დღე გადის და შარი რჩება
სომხური ანდაზა
წინა საღამოს გვიან მომიწია ჩასვლა. მეტრო დაკეტილი დამხვდა, მერე მდინარე და არხი ერთმანეთში ამერია და აღმოვჩნდი ებრაელების უბანში, სადაც არაფერი მესაქმებოდა, მერე ზურგჩანთას ღვედი გაუწყდა და მხარი მეტკინა და გავმწარდი და დავსველდი და საერთოდ, პატარა გოგო ვარ, სულ რაღაც ოცდაათს გადაცილებული და, ამდენი აღარ შემიძლია. დილით ტელეფონმა რომ გამაღვიძა, გამხეცებული გავქანდი შესასვლელში, რატომ, კაცმა არ იცის, იმ სახლში ნამდვილად არავინ დამირეკავდა, ეტყობა, გამოგლეჯას და გადაგდებას ვუპირებდი. აი, მანდ დაიწყო ყველაფერი.
დერეფანში იდგა დედიშობილა ნიკოლიკო, ანუ ნიკოლი, ანუ ნიკი, ანუ ნიკიფორე. ახლავე განვმარტავ: ნიკოლი ფემინისტია, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თვლის, ისე, მე რომ მკითხო, უბრალოდ დარტყმულია, და სახელ ნიკოლს ნიკი ამჯობინა, როგორც ჩანს, უფრო უსქესო და მაგარი ჰგონია; მე, ჩემის მხრივ, ქართველი ვარ, ამიტომ ვამჯობინე კნინობით-ალერსობითი ნიკოლიკო, ხოლო თუ მაჯავრებს - რაც ხშირად ხდება - ნიკიფორე, ვირისთავი მაიმუნი.
ნოემბრის ბოლო იყო, გათბობას კი პრინციპულად არ ვრთავდით, რატომ, კაცმა არ იცის, ამიტომ შემოსასვლელში ციოდა, თან ძალიან.
ნიკოლიკო თავის ჟონგლიორ დაქალს ესაუბრებოდა, უფრო სწორად, ის ქაქანებდა, თან ისეთ ხმაზე, მე გავიგონე, რომ ცუდი სიზმარი ნახა და, საერთოდ, ყველაფერი ცუდია. ვიფიქრე, ამ უბედურს ქურთუკს მივაწვდი-თქო, მაგრამ მერე მივხვდი, თვითონაც მშვენივრად მიწვდებოდა და კვლავ დასაძინებლად წავჩანჩალდი.
ცხადია, ისევ გამაღვიძეს. ამჯერად ნიკიფორეს ჩხუბი ისმოდა: თურმე, ნუ იტყვი, მობილური გამოურთეს, ააა! კაი. სამზარეულოში იჯდა თავის კაცთან ერთად, ის - საკუბოედ გამოწყობილი, ჩემი ოქროს ხელებით დაუთოებულ პერანგში, ეს - ტიტველი.
იცით, რა განსხვავებაა შიშველსა და ტიტველს შორის? შიშველი კარგია, ტიტველი - სირცხვილი. ტიტვლები დატანტალებენ ჭრელ აბანოში, ან საგიჟეთში, ან ცივ სამზარეულოში ყავას სვამენ ორ მთლიანად ჩაცმულ ადამიანთან ერთად. ტიტველს სცივა და გალურჯებულია, ტერფს წვივზე ითბობს და მისი არსებობა სრულიად არაეროტიულია.
უბედური კაცი ყავის ხვრეპას რომ მორჩა - მეტს იქ მაინც ვერაფრით იხეირებდა - და თავის გზაზე წავიდა ხიდების გადასაღებად (დიდებული საქმეა, ღმერთმანი, განსაკუთრებით მშიერ კუჭზე და თოვლ-ჭყაპში), ნიკოლიკოს ვუთხარი, მორჩა ეროტიკ-შოუ, ჩაიცვი, თორემ მე დამემართა ცისტიტი-თქო. ნიკოლიკომ ამაყად ამიხსნა, რომ ეროტიკა არაფერ შუაშია, რომ მას სულ არ ადარდებს, რა გრძნობებს უღვიძებს მისი სხეული ვიღაც ჭუჭყიან მამრს, და საერთოდ (crescendo), ვისაც არ მოსწონს, შეუძლია წაეთრეს მისი სახლიდან, იმიტომ, რომ ამ სახლის ქირას ის იხდის, და რომ ყველა კაცი დეგენერატია და, როგორც ჩანს, ზოგი ქალიც, იმიტომ, რომ მე (სიცივითა და რისხვით აკანკალებული თითი მომიშვირა) არაფერი მესმის გენდერული ფილოსოფიისა და ნიკის სულის ძახილისა (შიშველი ფეხი სკამს მიარტყა, ეტკინა და დაწყნარდა). მერე ნიკოლიკომ ცოტა წაუტირა, თავის ოთახში გავიდა, ჩაცმული დამიბრუნდა, ჩითებიც კი წამოიცვა ჩემს პატივსაცემად, და მიამბო, რომ მას არ მოსწონს საკუთარი თავი, სძულს (crescendo), და იდიოტმა ფსიქოლოგმა უთხრა, გახდილმა იარეო, მას კი სცივა! და საკუთარი თავი კვლავ სძულს! თან მობილური გამოურთეს!
ერთი საათით ადრე გავედი სახლიდან და ვუყურე, როგორ დარბოდნენ მდინარის პირას ჯანმრთელი კაცები. ნახევარი კოლოფი მოვწიე, მომშივდა, პიტა ჩავცეცხლე და კუჭ და გულდამძიმებული წავედი საშოვარზე, ლიტერატურულ საზოგადოებაში, ჩემი დიდი ინტელექტის, ძირძველი ფესვებისა და ხალასი ნიჭის წარმოსაჩენად.
იმ კარგ მხარეში მგონი სულ ბნელა. მერე უფრო მაგრად დაბნელდა, დაღამდა. ანრისთან შეხვედრაზე დავიგვიანე. გზად ისევ პიტა ვიყიდე, იმიტომ რომ მშიოდა, ჰოდა, როცა ვღეჭავ, საწრაფად სიარული მიჭირს. ანრი ანგელოზი ყოველ საღამოს მიმასპინძლდება, ოღონდ არ მაჭმევს, მასმევს ხოლმე. ბევრს მახარჯავს, წუწურაქი ნამდვილად არ ეთქმის, უბრალოდ ალბათ ჰგონია, რომ მე საერთოდ არ ვჭამ. პირველ-ორ ჯერზე მშიერმა დავლიე და ერთხელაც ისე დავთვერი, ჯერ ქურთულ რესტორანში ვიცეკვე აიშა და მერე მდინარის პირას - გოპაკი. ანრის ასეთებზე გული უჩუყდება ხოლმე და უხარია, მაგრამ მე სულ არ მსიამოვნებს.
ანრის ჩემი გაცილებაც მოსწონს, ფეხით, მე - არა. მაგრამ ეგ არაფერი, ოც წუთში სახლთან ვიყავით. სადარბაზოსთან დაგვხვდნენ ნიკოლიკოს ჟონგლიორი დაქალი და მარგო, გამწარებულები რეკავდნენ და ნიკი კარს არ უღებდა. აღელვებულებმა მომახსენეს, რომ ნახევარი საათის წინ შეუთანხმდნენ, მოვალთო, ის კი - აი! კარს არ აღებს. თავი მოიკლა, დაასკვნა ჟონგლიორმა.
კარი გავაღე და ვინაიდან ანრი მაინც ძალიან კარგი კაცია, ჩამომხრჩვალი ნიკოლის მარტო საყურებლად არ გამწირა და თან ცნობისმოყვარეობა კლავდა, სად ვცხოვრობდი და რატომ, ისიც ამოგვყვა. ფხაჭა-გლეჯით ავრბოდით კიბეზე.
ბინის კარი ღია დაგვხვდა და ჟონგლიორმა თქვა, მე ვერ შემოვალო. მარგო მის დასაწყნარებლად დარჩა და შევედით ანრი და მე, მამაცი და თავდადებული.
ნიკიფორე "ნაუშნიკებით" იდგა მაგნიტოფონის წინ და ვინაიდან შნური მოკლე იყო და გასაქანს არ აძლევდა, იქვე იქნევდა გავას. იმ გავაში ისეთი ამოვარტყი, ალბათ არავის ამოურტყამს და ალბათ ისეთი გამხეცებული სახე მქონდა, ვერც კი მეჩხუბა. საცოდავად ამიხსნა, 11-ის მერე მუსიკის ხმამაღლა მოსმენა არ შეიძლება, მე მეცეკვებოდა და კარი ღია დავტოვე, რომ შემოსულიყვნენ, უბრალოდ, სადარბაზოს არსებობა დამავიწყდაო. ძალიან შეწუხდა ნიკოლი.
ჟონგლიორ გოგოს რაღაცა იმედის გაცრუების მსგავსი ეწერა სახეზე. მას საერთოდ თვითმკვლელობა რაღაცად მიაჩნდა, რად, არ ვიცი, - რაღაცად. თვითონ ძალიან მდიდარი იყო, მისი პაპა ებრაელებზე გამდიდრებულა მეორე მსოფლიო ომის დროს, შვეიცარიაში გზავნიდა და მათ ქონებას იტოვებდა. გზავნიდა რა, ისინი მიდიოდნენ და ან უმართლებდათ, ან - არა. როგორც ჩანს, ბოლოსკენ პაპილო სინდისმა შეაწუხა და ცენტრალურ პარკში თავი ჩამოიხრჩო. საყვარელი პაპის კვალდაკვალ თავი მოიკლა ბებიამ - არა მისმა ცოლმა, არამედ მეორე ბებიამ, იმას რაღა ჭირდა, არ ვიცი, მერე - ჟონგლიორის მამამ, მერე - ძმამ. დედამ ვერ მოასწრო, კიბოთი მოკვდა და შავი ლაქა იყო ოჯახის სახეზე. ჟონგლიორი გოგო ღირსეული წინაპრების ხაზის გაგრძელებას ლამობდა, ოღონდ უჭირდა, იმიტომ რომ ახალგაზრდა, ლამაზი, მდიდარი და ნიჭიერი იყო - რამდენი რამ უშლიდა ხელს მის ბედნიერებას!
როცა გავიცანი, მიამბო, რომ მისი იმჟამინდელი საყვარელი კი კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ვერ იყო კარგი ბიჭი. აი, იანი... ო, იანი, თქვენ არ გინახავთ, მე ვნახე და ლუდიც ვსვი ოთხფეხთან: ჭუჭყიანი ფრჩხილები, ზეთიანი თმა, ცხვირს თითებით იხოცავდა და უსაშინლესი აქცენტით მადამ ბოვარიზე მელაპარაკებოდა ის ოთხკლასდამთავრებული. თურმე ამ ქვეადამიანთან სექსის ფასი არაფერი ყოფილა: აი, აქ, ყვებოდა ჟონგლიორი და მკერდს იღეღავდა, სულ ნაკაწრები მქონდა! ცოტა ცუდად გავხდი.
ახლა ეს გოგო ჩუმად კრუსუნებდა რაღაცას სამზარეულოში. მარგო ამშვიდებდა. ანრიმ მაცივარში ამაოდ ეძება რამე დასალევი და თურქებთან წავიდა საშოვარზე. ნიკი ბოლთას სცემდა და მოთქვამდა, რომ არის უვარგისი, მახინჯი, უნიჭო და თხლე. თავის გასამართლებლად იძახა, რომ ასეთ ოჯახში გაზრდილი კიდევ კარგადაა, და ყველაფერი დამპალი, ო, დამპალზე დამპალი ბაბუის ბრალია, და რომ ბაბუა ორჯერ კი არ უნდა დაემარხათ, საერთოდ არ უნდა დაემარხათ, უნდა გადაეგდოთ, ძაღლი მიაკვდა სულში.
მე, სულელმა, ვიფიქრე, სიტუაციას განვმუხტავ-თქო და კრეჭით ვიკითხე, რაის ორჯერ დამარხული ბაბუა-თქო. მაგრად მივქარე. ნიკოლიკო იმისთანას აკივლდა, მტერს და ავს, ისევ მუსიკის მოსმენა არ ერჩივნათ საცოდავ მეზობლებს? ჟონგლიორს თვალები გაუბრწყინდა და მაშინ გამახსენდა ის სიტყვა - ნეკროფილი.
ბაბუა, პატიოსანი კათოლიკე, ექიმი და ერის იმედი, უკვე დაოჯახებული ყოფილა, როცა ნიკის ბებია შეუყვარდა, ასევე მართლმორწმუნე და მაღალზნეობრივი. ამ ამაღლებული სიყვარულის შედეგი ყოფილა ნიკის დედა, რომელსაც კარგად ვიცნობ, შტერია და ეგოისტი. გოგონა გადამალეს უყრუეს პროვინციაში, რათა ექიმის უბიწო სახელი არ შებღალულიყო და ქალსაც არაფერი დაკლებოდა. ძალიან მორწმუნე ყოფილა ეს ქალი, თორემ რა უნდოდა ბავშვის მოშორებას?! არა, მან სიცოცხლე არ წაართვა და ისეთი ყურადღებიანი დედა იყო, რომ შვილს საშობაოდ და სააღდგომოდ საჩუქრებსაც კი უგზავნიდა: დათუნიებს, ბაფთებს, თოჯინებს, კამფეტებს, მოკლედ, ყველაფერს, რაც პატარა გოგოს სჭირდება. მერე მისი შვილის მამა მოკვდა - ვიმეორებ: ძაღლი მიაკვდა სულში, - და ისე დაკრძალეს, როგორც კეთილ კათოლიკეს შეეფერება. დაკრძალეს, დამარხეს, მიწა მიაყარეს. მორჩა? არა. საყვარელმა, რომელიც ასევე ღვთისმოშიში იყო, მღვდელსა და მესაფლავეს ქრთამი მისცა. კაცი ამოთხარეს, საყდარში დაასვენეს, ქალმა დაიტირა და კვლავ დაამარხინა. აი, ასე. ახლა მორჩა.
ამბის ფინალს გაჭირვებული ანრიც შეესწრო, ლუდი ამოიტანა. ჩემი სიხარული, ჯანმრთელი, მაღალი, 25%-იანი სპარსი ანრი! ვიფიქრე, ჯანდაბას, ამაღამ ამას გავყვები, ვიყიდი ტეკილას და იმდენს დავლევთ, აიშა და მსგავსები უკან მომრჩება-თქო. მშვენიერი კატები ჰყავს ანრის, მაცივარში პამიდორიც დევს... მომშივდა.
ანრიმ გოგოების გამხიარულება გადაწყვიტა, ვენაცვალე, არ დამტოვა გასაჭირში. წამო, დისკოტეკაზე წავიდეთო. მარგომ უთხრა, რა დროის დისკოტეკაა, სტრესი მივიღეთ და სიბნელე და სიჩუმე გვჭირდებაო. ჟონგლიორი ანრის უყურებდა, როგორც ტალახიან ღორს, რომელსაც არაფერი ესმის, ნიკოლიკო ამბობდა, რომ სიცოცხლე გამიმწარა და ამას საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებს, ვერასოდეს! თხლაშ - ლუდის ქილა. ვერასოდეს. ანრი გაღიზიანდა და თავისი მომხიბვლელი ხმით მოახსენა ნიკის, ტრაკი დააყენე, გოგო, თორემ გადაგაგდებო. ნიკის, როგორც გიჟს, არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა: დაწყნარდა. ჟონგლიორი უკვე ინტერესით შეჰყურებდა ჩემს ანგელოზს. მზეო, მზეო ანრი!
გოგოების გაცილების დროს ანრი მოყვა ამბავს, რომ ერთხელ ორ ღარიბ სტუდენტს ერთმანეთი შეუყვარდა. ისინი დაქორწინდნენ, გოგონა გაუჩნდათ, საზღვარი არ ჰქონდა მათ ბედნიერებას. ამ სიხარულის აღსანიშნავად ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მშობლებმა ფული გამოუგზავნეს. გადაწყდა, რომ პატარა გოგოსთვის ეტლი უნდა ეყიდათ. ბავშვი კეთილ მეზობელ ბაბოს დაუტოვეს, ცოლ-ქმარი მოტოციკლეტს მოახტა, გაქროლდა, პირველსავე მოსახვევში დაეტაკა სატვირთო მანქანას და დაიხოცა. პატარა ობოლი გოგო გაიზარდა, დაქალდა, ანრი გაიცნო, შეიყვარა და ერთხელაც დიდად წარმატებული სექსაობის შემდეგ (ჩემს ანგელოზს თვალები აენთო) ისე გააჯავრა საყვარელი, რომ მან ფანჯრიდან გადააგდო, მეოთხე სართულიდან. შენ ხომ იცი ჩემი სახლიო, მომიტრიალდა მე.
- მერე? - იკითხა სიხარულით ხმააკანკალებულმა ჟონგლიორმა. - მოკვდა?
- არა, ცოცხალია. სასამართლოზე თქვა, მე თვითონ გადავხტიო.
- როგორ ყვარებიხარ...
- არა, უბრალოდ იცოდა, რომ მოვკლავდი.
იმ ღამეს მე და ნიკოლიკო ერთ ტახტზე ვიწექით. ნიკი მთელი ღამე ტიროდა და ამბობდა, რომ არაადამიანია. გოგოები წავიდნენ. ანრის ძალიან მოეწონა ჩემი ლოგინი, ტკბილად გამოიძინა და დილით ნიკიც დაპატიჟა ჩვენს ტრადიციულ ვახშამზე. ნიკი არ წამოვა, მე კი წავალ. აბა, რომ დაბნელდება, რა ვაკეთო.
© ”არილი”
No comments:
Post a Comment