Saturday, May 30, 2009

მალხაზ ხარბედია - ანას ხანა

ქართულ პოეზიაში სულ რამდენიმე სახელია, პოეტების რიცხვი, ვისაც მხოლოდ სახელით უხმობდნენ, მცირე იყო. ყველას გვახსოვს გალაკტიონის ფორმულაც, შოთას, ილიას, აკაკისა და ვაჟას რიგში საკუთარი თავიც რომ იგულისხმა, გვახსოვს სიის შევსების სხვა მცდელობებიც, წარმატებული და წარუმატებელი. ბესიკიც გვახსოვს, ტატოც, გოგლაც, სხვებიც. ყველა ეპოქას თავისი ჰყავდა, იყო ეპოქები, როცა რამდენიმე ეს “სახელი” ერთად ბობოქრობდა. თუმცა ჩვენს ხანას ერთი ჰყავდა ასეთი სახელი, ანა.
გალაკტიონმა 1907 წელს დიდი ეპოქის დასასრული უწოდა, ეპოქა დასრულდა 1959-შიც, თავად გალაკტიონის სიკვდილით და კიდევ ერთი 50 წლიანი ციკლის დასასრულ, 2008-ში უკანასკნელი ხანა დასრულდა (ვინ იცის, შესაძლოა მეტი ვეღარც ვერანაირ ხანას ვეღირსოთ, ანუ ყველანაირი “ეპოქები” წარსულს ჩაბარდა?!). სულ რაღაც ორი კვირის წინ, ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ გვყავს ანა, რომ საბედნიეროდ ჯერ კიდევ მისი ხანა დგას და რომ ყველანი მის ხანაში ვცხოვრობთ (თუმცა რატომღაც იშვიათად ვამბობდით ამას, ან ცალყბად აღვნიშნავდით, ან საერთოდ არაფერს ვიტყოდით რამეს). ახლა უკვე გვიანია, ახლა მხოლოდ უნდა გავიხსენოთ როგორი იყო ეს დროება, აღვიდგინოთ ის პერიოდი ჩვენი ცხოვრების, როცა ანა არსებობდა, ჩვენ კი ვერ ვხედავდით მის არსებობას, ვერ ვამჩნევდით მის დუმილს, აქტუალური არ იყო მისი სისუფთავე. პირველ რიგში საკუთარ თავს ვსაყვედურობ ამას. ეს მეც მეხება, ყველას გვეხება.
ქართულმა ტელევიზიებმა ერთმანეთზე უხერხული სიუჟეტები მიუძღვნეს ანა კალანდაძეს. ჟურნალისტებს მაგალითი საქართველოს პრეზიდენტმა მისცა 11 მარტის შუადღის გამოშვებებში (საღამოს საინფორმაციოებში ეს სიტყვები ამოჭრილი იყო). მან, სამძიმრის შემდეგ გალაკტიონის ლექსი წაიკითხა, როგორც ანა კალანდაძისა: “ატმის რტოო, დაღალულო რტოო...” და მხოლოდ შემდეგ გაახსენდა “თუთა”. რუსთავი 2-მა გამოაცხადა, რომ ანა კალანდაძე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. ტელეკომპანია “მზის” კულტურის მიმომხილველმა დანანებით აღნიშნა: “ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი ცნობილი სახე გამოაკლდა”, თითქოს საუბარი ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერ რომელიმე ძველ “ინტელიგენტზე”, ექიმზე, ან უბრალოდ კაი ბიჭზე იყო.
ანა კალანდაძის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ორმა ფრაგმენტმა შემახსენა თავი, ამეკვიატა. ეს იყო არა ძველი, კლასიკური სტრიქონები, არამედ სიტყვები უკანასკნელი ლექსებიდან: “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება”, “სიზმარში, სიზმარში გიხილე, ადგილსა მას ყვავილოვანსა”. ვიჯექი და ვიმეორებდი ჩუმად, “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება”, “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება” და მივდევდი ბოლო წლების მანძილზე ჩემთვის უკვე გაუცხოებულ ამ პოეტურ ნათელს, სტრიქონებს, რომელიც მომავალში ახლიდან უნდა ვიპოვო, ხელახლა წავიკითხო, სინანულით სავსე გაგებით გავიგო. ამ გაუცხოებას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი განიცდის ახლა და სწორედ ეს უხერხულობა მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ანა კალანდაძეს ჩვენ კიდევ არაერთხელ აღმოვაჩენთ ახლიდან. რა ვიცი... მემგონი აღმოვაჩენთ...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

3 comments:

ზინა said...

თბილი პოსტი(სტატია) იყო.გმადლობთ. :) ბედნიერი ვარ,რომ პირადად ვიცნობდი ანა კალანდაძეს(ალბათ,ამიტომ ვერ მოვიხსენიებ ჯერ ანად,თუნცა გეთანხმებით ”ქართულ პოეზიაში სულ რამდენიმე სახელია, პოეტების რიცხვი, ვისაც მხოლოდ სახელით უხმობდნენ”...მათ შორის ანა ).

lelaabaSiZe said...

დიდი მადლობა ანას პოეზიის ასეთი გრძნობით გადმოცემისათვის,ბატონო მალხაზ დღეს იშვიათად ესმით ლიტერატურა გრძნობით.

Anonymous said...

ბატონო მალხაზ თუ დაინტერესდებით საჩხერეში არსებობს ერთი ქალბატონი რომელსაც არაჩვეულებრივი შემოქმედება აქვს, მაგრამ რადგან მას არავინ იცნობს , და განათლებაც არასდროს მიუღია, ვერასოდეს მოახერხა( მგონი ამბიციაც არასდროს ქონია) თავისი ლექსების გამოქვეყნება, დამერწმუნეთ ასეთი ადამიანი ყურადღების ღირსია,



გთხოვთ გამომეხმაუროთ ჩემს ელ ფოსტაზე chalisskola@gmail.com