ლევან ბერძენიშვილი
ზაზა ბურჭულავის adibas, ანუ ადგილზე სირბილი საქართველოში
„ყოველთვის ვიცოდი, რომ ნამდვილი არ იყო.“
სეროჟას ფიქრი შექსპირზე, ოდეს სპექტაკლის ბოლოს
მაყურებელთა ოვაციების მისაღებად
სცენაზე ცოცხალი დეზდემონა გამოვიდა
წიგნის წაკითხვას რა უნდა? არა, იმას არ ვგულისხმობ, რომ, საერთოდ, წიგნი იოლი წასაკითხია. სხვა რამეს ვგულისხმობ. შევეცდები, უფრო გასაგებად დავსვა კითხვა: წიგნმა როგორ უნდა წაგაკითხოს თავი? უპირველეს ყოვლისა, წიგნი, როგორც საგანი, როგორც ფიზიკური სხეული და არა მისი შინაარსი, რომ იტყვიან, ხელში უნდა მოგყვეს. ამისთვის, სხვათა შორის, მაგარი ყდა უნდა ჰქონდეს, სქელი და მუქი. აიღებ კარგ ყდას (კარგი ყდა ნახევარი საქმეა, არადა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ნამდვილად მაგარი ყდა შეარჩია, თანაც „მაგარი“ არა მხოლოდ hard, არამედ ასევე „მაგგარი“ – cool), მისცემ ფერს. ფერი: შავი. შავ ყდას ოქროს ასოებით დააწერ: adibas. თავზე დაასვამ ადიდასის ლოგოს (ძველ ლოგოს, ყვავილისებურს) და ქვემოთ თეთრად მიაწერ: რომანი (ვინმეს რამე რომ არ შეეშალოს). სულ ზემოთ, ყდის ზეცაში იმავე ორხაზიანი შრიფტით, რითიც ქვემოთ „რომანი“ გიწერია, მისცემ ავტორის სახელსა და გვარს, როგორც ხარისხის ნიშანს: ზაზა ბურჭულაძე.
როგორც Stairway to Heaven „ზეციურ [ჯეიკობის] კიბეში“ ლედ ძეპელინი მღეროდა, ყველაფერი, რაც ბრწყინავს და ბრჭყვიალებს, ოქრო არ არის. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყდის დიზაინერი (ყდის დიზაინი: თამუნა) ახერხებს ამას: გკარნახობს, რომ ეს ოქრო ოქრო არ არის. სამაგიეროდ, რაც არ ბრწყინავს, თეთრია და ნამდვილია, ანუ ზაზა ბურჭულაძე და რომანი ნამდვილია, დანარჩენი – არა. მოკლედ, ყდა უკვე გეუბნება, რომ რაღაც ლიტნარკოტიკი, ყვითელი და თეთრი, ნამდვილი და ყალბი ერთად უნდა შემოგაპარონ. ამიტომაც რომანი იწყება adibas-ის განმარტებით ანუ მკითხველის გაფრთხილებით. ლექსიკონიდან ამოხეული განმარტება შეგიძლია თავიდან ბოლომდე წაიკითხო, როგორც არის: „adibas – 1. ყალბი ადიდასი. 2. ზოგადად სუროგატი, იმიტაცია. 3. ნებისმიერი ყალბი, ფალსიფიცირებული რამ: ნივთი, საგანი, სიტუაცია, მოვლენა, და ა.შ.“ უნდა დაამატო, „ისეთი გაყალბება, რომელიც ნამდვილ ნივთად უნდა შეასაღო ყურუმსაღ მყიდველს“. და შეგიძლია სახელდახელოდ თარგმნო (გამოცდილი მკითხველი ხარ და კარგად მოგეხსენება, რომ პირველსავე გვერდზე მწერალი ტყუილად არ გამოიტანდა ამ განმარტებას). მწერალიიგი ხმამაღლა გეუბნება: ყურადღება, მკითხველო, ყურადღება, შენს წინაშე წარდგება სიყალბე, შენთან შესახვედრად ჩემი ფურცლებიდან მოემართება სუროგატი, იმიტაცია, ფალსიფიკაცია, ცრუ სიტუაცია, ვულკანიზაცია და ბალანსირება (2008 წელს გარდაცვლილი, ღრმა სიბერეში „უკვდავად“ ანუ აკადემიკოსად არჩეული ალენ რობ-გრიეც 1953 წელს გამოცემულ „საშლელებში“ ასე მონდომებით აფრთხილებდა მკითხველს ზედმეტი 24 საათის შესახებ). მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ ავტორი გატყუებს და ოქროს სიყალბესთან ერთად ავაზაკურად სიმართლესაც შემოგაპარებს, ცბიერად, გველურად. ახლა მზრუნველი და ჰუმანისტი ავტორი კმაყოფილია, რადგან ერთგული მკითხველი გაფრთხილებული ჰყავს, შემდგომში პრეტენზიები არ იყოს, სიყალბეზე და ჯორჯო არმენიზე პირველსავე გვერდზე მიგითითეო. მკითხველი გაფრთხილებული ჰყავს, ბომონდი – განაწყენებული, მართმადიდებელ მშობელთა კავშირი კი – სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული.
რატომ ადიდასი და ადიბასი? რატომ რომელიმე სხვა ფეიკი არა, მაგალითად, სახელგანთქმული „აბიბასი“, „სომი“, „პანაფონიკი“, ჩინური „აიფონი“ (ვითარებას ართულებს ის, რომ ნამდვილი აიფონიც ჩინეთში მზადდება) ან თუნდაც ათლარიანი „როლექსი“? შეიძლება იმიტომ, რომ „Adidas AG“ ჩვენებური, ევროპული, გერმანული ფირმაა (კერძოდ, რკინის გზას პოტსდამსა და ბერლინს შორის ხაზი გაესმება რომანში). მე ჩემი ვერსია მაქვს და ვერავინ დამარწმუნებს მის მცდარობაში: ადიდასი ეს არის სამი ხაზის ერთობა; სამი, რომელიც ერთია, ანუ სპორტულ-აქსესუარული სამება. რომანი სწორედ სამ სამყაროს გაჩვენებს: 1. ნამდვილს (?) და ძვირს (!) (ბუტიკები ვაკეში, კაფეები შარდენზე), 2. ყალბს და მოძვიროს (ბაზრობები. სივრცე, რომელსაც ეწოდება „სიბრძნე სიცრუისა“), 3. ჭეშმარიტს და იაფს (მეორადები, სეკონდები. სივრცე, რომელსაც ეწოდება In sacco veritas „ფუთაშია ჭეშმარიტება“).
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ნამდვილი ანუ ადიდასი მკითხველი წიგნს დროებით დახურავდა და ამა სოფლის ამაოებაზე დაფიქრდებოდა. შემდეგ გადმოაბრუნებდა წიგნს და ახლა უკვე სხვა, იოში იამამოტოს ასევე გაყალბებული ლოგოს ქვემოთ წაიკითხავდა, რომ ბურჭულაძის ახალი რომანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს და რომ ომი რომანის მთავარი პერსონაჟია სექსთან ერთად. ომი და სექსი, მოდი და ნუ წაიკითხავ! ისევ გადაიშლება წიგნი და მკითხველი იწყებს კითხვას ექსპოზიციით, რომელსაც ეწოდება „01 დილის მულტიმედია“. უკვე ამ ნუმერაციითაც და ამ ქვესათაურითაც უნდა მიხვდეს მკითხველი, რომ ომისა და სექსის გარდა წიგნს სხვა პერსონაჟიც ჰყავს: თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ხან ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩართული ტელევიზორით რუსული არმიის წინსვლას და დიღმიდან გაგარინის მოედნამდე ტფილისში დიფუზიის პროცესს ნერვიულად გადმოსცემს, ხან დაუდევრად დაგდებული გადახსნილი ლეპტოპით მოგვევლინება, ხან იუთუბში „კანიბალ კორპსს“ დაეძებს სექსუალური აგზნების დაშოშმინების სპეციფიკური დავალებით, ხან სკაიპში ლათინური ასოებით ქართულ-რუსულ ტექსტს შემოგვთავაზებს (თავი 11 დამახასიათებელი სათაურით „საქართველო“), ხან coffee.ge-ს wi-fi-ს გვახარბებს, ხანაც 120 გიგაბაიტიანი აიპოდით ჩაგვიკრავს თვალს და ხანაც Bang&Olufsen-ის ნაუშნიკებით გვემარიაჟება. კიდევ ერთი მუდმივი პერსონაჟი ჩანს ამ რომანში: ინგლისური ენა. ხშირია ციტატები, წარწერები, ალუზიები და ა.შ. შექსპირის ენაზე. მოკლედ, ომი, სექსი, კომპიუტერი და ინგლისური, სწორედ ესაა ადიბასის სა-ქარ-თვე-ლო!
როგორც ყველა ადიდასი მწერალი, ზაზა ბურჭულაძეც არ ენდობა ადიბას მკითხველს. ამიტომ მან უნდა დაუღეჭოს, დიდი პირი დააღებინოს და ისე ჩაუტენოს ლუკმა. ადიბასი ხომ სიყალბეა, განმარტება ხომ მისცა, ლოგოც გაუყალბა (ქვემოთ უსამართლოდ მოუმრგვალა), მაგრამ გრძნობს, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი; ამიტომ ქმნის სრულიად ახალ ადიბასურ პროდუქტს, სუპერფალსიფიკაციას, „აქ და ახლას“ აღრევას, სრულ შეუთავსებლობას, სუროგატის სუროგატს – ხინკალს კაფე „ლურჯ ხავერდში“, რომელსაც ჰოლანდიელი ქალი გულმოდგინედ და მცოდნედ ჭამს – თითქოს, თავისი ერთი ძველი პერსონაჟისა არ იყოს[1], უნდა თქვას, ჭეშმარიტად, „ვინაც გაიგებს ხავერდის ხინკალს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს.“
რომანის გმირებს ჰყავთ საყვარლები და ყოფილი საყვარლები. ის კი არა, ერთი ყოფილი საყვარელი ახლა სხვისი ქალია და ძველი საყვარლის თვალწინ ახალ საყვარელს ნებდება და ეს სცენა ძველმა საყვარელმა ახალი საყვარლის თხოვნით ვიდეოზე უნდა დააფიქსიროს (თქვენი არ ვიცი და მე პირდაპირ მესმის აღშფოთებული მოქალაქის ხმა. ხმა ამბობს: „რა მარაზმია!“). ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეზოპეს ენით არ არის გადმოცემული.
მავანი იკითხავს, ამ ნატურალიზმში, ამ გარყვნილებაში, ნაკურთხ „ტოიოტა რავ 4“-ში, ბერის სენაკში დამღერებულ კარაოკეში, რუსეთის არმიის თბილისში შემოსვლასა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებათა ენციკლოპედიური ცოდნის გამოვლენაში კარგი რა არისო? მეც მანდა ვარ: ავტორის ოსტატობის გარდა, კარგი არაფერია, რადგან რომანის თხუთმეტი თავის განმავლობაში ნელ-ნელა ხვდები, რომ ეროვნულ სიყალბეს, ეკლესიის ეზოში შესულ „ჰამერს“ ამოსაცნობი სანომრე ნიშნით „ALIKA“, უღრან ფარისევლობას, ნაციონალურ გულგრილობას, კალენდარზე დახატულ სააკაშვილის ფოტოშოპში კბილებგათეთრებულ ღიმილს, ორალური სექსის დროს ჩაძინებულ ქალს, სიაბანდობის ზეიმს, პოპულარულ ასტროლოგიას (ეძღვნება მერვე თავი სათაურად „08/08/08“ – ვერძი: დღეს თქვენი ენერგეტიკული რესურსები...), ყველაფერ ამას მოჰყვება უნებურად დაბადებული ეპიფანია, მიხვედრა იმისა, რომ „ადიბასი“ წიგნის სათაური არ არის, „ადიბასი“ დღევანდელი საქართველოს დიაგნოზია. ჩვენ არც ნამდვილი და არც მეორადი საზოგადოება არ ვართ. ჩვენ ვართ ნაყალბევი საზოგადოება, რომელიც ნამდვილ საზოგადოებად ასაღებს საკუთარ თავს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
[1] ზაზა ბურჭულაძე, „სახარება ვირისა“, თბილისი, 2004.
No comments:
Post a Comment