ვერწმუნოთ ცივი სეზონის დასაწყისს
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ
ეს მე ვარ -
მარტოსული ქალი -
ცივი სეზონის ზღურბლთან,
მიწის ჭუჭყიანი არსებობის,
ზეცის ნაღვლიანი, მარტივი სასოწარკვეთისა
და ამ ვერცხლისფერი ხელების
შეცნობის დასაწყისში.
დრო გავიდა.
დრო გავიდა და საათმა ოთხჯერ ჩამორეკა.
ოთხჯერ ჩამორეკა.
დღეს დეკემბრის პირველი დღეა.
მე ვიცი ცივი სეზონების საიდუმლო
და მესმის წამების იდუმალი ენა...
მხსნელი საფლავში წევს
და მიწა,
მიწა-მიმღებელი -
მინიშნებაა - ღვთიურ სიმშვიდეზე.
გამოხდა ხანი და საათმა ოთხჯერ ჩამორეკა.
ქუჩაში ქარი ქრის,
ქუჩაში ქარი ქრის
და მე ვფიქრობ იმაზე, როგორ ირჩევენ მეწყვილეს ყვავილები,
სისხლნაკლულ, გამხდარღეროებიან ბაღებზე,
კაცზე, რომლის ძარღვთა ცისფერი ქსელებიც
მკვდარი
გველებივით
ყელის ორივე მხრიდან ზემოთ მიცურავენ
და მისი მოცახცახე საფეთქლები
იმავე სისხლიან უმაქნისობას იმეორებენ უსასრულოდ.
- სალამი!
- სალამი! -
და მე ვფიქრობ, როგორ ირჩევენ მეწყვილეს ყვავილები.
სუსხიანი სეზონის ზღურბლთან
სარკეთა პანაშვიდსა
და ფერდაკარგულ გამოცდილებათა სამგლოვიარო შეკრებაზე,
ამ დუმილის ცოდნით დახუნძლულ საღამოს,
როგორ შეიძლება იმას, ვინც მიდის
ასე -
ამტანი,
მძიმე,
თავაღერილი -
შეჩერების ბრძანება მისცე.
როგორ შეიძლება, კაცს უთხრა, რომ
ცოცხალი არ არის
და არც არასოდეს ყოფილა ცოცხალი.
ქუჩაში ქარი ქრის...
ეული, გარიყული ყვანჩალები
ბოლთას სცემენ მოხუც, უგუნებო ბაღებში.
და კიბესაც რა საცოდავი, საწყალი
სიმაღლე აქვს.
ამ კიბეებმა გულის მთელი მიამიტობა
თან წაიყოლეს - მაღლა-მაღლა,
ზღაპრის კოშკამდე
და ახლა როგორ,
მარტოკაცმა როგორ იცეკვოს,
თავის ბავშვობის ნაწნავები
როგორ ჩაყაროს წარმავალ წყლებში,
ვაშლი, რომელიც მოწყვიტა და დასუნა კიდეც,
აბა, მითხარით,
ფეხით როგორ უნდა გათელოს?!
ო, მეგობარო,
ერთადერთო მეგობარო,
მზის წვეულების დღეს ეს რა შავი ღრუბლები
ჩასაფრებიან ავი მოლოდინით;
თითქოს წარმოსახვითი ფრენის სავალზე
ერთ დღესაც გამოჩნდა ის უცხო ფრინველი
თითქოს ოცნების მწვანე ხაზებით
იყვნენ მოქსოვილი ის ლორთქო ფოთლები,
ნიავის ვნებაში რომ სუნთქავდნენ,
თითქოს, იის კოცონი,
ფანჯარათა სუფთა მეხსიერებაში რომ იწვოდა,
სხვა არა იყო რა,
ჩირაღდნის უმწიკვლო წარმოსახვის გარდა.
ქუჩაში ქარი ქრის.
ეს განადგურების დასაწყისია;
იმ დღესაც, შენი ხელები რომ გაჩანაგდა,
ქარი ქროდა.
და როცა საყვარელი ვარსკვლავებიც, მუყაოს ვარსკვლავებიც კი
ცაზე ყასიდად იწყებენ თრთოლვას,
როგორ უნდა შეაფარო თავი
თავგაჩეხილი მოციქულების ქადაგებებს
ჩვენ ათასეული წლების წინათ მკვდრებივით
შევეყრებით ერთმანეთს და
იმ დროს,
მზე ჩვენი სხეულების ხრწნილების განკითხვას დაიწყებს.
მე მცივა,
მცივა და მგონია, რომ ვერასდროს ჩავთბები.
ო, მეგობარო,
ერთადერთო მეგობარო,
"ის ღვინო განა რამდენი წლის იყო?!"
შეხედე, აქ დროს
რამხელა წონა აქვს
და თევზები ხორცებს როგორ მიღეჭავენ...
რად მაკავებ ყოველთვის ზღვის ფსკერზე? -
მცივა და მომბეზრდა სადაფის საყურე.
მცივა და ვიცი, რომ
ერთი ველური ყაყაჩოს მთელი წარმოსახვებიდან
არაფერი დარჩება რამდენიმე წვეთი
სისხლის მეტი.
ხაზებს თავს დავანებებ,
რიცხვების თვლასაც - ასევე - თავს დავანებებ,
შეზღუდული გეომეტრიული ფიგურებიდან თავდაღწეული
თავს შესაძლებლობის გრძნობით სივრცეებს შევაფარებ.
მე შიშველი ვარ, შიშველი, შიშველი...
შიშველი, როგორც საალერსო სიტყვებს შორის
ჩამოვარდნილი სიჩუმე
და სიყვარულისგანაა მთელი ჩემი ჭრილობები,
სიყვარულისაგან, სიყვარულისაგან, სიყვარულისაგან.
მე გამოვარიდე ეს მოხეტიალე კუნძული
ოკეანის ღელვასა და
მთათა ჩამოქცევას.
ნაწილ-ნაწილ დაფლეთვა იყო
იმ მთლიანი არსებობის საიდუმლო,
რომლის ყველაზე უბადრუკი ნაფლეთისგან
მზე გაჩნდა ამქვეყნად...
გამარჯობა, უბიწო ღამევ!
გამარჯობა, ღამევ, რომელიც
ტრამალის მგელთა თვალებს
რწმენისა და ნდობის გამძლე გუგებად ქმნი.
და შენი ნაკადულების ნაპირებზე
ტირიფების სულები
სუნავენ ნაჯახების ალერსიან სულებს.
მე ხმების, სიტყვებისა და ფიქრების უგულისყურობის სამყაროდან მოვდივარ,
ეს სამყარო ასპიტთა ბუდეს ჰგავს,
ეს სამყარო იმ ხალხის ფეხის ხმითაა სავსე,
რომლებიც ცხადად გკოცნიან
ფიქრში კი სახრჩობელის მარყუჟს გინასკვავენ.
გამარჯობა, უბიწო ღამევ,
ფანჯარასა და მზერას შორის
მუდამ მანძილია.
რატომ არ შევხედე? -
მაშინდელივით, კაცმა რომ სველ ხეებს გვერდი აუარა.
რატომ არ შევხედე,
თითქოს, დედაჩემს ეტიროს იმ ღამით;
იმ ღამით, ტკივილამდე რომ მივაღწიე
და ჩანასახს ფორმა რომ მიეცა.
იმ ღამით, როცა აკაციის ყვავილების პატარძლად ვიქეცი,
იმ ღამით, როცა ისპაჰანი სავსე იყო
ცისფერი შორენკეცების ლივლივით.
ხოლო მე მას სარკეში ვხედავდი:
სარკესავით წმინდა იყო და ნათელი,
მოულოდნელად რომ დამიძახა
და მე აკაციის ყვავილთა პატარძლად ვიქეცი.
თითქოს, დედაჩემს ეტიროს იმ ღამით.
რა ფუჭი ნათელი გამოკრთა
იმ დასაზღვრული,
ჩარჩოში მოქცეული პატარა სარკმლიდან.
რატომ არ შევხედე?!
ბედნიერების ყველა წუთმა იცოდა,
რომ შენი ხელები გაჩანაგდებოდა,
მე კი მანამდე არ შემოგხედე,
ვიდრე საათის სარკმელი არ გაიხსნა
და სევდიანმა გუგულმა ოთხჯერ არ დაიძახა.
ოთხჯერ დაიძახა
და მე იმ პატარა ქალბატონს შევეჩეხე.
ნეტავ, კიდევ თუ დავივარცხნი ქარში ჩემს ნაწნავებს,
ნეტავ კიდევ თუ დავთესავ ბაღჩაში ია-იებს
და შანდლებს ზეცაში,
ფანჯრის რაფაზე,
კიდევ თუ შემოვდგამ.
ნეტავ, კიდევ თუ ვიცეკვებ ჭიქების ზედაპირზე.
კიდევ თუ წაიყვანს ზარი ჩემს კარებს
ხმის მოლოდინისკენ...
დედაჩემს ვუთხარი: - ამის მერე მორჩა!
ვუთხარი:
- შემთხვევა ყოველთვის მანამ ხდება,
ვიდრე რამეს გაიფიქრებდე!
გაზეთებს სამძიმარი უნდა გავუგზავნოთ!
ცარიელი კაცი,
ცარიელი კაცი -
ნდობით აღსავსე.
შეხედე: მისი კბილები, ღეჭვისას,
როგორ წკრიალებენ,
როგორ უხევდება თვალები -
თვალისგაშტერებისას -
და როგორ უვლის გვერდს სველ ხეებს:
მომთმენი,
მძიმე
და თავაღერილი
ოთხ საათზე,
იმ წამს,
როცა მისი ძარღვების ცისფერი ძაფები
ყელის ორივე მხრიდან
ზემოთ მიცოცავენ
და მისი მფეთქავი საფეთქლები
იმეორებენ იმ სისხლიან სიცარიელეს.
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს!
როდესმე დაგიყნოსავს
ის ოთხი ცისფერი ტიტა?
ხანი გამოხდა და ღამე
აკაციის შიშველ ტოტებზე ჩამოვარდა.
ღამეს ფეხი უცურავდა
ფანჯრის მინებზე და
წინა დღის ნარჩენებს იყრიდა შიგანში.
საიდან მოვდივარ?
საიდან მოვდივარ, რომ
ასე ვყარვარ ღამის უამური სუნით?!
ჯერ იმის სამარეს პირი არ შეუკრავს;
იმ ორი ახალგაზრდა თოთო ხელის სამარეზე გეუბნები...
რა კეთილი იყავი, მეგობარო,
ერთადერთო, მეგობარო...
რა კეთილი იყავი, როცა ტყუილს ამბობდი,
რა კეთილი იყავი, სარკეთა ქუთუთოებს რომ ხუჭავდი,
ჭაღებს ხსნიდი მავთულთა ღეროებიდან
და სიბნელეში, ჩემს მჩაგვრელს სიყვარულის იალაღებზე მიუძღვოდი.
ვიდრე ის რეტიანი კვამლი,
წყურვილის ხანძარმა რომ მოიყოლა,
სიზმრის მინდორზე არ ჩამოწვა.
ის მუყაოს ვარსკვლავები
უსასრულო წრის გარშემო ბრუნავდნენ.
სიტყვები ხმით რატომ წარმოითქმის?
მზერა დანახვის სახლში რად ასტუმრეს?
რატომ ახადეს ნამუსი მოფერებას
ნაწნავთა სიმორცხვით?..
შეხედე: იმისი სული,
ვინც სიტყვებით ილაპარაკა,
მზერით რეკა,
მოფერებით კი გახედვნისაგან განისვენა,
აქ - როგორ ჯვარცმულა
ზმანებათა ისრებით.
შენი იმ ხუთი თითის ნაკვალევი კი,
ჭეშმარიტების ხუთი სიტყვასავით რომ იყვნენ,
დღემდე ლოყაზე როგორ აჩნევია!
დუმილი რა არის, რა არის, რა არის?
ო, ერთადერთო, ერთადერთო მეგობარო.
დუმილი სხვა რა არის,
თუ არა ვერთქმული, უთქმელი სიტყვები.
მეც თქმას თავს ვანებებ,
მაგრამ ბეღურების ენა
ბუნების ზეიმის მორაკრაკე წინადადებათა ცხოვრების ენაა.
ბეღურათა ენა, ესე იგი: გაზაფხული. ფოთოლი. გაზაფხული.
ბეღურათა ენა, ესე იგი: ნიავი. სურნელი. ნიავი.
ბეღურათა ენა ქარხნებში კვდება.
ეს ვინ არის,
მარადიულობის შარაგზაზე,
მონოთეიზმის წამისკენ რომ მიეშურება
და თავისი მარადისობის საათი
გამოკლება-გაყოფის მათემატიკური ლოგიკით რომ მოუმართავს.
ეს ვინ არის,
მამლების ყივილი
დილის, თენების დასაწყისად რომ არ მიაჩნია
და საუზმის სუნის საწყისად მიიჩნევს?!
ეს ვინ არის,
თავზე რომ სიყვარულის გვირგვინი ახურავს
და საპატარძლო სამოსთა შორის
რომ გახრწნილა.
და აი, როგორც იქნა:
მზემ ერთდროულად არ გაანათა
ორი უიმედო პოლუსი.
შენ დაცარიელდი შორენკეცების
ცისფერი ლიცლიცისგან.
მე ისე სავსე ვარ,
რომ ჩემს ხმაზე ლოცვას აღავლენენ...
ბედნიერი მიცვალებულები,
უგერგილო მიცვალებულები,
მდუმარე, ფიქრიანი მიცვალებულები,
რიგიანად დამხვდური, პეწიანად ჩაცმული, კარგად ნასვამ-ნაჭამი მიცვალებულები.
განსაზღვრული დროჟამის გაჩერებებზე,
დროებითი სინათლეების საეჭვო ნიადაგზე
და ამაოების დამპალ ნაყოფთა სყიდვის ვნებით აღტკინებულნი...
ეჰ...
გზაჯვარედინებზე
რა ადამიანები წუხან მოსახდენზე!
და მუხრუჭების ეს ხმაც,
იმ წამს, როცა კაცი
დროის ბორბალქვეშ უნდა, უნდა, უნდა გაიჭყლიტოს,
კაცი, რომელიც სველ ხეებს
გვერდს უვლის.
მე საიდან მოვედი?
დედაჩემს ვუთხარი: მორჩა-მეთქი!
ვუთხარი: სანამ რამეს მოიფიქრებ,
მოსახდენი ხდება!
გაზეთებს სამძიმარი უნდა გავუგზავნოთ!
სალამი, მარტოობის ყარიბობავ! -
ოთახს შენ გაბარებ,
რადგან შავი ღრუბლები
მუდამ ახალგანწმენდილი სასწაულების
მოციქულნი არიან.
სანთლის მოწამეობრივი აღსასრული კი
ის ბრწყინვალე საიდუმლოა,
რომელიც ყველაზე უკეთ იცის
უკანასკნელმა და
გამეტებით თავწამოღერილმა
ცეცხლის ალმა.
ვერწმუნოთ,
ვერწმუნოთ
ცივი სეზონის დასაწყისს,
ვერწმუნოთ ოცნების გავერანებულ ბაღებს,
დაღუნულ, უქმად დაყრილ ნამგლებსა
და დატყვევებულ მარცვლებს.
ერთი შეხე - რა თოვლი მოდის!
შესაძლოა, ჭეშმარიტება
ის ორი ახალგაზრდა ხელი იყო,
ის ორი ახალგაზრდა ხელი,
მცირედმა თოვლმა რომ ჩამარხა
და თან დაიტანა.
გაისად, გაზაფხულზე,
როდესაც ზეცა ფანჯრისმიღმეთთან სარეცელს გაიყოფს
და აჩქეფდებიან ერთმანეთის მეტოქეობით
მსუბუქი რტოების მწვანე შადრევნები
კვირტებს დაისხამენ...
ო, მეგობარო,
ერთადერთო მეგობარო,
ვერწმუნოთ ცივი სეზონის დასაწყისს...
© “არილი”
No comments:
Post a Comment