ნაცრისფერი ქალი
ბირუტე იონუშკაიტე დაიბადა 1959 წელს პოლონეთში, ლიტველი მოსამსახურის ოჯახში. საშუალო სკოლა 1978 წელს დაამთავრა და იმავე წელს ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ პოლონეთში დაბრუნდა და ერთ-ერთ გაზეთში დაიწყო თანამშრომლობა.
მისი პირველი მოთხრობები 1986 წელს დაიბეჭდა. არის მოთხრობების ორი კრებულისა და ორი რომანის ავტორი. მიღებული აქვს ორი ლიტერატურული პრემია.
ლიტვურიდან თარგმნა ნუცა კავსაძემ
ეს ქალი ყოველდღე მხვდებოდა. დილაობით სამსახურში მიმავალს, შესვენებაზე - ყავის დასალევად გასულსა თუ კვირა დღეს - ქალაქის ქუჩებში უსაქმოდ მოხეტიალეს.
პატარა, მოქნილი, სხარტი, წრუწუნასავით ერთიანად ნაცრისფერი იყო. ზოგჯერ მიჭირდა მისი ფილაქანისაგან გამორჩევა, ისე ერწყმოდა მის ფერს. მხრებზე ხელოვნურად დახვეული თმის ნაცრისფერი კულულები ეფინა. შუბლზე წინამო ჩამოფშეკოდა.
თავჩაღუნული დადიოდა. ალბათ ამიტომაც გადანაცრისფერებულ, უსიცოცხლო სახეზე ცხვირი, ტუჩები თუ თვალები მძიმედ დაშვებოდა. მამაკაცები გვერდს ისე უვლიდენ, ვერც კი ამჩნევდნენ. და თუ ვინმე, ფიქრებში წასული, უნებურად გაჰკრავდა მხარს, აზრადაც არ მოსდიოდა მოებოდიშებინა ან ზრდილობის გულისთვის მაინც მოეხედა უკან. დრო და დრო ავედევნებოდი ხოლმე, რომ გამეგო, ასეთი რა სჭირდა?
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალი იყო. ნორმალური სიმაღლის, მოქნილი, სწორფეხებიანი. არც ლამაზი და არც უშნო. არც ძონძებში გამოწყობილი, არც ზედმეტად გადაპრანჭული. ატარებდა მშვიდი, ნაზი ფერის ტანსაცმელს. ზაფხულში კი გაუხდელად ეცვა მოთეთრო-მონაცრისფერო ბლუზა და მუქი ლურჯი ქვედატანი. ჭრელი ტანსაცმელი, მგონი, საერთოდ არ ჰქონდა.
ერთხელაც ქალაქის ცენტრში, გაზეთების ჯიხურთან შევნიშნე, პატარა სკვერში, სადაც თავს იყრიდა ქალაქის უსაქმურთა "ბანდა". აქ ყოველთვის ნახავდით ორ-სამ ლოთს, რომლებიც ერთმანეთს ლოშნიდნენ, მზესუმზირის ჩენჩოს გადაფურთხებაში გაწაფულ ძველ ბიჭებს, რომელთაც თავზე კეპიანი ქუდები დაეკოსებინათ; რკინის კნოპებიან ქურთუკებში გამოწყობილ, ჭუჭყიანი ჯინსის სუნით აქოთებულ პანკებს და ზომაზე მეტად დახატულ, თმაგაწეწილ გოგონებს.
ის ნაცრისფერ ბეღურასავით შემკრთალი და შეშინებული დახტოდა სკვერის მუდმივ სტუმრებს შორის. რა უნდოდა აქ? ქალაქში არც თუ დიდად სახელგანთქმულ ადგილას? გადავწყვიტე, იქვე, შორიახლო, ავტობუსის გაჩერებაზე დავმდგარიყავი და ბოლოს და ბოლოს გამეგო რაიმე ნაცრისფერ ქალზე, რომლის ყოველდღე ხილვასაც მივეჩვიე ქალაქის მღელვარე ქუჩებში.
სანამ ჩემთვის ვთხზავდი ათასნაირ ისტორიებს, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ქალის წინ ორმეტრიანი ოყრაყი აღიმართა. მაისური ცისფერ, სპორტულ შარვალში ჰქონდა ჩატანებული. გრძელი ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, ფართო მხრებზე დიდი ხნის შეუკრეჭავი თავი კომბოსტოსავით უქანავებდა. თვალებჩასისხლიანებული, დაკიდებული ულვაშებით ბულდოგს ჩამოჰგავდა. ის კი არ ლაპარაკობდა, თავს აქნევდა და ყეფდა... ამ... ამ... ამ. ქალი ოდნავ გახსნილი, უფერო ბაგეებით წყნარად და მშვიდად აძლევდა პასუხს.
ცნობისმოყვარეობამ მძლია. მივუახლოვდი, ცალი თვალით გაზეთების ჯიხურს ვათვალიერებდი, მეორეთი - იმ უცნაურ წყვილს, ნაცრისფერ წრუწუნასა და ლუდის ბარში გამობრუჟულ ლომს, ვუთვალთვალებდი. სიმთვრალისგან ფეხზე ძლივს იდგა, ჰაერს ეპოტინებოდა და ქანაობდა. წრუწუნა ცდილობდა, როგორმე ხელი წაევლო და ადგილიდან დაეძრა. მის ნაზ, ჰაეროვან გარეგნობაში ვედრება იხატებოდა. გოლიათი ისევ ირწეოდა, აქეთ-იქით იხრებოდა და ეწინააღმდეგებოდა. ბოლოს გაბრაზდა, ხელების ქნევას მოჰყვა და ახლა მარტო მე კი არა, მოშორებით გაჩერებაზე მდგარი მგზავრებიც კი შეაშფოთა იქიდან რუსულ ენაზე დაძრული გინების ნიაღვარმა. რუსულ ენაში ყველაზე პოპულარულ ადგილას ლანძღვა-გინებით გაგზავნილი ქალის ირგვლივ ცნობისმოყვარეებმა შეკრეს წრე: გნიასითა და ხორხოცით მოგროვდნენ პანკები, დაიძრნენ ქალაქის "უმუშევრები", 07, 09, 08 მარკის "ჟიგულის" პატრონები, სენსაციის მოყვარული, დახატული გოგონები. "ნორმალურები" კი ქუჩაში ისე მიმოდიოდნენ, თითქოს ვერც ამჩნევდნენ და ვერც ხედავდნენ, რა ხდებოდა. მაგრამ ყველა ვერ უძლებდა ცდუნებას. ცოტა ხნით მაინც ჩერდებოდა და შესცქეროდა წყვილს, რომელიც საჯაროდ არკვევდა ურთიერთობას. მე ქალაქში ახალი ჩამოსული ვიყავი, თითქმის არავის ვიცნობდი, დიდად არც აქაურ ამბებს დაგიდევდით, სამაგიეროდ ქალაქელები იძიებდნენ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვინაობა, ბაბუის ბაბუიდან მამაჩემამდე, ძირის ძირობამდე გამოკვლეული ჰქონდათ. ახლაც ყველანი იმ წყვილს შეჰყურებდნენ. ზოგი თვალებდაჭყეტილი, ზოგი ამრეზით. ზოგიერთი კი, აშკარად მოხიბლული მამაკაცური მსუყე გინებით, ვითომც აქ არაფერიო, არხეინად მიაბიჯებდა თავის გზაზე.
ბოლოს ქალი შეტრიალდა, ერთხელ კიდევ ესროლა სევდიანი, მავედრებელი მზერა კაცს და ნელი ნაბიჯით გაშორდა. კაცმა გინება შეწყვიტა და რაღაცის ბურდღუნით უკან გაჰყვა. გამიკვირდა! თვალებს არ ვუჯერებდი. ასე დამშორდნენ: ჯერ ქალი, ნელი, მომლოდინე ნაბიჯებით, მერე ღვინით გამსკდარი ოყრაყი, რომელიც გაბრაზებული იფურთხებოდა და ნაბიჯის აჩქარებას არ აპირებდა. სულმა წამძლია და ავედევნე. მთელი ძველი უბანი გავიარეთ. საკუთარი სახლებით ჩარიგებულ ქუჩას მივადექით. ცოტა ხნის შემდეგ ქალი ქვის ორსართულიან სახლთან შეჩერდა. ოყრაყიც მიჩანჩალდა.
- მოიცა, რამუნელის, ახლავე! - უთხრა ქალმა, ეზოს კარი შეაღო და იქვე მიმაგრებულ ღილაკს თითი დააჭირა. ამ დროს კი კარებზე გადაკიდებული რამუნელისი მანამ ქანაობდა, სანამ გრძნობა არ დაკარგა და ძირს არ გაიშხლართა. უწმაწური გინების კორიანტელი დაცემის ხმამ შთანთქა. და ასე ცემენტის ბორდიურზე ჩაკეცილი, ზურგით მოღიავებულ კარს მიყრდნობილი დარჩა. სახლიდან შუა ხნის ჭაღარა ქალი გამოვიდა.
- ღმერთო, ღმერთო! - ამოთქვა ქალმა, ხელები ბეღურას ფრთებივით დაიქნია და რამუნელისის გვერდით ჩამოჯდა. ნაცრისფერი ქალიც მას მიჰყვა. ისინი ცდილობდნენ, ფეხზე წამოეყენებინათ კაცი, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. როგორც იქნა, მიზანს მიაღწიეს. მაშინ უფროსმა წელზე მოხვია ხელი და მშვიდი საუბრით შინისკენ წაიყვანა. კიბეზე ასვლაში წრუწუნაც დაეხმარა, მაგრამ შინ არ შეჰყოლია. კარი გამოიხურა, სახლის უკან გავიდა და კედელში ჩამაგრებული ონკანი მოუშვა. ისე დიდხანს იბანდა ხელებს, თითქოს დაავიწყდა, რას აკეთებდა. მერე სველი ხელისგულები ისვა და ისვა სახესა და თმებზე, ბოლოს წელში გასწორდა და კარგად მოვლილ ფერად ყვავილებს შორის გაკვალულ ბილიკზე მოკლე, სხარტი ნაბიჯებით წინ და უკან სიარულს მოჰყვა. უცებ გადავწყვიტე, მივალ და ვეტყვი: "სულელო, შე სულელო, რას შვრები? ეს როგორ შეიძლება? ამ გამოლენჩებულ ლოთის გამო თავს როგორ იტანჯავ? იმიტომ, რომ შუა ქალაქში სახალხოდ გაგინოს? მერე სახლამდე რომ ათრიო და დედიკოს მზრუნველობით ჩააბარო? აუცილებლად, აუცილებლად უნდა დაველაპარაკო. უნდა დავარიგო, თვალები ავუხილო. ახალგაზრდა ქალია, ჯერ კიდევ არა უშავს რა... ის კი მოჩვენებასავით მთლად გადანაცრისფერებული დადის. გაგონილა?! აუცილებლად ვეტყვი: "ჩვენ რა, სხვანაირად ვცხოვრობთ? მიმოიხედე. ყველა მეორე ქალი ლოთის გვერდით წევს... "არა, ასე მკაცრად არა"... - "ყველა მეორე ქალი მსმელის გვერდით წევს".. არა, არა ღირს, ორივე ერთი ოხერია... "ხო, ყველა ასეა, მაგრამ ისინი შენსავით ცხვირჩამოშვებულები არ დადიან. პირიქით, იმასაც ახერხებენ, ფეხის ფრჩხილები მოიწესრიგონ. შენ რაღა დაგემართა? რიგიანი ტანსაცმლის ყიდვა არ შეგიძლია?.. დაივარცხნე, დაიხატე, თავი მაღლა და... მიდი! კაფეშიც შეიარე, არც კინო დაიკლო და არც თეატრი. რისთვის ცხოვრობ, იმისთვის, რომ ამ ლოთს სდიო კუდში? ბარემ ბაწარში გაყავი თავი. მე შენ გეტყვი, დიდი დანაკარგი იქნება! მიმოიხედე, უკეთესის პოვნა არ შეიძლება? არა, მაინც რა ჩაიდინე, ჰა. მოაბრძანე, დედიკოს ჩააბარე და ერთგული ძაღლივით ზღურბლზე დაძრწი: "გამოუშვებს თუ არ გამოუშვებს?.. საბრალო, შე საბრალო, შენა..." ხო, იმასაც ვეტყვი... ფიქრი კარის ხმაურმა გამაწყვეტინა. მოხუცმა ქალმა კიბე ჩამოიარა, წრუწუნას მიუახლოვდა, მისი ხელები ხელისგულებში მოიმწყვდია და:
- გმადლობთ, შვილო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. - წრუწუნას პაწია ხელებს არ უშვებდა: - შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა, - თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. - სხვას არავის უჯერებს. არც მე, არც ლორეტას. თუმცა, ლორეტა მაინც არ წავიდოდა მის მოსაყვანად... შენ, მხოლოდ შენა ხარ ჩემი მშველელი... - მადლიერი მზერა ისევ მიაპყრო წრუწუნას.
- რას ბრძანებთ, რისთვის მიხდით მადლობას, მე რა შუაში ვარ. ნუ ტირით, - წრუწუნამ როგორც იქნა ხელები გაითავისუფლა და მოხუცს მხარზე გადაუსვა. - თუ კიდევ დაგჭირდით, დამირეკეთ, არ მოგერიდოთ, აუცილებლად მოვალ. ღმერთმა ქნას, აღარ დაგჭირდეთ.
- მადლობა ღმერთს, შვილო, რომ მაშინვე ჩაიძინა და მეზობლის აუდრიუსივით ლეწვა-მტვრევას არ მოჰყვა. გმადლობთ, გმადლობთ, ემა, - უთხრა და ხელის ზურგზე გადაუსვა ხელი. მერე შებრუნდა და სახლისკენ წავიდა.
ემამ კარი გამოიხურა და ჩემსკენ გადმოუხვია. არც გავნძრეულვარ. როგორც ვიყავი ხეს ამოფარებული, ასევე გავშეშდი. წეღანდელი ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება სადღაც გაქრა. ქალი კი ჩემს წინ იდგა და... დედაო ღვთისავ, ის სულაც არ იყო ნაცრისფერი. დიდი, ღრმა, უსაზღვროდ ლურჯი თვალები ისეთი სინაზით, სითბოთი და სიყვარულით მიმზერდნენ, რომ გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა და დავრჩი ასე ყბამოღრეცილი.
- მოხდა რაიმე? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ისე შეწუხებული ჩანხართ... - ოდნავ შეატოკა ბაგეები. თვალებიდან დაძრულმა სინათლემ სახეზე თბილი ნიავივით გადამიარა. მსგავსი სხივიანი თვალები ჩემს ცხოვრებაში არ მენახა. - არ მოგერიდოთ, მითხარით თუ გიჭირთ რაიმე. იქნებ შემიძლია დახმარება.
ხმა რომ ვერ ამომაღებინა, კიდევ ერთხელ შემომანათა თავისი სხივიანი თვალები, რომელშიც სიკეთე და ღვთიური სიმტკიცე აღბეჭდოდა. მისი თბილი მზერა ჯერ სახეზე მომელამუნა, მერე მთელ სხეულზე დამიარა. ერთ წუთს კიდევ შეჩერდა, პასუხი რომ არ გავეცი, დახარა უფერო, გრძელი წამწამებით შემორკალული თვალები და გამშორდა: პატარა, კოხტა, მოქნილი, ნაცრისფერი... ცოტაც და მხედველობიდან დამეკარგა, ისე შეერწყა მასავით ნაცრისფერ ფილაქანს.
© “არილი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment