ბესიკ ხარანაულს
რა კარგია, რომ მიხვდი,
რომ დღეს ბედნიერი ხარ,
დღეს,
გადატყავებული ხელისგულებით,
ჩაჭრილი მაჯით,
დასერილი შუბლით,
ჩალურჯებული იდაყვით და მუხლით,
ბედნიერი ხარ,
რადგან ბოლოს და ბოლოს
ჭეშმარიტად დაეცი,
დაეცი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -
დაეცი შენი ქალაქის მტვრიან ქუჩებში,
დაეცი შენი ქვეყნის პირველი პოეტის ბინიდან
ფორიაქით და ბორძიკით გამოსული,
დაეცი და მიხვდი -
მიხვდი, რომ ჭეშმარიტად დაეცი -
დაჰყურებ გადატყავებულ ხელისგულებს,
სისხლი, ვით მელანი,
თითებისაკენ ჩაედინება,
კალმისტრისაკენ იკვლევს გზას,
და შენც წერ ლექსს,
ახალ, უცნაურ ლექსს და
ბედნიერი ხარ,
რადგან პირველად ცხოვრებაში
ჭეშმარიტად დაეცი და იცი უკვე,
რას ნიშნავს ეს -
დაეცე -
დაეცე შენს ქალაქში,
შენს ქუჩაში,
შენი ხალხის თვალწინ,
შენი ხალხის ფეხებთან,
დაეცე,
დაეცე,
დაეცე...
რათა წამოგაყენონ,
რათა მიგიყვანონ სახლში,
რათა მოგიარონ,
რათა მოგეფერონ,
და შენც, - ერთხელ ჭეშმარიტად დაცემულმა, -
ადგე და მშვიდად განაგრძო
დაცემულთა მარადი გზა...
19 მაისი, 2007 წელი.
ფანქარი მიწაში
დღეს ფანქარი დავასაფლავე…...
ჩემი ერთგული,
დაკუტებული,
ხანდაზმული,
ბრძენი ფანქარი...
ოთხი დღის წინ ხელში ჩამაკვდა...
არ გეგონოთ, რომ ლექსსა ვწერდი...
ვიჯექი და ქვეშმიწერით
გადასახადის, ვალების და
პურისა და სიგარეტის ხარჯებს ვკრიბავდი...
მოღრღნილ ბოლოზე პირი ვტაცე,
მაგრამ უკვე გვიანი იყო:
არ უშველა ხელოვნურმა სუნთქვამ, არადა
მთელი ცხოვრება გაჭვარტლული ჩემი ფილტვების
შხამიანი სიო იყო
მისეული შთაგონების უცვლელი წყარო...
ჩემმა ძველმა კრებულებმა,
საქაღალდეთა ზვინებმა და
კომპიუტერის კლავიშებმა
დაიტირეს იგი, იგლოვეს…...
ხალვათი სასახლე შევურჩიე:
ჩემი საწერი მაგიდის უჯრა;
გადასახადის, ვალების და
პურისა და სიგარეტის
მწარე ციფრებით აჭრელებული
ფურცელი სუდარად გამოვიყენე...
ჩავატანე სათლელები, საშლელები
და ორი ლექსი:
"ფანქარი ცაში" და "ფანქარი არაცაში",
და ნივთების მუხათგვერდში დავასაფლავე…...
ახლა ვზივარ, - მარტოსული, სევდიანი, -
მომცრო გორაკთან,
ხელში ჯოხი მიჭირავს და
დედამიწის ზედაპირზე,
მცირე ხნით მაინც, -
სანამ წვიმა გადარეცხავს
ან ვიღაცის ჩექმა გადაგლესს, -
აღვბეჭდო, ვცდილობ,
გარდაცვლილი ჩემი ფანქრის ეპიტაფია...
ჯოხი...
ხელჯოხი...
აწი უთუოდ იგი უნდა დამიმეგობრდეს.
როცა ფანქარი მიწაში გიწევს,
ჯოხიღაა შენი მეგზური.
ჩიჩქნე,
კაწრე,
დაეყრდენი,
უფრო მძაფრად შეიგრძენი
ასოების გამოყვანის წარმავალობა…...
ხოლო ბოლოს,
როდესაც იგრძნობ
აღსასრულის მოახლოებას,
მოიკრიბე ერთხელაც ღონე,
გადატეხე ეგ ხელჯოხი,
ჯვრად შეკარი შენი ჭაღარით,
დაასე საფლავს და ექეცი
საკუთარ ფანქარს
მარადიულ თანამეცხედრედ...
3-4/VII. 2007.
სახე
დაეღალა სახე.
გაღიმებებისაგან.
მოწყენებისაგან.
ნაძალადევი მიმიკებისაგან.
სარკეში ჩახედვებისაგან…...
დაეღალა.
ხელი ჰქონდა,
რომელიც სულ მუდამ იღლებოდა და ისვენებდა.
ფეხიც ჰქონდა,
რომელიც არანაკლებ იღლებოდა და
მაინც სულ მუდამ ისვენებდა.
დაღლილი გულიც კი ისვენებდა უპრობლემოდ
და დაღლილი ტვინიც.
სახე კი, აქამდე მოუღლელი,
უცებ, ერთ წამში მიუსავათდა,
მოექანცა.
დადო თავი ბალიშზე და მიხვდა,
ვეღარასოდეს მომჯობინდებოდა,
ვეღარასოდეს აღიდგენდა ძალებს
მისი სახე.
და დახუჭა თვალები და მოკვდა:
ჯანმრთელი გულ-ღვიძლით,
ჯანიანი ხელ-ფეხით,
ნათელი გონებით…...
სახემ უმტყუნა.
სულ რომ არ ელოდა, მაშინ უმტყუნა.
"ჩემო ბიჭო, ჩემო ბიჭო,
ლამაზო ბიჭო…..." -
დასტიროდა რამდენიმე დღე
სახითმკვდარს დედა...
2/VII. 2007.
დასაწყისი
მამა იოანეს
ეხლა ღმერთზე გელაპარაკები.
მერე რა, რომ შენ ახლა პოეტი ხარ,
მე ეხლა ღმერთზე გელაპარაკები.
ნაღმმა გუშინწინ მკლავი მომაწყვიტა,
ბერად აღვიკვეცე გუშინ,
დღეს კი თითებით არარსებულით პირჯვარს გადაგსახავ
და მშვიდი სიჯიუტით გეტყვი:
ეხლა, ეხლა, აი, ეხლა,
მე შენ ღმერთზე გელაპარაკები.
ვთქვათ, პიანისტი ვიყავი ოთხი დღის წინ,
ვთქვათ, მხატვარი - სამი დღის უკან,
მაგრამ ორი დღის წინ კეთილმა ნაღმმა
მკლავი წამგლიჯა და
დღეს მე შენ, პოეტო, თავქარიანო,
მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზე გელაპარაკები.
ნუ გეშინია, დარჩებით თქვენ, პოეტები ამქვეყნად,
დარჩებიან მხატვრებიც და გადარჩებიან პიანისტებიც -
მე ხომ ისინი, ვთქვათ, ბოროტი ნაღმისაგან დავიცავი,
ამ ბოროტმა ნაღმმა კი კეთილად წამაწყვიტა ხელი,
და ვდგავარ ახლა თქვენს წინაშე,
პირჯვარს გსახავთ და ჯიუტი სიმშვიდით გიმეორებთ:
მე თქვენ ეხლა, ყველას,
მხოლოდ და მხოლოდ ხელთუქმნელზე გელაპარაკებით!
სადღაა ჩემი მკლავი,
სადღაა ან იდაყვი, ან მაჯა, ან ხელის მტევანი...
არსადაა -
მაგრამ ჩემი მთავარი საფიქრალი
სამი თითივით ერთდება ჩემს შუბლთან და მოძრაობს:
ზემოდან ქვემოთ,
ქვემოდან მარჯვნივ,
მარჯვნიდან მარცხნივ -
მას შემდეგ, რაც
ნაღმმა ამ გზაზე დააყენა ჩემი Fფიქრები,
ვარ ასეთი - ფიქრებით პირჯვრისმსახავი და
სადაც შემხვდებით,
გეუბნებით,
მერე რა, ახლა ვინ ხართ,
მე თქვენ ეხლა,
მე თქვენ ეხლა ღმერთზე გელაპარაკებით!
1-2.02.2007.
© “ცხელი შოკოლადი”
No comments:
Post a Comment