***
მოვიწიო მოსავალი ხანძრიდანაც,
რომელიც მთელ სახლს მოედო.
ანუ მტევან-მტევან ამოვზიდო ცეცხლიდან
სიმართლე დედაზე –
ნივთებმა სიმწრისგან რომ აღიარეს დანახშირებამდე.
ნაცარი კი სამახსოვროდ მეგობრებს.
ნაცარი სამახსოვროდ ყველა მეგობარს.
ნაცარი სამახსოვროდ ცხრათვალა მეგობრებს.
გახსნიან ჩანთებს
და გამოხსნიან უჯრებს
და ყველგან
ჩემი სახლის ნაცრისფერი ბუღი.
ეს ადვილი დასავიწყებელია.
ერთი სულის შებერვა
და ყველანი დაიწმინდებით.
ეს ადვილი დასავიწყებელია.
ოღონდ, ამომთხარონ პირიდან
გრიგალები და სეტყვაც – მარცვალ-მარცვალ.
დედა, მე უკვე ვიცი
ყველა საშიში საიდუმლო ამქვეყნად.
ჩუ, საყვარელო,
არა, საყვარელო.
ჩუ...
***
ეს თამაში – არავისთან –
ქარის ბარტყებს (სახეზე რომ მაწყდებიან)
ახალისებს –
ვარ და აღარ ვარ.
საქანელას შევყავარ და გამოვყავარ
რაღაც ახალში,
სადაც არ ვდგავარ მარტოდმარტო
არცერთ ღამეში –
გაოგნებული,
ბებუთივით სანახევროდ ჩასობილი
ქალაქის ბეჭში.
ესენი კი წვეთოვანებს აქეზებენ
ჩემს წინააღმდეგ –
თეთრ ხალათებში რომ მალავენ
კანზე მიმჯდარ წყვილ-წყვილ მკერდებს,
როგორც ლეკვებს –
ჯადოს თუ ახსნი,
ქოფაკებად რომ იქცევიან.
წამალი დაშლის,
კვერთხებივით ჩამომართმევს
თვითმკვლელობის ძახილის ნიშნებს.
და დავრჩები
ისე არავისთვის,
როგორც ამოქოლილ გვირაბში გათოვება...
***
მოუსვლელშიც რომ დავიმალოთ,
როგორც ცვრის წვეთებს
ყოველ დილით აქ გვეღვიძება –
ვარდებივით აფუებულ ჩვენს საწოლებში.
და დილიდანვე თუ არ ვსდიეთ, ვერ მოვიხელთებთ –
ყველა ნივთი სადღაც გაგვირბის.
მტვერიც მათ დასდევს – დაეფინოს.
სიძველეც დასდევს –
დაადინჯოს, დაამდუმაროს.
და ნარბენი ნივთებიც
ბოლოს
იეროგლიფებივით გვიყრია ოთახებში.
ვერ წავიკითხავ ასეთ სახლს.
გადაშალეთო თქვენ-თქვენი ამბები
შემდეგ გვერდზე.
აღარა მაქვს შემდეგი გვერდი.
კანის ფორები თონეებია.
ჩაყუდებულან მათში ჩვენი საწყალი შვილები
იქიდან ასეთი დაბრაწული ტყუილების ამოსაყრელად,
რომ ვითომ თქვენთან ვარ,
ვითომ დარდი მაქვს.
საღამოს ნისლს კი საშრობივით ამოაქვს
ზედმეტი ამბები დღეებიდან.
ნახე, რა წესრიგში მაქვს ყველაფერი.
***
ფანტელებია – ზეციურ მხეცებს
ბრჭყალები რომ დააცალეს ხორცებიანად.
მაგრამ ზამთარს შეუძლია
კაპილარებიც ჩაიტოვოს ამ სიქვავეში –
შენთანაც უნდა.
აღრიცხულია ყველა ნერგი ტუჩების ირგვლივ,
რომ რაიმედ კი არ იხარონ,
ეშვებივით ამოელვარდნენ ასეთები –
მთვარის ქვისანი, ჩაზნექილები,
ცარიელი აკვნებივით დარწეულები.
აღარსადა ვართ ასეთები –
ლოცვები თმებად ამოზრდილი
და კეფაზე დახვეული და მოხტუნავე
ვერცხლისწყლის ბურთად.
ხის ტანშიც რომ როგორმე შეძვრე
და შიგნიდან რომ იარო
მისი ტანის ლაბირინთებში,
აღარსადა ვართ,
აღარსადა ვართ შემონახულნი.
***
ეჭვგარეშეა,
რომ ბუნება
გარდაცვლილთათვის გულს არ იზოგავს.
ანუ შუაზე ყოფს ყველაფერს,
რაც გააჩნია.
ხეების ერთი მეორედი მხოლოდ მკვდრებისთვის.
ჭექა-ქუხილის ნახევარიც მკვდრებისთვისაა.
გადათვლილი აქვს ჩანჩქერების ყოველი შხეფი.
ზუსტად შუაზე გაუყვია ქარების ქროლვა.
და ჩვენც, ცოცხლებიც,
ნახევარნი მკვდრებისთვისა ვართ.
მეც, მკვდრებისთვის რომ არსებობენ,
იმათკენ მოვხვდი.
***
ნუგეში,
როგორც შავი თხილის სახეში მოყრა.
შენ თვითონ დატეხეო,
შენ დააცალეო სიტყვებს ნაჭუჭები.
გადაარჩიეო რომელი გჭირდებაო,
რომელი – არა.
დღეს კი გიბრუნებთ ამ ნუგეშებს დაუტეხავად.
არ გამომიყენებია მე ისინი არც არასოდეს.
აღარც მახსოვდა, ტომარაში მიგროვებია.
დღეს მივაგენი, გამოვყარე, აღარ მჭირდება.
არც დამიტეხავს,
არც მინახავს,
არც გამისინჯავს,
ისე ჩაჭკნენ ნაჭუჭებში და ჩაიმჩვარნენ.
***
მისაღები ოთახის ღმერთო,
შენს ქვემოთ
ხან მაგიდაა გაშლილი სტუმრებისთვის,
ხან – ახდილი კუბოებიდან
მკვდრები ამოგცქერიან.
სტუმრებისა და მკვდრების ოთახის ღმერთო,
შენი ბროლის სასახლე
ჩემი ოთახის ჭერზე კიდია
ერთი უწვრილესი გამტარით
და ზიხარ შიგ უხმოდ.
რა მოხდებოდა, იქამდე გადაგემალე
მაგ ბროლის ბურთში,
ვიდრე გაიგებდნენ, რომ ვარსებობდი,
ვიდრე მუცელში ჩავჯდებოდი.
ჩამოვხედავდი ზემოდან
უჩემო დედას და მამას –
ჯერ სუფრასთან და მერე კუბოებში –
მათ სასახლეებში,
სადაც მკვდარი სახეები
თავიანთივე თმების უძრავ ჰამაკებში
ექნებოდათ ჩაქვავებული -
ისე, უჩემოდაც დაღლილებს.
***
ყველამ გადადოს თავისი საქმე,
როცა დღე თითქოს უცვლელია,
შეურხეველი,
მაგრამ რუხი ქვა ადგება
და ხმადაბლა მიდის
ჭრელი ტბებისკენ –
ტანში მარცხნივ რომ გვილივლივებს.
და ვინც კი ამ დროს
გადახუროს თავისი გული
მგლების კრამიტით,
ან გადაიცვას გულზე საქმე,
როგორც ალიბი,
არ დაიწყევლოს,
მაგრამ რა ვთქვა...
ცხადი არ მყოფნის
ავხსნა ეს სევდა –
სიზმრიდანაც ამომაქვს წყალი –
აუმღვრეველი, წამებული, აღარავისი.
© kalmasoba.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment