Wednesday, December 24, 2008
ორჰან პამუკი
დამცირებულთა რისხვა
სახელგანთქმული თურქი მწერლის, ორჰან პამუკის (დ.1952) ეს წერილი 2001 წლის 15 ნოემბერს დაიბეჭდა The New York Book Review-ში.
ხშირად მიფიქრია, რომ უბედურება აახლოებს ადამიანებს. ბავშვობისას, როდესაც ცეცხლმოკიდებული სტამბული ვნახე და ორი წლის წინანდელი მიწისძვრის დროსაც, ინსტინქტურად ვუზიარებდი ჩემს გრძნობებს თავზარდაცემულ ადამიანებს. მაგრამ როდესაც სტამბულის პატარა ყავახანაში, მეეტლებთან და მეკურტნეებთან ერთად, ტელეეკრანზე ვიხილე ნიუ-იორკის ორი ცათამბჯენის აფეთქება, უკიდურესი მარტოობის შეგრძნება დამეუფლა.
როგორც კი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას მეორე თვითმფრინავი დაეჯახა, თურქეთის სატელევიზიო არხებმა დაიწყეს რეპორტაჟი მოვლენათა ადგილიდან. ყავახანაში შეკრებილ ხალხს გადავხედე და დავრწმუნდი, რომ ისინი განცვიფრებულნი იყვნენ, მაგრამ არ აღშფოთებულან. რაღაც მომენტში მინდოდა მათთვის მეთქვა, რომ სამი წელი გავატარე მანჰეტენზე და არაერთხელ ვყოფილვარ ამ ცათამბჯენებში, მაგრამ ხმა არ ამომიღია - მარტოობის მძაფრმა შეგრძნებამ დამადუმა. აღარ ძალმიძდა შემზარავი რეპორტაჟის ყურება და ქუჩაში გავედი, თანაც მწადდა, საკუთარი განცდები სხვებისთვის გამეზიარებინა. სანაპიროზე, ბორანის მომლოდინე ხალხში, შევნიშნე აქვითინებული ქალი, მაგრამ მისი გამომეტყველების მიხედვით ვიაზრე, რომ ის მანჰეტენში დაღუპულ ადამიანებს კი არ დასტიროდა, არამედ ფიქრობდა, ქვეყნის აღსასრული დადგაო. მახსოვს, ჩემი ბავშვობისას, შიშობდნენ, რომ კუბის კრიზისი მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდებოდა. მაშინ ვნახე ასეთივე თავზარდაცემული ქალები, ხოლო საშუალო შეძლების სტამბოლელები ოსპსა და მაკარონს იმარაგებდნენ.
ყავახანაში დავბრუნდი და გაფაციცებით ჩავაშტერდი ტელეეკრანს. მოგვიანებით, როდესაც ქუჩაში გავედი, ჩემს ერთ-ერთ მეზობელს შევხვდი. მან მკითხა: "ხომ ნახეთ, როგორ დაბომბეს ამერიკა?" და ღვარძლიანად დასძინა: "სწორადაც მოიქცნენ".
ეს გულმოსული ბერიკაცი თავგადადებული რელიგიური ფანატიკოსი როდი გახლდათ. ის თავს ირჩენდა წვრილმანი სარემონტო სამუშაოთი და მებაღეობით, ყოველ საღამოს თვრებოდა და ცოლს ეკინკლავებოდა. მას ჯერ არ ენახა შემაძრწუნებელი ტელერეპორტაჟი. უბრალოდ, ყური მოეკრა, რომ ამერიკაში საშინელი რამ მოხდა. იმ პერიოდში თურქეთში საუბრობდნენ "მხეცური" ტერორისა და "აღმაშფოთებელი" თავდასხმის შესახებ. ამასთან, უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობის შესახებ მსჯელობა მთავრდებოდა "მაგრამ"-ით, რასაც მოსდევდა ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის კრიტიკა.
მსოფლიოში, ამერიკის როლის განხილვისას, ტერორისტთა თვალსაზრისის (რომელიც ემყარება "დასავლეთისადმი" სიძულვილს) გათვალისწინება, ალბათ, მორალურად გამართლებული არაა, მაგრამ ტერორის საზარელი აქტებით სამართლიანი აღშფოთებისა და ნაციონალისტური განწყობილებების გაღვივების დროს შეიძლება გაისმას ისეთი სიტყვები, რომლებიც მიგვიყვანს სხვა უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობამდე.
ყველა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბოლოდროინდელი დაბომბვები, აგრეთვე - ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა კუთხეებში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა (რასაც ამერიკელები სჩადიან შურისძიების მიზნით) გააძლიერებს დაძაბულობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ანუ ისლამსა" და "ქრისტიანულ სამყაროს" შორის. ეს ხელს შეუწყობს ტერორიზმის მასშტაბების გაფართოებას, რის აღკვეთასაც მიზნად ისახავს ამერიკელთა საომარი ქმედებები. ამჟამად მორალურად შეუძლებელია მსჯელობა მსოფლიოში ამერიკის ბატონობის საკითხზე, რადგან დღის წესრიგში დადგა გაცილებით უფრო აქტუალური რამ: ტერორისტების უმაგალითო სისასტიკე. ამავდროულად, გასათვალისწინებელია იმ სიძულვილის მიზეზები, რომელსაც განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები მილიონობით ადამიანი განიცდის ამერიკის მიმართ.
ამასთან, მსგავსი განწყობილებები ყოველთვის როდი იმსახურებს თანაგრძნობას. საყურადღებოა ისიც, რომ მესამე სამყაროს ქვეყნებსა და ისლამურ სახელმწიფოებში, ანტიამერიკული განწყობილებები ხშირად გამოიყენება დემოკრატიის დეფიციტის შენიღბვისა და ადგილობრივ დიქტატორთა ძალაუფლების განმტკიცების მიზნით. ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად, საუდის არაბეთი, თითქოს ცდილობს, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ ისლამი და დემოკრატია ურთიერთშეუთავსებელია, ეს კი ხელს უშლის სამოქალაქო დემოკრატიის დამკვიდრება-განვითარებას ასეთ ქვეყნებში. ანალოგიურად, მტრული დამოკიდებულება ამერიკის მიმართ (მაგალითად, თურქეთში) საშუალებას აძლევს ქვეყნის მმართველ წრეებს, გაფლანგონ (კორუფციისა და არაკომპეტენტურობის მიზეზით) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან მიღებული თანხები და ასეთი გზით შენიღბონ ღრმა უფსკრული ღატაკებსა და მდიდრებს შორის.
აშშ-ში ამჟამად ბევრი ადამიანი უჭერს მხარს საბრძოლო იერიშებს, რომელთა ამოცანას შეადგენს ქვეყნის საომარი ძალმოსილების დემონსტრაცია და ტერორისტების "მორჯულება". ზოგიერთი ტელეკომენტატორი ხალისით მსჯელობს ამერიკული თვითმფრინავების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის შესახებ. ისინი მხოლოდ ამძაფრებენ მტრულ გრძნობებს ამერიკის მიმართ, რომელთაც განიცდიან ისლამურ ქვეყნებსა და მსოფლიოს ღარიბ რეგიონებში მცხოვრები დამცირებული და ღირსებაშელახული ადამიანები.
არც ისლამი და არც სიღარიბე, თავისთავად, არ უქმნის ხელსაყრელ პირობებს კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო ტერორიზმს. მისი საფუძველია დამცირებული მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან მესამე სამყაროს ქვეყნები.
ღარიბებსა და მდიდრებს შორის არსებული უფსკრული ამჟამად უკიდურესად ფართოა. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მდიდარი სახელმწიფოების დოვლათი მათ საკუთარ მონაპოვარს წარმოადგენს, რაც არ უნდა აღელვებდეს ღარიბ ქვეყნებს. მაგრამ ამ უკანასკნელთ არასოდეს უნახავთ ეგზომ თვალსაჩინოდ, როგორია ფუფუნებაში ცხოვრება, რასაც აკვირდებიან ტელევიზიისა და ჰოლივუდის ფილმების მეშვეობით. შეიძლება აგრეთვე ითქვას, რომ ზღაპრები "მეფეთა ცხოვრების" შესახებ ანუგეშებს ღატაკებს. ამასთან, გაცილებით უარესია, რომ მსოფლიოს მდიდარი და ძლიერი სახელწიფოების "სიმართლე" და "კეთილგონიერება" ესოდენ ხაზგასმულია.
სადღეისოდ მაჰმადიანური ღარიბი, არადემოკრატიული ქვეყნის (ისევე, როგორც - ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის ან მესამე სამყაროს რომელიმე სახელმწიფოს) რიგითი მოქალაქე ხვდება, რაოდენ უმნიშვნელოა მისი წილი მსოფლიო დოვლათში, მან იცის, რომ მისი ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია "დასავლურთან" შედარებით. იმავდროულად, ასეთი ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი სიღატაკის მიზეზს წარმოადგენს საკუთარი (ან წინაპრების) უნიათობა და არასრულფასოვნება. დასავლეთის სამყაროსთვის, ალბათ, გაუგებარია დამცირების დამთრგუნველი შეგრძნება, რომელსაც განიცდის დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა. საჭიროა ამ განცდის დაძლევა, იმგვარად, რომ მათ არ დაკარგონ საღი განსჯის უნარი და თავი აარიდონ ტერორიზმის, ნაციონალიზმისა და ფუნდამენტალიზმის საფრთხეს. ამ მტანჯველ განცდებს ვერ სწვდებიან ვერც რეალისტური რომანები, რომელთა მიხედვით, სიღარიბესა და უმეცრებას გარკვეული ხიბლი გააჩნიათ, ვერც - ეგზოტიკური სათავგადასავლო ნაწარმოებები, თუმცა ადამიანთა უმეტესი ნაწილი სულიერ სიღატაკეს განიცდის. დასავლეთმა ის კი არ უნდა იკვლიოს, რომელი ტერორისტი ამზადებს ბომბს ამა თუ იმ კარავში ან გამოქვაბულში, არამედ - უნდა გაუგოს ღარიბებსა და დამცირებულებს, რომლებიც არ წარმოადგენენ დასავლური სამყაროს წევრებს.
საომარ მოწოდებებს, ნაციონალისტურ გამოსვლებსა და საომარ ოპერაციებს საპირისპირო შედეგი მოსდევს ხოლმე. დასავლეთის სახელმწიფოთა მრავალი აქცია და პოლიტიკური ნაბიჯი არღვევს მშვიდობას მსოფლიოში. ასეთია, მაგალითად, ახალი სავიზო შეზღუდვები, აგრეთვე - იძულებითი ღონისძიებები, რომლებიც ხელს უშლის მაჰმადიანებისა და ღარიბი ქვეყნების მცხოვრებთა ემიგრაციას; დამახასიათებელია სიძულვილი მაჰმადიანობისა და, საერთოდ, არადასავლური რელიგიების მიმართ, აგრეთვე - აგრესიული გამოთქმები, რომელთა მიხედვით, მთელი ისლამური ცივილიზაცია ტერორისა და ფანატიზმის საუფლოს წარმოადგენს. რამ აიძულა უპოვარი სტამბოლელი ბერიკაცი, არაფრად ჩააგდო ტერორისტთა გამოხდომები ნიუ-იორკში? რატომ სცემენ თაყვანს პალესტინელი ჭაბუკები თალიბებს, რომლებიც აზოტმჟავას ასხამენ ჩადრმოხდილ ქალებს? ამის მიზეზი არ გახლავთ არც ისლამი, არც (იდიოტური გამოთქმის თანახმად) "დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის". მისი საფუძველია ადამიანთა ურთიერთგაგების დეფიციტი.
წარჩინებული საზოგადოებრივი ფენის განათლებულ წარმომადგენელთა აღიარებით, თურქეთის რესპუბლიკა არ ცდილობს, გაუგოს საზოგადოების ღარიბ წევრებს, არამედ - მიმართავს იძულებით იურიდიულ ღონისძიებებს, აკრძალვებსა და სამხედრო რეპრესიებს. მოდერნიზაცია ბოლომდე ვერ განხორციელდა, ამიტომ, თურქეთი იქცა მხოლოდ შეზღუდული დემოკრატიის სახელმწიფოდ. ამჟამად, როდესაც გვესმის მოწოდებები დასავლეთისა და აღმოსავლეთის საომარი დაპირისპირების შესახებ, ალბათ, ბევრი ქვეყანა აღმოჩნდება თურქეთის მდგომარეობაში, რომელსაც თითქმის პერმანენტულად მართავს სამხედრო კანონი. ვშიშობ, რომ თვითკმაყოფილი და ფარისევლური დასავლური ნაციონალიზმი, საბოლოოდ იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ ორს პლუს ორი უდრის ხუთს (დოსტოევსკის რომანის - "ბარათები იატაკქვეშეთიდან" - გმირის მსგავსად, რომელიც კიცხავს დასავლურ "გონს"). არაფერი ისე არ გააძლიერებს "ისლამისტების" ქმედებებს, როგორც - მსოფლიოს დამცირებულ მოქალაქეთა ინტერესების გაუთვალისწინებლობა დასავლეთის მიერ.
სტამბული, 2001 წ. 8 ოქტომბერი
© “არილი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment