შიშობენ.

ისევ არაფერი, მხოლოდ არაფერი,
ვიღაც იბადება უცნობ არაფრიდან,
მისი სუნთქვა იყო - ქარი დანაბერი,
სიტყვიდან სიტყვაში ისე გადაფრინდა...

შენ რიგს მოელოდი და დღეთა რიგები
ცდილობდნენ კალენდრის ფურცლის გასაღებას,
გკითხავენ, პასუხობ, ცხადია, იგებენ,
რომ იცდი სიკვდილის ცნობის ასაღებად,

რომ წახვალ ღამეში, სადაც იშლებიან
შუქები, გარდასულ დროის ნარჩენები,
მთვარეა და ჟამთა მისანიშნებელი
გამნათებელია ბოლო გაჩერების -

სადაც ჩამოდიხარ და გზაზე გაცილებს
მზერა უცნობების, თვალი მოპარული,
მძევლად იტოვებენ შენს მოძრავ ნაწილებს
და ვერ შემოდიან შენში უპაროლოდ.

თანდათან შეერთვის ქალაქს ეს სოფელი
ბანკით, ბანკომატით, ახალი ტრანსპორტით,
სარკმელთან დაბერდა შენი მეზობელი
სტალინზე Fფიქრით და საბჭოთა პასპორტით.


* * *

აჰა, ძველ ხელნაწერს მიათრევ ჩემოდნით
და მეხსიერებით, რომელიც არ იწვის,
იმ ფურცლებს, რომლებზეც სიტყვებად ჩამოდნი,
აჩუქებ ქარ-წვიმას. ქარ-წვიმა: - ქარი წვიმს
ქალაქში და სველი ტოტების დარწევას-
სტიქიის სუნთქვაში უმწეოდ გახლართულს,
დაჰყურებს ფანჯრები და უნდა ცხრა სართულს
გაიგოს, სად მიხვალ, რა მიგაქვს ჩემოდნით,
სად მიემგზავრები, ანდა ეს ამინდი
თუ უამინდობა საიდან ჩამოდის,
საიდან ვრცელდება, ან როგორ მოედო
ყველას და ყველაფერს სუნთქვა ნესტიანი?!

ეს სადარბაზო კი კორპუსის ნესტოა,
დღისით და ღამითაც, ის მუდამ ისრუტავს
ყველაფერს: ეზოს და ქუჩას და რესტორანს,
უაზრო სურვილსაც, რომ არ აგისრულდა,
იმ ლოთსაც, დილით რომ გააგრესიულდა
და მობინადრეთა ლანდებს მობარბაცეს,
მშიერ გამოხედვას, თვალებს ნაკაიფარს,
რეცეპტის კითხვაში გაწაფულ Fფარმაცევტს,
უფალო, უფალო ყველა დაიფარე.

და ნაგავსაყრელთან მისული ჩემოდნით,
წუთიერ დუმილით შენ პატივს მიაგებ
იმ ფურცლებს, სადაც შენ სიტყვებად ჩამოდნი,
შეარხევ გალუმპულ პიჯაკს და იანგლებ,
რომ: ქარი წაიღებს და ქარის მოტანილს,
მარტო ქარს კი არა, გაატან ქარ-წვიმას,
რომ მეხსიერებით სავსეა ქოთანი,
მხრებზე რომ გადგას და შენ გინდა არწივად
იქცე და გაფრინდე და ფრთები გაშალო,
ცაში აბოინო და ზანტად არწიო,
ქარ-წვიმამ წაიღოს შენი ნაფიქრალი
და პროსოდიული განცდების ნაშალი.
უფალო, უფალო, ყველა დაიფარე.

ქარი კი კითხულობს ფურცელს ფარატინას,
ყველაფრის გულდასმით მკითხველი ქარია,
შენ უკვე იქეცი ზეპირ ნარატივად,
ისე წაიმღერებ ჯერ უცნობ არიას,
რომ კარგი პოეტი, თავისთვის ცოცხალი,
ქარისთვის ცოცხალი, სხვებისთვის მკვდარია,
მკითხველი ქარ-წვიმა: წვიმა და ქარია.
უფალო, უფალო პოეტიც დაიფარე.


* * *

უჩუმრად გააღებ დაგმანულ დარაბებს,
რომ ბნელი ოთახი განათდეს მზის სხივით
და ქალაქს ჩახედო მოდავიდარაბეს
უძილარ თვალებში ჩაქცეულ სისხლივით.

ის ახლა დიდების აკვანში ჭყლოპინებს,
მაშინებს დარწევა ცარიელ აკვნისა,
რამე შეაგონე, ძმაო ლოპიანა,
ვიდრე ბედისწერამ არ წამოაკვნესა.

ტელეკრანებში ჩარჩნენ და ჩარჩობენ,
ყისმათი ღალატობს საბრალო დახლიდარს,
ზოგჯერ სურათებიც ტოვებენ ჩარჩოებს
და საღამოობით გარბიან სახლიდან.

სინათლე აღავსებს გამოხსნილ დარაბებს
და ისე ბზინავენ ვენური სკამები,
ოთახის ჰაერში სძინავთ შედარებებს
და რიტმებს, დუმილში ჩაშლილი გამების.

გესმის ბაგა-ბუგი გათანგულ გულების,
გოგო გამომწვევი ბაღთან გადაბარგდა,
ქუჩას მოახედებს სურნელი გულაბის
და დარდის სიჩქარით მოძრავი კატაფალკა.

რატომღაც შემკრთალი გახედავ შუშაბანდს,
ცას, სადაც იძვრიან ღრუბლის კუნძულები,
ბავშვობისდროინდელ დაფენილ მუშამბას
დაუსხამს ალუბლის მწიფე კუნწულები.

ეს დილა ექოა მათი გულისცემის,
იქითკენ სავალი გზა რა ფართო არი,
იქ გელოდებიან მშვიდი კულისები
ძველი რეკვიზიტით და რეპერტუარით.



მეკუბოე

ძვირფასო, ვარდენ, მეკუბოევ, შენ უკეთესო
მრავალთა შორის. რადგან ზომავ თვალის არშინით,
როცა ამბობენ, კუბო ვარდენს შეუკვეთესო,
ცვივა სიტყვების ბურბუშელა და შალაშინი

კმაყოფილების ღიმილებს რომ სახეს მიაფენს,
ზოგჯერ სიკვდილიც შეიძლება კაცმა ინატრო,
რომ დაგიფასდეს ოსტატობა და სიიაფე
მუხის მასალის და კეთილი სიტყვა, იმავ დროს,

ვერავის ნახავ ამ ქალაქში ოსტატს უმჯობესს,
ვის გააჩნია თვალის ზომის მსგავსი ტალანტი,
ჭვრეტ მიცვალებულს, მოტირლები როცა უნჯობენ
და კუბოს ზომას იღებ თვალის ერთი დალანდვით,

ერთი შევლებით დაზუსტდება სანტიმეტრებიც
და შარვლის ჯიბე პირს დააღებს, მგონი ადლიანს,
ჩაიბუზღუნებ, რომ დღეს შეგხვდნენ გაუმეტრები,
სამი მანეთის დამატებას რომ გამადლიან.

ფიცარს თარაზო მერამდენედ შემოასკუპე,
აშალაშინე, გაასწორე, ხერხე, გარანდე,
ამდენ ჯახირში შეჭედავდი, ალბათ ას კუბოს,
ებუზღუნები, მიაცილებ კლიენტს კარამდე.

შენთვის წინასწარ გაიმზადე მკვიდრი სასახლე,
შიში არა გაქვს მოუსვლელში გადაბარგების,
თუმცა დაბერდი, ერიდები საქმეს დასაღლელს
და ყოველ ღამე გესიზმრება კატაფალკები.

მიწა სავსეა შენეული გარჯის ნაყოფით,
უცნობ-ნაცნობი ამოგხედავს მიწის ღამიდან,
დაგჩემდა გულის აჩუყება, შიში არყოფნის,
იღვიძებ ადრე, კმაყოფილი ხარ სისხამითაც,

რომ ფანჯრებიდან ძველებურად ჩანს ჯაჭვის ხიდი,
გიკვირს, რატომღაც რომ აღარ ხარ ისე გულცივი,
გართობს ნიავის მოტანილი მთვრალი ხითხითი
და რიონის ხმა, რომ ჩაგესმის დროის პულსივით.

და შენც იმ დროში უნებლიედ გადადინდები,
უნებლიედვე წამოგცდება: ღმერთო შეგვინდე!
გეიმედება და იმედის სხივით ინთები,
მემკვიდრეებად რომ გვიტოვებ რჩეულ შეგირდებს.


დომინო

დღე ილეოდა, შენ დაბრუნდი, კედლებმა სითბო
რომ გაგრძნობინეს, გაიფანტე თამბაქოს ბოლთან
ერთად და ჩვეულ სიმარტოვეს მწყემსავდა ბოლთა,
ითვლიდი ნაბიჯს, იხსომებდი, სიჩუმე საგნის
რას გკარნახობდა ან უბრალოდ, რას გაგონებდა,
სულ უმნიშვნელოს ანდა თითქოს არაფრის მაქნისს,

მაგრამ რატომღაც, გულთან ახლოს ან იქნებ გულში,
რაც არსებობდა უცაბედად გადასხვაფერდა,
ჩვეულებრივად, მზე ფანჯრებზე ნათელს აფენდა
და მოინდომე, საიდუმლო გაანდობინო-
ერთფეროვნებით დაცხავებულ მოწყენილობას,
კაცების ხორხოცს და ცხოვრებას, როგორც დომინოს,

სადაც მიდება, მიშენება საჭირო ქვაზე
ჰკიდია მუდამ და დღეებიც მექანიკურად
ელოდებიან მოსალოდნელ დღეს პანიკურად,
რომ ჩაიკარგონ და მიებან ღამის კვადრატებს
და არ უსმინო მეზობელ ქალს, იგივეობის
ჭრელა-ჭულაში გამოწყობილს და მორატრატეს,

რომ სიტყვა სიტყვას მიაწებო, მიაბგერწერო
და ჩაისუნთქო ერთდროულად ყველა საღამო,
რომ ყველა ერთად შეკრიბო და ხმა შეახამო
სტრიქონს დაცდენილ-წამღერებულს და მიატოვო
და შენი ტექსტი ჩაიწეროს მხოლოდ ჰაერში,
როგორც ვიღაცის სუნთქვა, ფიქრი და უავტორო

სიტყვებს მიბმულმა დაიჯერო, რომ მოგისმენენ
იმ ღიღინივით, რომ მიჩქმალა ამოხავლება,
მაგრამ ჰაერში სათუოა ხაზის გავლება
და ღამით ბავშვის უმიზეზო წამოტირება
სამყაროს ხმაა უნებლიე და ის აგრძელებს
გაბნეულ ხმების შეგროვებას და ციტირებას.



ზამთრის ღამე

...რაც გაგახსენდა სულ ეს იყო: ხმები, ხმები და
ფრთების შხუილი, ცა - ყვავების გადანაფრენი,
შავი ლაქები მოსავსავე, სხვა არაფერი,
სხვა აღარავინ, მხოლოდ გულში გასანასკვავი
ფიქრი, რომელიც თვალებშიაც იკითხებოდა
და წაკითხვისას არ ბრწყინავდა, როგორც ვარსკვლავი

და სუსხიანი ზამთრის კოცნით სულშეხუთული
გარბოდა ვიღაც შინისაკენ, იქნებ შინიდან
ან არავისთან არ გარბოდა და ეშინოდა,
რომ ყველგან, მუდამ და ყოველდღე იყო არავინ,
ვინც ფანჯრის მინებს შეუმჩნეველ სუნთქვით ორთქლავდა
და დროს გპარავდა, სხვა რა გქონდა მოსაპარავი

და დღე და ღამეს ვინ დაღლიდა მორიგეობდით,
ერთმანეთს ცვლიდა გამუდმებით ორი ბადრაგი,
შენ ბოლთას სცემდი და სხეული გადასათრაქი,
ოთხკედელს შორის გადაგქონდა შინაპატიმარს
და ტელევიზორს აუქმებდა ძველი ფანჯარა,
ვორდის პროგრამა ავტოკალამს და ფარატინა

ქაღალდს, რომელიც არც გახსოვდა, აღარც დაორთქლილ
ფანჯრის მინაზე აღარ წერდი, აღარც სარკეზე
და ვირტუალურ სამყაროში სჩრიდი ანკესებს -
ლექსებს და გრძნობდი, თითქოს, ვიღაც იყო მომსვლელი,
შენ ბრუნდებოდი და ხედავდი, რომ მზეს ჩამავალს
შემოსცვეთოდა ოქროს ქოში და სამოსელი.

მალე ამ მთებსაც ბინდის გარსი გადაეკვრება
და მოვა ღამე სუსხიანი და გულმრისხანე,
როცა ნათურებს ოთახები გამოისხამენ,
ის გაშლის ბანქოს, უდროობით კვდება საათი
და ვერ თენდება და იგივე დუბლში ჩარჩენილ
დროს იმეორებს პასიანსი და მასლაათი.



არპეჯიო შენთვის

გადავრჩი.. გადავრჩი.. გადავრჩი..

ასე ჩამესმის გულყვითელა ჩიტის სიმღერა,
გაყინულ ღამეს დააღწია თავი საბრალომ
და ახლა მინდა ჩემი ფიქრი გადავაბრალო,
ჩიტს, რომ მომისწრო ძილ-ღვიძილის ელამ ტიხართან,
თავის სიმღერით და გათენდა და მზის ამოსვლამ
ამიყოლია, ამამჩატა და გამიხარდა,

რომ გულთან ახლოს მეგულები, ანდა გულშივე
ისე გაკრთები და უთვალავ გულში იმავდროს
შენ მზე ამოგყავს, ყოველი მზე შენში ბინადრობს,
მე კი დინებას შევეზარდე ტალღის ჩქამივით,
მაგრამ ვერ გხედავ და თუ გხედავ მწუხარებისას,
მოულოდნელად შორიახლოს, როცა ჩამივლი.

მე კი იმავ გზით ვეშურები ბანკომატისკენ,
ხელის იგივე მოძრაობით ვაწვდი ვიზა გოლდს
მეტალის ნაპრალს, რათა კვლავაც გამოვიზოგო
არსობის პური და ცისაკენ წასულ კვიპაროსს
თვალი შევავლო და გამჭოლი მზერით ზე ავყვე
და სხეულიდან შეუმჩნევლად ამოვიპარო,

რომ სამუდამოდ წავიყოლო შენი სიმღერა,
წავიღიღინო, წავუსტვინო, ეს არპეჯიო,
არ შემიძლია, სხვა ყველაფერს რომ არ მერჩიოს,
ლეგატოებით და მსუბუქი განავარდებით -
არის იმედი გადარჩენის ან შეყოვნების
და ბანალური დასასრულის გადავადების.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: