ჩემი სიზმარი კვდებოდა და
ცოცხლდებოდა ჩემი ხორცი.
დედაჩემის ჭკნობადი ხელით
იღებოდა ფანჯარა
გაზაფხულის მიმართულებით და
ჩიტის ჭიკჭიკი შემოდიოდა
ჩემს ცოცხალ-მკვდარ ამ სიზმარ-ხორცში.
გაუგებარი იყო,
რა საით მიისწრაფვოდა,
და მაინც,
ამ მისწრაფებათა სიზუსტეში
ძნელი იყო შეტანა ეჭვის.
იშლებოდა ჩემი ოცივე თითი და ცდილობდა
შეხებოდა მიწისა და ცის ზედაპირებს.
ხამხამებდა ჩემი ორივე თვალი და
წონასწორობას ეძებდა
დანახვადსა და დაუნახავს შორის.
ხოლო ერთადერთზე ერთადერთი გული
ოცნებობდა მეორე გულზე მაშინაც კი,
როცა ის მეორე
გვერდით უცემდა სწორედ.
სიზმარი კი -
სიზმარი კვდებოდა კვლავინდებურად,
ოღონდ რაც დრო გადიოდა,
სულ უფრო და უფრო ვერ ცოცხლდებოდა
ფლაშე სხეული ჩემი,
რომლისკენაც გაზაფხული მუყაითად
აღებდა ფანჯრებს და
ბროუნის მოძრაობასავით უშვებდა
მილიონამდე ჩიტის ჭიკჭიკს.
ბუმბული, კონვერტი, თოვლი...
ზურგით მიეყრდნო ჩიტის ზურგს,
თანაც ცაში.
ჩიტი ფრთებს ამოძრავებდა,
ის - ორ დასტად გაყოფილ
შეყვარებულების წერილებს.
მარჯვენა ხელით - სასიხარულოებს,
მარცხენათი - სევდიანებს.
ჩიტი ზურგსუკნიდან ეჟღურტულებოდა:
ასეთ წონასწორობას
ჩემი ფრთებიც კი ვერ იცავენო...
ის პასუხობდა:
უბრალოდ, შენ ფრთები უფრო დაგეღალა,
ვიდრე მე ბარათებიო...
ასე ისხდნენ ლურჯ მინდორზე
პირშექცეულები და ზურგგამთლიანებულები,
უმზერდნენ იქვე მობალახე ღრუბლებს და
ანგელოზებს, ზამთრისთვის ორმ ცელავდნენ ცის ბალახს...
ორი ფრთა და წერილების ორი დასტა
მოზომილად მოძრაობდა და მხოლოდ ხანდახან
ცვიოდა თოვლის დამატებად დედამიწაზე
ღერა-ღერა ბუმბული და კონვერტი...
მე, ამ ამბის მთხრობელმა,
სწორედ დღეს მივიღე ეს იშვიათი კორესპონდენციები
და შევეცადე, მათ ჭეშმარიტ,
და არა შემთხვევით ადრესატად წარმომედგინა თავი,
სანამ ისინი, ფანტელებს შორის არეულნი,
საბოლოოდ დამადნებოდნენ თავზე...
უმცროსკლასელის სასთუმალი
დაფის საწმენდ ბალიშზე რომ დავდე თავი,
ჩემი სათამაშო ცხენი მესიზმრა, რომელსაც ვუთხარი:
მოვა დრო, როცა შენგან მხოლოდ ჩლიქი დარჩება
და ჩემგან მხოლოდ მენჯი,
ხოლო იმ ზონდისთვის, რომელიც დღეს სკოლაში გადამაყლაპეს,
აღარ იარსებებს გზა, ჩემს სხეულში სამოგზაუროდ.
დაფის საწმენდ ბალიშზე რომ დავდე თავი,
თმა მოხუცივით გამითეთრდა იმ ცარცისაგან,
რომლითაც ქართულის მასწავლებელი
დღეს სკოლაში მაწერინებდა ზმნებს:
"ამოვარდნა, გადმოყუდება, გაყურსვა, დახრა..."
და მავალებდა მათ უღლებას დაუსრულებლად,
თითქმის სიკვდილამდე.
დაფის საწმენდ ბალიშზე რომ დავდე თავი,
გამახსენდა მეორე, ოდნავ უფრო პატარა, ვარდისფერი ბალიში,
რომლითაც დღეს ნინო ცომაია შლიდა
მის მიერ გამოყვანილ არითმეტიკის ამოცანებს
და მომინდა,
ეს ბალიში მიეტყუპებინა ჩემი ბალიშისთვის
და თავისი ბაფთიანი თავი ჩამოედო ზედ.
ჩვენი საკლასო ოთახის ფანჯრის რაფაზე
კაკტუსები ალაგია და მორიგეები ყოველ დილით რწყავენ მათ.
ჩვენი სკოლა წითელი კრამიტითაა გადახურული და
ამითი განსხვავდება სხვა, ბრტყელსახურავიანი, რუხი სკოლებისგან.
ზარი როცა ირეკება,
ყველანი გამოვრბივართ და ვცდილობთ,
ერთმანეთს დავასწროთ მოაჯირზე შეხტომა და ჩამოსრიალება.
ყველაზე უცნაური მასწავლებელი კი ხატვის მასწავლებელია,
რომელიც, თუ ფანქარი ან ცარცი არ უჭირავს ხელში,
აუცილებლად კრიალოსანს მარცვლავს და
თავისთვის ბუტბუტებს რაღაცას.
სწორედ მას მოვუყვები მე ხვალ,
თუ რა უცნაური შეგრძნებები დამეუფლა,
როცა დაფის საწმენდ ბალიშზე დავდე თავი და
ხან სათამაშო ცხენს ველაპარაკებოდი და
ხან ნინო ცომაიას ვნატრულობდი ჩემს გვერდით.
ვინ იცის, იქნებ ჩემმა ხატვის მასწავლებელმა
ქარბორბალას, სერვისის და მსგავსი სისულელეების ნაცვლად,
დაფის საწმენდ ბალიშზე დადებული თავების
დახატვა მასწავლოს.
© “არილი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment