Friday, February 18, 2011

ზაზა თვარაძე - გამოუქვეყნებელი ლექსები


ციკლიდან „აბრაკადაბრები“
აბრაკადაბრა

სასამართლოს ეზოში ქალები ზილარიან,
ქალებს სურთ მოითხოვონ მართალი სამართალი!
მათ გვერდს უმშვენებს ვიღაც ყაზილარი -
თავპირმოქცეული და სახეუმართავი.
ცაზე თვითმფრინავი ხაზავს კალამბურებს,
ქარში იფანტება ცის ლურჯი ნაგლეჯები,
ყაზილარს უჭირავს ლერწმის სალამური,
სონატებს ასრულებს თვალებდაბნედილი.
სასამართლოს დარბაზიდან მოისმის გალობა -
ბრალდებულს მხნედ მიყავს მთავარი არია,
მსაჯულთა სამეული ცრიატებს სიზმარივით:
გულწარმტაცად გალობს, მოგეცა წყალობა!
იქვე ციბრუტივით ტრიალებს ადვოკატი,
მისი სიკისკასე ვერავინ შეაჩერა,
ადვოკატს კედლიდან დასცქერის პლაკატი -
ამ პლაკატს დასთამაშებს მისი ლაღი მზერა,
პლაკატზე სათნოდ იღიმება პროკურორი,
მეტყველ თვალებში ეტყობა გაოცება,
პროკურორს თვალები შუბლზე აუცოცდა:
ბრალდებულის გალობამ მოახდინა ფურორი!
გალობს ბრალდებული, ქუხს მოწმეთა ქორო,
ბრალდებულს გულს უკლავს ტყუილი ბრალდება,
მცირე ინტერმეცოსავით გაირბენს დარბაზს ჭორი:
ბრალდებულს თვით თემიდა უდგება თავდებად!
ადვოკატი ცეკვავს მკლავებგადაშლილი,
ავ თვალს არ ენახვება მისი ჩაუქი ლეკური...
სადღაც კი მოკლული წევს, ვით კამფეტი გალოკილი
და უფსკრულს ჩაჰხარხარებს ყორნების კრებული.
ფოთლებში სისხლივით წითელი ვაშლი ელავს:
ადვოკატი იწყებს ლაიტმოტივს ვაშლის,
ხან გაშლის, ხან შეკუმშავს, ხან გველივით წელავს,
ბოლოს სულაც აქრობს, დალოცვილი, ამ სოფლიდან წაშლის,
ადვოკატის ილეთი დარბაზს გვრის აღტაცებას,
ფლეიტებს ჩაბერავენ ხელმარჯვე ბაცაცები,

ადვოკატი ვაშლის ნაშთებს კურკიანად ყლაპავს
და მიწამდე თავს უკრავს ღირსეულ არეოპაგს.
იქვე, გასასვლელში, ყრუ დარაჯი ხვრინავს,
ძინავს უღვიძებლად, ბნელ სიზმარში წასულს,
ხედავს - ქვესკნელებში მისდევს ვიღაც ავსულს
და ერთი გასროლით ხვრიტავს ქვას და რკინას,
პროკურორს შემოაქვს ალესილი ნაჯახები,
მაგიდაზე დაახეთქებს კბილებმოღრაჭუნე,
უეცრად პროთეზი ძვრება, ის დასამტვრევი...
დარბაზი მხიარულად დაფდაფებს აგუგუნებს.
დარბაისელ მოწმეს უპყრია ტრომბონი,
დგას და ყრუ ხმებს წელავს, წელავს გატაცებით:
«დაწყევლოს გამჩენმა ნაჯახის მომგონი:
ბრალდებულს ხომ გუგული ქვია, იცნობდეთ!
იცნობდე, პროკურორო, ჩემო პროკურორო!
შენა ხარ ამ დარბაზში კაპიტნის თანაშემწე,
ხომალდს ნუ უღალატებ, ჩემი ხომ გეყურება,
თუნდ ზღვაში დაინთქას და მეხიც ზედ დაეცეს!
თუნდ მეხიც დაეცეს, ეს ოხერი, მუდრეგი,
შენ მაინც უდრეკად გაშალე იალქანი,
აღმართე გროტ-ანძა, დატვირთე კუბრიგი
და სასტიკ ურაგნებში ხომალდი გააქანე!»
პროკურორს თვალებზე ცრემლი მოადგება,
დარბაზში გუგუნებს ზღვის მგლების ძველი მარში,
ბრალდების მოწმეები სმენაზე დგებიან
და მამაც პროკურორს უდგებიან მხარში,
ბრალდებული იწყებს მეფისტოს არიას,
მკლავებს წინ გაიწვდის და ბოხი ხმით გალობს -
მისმა ხმამ ლამის დარბაზი გადარია:
«ვინ მომცა მე ფიშტო, ან ნაჯახი მე საბრალოს!»
უეცრად გაისმის პროკურორის კრიმანჭული,
შიგ ჩაუქსოვია მთელი სული, გული,
რაკრაკებს მისი კრინი, ზრდილი და მეფური:
«ვინ მიცა მკვლელს ნაჯახი, მოკლულს ჭკვა, მე - ფული!
მკვლელის უმწიკვლობა ხომ, ცხადია, სახეზეა!
მე მხოლოდ მოკლულისთვის მოვითხოვ პატიმრობას!
არ ვიტყვი, სასჯელის უმაღლეს ზომას-მეთქი,
არ მსურს იმ უბედურის ცოლ-შვილის ატირება!

ახლა კი, ბატონებო, ის დროა, დავამთავროთ,
ქუდი დავიხუროთ და გავიხუროთ კარი,
კანონმა იკანონა - ესაა უმთავრესი,
უმთავრესი, ვფიცავ ჩემს პროთეზსა და პარიკს!»
დარბაზი ჰიმნს სჭექავს, კივიან სოპრანონი,
პროკურორის ფა-დიეზი შეატოკებს ჭაღებს,
საყვირთა დაყვირებით ცხადდება განაჩენი,
მკვლელი ნაჯახებით როკვას გააჩაღებს,
ბოლო ნოტს ბუკზე ჩაბერავს მოსამართლე,
ბუკის ყრუ ბუბუნი მთელ დარბაზს მოედება:
პროცესი დამთავრდა, იწყება ბანკეტი,
მხიარულ ხმებს ერთვის დარაჯის შმაგი ბოდვა...
ეზოში ბედნიერი ქალები ზილარიან,
ბაყვებზე გაუშლიათ ტყემალი, ხაჭაპური -
ქალები, ყაზილრები - ყველანი ტკბილ არიან,
მწყაზარად დამსხდარა ერი საზეპურო,
უბრალო ბრალდებული ეთხოვება დარბაზს,
გრძნობამორეული წარმოთქვამს სადღეგრძელოს...
ცაზე კი თვითმფრინავი კალამბურებს ხაზავს
და ცის ლურჯ სიღრმეებში, ვით სირი, ყურყუმელობს।


აბრაკადაბრა
ანუ ხის სპირტზე დამზადებული შხამიანი არაყი
"Yo-ho-ho and a bottle of rum!
Death and the devil had done for the rest,
Yo-ho-ho and a bottle of rum!
Fifteen man on a dead-mans chest".

(მკვდრის სკივრს თხუთმეტნი შემოვრჩით მხოლოდ,
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
სხვებს სმამ და ეშმამ მოუღო ბოლო,
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!)
მეკობრეების ძველი სიმღერა
R.L.S.

რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
მათ, ვინც მამა-პაპათა სასახელოდ
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
შვილებს უყოყმანოდ გაიმეტებს?

რატომ არ ცხოვრობენ შვილები თავიანთი შრომით?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ამიტომ სურს ყველას ყველასთან და თითოეულს ერთმანეთთან ომი?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
თუ ვეფხვი ძუ ლომია და ლომი ხვადი ვეფხვი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
რატომ არ არსებობს ქვეყანაზე ზოლიანი ლომი?

რატომ არის ჩვენი ქალაქები გიჟური და უდაბური?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
რატომ ენატრებათ ჩვენს შვილებს რძე და პური?
ო-ჰო-ჰო და სხვა...

რატომ არის ეს ჩვენი ბუნება ასეთი ხვადაგური?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
პირსახე გაბადრული და გონება დადაგული?

რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ან ამ ჩვენს კოლხ დედებს ნეტა რა აყბედებს?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
იქნებ ჩვენს ვაჟებში ჭარბობს ტენდენცია ქალური?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ან იქნებ გრძნობენ, რომ დედებში მეტია რაღაც მამლური?

ბნელში ერთმანეთს ეკვეთებიან ანიმა და ანიმუსი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
იდს უფრთხის სუპერეგო - წყნარი, სანიმუშო,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ბნელში ანიმა ბელავს კახამბალს, ბჟოლას
ო-ჰო-ჰო და სხვა...
და ზეცა იწყებს მსხვილი კალიბრის ხოშკაკლის სროლას,
ო-ჰო-ჰო და სხვა...

კუნაპეტ ცაზე კიაფობს ვარსკვლავთა ასხმა,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ყოველდღე ისევ იწყება კოშმართა თავსხმა,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
წუხს სუპერეგო, რატომ არ თავდება ეს უსაშველო სასმელის დასხმა
ო-ჰო-ჰო და სხვა...
და რატომ იწვის ჩვენი ცოდვით ხმელეთი და ზღვა.
იო-ჰო-ჰო და სხვა...

რატომ ემსგავსებიან ბავშვები იდიოტ მშობლებს?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ან მოზრდილები რატომ მღერიან მხიარულ მრჩობლედს:
ო-ჰო-ჰო და სხვა...

«დიდება ჩვენს ძირძველ მოდგმას, დიდება, ბარაქალა»!
იო-ჰო-ჰო და სხვა...
ეჰეი, ბოთლი რომი და ბოთლი კონიაკი თავზე გადასდის ამ ჩვენს დაღლილ ქალაქს
იო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რახი!

მამი, მომე კოვზი, დანა, ჩანგალი! დედი, მომიწიე ჯამი!
ო-ჰო-ჰო და სხვა...
დაო, გამიშალე სუფრა, ძმაო, ამაცალე სკამი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
პაპი, მორჩი ეგ გიჟური ზღაპარი, ბები, შეწყვიტე საქსოვის ქსოვა,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ახადეთ თავი ძველისძველ სკივრებს, გაქექეთ წარსულის გროვა!
ო-ჰო-ჰო და სხვა...

ეგებ გავიგოთ, რატომ ემსგავსება ვაჟი დედას და ქალიშვილი მამას,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ბაბუ, შეეშვი ცხვირის ჩიჩქნას და უკბილო ღრძილებით ჭამას,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
დედი და ძალო, მორჩით ერთმანეთის წყევლა და ერთმანეთზე კივილი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
თორემ უმცროსი და საცაა გასხლტება კარებში ხვლიკივით
ო-ჰო-ჰო-ჰო და ერთი ბოთლი ამარეტო!

რატომ ემსგავსებიან მეთქი ვაჟები დედებს და
რატომ ბოგინობს მათს სულებში დედის კომპლექსი?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
იქნებ სადღაც ტრანსპერსონალურ სიზმრებში იბადება
მსგავსი ნონსენსი?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ერიხ ფრომი!
იქნებ ეს ვარიანტი ერთადერთია ადამიანის ფსიქიკის მბრუნავ ბორბლებში?
ო-ჰო-ჰო და სხვა...
იქნებ ყველაფერი უკვე ცხადია, და სამკალიც აღარ დარჩა ამდენ მომკლებში?
ო-ჰო-ჰო და სხვა...

ეჰეი, დედი, მამი, ahoy, daddy, mummy,
Yo-ho-ho and a bottle of rum!
მაშინ ხომ მთელი ქვეყანა უნდა გადედდეს და მამად დაუჯდეს წინ იმამი,
Yo-ho-ho and a bottle of rum!
მაშინ ხომ ყველა და ყველაფერი უნდა დაიყვანებოდეს პარადიგმულ ერთზე,
Yo-ho-ho and a bottle of rum!
მაშინ ხომ ღმერთი უნდა გავცვალოთ ბორის მჟავაზე
და ძია ბორისი ვალაპარაკოთ ღმერთზე...
Yo-ho-ho and a bottle of rum!
ეჰეი, სერ ბორის, შე ძველო, შენს პირს შაქარი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
მოდის, მოღელავს, იკბინება ჩვენი ძირძველი ლაშქარი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ბები, შეეშვი ყაისნაღით ყურების ჩიჩქნას და
ბაბუ, შენც მორჩი ეგ გიჟური ხარხარი,
ო-ჰო-ჰო და სხვა...
და დღე იყოს კრული, უბადრუკი,
ჩვენ ყველანი - ერთად დასაღუპი
და წამოვიდეს სეტყვა ჩქარჩქარი.
ო-ჰო-ჰო და სხვა...
ოღონდ ეს პატრუქი და მატრუქი
და ეს უბადრუკი პეტრუქი
არ იყოს ასე ამტყდარი.
ო-ჰო-ჰო-ჰო და ერთი ბოთლი საასენიზაციო ხსნარი!


და აი! თქვენ შეხედეთ: ბებიას ბიას აბია ბია!
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
ეჰეი! ბებიას ბიას აბია ბია!
ო-ჰო-ჰო-ჰო და გობით ცომი!
ხოლო ბაბუას ბიას აბია ბუა!
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
და ბებიას ბიას აბია ბაბუა!
ო-ჰო-ჰო-ჰო და ხის სპირტზე დამზადებული შხამიანი არაყი!

ეჰეი-მეთქი! რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
ან ეს დედები რატომ ამყარებენ დაცენტრილ ვაჟებზე ამხელა იმედებს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
ან ყველა ყველას და თითოეული ერთმანეთს დასაკლავად რატომ იმეტებს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
და რა ეშველება ნისლით მოცული მომავლის ამდენ მოიმედეს?
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!

და ბოთლი რომი, ბოთლი რომი,
მოპოვებული ჩვენი შრომით!
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი!
ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
1992।


მშობლიური აბრაკადაბრა
(პატარა ბალადა)
საღამოა, ძვრას ვერ უზამს მიძნაძორო მერეს,
ბულბულები დაჰკივიან ჩვენს გორებს და სერებს,
მთვარე ჩადის, მთვარე ჩადის, როგორც ძველი სკივრი,
როგორც ყველი, როგორც მჭადი, და ქინძით და ნივრით
შეზავებულ შეჭამადში ყრია კაცის ძვლები,
სუფრას მისხდომიან მგლები, მადიანად სვლეპენ,
ხვრეპენ, ილოკავენ ტუჩებს, ქონით ნაპოხ ლაშებს,
თევზის მუცელივით რბილი ლეში ცურავს ზღვაში.
ცად კი აღმართულა წვიმა, როგორც კატაფალკი...
ასე არის - როგორც წინათ, ხომ ცხოვრობდა ხალხი!
იყვნენ, სწამდათ, სჭამდნენ, სჭამდათ, სვამდნენ ნათელ ღვინოს,
მერე მათაც დაუღამდათ, მიწვნენ, მიიძინეს,
მისდეს თავი ღრმა ბალიშზე, მოატყუეს თვალი,
მოატყუეს ახლობლები: მული, ქვისლი, რძალი,
მოატყუეს მეზობლები - ეგროს, კახოს, ჰაოს,
მიიძინეს, შეუერთდნენ პირველყოფილ ქაოსს
და იქ სიზმრად ნახეს მხარე ავსებული მადლით,
სურათებით, სიხარულით და ბალღური ნაღვლით,
- ყრმაო! - უთხრა ანგელოზმა - გაახილე თვალი,
გაახილე, მოიხილე მხარე წარუვალი!
და თუ თვალსაც ვეღარ ახელ, მაშინ მიგდე ყური!
მიგდე, მოგდე, სწრაფად მითხარ: ვისი სული გსურის?
აირჩიე შენი ხვედრი, აირჩიე, აი,
მთლად შენია, შენ გეკუთვნის აი შავი ზღვაი!...
მანაც მედგრად უპასუხა: - ანგელოზო, ვიცი!
ვიცი რასაც მიწყალობებ, არ მჭირდება ფიცი!
მაგრამ ვაგლახ! აფსუს! მახლას! როგორ ვენდო სიზმარს,
კარგი ცხადმა რა მიყო და სიზმარი რას მიზამს?!
არა, არა! მიჯობს ისევ ძველ გზას გავყვე ფეხით,
კვალში ხვნეშით მომყვებოდეს მამაჩემი - გლეხი,
რომ ჭაპანი მედგას ქედზე, თავს დამქუხდეს მეხი,
და ჩვენებურ ტალახებში მეფლობოდეს ფეხი!
არ მჭირდება შენი ვალი, კრედიტი და სესხი,
მხოლოდ ერთს გთხოვ: კვლავ მამღერე ძველებური ეშხით,
და თუ ნახავ ჩემს სამშობლოს, უდარებელ მხარეს,
მოიხილე ჩემი სახლი, ჩემი ნაფუძარი,
გადაეცი ჩემს ახლობლებს, ნუ მტირიან, ნურა!
მე შავეთის გზებს მივაპობ მამაცურად, მგლურად,
სადაც ვნახავ ეულ ბატკანს, მსურს დავტაცო ხელი..
მომიგონონ! მე სხვას მათგან აღარაფერს ველი!
მივალ - მოჩანს, მოვალ - მიჩანს საიდუმლო ველი,
ქარი გორებს ეფერება, მოდის წვიმა ნელი,
ეგზომ ჩუმი, უსუსური, ეგზომ საშინელი,
პლანეტები - გასუსული, მთვარე - პირყვითელი,
ცა - ვარსკვლავებით ჭედილი, ცა - კამეჩის თვალი,
დიდგორივით ჩახერგილი, ღრმა, თვალშეუვალი,
ცაში მოჩანს ბედი ჩემი, ეგზომ საქებური,
მამიჩემი, დედიჩემი, და მზაკვარი მდგმური...
მახლას! მიხლას! მუხლას! მოხლას! დამანებე თავი!
აწ დედ-მამის ნაცვლად მახლავს შუაღამე შავი...
- მერე და რა?! შუაღამე! რა განცდაა, იცი?!
მოსდევს ღრუბელს უამრავი ნაბდისფერ კვიცი!
შეხტი, შეაგელვე სერებს, როგორც არაგველი,
აჩიგვარას, მიუსერას მიუსიე მგელი!
გაიღვიძე.. გულზე გადევს რაც არაფერს არ გავს,
უმადური მეზობელი გულზე გაყრის ნაგავს,
გულზე დაგხვევია დარდი, გულზე გველი წივის,
გულზე შავი თოვლი ბარდნის - ცივი, ცივზე ცივი,
და ბიბინებს შენი გული, ქათქათებენ ძვლები,
ბალახებში გაფანტული თეთრი ნატვრისთვლები,
ჰე, მამაცო! გაიღვიძე! დაარისხე ზარი,
დაარისხე, მიდი, მისცხე, გადალახე ზღვარი!
კვლავ ნათელი გახდეს ზეცა, ელვარებდეს მთები,
კვლავ ვარსკვლავებს ჰგავდეს დედის მარგალიტის თმები,
კვლავ ზღვასა და ხმელეთს შუა იცრებოდეს ქარვა,
ხელმანდილი გაიტაცოს მოგუგუნე ქარმა,
კვლავ დარახტე შენი რაში, ზედ შეაგდე ქალი,
გადიხადე სახაშეში დარჩენილი ვალი,
თორემ ბნელა, თორემ ცივა, ღამე ახრჩობს ქალაქს,
ზეცას ბღუჯად თმები სცვივა, უშიშვლდება ქალა,
თორემ ზარით დაკრეჭს კბილებს ვარსკვლავების ველი,
თორემ ქალაქს დაეხვევა სისხლიანი გველი,
თორემ ვერა, ვერ გაუძლებს დედამიწა ტკივილს,
აფეთქდება ყველა კვირტი ტანჯვით და კივილით,
თორემ მინდვრებს გადაფარავს შხამიანი თოვლი,
ხორცდალეშილ ფარეხებში გულს ამოჭამს მყოვლი,
მიწას ჭვარტლი ამოგლისავს, ცას - სპილენძის მური,
და სიკვდილის ანგელოზი - ჩვენი, შინაური,
დაიწივლებს და ხარხარით დაეცემა ტყეებს,
დედაწულნი დაიწყვეტენ ჯავრით საკინძეებს,
გასრულდება ჩვენი მოდგმა და ძირძველი ჯიში,
საფლავს ფითრი მოედება, სუროს შეჭამს შიში,
ჩაიწვება ჩირაღდანი, დაყრუვდება ნიში,
ჩაიდანი, ჩიბურდანი, ქიში! ქიში! ქიში!...
მაშ გამხნევდი, წამოდექი, დაუბრუნდი ქალაქს:
შენ სამშობლო არ მოგაკლებს თავის მადლს და ძალას,
დაერიე ხარაჩოებს, კვლავ აღმართე თაღი,
კვლავ სიამით აამღერე ჩვენი ტურფა ბაღი,
და თუ ღვინო მოგერია, ნუ ინაღვლებ მასზე -
მთავარია, ადრე დილას გაეშურო ხაშზე!
ხაში, მწნილი, ჩალაღაჯი, არყით სავსე სირჩა,
დილის მზე, აღჯანაბადი, გარეგინა, ხირჩლა...
გულის ძილით სძინავს ქალაქს, მზე დაჰნათის თავზე,
დინჯი მტკვარი ნელად ღელავს, კუდს გაიქნევს თევზი...
...და იღვიძებს ჯარისკაცი - ლირიკული გმირი,
იგი დგება, სუნთქავს, დადის, ნათელი აქვს პირი,
წარსულს წაყვა, სიზმრად დარჩა წყევლა საშინელი,
სადღაც შუა ხიდზე გარჩა კაცი ბლისკინელი,
ისლის სახლი და ჟალტამი გადაბუგა მზემა,
შეწყდა სისხლი, შეწყდა ომი, ერთმანეთის სვრემა,
ისევ წყნარი ამინდია, მოსჩქეფს წმინდა წყარო,
სდევს ხარირემს კვლავ მინდია, შუბლზე მზით და მთვარით,
ამირანსაც შეუხსნია ის წყეული ჯაჭვი,
ახლა აგერ, ბაგა-ბაღში დასტრიალებს ბავშვებს,
თავს ევლება ბადრის, უსუპს, ეთერს, აბესალომს,
არ სწუნობენ ნორჩები სუპს, არ ზარობენ სალამს,
არამზადა შვარცენეგერს დაანებეს თავი,
არ უცქერენ ტელევიზორს, დუმს რადიო ავი,
თამაშობენ რიკ-ტაფელას, მღერენ ხართა ლალას,
დაემსგავსა კვლავ ტფილისი მზის და ვარდის ქალაქს,
გაქრა შავი ბედისწერა, ჭირი, დარდუბალა!..
აი ასე დაიწერა ეს პატარა ბალა...
© kalmasoba.com

No comments: