Monday, September 8, 2008

ახალი ამბები (აგვისტო-სექტემბერი, 2007)

ბრიტანული გამომცემლობები ჯეინ ოსტინს არ ბეჭდავენ


ჯეინ ოსტინი დებიუტანტი მწერლის, დევიდ ლასმანის ექსპერიმენტის იარაღი გახდა. მას შემდეგ, რაც ბრიტანული გამომცემლობებისაგან ლასმანი დადებით რეცენზიას ვერ ეღირსა და პირველი წიგნის დაბეჭდვაზე ყველამ უარით გამოისტუმრა, მან სახალისოდ ასეთ ხერხს მიმართა - ჯეინ ოსტინის რომანებიდან ნაწყვეტები ამოკრიფა, პერსონაჟებს სახელები შეუცვალა, ფსევდონიმად ”ელისონ ლეიდი” აიღო (ოსტინის ადრეული ფსევდონიმიც სწორედ "A Lady" იყო) და ტექსტები გამომცემლობებში დაარიგა. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, 18 გამომცემლობიდან 17 (მათ შორის Penguin და Bloomsbury) ვერ მიხვდა, ვინ იყო ტექსტების ნამდვილი ავტორი და ლასმანს მათს გამოქვეყნებაზე მშვიდად უთხრეს უარი. არ მოტყუვდა მხოლოდ ალექს ბოულერი Jonathan Cape-დან.
”თუ ასეთი მსხვილი გამომცემლობები ვერ ცნობენ მსოფლიო ლიტერატურის შედევრს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენი ღირებული ტექსტი შეიძლება გაუშვან ხელიდან,” - გაკვირვებულია ლასმანი.


ელექტრონული წერილები კლასიკოსებისგან


იმისთვის, რომ ცხელ ზაფხულს წიგნების კითხვა მოსაბეზრებელი საქმიანობა არ გახდეს, ინტერნეტ სივრცემ ახალი ინტელექტუალური გასართობი გამოიგონა. საიტი http://www.dailylit.com/ მათთვის არის, ვისაც ლიტერატურის კითხვა უყვარს, მაგრამ დროის უქონლობისა და გადატვირთული სამუშაო დღის გამო მონიტორს მიღმა წიგნებისთვის დრო აღარ რჩება. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მარტივად გამოიწერთ სასურველი ავტორის სასურველ წიგნს, რომლის განსაზღვრული რაოდენობის ნაწყვეტებიც პერიოდულად მოგივათ, არც მეტი, არც - ნაკლები, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, როგორც მეგობრის ან თანამშრომლის მორიგი წერილი. იმისთვის, რომ ასეთი ტიპის მეგობარმა (მაგ. ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი...) თავი არ მოგაბეზროთ, ან პირიქით - არ მოგანატროთ, წერილების პერიოდულობას თავად აირჩევთ.


სალმან რუშდის სიცოცხლეს ისევ საფრთხე ემუქრება


ტერორისტული დაჯგუფების, ალ-ქაიდას ეგრეთ წოდებულმა ”მეორე პირმა”, აიმან ალ-ზავაჰირმა, თავის მორიგ აუდიო-მიმართვაში ძირითადი დრო დიდი ბრიტანეთისადმი მუქარას დაუთმო. მისი მოთხოვნაა, ჩამოართვან ინდოელი წარმოშობის მწერალს - სალმან რუშდის - რაინდის ახლადმინიჭებული წოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისლამური სამყარო გადამჭრელი ზომების მიღებით იმუქრება. დასჯის კონკრეტულად რა მეთოდებს გულისხმობდა ტერორისტი - ეს არ უთქვამს. მსოფლიოს მუსულმანთა დიდი ნაწილი სალმან რუშდის შემოქმედებას თავიანთი რელიგიისა და აღმსარებლობის შეურაცხყოფის უმაღლეს საფეხურად მიიჩნევს. ამ მიზეზით ირანსა და პაკისტანში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები თანხასაც კი აგროვებენ მის დასაჯილდოებლად, ვინც ახლადგამომცხვარ რაინდს თავს წააცლის.


ჰემინგუეის კატების უფლებები ირღვევა


ერნესტ ჰემინგუეის სახლის ბინადარი 6 კატა ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასამართლო პროცესის შედეგად მწერლის სახლიდან გამოასახლა. სამინისტორს მესვეურებმა განაცხადეს, რომ ცხოველების ადგილი, ჩვეულებრივ, გალიაშია. ფედერალური ბიური კი ამტკიცებს, რომ კატები სამუზეუმო ექსპონატს წარმოადგენენ და სახლმუზეუმში მათ შენახვას სპეციალური ლიცენზია სჭირდება. საქალაქო კომისიასაც თავისი მოსაზრება აქვს ფუმფულა ცხოველებთან მიმართებაში - კატები საგამოფენო ნივთები არ არიან და ისინი, უბრალოდ, უნდა გაათავისუფლონ ყველანაირი სამოქალაქო კანონის ზემოქმედებისგან. სახლ-მუზეუმი, სადაც ჰემინგუეი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა, კატების გამოსახლების შემდეგ დროებით დაიკეტა.


წერილები აუქციონზე


შვეიცარიელი იურისტის, ალბინ შრამის, გარდაცვალების შემდეგ მის არქივში საოცარი კოლექცია აღმოაჩინეს - სხვადასხვა წერილებს შორის ისეთი ავტორებიც იყვნენ, რომელთა აქამდე უცნობი ტექსტებიც ძალიან მალე აუქციონზე ხუთ და ექვსნიშნა ციფრებში გამოსახულ თანხად გაიყიდება.
აქ არის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 1811 წლით დათარიღებული წერილი, სადაც იგი მეგობარს, ნოლას ცმესკალს, ხელოვნების რაობაზე ესაუბრება; ოსკარ უაილდის სამადლობელი სიტყვა ემილი რენის მიმართ (1888), ერნესტ ჰემინგუეის მოკითხვა ეზრა პაუნდს (1925), ფრანსისკო გოიას მიერ მოყოლილი საკუთარი სიღატაკის ამბავი მეგობარ მარტინისადმი (1790)...
წერილების გატანა აუქციონზე უკვე დაიწყო. ნაპოლეონის გრაფიკული კოცნები ჟოზეფინას მიმართ უკვე გაყიდულია - მასში 276,000 ევრო გადაიხადეს.


ჰარუკი მურაკამი - ნობელის პრემიის ლაურეატი?


იაპონიის მუნიციპალურმა ბიბლიოთეკამ მცდარი ინფორმაცია განათავსა თავის ვებ გვერდზე - თითქოს პოპულარულ რომანისტს, ჰარუკი მურაკამის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიეღოს. ბიბლიოთეკის საიტზე განთავსებული სტატიის მიხედვით, შარშანდელი ნობელის პრემიის ლაურეატი მურაკამი გახდა, არადა, ეს პრიზი, როგორც ვიცით, თურქ ავტორს, ორჰან პამუკს ერგო. მუნიციპალური ბიბლიოთეკის მესვეურებმა ბოდიში მოიხადეს შეცდომის გამო და მიზეზიც ახსნეს - ინფორმაცია, რომელიც იმ განსაკუთრებული შემთხვევისთვის იყო წინასწარ მომზადებული, თუ იაპონელი ავტორი ნობელის პრემიას მიიღებდა, ტექნიკური შეცდომის გამო აღმოჩნდა სისტემაში საიტის განახლებისას. მურაკამის ლიტერატურული ”დამსახურების” შესახებ ინფორმაცია 18 ივნისიდან 4 ივლისამდე იყო საიტზე განთავსებული.


ლიტერატურული პრემია არამხატვრული პროზისათვის


ამერიკელი რეპორტიორი, Washington Post's-ის ბაღდადის ბიუროს ყოფილი დირექტორი, რაჯივ ჩანდრასეკარანი, სემუელ ჯონსონის სახელობის პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა დოკუმენტური პროზისათვის. მისი ნაშრომი ”იმპერიალისტური ცხოვრება ზურმუხტოვან ქვეყანაში” ("Imperial Life in the Emerald City") ბაღდადის მწვანე ზონის უსაფრთხოებას ეხება, და როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, ჰელენა კენედიმ განაცხადა, ბოლო 50 წლის მანძილზე ასეთი ძლიერი რეპორტაჟი არ დაწერილა. სემუელ ჯონსონის პრემია არამხატვრული პროზისათვის გაცემულ ჯილდოებს შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ თანხას მოიცავს - რაჯივ ჩანდრასეკარანი 30 ათასი ფუნტი სტერლინგის მფლობელი გახდა.


ტერორისტული პოეზია


ლექსები, რომლებიც გუანტანამოს ყურის ”ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის” ციხის პატიმრების მიერაა დაწერილი, მალე წიგნად გამოვა. ტექსტები ციხის სხვადასხვა ჭურჭელზე იყო ამოჩხაპნილი, ან კიდევ კბილის პასტით იწერებოდა კედლებზე. წიგნი 17 პატიმრის 22 ტექსტს შეიცავს, მათი შეგროვება და რედაქტირება ერთ-ერთმა მოხალისე ადვოკატმა, მარკ ფოლკოფმა ითავა. მისი თქმით, აქამდე პატიმართაგან არცერთს არანაირი შეხება არ ჰქონია პოეზიასთან. ლექსები არაბულ ენაზეა დაწერილი და მათი ინგლისური თარგმანები რედაქტორის გარდა ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ გადაამოწმა. ფოლკოფის თქმით, ლექსებში პატიმრების იმედგაცრუება ჩანს ამერიკის მიმართ, და კიდევ, დიდი სურვილი, მალე დატოვონ ციხის კედლები და დაუბრუნდნენ სამშობლოს.


ბეირუთი - მსოფლიოს წიგნთა დედაქალაქი


ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი ”2009 წლის მსოფლიოს წიგნის დედაქალაქად” იქნა დასახელებული. გადაწყვეტილება 3 ივლისს იუნესკოს შტაბბინაში შეკრებილმა ამომრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ასეთი არჩევანი დაფუძნებულია კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ლიბანის შემწყნარებლობაზე, დიალოგსა და ამტანობაზე, ასევე წარმოდგენილ პროგრამაში თანამშრომლობის პასუხისმგებლობასა და შინაარსიანობაზე. იუნესკოს გენერალური დირექტორის, კიოტირო მაცურის აზრით, წიგნი, როგორც ურთიერთგაგებისა და მშვიდობის იარაღი, დიდ როლს ითამაშებს აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროს შორის დიალოგში. ბეირუთი ”მსოფლიოს წიგნის” მეცხრე დედაქალაქი იქნება. მანამდე ეს ტიტული მადრიდს (2001), ალექსანდრიას (2002), ნიუ-დელის (2003), ანტვერპენს (2004), მონრეალს (2005), ტურინს (2006), ბოგოტასა (2007) და ამსტერდამს (2008) ჰქონდა მინიჭებული. არჩევნები ყოველ წელს იმართება.


ჯეიმს ბონდის ახალი წიგნი


ბრიტანელი მწერალი, სებასტიან ფოლკსი, ”ჯეიმს ბონდის” ახალი რომანის ავტორად დასახელდა. წიგნი, რომელსაც ”ეშმაკის მზრუნველობა” (”Devil May Care”) ერქმევა, 2008 წლის 28 მაისს იხილავს მზის შუქს - სწორედ ამ დღეს აღინიშნება ”ჯეიმს ბონდის” პერსონაჟის ”ლიტერატურული მამის”, ბრიტანელი მწერლის, იან ფლემინგის 100 წლისთავი. იანი 14 წიგნის ავტორია აგენტ 007-ის შესახებ.
მსოფლიოში ამჟამად ჯეიმს ბონდის სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიანი წიგნის 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული და აგენტ 007-ის ეპოპეამ ავტორებს 4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა. თუმცა კი, ჯეიმს ბონდის კინოგმირის წარმატებასა და პოპულარობასთან ლიტერატურული პერსონაჟი ახლოსაც ვერ მივა.


© “ცხელი შოკოლადი”

No comments: