ზღვამ ქაფი მოიკიდა, როგორც კათხაში ახალჩამოსხმულმა ლუდმა. მიმოზა აყვავილდა და მისი სურნელისაგან თავატკიებულმა, გასათხოვარმა ქალიშვილებმა ოხვრას უმატეს, რადგან მათ სარკეები და ბეჭდები ესიზმრებოდათ - გათხოვების მომასწავებელი ნიშნები.
ლევანია ურჯულოს კი ვალი დარჩა გასასტუმრებელი. მის ჭაობისფერ, სევდიან და ძაღლის ცხვირივით მუდამ სველ თვალებში ყველა შურისძიების სურვილს კითხულობდა და ისიც იცოდა ყველამ, რომ ის შურს იძიებდა - თუნდაც იმიტომ, რომ მისგან ყველა შურისძიებას მოელოდა.
იყო დრო, როცა ის ქორწილებში დაუპატიჟებლად დადიოდა, იქ გათენებამდის ჩაჰკირკიტებდა ბანქოს ქაღალდს და შიკრიკის პირით მემუსიკეებს სიმღერებს უკვეთავდა, ლევანია ურჯულო ხელზე, ფრჩხილებქვეშ კანს იტყავებდა, რომ დანიშნული კარტი უკეთ ეცნო. კანაჭრილი თითები აუტანლად ტკიოდა, მაგრამ ტკივილს ითმენდა და გულის მოსაოხებლად ყოველ ათ წუთში სიმღერებს უკვეთავდა, რომელიც იმ ოთახამდე, სადაც შულერები ისხდნენ, არც აღწევდა. ლევანია ურჯულო ტკივილს იმით უძლებდა რომ მოგებული ფულის ნახევარს მემუსიკეებს უგზავნიდა და, მანაც და სხვებმაც დანამდვილებით იცოდნენ, მემუსიკეები მის მიერ შეკვეთილ სიმღერას ბოლო ნოტამდე ისეთი გრძნობით იმღერებდნენ, როგორც გედები მღერიან თავიანთ უკანასკნელ სიმღერას.
ერთხელ, როცა თავისი ოცნების ქალს გადაეყარა, უცებ მოსწყინდა სხვის ქორწილებში სიარული და თქვა, რომ მის რვაასკაციან ქორწილში შულერები პირში ჩალაგამოვლებულები დარჩებოდნენ, რადგან იქ ბანქოს ქაღალდს ფულზე არ ითამაშებდნენ და არც ორკესტრი შეასრულებდა ძველბიჭურ სიმღერებს. მას, როგორც არასოდეს, ისე მოუნდა ოჯახური სიმყუდროვით დამტკბარიყო, მოუნდა ტელევიზორის დისტანციური მართვის ცოცხალი პულტი ჰქონოდა ცოლის სახით, სანამ მათი შვილები არ წამოიზრდებოდნენ და ფეხის წვერებზე შემდგარნი ტელევიზორის არხების გადასართავს შესწვდებოდნენ.
ის, ვინც ლევანია ურჯულოს ამჯობინეს, მანდარინების პრინცი და მიხაკებისა და მიმოზების რეგენტი იყო. ის მანდარინს ეზიდებოდა რუსეთში და თითო კილოს თითო მანეთს უგებდა. მან კარგად იცოდა ის საქმე, რომელსაც მისდევდა და არც ერთხელ არ გაყინვია მანდარინი რუსეთში. რაც შეეხება მიხაკებსა და მიმოზის ყვავილებს, ისინი ყოველთვის ახალდაკრეფილებს გავდნენ. წყალს, რომელშიც ყვავილებს დებდა, ასპირინსა და კიდევ რაღაცა აბებს ურევდა. მისი ამ ელექსირის დამზადების რეცეპტის გაგება ყველას სურდა, მაგრამ ვერავინ იგებდა - ეს მისი საიდუმლო იყო. ამას გარდა კიდევ ფლობდა ორ საიდუმლოს. პირველი - მისი წლიური შემოსავალი, რომელიც ახალშერთული ცოლისთვის - ლევანია ურჯულოს ყოფილი საცოლისთვისაც კი საიდუმლოდ რჩებოდა. მისმა ახალშერთულმა ცოლმა ისიც კი ვერ გაიგო, უყვარდა თუ არა თავის ქმარს და სწორედ ეს გახლდათ მანდარინების პრინცისა და მიხაკებისა და მიმოზების რეგენტის მესამე, დიდი საიდუმლო. ერთი სიტყვით, ის კონტრაბანდისტი იყო და სამი დიდი საიდუმლოს მფლობელი სპეკულიანტი.
იმ დღეს ლევანია ურჯულომ ზედიზედ მეექვსედ წააგო ნარდში (ლუდზე თამაშობდნენ მეზობლები, როგორც ყოველთვის და ხინკალზეც, თუ არ ვცდები) და რაჟიკო კეზუამ ჰკითხა, რა მოგდისო (მას ყოველთვის ყველაფერი უკვირდა). ლევანია ურჯულომ პასუხად ისე მწარედ ჩაიღიმა, ყველა მიხვდა, რომ რაღაცა დააშავეს, რომ ეს მათ აიძულეს ლევანია ურჯულო შური ეძია. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ლევანია ურჯულო მართლაც იძიებდა შურს. რაჟიკო კეზუაც არ იყო ჭორიკანა, ის, უბრალოდ მიამიტი გახლდათ და ამ ქვეყნად ყველაფერი უკვირდა.
მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, სიყვარულის გახანგრძლივების რეცეპტს მივაგენი-მეთქი. ჩემი აზრით, ამისათვის სრულიად საკმარისი იყო, შეყვარებულს საცოლე გასთხოვებოდა. მაშინ მე ბევრი რამის რეცეპტს ვეძებდი, სიცოცხლის გახანგრძლივების, მაგალითად. ისიც კი მინდოდა, ზაფხული არასოდეს დამთავრებულიყო. ელექტრომრიცხველის საიდუმლოს უკვე ჩაწვდენილი ვიყავი, ვიცოდი როგორ მომეხერხებინა ისე, რომ მას დახარჯული ელექტროენერგია არ აღერიცხა. მაგრამ ლევანია ურჯულოს სიყვარულის მრიცხველი, ელექტრომრიცხველისაგან განსხვავებით პირდაპირ ნერვებსა და გრძნობებზე იყო ჩართული და მისი გაჩერება არაფერს შეეძლო, რადგან მის ძარღვებში ოცდაორი წლის მამაკაცის სისხლი სჩქეფდა. მამაკაცისა, რომელიც თავის სიცოცხლეში, ქალებთან ურთიერთობისას მხოლოდ ორჯერ იყო გულწრფელი. პირველად მაშინ, როცა საკუთარი დედა დაიტირა. მამამისმა კი მისი ცრემლები მოწეული ანაშის ზემოქმედებას დააბრალა, როცა მეზობლებმა არ დაიზარეს ლევანია ურჯულოს ცხარე ცრემლები გაკვირვებოდათ.
- მისმინე! - უთხრა მაშინ ლევანია ურჯულომ მამას, - მელენტი არდაშელიას, - ისეთ ნაგავს, როგორიც შენა ხარ, სხვებიც ნაგავი ჰგონია, შენ არ გიყვარდა შენი ცოლი, ეს შენი პირადი საქმეა, ცოლის შეყვარებას ვერავინ დაგაძალებს. მაგრამ დედა-შვილის ამბავში ნუ ჩაერევი, მაინც ვერაფერს გაიგებ, იმიტომ, რომ ნაგავი ხარ!.. მე მოვრჩი...
მეორეჯერ კი, ლევანია ურჯულოს ღუღუნი ძაძამიას დისშვილი შეუყვარდა და იმ გოგომ მწარედ მოატყუა - მანდარინების პრინცსა და მიხაკებისა და მიმოზების რეგენტს გაყვა ცოლად. იმ ქალის ხმა ელექტროდენივით უვლიდა ძარღვებში ლევანია ურჯულოს, მისი, ოდნავ მოჭუტული თვალები სულ თვალწინ ედგა (ბეცი იყო ის გოგო, მაგრამ სიყვარულიც ხომ ბრმაა) და, როცა მონატრება დარევდა ხელს, ნათხოვარ სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ნარდსა და კარტში აგებდა.
ლევანია ურჯულოს გამარჯვებული მეტოქე ზაფხულობით ისვენებდა. როგორც მყიდველი დაუვლის ბაზარში დახლებს, ისე ჩამოუვლიდა სოჭში პლაჟებს ქათქათა, თეთრ პერანგში გამოწყობილი. ისე როგორც ყველა ორმოცს მიღწეული მამაკაცი, ქორფა მწვანილს ანიჭებდა უპირატესობას. სიყმაწვილეში ქალიშვილების ყურადღებას მოკლებული იყო და მათზე, მათი უყურადღებობის გამო შური რომ ეძია, შამპანურს ასმევდა, ბანანებით უმასპინძლდებოდა და მერე ეუფლებოდა. დილით კი, როცა განუცხადებდა, რომ დღეს სხვა, გაცილებით უკეთეს ქალს უნდა შეხვედროდა, მათ სახეზე არდამჩნეული, ბოლომდე შელახული პატივმოყვარეობით ტკბებოდა. სექტემბრიდან კი მუშაობას იწყებდა და კონტრაბანდული მიხაკებით აახლებდა ქალებზე შურისსაძიებლად საჭირო ფულს მანდარინების შემოსვლამდე.
ლევანია ურჯულოს ძაღლის ცხვირივით მუდამ სველ, ჭაობისფერ თვალებში კი შურისძიების სურვილს კითხულობდნენ. ის სახლიდან პურის საყიდლად გამოსულ, მისი სიყვარულის უარმყოფელ ქალს დახვდა გზაზე. ლევანია ურჯულო მაშინ მხოლოდ ოცდაორი წლის იყო და მან ქალს გაუღიმა.
- როგორა ხარ? - ჰკითხა ლევანია ურჯულომ ქალს და მიხვდა, რომ ეს ქალი უყვარდა, ნამდვილად უყვარდა, - არ გამოცვლილხარ, თუმცა გათხოვების მერე ყველა ქალი იცვლება!
- შენ კი, გამოცვლილხარ! - უპასუხა ქალმა და ლევანია ურჯულოს მოუნდა, ეს ქალი მისი ყოფილიყო. მისი და მხოლოდ მისი, მის მკლავებს მინდობილი, მთვარის ფაქიზ შუქზე ნაზად და აუჩქარებლად დასაკოცნი არსება.
- ამინდები როგორ მოგწონს? - ჰკითხა მაშინ ლევანია ურჯულომ ქალს, - არ გეგონოს ჩაგისაფრდი, შემთხვევით გადაგეყარე და უკვე დროა მივდიოდე, თორემ ისე მომჩერებიან, თითქოს მთვარიდან ვიყო ჩამოფრენილი... ეგებ სხვანაირად იფიქრონ, მეზობლები ყოველთვის სხვანაირად ფიქრობენ... ჰო, მართლა, მეზობელზე გამახსენდა, ჩემს მეზობელ ღუღუნი ძაძამიას ხომ არ გადასცემდი მოკითხვას?
- არა! - თქვა ქალმა და გაჩუმდა. მას მაღალი კისერი და თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა. ლევანია ურჯულოს ის ზუსტად ასეთი ესიზმრებოდა, როგორსაც ეხლა ხედავდა და მას მაშინ მართლა ასტკივდა გული და მზად გახლდათ ყმუილი მოერთო.
- კარგი, ასეც ვეტყვი, მოკითხვა არ გადმოუცია-მეთქი. ეხლა კი წავედი!
ლევანია ურჯულო გამობრუნდა და ტაატით გამოუყვა ქუჩას. გზის ავტოსავალ ნაწილს მიუყვებოდა ტროტუარის სიახლოვეს და ცდილობდა უკან არ მოეხედა. ის მამაკაცი იყო და უკან არ მოუხედავს.
ლევანია ურჯულომ იმ საღამოს ჯინსის ახალი შარვალი ჩაიცვა, ჯინსისავე პერანგიც ახალი ეცვა (ის პერანგს შარვალში არასოდეს იყოლიებდა) და სანამ საქმეზე წავიდოდა სანაპიროზე იყიალა ეშმაკის ბორბალთან, "ელბრუსში" ყავის გამყიდველ ქალსაც ეკურკურა ნერვების დასაწყნარებლად. მას ასი მანეთი უნდა მიერთმია ძღვენის სახით იმისათვის, რომელმაც დამგეზავი უშოვა იმ რაიონში, რომელიც თვითონ ისურვა და კიდევ სამასი მანეთი თვითონ დამგეზავისთვის მიეცა.
ამ ქვეყნად ყველა დამგეზავი ერთმანეთს გავს. მათ პროფესია აიძულებთ სხვებისაგან არაფრით გამოირჩეოდნენ და ამიტომ სხვებისაგან არაფრით გამოირჩევიან. უამრავი ანეკდოტი იციან და ამიტომ ყველგან კეთილგანწყობით სარგებლობენ. სანამ მომპარავი მათ მიერ მინიშნებულ ბინაში იმყოფება, ისინი ეკლებზე სხედან და სინდისიც აწუხებთ.
ლევანია ურჯულოს დამგეზავი შუახნის მამაკაცი იყო, ის დასაგეზი ობიექტისადმი თავიდანვე უნდობლად განეწყო და იმ საღამოს, ქალს, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანა გამოაძახებინა კარდიოლოგით, რომ ჩავარდნის შემთხვევაში წყალგაუვალი ალიბი ჰქონოდა. მას ყველა თავისი მსხვერპლი ეცოდებოდა და მათ უბედურებას ისე განიცდიდა, როგორც საკუთარს. ოცნებობდა ამერიკაში კბილების ისეთი პროთეზი გაეკეთებინა, ნამდვილისაგან რომ ვერ გამოარჩევდი. მას მეორე ოცნებაც ჰქონდა - ოცნებობდა, ის ქალი, ვისთანაც ერთად ცხოვრობდა, თავისი ნებით წასულიყო მისგან, რადგან მასზე უარის სათქმელად გამბედაობა არ ჰყოფნიდა საკუთარი თავის წინაშე.
მანდარინების პრინცისა და მიხაკებისა და მიმოზების რეგენტის ბინაში შესული ლევანია ურჯულო მისაღები ოთახისაკენ გაემართა და პირდაპირ სავარძელს მიადგა. სავარძელი ისეთი ახალი, დიდი და რბილი იყო, რომ მასში ფული რომც არ გქონოდა, მაინც მოაწყობდი სამალავს. ის კედლებში მოწყობილი სამალავების აღმოჩენის დიდოსტატი იყო. შპალერის ორნამენტებში მომხდარ ოდნავ ცვლილებასაც ამჩნევდა მისი გამოცდილი თვალი და ოთახში დამკვიდრებული სუნით იქმნიდა წარმოდგენას იქ მაცხოვრებლებზე. სავარძლის საზურგიდან მოდენილ სურნელში ნაცნობი სუნამოს სუნი იყნოსა თითქოს. სავარძელში ჩაეშვა. თვითონაც არ იცოდა რისთვის მოვიდა აქ, მანდარინების პრინცისა და მიხაკებისა და მიმოზების რეგენტის ბინაში, სადაც სახილეში არც ერთი მანდარინი არ იდო და არც საყვავილე ლარნაკში ეწყო მიხაკები სხვა ყვავილთა შორის. მან უბრალოდ წარმოიდგინა, რომ ეს ბინა მისი საკუთრება იყო, ბინის დიასახლისი კი მისი ცოლი. მისგან ხელმარჯვნივ, ოთახში, იმ ქალს ეძინა, ვისთვისაც აქ მოვიდა, ხელმარცხნივ კი იმ ქალის დედამთილს, რომელიც ფულს ალბათ ქვეშაგებში ინახავდა.
ლევანია ურჯულომ ბროლის სახილე დაიდგა წინ და გათენებამდის მშვიდად შეექცეოდა ყურძენსა და ვაშლებს და კედლის საათის ტიკტიკს უსმენდა. ისიც შეიძლებოდა, რომ ფული კედლის საათში ყოფილიყო დამალული (კონტრაბანდისტებს ხომ სამალავების მოწყობის ორიგინალური მეთოდები აქვთ შემუშავებული), მაგრამ იქ ფული არ უძებნია. მას არსად არ უძებნია ფული. როცა კედლის საათი გააჩერა (საათის ისრები სამი საათით უკან გადასწია, რომ ქალს გონებოდა, თითქოს მას იმაზე მეტი დრო დაეყო ამ ოახში, ვიდრე სინამდვილეში იყო), მაშინ ძალიან, ძალიან მოუნდა მძინარე ქალისათვის დაეხედა, მაგრამ თავი შეიკავა. ციფერბლატის მინაზე კი მოკლე, ორსიტყვიანი ბარათი დატოვა - "მე ვიყავი" ეწერა იმ ბარათში. ქალი, დილით, როცა საათს შეხედავდა, ამ ბარათს ნახავდა და ვინ იცის, იქნებ ატირებულიყო კიდეც.
ის სავარძელში იჯდა და თავისი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის ნახვის სურვილს ებრძოდა. მან იცოდა, რომ ქალი რძისფერი განთიადის შუქზე უნდა ეხილა და ისიც იცოდა, რომ განთიადამდის გაუძლებდა მისი ნახვის დაუძლეველ სურვილს, როგორც ბანქოს თამაშისას უძლებდა ფრჩხილებქვეშ კანაჭრილი თითების ტკივილს.
თენდებოდა, როცა საძინებელ ოთახში შეიხედა და ის დაინახა. მას მშვიდად ეძინა და ბინდბუნდისაგან ამოღამებული თვალის უპეებით მთლად ისეთი ლამაზი ვერ იყო, როგორც სინამდვილეში. მოუნდა ეკოცნა, მაგრამ არ უკოცნია. არ უკოცნია, არც მანამდის, არც მაშინ და არც მერე. ქალს ძილში თმები გაშლოდა და საკუთარი სხეულის სრულყოფილებით გაოგნებულსა და გათანგულ ქალწულს გავდა, სახეზე კი ისეთი სიმშვიდე ეფინა, ლევანია ურჯულო მიხვდა, რომ ქალი ორსულად იყო. მოეჩვენა, რომ, ოდესღაც, იქნებ წინა ცხოვრებაში, ან იქნებ სიზმარშიც, ამ ქალისათვის ეკოცნა, რადგან მისი ტუჩებისა და ლოყების გემო იგრძნო და აოფლიანებული ხელისგულებით მისი სხეულის ოვალსა და კანის სინაზეს გრძნობდა.
წასვლის წინ სიგარეტი მოსწია, ნამწვი პირდაპირ მაგიდაზე ჩააქრო და იქვე დატოვა. გათენებული იყო, სახლის კარები რომ მიიხურა. იცოდა, ქალის ქმარი ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა, რომ მის არყოფნაში, როცა შინ სამი თვის წინ შერთული ცოლი ეგულებოდა, ჭიშკრიდან, დილაადრიან, უცხო მამაკაცი გამოვიდა, რომელსაც პერანგი შარვალში არ ჰქონდა ჩატანებული, შარვლის ცალი ტოტი წინდაში ჩაყოლოდა, ხოლო ფეხსაცმლის თასმები პირდაპირ ქუჩაში შეიკრა ნაჩქარევად, მას შემდეგ, რაც ფეხქვეშ წამოედო და ამის გამო კინაღამ დაეცა. ლევანია ურჯულოს მხოლოდ პერანგის შარვალში არჩატანების ინსცენირება არ დასჭირვებია - ის ისედაც არასოდეს იყოლიებდა შარვალში პერანგს. ლევანია ურჯულოს ოთხასი მანეთი უნდა ეშოვა სასწრაფოდ - ასი იმისათვის, ვინც დამგეზავი უშოვა, სამასი კი თვითონ დამგეზავისთვის - ძველი არქიტექტორისთვის, რომელმაც სახლის პროექტი და ავეჯის განლაგებაც კი დაუხაზა ზედმიწევნითი სიზუსტით გაზეთის ნაგლეჯზე. ასე გაუჩნდა ლევანია ურჯულოს მორიგი ვალი, რომელიც არც პირველი და არც უკანასკნელი ყოფილა. ის იმისთვის მოევლინა ქვეყნიერებას, რომ ლევანია ურჯულო ყოფილიყო. კიდევ იმისთვის, რომ ვინმეს ვალი ჰქონოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ის, ყოფილიყო ის, ვინც იყო ლევანია ურჯულო. ციხეში იმიტომ მოიკლა თავი, რომ კარტში წაგებული ფული ვერ გადაიხადა.
© “არილი”
No comments:
Post a Comment