ავტობიოგრაფია ფრანგულად
მე, ირენ ტაველიქსი, დავიბადე 1993 წლის 11 ოქტომბერს ჩრდილოეთ ნორმანდიის მრავალმხრივ ღირსშესანიშნავ ქალაქ რუანში, სადაც რამდენიმე საუკუნის წინ კოცონზე დაწვეს ჟანა დ’არკი. მისი როლი წარმატებით შევასრულე სასკოლო წარმოდგენაში "ქალწულის თეთრი ფრთა", რომლის სანახავად, შარშან, თავშესაფრის მოხუცები მოიწვია მადამ მიუსომ. ტაშს სამწუთნახევრის განმავლობაში მიკრავდნენ. ერთმა თვალცრემლიანმა ქალბატონმა ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა. როგორც ჩვენი მძღოლი, რქიანი კლოდი ამბობს, მომდევნო წარმოდგენაზე ქალაქის მერის მოპატიჟებას აპირებს რამდენიმე თავქარიანი მასწავლებელი, რომლებსაც საღამოობით გამოცარიელებულ ბინებში დაბრუნებას გაუთავებელ რეპეტიციებზე დასწრება ურჩევნიათ.
ლიტერატურის გაკვეთილზე აგვიხსნეს, რომ თხზულება ყოველთვის აბზაცებად უნდა დავყოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის დაწერას საერთოდ არ ვაპირებთ.
გუშინ, დამშვიდობების წინ რქიანმა კლოდმა თვალები მოჭუტა და მითხრა: "იცი, წარმოდგენაზე მშობლების მოწვევასაც აპირებენ". რასაკვირველია, მშვენივრად ახსოვდა, რომ ჩემი მამობილი შინიდან ორშაბათ დილით გადის და პარასკევ საღამოს ბრუნდება, მერე მთელი ორი დღე წითური დათვივით ბორგავს მორყეულ საწოლში. როგორც კერძო დეტექტივს, უმთავრესად ფეშენებლურ რესტორნებსა და სასტუმროებში უხდება ღამისთევა. უიღბლო კაცია. ნივთმტკიცებები თვალს და ხელს შუა უქრება, დამნაშავეებიც მის ცხვირწინ დასეირნობენ, სიგარეტის კვამლს სახეში აბოლებენ, ის კი, ფეხზე ფეხშემოდებული, კრიმინალურ ქრონიკის გვერდს ეძებს გაზეთებში.
მადამ მიუსოს, სხვა მასწავლებლების, თვით ყოვლისმცოდნე მძღოლისა და მოსწავლეთა მშობლებისთვისაც შაბათ-კვირა წმინდა, ხელშეუხებელი რამ არის. ამ დღეებში ისინი ძირითადად ღია კაფეებში თვლემენ ან ნახევრადცარიელ კინოდარბაზებში ნაზად ამთქნარებენ, თუ მოულოდნელად გამწვავებულმა ქრონიკულმა ბრონქიტმა საკუთარ ნესტიან ოთახებში არ გამოკეტა.
რუანში ხშირად წვიმს. ცა წარმოუდგენლად შორს მოჩანს.
კლოდის რქა სინამდვილეში არავის უნახავს, მაგრამ ყველას გვჯერა, რომ ხვეულ, აბურდულ თმასა და სიძველისგან ფერდაკარგულ ქუდში სწორედ მას მალავს. რამდენიმე წელში ერთხელ ახალ უნიფორმას იცვამს, გამოკოხტავებული, წვერგაპარსული, წელში გამართული ამაყად მოაბიჯებს სკოლის ეზოში, ამ ბინძურ ძონძს კი თავიდან არ იშორებს. დირექტორის შენიშვნასაც არაფრად აგდებს, დარცხვენით იღიმება, რაღაცას გაუგებრად ლუღლუღებს.
მას და ჩემს მამობილს მსგავსი სუნი აქვთ, მანქანის მტვრის, ახლადგაოფლილი კანის, მძაფრი ოდეკოლონის და მშობლიური "გალუაზის".
როდესაც ლიტერატურის მასწავლებელმა ჩემი განზრახვის შესახებ შეიტყო, გაოცებისგან უცენზურო სიტყვის პირველი ბგერები აღმოხდა. კიდევ ერთხელ გავუმეორე, მწერლობას ვაპირებ-მეთქი. სახეწამოწითლებულმა თავი გააქნია, არა, არა, შენგან ასეთ წინდაუხედავობას არ ველოდიო და თითქმის ცარიელი საკლასო ოთახი დატოვა.
ნახევარი წლის წინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მწერალი გავხდებოდი. ეს იმ დღეს მოხდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მათთვის არის ნებადართული შაბათ-კვირას თავაუღებლად მუშაობა, ოთხშაბათ დილით დაძინება და ხუთშაბათ საღამოს გაღვიძება, ქუჩაში წარმოსახვითი ფრთების ქნევით სეირნობა, მძღოლებზე მითების შეთხზვა, მამობილთან ერთად ქალაქიდან ქალაქში მანქანით ხეტიალი, ჟანა დ’არკსა და დიპლომატიურ კორპუსზე ხუმრობა, უსასრულო ავტობიოგრაფიების წერა...
ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელს გული რომ მოუბრუნდა, მირჩია, პირველი მოთხრობა საკუთარი სიზმრების შესახებ დაწერეო. დამწყებმა მწერლებმა ჯერ ავტობიოგრაფიული ტექტების წერაში უნდა გაიწაფონ ხელი, განცდილის გადმოცემა და წერტილ-მძიმის სწორად დასმა ისწავლონ, ძილის წინ კბილების გახეხვაზე რომ არაფერი ვთქვათო. დავეთანხმე. მომდევნო დღეს ისეთი მოთხრობა ავაფრიალე, ბრალდებულის ჩვენებადაც რომ გამოდგებოდა. წითელმა, თეთრმა და ლურჯმა ფერებმა თანმიმდევრობით გადამიარა სახეზე, როცა თავიდან გადავიკითხე. მივხვდი, ჩემს მამობილს ხელში რომ ჩავარდნოდა, ამ ჩანაწერით უთუოდ კარიერის გაკეთებას მოისურვებდა და პირდაპირ ქალაქის პოლიციის შეფთან წამათრევდა.
ახლა ის, "ნამდვილი და უტყუარი ავტობიოგრაფია, რომელშიც აღწერილია ათამდე დაუჯერებელი ამბავი", ნაგვის ურნაში იწვის, სირცხვილით.
კლოდის ქუდის ქვეშ რომ რაღაც იმალება, წარმოდგენის დაწყებამდე ვიცოდი, მაგრამ როდესაც აპლოდისმენტებით შეზანზარებულ დარბაზში მისი გადაფითრებული სახე შევნიშნე, საიდუმლოს არსებობაში საბოლოოოდ დავრწმუნდი. იმ საღამოს ჩვენი მგრძნობიარე მძღოლი მეორე რიგში იჯდა და ტაშის დაკვრის ნაცვლად ხელს მიქნევდა, დაბნეულად იღიმებოდა. მეორე ხელის თითებით უფერო და უფორმო ქუდის თავზე დამაგრებას ცდილობდა ის, ვისი ბნელი თავგადასავლებიც ჩემი ცნობისმოყვარე კლასელების, ცხოვრებამოძულებული მასწავლებლების, თვით მადამ მიუსოს საყვარელ სასაუბრო თემად ქცეულიყო.
თუ მამობილს დავუჯერებ, მძღოლები ამ პროფესიას მხოლოდ იმიტომ ირჩევენ, რომ გაქცევის სურვილს ვერ უმკლავდებიან, ქალაქის მერი, პიერ ალბერტინი კი უბედურ ვარსკვლავზე გაჩნდა – როგორც არ უნდა მოინდომოს, პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა.
ჰო, მასზეც მინდოდა მეთქვა რამდენიმე სიტყვა, არაფრანგული წარმოშობის მერზე. აქამდე არავისთვის გამიმხელია, რომ პირადად ვიცნობ. ერთხელ წერილი მივწერე, სადაც მოხუცთა თავშესაფარში მიღებულ შთაბეჭდილებებს ვუზიარებდი და მოულოდნელად მიპასუხა. მომდევნო დღეს კიდევ ერთი წერილი მივწერე, მერე კიდევ ერთი... 9 იანვარს მე და პიერ ალბერტინიმ ჩემი საყვარელი ნაყინი "ბანანა სპლიტი" მივირთვით ჩუმად, რეპორტიორებისგან მალულად, მას შემდეგ, რაც სათნოდ მომღიმარე მერმა ყვითელკანიან უკბილო მოხუცებთან ერთად ისადილა თავშესაფარში.
მეორე ავტობიოგრაფიას იმიტომ ვწერ, რომ თავი ნამდვილ მწერლად ვიგრძნო, თან ისეთი ამბების თხრობაში დავხელოვნდე, რომლებიც არასოდეს მოხდებოდა, "ავტობიოგრაფია 2"-ის დაწერა რომ არ გადამეწყვიტა.
სკოლის დირექტორის და თანაკლასელთა უმრავლესობის აზრით, ჩემი მამობილი წარუმატებელი დეტექტივია. ის ხომ ერთხელაც არ მიიწვიეს პოპულარულ სატელევიზიო შოუში "რუანის საიდუმლოებანი", სადაც რიგითი პოლიციელებიც კი სულისშემძვრელ ამბებს ყვებიან ხოლმე. თან ყველამ იცის, რომ ჩვენ ქალაქის განაპირას, მთის ფერდობზე აშენებულ უშნო სახლში ვცხოვრობთ, სტუმრებსაც მხოლოდ მინერალური წყლით ვუმასპინძლდებით. ირგვლივ კამერუნელი და პაკისტანელი ბავშვების მხიარული ჟრიამული ისმის, დღისით, ღამით, დღე-ღამის გასაყარზე, სიზმარშიც, ცხადშიც. არა, ჩვენ არ გვძულს ქალაქის არაფრანგულად ფერადი მოსახლეობა.
ერთხანს ვფიქრობდი, მსახიობი გავხდები-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ჟანა დ’არკზე უკეთესად ვერცერთ როლს ვერ ვითამაშებდი. ის საბრალო კი, როგორც ისტორიის მასწავლებელმა აგვიხსნა, საბოლოოდ მაინც მამაკაცის სამოსის ტარებისთვის დასაჯეს ასე მკაცრად, უმოწყალოდ.
თეთრი სვიტერი და მოკლე ქვედაკაბა მაცვია. კარგად მახსოვს ისტორიის გაკვეთილი.
ყოველ დილით სკოლის ავტობუსიდანვე ვამჩნევ ქალაქის მერის გაჩირაღდნებულ სამუშაო ოთახს და ვიცი, დადგება დღე, როცა პიერ ალბერტინი საკუთარ პასუხისმგებლობასთან ერთად გაიქცევა ამ შენობიდან. მიხარია, ადამიანები თანშეზრდილ ადგილს რომ მოწყდებიან, გარბიან, მერე თანადათან ლამაზდებიან ხოლმე. მოძრაობა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ძნელია, თორმეტი წლის ფრანგი მწერალი იყო და პირველი სიყვარულის ისტორიის მოყოლის ცდუნებას გაუძლო. ვცდილობ.
მადამ მიუსო გაურკვეველი ასაკის ქერა ქალბატონია, რომელსაც ოცდაექვსი აბორტი აქვს გაკეთებული და ამ დღეებში კიდევ ერთის გაკეთებას აპირებს. ესეც რქიან მძღოლს წამოცდა გულახდილ საუბარში, როცა რისხვით წამონთებულმა ცალი თვალი მოჭუტა, ღრმად ჩაისუნთქა და ბოლოს ამოიგმინა: "შეეშვას ჭორაობას ეგ ქერა ალქაჯი, თორემ ოცდაექვსჯერ რომ დაწვავენ ჯოჯოხეთში, ოცდამეშვიდე მკვლელობას გავუხსენებ..." გაოცებისგან პირი დავაღე. კლოდი კი განაგრძობდა: "ეგ გარყვნილი და უსულგულო, მომავალ კვირაშიც მე უნდა წავიყვანო აბორტის გასაკეთებლად და მორჩილად ველოდო, სანამ იმ დაწყევლილი შენობიდან სახეგაფითრებული გამოლასლასდება." მადამ მიუსო სხვა მასწავლებლებზე მეტად მიყვარს, რადგან საშობაოდ თაბაშირის პატარა ანგელოზებს მჩუქნის ხოლმე. ამიტომაც გამოვესარჩლე: "რას ამბობთ, არ მჯერა!" რქიანმა კლოდმა ქუდი შეისწორა და უხალისოდ გამიღიმა: "დაივიწყე, რაც გითხარი. ვიხუმრე, გესმის?"
ამბობენ, რომ ოდესღაც დედაჩემიც მისი საყვარელი იყო, ჩვენი იდუმალი მძღოლის.
იმ შოუში ერთხელ ისტორიის მასწავლებლები მიიწვიეს, რომლებიც შეთქმულებივით დუმდნენ, რუანის შემაძრწუნებელ საიდუმლოთა შესახებ სიტყვას არ ამბობდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, გადაცემა ქალაქის მერმა გადაარჩინა, პირდაპირი ჩართვისას დაწვრილებით რომ მოყვა, როგორ აღმოაჩინა უხსოვარ დროს მომავალ მადამ ალბერტინის წყვილი ფრთა კაფეტერია "შე კლერის" სიახლოვეს. გოგონა მხოლოდ საცეკვაო დარბაზში იმაგრებდა მათ და მეცადინეობის შემდეგ საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ იმ ნისლიან დღეს სეირნობისას ჩანთა ხელიდან დაუვარდა... "გამჭვირვალე ქსოვილის ფრთები, ოქროსფერი არშიით, თვლებით და ვარსკვლავებით", იმეორებდა ქალაქის პირველი პირი შესამჩნევი სინანულით, სახის სევდიანი გამომეტყველებით.
დარწმუნებული ვარ, ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი სიმწრით ფრჩხილებს იკვნეტდა, როცა მათ საცოდაობას უყურებდა, გადაცემის წამყვანის, თვალცრემლიანი მერის, ისტორიის სახეგაქვავებული მასწავლებლების.
იქნებ მართალია, რომ ჟანა დ’არკს სამუდამო პატიმრობა კოცონზე დაწვით მხოლოდ იმიტომ შეუცვალეს, რომ საკანში მამაკაცის სამოსი უპოვეს? არც მაშინ ეძინებოდათ ავისმზრახველებს, რომლებსაც ყალბი სამხილების საპყრობილეში შეტანა დაევალებოდათ, მერე კი მხიარულ ცეცხლს ააგიზგიზებდნენ.
ძილზე ისევ ჩემი მამობილი მახსენდება. შეიძლება ნებისმიერ დროს წამოყოს ჟღალთმიანი თავი საშობაო ფასდაკლებისას ნაყიდი ბალიშიდან და გაზეთების საყიდლად გამგზავნოს. ამ შემთხვევაში "ავტობიოგრაფია 2"-ის უდროოდ დასრულება მომიწევს, ან დროულად. ვინ იცის?
ქალაქის პოლიციის შეფზე ამბობენ, რომ დღის სინათლე არ უნახავს, რაც ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნეს. შეკრებებს, თათბირებს, პრესკონფერენციებს უსაფრთხოების მიზნით მიწისქვეშ მართავს. დაბადების დღეებსაც იქვე იხდის. მე და ჩემი მამობილი რუანში დასახლების წუთიდან ვძულვართ, რადგან არაფერს ვაშავებთ, არც კანონს ვარღვევთ. თან ისეთ უშნო სახლში ვცხოვრობთ, რომ ჩვენთან სტუმრობისას სირცხვილით იწვის და ფერმკრთალ სახეზე წითელი ლაქები აჩნდება. რამდენიმე თვეში ერთხელ, შუაღამით მოგვადგება, საწოლებიდან წამოგვყრის და ჩვენც, ჩვეულებისამებრ, მინერალური წყლით ვუმასპინძლდებით. აუტანელი გარეგნობის, საუბრის ცივი ტონის, მრისხანე გამოხედვის მიუხედავად, ბოროტი ადამიანი არ უნდა იყოს. ის მამობილის უფროსი ძმაა, მასავით წითური და მკრთალსახიანი.
"ირენ, გაიხეხე კბილები ძილის წინ?" ვეკითხები სარკეში საკუთარ თავს.
სახელგანთქმული ფრანგი მწერალი ქალი თუ ვიქნები, მეზობლად მცხოვრებ კამერუნელებს და პაკისტანელებს შინ დავპატიჟებ და გავახსენებ, რომ ბავშვობაში საშინლად, გულისშემაღონებლად ხმაურიანები იყვნენ. მე კი ყოველთვის მსურდა, იმ სადილების გემო გამესინჯა, რომელთა მადისაღმძვრელი სუნიც სხვადასხვა სართულის სამზარეულოებიდან გამოდიოდა. სამწუხაროდ, მორცხვი და გაუბედავი ბავშვი ვიყავი.
მადამ მიუსომ მშვენივრად იცის მანქანის მართვა, მაგრამ მაინც სურს, რომ ეს რქიანი კლოდი ყველგან კუდში დაყვებოდეს და გადმოსვლის წინ კარს უღებდეს. ალბათ შეყვარებულია - მძღოლზე ან მის ქუდზე. ქალებს ხომ ყველაზე ხშირად საიდუმლოები უყვარდებათ ხოლმე.
თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, რომ მან აბორტის გაკეთება გადაიფიქრა. ქერათმიანი, ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი მადამ მიუსო გროზ-ორლოჟის ქუჩაზე მძიმედ მიაბიჯებს. დროდადრო ვიტრინებთან ჩერდება, თაბაშირის პატარა ანგელოზებს ათვალიერებს. მოულოდნელად ლურჯი ნაჭრის ჩანთა ხელიდან უვარდება და სუფთა ფურცლები ერთიმეორის მიყოლებით მიფრიალებს. ქარიანი დღეა.
არ ვიცი, ავტობიოგრაფიაში ისიც უნდა ჩავწერო თუ არა, ნახევარი საათის წინ თასის ძირზე მოფენილ ორცხობილის ნატეხებს სოკოს წვნიანი რომ დავასხი და მივირთვი.
ჩემი მამობილი ქვეყნად არაფრის გულისთვის არ დაესწრება სასკოლო წარმოდგენას, რომლის შესახებ ორი წინადადებით მოვუყვები. ისიც თმაგაბურძგნულ თავს გადააქნევს და არ ინანებს, რომ შაბათ-კვირის ნეტარებებიდან მისთვის ყველაზე ძვირფასი – ძილი არ დათმო. მას და რქიან კლოდს კი სიბერემდე ერთი სუნი ექნებათ, თუ რომელიმემ "გალუაზს" არ უღალატა, რაც აქვე უნდა გამოვრიცხოთ. მიხარია - მათ სამუდამოდ ვემახსოვრები.
პიერ ალბერტინის მეუღლესაც ირენი ჰქვია და ერთადერთი დესერტის მომზადება იცის, რომლის საიდუმლო რეცეპტიც ჯერ არც ერთი შოუს წამყვანისთვის არ გაუმხელია. ჩემი წარმოდგენით, ეს რძეში მოხარშული ბრინჯი უნდა იყოს, რომელსაც დამწვრის გემო დაკრავს.
ეს მეორე ტექსტია, რომელსაც ვწერ და ალბათ ფაქტების გაყალბების მცირეოდენი უფლება უკვე მოვიპოვე.
ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელი იოლად შენიშნავს ამ ავტობიოგრაფიული ჩანაწერის მთავარ ნაკლს, რომლის არსებობაშიც ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც სკოლის მოსწავლე გოგონები – მძღოლის ქუდქვეშა საიდუმლოსი. თუმცა, მთავარი სხვა რამ არის. გარდასახვის ხელოვნების ცოდნა მსახიობებზე მეტად დამწყებ მწერლებს ჭირდებათ, რადგან შენს ნაცვლად ვერავინ გახდება ჟანა დ’არკი.
"ცეცხლის რკალი ვიწროვდება", ამოილუღლუღა ჩემმა ნახევრადმძინარე მამობილმა.
მე, ირენ ტაველიქსი, მომავალ წელს მანქანის მართვას ვისწავლი და აუცილებლად მივატოვებ ამ ქალაქს, სადაც ხშირად წვიმს და შორს კლოდის ქუდივით უფერო ცა მოჩანს.
ავტობიოგრაფიებში მომავლის შესახებ თითქმის არაფერს ამბობენ ხოლმე. მკითხველმა უნდა იმარჩიელოს, გადარჩება თუ პირველივე საგზაო შემთხვევას შეეწირება მთხრობელი. იქნებ არც ღირს ზედმეტი თავსატეხი გავუჩინო ლიტერატურის მასწავლებელს, სკოლის დირექტორს და სხვა მასწავლებლებს, უსაყვარლეს მადამ მიუსოს, რქიან კლოდს და ბალიშში ცხვირჩარგულ მამობილს, პიერ და ირენ ალბერტინებს, პოლიციის სახეგაფითრებულ შეფს, სატელევიზიო შოუ "რუანის საიდუმლოებანის" წამყვანს, თანაკლასელებს და მათ მშობლებს, კამერუნელ თუ პაკისტანელ მეზობლებს, თავშესაფრის მოხუცებს, დედაჩემის ნათელ სულს.
ყველას ერთად ვუმხელ საიდუმლოს - 9 იანვარს ქალაქის მერთან ერთად კაფეტერიაში არ ვყოფილვარ, არც "ბანანა-სპლიტი" გამისინჯავს. ჩემს პირველ, უაბზაცებოდ დაწერილ თხზულებას ვკითხულობდი აქ, ამ ოთახში, მერე კი მორყეულ საწოლზე წამოწოლილმა კაცმა გაზეთების საყიდლად გამგზავნა.
ქუჩაში სეირნობისას ათასი რამ შეიძლება წარმოიდგინოს თორმეტი წლის გოგომ, ს ა გ ზ ა ო შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი ს გ ა რ დ ა.
სკოლის ავტობუსის მძღოლს მკვდარი ვეგონე. ალბათ ქუდიც იმიტომ მოიხადა.
© “წიგნები - 24 საათი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment