Thursday, September 11, 2008

ინგრიდ დეხრავე

ხელის თხოვნა ანუ როგორ შექმნა როტერდამში პოეზიამ ოჯახი


ყოველი წელს, ზაფხულობით, ნიდერლანდური ქალაქი როტერდამი, ევროპის პოეზიის დედაქალაქად იქცევა ხოლმე. ეს მას შემდეგ, რაც 1970 წელს ფესტივალი ‘Poetry International Rotterdam’ დაარსდა და მალევე, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ პოეზიის ფესტივალად იქცა. 38-ე ფესტივალზე, პირველად ქართველი პოეტებიც მიიწვიეს. წერილში წაიკითხავთ, როგორ ჩავიდნენ მაია სარიშვილი, შოთა იათაშვილი, რატი ამაღლობელი და მათი ბელგიელი, თბილისში მცხოვრები მთარგმნელი, ინგრიდ დეხრავე, ნიდერლანდებში და როგორ ჩატარდა როტერდამის საერთაშოირისო პოეზიის ფესტივალი ოცდამეთვრამეტეჯერ.



მაინც და მაინც წასვლის ღამეს, პირველი საზაფხულო ბუზი ჩემს ბინაში შემოფრინდა, დავსდევ, მინდა გავაგდო, მაგრამ გარეთ გაფრენას არ აპირებს. მე კი მეცოდება, წარმოვიდგინე, დავბრუნდები და მისი ხმელი გვამი დამხვდება. უცნაურია, წასვლამდე რამდენიმე წუთი მრჩება და ამ ბოლო წუთებსაც ბუზის გადარჩენას ვახმარ. საბედნიეროდ. შოთა შეთანხმებულ დროს მობილურზე მირეკავს: “გამოდი.” ბუზიც სწორ გზაზე გავუშვი და აღარაფერი მაბრკოლებს ნიდერლანდებში გასამგზავრებლად.

თბილისსა და ამსტერდამს შორის რამდენჯერ ვიფრინე, არც კი მახსოვს. ყოველ ფრენას კი განსაკუთრებული საბაბი აქვს. საბაბი შეიძლება იყოს - ნიდერლანდური ენისა და კულტურის კონფერენცია, ჩემი დისა ან ძმისშვილის დაბადების დღე, აუცილებელი სამედიცინო კვლევა, დასვენების საჭიროება, გამოფენა, ერლომ ახვლედიანის წიგნების ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია, და ასე შემდეგ.

ამჟამად კი, ბალახისფერი ჩემოდნით, მარკით "სემსონაიტ", აიბუქით, ხელჩანთით და სამი ქართველი პოეტით ნიდერლანდებში მივემგზავრები. ჩვენი ფრენის დღესვე, როტერდამის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალი 38-ჯერ იხსნება. ჩვენ საპატიო სტუმრებად ვარ დაპატიჟებული.

ტაქსში მძღოლის გარდა, რატი ამაღლობელი, მაია სარიშვილი და შოთა იათაშვილი მელოდებიან. ღამის 3 საათზე – კაცების შეწუხება მიწევს. ჩემი ეზოს ჭიშკრის ბოქლომს ვებრძვი. ივლისში რვა წელი გახდება, რაც საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ საბჭოთა ნივთების ხმარება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე. არადა, ჭიშკარი ღია რომ დავტოვო, და ქურდებს მეზობლების მანქანების მოპარვა გავუადვილო, გამორიცხულია. ადამიანი ჯიპის გარეშე, ადამიანად ხომ არ ითვლება?! საბედნიეროდ შოთა ფარანით მეხმარება, რატი კი - შერჩენილი საბჭოთა სიბრძნით.

აეროპორტში ვჩქარობთ. ტაქსში ბავშვური სიხარული იგრძნობა. რაც დრო გადის, თბილისის დატოვებისას ყოველთვის მელანქოლია მიმძაფრდება ხოლმე. დღეს კი ეს განცდა ჩვენს მიზანს დაემთხვა: წელს როტერდამის ფესტივალი სწორედ იმ მელანქოლიასა და სიგიჟეს ეხება.

ნახევარი წლის წინ, სანამ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ცნობის მოსაპოვნებლად საჭირო საბუთებზე დავრბოდი, ნიდერლანდებიდან დამიკავშირდნენ: “რამდენიმე ქართული წიგნი ნიდერლანდურად რომ გადათარგმნე, პოეზიაზეც ხომ არ იმუშავებდიო?” დავთანხმდი. თორმეტი პოეტის სამ-სამი ლექსი გადავთარგმნე, ნიდერლანდელებისთვის ქართული პოეზიის ლანდშაფტის საჩვენებლად. ამ თარგმანების მიხედვით წელს ფესტივალისათვის სამი პოეტი აარჩიეს. ჰოდა, მაია, შოთა, რატი და მე ერთ თვითმფრინავში ერთიანი მიზნით აღმოვჩნდით. მაიას ეშინია, შოთას ეძინება, რატი რამდენიმე რიგის მოშორებით მოხვდა და თავისი აიპოდი ჩართო. შეშინებული ადამიანი ყველაზე საინტერესოა, იმიტომ, რომ ყველაზე ნაღდია. მითუმეტეს მაია, რომელსაც შიშის კი არ სრცხვენია, არამედ სწორედ შიშსა და წუხილს იყენებს თავის ლექსების ძრავად. მის გვერდზე ვზივარ და ვხვდები, არც უნდა დავაწყნარო, ვინაიდან ეს განცდები მისი ახალი ლექსების საფუძველს წარმოადგენს.

სხიპჰოლზე, ანუ ამსტერდამის აეროპორტში, ის დიდი პატივი, რითიც ნიდერლანდებში გვიღებენ, ოდნავ გვაკვირვებს: ფესტივალის მძღოლი და საქართველოს ახალი დანიშნული ელჩი გვხვდებიან. ვიბნევი. მძღოლის მოსვლის თაობაზე წინასწარ გამაგებინეს. ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს კი აეროპორტში ნამდვილად არ ველოდი. რამდენიმე თვის წინ ქალაბატონ მაიას ნიდერლანდური ენის გაკვეთილები ჩავუტარე. მალე კი ვხვდები, რომ ქალბატონი მაია დედამისის დასახვედრად მოვიდა. ეს კარგად დაემთხვა, ვთანხმდებით, რომ ფესტივალის ქართულ საღამოზე საქართველოს წარმომადგენელი იქნება. საზეიმო განწყობა უკვე ჰაერში იგრძნობა.

მანქანასთან რომ მოვხვდით, მძღოლი გვთავაზობს, რომ წინ დავჯდე: “ჩემი ქართული დაჟანგულია, ამიტომ გზაში საჭირო ინფორმაციას შენ მოგაწოდებ.” ერთი საათის მერე სასტუმროში ისეთ დროს მივდივართ, რომ საუზმეს ვუსწრებთ. ბოლო სართულზე ყავას და წვენს ვწრუპავთ, შემწვარ კვერცხს, ხილის სალათს, კრუასანებს და კიდევ უამრავ სხვა დელიკატესს მივრთმევთ. სასაუზმის შუშის კედლებში როტერდამის განუმეორებელი ხედი ირეკლება. როტერდამი ქალაქია, რომელიც, როგორც გროზნო, ნაჰასაკი, ბერლინი, იერუსალიმი, კიჰალი და მრავალი სხვა ქალაქი, ნანგრევებად გადაიქცა და ფერფლიდან აღსდგა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაბომბილი როტერდამი თავიდან კი არა, არამედ მომავლისკენ მიმართული მიდგომით აღედგინათ. სანამ ნამგზავრები ვისვენებთ და გემრიელად მივირთმევთ, ჩვენს გარშემო მსოფლიო დონის არქიტექტურული ლანდშაფტი იშლება. ყველა შენობა თავისი განუმეორებელი აურით ჩვენს ყურადღებას ითხოვს. ამ ამბავს ჯერ ჩემთვის ვინახავ. მეც დავიღალე.

როტერდამის გულს წარმოადგენს მოედანი, სადაც კინო, თეატრი და კულტურის ცენტრი წრეს ქმნის. კინოში ყოველწლიურად მსოფლიოში ცნობილი კინოფესტივალი ტარდება, კულტურის ცენტრში ვარსკლავების კონცერტები იმართება, და თეატრში ყოველ გაზაფხულზე, პოეზიის წასაკითხად და მოსასმენად დედამიწის ყველა კუთხიდან იკრიბებიან. ამ სამი შენობის შუაში მდებარე მოედანი ქალაქელების ყველაზე საყვარელი ადგილია. მის ხის იატაკზე სეირნობა სასიამოვნოა, გრძელ სკამებზე ჩამოჯდომა მეგობართან საუბარს უხდება, სიცხეს პირდაპირ იატაკიდან ამოსული შადრევანი აგრილებს. სწორედ ეს სულიერი კუნძული წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურ სამუშაო ადგილს.

ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. თანდათან მოდის წარმატებები: პირველ საღამოს ათიოდე სხვა პოეტთან ერთად შოთა და რატიც გამოდიან. Mმეორე დღეს, გაზეთში სათაურია: “ყველა პოეტს ტაში, ყველაზე მეტი - რატი ამაღლობელს”. მეორე საღამო მთლიანად ქართველ პოეტებს ეთმობათ. შოთა ყველა ლექსის დასრულებისთანავე ტაშს იმსახურებს, რაც ნიდერლანდებში იშვიათი მოვლენაა. ბოლო საღამოს დახურვის ფართიზე კი ვხვდებით, რომ მაიას უკვე ფანები ჰყავს. მრავალი ადამიანისგან უსასრულო ქების გარდა, მაია ერთი კაცისგან საჩუქარს იღებს: მაიას რომ ხედავს, საცეკვაო მოედანს ტოვებს, თავის ოფლიან მაისურს იხდის, და მაიას ჩუქნის.

ჩემს მიმართ კი უფრო ჰაეროვანი დამოკიდებულება შევამჩნიე. ზოგიერთი დაინტერესდა, საქართველოში პურის ფულს რითი ვშოულობ. ვაღიარე, რომ ეს იოლად არ გამომდის. შეწუხებულებმა მირჩიეს, ნიდერლანდელებისთვის ტურისტული სააგენტო გავხსნა, ან რესპოდენტად ვიმუშავო, ან რა ვიცი, კიდევ რა არ მირჩიეს. ამ რჩევების მოსმენა არ გამჭირვებია. ბოლო დროს მოთმინების უნარი მომემატა.
ფესტივალს “კარის ფოტოგრაფი” ყავს, რომელიც ფესტივალის დაარსებიდან, 38 წელია მუშაობს და ბროდსკი, შიმბორსკა და შეიმას ჰინი ჰყავს გადაღებული. Kინოფესტივალზეც, მისი დაარსებიდან მოყოლებული, სტუმრების პორტრეტებს იღებს. ყველას უყვება, როგორ უყვარს თავისი პროფესია. როცა იგებს, საიდან ვართ, ამაყად გვეუბნება, რომ ფარაჯანოვი, ტარკოვსკი და იოსელიანი მრავალჯერ გადაიღო. ბოლო დღეს მითხრა, რომ ჩემს პორტრეტსაც დიდი სიამოვნებით გადაიღებდა: პატარა ნიმფას გავხარო. ვაფრთხილებ, რომ დიდი შანსია, ნიმფა ფოტოფირზე არ დაფიქსირდეს, და თუ დაფიქსირდება, ფრთები მაინც არ მაქვს-მეთქი. როგორ არ გაქვს, უბრალოდ არ ჩანსო. ამ კაცმა ჩინებული პორტრეტი გადამიღო, ამის მერე უკვე მჯერა, რომ განსაკუთრებული არსება ვარ, ოღონდ შესაფერის ტყეს ვეძებ, ნიმფას როლის შესასრულებლად. თითქოს მართლა ფრთები მაქვს, ისე, როგორც სხვას ფანტომური ტკივილი აწუხებს – ტკივილი დაკარგული სხეულის ნაწილში.

საბედნიეროდ, მხოლოდ საქართველოდან მოსული ოთხეული არ ბრწყინავს. იაპონელი კიაო ნომურა, შუახნის კაცი, რომელიც ბრძენ პროფესორს ჰგავს, მიმზიდველი, მშვიდი ხმით, სასტიკ ლექსებს კითხულობს.

ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის გამოსვლისას ფესტივალის თანამშრომელი მიკროფონთან პატარა კიბეს ადგამს. იე მიმი ტაივანელი გოგოა, რომელიც ფულის საშოვნად დონატებს ყიდის, სხვა დროს კი ლექსებს, პიესებს და სცენარებს წერს. სანამ ლექსების კითხვას დაიწყებს, ტკბილი, ფრანგული მუსიკა ისმის, მაგრამ, მისი ლექსებიდან თანამედროვე და რეპულ სტილში, ახალგაზრდის შინაგანი სამყარო იშლება და ყალბ სიტკბოებას სპობს.

ტრადიციულად, ფესტივალი გარკვეული თემის ირგვლივ ტარდება. ამჟამად მელანქოლია და სიგიჟე პოეზიის აკვნად გამოაცხადეს. ორგანიზატორებმა ეს არჩევანი სიტყვასიტყვით წარმოიდგენეს, და მრავალი საკმაოდ მშვიდი პოეტის გარდა, ერთი ნამდვილი შეშლილიც ჩამოიყვანეს. ჰანს ვლეკი ახალგაზრდობიდან ძლიერ, ეგზისტენციალურ ლექსებს წერს. მისი პოეტური სამყარო ყოველდღიურობასთან კონფლიქტშია, და რამდენიმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის მერე საბოლოოდ ესპანეთში დასახლდა. იქ მარტო ცხოვრობს, საზოგადოებრივი ცხოვრებისგან მოშორებით. დიდი ხანია, სამშობლოში აღარ ყოფილა. არავინ იცის, როგორ ჰანს ვლეკს შევხვდებით.
თავის საღამოზე საცირკო ატრაქციონს აწყობს. “სპექტაკლი” თან ჯადოსნური, თანაც - უხერხულია. სანამ მისი გამომცემელი ჰანს ვლეკის ცხოვრებასა და შემოქმედებას გვაცნობს, თვითონ პოეტი პირველ რიგში ზის და ამ ყველაფერს, გაუჩერებლად და ხმამაღლა თავის კომენტარს ამატებს. მისი გამომცემლის, მეგობარი-პოეტის, დოკუმენტალისტის გამოსვლების მერე თავად ჰანს ვლეკს გადასცემენ სიტყვას. დარბაზი იძაბება. ალბათ, თითოეული მაყურებელი სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავს, რომ უხერხულობისგან დარბაზი არ დატოვოს და უყუროს, როგორ იშორებს პოეტი მიკროფონს, როგორ უსასრულოდ ეძებს საქაღალდეში წასაკითხ ლექსს, პულტს როგორ ტოვებს და სცენაზე ბოდიალს როგორ იწყებს, გამომცემელი და მეგობარი სცენაზე როგორ ბრუნდებიან და ამაოდ ცდილობენ, პოეტი ბავშვივით დააწყანრონ, და თავისი მოვალეობა შეასრულებინონ. ამას ისე ვუყურებ როგორც პერფორმანსს: კაცმა ღია ნაცრისფერი კოსტუმი ჩაიცვა, და იმავე ფერის დიდი ქუდი დაიხურა. დარბაზი არენად გადაიქცა, რაც ნიშნავს, რომ მაყურებლები ზევიდან უყურებენ სცენას. ჰანს ვლეკი თავს არ წევს, მისი სახე რომ არ გამოჩდეს. მისი ტანადობა ლამაზ სურათს ქმნის: სავსე დარბაზი პოეტის სახის ნაცვლად მის ქუდს უყურებს, და პოეტის ლექსების ნაცვლად მის მუსიკალურ და მოუსვენარ ბოდვას უსმენს. საღამო დამთავრდა. ხალხი ადგა, და დარბაზი, უხეშად კი არა, ბუნებრივად და პატივისცემით დატოვა. გარეთ ფესტივალის ერთი თანამშრომელი მომიყვა, რომ იმ დილით ჰანს ვლეკი თავისი ნომრის აივნიდან მეზობლის ოთახში გადაძვრა.

ჩვენი საუკეთესო წუთები სასტუმროს ნომერში შედგა. ფესტივალის კვირეულის განმავლობაში პოეზიის საღამოების გარდა, ბევრი სხვა პროექტიც იყო დაგეგმილი. ერთს “გადაჩურჩულების პროექტი” დაარქვეს. ეს ნიდერლანდელი პოეტის ლექსის რიგრიგობით ნიდერლანდურიდან ქართულად, ქართულიდან რუსულად, რუსულიდან ფრანგულად - და ასე შემდეგ - თარგმანს გულისხმობდა. ყოველ დღე, ერთი ენიდან მეორეზე ითარგმნებოდა, რათა ბოლო დღეს ბოლო ენიდან, რომელიც აფრიკული იყო, ისევ ნიდერლანდურად თარგმნილიყო. რასაკვირველია, ბოლოს შინაარსით და ფორმით საკმაოდ განსხვავებული ლექსი გამოვიდა. ამ თამაშში მონაწილეობის დროს, ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელო, სინამდვილეში კი, ყველაზე ლამაზი წუთები გვქონდა: შოთა, მაია და მე ლოგინზე წამოწოლილები, რატი - პატარა მაგიდასთან, და ჩვენი გონება ერთი მიმართულებით მომუშავე. ასე ერთობლივად გადავთარგმნეთ ლექსი, სადაც პოეტი ნანობს, რომ მისი შემოქმედება მძღნერის სუნით აყროლებულ ვარდს ჰგავს. ჩვენმა თანამშრომლობამ დაამტკიცა, რომ შრომა ჩემში სიყვარულს აღვიძებს. ჩემს ნომერშიც საწერ მაგიდასთან სარკე ეკიდა. დღიურის დასაწერად ან პრეზენტაციის მოსამზადებლად სარკის წინ ვჯდებოდი, და ჩემს თავს ასე შრომაში ჩაფლულს რომ ვხედავდი, გული მიჩქარდებოდა.

მოგზაურობა ბევრ რამეს გასწავლის. ქართველებიც ნიდერლანდებში ყოფნის წყალობით საკუთარ იდენტობაზე ფიქრდებოდნენ. ერთი ქართველი პოეტი ნანობს, რომ ქართველი მეგობრობას იოლად გიცხადებს, ოღონდ ეს მეგობრობა მხოლოდ იქამდე გრძელდება, ვიდრე მას ამისი სურვილი და ინტერესი ყოფნის, და, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მალე მთავრდება. დასავლელი კი ძნელად გიმეგობრდება, ოღონდ თუ დაგიმეგობრდა, მაშინ ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი და გულწფრელი ურთიერთობა გამოდის. ამას ქუჩაში მეუბნება. კომენტარისთვის არ მცალია, იმიტომ, რომ ყველანაირად ვცდილობ, გუბეში არ ჩავვარდე.
მეორე დღეს, საერთო ქართველ ნაცნობს ვხვდებით, რომელიც რამდენიმე კვირით ნიდერლანდებში ისვენებს. წლების მანძილზე ნიდერლანდებში სწავლობდა, და ორი წლის წინ ისევ საქართველოში გადასახლდა. ახლა ქართველების საღამოზე გვესტუმრა. ნიდერლანდელი პოეტების არსებობაში ეჭვი ეპარება. რაც აქ ცხოვრობს, ნიდერლანდები ყველაზე არაპოეტურ ქვეყნად ეჩვენა. ჩვენი გამოცდილი ქართველი მეგობარი ამტკიცებს, რომ ნიდერლანდებში ემოციებს ტაბუ ადევს. ქართველები ბედნიერი ერია, ვინაიდან მტკიცედ სჯერათ, რომ ემოციებზე და მეგობრობაზე პატენტი აქვთ მოპოვებული.

ცოდნას უცნობი და იდუმალი საქართველოს შესახებ ჩემთვის არ ვინახავ. ამ რვა წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვცხოვრობ და კულტურათა შორის გაცვლაზე ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ საქართველო შეგიძლია გიყვარდეს, შეგიძლია გძულდეს, გულგრილი კი, ამ ქვეყნის მიმართ ვერ დარჩები. სასიხარულოა, თუ შენს ბიოგრაფიაში საქართველო რაიმე როლს თამაშობს, უკვე საინტერესო ადამიანად ითვლები. ყველგან გეკითხებიან, იქ როგორ ცხოვრობ, და ღმერთო, იქ რატომ გადასახლდი. როტერდამის ფესტივალზეც “ქართულ დელეგაციას” ყურადღება არ აკლია. ყოველ დღე, მაგალითად 11-დან 2 მონაწილე პოეტს ორ მთარგმნელობით სემინარს სთავაზობენ: ერთი ნიდერლანდელი პოეტის შემოქმედებას ეხება, მეორე კი, მაია სარიშვილის ლექსებს.

მაიას სათარგმნი მასალა ჩემი არჩეული ათი ლექსიდან შედგება. ყოველ დღე, მაია და მე დილაადრიანად ვტოვებთ სასტუმროს, გზაში ქუჩის მუსიკოსს, ასაკოვან აკორდეონისტს და თეატრის ფოიეში შეკრებილ პოეტებს ვესალმებით. პირველ სხდომაზე პორტუგალიელი, ტაივანელი, ნიდერლანდელი და ეგვიპტელი პოეტები გაერთიანდნენ. ორ საათში ერთ ლექსს ვთარგმნით პორტუგალიურად, ჩინურად, ნიდერლანდურად და არაბულად. კვირეულის გამავლობაში პოეტები მაიას ლექსების თარგმნის საშუალებით საქართველოს შესახებ რაღაცეებს იგებენ: საქართველოში მოხუცმა ქალებმა როცა აღარ იციან, პურის ფული საიდან იშოვონ, ქუჩაში ბუშტებს ყიდიან. ქართველი სტუმარს როცა იღებს, თავისი შვილებით ამაყობს, რომლებსაც სტუმრის გასართობად სიმღერები და ლექსები ასწავლა. ოჯახში ქალი ხშირად ცდილობს, თავისი წუხილი არ გამოხატოს. ბევრი ქართული ოჯახის ფინანსურ სირთულეებზე მსჯელობის დროს, ერთი ნიდერლანდელი პოეტი სიღარიბესთან დაკავშირებით თავის აზრს გვიზიარებს: “სიღარიბე ის კი არ არის, რაც ნიდერლანდელი მასზე წარმოიდგენს. შეიძლება ოთხი შვილით და დაბალი შემოსავლით გიჭირდეს, და მაინც, ღარიბად არ ითვლებოდე.”

დღე არ გადიოდა, მაია ვინმეს რომ არ შეექო და არ ეთქვა, რომ დიდი პოეტია. ყველა კომპლიმენტზე მაია ყველაზე ნაზი და გულწრფელი ‘თენკ იუ’-თი პასუხობდა, რაც ოდესმე გამიგია. ქართველებს შორის მაია ამ ფესტივალზე აღმოჩენა იყო. ერთმა ორგანიზატორმა მითხრა, რომ პირველად როცა მაიას ლექსები წაიკითხა, ეგონა, რომ კაცის იყო. სხვამ ჩემი თანდასწრებით მაიას უთხრა, რომ ახალი შიმბორსკა გახდება. მაია სარიშვილმა, როცა თბილისში მისი ლექსების თარგმანზე ვმუშაობდით, ერთხელ აღმიწერა, როგორ წერს. პირველი ლექსიც ახსოვს: ბავშვობაში კორპუსში ცხოვრობდა, და ყოველ დღე მოუთმენლად ელოდებოდა ნაგვის მანქანას. ის კორპუსთან ახლოს ჩერდებოდა, და ყველა თავისი ფანჯრიდან ნაგავს ყრიდა. ერთხელ თავისი პირველი თოჯინა ნაგავში აღმოაჩინა. დედამ ნახმარი თოჯინა ჩუმად მოიშორა. პატარა მაიამ კი ისე განიცადა, რომ მისი პირველი ლექსი იმ დაკარგულ თოჯინას მიუძღვნა. მითხრა, რომ წერის დროს, თითქოს წყალშია ჩაძირული, და სასწრაფოდ ლექსი უნდა დაწეროს, რომ დროზე ამოვიდეს და ისუნთქოს. მისი საყვარელი საწერი ადგილი ის ოთახია, სადაც მის ოთხ შვილს სძინავს, და მათი ტანსაცმელით საწერ ლამპას ფარავს, სინათლემ ბავშვები რომ არ შეაწუხოს. მაიას ლექსები დღიურივით იკითხება. პირდაპირი და ფიზიკური ხატებით ახერხებს ქალის შინაგანი სამყაროსა და არსის ჩვენებას.

ფესტივალის დახურვის საღამოზე ყველა პოეტი ერთი ლექსით გამოდის, რომელიც მელანქოლიას ეხება. ბოლო საცეკვაო საღამოს მერე ერთმანეთს მელანქოლიურად ვემშვიდობებით. გულში კი, ყველას, ალბათ, მაინც უხარია, რომ ჩვენი დროებითი “ოჯახი” იშლება. შოთას ერთი ბელგიელი პოეტი-მეგობრის გაცნობაც მოვასწარი. რამდენიმე წლის წინ შოთა და ის რუმინეთში ერთ-ერთ ფესტივალზე შეხვდნენ, და დღეს როტერდამში შოთას მოსასმენად და სანახავად ჩამოვიდა. ჩემთან მოდის, და ნებართვას მთხოვს, გასაცნობად ერთი ლექსი წამიკითხოს. უარს არ ვეუბნები. სანამ ჩვენს გარშემო უამრავი ხალხი ხმამაღალი მუსიკის ფონზე ყვირის, ყურში შემდეგნაირ სტრიქონებს მიჩურჩულებს: “შენ თვალებში ანგელოზები ცურავენ/ ოცნებები მიატოვე/ სინამდვილე ახლა დგება”. მადლობა გადავუხადე, და ლექსი დავიმახსოვრე - მოგვიანებით დასაფიქრებლად.

შემდეგ დილას ქართველები ნიდერლანდებში უკვე აღარ არიან, ბოლოჯერ ვსაუზმობ სასტუმროს სახურავზე. სადგურში წასასვლელად რომ ჩავდივარ, ერთ-ერთ პოეტს გასასვლელში ვხვდები, ანგოლელ-პორტუგალიელს. ვთავაზობ, რომ სადგურში ერთი ტაქსით წავიდეთ. პარალელურ ქუჩაზე ბანკ-ავტომატიდან საჭირო გზის ფულს ვიღებ, და როცა სასტუმროსკენ ტაქსის დასაჩერებლად მივრბივარ, ანგოლელ-პორტუგალიელს ჩემი ბარგი უკვე ტაქსში შეაქვს. თითქოს, მრავალი წლის ცოლ-ქმარი ვიყოთ. გზაში ჩაძინებულ როტერდამში ცხენებიან და ყვავილებით მორთულ, თეთრ ეტლს ვხვდებით. ქორწილია-მეთქი. ბედნიერად იყვნენო, პოეტმა. იქნებ ნიჭიერი და ბრძენი მეუღლეები გახდნენო. მე კი, კატასტროფული ქმარი აღმოვჩნდი, არც ერთი ქორწინება არ გამომივიდაო. ნუგეშად ტაქსისტს მე გადავუხადე.

სადგურში ბოლო პოეტსაც ვემშვიდობები. ხელს არ მართმევს. აღარასოდეს შევხვდებით. ჩემი ბაქანის მოსაცდელში შავკანიანი ქალი შემოდის სამ პატარა ვაჟთან ერთად. თვალებს ვერ ვაშორებ. სხდებიან, ბიჭები თანდათან ფეხებს ამოძრავებენ. მათი ფეხების მოძრაობაზე მუსიკა მესმის, და მეც შინაგანად ცეკვას ვიწყებ. მატარებელი მოდის, და ბრიუსელისკენ, ჩემს სამშობლოში მივემგზავრები ჩემების სანახავად.

გვერდით ორი ბრიტანელი მეცნიერი ზის. საქაღალდისგან ერთი ფურცელს აიღებს, და მეორეს აჩვენებს. ეცინებათ. თვალის კუთხიდან ვცდილობ გავარკვიო, რა წერია ფურცელზე და რაზე ეცინებათ: ჩემთვის გაუგებარი, ოღონდ ლამაზი სკამები ხატია. ერთ-ერთს ასე ჰქვია: “Sheepworld”. ლექსის სათაურად ცუდი არ იქნებოდა. წვიმა ფანჯარას სცემს, და რაინის გრძელ ხიდზე რომ გადავდივართ, მეჩვენება, თითქოს მდინარეში წყალი კი არა, ნისლი მიედინება.

ბრიუსელში სხვა მატარებელზე უნდა გადავჯდე. სამშობლოში ვარ. ფანჯრიდან ძველი სახლები ჩანს. ყველგან გრაფიტია. ქუჩებში ხალხი ქოლგით ქარს ებრძვის. პირველ ვაგონში ვზივარ. მძღოლმა კარი ღია დატოვა, და ყველა მისი მოქმედება ჩანს. გვირაბში თავის კაბინაში სინათლეს ანთებს, და შემხვედრ კოლეგას ესალმება. დერეფნის იქით ერთი გოგო ზის, თავის მშობლებთან ერთად. კაცი ქალიშვილს ესაუბრება. ქალი კი ერთი ხელით გაზეთს კითხულობს, და მეორე ხელი ქმრის მუხლზე უდევს. ქმრის ხელი ცოლის ხელზე ისვენებს. მინდა, რომ ის გვერდი, რომელსაც ქალი კითხულობს, სანამ მე არ ჩავალ, არ დამთავრდეს.

ვატუ, ბელგია, 6 ივლისი 2007

© “ცხელი შოკოლადი”

No comments: