რუსეთი
ზურგქვეშ ბალიშამოდებული საქტელერადიო კომიტეტის თავმჯომარე მწვანედ შეფერადებულ კედელთან მიმჯდარი თვლემდა, ხოლო მისი მეუღლე, ნადია, საყვარელი საქმიანობით - გაზეთ "თბილისის" ბოლო გვერდზე დაბეჭდილი ნეკროლობის კითხვით იყო დაკავებული, როცა მათ ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა.
ბატონმა ალექსანდრემ ზარის გაგონებისთანავე დაჭყიტა თვალები, თუმცა ყურმილის აღება არც უფიქრია - ყურმილს პირველი არასდროს იღებდა - სამსახურში მდივანი ეთერი აკეთებდა ამას, სახლში კი ნადია.
"შვილები ზაირა და მერაბი, მეუღლე ელისო, რძალი ქეთევანი, შვილიშვილი ლადო, ძმები გიორგი და ოთარი, რძლები..." - სანამ სიტყვებამდე "ვიუწყებით რომ" მიაღწევდა, კიდევ, სულ მცირე, ოცი სახელი და გვარი მაინც იქნებოდა ნადიას ჩასაკითხი, - საინტერესო მიცვალებული ჩანდა, უხვნათესავიანი, - საცოდაობა იქნებოდა ამ ნეკროლოგის უგულისყუროდ, სწრაფად წაკითხვა, ამიტომ ნადიამ ზარის გაგონებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება - ჯერ ყურმილისთვის ეპასუხა და მერე კი ბოლომდე გაცნობოდა ნეკროლოგს. ერთი კი ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ, რა არი ამ შუაღამისას რეკვაო და ყურმილსაც მკაცრად ჩასძახა:
- გისმენთ!
- ისა... მაქ არი საშა?
იმდენად მნიშვნელოვანი ხმა რეკავდა და შესაბამისად, ამ ხმიდანვე გამომდინარე, იმდენად მნიშვნელოვანი შეკითხვა იყო, რომ ნადია უნებურად გაიჯგიმა კიდეც.
- აქ არის, ახლავე, - უპატაკა შეშინებულმა და აკანკალებული ყურმილიანი ხელი გაიშვირა ქმრისაკენ.
ბატონი ალექსანდრე სწორედ ცოლის ხელის კანკალმა მიახვედრა, თუ ვინც ითხოვდა მასთან საუბარს, და სრულიად გამოფხიზლებულმა, საქმიანად, რიხით ჩაჰყვირა:
- გისმენთ, ვასილ პავლოვიჩ!
თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნადიას სულ ტყუილად აუკანკალდა ხელის მტევანი - ჯერ ერთი, ის, ვინც რეკავდა, სულაც არ გახლდათ ისეთი საშიში, როგორებიც ბატონ ალექსანდრეს ყოფილი უფროსები იყვნენ, და მეორეც, დამრეკავი მის ქმარს არც ცეკაში უპირებდა ამ შუაღამისას გამოძახებას და არც სასაყვედურო ჰქონდა რამე რომელიმე გადაცემის გამო.
- უყურე ეხლა დიხტორს... ხვალინდელი ის წაიკითხა... კაკ ევო?! - დამტვრეული, რუსულსიტყვებშეზავებული ქართულით ალაპარაკდა ცეკას პირველი მდივანი, - ერთი კვირაა უჟე... ისა... ეტატ... ეს კაცი ზის. მეტი დაჟე. გძე ჟენშჩინა?.. ქალი სად არი?
- სულ ოთხი დიქტორი გვყავს, ვასილ პავლოვიჩ, ორი კაცი და ორი ქალი.
- ჟენშჩინა გძე, საშა?
- ამხანაგი ოდიკაძე?
- და!
- ისევ იქაა, ვასილ პავლოვიჩ, ოთხ დღეში მოსკოვში ჩავლიან.
- უჟე... ესა... აქ არ უნდა იყვნენ, კაცო?
- არა, ვასილ პავლოვიჩ... ზუსტად ჯდებიან თარიღებში.
- ა... ისა... მართალია?.. ტავარშჩი მნე გავარილი...
- რა, ვასილ პავლოვიჩ?
- ნუ, ეტა, რა... ჩტო ფიდელ ნი ხოჩეტ პუსკატ?!
- დიახ, ვასილ პავლოვიჩ, - ამოიოხრა საქტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარემ, - მეც მომივიდა ხმები ამხანაგი ოდიკაძის შესახებ.
- ეტა სკანდალ?
- ნეეტ, ვასილ პავლოვიჩ, რას ბრძანებთ... ჯერ ერთი, ალბათ, ჭორებია და თანაც... არაა ამხანაგი ოდიკაძე მაგის ჩიტი... მუშაკებიც ბლომად არიან, არც მიცემენ გასაქანს...
- კაი, საშა... ესლი შტო, ზვანი, ნუ.
- კი, ვასილ პავლოვიჩ...
- და ისა... საცივი. უთხარი ნადიას.
- აჰ, - გაუხარდა ბატონ ალექსანდრეს, - კი, ვასილ პავლოვიჩ, ეხლავე.
ასე ბედნიერად საქტელერადიო მაუწყებლობის თავმჯდომარე მანამ იცინოდა, სანამ ყურმილს დაკიდებდა, როგორც კი პირველ მდივანთან საუბარი მოასრულა, მაშინვე დასერიოზულდა და ცოლს მკაცრად მიუგო:
- საცივი უნდა.
- შენ წაიღეფ, თუ ისევ შოფერს გამოგზანის? - იკითხა ნადიამ, თუმცა ხმის ამოღებისთანავე მიხვდა, რომ ქმარი პასუხის ღირსად არ ჩათვლიდა - ბატონმა ალექსანდრემ ისევ ბალიში ამოიდო ზურგს უკან, მწვანე კედელს მიეყუდა და თვალები მოხუჭა.
ნადიამ თავის დაძარღვულ, ქალისთვის შეუსაბამოდ დიდრონ, გლეხურ ხელებს დახედა ინსტინქტურად და ფლოსტების ენერგიული ფრატუნით გაემართა სამზარეულოსკენ... ამ დიდრონი ხელებით უნდა შეექმნა ჯადოსნური საცივი ვასილ პავლეს ძე მჟავანაძისთვის!
ნეკროლოგის ჩაკითხვას კი დილითაც მოასწრებდა...
* * *
- ...ხოლო ოცდასამ საათსა და ათ წუთზე მხატვრული ფილმი: "სახელს გაზაფხული დაგარქმევს..."
საქართველოს პირველი არხის კისერზე ჰალსტუხმოჭერილმა დიქტორმა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმარისად მოქანცული იყო, მაინც მძლავრად ჩაარაკრაკა ხვალინდელ გადაცემათა სია, მაგრამ სანამ მაყურებელს გამოემშვიდობებოდა, მანამდე თავს ძალა დაატანა, გაიღიმა და ტელეკამერის ობიექტივს სახეგაბადრულმა შეჰღაღადა:
- ბოლოხანობას, - თქვა მან, - უამრავ წერილს ვიღებთ ჩვენი პატივცემული მაყურებლისაგან. მაყურებელი კითხულობს: რატომ აღარ ჩანს ეს დღეები ჩვენს ცისფერ ეკრანებზე საქტელერადიო მაუწყებლობის პირველი არხის დიქტორი, ქალბატონი ლალი ოდიკაძე? ვითვალისწინებთ რა არაერთი მაყურებლის თხოვნას, ნათელი მოეფინოს ზემოთ აღნიშნულ საკითხს, გაუწყებთ, რომ ყველასათვის საყვარელი და ძვირფასი ქალბატონი ლალი აგერ უკვე ათი დღეა, რაც ძმურ კუბაზე, თავისუფლების კუნძულზე იმყოფება ჟურნალისტთა საკავშირო დელეგაციასთან ერთად და სულ მალე დაუბრუნდება თავის სამშობლოს!
* * *
გავანა. 24 მარტი.
ერთ კვირაზე მეტია უკვე აქა ვართ. რაც ჩამოველით, სულ კონფერენციებია, წესივრათ არც გამომიძინია, არეული მაქ დღე-ღამე... იმისთანა ხუთვაა, ვერ ვსუნთქავთ... თავი ცხელანა მეგონა და აქ ისეთი ამბავია, კაი ზამთარი მენატრება. ოთახში ორნი ვართ: მე და გალინა. კაი გულის გოგოა, მეგობრული. ანატოლი პეტროვიჩმა გუშინ შენიშვნა მოგვცა მე და გალიას, ღამის ორ საათამდე შუქი გენთოთ ოთახში, რატო არ გეძინათო? თითონ რატო არ ეძინა? ბავშებივით გვექცევა. გოგოები ეანგლებიან, ანატოლი პეტროვიჩ, ძილის წინ ზღაპარს თუ არ მოგვიყვებით, არ დავიძინებთო. მარა იმას არ წყინს. კაი კაცია ძალიან.
ჩემები მომენატრენ უკვე. ნეტა რა გადაწყვიტა ნათელამ, მაინც ჩააბარებს გეპეიში? კონსულმა გვითხრა, ხვალ ღამე დეპეშას გაგაგზავნიებთ "ჩერეზ მასკვუო".
ლამაზი კია ეს გავანა. იმდენი რამე ვნახეთ, რომ დაწერაც მეზარება.
საღამოს დიდი მიღებაა ჩვენ საელჩოში. ფიდელ კასტროც მოვაო, გვითხრეს.
24 მარტი. ღამის პირველის ნახევარი.
კასტრო გამეპრანჭა! მე მოვკვდე! არ მომჩვენებია! გადარევას ვარ. გალიამაც მითხრა. ჯერ ხო შემოცვივდენ დარბაზში სამხედროები, მერე ფიდელ კასტროც შემოვიდა დაცვასთან ერთად. ჯერ ელჩს მიესალმა, მერე ანატოლი პეტროვიჩს და ბოლოს ჩვენკენაც წამოვიდა. სათითაოდ ჩამოგვართვა ყველას ხელი და მე რო გამისწორდა, შემიყოვნდა რაღაცნაირათ, თვალებში შემომხედა, გამიღიმა და გამცთა. გალია გვერდით მედგა და იმსეკუნდშივე ჩამჩურჩულა, მოეწონე გონიო. ვიფიქრე, მაშაყირებს. ხელს რო მართმევდა, ისე ავნერვიულდი, მაგისი შეყოვნება და გაღიმება, მე თვითონ არც შემიმჩნევია - გალიამ გამახსენა მერე. გავიდა კიდე ცოტა ხანი. გრძელ სუფრასთან დაგვსვეს. იქეთ, თავში, ფიდელ კასტრო, ანატოლი პეტროვიჩი, ჩვენი ელჩი, ვიღაც გენერლები, ჩვენი კაგებეშნიკები და კიდე ვიღაცეები. ამოიღო კასტრომ სიგარა და გააბოლა, თან მე მომაშტერდა. გალიამ მხარიც კი გამკრა, გოგო, მე მოვკვდე, შენ თუ არ გიყურებდესო. მე იქეთ ვიხედები, მარა უკვე ვგრძნოფ, ამიწითლდა ლოყები, თან შევამჩნიე, უკვე საკონსულოს გოგოებიც იშმუშნებიან - წინ მეჯდენ მაგენი - და იცინიან თავისთვის. გავაპარეფ ცოტას მაგისკენ თვალებს - დედა! ისევ მიყურეფს! - გამოვიხედავ აქეთ, ვგრძნოფ: მაინც ჩემკენ იყურება. თან ლამაზია ეგ ოხერი! წარმოსადეგი, მაღალი... თეძოები აქ ცოტა განიერი... ქართველსაც გავს რაღაცით. მარა გავბრაზდი მაინც. მეთქი, წავალ ეხა, უთხარი კიდეც გალიას. ხო არ გაგიჟდიო, დაეტიე შენ ადგილზეო. მერე დაიწყო სადღეგრძელოები, გიტარაზეც დაიწყეს ვიღაც კუბელებმა დაკვრა და გაიხედა, ბოლო-ბოლო, იქეთ იმ გადარეულმაც! რუსი და ბელორუსი გოგოებიც ხო არიან ჩვენთან ერთად და რო გახურდასავით ქეიფი, წამოხტენ ესენი და ჩვენი ჯგუფის ბიჭებთან დაიწყეს ცეკვა. ზოგი ბიჭი არც წამოუდგათ და ისე დარჩენილი გოგოები ერთმანეთს ეცეკვენ - აბა უკან ხო არ დაჯდებოდენ! თვალები გაუფართოვდათ კუბელებს. ვგრძნოფ, გალიასაც უნდა ცეკვა, მარა არ მოუვიდა არავინ. ვფიქროფ, ეს ფიდელ კასტრო მაინც წავიდეს - მაგის გამო არიან ჩვენი ბიჭები შებოჭილები. ანატოლი პეტროვიჩიც დაძაბულია. ხოდა, რო ვარ ამ ფიქრებში, ვხედავ, ადგა ფიდელ კასტრო და წამოვიდა პირდაპირ ჩვენკენ. თან ოცი კაცი გამოყვა უკან. მომიახლოვდა, წამოვდექი და მეუბნება რაღაცას. კიდე კაი, ჩვენი თარჯიმანი ედგა გვერდით. თქვენთან უნდა ცეკვაო, მითარგნის. დავიბენი კი არა, გული კინაღამ გამისკდა!.. და გიჟი რო ვარ, მადლობა, მე არ მინდა-მეთქი, გაუღიმე. მაგას როგორ ამბობთო, გადაირია თარჯიმანი, უზდელობააო. მე კიდე, არ ვიცი რატო, მარა მაინც ჩემი დავიჟინე, არ მინდა-მეთქი ნუ! ამხანაგო, სკანდალია მაგიო, კიდე უფრო მომაწვა ისიც. ვხედავ, ანატოლი პეტროვიჩიც თვალებს მიბრიალებს. ეს კიდე, კასტრო, დგას და მიღიმის. რანაირათ ვეცეკვო? რა ვეცეკვო? - უკვე ამეების ფიქრიც დავიწყე, მარა უცეფ კასტრომ გამომიწოდა ხელი, თითქოს ხელის ჩამოსართმევათ... ჩამოვართვი მეც, ეგ კიდე დაიხარა და პირდაპირ ხელზე არ მაკოცა?! მერე რაღაც მითხრა და თარჯიმანს გახედა, მიდი ჰე, უთარგმნეო. კომპლიმენტს გეუბნებათო, მითარგმნა ამან, თან ვატყოფ, ძლიერ გაბრაზებულია. კასტრომ თავი დამიკრა, შებრუნდა და იმისთანა სისწრაფით გავარდა დარბაზიდან, ძლივს დაეწია დაცვა. ანატოლი პეტროვიჩი კიდე მომიბრუნდა და მეუბნება: სტიდნო, სტიდნო, ტავარიშჩ ოდიკაძეო. მარა, ნუ, რუსი გოგონები ისე დაიბოღმენ, რო ჩემ მტერს! ამეშალა მერე მეც ნერვები, მეთქი, გონი მართლა რაღაც გავაფუჭე, ამისთანა კაცი საცეკვაოთ მიწვევდა და რანაირათ გავჯიუტდი-მეთქი! მარა ხო მითხრა მაინც რაღაც კარგი?.. ამოვედით ცოტა ხნის ნომერში მე და გალია და ამანაც გამლანძღა, არ მოიქეცი სათანადოდო...
ეხლა ისე ვარ აფორიაქებული, ძლივს ვწერ!.. ნეტა ჩემი გოგოები იყვენ აქ!.. მაგენი კი დამამშვიდებდენ!.. რას წამოველი საერთოდ?! ეს კასტრო კიდე რანაირი ყოფილა... წავედი, წავედი... ეგება დავიძინო... რო მოვყვე თბილისში, არ დამიჯერებენ...
25 მარტი. დილის 11-ის ნახევარი.
კაკუნმა გაგვაღვიძა დღეს დილაზე! ვიღაც აქაური სამხედრო და გუშინდელი თარჯიმანი იყვენ. ბარათი უნდა გადავცეთ ამხანაგ ოდიკაძესო. აბა, თუ გამოიცნობ, ვინ მომწერა ბარათი? ფიდელ კასტრომ! რესტორანში მპატიჟებს დღეს საღამოზე. თარჯიმანმა მითხრა, უარის თქმა არ გაბედო, სამსახურიდანაც გამოგაგდებენ იმ შენ თბილისში და ხაზი გადაესმება შენ კარიერასო. მარტო მე მპატიჟებს-მეთქი, ვკითხე და კიო. კი მარა, მაგან რო რუსული არ იცის-მეთქი? მოვიფიქრეფთ რამესო. რა უნდა-მეთქი, რას გადამეკიდა? კინაღამ ტირილი დავიწყე. გადაირია გალია - გაეღვიძა ამასობაში მაგასაც - ქალს ამისთანა კაცი პაემანზე გპატიჟებს და რა გატირებსო? გამაგიჟებთ ეს ქართველებიო! რამე ცუდი არ უნდოდეს-მეთქი! შენ რა გგონია, ქალები აკლიაო, გადაირია თარჯიმანიც, სხვა რაღაც უნდა შენგან, ეტყობა ნამდვილად მოეწონეო. იმ კუბელ ჯარისკაცს ნაღდი გიჟები ვეგონეთ ალბათ.
მოკლეთ, რვა საათზე გამომივლის მანქანა და რაღაც რესტორანში მიმიყვანენ. იქ მოვა იგიც.
ვერ გამიგია, რა ხდება?.. მეშინია, ძალიან მეშინია... არ ვიცნობ ამ კაცს... და არც ის მიცნობს, მე ვინ ვარ!.. რატო წამოველი? რატო წამოველი საერთოდ!
* * *
- ოც საათზე ხვდებიან ერთმანეთს. ხართ საქმის კურსში?
- კი, ანატოლი პეტროვიჩ, რასაკვირველია.
- ჩვენი მუშაკიც უნდა გავაყოლოთ.
- პაემანზე, ანატოლი პეტროვიჩ?
- დიახ, მოსკოვს ვესაუბრე ამ წუთას, საქმის ვითარება გავაცანი და შესაბამისი დირექტივებიც მივეცი. ამხანაგ ოდიკაძეს ორი პირი გაჰყვება რესტორანში, უშიშროების მუშაკი და თარჯიმანი.
- თარჯიმანი საჭირო არ არის, ანატოლი პეტროვიჩ, ესპანური ჩვენმა ბიჭებმაც იციან.
- მართლა?
- დიახ, მოსკოვიდან მხოლოდ ასეთი კადრები წამოვიყვანეთ.
- ყველაზე უკეთ, ბიჭებო, რომელი ფლობთ ესპანურ ენას?
- ყველანი ნორმალურად ვსაუბრობთ, ანატოლი პეტროვიჩ...
- მაგრამ ყველაზე მეტად შივცოვი ითხოვს გაყოლას... იგორ სერგეიჩ, ამოიღეთ ხმა!.. ნუ გრცხვენიათ!.. ამხანაგი შივცოვი ჯერ კიდევ შერემეწიევოდან აკვირდება ამხანაგ ოდიკაძეს...
- აბა, რომელია შივცოვი?
- მე ვარ, ანატოლი პეტროვიჩ.
- ესე იგი, თქვენ გაყვებით ამხანაგ ოდიკაძეს?
- თუკი დამავალებთ, გავყვები, ანატოლი პეტროვიჩ.
- გახსოვდეთ, კასტროსთან ერთად სუფრასთან ჯდომა, თან ასეთ ინტიმურ ვითარებაში, არცთუ ისე იოლი საქმე გახლავთ.
- ვხვდები, ანატოლი პეტროვიჩ, რასაც გულისხმობთ. შევეცდები, არ შეგარცხვინოთ.
- ანატოლი პეტროვიჩ, კასტრო რომ გაბრაზდეს?
- არ გაბრაზდება... და რომც გაბრაზდეს, იგორ სერგეიჩი შეახსენებს, რომ ის თარჯიმანია...
- ეჰ, სჭირდება კი თარგმნა, ანატოლი პეტროვიჩ, სიყვარულს?!
- მიხარია, სვიატოსლავ ივანიჩ, რომ კარგ ხასიათზე ხართ, მაგრამ სიყვარული ერთია და მოსკოვის დირექტივები მეორე...
- გასაგებია, ანატოლი პეტროვიჩ, უბრალოდ გავიხუმრე.
- იგორ სერგეიჩ, დაადგინეთ რომელ რესტორაში მიდიან.
- უკვე დავადგინე, ანატოლი პეტროვიჩ, ოკეანის პირას... სახელიც კი ჩავიწერე: "პესკადო".
- მაშ, შეუდექით საქმეს!
- არის, ანატოლი პეტროვიჩ!
- ...და აკონტროლეთ, რომ ბევრი არ დალიონ!
* * *
უშიშროების მუშაკმა, დაბალმა, ქერა და დაკუნთულმა იგორ შივცოვმა ქართველ დიქტორს რვის ნახევარზე გაუარა სასტუმროში.
- სალამი, - უთხრა, - მე უშიშროებიდან ვარ, პაემანზე მეც წამოგყვებით და რასაც ვერ გაიგებთ, ყველაფერს მოგითარგმნით.
ზუსტად რვა საათზე ფიდელ კასტროს გამოგზავნილი მანქანაც მოვიდა.
პატარა სუფრა რესტორნის ვეება ტერასაზე გაეშალათ, მაგიდაზე ორი სანთელი იდგა, სუფრას კი რევოლუციური კუნძულის ლიდერი ფიდელ კასტრო ეჯდა.
- მე ვიცი ცოტა რუსული, - უთხრა ფიდელმა უშიშროების მუშაკს, - ქალბატონი და მე მშვენივრად გავუგებთ ერთმანეთს.
- ვერ წავალ, - მოუჭრა შივცოვმა, - აქვე ვიდგები, ხელს არ შეგიშლით.
- არ მესმის, - გაუკვირდა კასტროს, - ვახშამზე თქვენც უნდა დაგვესწროთ?
- ეს ვახშამია?
- დიახ!
- ესე იგი, კი.
- მეგობარო, - გაღიმებას შეეცადა კასტრო, - ეს პაემანია, ვერ ხვდებით?!
- ჩემი აქ ყოფნა ცენტრალურ დონეზეა გადაწყვეტილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ დიქტორს ესპანური ენის არაფერი გაეგებოდა, ის გუმანით მაინც მიხვდა, რაზე ლაპარაკობდნენ კასტრო და შივცოვი. ერთი მხრივ, უნდოდა, რომ მუშაკიც სადმე ახლოს ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრივ კასტროსიც ერიდებოდა, თან რაც უფრო დიდხანს უყურებდა, მით უფრო მოწონდა ეს მხარბეჭიანი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, სახელოებაკაპიწებული, წვეროსანი ახმახი...
- არ მენდობით? - განრისხდა კასტრო.
შივცოვი დადუმდა და თავი ჩახარა.
- რა გაეწყობა, - მხრები აიჩეჩა კასტრომ, - რახან არ იშლით, იყავით! - და ლალის გაუღიმა, - ბოდიშს გიხდით, - და ხელი გაიშვირა სუფრისკენ.
- უი, - გაწითლდა ლალი, - იცით რუსული?
- რამდენიმე სიტყვა იცის მხოლოდ, - განმარტა შივცოვმა.
სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ოფიციანტებმა, ამასობაში, ნაირგვარი თევზეულობა შემოიტანეს და ქართველ დიქტორს თვალებდაჭყეტილი ვეებერთელა თევზი დაუდეს ცვირწინ.
- რაც კი გემრიელი თევზი დაცურავს ჰაბანას წყლებში, ყველა თქვენთვის დავიჭირეთ, ლალი... - გაიღიმა კასტრომ.
- ვაი, ჩემი სახელიც იცის?! - კიდევ უფრო გაწითლდა ლალი.
- ვკითხო, საიდან გაიგო? - კისერი წაიგრძელა შივცოვმა.
- არა, არა... რას ამბობთ, უხერხულია.
- მე გავარკვიე, რომ თქვენ კავკასიელი ხართ, - საუბარი განაგრძო კასტრომ, - სტალინიც კავკასიაში არ დაიბადა?!
- დიახ, გორში.
- თუკი კიდევ გკითხავთ რამეს სტალინის შესახებ, არ უპასუხებთ, - ყურში უჩურჩულა ლალის შივცოვმა.
- რამე პრობლემაა? - დაიბნა კასტრო.
- არანაირი, განაგრძეთ ურთიერთობა.
კასტრომ ჯერ ლალის, მერე კი თავისთვისაც ჩამოისხა წითელი ღვინო. შივცოვისთვის არც შეუთავაზებია.
- ბევრს ნუ დალევთ, - ანერვიულდა შივცოვი, - ანატოლი პეტროვიჩის ბრძანებაა.
- ხო უნდა მიუჭახუნო, კაცო?! - დაიბნა ლალი.
- გაუმარჯოს ლამაზ ქალბატონ ლალის! - ჭიქა აღმართა კასტრომ.
- ტრაფარეტული სადღეგრძელო, - თარგმნა შივცოვმა, - თუმცა თქვენს სილამაზაც გაუსვა ხაზი.
ცოტა ხანში კასტროსაც აუწითლდა ლოყები, ღვინო მოეკიდა, ენერგიულ ჟესტიკულირებას მოჰყვა, გალანძღა ამერიკელი იმპერიალისტები, ხოტბა შეასხა ლეონიდე ბრეჟნევს, რამდენჯერმე შივცოვსაც დაუბღვირა და სკამი ლალისკენ მიაჩოჩა, რამაც ამ უკანასკნელის ლოყების შეფაკვლა და ოდნავი შეცბუნება გამოიწვია.
ფიდელ კასტრო ღონივრად, მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს, განსაკუთრებით კი იმ სიტყვებს, სადაც უხვადაა ასო-ბგერა "რ":
- იმპერრრიალიზმუს... რრრევოლუციონ!
უეცრად, საგულედან სიგარების გრძელი კოლოფი ამოაცურა და ლალის გაუწოდა.
- რაც ჩვენთან არ იყიდება, იმას ნუ მოწევთ, - შეეშინდა შივცოვს.
- ჩეკებში ხო იყიდება?! - არ დაიბნა ქართველი დიქტორი, თუმცა სიგარის მოწევაზე მაინც უარი თქვა.
კასტრომ კი გააბოლა და შეეცადა ქალბატონი ლექსების დეკლამირებით გაერთო.
- ლიტერატურა ჩემი სტიქიაა, პოეზიის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია... ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი?
ლალი, ცოტა არ იყოს, დააბნია კასტროს შეკითხვამ, "რომელი ვუთხრა? - ჩაფიქრდა კიდეც, - რუსი თუ ქართველი?.. ეგებ ბალზაკი?"
- გალაქტიონი, - თქვა ბოლოს, - ჩემი საყვარელი პოეტია.
- შოლოხოვი უყვარს, - უთარგმნა კასტროს შივცოვმა, - "წყნარი დონი" ათჯერ მაინც მექნება წაკითხულიო.
- ნობელიანტი?
- დიახ!
- მოდით, ოკეანის პირას გავისეირნოთ! - წამოხტა კასტრო.
ლალის ერთი ჭიქაც არ ჩაუცლია ბოლომდე, მაგრამ, როგორც ჩანს, ნერვიულობამ თავისი ჰქნა და ამ ორმა ყლუპმაც საკმარისად დაათრო, თავს შედარებით თამამად გრძნობდა, კასტროს პასუხი კი არ გასცა - გადაიკისკისა, რაც უთუოდ დათანხმებას ნიშნავდა.
- განა სახიფათო არ არის ოკეანის პირას სეირნობა?! - შეშფოთდა უშიშროების მუშაკი.
- მე ჩემ ქვეყანაში ვარ!.. რისი უნდა მეშინოდეს?! - დასჭექა კასტრომ.
- თუნდაც ამერიკელთა დესანტის...
კასტრომ შივცოვს არაფერი უპასუხა, ქართველ დიქტორს ხელი ჩასჭიდა და კიბეს ჩაუყვა.
- წყალში შესვლაზე არ დათანხდეთ! - აედევნა ლალის შივცოვი.
ქართველ დიქტორს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა და ქვიშიან ნაპირზე სიარული გაუჭირდა - ქუსლებით ესობოდა ქვიშაში, მაგრამ გახდაც მოერიდა, რამე ცუდი არ იფიქრონო.
ოკეანის პირას მცირე სეირნობის შემდეგ კასტრომ ჰაბანური ცეცხლოვანი ბლინის შეჭმა შესთავაზა ქალბატონს, თუმცა ლალიმ იუარა, მადლობელი ვარ, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია, სახლში უნდა წავიდეო.
- მაშინ შემპირდით, რომ კვლავაც მნახავთ, - შეეხვეწა კასტრო.
"რა უნდა, რამ გადარია?!" - გაიფიქრა ლალიმ, თქმით კი უთხრა:
- დიახ, აუცილებლივ.
ქალბატონი კასტრომ მანქანამდე მიაცილა, მანქანაში ჩამჯდარს ხელიც დაუქნია და იქვე მდგომ შივცოვს ზიზღით გადახედა.
შივცოვს შიმშილისაგან კუჭი ერთი საათის წინ აუყმუვლდა პირველად, ახლა კი არა მარტო ყმუილი, უკვე ხმაურიანი მოთქმა-ბღავილი ისმოდა მისი მუცლიდან - მთელი საღამო ისე გაატარა, რომ ერთი ლუკმაც კი ჩაუდია პირში.
* * *
- რუსია?
- არა, კავკასიელია, რაულ... ქართველი. სტალინის ქვეყნიდან.
- რუსია, ესე იგი.
- არა, არა! სხვანაირია! მუქია უფრო. სხვა ენაზე ლაპარაკობს! რუსი ქალები კატებს გვანან... ეგ კი უფრო სავსეა, მრგვალი.
- მსუქანია?
- არა, არა... ლამაზია. თან სუ წითლდება. საყვარელია.
- მერე რეზიდენციაში ახვედით?
- არსადაც არ ავსულვართ! ჟერ ერთი, არც წამომყვებოდა და მეორეც, ვიღაც რუსი ოფიცერი მიუჩინეს... ნამდვილი დეგენერატი!.. გვერდიდან არ მოცილებია!.. მოკვლა მინდოდა!.. დარწმუნებული ვარ, შეეძლო წასვლა და არ წავიდა... ბრეჟნევს რა, ფეხებზე არ ჰკიდია მე აქ ვის გავეარშიყები?! მერე რა, რომ ლალი მისი ქვეყნის მოქალაქეა!
- რა ქვია?
- ლალი.
- ნეტა სტალინის დედასაც ლალი ხო არ ერქვა?!
- არ ვიცი, არ მახსოვს...
- მოკლედ, ის რუსი ვერ მოიშორე?
- ვერა... ცემა მინდოდა. ვიფიქრე კიდეც, ზვიგენებს ხომ არ გადავუგდო-მეთქი! უნდა მომეკიდა ხელი და ზღვაში შემეგდო...
- თუ გინდა, მოვნახავ და ბიჭებს გავალახინებ?!
- გადაირიე?! სკანდალია! მერე შენ მოუხდი ბრეჟნევს ბოდიშს?
- აბა, რა ვქნა, როგორ დაგამშვიდო?!
- შენ მე ვერ დამამშვიდებ, რაულ...
- ვიცი, ვიცი... რა ქვია... ლალი დაგამშვიდებს, არა?!
- მსხალივით გოგოა, მსხალივით!..
- ხვალ მიდიან.
- ხვაალ? მთელი დელეგაცია?
- კი, ასე ვიცი.
- არა, ეს გამორიცხულია... რამე უნდა ვქნათ!
- ჩვენ რა უნდა ვქნათ, ამას მოსკოვი წყვეტს!
- ლალი უნდა დავტოვო.
- მარტო ლალი?
- რამდენიმე ადამიანთან ერთად მაინც... რამე მიზეზი უნდა მოვიფიქროთ.
- რა მიზეზი, ფიდელ?
- ნუ, რამე...
- ხვალამდე დიდი დროა... რა, ერთ დღეში ქალს ვერ შეაბამ, ნუ გამაგიჟე?!
- შებმა რა შუაშია!..
- შენ მგონი მართლა შეყვარებული ხარ, ფიდელ...
* * *
26 მარტი. დილის რვის ნახევარი.
დედა, რა კაცია! რა ტემპერამენტი, რა ენერგია! გადამრია ქალი... ლექსები მიკითხა, მაქო, უდიდესი პატივი მცა, უდიდესი... სხვანაირათ მიყურეფს აშკარად! მიხვდა, რომ არ ვარ ისეთი ქალი... გალიამაც ეგ მითხრა, რო მოუყევი...
მარა მე მჭირს რაღაც. გუშინ ღამემდე მშვიდათ ვიყავი, მეშინოდა კიდეც მაგისი რაღაცნაირათ, მარა გუშინ ვეღარ დავიძინე... მთელი ღამე ლოგინში ვიწრიალე... არ ვიცი, რატო... არ ვიცი!.. არც მინდა მაგაზე ვიფიქრო!.. რა სისულელეა!.. ოჰ, რა არი მაინც ქალის გული, ოღონც ვინმე გაგვეპრანჭოს და... მარა ეგეც რომ არ არი ჩვეულებრივი კაცი!..
ოჰ, ფიდელ, ფიდელ, რა გინდოდა, შე საზიზღარო, ვიყავი ჩემთვის წყნარათ... ტელეფონი რეკავს. მერე გავაგრძელეფ.
გალინა ტელეფონის ზარმა გააღვიძა, - ბოხი ხმით, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა რაღაც და ისევ ძილი გააგრძელა.
ლალი დღიურის წერას შეეშვა, ტელეფონთან მიირბინა, ყურმილი ყურთან მიიბჯინა და გაშეშდა... ფიდელ კასტრო რეკავდა!
- ლალი... ნახვა! ნახვა!.. - ფიდელი რუსულად ცდილობდა ლაპარაკს, - ლალი, ფიდელი! ლალი, ფიდელი!.. ნახვა!
ლალი მხოლოდ შორისდებულებით, წყვეტილი ფრაზებითა და ფრთხილი, უხერხული კისკისით ეხმიანებოდა ფიდელს, ხოლო "კი-კი" და "დიახ", ნერვიულობისაგან, რამდენჯერმე ქართულადაც კი ამოსძახა...
საუბარი მოასრულეს თუ არა, ლალიმ უაზროდ, დაბნეულად იბოდიალა ნომერში, რამდენჯერმე შევიდა სააბაზანოშიც, ახურებული სახე წყლით გაიგრილა, ოდნავი შვება იგრძნო, გამოვიდა და ისევ თავის დღიურს მიუბრუნდა:
რა არის ეს? სიყვარულია თუ უბრალოთ გატაცება? მე რა მჭირს? მე? ფრთხილად, ლალი! ფრითხილად, ლალიკო!.. ეხლა უნდა გამოიჩინო ჭკუა!
ჩემი ნახვა უნდა, ასე გავიგე. რუსულათ და ესპანურათ ამბობდა რაღაც სიტყვებს. როგორ მოვიქცე ისე, რო არც უზდელობათ ჩამეთვალოს და არც რამეთი მოვატყუებიო თავი... თუმცა, მატყუებს კი რამეს?.. არა მგონია... ისეთი გულწრფელი იყო გუშვინ... მოკლეთ, არ ვიცი... დამაბნია, ამრია, გამასავათა ამ კაცმა!.. გალია, გაიღვიძე, შე საზიზღარო, მითხარი რამე! მოვკვდი ქალი...
სამი გვერდი აავსო ლალიმ სიტყვებით და ერთი საათი ისე გავიდა, ვერც შეამჩნია.
დღიურს კაკუნმა მოწყვიტა. კაკუნმა გალინაც გამოაფხიზლა ცოტა ხნით, - თავი წამოსწია, კვლავ გაუგებრად ადუდღუნდა და ისევ ძილი გააგრძელა.
ლალიმ კართან მიირბინა, გამოიაღო და გაშეშდა... ზღურბლთან შივცოვი იდგა.
- უნდა ვისაუბროთ, - თქვა.
- დიახ...
- შეიძლება შემოვიდე?
- კი ბატონო, მობრძანდით.
ლალი ოთახში შეუძღვა შივცოვს.
- უი, აქ თქვენს მეგობარს სძინავს! - შეიცხადა, - არ გავაღვიძოთ... ეგებ დერეფანში გვესაუბრა?
- როგორც გნებავთ...
შივცოვი და ლალი ისევ უკან, დერეფანში გამოვიდნენ.
- მაშ, ასე, - ჩაახველა შივცოვმა, - ტელეფონები ისმინება. ყველა ნომერში.
- დიახ...
- თქვენც მოგისმინეთ.
- ა, თქვენ უსმენთ?
- დიახ, აბა სხვა ვინ უნდა უსმენდეს?!
- მე მეგონა, კუბელები გვისმენდნენ...
- კუბელები კუბელებს უსმენენ, ჩვენ - ჩვენებს.
- დიახ, უცეფ ვერ მივხვდი და...
- არა უშავს. საათნახევრის წინ ფიდელს ესაუბრეთ.
- კი...
- მან შეხვედრა გთხოვათ...
- დიახ.
- კვლავ პაემანი...
- აჰა.
- მეორე პაემანი არ შედგება!
- ?
- და არც მესამე! ხვალ დილით მივემგზავრებით. ფიდელს უკვე ველაპარაკე. ახლა სწორედ მისგან მოვდივარ.
- დიახ...
- ვუთხარი, რომ თქვენ ფეხმძიმედ ხართ, სახლში სამი შვილი და ქმარი გელოდებათ...
- უი...
- დიახ... და რომ თქვენი ქმარი უშიშროების კომიტეტის მაღალჩინოსანია.
- კი მაგრამ, ეს ხომ ტყუილია, მე გათხოვილიც კი არა ვარ!
- ვიცი, მოვატყუე... და გავაფრთხილე კიდეც, რომ თქვენთან არშიყი საბჭოთა უშიშროების კომიტეტის შეურაცხყოფას ნიშნავს... ვუთხარი, რომ ეს ამბავი ნამდვილად არ ესიამოვნებათ პოლიტბიუროში!
- დიახ...
- რატომ გეტირებათ?
- არ ვიცი...
- ნუ გეტირებათ! ლაჩარი აღმოჩნდა... შეეშინდა. ფარ-ხმალი დაყარა. ბრძოლაზე უარი თქვა.
- რატომ მოატყუეთ?
- იმიტომ, რომ მე არ ვარ ლაჩარი...
- დიახ...
- იცით ჩემი სახელი?
- არა...
- ტუჩი გითრთით... იგორ სერგეიჩი მქვია.
- დიახ...
- თქვენ - ლალი, ვიცი.
- კი, ლალი...
- ჯერ კიდევ მოსკოვიდან, შერემეწიევოდან გითვალთვალებთ... მე თქვენ მომწონხართ, ლალი... და... იცით... პირდაპირ გეტყვით: ეს, შესაძლოა, მოწონებაზე მეტიც იყოს...
- დიახ...
- ანუ, შეიძლება მიყვარხართ კიდეც...
- კი, მესმის...
- უცოლშვილო ვარ. ნორმალური ხელფასი მაქვს. ოროთახიანი ბინა მედვედკოვოში... უბანია ასეთი, მოსკოვში... ვიბრძოლებ თქვენთვის! პირველი ბრძოლა უკვე მოვიგე. აღარ შეგხვდებათ, აგერ ნახავთ!
- დიახ... და მაშინ რო... ის...
- რა, ლალი?
- თქვენი ინიციატივით გამოგვყევით რესტორანში?
- არა, ანატოლი პეტროვიჩს შევეხვეწე და მე გამომიშვა, თორემ სხვას მოგამაგრებდათ.
- გასაგებია.
- ესე იგი, დაიხსომეთ, ლალი: ფაქტობრივად... მიყვარხართ.
- კარქით...
- ნახვამდის.
- ნახვამდის.
- ჩამომართვით ხელი!.. აი, ასე. აბა, შეხვედრამდე.
ვინ არი ეს იგორ სერგეიჩი? რა ჯანდაბა უნდა?! მეზიზღებიან, მეზიზღებიან რუსი კაცები!!!
დავხევ ამ დღიურს, დავხევ, მარა მანამდე რასაც ვფიქროფ, მაინც ჩავწერ:
არ გაუხარდათ ჩემი ბედნიერება რუსებს! დაიბოღმენ კასტროს მე რო მოვეწონე და მაგათ ბოზებს ზედაც რო არ შეაფურთხა! კომუნისტს რა უქნეს და კაპიტალისტს რას უზამენ!
დედა, დედა, ეს რა ხალხია! გაფუჭებული ქალი გამომიყვანა იმის თვალში... თურმე, ქმარი მყოლია და თან მაგას მივყვებოდი რესტორანში... გაგიჟდება კაცი, რას იფიქრებს!.. რა ვქნა, სად მივაგნო, როგორ დაურეკო? როგორ აუხსნა?.. მოვკლავ ამ გალიასაც, ბალიშს დავაფარეფ თავზე!!!
* * *
საქ სსრ ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვასილ პავლეს ძე მჟავანაძემ საქტელერადიო კომიტეტის კოლექტივთან მცირე შეხვედრა-თათბირის შემდეგ, თავმჯდომარეს, ბატონ ალექსანდრეს მკლაური გაუყარა და ყურში უჩურჩულა:
- ვი ს ტოვარიშჩომ ოდიკაძე დარჩით. დელო იესც.
ცოტა ხანში ვეებერთელა კაბინეტში მხოლოდ სამნი - პირველი მდივანი, კომიტეტის თავმჯდომარე და დიქტორიღა დარჩნენ.
- ნუ კაკ კუბა? - ჰკითხა მჟავანაძემ ლალის.
- უჰ, დიდებული, ვასილ პავლეს ძევ... ახლა "საბჭოთა ხელოვნებასა" და "კომუნისტში" გამოქვეყნდება ჩემი იქაური შთაბეჭდილებები...
- კარგია... მაგეებს პატომ რასკაჟეწე... ახლა აქეთ წამობრძანდით...
- საით, ვასილ პავლეს ძევ? - დაიბნა ლალი.
- აქით... ვ ზადნოი კომტაწე.
ლალიმ კომიტეტის თავჯდომარეს გადახედა.
- გაჰყეთ, - მკაცრად მოუჭრა იმანაც.
ლალი წამოდგა და პირველ მდივანს კაბინეტის უკან, მოსასვენებელ ოთახში შეჰვა.
მჟავანაძემ ლალის დივანზე ჩამოჯდომა შესთავაზა.
- საძიწეს, - უთხრა, - ათ წუთს მოიცდით, მერე ამ ტელეფონზე დარეკავენ და უპასუხეფთ. მე კაბინეტში დაგელოდებით.
და გავიდა.
დივანთან გრძელი ტუმბო იდგა, ტუმბოზე რამდენიმე ბრტყელი, უნომრო ტელეფონი იდო.
გავიდა ათი, თხუთმეტი, ოცი წუთი, ტელეფონები კი მაინც ჯიუტად დუმდნენ.
მჟავანაძემ შემოიხედა კიდეც:
- არ დარეკა?
ლალიმ თავი გააქნია. მჟავანაძემ მხრები აიჩეჩა და გავიდა.
როცა ლალის საბოლოოდ გადაეწურა იმედი, წითელი ტელეფონი სწორედ მაშინ ახმაურდა. ლალიმ ყურმილი ყურთან მიიდო და გაშეშდა...
- ლალი? - იკითხა კასტრომ.
- დიახ, - ხმა აუკანკალდა დიქტორს.
- ლაალი... - გაიმეორა კასტრომ. მერე კი ვიღაც რუსის ხმა გაისმა.
- სალამი, მე თარჯიმანი გახლავართ, მგონი შევხვედრილვართ კიდეც... ფიდელი მთხოვს, რომ გითხრათ: მან იცის, რომ მოატყუეს, და, შესაბამისად, ეჭვი აქვს, რომ თქვენც ტყუილი გითხრეს მის შესახებ. მას თქვენს მიერ ხელმოწერილი ბარათი გადასცეს, სადაც თქვენ ითხოვთ, რომ კასტრომ თავი დაგანებოთ. ფიდელს აინტერესებს, მოაწერეთ თუ არა ჰაბანაში ხელი რაიმე ასეთი სახის დოკომუნტს?
- არა!
- გასაგებია. ყურმილს მართმევს. ესაუბრეთ.
ყურმილში ისევ კასტროს ხმა გაისმა:
- ლალი...
- დიახ...
და კასტრომ ბორძიკ-ბორძიკით, ძლივსძლიობით ამოთქვა ქართული სიტყვები:
- ისწავლეთ ლალი ესპანური ენა!
კომიტეტის თავმჯდომარე და დიქტორი ვასილ პავლეს ძე მჟავანაძემ კაბინეტის კარამდე მიაცილა, ლალისთვის არაფერი უთქვამს, ბატონ ალექსანდრეს კი მხარზე ჩამოუტყაპუნა ხელი და ღიმილით უთხრა:
- ნადია... საცივი... გეხვერწები.
- კი, კი, ვასილ პავლოვიჩ, აბა რა!
ხმა არც ლალის ამოუღია, თითზე ოქროს ბეჭედი ჰქონდა წამოცმული, ქვემოთ, "ჟიგულიში" კი შივცოვი ელოდა.
© ”ცხელი შოკოლადი”
No comments:
Post a Comment