Monday, August 18, 2008

გიორგი ლობჟანიძე

ქართველთა ენის სიტკბომან...



ლეილა გეგუჩაძე, "ქართული ენა სპარსულენოვანთათვის", სპარსული თარგმანი და დამატებანი ფარდინ ქომაისა, დიზაინი: რაჰიმ ჰეიდარი, გილანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ჰიჯრის წელთაღრიცხვით: 1382 (ქრისტეს აქეთ, 2004) რედაქტორი პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილი, 358 გვ.



თეიმურაზის ცნობილი სტრიქონის ამგვარი პერიფრაზის გუნებაზე ყველა ქართველს უსათუოდ დააყენებს წიგნი, რომლის გამოცემაც დიდ ეროვნულ საქმედ უნდა ჩაითვალოს. ეს გახლავთ 2004 წელს გილანის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ამ საელჩოს მაშინდელი თავკაცის, პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის თანადგომით დასტამბული "ქართული ენა სპარსულენოვანთათვის", რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტის, ქალბატონ ლეილა გეგუჩაძის ნაშრომის "The Georgian Language for Foreign Learners" (თბილისი, 1996) თარგმანს წარმოადგენს და რომლის სათარგმნელადაც უდავოდ დიდი და დასაფასებელი შრომა გაუწევია გილანის უნივერსიტეტის უფროს სპეციალისტს ბატონ ფარდინ ქომაის.
როგორც წიგნის ქართული წინასიტყვაობა გვამცნობს, "ირან-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობის მანძილზე ირანელ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, მშობლიურ ენაზე გაეცნოს ქართული ენის გრამატიკული წყობის ელემენტარულ კურსს."
ვისაც უცხოელთათვის ქართულის სწავლების უმნიშვნელო გამოცდილება მაინც აქვს, კარგად მოეხსენება, რა რთულია მათთვის ჩვენი მშობლიური ენის არაერთი სპეციფიკური გრამატიკული კატეგორიისა თუ ნიუანსის სრულფასოვანი და სისტემური ახსნა-განმარტება. ეს საქმე ცოდნასთან ერთად დიდ პედაგოგიურ გამოცდილებასაც მოითხოვს და სასიხარულოა, როცა ასეთ სახელმძღვანელოს წერს ქალბატონი ლეილა გეგუჩაძე, რომლის ხელშიც დღემდე ქართველ თუ უცხოელ სტუდენტთა არაერთ თაობას გაუვლია. წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება კი, როგორც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაში უქმად კი არ დაიკარგა, პირიქით, მშვენიერ წიგნად აიკინძა, წიგნად, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის გაწეულ უმნიშვნელოვანეს სამსახურად მივიჩნიოთ.
რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ გახლდათ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს არჩევანიც, როცა "ვეფხისტყაოსნის" პირველი სპარსული თარგმანის (მთარგმნელი ფარშიდ დელშადი, თეირანი, 1998) ხელშეწყობის შემდგომ, ლეილა გეგუჩაძის ამ ნაშრომით დაინტერესდა და მის მთარგმნელს ფასეული სამეცნიერო თანადგომაც გაუწია. ზემოხსენებულ ორ თარგმანთან ერთად, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ორენოვანი გამოცემის სტიმულირებითა და განხორციელებით, ჩვენმა საელჩომ, პრაქტიკულად, საფუძველი ჩაუყარა ქართველოლოგიის არსებობას მეზობელ ირანში და ამით, შეძლებისდაგვარად, შეავსო ის ხარვეზი, რაზედაც ქალბატონმა ლეილა გეგუჩაძემაც ძალზე ტაქტიანად მიუთითა თავისი წიგნის სპარსული გამოცემის წინათქმაში:
"ირან-საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობა სათავეს შორეულ წარსულში იღებს, მაგრამ ეს კულტურული ურთიერთობა ყოველთვის ორმხრივი ინტენსიურობით არ გამოირჩეოდა. საქართველოში სპარსული ენისა და ლიტერატურის შესწავლის დიდი ტრადიცია არსებობს, ირანში კი ბოლო დრომდე ქართული ენისა და ლიტერატურისა თუ ჩვენი ქვეყნის კულტურის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია არ ჰქონიათ."
ასეთ რამეს ვეღარავინ იტყვის იმ ირანელ მკითხევლზე, ვინც ლეილა გეგუჩაძის წიგნს თუნდ არა მხოლოდ ქართულის შესასწავლად, არამედ, უბრალოდ, ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად აიღებს ხელში. რაკიღა ეს არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო ისეთნაირად არის შედგენილი, რომ ქართული ენის გრამატიკის მწყობრი თვითმასწავლებლის გარდა, ქართული სიტყვიერების, საქართველოს კულტურის, ისტორიისა და გეოგრაფიის ერთგვარ მცირე ენციკლოპედიადაც გვევლინება. ამის შედეგად, ადამიანი, რომელიც ქართულის სწავლას აღნიშნული წიგნით მოინდომებს, არა მარტო ქართული ენის სტრუქტურას შეისწავლის, არამედ მისთვის საინტერესო ენისა და ქვეყნის შესახებ ყველაზე აუცილებელ ინფორმაციასაც მიიღებს. სახელმძღვანელოში უხვადაა დიალოგები, რაც ქართულით დაინტერესებულ უცხოელებს, ერთი მხრივ, სალაპარაკო, ყოფითი ენისა და სალიტერატურო ენის განსხვავებათა შემჩნევაში დაეხმარება და, მეორე მხრივ, ქართულად კულტურული მეტყველების ჩვევას გამოუმუშავებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნს ერთვის მოკლე-სპარსულ ქართული ლექსიკონი, რომელიც, დიდი და აკადემიური სპარსულ-ქართული ლექსიკონის არარსებობის პირობებში, შეიძლება ამ საშური საქმის წარმატებულ დასაწყისად მივიჩნიოთ.
გამოცემას ასრულებს ქართული წერის დედანი, რომელიც იაკობ გოგებაშვილისეული "დედა-ენისა" და აქამდე არსებულ ქართული წერის დედანთა მარჯვე ადაპტაციას წარმოადგენს.
ამ შესანიშნავი სტრუქტურული კონცეფციის საბოლოო მიზანი, რასაკვირველია, ისაა, რომ მკითხველს, შეძლებისდაგვარად, გაუადვილოს ერთ-ერთი ურთულესი ენის - ქართულის შესწავლა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა აპრობირებული საშუალების მეოხებით, კომპლექსურად აზიაროს მის მნიშვნელოვან თავისებურებებს, რომელთა გამოკვეთაშიც ავტორს ხშირად ზოგადი ენათმეცნიერული უნივერსალიები ეხმარება. ამასთან, რაკიღა წიგნის დედანი ინგლისურენოვანი მკითხველისთვის იყო გათვალისწინებული, სახელმძღვანელოში აქცენტი ქართულ-ინგლისურ სხვაობათა გამოკვეთაზე გაკეთდა. ამას კი, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, დამატებითი დაბრკოლებები შეექმნა წიგნის სპარსელი მთარგმნელისათვის. ფარდინ ქომაის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი "სახიფათო" შემთხვევები უმთავრესად, თავისი კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად გამოუყენებია და ამ მხრივ, არა მხოლოდ, მთარგმნელის, არამედ თავისებური თანაავტორის ფუნქციაც უტვირთავს.
თანაავტორობის ეს კეთილშობილური ჟინი განსაკუთრებულად არის გამოკვეთილი ქართული საენათმეცნიერო-გრამატიკული ტერმინოლოგიის თარგმნისას, როცა ბატონი ქომაი ცდილობს, მარჯვედ "გაასპარსულოს" ესა თუ ის სპეციფიკური გრამატიკული ტერმინი და ამ მიზნის მიღწევას, უმთავრესად, წარმატებით ახერხებს. მისი მცდელობა კიდევ უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითონ სპარსული საენათმეცნიერო ტერმინოლოგია, ძირითადად, არაბულით არის ნასაზრდოები და ეს ვითარება მთარგმნელს უცხოენოვან მასალასთან შემოქმედებითი მიდგომის მინიმალურ შესაძლებლობას თუ უტოვებს. ამის მიუხედავად, ფარდინ ქომაიმ მოახერხა არაერთი მარჯვე ტერმინი შეექმნა, ანდა უკვე არსებული ტერმინები საჭირო ადგილისა და ვითარებისათვის მიესადაგებინა.
ზემოთქმულის მაგალითად, ვფიქრობთ, ქართული ბრუნვების სპარსულ შესატყვისთა ანალიზიც იკმარებდა. აქ სახელობითის ეკვივალენტია: "ფა’ელი" (სიტყვა-სიტყვითი თარგმანით, ალბათ, უფრო: "მოქმედი" ან "მოქმედებითი"). ქართულს მთლიანად ემთხვევა იმ სპეციფიკური (მოთხრობითი) ბრუნვის ფარდინ ქომაისეული სპარსული სახელწოდება (რავაი/დასთანი - მოთხრობითი, თხრობითი), რომელიც ქართულით დაინტერესებულ უცხოელებს მნიშვნელოვან სირთულეს უქმნის და ამ შემთხვევაში არც სპარსელი იქნება გამონაკლისი, რაკიღა მის მშობლიურ ენაში ამ ბრუნვის მიახლოებითი ანალოგიც კი არ მოიპოვება. ამ ვითარებით უნდა იყოს განპირობებული ის, რომ ბატონი ქომაი ქართული მოთხრობითი ბრუნვის სახელწოდების ორ სპარსულ ვარიანტს გვთავაზობს, რათა სახელშივე რაც შეიძლება მკაფიოდ გადმოიცეს მისი სპეციფიკის უმთავრესი ნიუანსები. შედარებით წარუმატებლადაა თარგმნილი ქართული "მიცემითი ბრუნვა", რომლის სპარსულ ეკვივალენტადაც "მაფ’ულ ბა ვასეთე" გვევლინება. ამ ტერმინის პირდაპირი ქართული თარგმანი "შუალობითი დამატება" იქნება, რაც, ჩვენი ფიქრით, მთლად ზუსტად არ ასახავს ქართული მიცემითის მორფოლოგიურ და სინტაქსურ ფუნქციებს. ნათესაობითი კი სპარსელ მეცნიერს უთარგმნია, როგორც "მელქი", რაც "კუთვნილებითს" ნიშნავს. ეს სახელი, უფრო სწორად, აღნიშნული ბრუნვის ამგვარი ინტერპრეტაცია მის მხოლოდ ერთ, ზღვრულ ფუნქციაზე მიუთითებს. ქართულ ბრუნვათა სპარსული სახელდების ზოგადი ნაკლი კი არის ის, რომ ისინი უფრო სინტაქსური ფუნქციის მიხედვით არიან განსაზღვრულნი, მაშინ როცა ბრუნება მორფოლოგიური კატეგორიაა და ალბათ აჯობებდა ბრუნვათა სახელწოდების თარგმანშიც, რაღაცნაირად, ეს ასახულიყო.
სინტაქსისა და მორფოლოგიის ეს პრინციპული ტერმინოლოგიური აღრევები სათავეს იღებს იმ გარემოებიდან, რომ სპარსული ენათმეცნიერება, ძირითადად, შუა საუკუნეების არაბულ საენათმეცნიერო ტრადიციას ეფუძნება. ამ ტრადიციის ბევრი დეფინიცია და, აქედან გამომდინარე, ტერმინოლოგია კი, ბუნებრივია, ქართულისათვის მოსახერხებელი ვერ იქნება. ამიტომ ეგებ ჯობდა, მთარგმნელს - ტერმინების დონეზე მაინც - უარი ეთქვა არაბულ-სპარსულ საენათმეცნიერო ტრადიციაზე და, თუ ამას ინგლისური დედნის მეშვეობით ვერ მოახერხებდა, კონსულტანტთა დახმარებით ეცადა, ქართულ გრამატიკულ ტერმინთა ზუსტი სპარსული თარგმანი შემოეთავაზებინა. მით უმეტეს, რიგ შემთხვევაში, ამას იგი თავს, მართლაც, წარმატებით ართმევს. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ "ქცევის" სპარსული შესატყვისი - "რუიქარდ". მით უფრო, მთარგმნელს ქართველთა მხრიდან კონსულტანტები არ დაჰკლებია და იგი ყველა მათგანს წიგნის შესავალში მადლიერებითა და სპარსული თავაზიანობით იხსენიებს.
რაკი ჯერი შენიშვნებზე მიდგა, აქვე ბარემ იმასაც აღვნიშნავთ, რომ შედარებით სუსტადაა დამუშავებული სერიებთან და მწკრივებთან დაკავშირებული საკითხები, ამიტომ თუკი წიგნი ხელახლა გამოიცემა (რაც ასეთი რანგის ნამუშევრისათვის სავსებით ბუნებრივი გვგონია), სასურველია, მთარგმნელმა გამოცემამდე კიდევ ერთხელ სერიოზულად გადახედოს ამ საკითხებს. მით უმეტეს, რომ დედანი და ქალბატონი ლეილა გეგუჩაძის მიერ წარმოდგენილი მდიდარი საილუსტრაციო მასალა (რაც, რიგი სპეციფიკური მწკრივების შემთხვევაში, ხალხური ანდაზებითაცაა გამდიდრებული) ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ბატონი ფარდინ ქომაის ნამუშევარი ის შემთხვევაა, როცა ადამიანს კრიტიკული აზრის გამოთქმა გერიდება, რადგან ნებისმიერი ხარვეზი (თუ ეს მართლაც ხარვეზია და არა უცხო, შემფასებელი ადამიანის ახირება) შესრულებული სამუშაოს მასშტაბურობასა და სიმძიმესთან შედარებით უმნიშვნელო გგონია. ამიტომაც ვისურვებდი, ჩემი ნებისმიერი თვალსაზრისი მხოლოდ კეთილგანწყობილი ადამიანის უწყინარ რჩევად ჩამომერთვას.
თარგმანის მნიშვნელობას ერთი-ორად ზრდის დედანში მაგალითების ფუნქციით მოტანილი ქართული ლიტერატურის პირველხარისხოვანი ნიმუშები, რომელთა შორისაც, ხშირად აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, მურმან ლებანიძისა და სხვა ქართველ მწერალთა არაერთ ნაწარმოებს ვხვდებით. სპარსელ მთარგმნელს ყველა ეს ნიმუში ძალზე პატიოსნად და ზუსტად უთარგმნია, სიზუსტე კი თავითავად არის მაღალმხატვრულობის განმსაზღვრელი. ეს დღევანდელ ვითარებაში, როცა თანამედროვე ირანში ძალზე ცოტა რამ იციან ქართული ლიტერატურის შესახებ, უკვე, თავისთავად, მნიშვნელოვანი მოვლენაა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ამ თარგმანებიდან დანახულ პერსპექტივას და ფარდინ ქომაის ლიტერატურულ ნიჭიერებას, ალბათ მალე მისი ხელიდან ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშთა სპარსულ თარგმანებსაც უნდა ველოდეთ.
სწორედ პერსპექტივის თვალსაზრისით, ლეილა გეგუჩაძის "ქართული ენის" სპარსული ვარიანტის გამოცემა ჩვენი კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრების რიგით, ჩვეულებრივ მოვლენად ვერაფრით ჩაითვლება, რადგან ამ წიგნით ორი ქვეყნის - ირან-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც ორივე მხარის თანაბარ აქტიურობასა და სულიერ-კულტურული ღირებულებების სრულფასოვან გაცვლა-გამოცვლას გულისხმობს.



© “წიგნები – 24 საათი”

No comments: