Wednesday, September 10, 2008

გელა ოდიკაძე

ლექსების პასიანსი


თემურ ჩხეტიანი, ფოთლების პასიანსი (ლექსები). თბ. “დიოგენე”, 2006.



ლექსების თანმიმდევრობით დაწყობა ანუ ციკლების შედგენა, ჩემი აზრით, ცალკე ხელონებაა. პოეტს ლიტერატორის ალღოც უნდა ჰქონდეს მომადლებული, რომ ლექსების გარკვეული ნიშნებით შემკვრელი მღლიანობა შექმნას. შეიძლება პოეტმა სამი ან ოთხი კარგი ლექსი მოიძიოს, იქვე ექვსიოდე, ნაკლები მნიშვნელობის ლექსიც დაამატოს, მაგრამ შედგება კი ამგვარად ციკლი? მე ვფიქრობ, არა.
ციკლიში ყოველი ლექსი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ყოველი ლექსი უნდა “ფლობდეს” სივრცეს. ერთი სრული ციკლი კი სწორედ ამ სივრცეთა ისეთი განაწილებაა, როცა კიდევ ახალი, უფრო ფართო სივრცის პერსპექტივა იქმნება. ეს ხდება მაშინ, როცა დაახლოებით თანაბარი მხატვრული დონის ნაწარმოებები იყრის თავს. ყოველი ჩავარდნა მთლიანობის რღვევის და სიცარიელის შეგრძნებას აღძრავს. ერთი არასწორად დადებული ან გვერდშეწეული კუბიკის გამო შეიძლება კუბიკებისგან აგებული მთელი შენობა ჩამოშვავდეს.
თემურ ჩხეტიანის საკმაოდ ვრცელ წიგნში ვცდილობ განწყობილების სიმკვეთრით აღბეჭდილი ის ლექსები შევარჩიო, რომლებიც ჩემთვის სასურველ, ჩემთვის წარმოსახულ ციკლად გაერთიანდა.
მიუხედავად იმისა, რომ თემურ ჩხეტიანმა სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები გააერთიანა, მაინც შეიძლება იმ ერთი ზოგადი მკაფიო განწყობილებისმიერი გამჭოლი სხივის მოძებნა, რომელიც ამ წიგნებს ემოციურად კრავს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ლაიტმოტივი, ეს ლირიკული დინება უნდა ვიპოვო. ამ უმთავრესი მოტივის პოვნის შემდეგ ვაკვირდები ლექსწერის რა ხერხების მეშვეობით გადმოსცემს ავტორი ხაზგასმულად თავის სათქმელს. საბოლოოდ, რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა მოვუყარო თავი იმ ლექსებს, რომლებშიც კონცენტრირებულია მთავარი განწყობა და ამ განწყობის გადმომცემის ლექსწერის ხერხები.
აი რას წერს თემურ ჩხეტიანი: “...მაგრამ მე ვწერდი მხოლოდ იმდენს,/ რამდენიც შემეძლო/ ვწერდი ცოტას,/ რადგან თვითონ მეც ცოტა ვიყავი.” როცა ის ამბობს, რომ წერდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, ანუ წერდა ცოტას – ეს პროფესიული დამოკიდებულებაა საკუთარი თავისადმი. ის წერდა ცოტას, ე.ი. წერდა მაშინ, როცა შთაგონება ეწვეოდა. შთაგონება კი ის განწყობა იყო, რომელიც მას თითქმის მუდმივად ჰქონდა, მაგრამ დროდადრო მდინარესავით არა მხოლოდ მოედინებოდა, არამედ ადიდდებოდა და ნაპირებიდან გადმოდიოდა კიდეც. სწორედ ამ “წყალდიდობის” პერიოდში წერდა თემურ ჩხეტიანი ლექსებს, ვინაიდან მხოლოდ ასეთ დროს იძენენ ლექსები მნიშვნელობას, ისიც მაშინ, როცა ზეაწეული განწყობა და შესაბამისი ლექსწერის ხერხები ემთხვევა ერთმანეთს.
მე ვიღებ თემურ ჩხეტიანის კრებულს და პასიანსივით ვშლი იმ ლექსებს, რომელთაგანაც შეიძლება უკვე არსებულზე უკეთესი ციკლი შედგეს. ბუნებრივია, ბევრი ლექსი ამოვარდება წიგნიდან, რადგან უმთავრესია არა ლექსების რაოდენობა, არამედ თუნდაც მცირე რაოდენობის ლექსებით შექმნილი ლირიკული სივრცის სიფართოვე.
აი, ვთქვათ ერთი ასეთი ლექსი: “ჩემმა სხეულმა გაიარა ოთხი კედელი/ გაეშურა ოთხივე მხარეს,/ თვალს მიეფარა და... დამეძინა.” აქ პოეტის ობიექტივმა ჩაძინების მომენტი აღბეჭდა, მხოლოდ არა ვიზუალური სივრცე, არამედ შეგრძნებათა ნაკადი. ან ასეთი ლექსი: “მე ვწვავ ხელნაწერებს,/ იფერფლება ნელა ქაღალდი,/ ხოლო კვამლი/ თეთრი და მწარე/ უკან მიბრუნებს ცრემლებს ლექსიდან.” კიდევ ერთი: “ ჩაიარა გვიანმა მანქანამ/ ჩაიარა შუაღამის ეშელონმა,/ სადღაც ფანჯარაში გაკრთა სილუეტი,/ ფანჯარაც ჩაქრა.../ სიჩუმეა, ჩუმად ვეწევი.” კიდევ ერთი: “მსურდა, რომ კარი გამომეღო,/ მაგრამ მე ხელში/ სახელური შემრჩა მარტოდენ,/ იქვე დავტოვე/ ეგებ ვინმემ გამოიყენოს.”
ამ მცირე ზომის ლექსებში არა მხოლოდ წამიერი განწყობილება, არამედ უეცრად აღძრული ასოციაციაა მოხელთებული. აქ პოეტმა ძნელად მისაღწევ მიზანს მიაღწია: ფოკუსი თითქმის ბოლომდე გაასწორა, რამდენადმე ზუსტი სიტყვიერი ექვივალენტი გამოუძებნა განცდას. ვერ ვიტყოდი იგივეს ამ ციკლური მონაკვეთის ხვა ლექსებზე.
წიგნში არ შევიტანდი იმ ლექსებს, რომელთა საერთო სათაურია “ხუთი მარტივი შაირი”. ეს ლექსები ზოგადი განწყობილებით თითქოს ორგანულად თავსდება კრებულის კონტექსტში, მაგრამ შესრულება, ამ შემთხვევაში ხალხური სამეტყველო კილო, არ ესადაგება ვარიაციულად მრავალგზის გამეორებულ განწყობილებას.
თემურ ჩხეტიანის პოეზიაში ყველაზე ხელშესახებად მარტოობის მოტივია წარმოჩენილი. ეს მარტოობა სულიერიც არის და ფიზიკურიც. სადღაც პროვინციაში, ხმაურიან ქალაქებს მიღმა ცხოვრობს ამ ლექსების ლირიკული სუბიექტი, ამ სივრცეში ბუნებრივად ჟღერს ფრაზა: “მაისი ისევ წვიმიანია”, რადგან ირგვლივ არაფერი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წვიმს. ასეთია თემურ ჩხეტიანის პოეზიის ატმოსფერო, - გამჭვირვალე, მსუბუქი ნაღველით და სინანულით გაჟღენთილი. ეს არის მისი პოეტური კრებულის ლაიტმოტივი და ამ ნიშნით ვშლი მეც მისი ლექსების პასიანსს. მხოლოდ ვარჩევ იმ ლექსებს, სადაც მოწყენილობა მშრალი დეკლარილებული სტილით კი არა, პოეტური მინიშნებების ენით არის გამოხატული. პასიანსი ორი მთავარი ტექსტის ირგვლივ გაიშლება, ეს ლექსებია “ბუდე” და “ფოთლების პასეანსი”. აქვე ჩემს მიერ შერჩეული მთელი ციკლი მოიყრის თავს: “თიხის ლარნაკი”, “ოთახი”, “თებერვლის ფურცელი”, “გაუქმებული სიზიფე”, “იანვარი”, “ორნი ერთად” და სხვა.
და კიდევ: საერთო სურათს თემურ ჩხეტიანის პოეტური მდინარეების ერთი შენაკადიც ერთვის. ეს არის, პირობითად რომ ვთქვათ, ჭვრეტითი-მედიტაციური ლირიკა. ფაქტობრივად ეს მახვილგონივრული ლირიკული განაზრებებია, ოღონდ აქაც ჩხეტიანისეული წყნარი, მარტოობაში აღძრული ფიქრის ჩქამი იძვრის: “ფსალმუნი II”, “მუზეუმი III” და სხვა ლექსები.
პასეანსი გაწყობილია. აქ უფრო ნაკლები ლექსია, მაგრამ მეტია სივრცე და საგანთა სიმკვეთრე.


(c) “ცხელი შოკოლადი”

No comments: