(იეღოვას მოწმეები, როგორც თავისუფლების ინდიკატორი)
სექტანტობის მოძალების გამო ისე ხშირად და ისე ემოციურად გამოხატავენ შეშფოთებას არა მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, არამედ საერო ხელისუფლების, ოპოზიციისა და ინტელიგენციის იერარქები, გაუცნობიერებელ ადამიანს შესაძლოა მართლაც ეგონოს, რომ ქვეყანას რაღაც უბედურება ემუქრება. არადა, თუკი რაიმე უბედურების მსგავსი ხდება საქართველოში, ეს სწორედ ანტისექტანტური ისტერიაა. ისტერია, რომელიც მართლმადიდებლობისა და ქართველობის სახელით მიმდინარეობს, მაგრამ მამოძრავებელი მოტივები სულ სხვაა. ეს ის კლასიკური შემთხვევაა, როდესაც მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რა გზაა არჩეული, არამედ იმას, რაც ამ გზის არჩევისკენ გიბიძგებს.
იეღოვას მოწმეთა შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა
ანტისექტანტური აჟიოტაჟის მთავარი "ბოროტი," რაღა თქმა უნდა, იეღოვას მოწმეთა სექტაა. მათ მიმართ ყველაზე ხშირია ბრალდებები, მათზე ბევრი იწერება პრესაში, მათ შესახებ ბევრს ლაპარაკობენ ტრიბუნიდან. და რამდენადაც ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობის მიმართაც პრაქტიკულად იგივე ბრალდებები გამოიყენება ამიტომ მართებული იქნება, თუ ანტისექტანტური კამპანიის საკითხს სწორედ ანტიიეღოვისტური კამპანიის ჭრილში განვიხილავთ.
მაინც, რაა ასეთი იეღოველები საქართველოსთვის და რაა დღევანდელი საქართველო იეღოველებთან მიმართებაში? რაშია პრობლემის არსი?
არის აზრი, რომ პრობლემა თვით ამ სექტის არსებობაა საქართველოში და ეს აზრი საკმაოდ გავრცელებულია. ძალიან მოკლედ, იეღოველ სექტანტთა პრობლემის წარმოდგენა შეგვიძლია დავახასიათოთ გურამ შარაძის ცნობილი სარჩელის ფორმულირებით, სადაც იეღოვას მოწმეების საქმიანობა დახასიათებული იყო, როგორც ანტიმართლმადიდებლური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი.
თუ უფრო დავაკონკრეტებთ, ეს უწმინდური ტრიადა შვიდ მომაკვდინებელ ცოდვად ჩამოყალიბდება. კერძოდ, ამ სექტის მიმართ სისტემატურად და სხვადასხვა ვარიაციით მეორდება შემდეგი ბრალდებები:
იეღოველთა სწავლება არასწორია. ისინი უარყოფენ წინაპართა რჯულს და ამით შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მამა-პაპათა თავდადებულ ბრძოლას სარწმუნოების სიწმინდისთვის.
ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან
შემოაქვთ და ავრცელებენ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ პროპაგანდისტულ ლიტერატურას
აქტიურად ცდილობენ გაუთვითცნობიერებელი ადამიანების ჩათრევას სექტაში.
შემოგზავნილები არიან და სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებენ
არ მიდიან ჯარში
უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე
ეს არის სრული ჩამონათვალი იმ არგუმენტებისა, რასაც გამოთქვამენ ხოლმე იეღოვას მოწმეების ანტიმართლმადიდებლური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის დასასაბუთებლად. არცერთი ბარალდებით მეტი და არცერთი ბრალდებით ნაკლები. მხოლოდ და მხოლოდ ამ არგუმენტებიდან გამომდინარე ერთნი ითხოვენ სექტის საქმიანობის შეზღუდვას, ზოგიერთები კი საერთოდ აკრძალვას.
სანამ უფრო დაწვრილებით შევეხებოდეთ ანტიიეღოვისტური (და საერთოდ ანტისექტანტური) კამპანიის არსს, სათითაოდ განვიხილოთ წარმოდგენილი ბრალდებები.
ცოდვა პირველი: რჯულისმიერი
დავიწყოთ ანტიმართლმადიდებლურით. რას ნიშნავს ეს? თუ აქ იგულისხმება ისეთი სწავლება, რომელიც რელიგიურ მოძღვრებებს შორის მარტო (ან განსაკუთრებით) მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმართაა აგრესიული, ასეთი რელიგია და სექტა არც ბუნებაში არსებობს და არც საქართველოში. ხოლო თუ ანტიმართლმადიდებლობაში იგულისხმება ის, რომ იეღოვას მოწმეების რელიგიური წარმოდგენები არ ემთხვევა მართლმადიდებლურს, მაშინ ამ ლოგიკით საერთოდ ყველა სხვა რელიგიის მიმდევართა აკრძალვა ან შეზღუდვა უნდა მოვითხოვოთ, რამდენადაც მართლმადიდებლური აღმსარებლობის პოზიციიდან ყველა სხვა რელიგია "არასწორია."
რაც შეეხება სახელოვან წინაპრებთან, ქართველებს ომის გადახდა ყველაზე ხშირად მუსლიმების (არაბები, სპარსელები, თურქები) წინააღმდეგ უხდებოდათ, ხოლო ყველაზე ცხარე ღვთისმეტყველურ დებატებს გრიგორიანელ სომხებთან მართავდნენ. ამიტომ თუკი ვინმეს ეჩვენება, რომ წინაპართა სისხლი უხმობს, აგერ დაერიოს სომხებს და აზერბაიჯანელებს, ან წავიდეს და პუტინის ბიჭებს მიეხმაროს ჩეჩენი მოსახლეობის ჟლეტვაში. ჩვენი წინაპრები ხომ ჩრდილოეთ კავკასიაშიც იბრძოდნენ, პუტინის წინაპრებთან ერთად.
ცოდვა მეორე: ფინანსური
ჩვენს სამართალდამცავებში შემორჩენილია ერთი რუდიმენტულ ტენდენცია: რახან იყო დრო, როდესაც საზღვარგარეთიდან დაფინანსება საზღვარგარეთული ფულით სერიოზული დანაშაული იყო, ახლაც, დიდის ამბით გვამცნობენ ხოლმე, რომ ამა და ამ დაკავებულის ბინიდან ამოღებულ იქნა უცხოური ვალუტა. რატომ ამოიღეს და რისთვის, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია ფულის არაქართული წარმომავლობა. ზუსტად იგივეა, როცა იეღოველების უცხოეთიდან დაფინანსებაზე ლაპარაკობენ.
როდემდე გაგრძელდება ესეგვარი აბსურდი, არავინ იცის. საზღვარგარეთიდან დაფინანსება კრიმინალი არ არის., მდიდარი და შეძლებული იეღოველი კი საქართველოში ჯერ არავის უნახავს და მხოლოდ ლეგენდები დადის გულუბრყვილო მართლმადიდებელი მრევლის ფულით (მოქრთამვით) გაიეღოველებაზე.A
გავრცელებული ჭორის მიუხედავად, არანაირი განსაკუთრებული ფინანსური შესაძლებლობები ამ სექტას არ გააჩნია. მდიდრებიც და კორუმპირებულებიც საქართველოში ძირითადად სულ ეკლესიაში მონათლული ქართველები არიან. აბა, სიგარეტის და ნავთობის ბიზნესში იეღოველებს არავინ აჭაჭანებს, მინისტრი არა გვყავს იეღოვას მოწმე და დეპუტატი. არც გამგებელი გამიგია მაგათი საძმოდან, არც ქალაქის მერი, არც დეპარტამენტის თავმჯდომარე და არც გუბერნატორი. თუკი ვინმე იეღოველებს უერთდება, ეს ფულის გულისთვის არ ხდება და ეს ძალიან კარგად იცის იმან, ვინც ყველაზე მეტს ყვირის იეღოვური კაპიტალის ექსპანსიაზე.
ცოდვა მესამე: პოლიგრაფიული
არანაკლებ აბსურდულია და იდიოტიზმის ზღვარამდე მიდის იეღოველთა სიმდიდრისა და სხვა შავბნელ საქმეთა დასტურად ისეთი არგუმენტის მოყვანა, როგორიცაა "მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ლიტერატურის შემოტანა და გავრცელება."L
ჯერ ერთი, მადლობა ღმერთს, ეს კრიმინალად არ ითვლება და არც უნდა ითვლებოდეს. რაც შეეხება შემოტანილი ლიტერატურის "მაღალ პოლიგრაფიული დონეს," რომელიც ისე აღინიშნება, თითქოს რაღაც სამხილზე იყოს ლაპარაკი, ამა სიტყვისა წარმომთქმელმა დროა იცოდეს: დაბალ პოლიგრაფიულ დონეზე წიგნი მარტო საქართველოში იბეჭდება და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც შიმშილი და ინფექცია მძვინვარებს. ის, რასაც ჩვენთან "მაღალ პოლიგრაფიულ დონეს" უწოდებენ, განვითარებულ (და ბევრ არცთუ ძლიერ განვითარებულ) სახელმწიფოებში ჩვეულებრივი სტანდარტია.
ცოდვა მეოთხე: მოქმედებითი
იეღოველთა აქტიურობა პოტენციური ძმის საძმოში გადმობირების მიზნით, მათი მომაბეზრებელი სტუმრობები მთელ მსოფლიოში ცნობილია. ამის გამო ისინი ბევრს არ უყვარს, მაგრამ სიმპატია-ანტიპატია ერთია და, სულ სხვაა, როცა სახელმწიფოს მიმართავ: არიქა გვიშველე რამე, თორემ ყველას გაგვაიეღოველებენო!
პროპაგანდა და მისიონერული საქმიანობა ნებისმიერი რელიგიისთვის დამახასიათებელია. უშუალოდ იეღოვას მოწმეთა მხრიდან არასოდეს ჰქონია ადგილი არანაირ ძალადობას, მათი მორალური კრედო უკიდურესად კონსერვატიულია და არავის არასდროს სმენია რამე იეღოველთა გარყვნილებაზე. მოითხოვო რომელიმე აღმსარებლობის შეზღუდვა იმის გამო, რომ მისი მიმდევრები კარდაკარ დადიან და ხალხთან სისტემატური ლაპარაკი არ ეზარებათ - ან ფაშისტი უნდა იყო, ან კომუნისტი. "აირჩიე, ქართველო ერო!"
ცოდვა მეხუთე: აგენტურული
ელემენტარულად სასაცილოა იმის მტკიცება, რომ იეღოვას მოწმეები უცხოური სპეცსამსახურის დავალებებს ასრულებენ, რადგან სექტის მისიონერთა ანკეტები თურმე საეჭვოდ წააგავს სპეცსამსახურის დოსიეებს.
აქ მე ლაპარაკი არა მაქვს იმ პარანოიკებზე, ვინც სერიოზულად ამტკიცებს, რომ საქართველოს გარყვნა-გათახსირება ამერიკის (მასონების) პოლიტიკაა და ამ მიზნით შემოგვისიეს სექტანტები. მათთან კამათს აზრი არა აქვს. ხოლო ვისაც ოდნავ მაინც შერჩა საღი აზრი, სანამ მსგავს რამეს იტყვის, ერთ კითხვას უპასუხოს: ისეთი რა სამხედრო-სტრატეგიული თუ კომერციული ინფორმაცია უნდა მოიპოვონ იეღოვას მოწმეთა მეშვეობით საქართველოში გინდ ამერიკის "ცერეუმ," გინდ ინგლისის "ინტელიჯენს სერვისმა," გინდ საფრანგეთის "მეორე ბიურომ," გინდ რუსეთის "ფეესბემ" გინდ ისრაელის "მოსადმა" და გინდ რომელიც გნებავთ ქვეყნის სპეცსამსახურმა?
რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ისეთი, ნებისმიერმა მოქალაქემ რომ არ იცოდეს? ნებისმიერი უბნის ბირჟაზე გეტყვიან რომელი ყაჩაღი ჩინოვნიკი ვის წილშია. ახლა, ატომურ ბომბს თუ ვამზადებთ ჩუმჩუმად, ან გენური ინჟინერიაში ვატარებთ აკრძალულ ექსპერიმენტებს, არა მგონია ამის გასარკვევად იეღოვას მოწმეები დაჭირდეს ვინმეს.
ანკეტები კი, როგორც ასეთი, ყველა ერთმანეთს ჰგავს. ეს ისე, სხვათა შორის..
ცოდვა მეექვსე: პაციფისტური
თავისთავად ძალზე საინტერესოა, რომ ისინი, ვინც იეღოვას მოწმეებს სატანის მოციქულებად მიიჩნევენ, ჯარში წასვლაზე თუ მიდგა საქმე, რატომღაც დაუოკებელი სურვილით აღინთებიან, როგორმე ტანკში ჩასვან ეს ღვთის პირიდან გადავარდნილები და ავტომატი მისცენ ხელში. არგუმენტი: ხომ შეიძლება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით ქართველებმა მასიურად დაიწყონ გაიეღოველება? რა ეშველება მაშინ ჩვენს სარწმუნოებას და ვინღა დაიცავს სამშობლოს?
ამისთანა "რკინის არგუმენტის" გაგონებაზე კაცს სრული უმწეობის განცდა გეუფლება. რა გინდა რომ თქვა? როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ: სისულელის წინაშე თვით ღმერთებიც უძლურნი არიან.
არადა თუკი სამხედრო სამსახურში ვინმეს წასვლა არ უნდა, ამისთვის იეღოვას მოწმეობა სულაც არ არის საჭირო. მომქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ (ნებისმიერ!) ადამიანს შეუძლია ნებისმიერი (ნებისმიერი!) მსოფლმხედველობრივი მოტივით არ წავიდეს ჯარში და მოითხოვოს ალტერნატიული სამსახური. სახელმწიფო ვალდებულია მისი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თუკი აქამდე ვერ მოხერხდა ალტერნატიული სამსახურის შექმნა, ეს ხალხის ბრალი არაა. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და შექმნას. ხელს არავინ უშლის. ისე, ჯარში წასვლაზე არც მართლმადიდებელი ქართველები იკლავენ თავს. და საერთოდ, ეს სულ სხვა პრობლემაა და რელიგია აქ საერთოდ არაფერ შუაშია.
აქვე მინდა ერთი კითხვა დავსვა: საერთოდ შეიძლება კი იმ კაცის რელიგიურობაზე ლაპარაკი, ვინც საკუთარ მრწამსს უარყოფს, ოღონდ ჯარში არ წავიდეს? თუმცა ასეთი წვრილმანები რა მოსატანია, როცა საქმე ქართველთა სულის ხსნას ეხება? არ უნდათ და ძალად ვაცხონებთ! აკი წერილ არს:
******** ***** ******* ************ * ***!
ცოდვა მეშვიდე: სისხლისმიერი
ასევე სრული აბსურდია ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა სისხლის გადაუსხმელობის გამო. ჯარში წასვლისა არ იყოს, აქაც იეღოველების ჯანმრთელობაზე ყველაზე მეტად ისინი წუხან, ვინც მათ არსებობასაც კი დანაშაულად მიიჩნევს.
რელიგია ამ შემთხვევაშიც არაფერ შუაშია. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა, ისე საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ადგენს: ნებისმიერი სახის ოპერაციაზე აუცილებელია პაციენტის, ან თუ უგონოდაა, მისი ახლობელის თანხმობა. თუ პაციენტი არასრულწლოვანია, მაშინ მშობლის ან მეურვის თანხმობაა საჭირო. თუმცა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება გონდაკარგული პაციენტის ახლობლის მოძებნა, ექიმს შეუძლია ოპერაციის ჩატარება.
ასევე, თუ მშობელს არ უნდა, მაგრამ ექიმი დარწმუნებულია, რომ ოპერაციის გარეშე არასრუწლოვანი პაციენტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება, ექიმი მიმართავს სასამართლოს, ხოლო ექსტრემალურ ვითარებაში კი მოქმედებს საკუთარი შეხედულებისამებრ. ეს არის და ეს.
სასარგებლოა ვიცოდეთ
ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელია. და თუკი ეროვნულ-აპოკალიფსური რიტორიკის გარეშე წარმოდგენილ ამ არგუმენტებს დავუმატებთ იმასაც, რომ იეღოვას მოწმეების რაოდენობა საქართველოში ქვეყნის მოსახლეობის სულ რაღაც 1%-საც (!!!) კი არ შეადგენს, თითქოს ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის, განურჩევლად მისი აღმსარებლობისა, ცხადი უნდა გახდეს: ამხელა ამბავის ატეხვა "იეღოვისტური საფრთხის" გარშემო აშკარად გადაჭარბებულია. უფრო მეტიც: არავითარი ამგვარი "საფრთხე" არ არსებობს და მთელი ეს აურზაური სულ სხვა სიმპტომებზე მიუთითებს.
სანამ ამ სიმპტომებს შევეხებოდე, ვიღაც შარიანმა (უკაცრავად უნებლიე კალამბურისთვის! დ. ზ.) სექტანტობის პროპაგანდა რომ არ დამწამოს, აუცილებლად მიმაჩნია გავიხსენოთ რამდენიმე ბანალური, მაგრამ ჩვენი უკუღმართი დროებისთვის აქტუალური აქსიომა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სინდისის თავისუფლებას და დაუშვებლად მიიჩნევს რელიგიური პროპაგანდის შეზღუდვას. კონსტიტუციაში მკაფიოდაა მითითებული, რომ დასჯადია მხოლოდ ისეთი მოწოდება, რომელიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მიზნად ისახავს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შუღლის ჩამოგდებას, აგრეთვე კონსტიტუციური წყობის ძალადობით დამხობას.
N.B. ჩემის აზრით, კონსტიტუციის ფორმულირებები ცოტა დაზუსტებას კი მოითხოვს, რადგან დასჯადი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი მოწოდება, რომელიც შეიცავს რეალური ქმედების საფრთხეს. თორემ ასე, თვეობით პენსიის მომლოდინე მოხუცი რომ ხელისუფლებას შეუკურთხებს ტროლეიბუსში: ყველანი დასახვრეტები არიანო, მასაც შეიძლება მიუყენო ძალადობით დამხობისკენ მოწოდება.
ბ) არსებობის და თავისუფალი გამოხატვის უფლება აქვს არა მარტო ისეთ აზრს (იდეას, დოქტრინას, სწავლებას), რომელიც მე მომწონს და ჩემთვის მისაღებია, არამედ ისეთსაც, რომელიც სრულებით არ მომწონს და აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის სიტყვის თავისუფლების პრინციპის ანაბანა. შესაძლოა, ვიღაცისთვის თავად ეს პრინციპია პრინციპულად მიუღებელი, როგორც იყო, ვთქვათ, საბჭოთა კავშირში ანდა ნაცისტურ გერმანიაში, მაგრამ როდესაც სახელმწიფო აღიარებს სიტყვის თავისუფლებას, როგორც ფუნდამენტურ ღირებულებას, იგი უბრალოდ ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი პიროვნების უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. დასჯადი შეიძლება იყოს მხოლოდ ქმედება და არა მოსაზრება.
გ) როდესაც აღიარებ სხვის უფლებას თავისუფლად გამოხატოს შენთვის მიუღებელი რელიგიური შეხედულებები, ამით, პირველ რიგში, იცავ საკუთარი შეხედულებების შეუზღუდავად გამოხატვის უფლებას. წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ეს არის როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების ცივილურობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი
წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე. წ. ჰოტენტოტურ ლოგიკასთან. ეს ტერმინი წარმოიშვა მას შემდეგ. რაც ამ აფრიკული ტომის წარმომადგენელმა შეკითხვაზე, რა არის სიკეთე და ბოროტება, უპასუხა: ბოროტებაა, როდესაც მეზობელი შემომივარდება სახლში, გამლახავს, გამძარცვავს და ცოლს გამიუპატიურებს, ხოლო სიკეთე ისაა, როდესაც მე შევუვარდები მეზობელს, ვცემ, გავძარცვავ და მის ცოლს გავაუპატიურებ.
როგორც ჩანს, ანტისექტანტური კამპანიის ჩვენებური მესვეურები ამ ლოგიკაზე მაგრად დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ. ეს, რასაკვირველია, მათი უბედურებაა, მაგრამ არა მარტო მათი.
დაკარგული სახელმწიფოს ძიებაში
აქ ბუნებრივად ისმის კითხვა: კი, მაგრამ სად არის სახელმწიფო? რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რათა დაიცვას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, დაიცვას კანონი?
საქმეც ის არის, რომ ანტიიეღოვური კამპანია, თავისი არსით, არა მარტო და არა იმდენად ერთი მარგინალური, მცირერიცხოვანი რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგაა მიმართული, რომლის ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ არ ეზარება კარდაკარ სიარული და "საგუშაგო კოშკის" უფასოდ დარიგება. საკითხი ბევრად უფრო ღრმაა, ხოლო ტენდენცია საგანგაშო.
დავიწყოთ იმით, თუ როგორია სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხში (ის, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მკაფიოდ და ცალსახად უნდა აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას, მგონი სადაო არ არის). ჩამოვთვალოთ მხოლოდ ფაქტები. სულ რამდენიმე ფაქტი.
ა) დეპუტატი გურამ შარაძე, პოლიტიკოსი, რომელიც დაუფარავად ეწევა ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას: მიზანმიმართულად აღვივებს კონფლიქტს რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე, არ ერიდება ცილისწამებასა და სიცრუეს, არათუ ისჯება, არამედ ინიშნება სპეციალურად მისთვის მოგონილ თანამდებობაზე.
ბ) ეკლესიიდან განკვეთილი ხუცესი, ე. წ. გლდანის ეპარქიის წინამძღვარი, ბასილი მკალავიშვილი და მისი მრევლი სისტემატურად არბევს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების შეკრებებს. ფანატიკოსთა ბრბო სამლოცველოში უვარდება რელიგიურ უმცირესობებს, აყენებენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამისთვის არათუ არავინ ისჯება, არამედ პირიქით: გლდანის რაიონის პოლიცია ღიად და აშკარად მფარველობს ანაფორიან ხულიგნებს. სასამართლოც ყოველთვის მოძალადეების მხარეზეა.
გ) სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალ და დაბალ ჩინოსანი მოხელეები არაერთხელ გამოსულან და საჯაროდ განუცხადებიათ, რომ სახელმწიფო წინ უნდა აღუდგეს სექტების მოძალებას. ახლახან "ომონის" მიერ სასტიკად იქნა დარბეული იეღოვას მოწმეთა შეკრება ზუგდიდის რაიონში, სადაც ეს რელიგიური ორგანიზაცია კონგრესის ჩატარებას აპირებდა.
დ) არცერთ მაღალი თანამდებობის პირს, არჩეულს თუ დანიშნულს, არცერთხელ არ გამოუთქვამს თუნდაც უღიმღამო პროტესტი არც შარაძის ანტიკონსტიტუციურ ქმედებების, არც ბასილისტთა ხროვის ექსტრემიზმის გამო.
მარტო ამ ჩამონათვალიდანაც ჩანს, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს რელიგიური ექსტრემიზმის აღსაკვეთად. უფრო პირიქით: ხელს უწყობს ექსტრემისტული განწყობილების გაღვივებას.
ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ? ასეთი ანტისექტანტური ექსტრემიზმს ხომ სხვა არაფერი შედეგი არ მოაქვს გარდა იმისა, რომ ერთის მხრივ, წამებულის იმიჯს უქმნის დევნილ ჯგუფებს, მეორეს მხრივ კი ხელყოფს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს. მაშ, რატომ არ ასრულებს ქართული სახელმწიფო იმ ვალდებულებებს, რაც მას აღებული აქვს საკუთარი ხალხის და მთელი მსოფლიოს წინაშე?
კონფორმისტი, ანუ პრაგმატიზმი ქართულად
საქმე ისაა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ხელისუფლება ან ანგარიშს უწევს საზოგადოებრივ აზრს, ან ცდილობს ითამაშოს საზოგადოების განწყობაზე, ან ორივეს ერთად აკეთებს. საქართველოში საზოგადოებრივი აზრი, როგორც ხელისუფლებაზე ზემოქმედების ფაქტორი, პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ ეს კიდევ არ არის მთავარი უბედურება.
არა იმდენად პოსტსაბჭოური, არამედ ჯერ კიდევ დიდწილად საბჭოური ქართული საზოგადოების უბედურება ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიტანთ პლურალიზმს. უცხო სიტყვაა, ძნელად გამოსათქმელი და კიდევ უფრო ძნელად გასათავისებელი. ტრადიციული ქართული ტოლერანტიზმით და მეიდანზე მეჩეთ-სინაგოგა-ეკლესიის თანაარსებობით თავმოწონება მხოლოდ შირმაა. რეალურად კი ქართული საზოგადოებში მძლავრობს განსხვავებულის (აზრის, სწავლების, მოძღვრების) აუტანლობა და შეუწყნარებლობა.
მოვიყვანოთ კიდევ რამდენიმე ფაქტი:
ა) საქართველოს სამოციქულო ეკლესია, საპატრიარქოს სახით, მართალია სიტყვიერად ემიჯნება მკალავიშვილის ექსტრემისტებს, სამაგიეროდ ღიად უჭერს მხარს გურამ შარაძეს და პირდაპირ მოითხოვს სექტების აკრძალვას ან შეზღუდვას.
ბ) გურამ შარაძის, ბასილი მკალავიშვილის და ძმათა მისთა საწინააღმდეგოდ კრინტიც არასდროს დაუძრავს არცერთ (sic!) ოპოზიციურ პარტიას. სამაგიეროდ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი (მაგალითად, ირინა სარიშვილი) ხმამაღლა ლაპარაკობს სექტების მომრავლების მითიურ საფრთხეზე.
გ) ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომელთა აზრს ხელისუფლება ანგარიშს უწევს, ან დაუფარავად მხარს უჭერენ ანტისექტანტურ ვაკხანალიას, ან ჩუმად არიან. თითო-ოროლა გამონაკლისი საერთო სურათს არ ცვლის.
დ) ქართულ მასმედიაში აშკარად ჭარბობს ფსევდონეიტრალური დაუბალანსებელი და მიკერძოებული, ხშირ შემთხვევაში კი უბრალოდ ექსტრემისტული და შოვინისტური პუბლიკაციები.
ასე, რომ თუ საზოგადოების განწყობაზე ვილაპარაკებთ, სანუგეშოს ვერაფერს ვიტყვით. ელემენტარული საღი აზრის დეფიციტი, ზნეობრივ კრიტერიუმთა სრული აღრევა, ბუნებრივად განაპირობებს ხელისუფლების კონფორმიზმს. ბოლოს და ბოლოს, მთავრობაში და პარლამენტშიც ქართველები ზიან. ხელისუფლება (იგულისხმება როგორც პრეზიდენტი, ისე პარლამენტი და მთავრობა) მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით დეკლარირებული პრინციპების დაცვა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სექტანტების (და სექტანტობის) დაცვასთან იგივდება, არაპოპულარული და წამგებიანია. ჩვენი ხელისუფლება პრაგმატულია. ქართულად პრაგმატული, რაღა თქმა უნდა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ელემენტარული კონფორმიზმი.
ქართველთა შიში თავისუფლების წინაშე.
სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. ჩვენთან ადამიანი შეიძლება იყოს სრულიად კორუმპირებული, იმავდროულად გარყვნილი, მატყუარა, გადამგდები და მას არანაირი პრობლემები არ შეექმნება არც პირად ცხოვრებაში, არც კარიერაში. მაგრამ საკმარისია ვინმეს სიტყვა დასცდეს ნაცემ-დარბეულ იეღოველთა დასაცავად, რომ ის ლამის ერის მტრად გამოცხადდება. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლებაში სინდისის თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებებზე თავს არავინ გამოიდებს. იქ ორი თავი არავის აქვს.
დღევანდელი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობით საქატრთველოში ყველა უკმაყოფილოა. ის კი ნაკლებად გვესმის, რომ ჩვენი თავის უბოროტესი მტრები ჩვენ თვითონა ვართ: არასოდეს არ იქნება ჩვენი საშველი, სანამ ექიმი, აქაოდა იეღოველი პაციენტი სისხლს არ ისხამსო, გურამ შარაძეს უხმობს. საზოგადოება, სადაც იგივე გურამ შარაძე და მათი მსგავსნი ავტორიტეტებს წარმოადგენენ, განწირულია იმ ყოფისთვის, რომელშიაც დღეს ვიმყოფებით. ქვეყანა, სადაც სინდისის თავისუფლების პრინციპების დაცვა უფრო უტეხს სახელს ხელისუფლებას, ვიდრე მოსახლეობის დაუფარავი ძარცვა-გლეჯა, ვერც თავისუფლებას ეღირსება და ვერც კეთილდღეობას.
სტაბილური კეთილდღეობის საფუძველი პიროვნების თავისუფლება და საზოგადოების მყარი მორალური პრინციპებია. პლურალიზმი, განსხვავებულთა თანაარსებობა, თავისუფლების უცილობელი ატრიბუტია. თუ გინდა იყო თავისუფალი, ცხოვრობდე თავისუფალ საზოგადოებაში და გქონდეს თვითგამოხატვის, თვითდადგენის, თვითდამკვიდრების სრული შესაძლებლობა, ასეთი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყველას, მათ შორის იეღოველებასაც..
მაგრამ ჩვენ, ქართველებს, უბრალოდ გვეშინია თავისუფლების, რადგან არავითარი მყარი მორალური პრინციპები ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ არ გვჯერა საკუთარი თავის - არ გვჯერა არც საკუთარი რწმენის, არც სინდისის, არც პატრიოტიზმის. არ გვჯერა, რადგან გულის სიღრმეში კარგად ვიცით, რაოდენ გახრწნილები ვართ და გვესმის, რომ თავისუფლების პირობებში, ღია და გახსნილ საზოგადოებაში ეს ძალიან კარგად გამოჩნდება. უკვე ჩანს კიდეც.
და ჩვენ არ გვინდა დავინახოთ საკუთარი მანკიერება, არ გვინდა გავაცნობიეროთ პრობლემები და შევეცადოთ მათ გადაჭრას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ, გვეიმედებოდეს, რომ ოდესღაც ყველაფერი თავისით მოგვარდება და ჩვენი შვილები და შვილიშვილები მოესწრებიან. ოღონდ მანამდე გვჭირდება მტერი, რომელიც ვერაგია და ძლიერი, რომელიც ემუქრება ჩვენს მეობას, ჩვენს არსებობას. მხოლოდ ასეთი მტერი შეიძლება იყოს ჩვენი გახრწნილების, უზნეობისა და ამორალურობის გამართლება.
და როდესაც ასეთი მტერი არ არსებობს, ჩვენს მას ვიგონებთ. ეს ვისთვის ამერიკაა, ვისთვის მასონები, ვისთვის გოგი გვახარიას "ფსიქო," მაგრამ ყველაზე "გემრიელი" მტერი, რა თქმა უნდა იეღოველებია. მით უმეტეს, რომ ისინი შემაწუხებლად აქტიურები არიან: ქუჩაში გაჩერებენ, "საგუშაგო კოშკს" გჩრიან წასაკითხად. თან დიდი ძალმოსილებითაც არ გამოირჩევიან - ჩხუბი მაგათმა არ იციან, სროლა და საქმის ქურდულად გარჩევა. დაცხეთ, დაჰკარით!..
და ანტიეროვნული სექტანტობის შემაძრწუნებელი აჩრდილი, რომელიც ავისმომასწავებლად დაძრწის საქართველოში და ლამის აპოკალიფსური მხეცის სახებად წარმოგვიდგენენ, სინამდვილეში მართლაც რომ აჩრდილია. ლანდი, ფანტომი, ილუზია, გამოხმობილი ჩვენი შერყვნილი მენტალიტეტიდან და დაბადებული ჩვენივე მთვლემარე გონების მიერ, რადგან მთვლემარე გონება, როგორც ცნობილია, მუდამ რაღაც ურჩხულებს ბადებს.
აი, ასე ვცხოვრობთ. ამბავში და გაგებაში...
(c) „არილი”
No comments:
Post a Comment