Monday, September 8, 2008

თეა თოფურია

პიტნის კალო



ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო. ჩემი საქმეც ასეა, ვირივით. მე ვვირობ და ამათ კიდევ პიტნა არ ელევათ, ლამისაა ძნები დადგან. აჰა, ამასწინათაც, ამოვიდა ერთი ჩემი მეზობელი და ჭა უნდა გავთხაროთო. რის ჭამე-მეთქი. აი, კორპუსის წინო. ჭა რად გვინდა-მეთქი, - თან ახალგაღვიძებული ვარ, ვდგავარ, თვალებს ვისრესს - წყალი ზედა სართულებზე არ ამოდის და აბა, რა ვქნათო. ვედრო და ბაწარი უკვე გვაქვსო. კინაღამ არ ვუთხარი, ბაწარი თუ გაქვს, ჭა და უფსკრული არა ხარ, მოიბი ბარებ კისერზე-მეთქი, მაგრამ ამისთანებს ხომ სიკვდილს ვერ უხსენებ, სწყინთ.

***

რას შვრება, ნეტავ, ის ბავშვი? ვერ მივაჩვიე ესენიც, რომ გაუარონ და მოიკითხონ მაინც. ერთ ქალაქში არ ცხოვრობენ?! ერთი დედ-მამის შვილები არ არიან?! ამასწინათაც მითხრა მარინემ, გავუარე, ვუკაკუნე, ვუკაკუნე... ალბათ სახლში არ იყოო. რას გაუგებ მაგას?! ჯერ ბავშვობაში ვერ იტანდა ვერავის, წაიღებდა წიგნებს და საქათმეში სწავლობდა გაკვეთილებს. მაგის გადამკიდე ქათმები შუა ეზოში დებდნენ ხოლმე კვერცხებს. გამოდი-მეთქი, ვეტყოდი და გამოვიდოდა, განა არა, მაგრამ მეორე წუთას გავხედავდი და ახლა ხეზეა ამძვრალი, დაუკავებია პური და ყველი და ღოღნის. რად ვერ იტან, შვილო, ხალხს-მეთქი და აბა,öრა ვიციო. არ უყვარდა და ასეთი დარჩა უკარება, სად დადიოდა, რას შვრებოდა, ვერაფერს გაიგებდი. მეზობლებს აღარც კი ახსოვდათ, დაბადებული თუ იყო სოფელ-ქვეყანაზე. ესაო, წითურაო, შენი არ არისო, უცებ გაახსენდებოდათ ხოლმე, ისე სხვათაშორის... ეგენი კი არა, მეც ლამის სულ დამავიწყდა, ამასწინაზე ისევ მარინემ მკითხა, რომ დაიბადა, რა დღე იყოო. ვერ გავიხსენე, მგონი თოვდა, მგონი კი ივლისი იდგა. არ მახსოვს, არა, მუცელი რომ ამტკივდა ისიც არ მახსოვს.

***
კიდევ კარგი, ბევრი და-ძმა მყავდა და მაგათში ადვილად ვიკარგებოდი ხოლმე, თორემ ამ ცხოვრებას რა აიტანდა. აგერ მეზობლები რომ ჭას თხრიან, ასეთი ჭა მეც მქონდა სოფელში, თხრიდნენ და სანამ წყლამდე ჩავიდოდნენ, შიგ ვიმალებოდი. ერთხელაც მომადგა ჩემი ძმა და ჩამომძახის, ეჰეეო, ჰეეეო... ბნელა და იმას ჰგონია, ჭას ჩასძახის. მეც ავდექი და გავეპასუხე, მომწყდი თავიდან-მეთქი. აღრიალებული გაიქცა, იძახის: დედა დედაა... ვიღაც ქალები მოუყვანეს მერე, გამოულოცეს.

***

რა სცხია ადამიანის?! შეგეშინდება ისე იცის უცხოობა. ბებიამისი რომ დავმარხეთ, განა ისეთი რა პატარა იყო, რომ ერთი არ უტირია. სხვები, რომ ღნაოდნენ, მაგას რა?! მიწისძვრა რომ იყო კიდევ?! ვითომც აკვანში დაგირწევია, სულ არ გამოსულა გარეთ. ვსხედვართ ყველანი ეზოში ძაღლიან-კატიანად და უცებ მომაგონდა, მივავლ-მოვავლე თვალი და არ ჩანს არსად. შევვარდი სახლში, ვიფიქრე, აღარ დარჩა ალბათ ცოცხალი-მეთქი, არადა, არც ამდგარა თურმე ქვეშაგებიდან. გამოვარბებინე გარეთ პერანგისამარა, დაჯდა, არაფერი უთქვამს... ჩუმი იყო, ნეტავ გულში მაინც თუ ლაპარაკობსო, გაიფიქრებდი.

ცოლის შერთვა რომ დავუპირეთ, მაშინაც განა თქვა რამე. იყო თავისთვის, არც კი, არც - არა. თან კი ვჭოჭმანობდი, რა ოჯახი ამას მოეკითხება, ხიდან ვერ ჩამოგვიყვანია-მეთქი. მეზობელ ნინიკას გოგოს ვგულობდი ვითომ, ერთი უბრალო იყო ისიც, შეუმჩნევი, არც აქებდა ვინმე, არც - აძაგებდა. ბავშვს ხომ გააჩენენ და მერე თუნდაც ორივეს ხეზე უთენ-უღამებით-მეთქი, მაგრამ რა... გავიხედე და აღარ არის. ორი წლის მერე ისე მოვიდა, თითქოს აქვე მაღაზიაში გადასულიყოს. განა მკვდარი მეგონა ან რამე ფარსაგი, ვიცოდი, რაც მყავდა, მაგრამ მაინც... მაწონს თბილად ვფუთავ და კარი შემოაღო. ამივარდა ტირილი, რად მიკეთებ, შვილო, ამისთანებს, დედა ვარ-მეთქი.

***

ორი წელი ხომ ვიხეტიალე, მერე ისევ მივედი სახლში. ჩემებს საქათმეში ვემალებოდი და ახლა კიდევ ნინიკასიო. განა არ მეტყობოდა, ამ ქვეყნის არ ვიყავი. ავლაგდებოდი ხოლმე შუაღამისას, მაღლა, სულ მაღლა იყვნენ ვარსკვლავები, ლივლივებდნენ ისე, ცა იღუნებოდა. მეც თითქოს ამ ცადაბრეცილზე დავდიოდი, ეს მერჩინა ადამიანებთან ბორიალს. ადამიანი მაშინ მახსენდება, ძალიან რომ მომშივდება ან ძალიან რომ შემცივდება ხოლმე, საჭმელს რომ მაძლევენ, ბუხართან რომ მსვამენ... ძაღლივით ვარ, წუნკალი ძაღლივით, პურის გულისთვის კუდს რომ აქიცინებს. დედაჩემმა კიდევ, რად მიკეთებ, შვილო, ამისთანებს, დედა ვარო. თან მაწონს ახვევდა, ჩემი ძმის ჯემპრში. გულში ვიფიქრე, ჩემს დედობას, მაწვნის დედა ყოფილიყავი არ გერჩივნა?! რძეს მაინც შეადედებდი-მეთქი.

***

ღამ-ღამე სიარული უყვარდა. მისი შიშით მოსაშარდად ვერავინ გამოსულიყო გარეთ. დაადებდა ხოლმე თავს და...…მოგვადგებოდა დილით საიდანღაციდან. დაწვებოდა მერე და დაიძინებდა ან ეზოში იჯდა გარეთ. არც რას ვეკითხებოდით, ყველას თავი გვქონდა მინებებული. კიდევ ჩავეძიებოდი, ადამიანები რად არ გიყვარს-მეთქი და არ გისწავლებიათო. განა რა სწავლა უნდა სიყვარულს, შენმა და-ძმებმა როგორ ისწავლეს-მეთქი და გაჩუმდებოდა ისევ. საცოდავი იყო, რაღაცნაირი, თავს ძლივს ეზიდებოდა.

***
ყურძენს დამიკრიფდა დედაჩემი და დამიდებდა გარეცხილს. ისეთი თვალებით მიყურებდა ხოლმე... შვიდი და-ძმიდან მარტო მე მიყურებდა ასეთი თვალებით. ჩავღუნავდი ხოლმე თავს, აბა რა მექნა, ექვსი ბავშვის გამონაცვალ საშოში რომ გამომზარდე, ექვსი ბავშვის შარდით აქოთებულ სახვევებში რომ გამომკარი-მეთქი, გულში ვფიქრობდი. საცოდავ დედაჩემს ჩემს მერე ბავშვის გაჩენა არც მოგონებია. რომ დაბერდა და დაპატარავდა, იტყოდა ხოლმე, მერვე ვარო. ჩემი უფროსი ძმა ტკბილ ნამცხვრებს მოუტანდა და ჩუმად ჭამდა თავისთვის, შავებში ჩაცმული. შავსაც იმიტომ იცვამდა, რომ სხვებს ეცვათ მაგის ტოლებს. მზისგულზე შავით უკეთესად გამოვჩნდები, ჭრელი კუბოშიც მეყოფაო... სიბერეში დამემგვანა მე თავის ნაბოლარას.

***

ქალაქში ისე გაიკრიფნენ, თითქოს ყურძენი დაგიკრეფია. შვიდიდან ერთი არ დარჩა წყლის მომწოდებელი, არც დამლაპარაკებელი. საკუთარ თავს ვექაქანები ხოლმე, ბეხრეკოო, განა მარტო გაჩენაა, აკვანიც გულიანად უნდა გერწია, ქადაც გულიანი უნდა გეცხო, ახლა ერთი მაინც დაგირჩებოდა, გვერდით გეყოლებოდა, ან იქით დააყვედრებდი ან აქეთ დაგამადლებდა-მეთქი.
ვეშაირები ხოლმე ჩემს თავს და თან ველოდები, როდის ჩამოვლენ მორიგეობით, ხან უფროსი, ხან - შუას წინა. უმცროსის კი ამბავიც უნდა იზოგო. რაც წავიდა, მას შემდეგ მზის დაბნელება ორჯერ ვნახე, ის კი ვერც ერთხელ. თავიდანვე ასეთი დაქანცული და მისავათებული გაჩნდა და რაც გაჩდა, ის დარჩა. ჩემგან თუ გამოყვა და რას ვიზამ?! მეც რა ბრალში ვარ?! ღმერთმა მთელი სამყარო ისე შექმნა თითქოს არაფერი. ადამიანის შექმნამ კი უცებვე დაღალა. მე თუ მეშვიდე ადამიანზე დავიღალე, რაღა გასაკვირია?!


***

ამათ კიდევ, ჭა უნდა ვთხაროთო, ბაწარი გვაქვსო. ხოდა, ხომ უნდა მეთქვა, მოიბი კისერზე-მეთქი, მაგრამ ეს ვუთხარი, ჭას რად თხრით, დედას არ უყვარდით, დედა არ გიყვარდათ-მეთქი. დადგა და მომაშტერდა, გაწითლდა, გაპილპილდა. დაეშვა კიბეებზე და მერე მართლა არ მოაყენეს რაღაც ბულდოზერისმაგვარი?! აარიხინეს და ვდგავარ, ვფიქრობ, განა მარტო გაჩენაა, და ძუძუს პირში ჩადება, უსულგულოდ ქვეყანაზე რომ ვეთრევი, ახლა ვინღა მასწავლის ადამიანობას წიგნით და რვეულით-მეთქი. ტაძარი როა აგერ, იქ დიდი ხატია, ღვთისმშობლის მიძინების, ქრისტეს მარიამი ხელში უჭირავს, არადა, საერთოდ ხომ პირიქითაა. იქაც დავდგები ხოლმე მართლა ვირივით და მიკვირს, გასაკვირი რაა, მაგრამ მაინც. თან ხომ როგორი ახალგაზრდაა ქრისტე ხატებზე...

ჩავედი. მარინემ, გიკაკუნე, გიკაკუნე, ვერ გაგაგონეო, დედა ვნახე და მნახოსო. ძროხა დაბორიალობდა ეზოში ბღავილით. დასკდომაზე ჰქონდა ცური. სამი დღის მოსაწველია, ვერ ვდგებიო, დედამ მითხრა. ლოგინში იწვა, დალეული, დალეული, დეკემბრის დღე რომ დაილევა ისე, ხელები ამოეყო საბნიდან. შენც სამი დღის მშიერი ხარ-მეთქი? ვკითხე და ვერ გაიხსენა. დავუწყე ძროხას წველა, აზმუვლდა, გამლუპა რძეში. დავალევინე დედას და მერე ცეცხლს მივეცოდვილე ასანთებად. ბუხართან დამსვიო, ვერ დგებოდა თვითონ. ავიყვანე, სანამ ოთახში სკამს მოვძებნიდი, კარგა ხანი მეჭირა ხელში.



© ”ცხელი შოკოლადი”

No comments: