Tuesday, September 9, 2008

გია არგანაშვილი

კრიტიკოსის არჩევანი


ანდრო ბუაჩიძე “ილუზიების მსხვრევა”. გამომცემლობა “სამკალი”. თბილისი 2006.


ანდრო ბუაჩიძისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს სხვადასხვა ვითარებაში რას წერს კაცი - ლექსს, მოთხრობას თუ კრიტიკულ წერილს. მთავარია, ვინ წერს. ეს “ვინ”, მისი აზრით, უნდა იყოს მხატვარი, ლიტერატორი, ნატიფი კულტურის მქონე პიროვნება.
ამის განმარტება დასჭირდება მკითხველს, ვიდრე ლექსების ორი წიგნის ავტორის და ამ ჟანრში რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელის, მესამე - კრიტიკული წერილების კრებულს აიღებს ხელში.
ამას ისიც დავუმატოთ, რომ ანდრო ბუაჩიძე თარგმნის პოეზიას, წერს პიესებს, მოღვაწეობს პედაგოგიურ სარბიელზე…და წარმატებით მონაწილეობს სხვდასხვა ლიტერატურულ კონკურსებში..
ასეთ შემთხვევაზე ახლა არცერთი ცნობილი ქართული ანდაზა ან შეგონება არ მახსენდება, რადგან ვთვლი, რომ ჩვენში კრიტიკას უფრო უჭირს, ვიდრე ლიტერატურას და რაც უფრო მეტი შემოქმედი დასაქმდება ამ ჟანრში, უფრო უკეთესი იქნება.
ჩვეულებრივ, შემოქმედი სწავლულზე უფრო თამამია საკუთარ მსჯელობაში. ერიდება ვრცელ ლიტერატურულ-თეორიულ დისკურსს და მზამზარეული აზრების გამეორებას. შემოქმედებითი გამოცდილება, რომ ყოველი ფრაზა აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი, მის ტექსტს შინაარსიანს და ადვილად გასაგებს ხდის.
ამ წიგნში ავტორი განსაკუთრებით ლაღად გრძნობს თავს, როდესაც პოეტის შემოქმედებას ეხება, ამ დროს იგი კი არ “აკრიტიკებს”, არამედ ერთგვარი გიდის მოვალეობას ასრულებს და მკითხველს ლექსწერის რთულ პროცესში ახედებს.
კრიტიკოსი ანდრო ბუაჩიძე მარტივად წერის მომხრეა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორი იმის ახსნას ცდილობს, რაც პროზაული ენით არ გადმოიცემა), არ უყვარს სნობური განსჯები და “სირთულედ მონათლული ბნელმეტყველება”, რადგან ეს ყველაფერი მისთვის ყოველთვის სწორხაზოვან აზროვნებასთან ასოცირდება.
კრებულში ავტორმა ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ ლიტერატურულ წერილებს, ესეებს და საუბრებს მოუყარა თავი (შეიძლება ამ ხნის მანძილზე კრიტიკოსის აზროვნებაშიც მოხდა ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ ამას საგანგებოდ არ დავკვირვებივარ). ეს კი ლიტერატურის საკმაოდ ვრცელ ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ არეალს მოიცავს, სადაც ღირებულებათა ცვლილება და ილუძიების მსხვრევა კარგად იგრძნობა.
ასეთ დროს კრიტიკული აზრი და ათვლის საერთო წერტილის მოძებნა უფრო ძვირად ფასობს. ავტორიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა ხელახლა უნდა შეფასდეს, ბოლშევიზმის ლაფი და ჭუჭყი ჩამოსცილდეს ქართულ კულტურას, უნდა აღდგეს ის კრიტერიუმები, რომლებიც კომუნისტებმა მახინჯი იდეოლოგიით გაამრუდეს, თუმცა ამჩნევს საპირისპირო ტენდენციას, რომ გარკვეულ წრეებში გამოჩნდნენ “არასრულფასოვნების კომპლექსით დასნეულებული ტიპები”, რომელთაც ღირებულებათა შერყვნა და ნამდვილ ფასეულობათა უარყოფა მოიწადინეს.
ალბათ ამ ტიპებს შორის აღმოაჩინა კრიტიკოსმა საბჭოთა კალმოსნის თავისებური ნაირსახეობა “მწერალი-პრაგმატიკოსი”. ადამიანი, რომლისთვისაც მწერლობა საბოლოო მიზანი კი არ არის, არამედ მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. თათბირების, პრეზენტაციების, ტელედებატების მუდმივი მონაწილე მწერალი, რომელმაც უკვე იმდენი დაწერა, რომ სოციალურად ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ის თავს ღირებულებათა უარყოფით იწონებს, თუმცა საკმაოდ მოქნილია და მზად არის დათმობაზეც წავიდეს, თუ იერარქიულ კიბეზე ერთი საფეხურით ამაღლების საშუალება მიეცა.
ამავე წერილში, მწერალ-პრაგმატიკოსის სრულყოფილი პორტრეტის გვერდით, იკვეთება კონტურები “უბირი ავტორისა”, რომლის ღიმილისმომგვრელ ნაწარმოებებში, თუ პროზად არის დაწერილი, “სექსუალური აღვირახსნილობა” ჭარბობს, ხოლო თუ ლექსებია - “ჰეროიკულ-პატრიოტული” მოტივი.
ანდრო ბუაჩიძე აკვირდება ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას და სხვა საინტერესო აღმოჩენებასაც გვთავაზობს, თუმცა ის მაინც ერიდება ავტორიტეტებთან ბრძოლას და ხმაურიან პოლემიკას, მას ღირებულებათა დამკვიდრების საკუთარი გზა აქვს არჩეული.
რადგან კრიტიკოსი არჩევანში თავისუფალია, ალბათ რაღაცას უნდა ნიშნავდეს ორი-სამი წერილი გურამ რჩეულიშვილის, ჯემალ თოფურიძის, თამაზ ბაძაღუას, ვახუშტი კოტეტიშვილის, ირაკლი სამსონაძის შემოქმედებაზე; უფრო ძველი თაობიდან ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო სამადაშვილის, გერონტი ქიქოძის; ხოლო უცხოელთაგან დოსტოევსკის, ვულფის, რილკეს, პასტერნაკის (რა თქმა უნდა, წიგნში ის სია უფრო ვრცელია) გამოყოფა, გამორჩევა, როგორც ხდება ნაყოფისდამიხედვით, რომ ოდესმე მაინც დაბინავდნენ ღირსების შესაფერისად, დასხდნენ მარჯვნივ და მარცხნივ...
შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმთა შორის კრიტიკოსი სამყაროს თანამედროვე რაკურსით ხედვის, ევროპული ფასეულობის და ახალი მსოფლშეგრძნების საზომ ერთეულსაც იყენებს. ესაა თანამედროვე ღირებულებები და სრულიად საკმარისია შემოქმედისთვის, რომ მან თავის თანამედროვეთა შორის მართლაც ღირსეული ადგილი დაიკავოს, ვიდრე უფრო ახალი მსოფლშეგრნება არ დააძველებს დღევანდელ სიახლეს და ხელახალი გადაფასების დრო არ დადგება.
რა თქმა უნდა, კრიტიკოსსაც შეუძლია ამ საზომით შეაფასოს ლიტერატურული პროცესები და რომელიმე თანამედროვე კლასიკოსის “ხელისმომკიდედ”, პოპულარულ კრიტიკოსად იქცეს. თუმცა, არსებობს სხვა გზა, შეფასების სხვა “მუდმივა”, არაპოპულარული მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ ტექსტის, არამედ საერთოდ ადამიანის “მარადიულ კონტექსტში” განხილვას გულისხმობს.
კრიტიკოსის არჩევანი ამ შემთხვევაშიც თავისუფალია.
ვფიქრობ, ეს არჩევანი ანდრო ბუაჩიძეს უკვე გაკეთებული აქვს (ნიკო სამადაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ წერილი), ახლა მხოლოდ მისი ერთგულება ევალება, რაც თანდათან, ალბათ უფრო გაძნელდება.


© “ცხელი შოკოლადი”

No comments: