შრომაღამე. განმარტებითი ელეგია
კარგი იქნებოდა ამ რბილ სავარძელში დილამდე ჯდომა
და თვლემა, მაგრამ მუხლებზე ვდგავარ;
შენ ბავშვს აძინებ გვერდით ოთახში,
მე კი აქეთ მუხლებზე ვდგავარ
და იატაკზე მიმოფანტულ სათამაშოებს ყუთში ვალაგებ -
დღე უკვე დასრულებულია, ვიწყები
მე. სამზარეულოში
უკვე თუხთუხებს ჩაიდანი -
ვდუღ-დუღ-დუღ-დუღდები! და უკვე მკერდშიც
(სადღაც, დაახლოებით მკერდში)
მე ვგრძნობ ვიღაცის გაღვიძებას, წამოდგომას. საჭიროა
დავისხა ჩაი, ყავა მგონი გაგვითავდა; და საჭიროა
უბრალოდ ვწერო ყველაფერი,
რასაც არავინ დამიჯერებს, რასაც აჯობებდა
ამ რბილ სავარძელში დილამდე ჯდომა
და თვლემა. მაგრამ მე ვიწყები
მუხლებზე დგომით შუა ოთახში,
ვგრძელდები საწერ მაგიდასთან. საჭიროა უბრალოდ ვიყო
სიტყვებთან და ტყუილ-მართალ წარსულებთან პირისპირ მჯდომი
არეულ საწერ მაგიდასთან, სადაც ყველაფერს -
ყველა წიგნს და კალამს და ფურცელს -
იმთავითვე მივუჩინე თავისი ადგილი; ამიტომაცაა მუდამ არეული
მაგიდაც და ფანჯრის რაფაც. ფანჯრის მიღმა კი
ჯერ უვარსკვლავო შავი ცაა, მერე თბილისი,
სადაც იმდენი პოეტი და ავადმყოფია -
კარგი იქნება ჩამოფრინდნენ მოელვარე ანგელოზები
და მათი ფრთიდან ამოცლილი თუნდაც ერთი ოქროს ბუმბული
სულ ადვილად განკურნავდა
ყველა ლექსს და ყველა ტკივილს. ფანჯრის აქეთ კი
მე ვიწყები! და ჩემს მკერდში ჩაკუმშული ჩემივე ასლი,
სხეულში ჩასმული იგივე სხეული - დაპატარავებული,
რომელიც ბორგავს და ყირაზე გადადის -
შეყვარებულია... და კარგი იქნება
სერიოზულად დაელაპარაკოს მასაც ანგელოზი
და გონიერებისაკენ მოუწოდოს, მე კი ვიჯდე რბილ სავარძელში
და ვთვლემდე. მაგრამ მე ვგრძელდები ღამის ქუჩებში,
ღამე მთავრდება. მე მიყვარდა, მუდამ მიყვარდა
გამთენიისას ხეტიალი: ძაღლებს სძინავთ, ხოლო ჩიტები
გაუბედავად ჭიკჭიკებენ. პირველი სხივი
ბნელია, როგორც სიყვარული, და ცივია. პირველი ხალხი
მიაგორებენ ურიკებით ბაზრისკენ ყუთებს,
ურიკები ჭრიალებენ. მეორე ხალხი
უახლოესი პარკისაკენ სასეირნოდ მიძუნძულებენ;
ჩნდება პირველი ავტობუსიც. მე მიყვარდა, მუდამ მიყვარდა
გამთენიისას ხეტიალი, როცა ფიქრობ, რომ ხარ ნატანჯი,
სისხლებშემხმარი, დაძონძილი,
და ბარბაცით რომ ბრუნდები დაკარგულ სახლში
შორეული, საძაგელი მგზავრობიდან, -
და სადარბაზო შესასვლელთან შეიძლება დავინახო ჩემივე თავი,
სუფთად ჩაცმული, გაპარსული,
ნეტარებით რომ აბოლებს პირველ სიგარეტს
და უცდის - ნუთუ იმათ უცდის? - ლიფტი იღება,
ის სიგარეტის ნამწვს მოისვრის
და გაბადრული ეგებება საყვარელ ცოლ-შვილს,
მერე მიდიან. მე კი მივსდევ, დაძონძილი, სისხლებშემხმარი,
მივსდევ და ვყვირი: ვის მიყვებით, მე ხომ ეს ვარ, მე ხომ ესეც ვარ...
ადამიანი ფანჯარასთან, გარეთ შემოდგომა
I
ათიოდ თაობა ჩემი წინაპრების
და ცოტა ნაკლები - შთამომავლების
იგულისხმება ალბათ სისხლში,
მე კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო,
როგორ ვწერო და როგორ განვიცადო
ეს ამსიყვითლე შემოდგომა,
რომელმაც შეაგროვა ნაწილ-ნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვი
და თქვა: ყველაფერი თავიდან იწყება,
როგორც ყოველთვის, ჭკნობით.
II
შემოდგომამშვიდობისა.
მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან
და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.
შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ.
ჩემო მოუხელთებელო, ჩემო მუდამ ცვალებადო,
ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ,
მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან,
მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს,
მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა,
გული კი გრძნობდეს: მათგან ერთ-ერთი
ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე
ჩემი შეყვარებულია, მესამე კი
ჩემი შეყვარებულია. შესაძლოა
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.
მე შემიძლია,
შემოდგომამშვიდობისა,
არ შემეძლოს სხვაგარად წერა.
Ex-voto
წერე, რასაც არავინ დაგიჯერებს.
ვითომც არაფერი, წერე
მოჩვენებებზე, რომელთა არსებობას
ვერც შენ ირწმუნებდი, მაგრამ.
წერე, რასაც არავინ გაპატიებს.
მანდ არა, ქვემოთ, ფურცელზე წერე,
რომ შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის სამშობლო
და რომ წმინდაა შენი გული.
წერე, რის გამოც დაგცინებენ.
ნუ დაუცდი შთაგონებას, თამამად წერე
ყოველდღიურ უსამართლო დამცირებებზე
და პირჯვარაყრილ შენს რწმენაზე.
კიდევ რა? წერე სიყვარულზეც
და თქვი, რომ ჩაწვდი საიდუმლოს -
რომ ლექსები იწერება სიყვარულამდე
და სიყვარულის შემდეგ იკითხება.
© “არილი”
No comments:
Post a Comment