სიცარიელე
(პოემა)
დღეს ვამხელ - ათ წელზე მეტია, ამ საშინელების დაწერა მინდოდა და ყოველთვის ფეხს ვითრევდი, შეკავებული მოლოდინით ვთვრებოდი. ეს არ იყო სიზარმაცე. არც ახლა გახლავთ მთლად იოლი დასაძლევი ყოვლის გამხელა, სამზეოზე გამოტანა, აშკარად, ჯიქურ თქმა იმისა, რაც ყველა თქვენგანმა ისედაც კარგად იცის. რამდენჯერ მოხდა ის, რისიც მეშინოდა: მიზანი - მიზნად, სურვილი - სურვილად დამრჩა. რა მექნა, გავბედე, მეტი გადადება ცოდვის გადიდება იქნებოდა.
* * *
ძველ ჩინელებს მიაჩნდათ, რომ ქაოსიდან თავდახსნილი დაოს კოსმოსი სამყაროული "სიცარიელე-ენერგიის" ნელმა შემკვრივებამ წარმოშვა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაწერილ ერთ ჩინურ ტრაქტატში ნათქვამია: "დაო უსაზღვრო სიცარიელეში დაიბადა". ამავე სიცარიელეში გაჩნდა დრო და სივრცე... სიმშვიდემ ცა და მიწა ერთმანეთისგან გამიჯნა. ძველი ბერძნები იმთავითვე მიხვდნენ - სიცარიელის გარეშე მოძრაობა ყოვლად შეუძლებელი გახდებოდა (ახლა იოლია ამის დანახვა). ბგერაც ჰაერში უნდა დაირხეს, გახმიანდეს, მუსიკას სიცარიელე სჭირდება. წმინდა კაცი, ადამიანის სულისა და აღნაგობის უღრმესი მცოდნე, დიდი ღვთისმეტყველი გრიგოლ ნოსელი ამბობს და უნდა ვენდოთ - დაპირისპირებულთა მონაცვლეობა განუწყვეტელია, სისავსე და სიცარიელე გადაბმულად ეხლართებიან ერთმანეთს. ზუსტად ასევეა ძილი და სიფხიზლე; მათაც სჩვევია, ასულდგმულებს ადგილშენაცვლება... დაღლა რომ არ დაეტყოს, ბუნებას შესწევს უნარი - თავი განიახლოს. ძაფებად გაწელილ ბაყაყის ქვირითზე დამჩნეული შავ-შავი წერტილები და დამამლულ კვერცხში, სანთლის ალზე, გალანდული რგოლი - სიცოცხლეა. მეჩვენება, ყველაზე მეტად, სიცარიელე კვერცხს ემუქრება. საკმარისია - ნემსის წვერით გახვრიტო და იოლზე იოლია მისი დაცლა, გამოსრუტნა. დღემდე არ უარუყვიათ თეორია, რომ სამყარო გიგანტური კვერცხის უეცარმა, უმძლავრესმა აფეთქებამ დაბადა; შავ უსასრულობაში განიბნენ მაშინ ციური სხეულები; ბოლავდნენ, იწყეს მიჩენილ წრეებზე სრიალი, სრბოლა. ამომიკითხავს - სხვა სიმაღლიდან წამოიღო ღმერთმა უთვალავი თესლეული, იქ მიფანტ-მოფანტა ქარის ხელით, ცის ნამი ასვა, აღმოაცენა, გაახარა, გააშენა სიზმარში ნანახი ნაყოფსავსე ბაღი, ბოლოს ჩვენ რომ შევსეოდით.
* * *
პირველად ერთი კაცის (სახელმწიფო მოხელის) საწერ მაგიდაზე ვნახე პლასტმასის მუქი ყავისფერი, მჭიდროდ შეკრული კოლოფი, წიგნის ფორმისა. ეს იყო შევჩენკოს "კობზარი", ალბათ საკანცელარიო წვრილმანების (სამაგრები, ჭიკარტები) ჩასაწყობი ნივთი. თავი ფრთხილად ავკეცე და ჩავიხედე. შევწუხდი, სიცარიელე შემომეფეთა. წიგნის ფიტული აღმოჩნდა. ეს იყო გამომშრალი, ძარღვებგადაჭრილი, შიგნეულამოცლილი არარაობა. მალე (ოღონდ სხვა მაგიდაზე) იგივე ბედი ეწია უილიამ შექსპირის ტრაგედიებსაც. შექსპირის ერთ-ერთი, ნიღბიდან დახატული, სანთელივით უძრავი სახის მიღმაც ილანდება შავი სიცარიელე, რისი შევსებაც, დღემდე, ვერა და ვერ ხერხდება. ბევრჯერ მივეახლე, მსურდა შემეცნო, ვინც ამა ქვეყნის მტანჯველ სიცარიელეს, მწარე ხაპივით გაბერილს, ყავარჯენს უკაკუნებდა, დამცინავად ეთამაშებოდა (იგი პროზად დაწერილი ერთი მეტად უცნაური, აუხსნელი პოემის ავტორია; ნაბოკოვი მის ერთ, სასწაულით გადარჩენილ ფოტოს აკვირდებოდა, უკვირდა ამ კაცის არსებობა; იშვიათი გარეგნობის გამო, რელიქტურ ხვლიკს შეადარა).
* * *
ყოველ დილა-საღამოს ვიტანჯები, სხვადასხვა დროს მიფიქრია და მითქვამს - ნუთუ სრულებით არ გაშინებთ, ადამიანი დიდი ღრუ, სიცარიელე რომაა, არაფერს რომ არ ნიშნავს ნეკნების თეთრ ბადეში ჩაჭედილი შიგნეული; არც ღვიძლი, ფილტვები, ელენთა, თირკმელები, მით უფრო, ნაღვლის ბუშტი... ყველაფერი პირწმინდად გაიწურება და გავა, ნალექსაც არ დატოვებს.. მოფართხალე გულიც ფორთოხალივით გამოხმება, როცა იქნება, მის წითლად დაკუნთულ კედლებშიც შემაშფოთებელი სიცარიელეა გამოკრული. სათქმელადაც არ ღირს, იმდენად აზრისგან დაცლილია თავად ჩემი ცხოვრება - მე რომ დროზე, თავიდანვე მეზრუნა, ცარიელ დღეთა ვეება აცმები მექნებოდა; დღემდე მიკვირს, იმ დღეებმა მიწას რომ არ ამგლიჯეს, არ გადამკარგეს. ძანძალს იწყებს ტან-ფეხი, ბოლო წლებში ისეთი უსიამო ფიქრები მეძალება... დავრდომილი მოხუცის ხილვისას უფრო ვხვდები, რაოდენ არაგამძლე, თქლაფი, იოლად დასაშლელი მასალაა ხორცი, მით უმეტეს, თაკარა ზაფხულის სიცხეში. ორიოდე კვირით ლოგინად ჩავარდნაც კი საკმარისია, გარბილებული, მოთანთალე ქსოვილი მყისვე რღვევას იწყებს - მკლავებზე, ნეკნებზე, თეძოებზე, ნანემსარებზე; მზადაა, მუცელსაც შემოაცვდეს, შემოეცალოს. ამავე ძრწოლას ეხმიანება ჩემი ერთი უთარიღო ჩანაწერიც (შიში ხომ უვადოა):
* * *
მერიდება თქმა, მაგრამ იძულებული ვარ (თანაც მერამდენედ), განვაცხადო - ადამიანი შიგნიდან ცარიელია. ამისკენ, უპირველესად, მიბიძგებს მუცელი - ღრუ, სიცარიელე. აქვე მახსენდება დანით გაფატრული, გამოწელილი თევზი. ასევე, სამუმიედ გამზადებული, გაციებულ ცვილად ქცეული მიცვალებული, რომელსაც ირგვლივ გაზეთილი ტილო უნდა დაახვიონ, ჭუპრივით შეფუთონ და მერე, გამოსაშრობად, ჰაერში უსასრულოდ აკიბულ საუკუნეებს გადასცენ; იმაზედაც მიფიქრია (დოკუმენტურ ფილმში მინახავს) - რა თავზარდამცემია გრილ კატაკომბებში, ხარიხებზე გამწკრივებული, გაფიჩხული გვამები, რომელთა ნედლ ძარღვებში, ერთ დროს, მდუღარე, ალისფერი სისხლი წრიალებდა. იმ სურათმა მომაგონა ქონით გაპოხილ მორუხო, სქელ მუყაოში შეფუთული, წვრილი კანაფით გაკოჭილი, ცხლად შებოლილი ოქროსფერი, უწვენო სტავრიდა, ასე საეჭვოდ რომ მიახლოვებს სიცარიელეს, სიკვდილის გამყინავ განცდას. არ გაგიკვირდეთ და სწორედ ამ დროსვე წარმომიდგება ვეებერთელა, კათოლიკური ტაძრის ღია, ჭერმაღალი ინტერიერი; ეს გახლავთ ერთი უცნაური ნიდერლანდელი მხატვრის გრაფიკული ნამუშევარი. ფაქტურა მარმარილოა. სარკოფაგზე გაწოლილია მღვდელმთავრის ქანდაკება. გატოტილა ორკაპა მიტრა, შავ-თეთრად დასალტული გრძელი თავსარქმელი. იგრძნობ, რას ნიშნავს მიუსაფრობა, გავერანება. ეპისკოპოსს მკერდზე აზის მინდვრიდან შემოფრენილი და აბობღებული, თავკისერმოღრეცილი კალია - ღამეული სიცივისგან სახსრებშეკრული, შტერად მდგარი, თვალებაბზინებული... რომ იკადრო, ფეხი დაადგა და გასრისო, გატოკებასაც ვერ მოასწრებს, გაფრენაზე ხომ ფიქრიც არ შეეძლება; განზეც ვერ გახტება საცოდავი. ამნაირ მკვეთრ მოძრაობას ზაფხულის დამხრუკავი, წითელი ხვატი ჭირდება, რაც უკვე აღარ ეღირსება სიმინდისტაროსფერ, დასეგმენტებულ, შეუმჩნევლად, უხმოდ მკუთავ სხეულს. დიდი-დიდი (ისიც საგაისოდ) თოფისწამალივით მისისხინებული კვერცხების დაყრა მოასწროს. ვერ წარმომიდგენია, თქვენ თვითონ არ გაგახსენდეთ სალვადორ დალის საკმაოდ ცნობილი სურათი, მძაფრად ეროტიული ხასიათისა, რომლის აღწერასაც, მიზეზთა გამო, მოვერიდები. ნამდვილ შლეგად გაქცევს, ათასი უქმი საფიქრალის ამშლელია სიცარიელე. კუბოს დანახვა, სადაც არ უნდა იყოს, გუნებას მიწამლავს, მძმარავს. ისედაც ზომაზე მეტი ვიბოდიალე, რა მრჯის, რაღა ბევრი გავაგრძელო - ლეშის ჩარჩალა ჭურჭელი, სარკოფაგი, ასე მესახება: სიცარიელე სიცარიელეში.
* * *
სიცარიელის მეტყველ გამოხატულებად მიმაჩნია ვეება, ბოლოგაფარჩხული, ულვაშებით დათასმული, ჯავშნიანი კიბორჩხალი, რომლის წვრილთვალება ფიტულს, კედელზე მიკრულს და ჩამოგრძელებულს, ძალზე უსიამო გრძნობა აღუძრავს. ბევრ თქვენგანს უნახავს მარილწყალში მოხარშული წითელი კიბორჩხალები. ბარში შესულები, მკვრივად შემოსალტულ ჯავშანს აჯიჯგნიან, ხრაჭახრუჭით შემოაცლიან, სანამ კიდურებში შემალული ერთი ციცქნა თეთრი ხრტილები არ შერჩებათ ხელთ და გემოიანად აკნატუნებენ, ზედ ცივ, ქარვისფერ, ქაფმოგდებულ ლუდს აყოლებენ, თუნდაც ორიოდე ზანტი საათით რომ შეავსონ მომლოდინე, გაუმაძღარი ფაშვის ბუყბუყა სიცარიელე, საძილედ მოითენთონ. თავის მოტყუებაა ესეც; ვის რა შერჩენია ამ ცრუ, მოლანდებულ ქვეყნიერებაზე, რაც არ უნდა იცმუცნოს ადამის უმადურმა ძემ, მოკვდავის მუცლით ნაშობმა, როგორ ამოავსებს უძირო, ამოუყორავ, აყურყურებულ სიხარბეს? კეცა-კეცად ჩაჭუჭკულ-ჩალაგებული შიგნეული (ამის მიგნება სულაც არაა ძნელი) თავად გამოჭამს ნიადაგ მოუცლელ მუცელს, მომცელავ სიცარიელეს აჩენს. თუნდაც თავმოკრულ ჭიპს ქვემოთ გადაკრული კრიალა კანი მოიქავე, დააკვირდი, რა ყრუ, პახპახა ხმას გამოსცემს ჩაგუდული სიცარიელე, თეძოებს მიბჯენილი, მარილგამჯდარი, გიდელა, დაძარღვული ბუშტი, ავსებისთანავე რომ იცლება, ფერს იცვლის გაჭყლეტილი, დაჩუტული. "გარუმბული" - მუცელგაბერილ კაცზე ითქმის და, ცხადია, დამცინავად ჟღერს. მინახავს უხეში, ხორკლიანი რუმბი, წაყრონჭილი, კედელზე აყუდებული; ესაა დროებით ფორმამიცემული სიცარიელე, ჩხვლეტისთანავე რომ იკეცება.
* * *
ხომ იტყვი: დასვრეტილ ძვლებშიც ქარი გაგდის, ძაღლის გაგდებულო, გასაგუდავო, თავჩაქინდრულო ქონდრისკაცო, რისი იმედი უნდა გქონდეს? ნეკნებზე ხელის დაყოლება, ნელა დასმა კმარა, რომ ხელად იგრძნო - ფუყე, მოყანყალებული კასრი ხარ, არაფერში მოსახმარი, გასახმობი. შუბლის იქითაც სიცარიელეა, ტვინი ხომ ისედაც ჩახმება ქალაში. ასევე მალე გამოშრება ზუთხის ხიზილალა, შავ-ნაცრისფრად მბზინავი; სუფრაზე დარჩენილი, დილით, შეგიძლია მარცვალ-მარცვალ დაფქვა თითებშუა. ძვლებში, გულში, მუცლის ღრუში, გამომშრალ ძარღვებშია დაბუდებული, არ გასვენებს, გელანდება, დაბადებიდანვე დაგდევს ცივი სიცარიელე...
* * *
უგულო, ფურფუტა თხილის ამჩატებული ნაჭუჭები ბევრჯერ მომისროლია. მაწუხებს ყურძნის მარცვალიც, გამხმარი, ხელში რომ გაფშვნი და მაშინვე ნაცრისფერი მტვერი გავარდება, განიბნევა. მაშინებს საწნახელის მუცელი, ამოქუთნული, რომლის ნამაჭრალ, მჟავე სიბნელეში წითური ქინქლა ირევა... იქვე გდია ყუნწწატეხილი, თესლამორიდებული, ყვითლად გაჩეხილი კვახი... სიცარიელეს ინახავს ჰაერჩაგუბებული უჯრა თუ კარდონის ჩახუთული ყუთი... მზარავს სიცარიელე მუცელგაღუნული, ობობას ყბებით გამოწუწნული პეპელასი, უსუსტეს ნიავსაც რომ შეუძლია ააქანაოს, დაძრას, შავ მტვერში გარიოს. რამ უნდა გამახაროს... პირველი არა ვარ, ვინც ეს საწუხარი გამოხატა, თუმცა ვერც იმას გავიხსენებ, სხვებს მთლად ჩემსავით გამოეთქვათ იგივე... ვერა და ვერ დავდექ უბრად; თავს არ ვიბრუებ და არც არავის ვეჯიბრები. მაგიჟებენ წაბლსა (თეთრი) და ნიგოზში (წითელი) შეყუჟული პაწაწა მატლები, შიგნიდან რომ ღრუტნიან ნაყოფს, ფქვავენ, ბნელ სიცარიელეს ტოვებენ... იყო ერთი იაპონელი პოეტი (მონაზონი), რომელსაც მთვარიან ღამით ჩაესმა როგორ გულდაგულ ბურღავდა წაბლში ჩახრახნილი მატლი თეთრ გულს, რძეს წოვდა. შეუძლებელია, ყველაფრის დამფარველ, მიმჩქმალავ ბუნებას ამაშიაც რაიმე გამოცანა არ ჰქონდეს ჩადებული. თვით ჩემი ჩუმი, თანდაყოლილი სიცარიელეც (ერთი პოემა ხომ ასე იწყება, ჩვენ, ადამიანები, ცარიელები, ფიტულები ვართო) მეხმარება, მოვლენიდან გამოვიტანო აზრი, ხშირად, იგივე უაზრობა. არ დავმალავ, მიკვირს, ეს უნარი ჩემთვისაც რომ გამოიმეტა განგებამ.
* * *
ერთი დიდი შემოქმედი ამბობს: "სიტყვები კიდობნებია". უნდა მიხვდე, რაგვარი სიტყვებიც არის აქ განჭვრეტილ-ნაგულისხმევი. იმ სიტყვებს შენი ქაფქაფა სისხლი უნდა გადაუტუმბო, რომ არ ჩახმეს, დაფუტუროვდეს. თუ გულმოდგინედ დააკვირდებით, სიტყვაც გამოღრუტნულია და სხეულიც; მუდამ იმას ვცდილობთ, როგორმე შევავსოთ ერთისა და მეორის სიცარიელე. ეს მოჩვენებითი სავსეობა იმდენად ხანმოკლეა, ბევრჯერ შეგაკრთობს. იტყოდი, რომ წვალება არ ღირდა, მაგრამ ამაზე საფიქრალადაც ვერ იცლი. რითი, რანაირად გინდა გაუმკლავდე მოქრიალე "მიწის წესს" - გაქრობას ღმერთების ტოლ გმირს, ლომის ფეხებზე შემდგარ გილგამეშსაც რომ ხრავდა. "ბუნებას არ უყვარს სიცარიელე!" - სიცარიელე ეშმაკეულის საბუდარია. შემჩნეულია - სიცარიელეს სიცოცხლეც ეტანება, იკავებს მის ადგილს. საკმარისია, კრაზანამ აივნის სვეტში ხვრელი იპოვოს და იქ შეძვრება, გამრავლდება. ამასვე აკეთებს გაზაფხულზე მოფრენილი ნამგალა ჩიტი; აგურის კედელში ნაპრალს თუ მიაგნო, შეიმალება, სამყოფელად აქცევს. ეს ორი შემთხვევა ჩემი თვალით მინახავს. მაგალითები ზღვასავით ულეველია. შიში მაქვს, ჩვენს მიტოვებულ კარ-მიდამოებსაც უცხოთესლი დაეპატრონება.
* * *
სულ მახსოვს, როგორ აკაკუნებდა მამაჩემი სიცხიანი ჩვილის ბეჭებზე თავის მოქნილ თითებს, ყურს ადებდა ალმურადენილ ზურგს, პლევრადან გამოცემული mსტვინავი, ხიხინა სუნთქვა რომ არ გამოპარვოდა. რა გასახსენებელია სიცარიელეთაგან ყველაზე ულმობელი, უსასტიკესი - ბრინჯაოს ხარის გახურებული მუცელი, სადაც კართაგენელი დესპოტები ცოცხლად ამწყვდევდნენ განწირულებს, შიგ კეტავდნენ და წვავდნენ; ყოველი მხრიდან ცეცხლი ჰქონდა შენთებული და ის უცნაური "სიკვდილის მანქანა" აფრიკის მზესავით ვარვარდებოდა. ამ დროს, სიღრმიდან ნაფლეთ-ნაფლეთად ამოდიოდა დაბუგულის მდუღარე ღრიალი, რომელიც ძალზე გავდა ყელგამოღადრული ხარის სასოწარკვეთილ ბღავილს. როგორ არ ჩამოიქცა აქამდე ცა, ამდენი ვერგასაძლები ხმის მომსმენი?!. სხვა ცოდვებიც ამძიმებდა კართაგენს - ნაყოფიერების ღვთაებას ბაალს (რის ფასად!) იქაც დაუნანებლად სწირავდნენ თავიანთ პირმშოებს, ჩვილებს. ამიტომ თუ იწვოდა თექვსმეტი დღე აფოფრილ, მოგუგუნე ხანძარში სციპიონ უმცროსისგან დაჩოქებული კართაგენი. უგონიერეს მხედართმთავარს ცრემლებიც კი წასკდომია, მაგრამ მაინც გადაუხნავს რომის ძველი მეტოქე: მასაც მოუშორებელ წუხილს გვრიდა კაცთა ხვედრის სიმუხთლე, ცვალებადობა.
* * *
როგორც ნიგვზის მღვრიე, კირისფერი, გულჩაუდგმელი ლებნებიდან, ისე გამოვწურე ტვინიდან წებოვანი ბალზამი, თეთრ ფურცლებს დავაგლისე. გვიან იცის ნაყოფის გამოღება ასეთმა ნერგმა, ვაითუ, ვერც იხარა... როცა პატარ-პატარა ნაგლეჯებს ვკეცავდი და წარწერიან კონვერტში ვდებდი არ ვიცოდი, რა პირი გამოუჩნდებოდა ბუნდოვან, საეჭვო ჩანაფიქრს. არც ახლა ვარ დარწმუნებული თუ რამე სარგო, ვარგისი გამოვიდა. ყველაზე მეტად მაინც ის მაღონებს, რომ რის წაკითხვასაც გთავაზობთ, სიხარულს ვერ მოგანიჭებთ, წუხილი, უგუნებობა კი უამისოდაც არ გაკლდათ. გამიჭირდება, პოეზიის გარკვეულ სახეობად ჩავთვალო ეს დახლართული, მიკიბულ-მოკიბული ბულულები, ბოლო რომ არა და არ უჩანდა. ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია (თუ გადაათვალიერეთ, შეატყობდით) - ტყუილის, სიყალბის ნამცეციც არ ურევია ამ ტვინარეულ ნაუბარში. სიცარიელე, რაღაცათი, ვგონებ, ცასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მე თვითონაც ხშირად ვწყდები მიწას და ცაში მიყვარს რიალი; მიხვედრილი ვარ, ხვედრია ჩემი, ამანაა, ცარიელზე რომ დამსვა. თუ დაკვირვებიხართ, ყოველი ქუჩა, ჩვეულებრივ, სიცარიელით ბოლოვდება, დაბლა დაშვებულ ცას გადაებმის და, საბოლოოდ, არსადაც არ მიყავხარ. ხელის ცეცებით მივყვებოდი ქვის კედლებს, ტალანებს. ჩემი ჭკუით, ვითომ შევკარი, ვინ უწყის, საიდან ამოკრებილი, მტვრიანი ნამცეცები... შერცხვენა, დამარცხება არ მაკლია, როგორმე ეს ერთი მარცხიც ჩაიფარცხება. ნაფიქრის გამოხატვა თუკი ოდნავ შევძელი, არ უნდა დამჭირდეს მეტის თქმა; აღარ ღირს, იმდენ სიცარიელეს კიდევ სხვა, ახალი მივუმატო. დაღლასაც თავისი კანონიერი, უღელდაუდგმელი უფლება მოეპოვება - შუადღისას, შემაღლებულ მზეს როცა ვეღარ იხილავ, გონებას აღრევს წვეთებისგან დაცრემლილი, ნესტგამჯდარი მღვიმის, გამოქვაბულის ღრუ, ძნელია პლატონისეული დითირამბული აღზევება, სილაღე შეინარჩუნო. შთაგონების ნეტარი წამები როცა დამდგომია, თავს შევუძახებდი ხოლმე: "ეცადე შეიღირსო, რომ ხარ ღმერთის სადგომად შექმნილი ჭურჭელი და არა დასალპობად განწირული ნაწილების დროებითი, მოფამფალე სათავსო". არც ის წამები და არც ეს მჭმუნავი განწყობილება დიდხანს არ გამყოლია. ბოლოს ერთი უცნაურობაც უნდა გავამხილო. ზოგჯერ, აივანზე გამოსული (არანაირი სარკე არ მჭირდება), ვხედავ: ნელ-ნელა, ხელ-ფეხ-თავიანა ვქრები, სრიალით გადავდივარ ცის ლურჯად გადაჭიმულ თაღზე, თვალს ვეფარები... რჩება თვალუწვდენელი, გარშემოუწერელი, ყოვლის დამტევი სიცარიელე.
16 აგვისტო, 2002 წელი.
© “არილი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
saocrad momewona.
zalian gamixardeba avtori tu shemexmianeba. : )
Post a Comment