ტყეს, რომელიც მიყვარს
ჩაისუნთქე ეს ტყე,
შეისრუტე ბოლომდე,
თავისი თაფლიანი სუნით,
ქინქლებით, კოღოებით,
ფოთლებიანი ცით,
რომ როცა დაბრუნდები ქალაქში,
სარჩული ამოიბრუნო
და სიგრილის შთაბეჭდილება
შეუქმნა ტელევიზორთან
გატრუნულ დასიცხულ ადამიანებს,
რომლებსაც აღარ უნდათ ლექსი,
მაგრამ შენი ფილტვებიდან
ამოსულ ხეებს,
ქვევიდან ზევით შესცქერიან
და აზრადაც არ მოსდით
მათი მოჭრა.
ნუთუ, გადამდებია
მწვანე საღებავი სისხლში?
ათასმეერთედ, შექსპირზე
სკოლაში,
პირდაპირ აი იას
და ყაყაჩოებით დამშვენებული
ყანების მერე,
მასწავლებლებმა მსოფლიო სევდა
მხრებზე გადამატარეს
ასე არ იყო?
მდინარეში თეთრ ყვავილებს
რომ ჩაყრი
და გამზადებული თვითმკვლელობა
შექსპირთან მიგიყვანს:
- შეიძლება, ქვეყანაში,
რომელიც საპყრობილეა,
სევდიანი კაცი გადავარჩინო?
მაგრამ მაშინ მოკვდება ტრაგედია
და თვითონ შექსპირიც.
და ვის მოეკითხება ცოდვა?
იმ ყასაბს, რომელსაც
ცხელ წითელ ხორცზე
ფილოსოფოსის თავი აბია,
ყელზე კი - ვერცხლის მძივებივით
სონეტები?
რეკავენ? სცენებს ანგრევენ?
სისხლის მდინარეებში კარგავენ
ანემიურ ხმელეთს?
ბაბუაწვერებივით ამჩატებულ,
ჩიტის პენსიაზე მყოფ
მასწავლებლებს უნდათ
ჩემს ლიტერატურულ ალღოს მოვარგო
საბრალო პრინცი,
და გუგულის კვერცხივით,
რაბლეს, ან ბოკაჩოს მივუგდო,
რომ ხორცის ზვინებად შეკრულ
ქალებს და კაცებს,
რომელთა მთავარი გრძნობა სიხარულია,
ყოფნა არყოფნის მონოლოგი უკითხოს!
დეკადანსი ოქროს ხანაში...
მაგრამ ხომ არის კიდევ სონეტები,
მკაცრი და ჩვილი -
რძის მუდმივი მარაგი
შხამის გასანელებლად...
სტილი
მე უკვე აღარ, ჩემს ლანდს,
გასროლასავით, მოკლე-მოკლე
ფრაზებით ელაპარაკებიან,
თითქოს, ენის ნორმების
დამდგენი კომისია უზით პირში.
მეტაფორა მოძველდა, სტილი მოკვდა,
აბრეშუმს მარილი დააყარე,
ხავერდს - შაქარი
და ასე მიდი საიქიომდე
ვითომ, რამით განსხვავდება
პოეტის ლანდი მკვლელის ლანდისგან?
ერთს ნისლი ახურავს თავზე,
მეორეს - სისხლი
და ისე უხდებიან ერთმანეთს,
როგორც მულინეს ვარდები
თეთრ ტილოს...
ეს უკვე სტილია,
სიტყვების ბრბოდან
და რითმების წებოვანი თანაგრძნობიდან
ამოსული, თუ ვერ მოასწრებთ
და არ დახვრეტთ მორზეს ანბანით,
ცის ნაცვლად, კანონების თაღს
არ დაახურავთ თავზე,
მერე ვეღარ მიწვდებით.
მაინც, რა უბედურებაა
ეს აუხსნელი სიმაღლე
ჟირაფის და გედის ყელების,
ფიროსმანის ღვინიდან
ამოღებულ თვალს რომ მოელანდა,
სიმბოლისტების სონეტები
რომ ლარზე გაჭიმა, ვენახივით,
ეს უტიფარი, კანონგარეშედ
გამოცხადებული სტილი!
რომელიც, შეიძლება მე ვიყო,
ან ჩემი მეგობარი, ან მტერი,
მაგრამ არასდროს ერთი მრავალთაგანი...
ლამაზი მკვლელობა
სადაფის ღილებით შეკრული
არასერიოზული კარადებიდან,
რომლებშიც საიდუმლო უნდა იდოს,
სუფთაწერის გაკვეთილებივით ლამაზი,
მე კი წიგნები და ჭურჭელი მიწყვია,
ზოგჯერ ამომაქვს ჩემი
ბავშვობის სახლი, სადაც
ადამიანებს და საგნებს
უყვარდათ ერთმანეთი:
როიალი და ბებიაჩემი
შოპენის ვერცხლისფერ
ქონებას იყოფდნენ,
წვეთები და ნამცეცები
ჩემსკენ ცვიოდა,
მათ შუქზე გავიზარდე.
დედას დაბორკილი ფეხები
მსუბუქი სტოკატოთი
ეხებოდნენ იატაკს, რომ
ღვინის ყვავილები არ გაესრისათ,
მამაჩემის ამოსუნთქული...
ჩემთან კი მოდიოდა
უთავო მხედარი,
რომელიც მიყვარდა
შიშველი ყელის
უსუსურობის გამო.
მოჭრილი თავი, ლანგარზე დადებული,
მერე გამოჩნდა,
ახალი სახლი ზრუნავდა ჩემზე,
კოშმარებს არ მაკლებდა,
სულ ბოლო ჩემი თავი იყო,
გამობმული წითელი კრეპდეშინის
ტანზე და მთვარესავით სევდიანი
ჯალათი ქათქათა ხელებს
აჩვენებდა ყველას:
- წვეთი სისხლი არ დაღვრილაო!
ახალი კათარზისი
უგემური ცივი კარტოფილი,
ერთ ღამეში ამჟავებული მაწონი...
პურის ქერქი თაგვებმა წაიღეს,
ტვინი წიგნებში ჩაანთხიე,
სისხლი - სიყვარულებში,
ზაფხულმა ოქროს ტუჩებით
გამოგწოვა მთელი თაფლი,
დარჩი ერთი ავყია ვინმე,
ენის ბორძიკით მოლაპარაკე,
მეგობრები სულეთის გზას გაუყვნენ,
ხელნაწერები - უმეცრების,
შვილები თავისთვის
ცვილის სასახლეებს იშენებენ
და შიგ ბავშვები გამოყავთ,
ფუტკრების გულმოდგინებით,
რომლებიც, შეიძლება, შენი თავიდანაც
გაჩენილიყვნენ,
მაგრამ სულ გამოიფიტე და გაილიე,
საკიდრიდან ჩამოხსნი
შენი ბავშვობის პალტოს,
ტანზე მოგერგება მხოლოდ,
კუზი ვერ ჩაეტევა,
რომელშიც საჭმლის, წყლის
და ზღაპრების მარაგი გიწყვია,
რომ გეყოს უდაბნოში,
სანამ მოსეს ლანდთან ერთად ივლი,
და თუ გააღწევ,
ცის ლურჯი ქოლგის ქვეშ
დაისვენებ...
ნოსტალგია ბიბლიოთეკის მიმართ
მომიტანეთ ერთი პორცია გალაკტიონი,
მდუღარე გოგლა ლეონიძე
და ყავაში შაქარივით
ჩაყრილი ბესიკი!
პირველი კერძი
წყალ-წყალა პოეტებისგან შედგება
და არ მინდა.
სერვიზი ლურჯი უნდა იყოს,
ვილაპარაკოთ, მხოლოდ, ქართულად!
არა, მე გიჟი არ ვარ,
მაგრამ რესტორნის ქვაბებში
მოხარშული ამხელა ბიბლიოთეკიდან
ხომ მეკუთვნის ცოტა პოეზია!
გახსოვთ, კიდევ, ვარაზისხევში
ქარხანა იყო, სადაც
მოუხელთებელი ნისლისგან
სადაფის ღილებს აკეთებდნენ,
ზემელზე ქარბორბალა კი
არ ტრიალებდა,
აფთიაქიდან გამოსული
მსუბუქ წამლებზე გაზრდილი ქარი
ჭადრებთან ერთად დადიოდა
რუსთაველზე,
მე კი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
ვიჯექი და ვკითხულობდი
იმ პოეტებს, ზემოთ რომ ვახსენე
და სულყველას ბულდოზერით გადაგვიარეს.
* * *
რა ვქენი?
ვენები გადავიჭერი
და სისხლის ნაცვლად
ხავსი წამომივიდა.
შეიძლება სისხლძარღვების გაპარსვა,
რომ ამ ხავსის წვნიანი მოიხარშოს
ჩემი გამხდარი შვილისთვის?
დედა, შენ უკეთესად იცი
თავგანწირვის კანონები.
მამაჩემმა რომ ფეხი მოიტეხა
და მხრებიდან ჩამოვუვარდი,
მას შემდეგ
ღვინის ჭიქაში ზის
და მღერის იმ მოლიპულ გზაზე,
სადაც ყვავილივით დამტოვა...
ახლა, მე მისთვის ქვას დავემსგავსე,
რომელსაც შეუძლია ყვავილი გასრისოს,
დედას ტვინის შიმშილი ჭირს
და, მხოლოდ, წამლებით გამოვხატავ
მის მიმართ თანაგრძნობას
მე, უფრო, ბებიაჩემის შვილი ვარ,
თვალი სილამაზეზე მაქვს
მიწებებული, რის გამოც
ისევ კლავენ.
- ბებო, მომეცი
რამდენიმე წვეთი შოპენი
პაროქსიზმული გულისთვის,
ცოტა რომ დავწყნარდები,
ფაიფურის ფინჯანს შემოვდგამ
როიალზე
და არავითარი პილპილის ვულკანები!
შოპენისგან უნდა გაიკეთო
ცისფერი ჩაი და სვა
სიცოცხლის ბოლომდე...
© “არილი”
No comments:
Post a Comment