ღამეა. შემომიცვივდნენ
Tyrannosauros Rex-ები
გადაიკითხეს ხარხარით
ჩემი ბედასლი ლექსები
მუცლები ხელით ეჭირათ:
ვაი, ამ ბრიყვის ბრალიო!
მე ჩემს მაგიდას ვუჯექი
ვწუწნიდი ჩამქრალ ყალიონს
თან რკინის ჯოხსაც ვიბჯენდი
მივდევდი ფიქრთა მარათონს -
ხანდისხან მსგავსი ფიქრები
შავი თოვლივით დამათოვს
(შავი თოვლივით დამათოვს
შავი ბანგივით დამათრობს -
როგორც გენებოს, ისე თქვი
ამაზე ნუღა ვკამათობთ)
არ გამიგია კაკუნი
არც ფრთხილი, არც შემპარავი
პირდაპირ შემომიცვივდნენ
რექსები - და სხვა არავინ
ვიფიქრე: ახა, ნარინჯო
სვედავსებულო დედიჯან
რაღა უნდა ქნა, ვაჟიშვილს
რეპტილია თუ შეგიჭამს
ან მე რაღა ვქნა, ამქვეყნად
რომ ვერაფერი შევქმენი
შეხედე, როგორ მიღრენენ
ტირანი-ხვლიკი მეფენი
მიმზერენ ნეოლითიდან
გადმოკარკლული თვალებით
მიმზერენ პალეოლითის
მთლად გამოსაბურთალებით
მკერდებზე უჩანთ საზარი
დანახეთქები, ბზარები
თითქოს დამდგარან მოზარედ
თვისტომთა გადაგვარების
და მაშინებენ, მაშინე-
ბენ, მაშინებენ, მაშინე-
ბენ! დედი, ეგებ მიჯობდა
მოვმკვდარიყავი მაშინვე...
მიყურეს, ამწონ-დამწონეს
თქვეს: არა! მოწამლულია!
არ გამოდგება საკბილოდ
თუმც სისხლი მეწამული აქვს
ეს ოჯახქორი სავსეა
მავნე ინგრედიენტებით
დაგვწამლავს-დავიწამლებით
მეორედ გადავშენდებით
არადა, როგორ გავუშვათ
რომ სული მისი ტკბილია
განა ამხელა მანძილი
ტყუილად გამოგვივლია
შორს რომ ვიყავით, ვნანობდით
იმ სიმარტოვეს ტირანულს
აწ სიახლოვეს ნუ დავთმობთ
ნუ მივეცემით სინანულს
თუ არ ვჭამთ - გავფატროთ მაინც
გადავუშიშვლოთ ჯიგარი
თუმც, სად ექნება ჯიგარი
ჩვენ რომ გვჭირდება, იმგვარი..
დამცინეს, გამაღადავეს,
გამიქიაქეს მერმისი
ხან "ზაზოზავრი" მეძახეს
ხან - "თვარაძოოპტერიქსი"
ჯერ იხარხარეს გლეხურად
მერმე კი, ჭმუნვით მეფურით
მიბრძანეს: ნუ ხარ ბეღურა!
იცხოვრე, ღმერთს ნუ ემდური!
ბავშვობასავით მანანეს
ბნელში დასობილს ნარცისად
პალეოლითის ეპოქა
და პერიოდი ცარცისა
იყაყანეს და გამშორდნენ
შემომიჯახეს კარები
გამისხლტნენ, როგორც ხვლიკები
როგორც ტირანოზავრები
წავიდნენ მეზოზოური
ერის საზარელ მინდვრებში
გამშორდნენ მეფე-მკვლელები
ვის დაკარგვიხარ, ვინ გერჩის!
დავრჩი მარტოკა. გავყევი
შეჩვეულ ფიქრთა ქარავანს
ვფიქრობ - რამ შემქმნა ასეთად
რატო ისეთი არა ვარ -
ვეჟო, შე ასეთ-ისეთო
ხედავ, რა უქმად დაშვერი
ხედავ, მოგედო სახმილად
ის სიტყვა - შენი საშველი
შენი ბედნავსი ლექსები
ფანტომურ ცეცხლზე იწვიან
შენს თვალში კიდევ - დირეა
განა უბრალო ხიწვია
"დირეა, განა ხიწვია!
დირეა, განა ხიწვია!"
ყველა მომძახის, ვინც ქვეყნად
სასოწარკვეთა იწვნია
და მე ვერ ვიტან ჩემს შიგნით
ადამიანურ ბუნებას
მშრალ და ხორკლიან ქვასავით
სულზე რომ მეხახუნება
მიმსხდარან შავი მუშები
ზედ არყის წვეთებს ასხამენ
და მარგალიტის ექსკრემენტს
სიგიჟის სიმზე ასხამენ
ველურ მძივების ჩხრიალით
ცეკვავენ თერგდალეული
და მიკვირს - რად არ მერღვევა
ესრედ მაგარი სხეული
მიკვირს, სხეულის ნასახებს
როგორ ჩაუდგეს შეგნება
და არსად როგორ დამსახეს
კაინოზურმა ღმერთებმა
როგორ დაჭიმეს ძარღვები
და ააჟღერეს ქნარივით
და მერე როგორ დამმარხეს
მკვდარი ტირანოზავრივით
მეც იმათსავით ხვლიკი ვარ
და ხორცშესხმული ტირანი
ჯერ სიახლოვეს ვერ ვძლებდი
ეხლა სიშორეს ვინანი
მეც იმათსავით მჩვევია
ოდნავ გლეხური ბაასი
და მუსაიფი მეფური
და შიგ ჩართული რვაასი
წლის მწუხარება ქართული
და უცნაური ოცნება
რომ - მოვკვდეთ ყველა მძინარე
და გავიღვიძოთ ცოცხლებმა
შენ იცი - სისხლი ცივი მაქვს
შენ იცი - ტვინიც ცივია
შენ იცი - ჩემი ფიქრები
ცივ ხვლიკებივით წივიან
წივიან როგორც მწერები
და მწერებს მიაქვთ ქვეყანა
სადაც უთქმელმა განგებამ
მე და შენ ერთად შეგვყარა
უსიტყვო დილა. უსიტყვო
ცის შემზარავი სინათლე
ტანს კიდევ ერთხელ ავითრევ
და სამარემდე მივათრევ
ხსოვნას, სიგიჟეს, სინანულს
გადავიწყებულ სანახებს
გადაშენებულ თვისტომებს
სამარხებში რომ დამარხეს
ცარცის ცარიელ ველებზე
გავირბენ, როგორც ზმანება
ცარცის ცარიელ ველებზე
სიცოცხლე დამენანება
დამენანება პლანეტის
ქალწულებრივი სიზმარი
სისხლის ყოველი წვეთი და
განცდის ყოველი მისხალი
ეს იურული ტყეები
ეს გიგანტური ბაღები
სადაც მეწამულ გვიმრებში
ბილიკებს ვეღარ გავყვები
სადაც ბილიკის ბოლოში
ვეღარ ვიფიქრებ იმედით
რომ ქვეყნად ჯერ არ შექმნილან
სიზმრები, მთები, ირმები
ჯერ არ შექმნილა დედის რძე
და ფრინველების ძახილი
სიტყვები - როგორც საშველი
სიტყვები - როგორც სამხილი
ჯერ არსად შემფეთებიან
ორსახიანი მონსტრები
ღმერთმანი, ძველი მეგობრის
დაღუპვას ჯერ არ მოვსწრები -
ვარ! გრძნობით ჯერ არ დავმთვრალვარ
არც განშორების წვალებით
არ შევრყეულვარ ჩემი ცის
მთლად გამოსაბურთალებით
არავინ არ მყვარებია
არც ვყვარებივარ არავის
კარავიც კი არ დამიდგამს
მამაო, თავსა მფარავი
ჯერ ცნობადის ხით ნამეხარს
არ მომსწრებია ხარება
და მდუმარება ღამეთა
და დღეთა იავარება
მიდგამენ ცარცის ცარიელ
მინდვრებში პირქუშ ენიგმებს
მე ჩემი თავის ძაღლი ვარ
(დამბადებელო, შემინდე)!
მე ჩემი თავის ძაღლი ვარ
და ჩემი ძაღლის ტირანი
ერთხელ იქნება გავწყვიტავ
ჯაჭვნი რომ მასხენ, რკინანი
მეზოზოური თვალებით
ავხედავ ცისკენ ალიონს
რომ გამყივანი სიცილით
გზის სიმარტოვე გავლიო
რომ ვულკანური ფერფლიდან
აღმოვაცენო ვარსკვლავი
და ფიქრი, ზედ რომ მემსხვრევა
აზუზუნებულ სკასავით
მივცე ქარებს და ვარსკვლავებს
მათ უმარტივეს სიმართლეს
საითაც, აი, მივდივარ
და მთელი ტანით მივათრევ
ხსოვნას, მონაგარს, დანაკარგს
მკერდზე დაჩენილ დანახეთქს
გადაშენებულ მეგობრებს
რომ დახვრიტეს და დამარხეს
მივათრევ ცარცის ცარიელ
ველებზე მე ჩემს საკბილოს
რომ ლეთარგიით გამომტყვრალ
ფანტომებს ცივად ჩავკივლო
გრძელი რექსული კივილით
და გავიშიშვლო ჯიგარი
იქ არი ჩემი სიგიჟე
ჩემი ედემიც იქ არი
მეც იქ მივდივარ, გზადაგზა
ვულკანურ ტინებს ვაწყდები
ვაწყდები, სანამ ერთხელაც
გადავშენდები, გავწყდები
ჩემი ბედკრული ლექსები
მაშინღა დაისვენებენ
სხვა ტირანოზავრ-რექსები
ძმასავით გამიხსენებენ.
© “არილი”
1 comment:
გენიალურია! ძალიან მომწონს ეს ლექსი უკვე რამდენი ხანია!
:)
Post a Comment