Monday, September 27, 2010

მალხაზ ხარბედია – ბუკინისტები ალტერნატიულ ტფილისში


ისევ ვაგრძელებ ალტერნატიულ ტფილისზე წერას. შეგახსენებთ, რომ ამ გასართობს 2 წლის წინ შევყევით რამდენიმე ვირტუალური მეგობარი. შარშან ნოემბერში კი ჩემი წილი ნაოცნებარი თავისუფლების ბლოგებზე განვავრცე. თავიდან „ტფილისური ჯაზის ალტერნატიული ისტორიით“ დავიწყე, მოგვიანებით მას „ალტერნატიული ტფილისის ტექსტი“ მოჰყვა. წელს, თებერვალში კი - „რესტორნები ალტერნატიულ ტფილისში“ . დრომ მოიტანა და ალტერნატიული ტფილისის ციკლს კიდევ ერთი - წიგნების და ბუკინისტების - თემაც უნდა შევმატოთ, მორიგი ოცნება, რომელიც ცოტათი მაინც შეამსუბუქებს 10-დღიან მძიმე რეალობას და სულ სხვა, შესაძლებელ ქალაქს დაგვანახებს, ნაცვლად დღევანდელი, უწიგნებოდ დარჩენილი ქალაქისა. ერთი სიტყვით, ბრძოლა „წიგნის გეტოს“ წინააღმდეგ გრძელდება, ამჯერად ოცნებითა და პარალელური სამყაროთი.


ნაბეჭდი წიგნების ისტორია ტფილისში XVII საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდში შემოაღწია ჩვენს ქალაქში პირველმა წიგნებმა, მათ შორის ქართულმა წიგნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ 1629 წელს დაიბეჭდა რომში. XVIII საუკუნის დასაწყისში ქალაქში სტამბაც დაარსდა და ნაბეჭდი წიგნის პირველი ბიბლიოთეკებიც გაჩნდა.

ყველაზე მდიდრული კოლექციები, რა თქმა უნდა, მეფეებს ჰქონდათ. კარგი კოლექცია ჰქონია ვახტანგ VI-ს, ხოლო ბიძამისის, გიორგი XI-ის ბიბლიოთეკა მთელს აზიაში იყო განთქმული და კათოლიკე მისიონერები მასთან ათენ-აღამებდნენ თურმე. ევროპელების ხათრით მეფეს თანამოქალაქეებისთვისაც მიუცია წიგნებით სარგებლობის ნება და წლების მანძილზე ტფილისის მოქალაქეებიც ხშირად სტუმრობდნენ თურმე მეფის ბიბლიოთეკას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტფილისის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა უკვე XVIII საუკუნის დასაწყიში არსებულა, ბიბლიოთეკა, რომელიც 1723 წელს, ჯერ მაჰმადყულიხანის ჯარის, ბოლოს კი ოსმალების შემოსვლის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურებულა.

XVIII საუკუნის ქართული მწიგნობრობის ისტორიის ყველა დეტალის მოსათხრობად აქ არც დრო გვაქვს და არც ადგილი. ამიტომ ათწლეულებს გადავახტები და პირდაპირ იმ დროში გავჩერდები, როცა ქალაქში პირველი წიგნით მოვაჭრენი გაჩნდნენ. ხელნაწერ წიგნებს ყოველთვის ბევრი მუშტარი ჰყავდა ტფილისში, მაგრამ ნაბეჭდი წიგნების მაღაზიები მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მათი გაჩენიდან სულ რამდენიმე თვეში პირველი ქუჩის მოვაჭრეებიც გამოვიდნენ გარეთუბნის ქუჩებში, ერევნის მოედანზე, სოლოლაკში, კალოუბანში და ორბელიანთუბანში. ამგვარი კონკურენცია დიდხანს არ გაგრძელებულა: ჯერ კიდევ XIX საუკუნის 40-იან წლებში დადეს ძმობისა და ერთობის ხელშეკრულება ქუჩის მოვაჭრეებმა და მდიდრული მაღაზიების მფლობელებმა. ეს უკანასკნელნი ხშირად თავიანთ წიგნებს ატანდნენ ხოლმე ჩამოვლაზე წასულ გამოცდილ, მოლასავით ხმამჭექარე ვაჭრებს და ჩვენი ქალაქი წიგნის ავტორების გვარებითა და დასახელებებით ივსებოდა.
დავუშვათ, გახსნა რეზანჯიანცმა ერივანსკიზე წიგნებისა და ნოტების მაღაზია. გავიხედოთ და 2-3 თვეში მის მაღაზიას მაშინათვე ვინმე ზარიძე მიემაგრებოდა და ხან ჩამოფასებულ წიგნებს ყიდდა (რაც ძალიან იშვიათი იყო, რადგან წიგნი ფუფუნების საგანი გახლდათ), ანდა აღმა-დაღმა დადიოდა და ახალ წიგნებს სთავაზობდა სოლოლაკელ დიდებულებს. მომდევნო წლებშიაც, XIX საუკუნის 60-80-იანებშიც, არაერთი ასეთი კავშირი შედგა. მაგალითად, ტფილისში გრიქუროვის წიგნების მაღაზიაზე მეწიგნე ტახირა მუშაობდა, ლორის მელიქოვის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლებში განთავსებულ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიიდან კი გამთენიისას წიგნებით დატვირთული ორი თათარი გამოდიოდა ხოლმე – ერთი სასახლის ქუჩაზე ამოუხვევდა, მეორე კი ქვევით ეშვებოდა, მტკვრისკენ.
ამ ტფილისურ ტრადიციას თავის დროზე უცხოელმა წიგნით მოვაჭრეებმაც აუბეს მხარი. გაზეთ „კავკაზში“ ვკითხულობთ, რომ 1846 წელს ფრანგ პელტიეს პარიზიდან აუარება ფრანგული წიგნი ჩამოუტანია და ქალაქის მთავარ მოედანზე გაუხსნია წიგნის ფარდული, იქ, სადაც მეძეხვე ფერარი macaroni-ს, stoffato-სა და ღორის კატლეტებს ყიდდა, ქალბატონი ლაბიელი კი - ნამცხვრეულსა და შამპანურს. სულ მალე საქმე ისე აუწყვია პელტიეს, რომ ფერარი და ქ-ნი ლაბიელიც წიგნებზე გადასულან. ეგ კი არა, ლაბიელს ტფილისის გარეთაც გაუტანია წიგნები და, როგორც გრიგოლ ორბელიანის ერთი წერილიდან ვიგებთ, ზაფხულში კოჯორშიც ხშირად გაიგონებდით თურმე მისი ბიჭების შეძახილებს.
XIX საუკუნის რამდენიმე ათეული წლის მანძილზე წიგნები საკმარისად დაძველდა იმისთვის, რათა ტფილისში ბუკინისტური მაღაზიები და ქუჩის პირველი ბუკინისტებიც გაჩენილიყვნენ. 60-70-იანი წლების ქალაქში უკვე 10-მდე ასეთი მაღაზია იყო, ქუჩებში კი იდგნენ: ალექსანდრეს ბაღში დათიკო ლაზარევი, სასახლის ქუჩაზე ზაქარია ჭიჭინაძე, ერივანსკიზე სიმონა, ხაფო და ლუკა, გოლოვინზე კი, კადეტთა კორპუსის ჩაყოლებაზე და კაზიონნი თეატრის წინ (ახლანდელ ოპერასთან) - ქალაქელი პოეტები: დოლმაზოვი, სიამაშვილი, ცაფცას ზანგი და გალუსტ შიხიანი.
1876 წელს, ქალაქის თავად მოსვლისთანავე, დიმიტრი ყიფიანი პირველი იყო, ვისაც „წიგნისუბნის“ შექმნის იდეა გაუჩნდა და ორ წელიწადში განახორციელა კიდეც ეს ოცნება. „წიგნის უბანი“ განოვსკაიაზე გაშენდა (ახლანდელი გალაკტიონის ქუჩა) და სულ მალე ქუჩის მწიგნობრები ველიამინოვის ქუჩასაც მოედნენ. იქ ძირითადად ღვინის სარდაფები იყო, სადაც კურდღელოვის მარანში, სხვათა ღვინოებს შორის, თავად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ჩინებული კახური ღვინოებიც იყიდებოდა, ხოლო ამ სარდაფის გვერდით მეწიგნე ფაფუკა ილიასავე წიგნებს ყიდდა, რაზეც ბევრს ხუმრობდა ხოლმე აკაკი.
XX საუკუნის დასაწყისიდან წიგნის ქუჩები გაჩნდა ვერაზე, მტკვარს გაღმა მიხეილის პროსპექტზე, ასევე დიდუბეში, ვაკეში, სადაც დიდი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდა ვარაზის ხევიდან ახლანდელ ვაკის პარკამდე. სწორედ ამ უბანში გაჩნდა 20-იან წლებში ქალაქის ყველაზე დიდი წიგნის ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის სახელობისა, რომელსაც არაერთხელ ახსენებენ თავიანთ ნაწერებში ბორხესი და უმბერტო ეკო, არტურო პერეს-რევერტეს ერთ-ერთი რომანის, „კრივის მასწავლებლის“, მოქმედება კი მთლიანად ამ ქუჩაზე ვითარდება.

ომის შემდგომ პერიოდში წიგნის მოყვარულების ცხოვრება ახლიდან განვითარდა, გაჩნდა მაღაზიათა ახალი ქსელები, კონკურენციამ კი ძველი წიგნისუბნელები აიძულა, სხვა ხერხებისთვის მიემართათ. 60-იან წლებთან ერთად წიგნი და მუსიკა ძალიან დაუმეგობრდა ერთმანეთს და ტფილისური წიგნის ქუჩები ჯაზისა და როკის მოყვარულმა შფოთიანმა ახალგაზრდებმა გაავსეს.
შედარებით მოწყენილი და გაწონასწორებული 80-იანების შემდეგ დადგა პოეტი-ბუკინისტების ახალი თაობის დროც, მაშინ ყველა ყიდდა წიგნებს, ომარა, გელა, შოთა, ბადრი, უშანგი, ჯონდი და მამუკა. მათ ხშირად სხვა მწერლებიც ამოუდგებოდნენ ხოლმე გვერდით, ზოგს ჭაჭის არაყი მოჰქონდა გასათბობად, სხვას კიდევ – პორტვეინი და ჩირი. პოეტმა ომარამ 90-იანების ბოლოს იმდენს მიაღწია, რომ წიგნისუბანში, ორი ქუჩის კუთხეში გახსნა პატარა ფარდული, სადაც მისი ორივე ცოლი ერთად მუშაობდა, შეხმატკბილებულად. ამაზე პოეტმა იმირ მამედლიმ ლექსიც კი გამოუთქვა ომარას:
აქა გნახე მაშინ შენი
ორი ცოლის თანხლებით,
გვერდებს როგორ გიმშვენებდნენ
გამხდრები და მაღლები.
ვითომდაც ვერ შეგამჩნიე,
ჩაგიქროლე ქარივით,
ორი ფიქრი ჩამრჩა გულში
შენი ორი ქალივით:
ეს რა ვქენი მუსლიმანმა,
ჩემ ქრისტიან მეგობარს
ავერიდე, - საძრახისი
სატანჯველად მეყოფა;
თუმცა ის სჯობს, გულს ჩავუქრო
სახიფათო დენთები.
აქ ჩავლისას მუდამ ორი
ცოლით გამახსენდები.
ქუჩის ბუკინისტები დღესაც ბევრნი არიან ქალაქში, წიგნის ქუჩებზე დღესაც დუღს ცხოვრება, სიღარიბესა და გაჭირვებაზე არავინ ფიქრობს, არი ერთი ჟრიამული და წიგნების ჩუქება-თხოვება-გაცვლა-გამოცვლა. აქ ხან ყავაზე დაგპატიჟებენ, ხანაც - ჭიქა ღვინოზე. აქ მხოლოდ იმიტომ დგანან, რომ ქალაქს უნდა ასე, ქალაქმა მოსთხოვა. ქალაქის გამოა, რომ ვაკის ქუჩაში ვაჭრობს ზვიად სარსალია, აღმაშენებლის გამზირზე ბადურ ბულაჩაური, პარლამენტის წინ - ბუკინისტი ბოცო, რომელიც, ძირითადად, სხვადასხვა წიგნის მოკლე შინაარსებს ყიდის, ზარმაცი მუშტარიც არასდროს აკლია და ამით გააქვს თავი. გალაკტიონის ქუჩაზე ზალმან სამადაშვილსაც აქვს გახსნილი პატარა კაფე, რომელსაც თავისი საყვარელი მწერლის საპატივცემულოდ Papa დაარქვა და სადაც ბევრი ტფილისელი მწერალი იყრის თავს, არა მხოლოდ ჰემინგუეის თაყვანისმცემლები.
თავად ზალმანი ჩუმ-ჩუმად თურმე მშვენიერ პატარა მოთხრობებსა და იგავებს წერს და ქალაქის თავობაზეც ოცნებობს, რათა კიდევ უფრო გაუადვილოს ცხოვრება წიგნიერ ხალხს.
დაველოდოთ, იქნებ ოდესმე აუხდეს კიდეც ეს სურვილი.
© radiotavisupleba.ge

No comments: