წერილები ზონიდან
გთავაზობთ ფრაგმენტებს წიგნიდან, რომელიც 2000 წელს გამოსცა გამომცემლობა "ფილმადარანმა" (ერევანი) და რომელშიც თავმოყრილია სერგო ფარაჯანოვის მიერ 1974-77 წლებში ციხეებიდან და ბანაკებიდან გამოგზავნილი 190 წერილი. უნიკალური ფოტომასალით უხვად ილუსტრირებულ ამ წიგნში წერილები ორ ნაწილადაა გაყოფილი. ასეთივე სახით გთავაზობთ ჩვენც შერჩეულ მასალას.
თარგმნა შოთა ბუტკოვსკიმ
მეუღლისადმი, შვილისადმი და დისადმი გაგზავნილი წერილებიდან (1)
* * *
(...) დაღუპვები - გაგარინი, ენგიბაროვი, თამაზ მელიავა, ედიტ პიაფი, ლეს კურბასი, ჟერარ ფილიპი, ციბულსკი, გუნდად დახოცილი ჩემი დეიდები და ბიძები - ჭაღარა ბაბუაწვერები. ყველაფერი თითქოსდა ამზადებდა ჩემს სიკვდილს. მაგრამ უცებ საიქიო - და მე ცოცხალი ვარ. ვცოცხლობ შიშსა და სიხარულში, რომ ვცოცხლობ, ვმეგობრობ, რაღაცას ვხედავ - სხვის ჭირ-ვარამს და ვუთანაგრძნობ მას, შევდივარ მასში, მჭირდება იგი და გამოვხატავ ამ ყველაფერს... მომხდარის შესახებ ვიცი, რომ შეუძლებელია ჩემი დაბრუნება ხელოვნებაში, თუ შესაძლებლის საზღვრებს არ გავწევ (...)
რა უცნაურია, რომ გნახე. სიზმარში, შავ ბალიშზე იწექით შენ და სურენჩიკი. მორიგეობით სწევდით თავებს და მთხოვდით: "არ დაგვტოვო". მაგრამ ჩემსა და თქვენს შორის იყო პლასტმასის შუშა და სიჩუმე (...)
* * *
(...) დღეს ოთხშაბათია - ჩემი გამოსასვლელი დღე. ფანჯრის მიღმა ქარბუქია, საწყობის ჭვარტლი, მატარებლების კივილი. ყორნები ჩემი ციხე-სიმაგრის თავზე არ ჩხავიან. ქვისსატეხი ქშინავს. ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, დავმშვიდდე, შვილს და მეგობრებს მოვეხვიო წარმოსახვით (...)
მე არ ვიცი ჟარგონი. არ ვეწევი და არ ვსვამ ჩეფირს, არ ვიკეთებ სვირინგებს და არ "ვავრცელებ პარაშას" - ახალ ამბებს. მერე კიდევ, მათგან არავის სჯერა, რომ მე ს.ფ.ვარ. ისინი თვლიან, რომ ვარ ცნობილი რეჟისორის ძმა - აფერისტი და დამნაშავე.
* * *
(...) ზეკები აღმერთებენ კატებს! ისინი მათ ეფერებიან, თამაშობენ მათთან, ხელით აჭმევენ საჭმელს, და რაც უფრო მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, მით უფრო ნაზები და სენტიმენტალურები არიან (...)
* * *
სვეტლანა, გამორიცხული არ არის, რომ ეს დასასრულია. რა ლამაზად ვიცხოვრე 50 წელი. მიყვარდა - ვლაყბობდი - ვიხიბლებოდი - რაღაც შევიმეცნე - ცოტა რამ გავაკეთე - მაგრამ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა ადამიანები და ძალიან დავალებული ვარ მათგან. ნაცრისფერს ვერ ვეგუებოდი. ყველაზე მოდური ფერია. დროის მოთხოვნა! (...)
* * *
(...) ამას წინათ მივიღე წერილი ნ.ი. კოზლოვსკაიასაგან. იგი ჩემი ისტორიის მასწავლებელი იყო სკოლაში. ის ცოცხალია. ის პირველია, რომელმაც დამშოკა. დამშოკა მაშინ, როცა ხელების გრეხვით და თვალების კარკვლით ნერონზე, კართაგენსა და რამზესებზე მღეროდა და ვერ ხედავდა, რომ მოსწავლეები ტოვებდნენ კლასს. და ის თითისწვერებზე მიმოქროდა მერხებს შორის და ფხიზლდებოდა ზარისაგან, რომელიც გრგვინავდა სტაროსტა სირაკანის ხელში. მე ვერ ვპოულობ სიტყვებს და აზრებს, რათა ვუპასუხო მას. სიტყვები არ არსებობს. მხოლოდ ცრემლები. სკვორცოვმა, ჩემმა პედაგოგმა, იმ წერილზე, რომელიც მას გავუგზავნე, ძალა ვერ გამონახა ეპასუხა, რადგან ჩემს წერილ-ისტერიკას გენიალურად თვლის (...)
* * *
(...) რა მომწონს და რა მინდა სინამდვილეში.
პირველი: "კინო, როგორც ცნება" ჩემთვის უკვე აღარ არსებობს. არის გასაოცარი თვინიერება და სიჩუმე. გაუცხოება და სწრაფვა თვით როკოკოს პასტორალისაკენ.
ამიტომაც აზრები დახეტიალობენ და ეძებენ გეოგრაფიას, ეძებენ სად და როგორ იცხოვრონ ქალაქებისა და ცივილიზაციისაგან მოშორებით, წყაროსთან და ნაყოფებთან, ანდა სტუმრობენ არტისტიზმისა და ავანტიურის მძვინვარე შიგანს.
* * *
(...) ვნახე "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება" - "ციგანშჩინა", უხამსობა და "აჩრდილიზმი", ვერგაგებული და გაუაზრებელი. მგონი, უფრო "ავტორიტეტი გაემგზავრა ცას". ტომა დაფასებული ბიუსტით, თანამედროვე სიმღერები და კაფე "რომანე". ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირს თავისი რაჯ კაპური ჰყავს. გორკის სტუდიიდან "ინდია-ფილმის" შექმნა შეიძლება.
(...) არაფერს არ ვწერ, არ ვხატავ... არ ვმღერი და არ ვცეკვავ... არ ვხედავ სიზმრებს... არ ვოცნებობ. მაკაშოვი (2) მართალია... მან მე გამანადგურა.
(...)რაც უფრო შორდები კიევს, ცენზორები მით უფრო ფხიზლობენ. ეს ვინიცა არაა, სადაც ცენზორი კაცია. აქ ცენზორშები არიან! მე ისინი არ მინახავს...
ჩემი მასწავლებელი - ნინა ივანოვნა კოზლოვსკაია 85 წლისაა. მან მე ლექსები მომიძღვნა. ეს საოცრად გულისამაჩუყებელია. ნუთუ ვეღარ ვნახავ მას? იგი კამეაა, მუმიაა...
* * *
როზი!
მე ტყვეობაში ვარ და არა პატიმრობაში. ეს ჩემი საუკეთესო წლებია - ეს მეტია, ვიდრე ოქსფორდი და ასპირანტურა. ეს კონტაქტებია სისასტიკესთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან. და რა, თუკი საერთოდ ვეღარ ვიხილავ "თავისუფლებას". განა ეს მისია არაა?
განა თავისუფლება ჩემთვის დღეს უფრო საშინელი არ არის, ვიდრე "იზოლაცია"? აქ მე დღეში 36 კაპიკი ვღირვარ. 2 ზეწარი და 2 ბალიშისპირი მაქვს. კვირაში ერთხელ - კინო, აბანო! გაზეთი "ტრუდოვაია ჟიზნ" და სამუშაო! არცთუ ისე მძიმე. ცოცხი, ელექტროდები - რა, ძალიან ცუდია ეს?! რა მოხდება, თუკი საერთოდ აღარ მივუბრუნდები კინოს. და საერთოდ, რა არის კინო? გასართობი შინამოსამსახურეებისათვის (...)
მეგობრებისადმი გაგზავნილი წერილებიდან
ძვირფასებო ლილია იურიევნა და ვასილი აბგაროვიჩ! (3)
მივიღე თქვენი წერილები - გპასუხობთ!
1. ყვავილები ჩემი გაკეთებული კი არ იყო, არამედ ზოზულია დანკოსი - მეაბანოვესი (მე-6 ნასამართლობა).
2. წმ. სერაფიმის პორტრეტი გააკეთა როგულ მიზგამ, მტვირთავმა (მე-3 ნასამართლობა). შარავანდით და ჯვრით.
3. არაფერს არ ვწერ და არ ვხატავ. და არც ვაპირებ. რა საჭიროა! წავიკითხე "ამარკორდი" - ვერ შემძრა, რადგან სამყარო, რომელიც გარს მარტყია, უფრო ძლიერია, ვიდრე იტალიელი Amigo-ს მინიატურების სამყარო (...)
ლილია იურიევნა! მე ვთხოვე სვეტლანას, წასულიყო გმირობაზე და იზოლაციის პირობებში ხელი მოეწერა ჩემთან. ბანაკში მოვა მმაჩი, ჩვენ დაგვაქორწინებენ და შამპანურსაც კი მოგვაწვდიან. საზარელი რიტუალია, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში საოცრად წმინდა და აუცილებელი. სვეტლანა ჭკვიანი და ლამაზი ადამიანია, ესმის ჩემი მდგომარეობა და როგორც ქალს და მეგობარს, ექნებოდა უფლება, ეტარებინა ეს ჯვარი. მაგრამ ის დუმს. თქვენ რას ფიქრობთ ამ იდეაზე?(...)
გთხოვთ, თავს გაუფრთხილდეთ. პასიანსი მიატოვეთ. ჟანგბადი და გასეირნებები, ნაკლებად - სტუმრები, აღიდგინეთ ძილი. სვით ნაყენი. უკან - ბუნებისაკენ. ყველაფერი უკვე მოხდა! ყველაფერი განცდილია! ყველაფერი მეორდება.
ყველაფერი, თქვენს მიერ გამოგზავნილი, - დღესასწაული იყო. დღესასწაულზე მეტი კი - თქვენი ვიზიტია.
ლუბა! (4)
კირა მურატოვა გენიალურია. ის - ლამაზი და ჭკვიანი (რუმინეთის პრინცესა), გერასიმოვის და მაკაროვას საყვარელი სტუდენტია. თქვენ უნდა ნახოთ იგი და დაელაპარაკოთ. თქვენ წრე გჭირდებათ! ეს ცხოვრების აუცილებელი პირობაა. წრე აყალიბებს და ფილტრავს ზნე-ჩვეულებებს და ვნებებს. ჩემი წრე გასაოცარია. ის გაფართოვდა დაპატიმრების შემდეგ და ფასდაუდებელი გახდა. მე ვქმნიდი ფილმებს - ესთეტურს, შევქმენი მიკროსამყარო, ვქადაგებდი საიქიოს და გაუცხოებას. ახლა კი ჩემს ფსიქიკაში წრე შემოიჭრა. შემოიჭრნენ მუსტანგები მხედრების გარეშე. რა საოცარი მეგობრები არიან ისინი! მე მათ ვთვლი ახლობლებად, კეთილ და საჭირო ადამიანებად. ძნელი წარმოსადგენია, რომ მე ქურდობისა და სხვა დანაშაულობებისადმი სისუსტის გარეშე წავალ ამ გარემოდან. ეს გარდაუვალია... მე ისევე სუსტი ვარ, როგორც ისინი.(...)
თქვენ, ორივე, იმ წრიდან ხართ, რომელსაც მე ვუფრთხილდებოდი და ვიცავდი, თქვენ საოცრად ლამაზები და სუფთები ხართ. მე მინდა გაჩუქოთ საქართველო! ეს ისაა, რაც ძალიან უყვარდათ გრიბოედოვს, ლერმონტოვს, პუშკინს და პასტერნაკს. ეს არც ისე იოლია. და ძალიან მინდა ლილია ბრიკთან დაგაკავშიროთ. ის გადასარევია. ის პირამიდის ნანგრევებივითაა. დიადი და ამაყი! (უფრო სწორად - ამაღელვებელი). (...)
რომა! (5)
შენ თვლი, რომ მე პატიება უნდა დავწერო. ნუთუ ფიქრობ, იმისათვის ჩამსვეს, რათა ეპატიებინათ? ვინ წავა ამაზე და რატომ? რაში ვარ დამნაშავე? ვინ იყვნენ ჩემი მოწმეები - დაზარალებულები, ჩემს მსხვერპლად რომ გაითამაშეს თავი? ეს აუხსნელია. მე თავს კი არ უნდა ვუშველო, არამედ უნდა დავიღუპო. ეს ჩემი მისიაა. (...)
რომა!
წაიკითხე, გეთაყვა, კორნეი ჩუკოვსკი, III ტომი, "ოსკარ უაილდი" - და ყველაფერს გაიგებ. წაიკითხე ორჯერ და სვეტლანასაც მიეცი წასაკითხად. ეს უბრალოდ შემზარავია - ანალოგია ყველაფერში.
* * *
ძვირფასო ჩემო მეგობარო და ადამიანო! (6)
გწერ წინდღეს 17 დეკემბრის, როცა შესრულდება სამი წელი ჩემი სასტიკი იზოლაციის. დარჩა ორი წელი. ჩემი სახლი კიევში დარბეულია, ფილმები ეკრანიდან მოხსნილია, თბილისში დედაჩემი მოკვდა, მოპარსულია წვერ-ულვაში. მე შეურაცხმყვეს და მტკიცედ ჩამმარხეს ტონობით მავთულხლართსა და ბეტონში, რეციდივისტებს, ქურდებს, ნარკომანებს შორის! და ეს ყველაფერი ჩემს მიერვე იყო ორგანიზებული, ვინაიდან ჩემი არსებობის სტილი წააგავდა "ნადიმს შავი ჭირის დროს". სისხლით უნდა აანაზღაურო, რომ გრძნობ სილამაზეს მეგობრებთან შერწყმასა და საოცარი საიდუმლოებების შეცნობაში. მაგრამ ეს აუცილებელია შეიგრძნო ნებისმიერ ასაკში, რადგან ამის გარეშე შეიძლება არასრულყოფილი ხელოვანი იყო. არსებობს კიდევ მეცხრე წრე - აკრძალვებისა და კატორღების. ეს საკვირველია და გარდაუვალია. მე მეჩვენება, რომ მხოლოდ ახლა შევძლებდი შემექმნა საკუთარი პირველი ფილმი. მხოლოდ 50 წლის ასაკში გავიგე, ტილები რომ სტოვებენ გვამს და მრავალი სხვა რამ.
მაგრამ ამაზე მერე...
მთავარი და საწყენი ისაა, რომ აღარაა ელენე დმიტრევნა (7). საოცარი მეგობარი, რომელმაც ყოველ ჩვენთაგანს ისე მისცა ბევრი რამ, რომ ეს თავადაც არ იცოდა. მთავარია, შეაჯახო ერთმანეთს ნივთებისა და ადამიანების სილამაზე. ეს მან დამანახა, თუ ვინ იყავით თქვენ და თავად თქვენდამი, საკუთარი აღმოჩენისადმი, დაბნეული ადამიანის დამოკიდებულება ჰქონდა. მსუბუქი იყოს მიწა მისთვის. (...)
გაიანე, ძვირფასო და მშვენიერო მეგობარო და ადამიანო! გაუფრთხილდით თავს. შეეცადეთ, არ იავადმყოფოთ, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიცი, რითი ავადმყოფობთ და რა გჭირდებათ. ჩემი სიყვარული თქვენდამი, ბაჟბეუქ-მელიქოვების ოჯახისადმი, სოფიკოსადმი და გიორგი შენგელაიასადმი, ჩვენი მიწისადმი - ქართულისადმიც და სომხურისადმიც, - გასაოცარია. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჩემს მიწაზე კი არ ვიდექი და იქ კი არ ვცხოვრობდი - არამედ ვყარიბობდი და იზოლაციაში აღმოვჩნდი. მოუფრთხილდით თავს და საკუთარ ნიჭს. ის გასაოცარია. (...)
შენიშვნები
(1). სვეტლანა შჩერბატიუკი - სერგეი ფარაჯანოვის ყოფილი მეუღლე, რომელსაც იგი 1960 წელს გაეყარა.
სურენ ფარაჯანოვი (დაბ.1958 წ.) - სერგეი ფარაჯანოვის და სვეტლანა შჩერბატიუკის ვაჟი.
რუზანა (როზი) ფარაჯანოვა-აბრამოვა - სერგეი ფარაჯანოვის და, რომელიც კალინინგრადში ცხოვრობდა.
(2). ევგენი მაკაშოვი - უკრაინის პროკურატურის გამომძიებელი. იგი იძიებდა ფარაჯანოვის საქმეს.
(3). ლილია ბრიკი - ვ. მაიაკოვსკის ახლო მეგობარი. დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. მას ეძღვნება მაიკოვსკის ბევრი ლექსი. იყო ოსიპ ბრიკის მეუღლე, შემდგომში კი ვასილი კატანიანის. დიდი როლი შეასრულა ფარაჯანოვის ვადამდელ განთავისუფლებაში.
ვასილი კატანიანი - ლიტერატურათმცოდნე, დრამატურგი, ლილია ბრიკის მეუღლე.
(4). ლუბა ჩემერისი - მეუღლე ვლადიმირ ჩემერისის, რომელიც ბანაკში ზეინკლობას ასწავლიდა. ლუბა ოცნებობდა, გამხდარიყო მსახიობი და ფარაჯანოვი შეძლებისდაგვარად ცდილობდა, დახმარებოდა მას.
(5). რომან ბალაიანი - კინორეჟისორი.
(6). წერილი გაგზავნილია გაიანე ხაჩატურიანისადმი, თბილისელი მხატვრისადმი.
(7). ლაპარაკია ელენე ახვლედიანზე.
© “არილი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment