ბომბი
არაბულიდან თარგმნა იზოლდა გრძელიძემ
ბებიაჩემმა სადიკამ მოცახცახე ხელით ჩამოხსნა შავი მოსასხამის ქამარზე დაკიდებული რკინის დიდი გასაღები და დაღლილი თვალებით ხის მოჩუქურთმებულ კარზე ბოქლომს დაუწყო ძებნა... ცხრა წლის ბიჭი მის სიახლოვეს ვდგავარ. ერთი სული მაქვს შევისუნთქო სურნელი, რომელიც მისი ძველი სახლის კარის გაღებისთანავე დაიფრქვევა და რომელსაც არც ერთი იმ სახლის სურნელება არ წააგავს, სადაც შევსულვარ ან აწი მომიწევს შესვლა... მის ტანსაცმელსაც იგივე სუნი უდის, მის სადღესასწაულო ნამცხვრებსაც; აცხობს და მოწნული კალათებით უგზავნის თავისი ვაჟების, ქალიშვილებისა და მოყვრების ოჯახებს. თანაც მაფრთხილებს, დღესასწაულის შემდეგ ყოველი კალათა დავუბრუნო. მეც ვუბრუნებ ცარიელ, მაგრამ სურნელოვან კალათებს.
გზა დამითმო შესასვლელად. შევედი გაბღენძილი და თავნება.
- გაბრაზებული ვარ შენზე, ბებო.
კარი მიხურა, თითქოს შემოჭრილი სიცხის ტალღა გარეთ მოისროლა. დერეფნის სიგრილე შეისუნთქა. თავსაბურავი მოიძრო. ინით შეღებილი მჭიდროდ დაწნული თმა გამოუჩნდა. საყვედურით დავასწარი:
- არ დამტოვე მეყურებინა დედაჩემისთვის. ის ხომ ჩემს დას აჩენს!
ჩემსკენ გადმოიხარა ღიმილით:
- დედაშენი დაღამებამდე არ იმშობიარებს.
- და მინდა.
თმებზე ხელი მომიცაცუნა.
- ღმერთმა ქნას! ისე კი, მართლა გჭირდებათ სახლში თვალხატულა გოგო, რომ გიპატრონოთ.
დერეფანი სიცილით ჩაიარა. სახლის ეზო გადაკვეთა და მოწყვეტით დაეშვა ლიმონის ხის ქვეშ მდგარ მოწნულ სკამზე... არ მოუქცევია ყურადღება, როგორ ამოვიღე მუჭებით ეზოს აუზიდან წყალი და შევისხი სახეზე, კისერზე. თმა დავისველე აგვისტოს თაკარა სიცხეში მქროლავი სიოს ძიებაში. ცოტა შევგრილდი. ვცდილობ სახლში ატეხილი გნიასი დავივიწყო... აღელვებული მამაჩემი ბებიაქალის სკამით ხელში. ისიც, უმ იბრაჰიმი, უკან მოსდევს. დედაჩემი - რამდენჯერაც მუცლის ტკივილი წამოუვლის, ყვირის და ოთახში ბოლთასა სცემს. ფაცა-ფუცი გაუდით დეიდებსა და მამიდებს. ისინი სახლს მეოთხე ძეობისთვის ამზადებენ.
ბებიაჩემს ჩავეხუტე:
- დედა მედარდება.
თავზე მისვამს ხელს, რომელსაც ინის სუნი უდის. მას თავისებურად ეხერხება ჩემი დამშვიდება და დაყოლიება მას მერე, რაც ორი წლის ბიჭი თავის სახლში გადამიყვანა საცხოვრებლად, სიმარტოვე რომ გაეხალისებინა ბაბუაჩემის სიკვდილისა და დაქორწინებული ვაჟების ცალკე გასვლის შემდეგ.
- ბებო, როგორ იბადება ბავშვი?
დიდხანს იცინოდა.
- მარტივად, ჩემო კარგო.
- ამ საქმის დასაწყისი სიტკბოებაა, მისი ბოლო კი, ტანჯვა-წამება.
დღეს ვხვდები კი, რატომ იცინოდა დიდხანს?.. იქნებ ნათქვამის მსგავს ისეთ ფრაზას ეძებდა, რომელიც ცხრა წლის ბავშვისთვის გამოცანად დარჩებოდა და იმავე შეკითხვებს გაუჩენდა.
მეც მივაყოლე:
- ბებო, როგორ გავჩნდი?
- შენ გაჩნდი, როცა ფრანგებმა ქალაქში ბომბი ჩამოაგდეს.
წინ გავეჭიმე:
- ბომბი?!.. მართლა?.. ბომბი? ქვემეხიდან ისროლეს თუ თვითმფრინავიდან?
- მაშინ თქვეს, თვითმფრინავიდანო. მე თითონ არ მინახავს, ჩემო ბიჭო. მოუცლელი გახლდით დედაშენის გამო. აბუ დიაბის წისქვილის მსგავსი ხმა შემომესმა. ვიფიქრე, ბებიაქალის სკამი გადაბრუნდა და იმის ბრახუნია-თქო. ვთქვი... ფუი, ეშმაკს! ფუი, ეშმაკს! მტერსა და მოშურნეს თვალში ნაცარი... მერე მიწა იძრა კარგა გვარიანად. ღმერთო გვიშველე! ვხედავ ქვაბიდან წყალი გადმოიქცა პრიმუსზე და ორთქლით გაივსო სამზარეულო. სახლის შიდა ეზოში გამოვედი. ალ-უმარის მეჩეთის მინარეთიდან ღმერთის დიდება შემოგვესმა. ეკლესიაშიც შემოკრეს ზარს. შემდეგ უბანში ხმამ შემოაღწია: იდლიბის მკვიდრნო, ვაჟებო და ქალიშვილებო, მოხუცებო! გადით ვენახებში, გაიქეცით, ფრანგები ციდან გვიშენენ...
ბებიაჩემმა სული მოითქვა...
- მერე ბებო, გახვედი ვენახში?
- როგორ გავალ, პირველი წყალი უკვე დაიღვარა. ბებიაქალმა ძაფი გასანთლა და გაიქცა. მამაშენს დავუყვირე, ხელი მოეკიდა დეიდაშენებისა და მამიდაშენებისთვის და ბაბუაშენის ვენახში გაქცეულიყვნენ. ქალები იატაკზე მილურსმულებივით დგანან. არც ერთი არ იძვრის. ვუყვირივარ მათ... არავინ არ კვდება დროზე ადრე. წადით... ან დაგვკარგავთ ორს, ან დაბრუნდებით და სამი დაგხვდებით. წავიდნენ. ქალაქში დავრჩით შეიხი, მღვდელი, მე და დედაშენი...
ნერწყვი გადაყლაპა:
- მხოლოდ ერთი ბომბი ჩამოაგდეს და ამ დროს შენც დაგვდე პატივი!
აღელვებულმა მის წინ ინახით ჩავიმუხლე.
- დიდი იყო, ბებო?
- არ ვიცი... ორი-სამი დღის შემდეგ ბაბუაშენი რამ ჰამდანის მიმართულებით წავიდა, მეც მასთან ერთად და ხალხიც ჩვენ გამოგვყვა... ვნახეთ სიგრძე-სიგანით ორი წყრთა ორმო. ჩავიდა ბაბუაშენი იმ ამომწვარ მიწაში და ამოიტანა რკინის შავი ნატეხი. ხალხმა ყვირილი მორთო... ისმაილ ეფენდი, შეიძლება ხელებში აგიფეთქდეს. მეც ვიშ-ვიში გამიდის. ბაბუაშენმა იყვირა... ვისაც სიკვდილის ეშინია, ნუ მომყვება. გაგვეცალა და ქალაქისკენ აიღო გეზი. მე უკან დავედევნე... ჩემი ქმარია და მოვალე ვარ ჯოჯოხეთშიც გავყვე.
ფეხის წვერებზე შემდგარი ვხტივარ. ის ნატეხი სახლშია და მე არ ვიცი?!
ბებიაჩემმა ამოიოხრა:
- ბაბუაშენის ოთახში იდო მაგიდაზე, სანამ მოკვდებოდა. მერე... კარადაში შევინახე.
მივატოვე და ბაბუაჩემის ოთახისკენ გავვარდი. ხტომა-ხტომით ავლიე საფეხურები და "ოთხკუთხა" კარი შევაღე. შევედი. კედლის კარადის პირველი კარი გამოვაღე, მერე მეორე და ვიპოვე ის... რკინის შავი ნატეხი. წამახული წვერებით. ორი ნაბიჯით უკან დავიხიე... შემეშინდა ხელი დამეკარებინა ან ამეღო. ოთახის შუაგულში მდგარ მრგვალ მაგიდას წრეს ვურტყამ. თვალი შევავლო ბაბუაჩემის კედელზე ჩამოკიდებულ სურათს. წარმოვიდგინე, რომ მამხნევებს: გაბედეო. ნელ-ნელა მივუახლოვდი. ჯერ თითი შევახე. ჟანგის წებოვნობა ვიგრძენი. მთელი ტანით მისკენ დავიხარე და ხელში ავიღე პირველად... მეორედ კი, ბებიაჩემის სიკვდილის შემდეგ, როცა მამიდები და ბიცოლები ძველი სახლის ნივთებს, მის საიდუმლოებებსა და სულს ინაწილებდნენ, ვუთხარი მათ:
- დამიტოვეთ სამახსოვროდ.
გაეცინათ გაოცებულებს ჩემს არჩევანზე. მივატოვე ისინი და კიბეზე დავეშვი; არაფრად ჩავაგდე მათი დამცინავი შენიშვნები. ჩვენი სახლისკენ გავემართე. რამდენიმე ვიწრო შესახვევი გავიარე და ალ-ჯალას ქუჩაზე გამოვედი. არავინ დაინტერესებულა ჩემით და არც იმით, რაც ხელში მეკავა. მხოლოდ ერთმა შეავლო თვალი და ჩამიარა... ჩემს ოთახში შევიტანე და ჩემი საწერი მაგიდის კუთხეში მოვათავსე. ამ წლების განმავლობაში მის დახლეჩილ ზედაპირს ჟანგი მოშორდა.
აი, ის ახლაც აქაა... მიყურებს ცივად. მეც მას შევცქერი, როდესაც ჩემს მოთხრობას ვწერ. თითქოს ხელს მიშლის შესაფერი დასასრულის პოვნაში... ვტოვებ მაგიდაზე მიმობნეულ ფურცლებს და ოთახიდან გავდივარ, ღამის ჰაერი რომ შევისუნთქო. სიგარეტს ვუკიდებ. ძველი სენივით მახსენებს თავს ჩვენი ოჯახის ტრადიციული ხუმრობის საგანი.
ჩემს თავს ვეკითხები:
- რა ჭკუაზე იდგნენ გენერალი კატრუ და მისი ინგლისელი მოკავშირეები, რომ ჩემი დაბადების დროს ბომბი ააფეთქეს?
აივანზე ვდგავარ და ჩემთვის ვიცინი... საწერი მაგიდის კუთხიდან ჩემამდე აღწევს ყრუ ხმა, რომელიც ცივი მეტალის ქვითინს წააგავს და დამწვარი მიწის სურნელი უდის.
(c) ”არილი”
No comments:
Post a Comment