* * *
სოფლებად ქცეულ სატახტოებში
დარჩენილებს - უხილავი ქმნილებები
გვინთებენ და გვიქრობენ დღემდე -
სინათლეს. როცა სინათლე მოდის -
უკანასკნელი დიზაინის კაბებში,
ზურგზე მიკერებული - ახალთახალი,
ცვილითა და ბუმბულებით შეთხზული ფრთებით -
ეკრანებიდან გვიღიმიან თეთრკბილება
ლამაზმანები; როცა სინათლე მიდის -
ვანთებთ - ძველი და მზისგან დამდნარი
ფრთების ცვილის სანთლებს; აბაზანებში -
ძილის წინ - ძველი გულმოდგინებით
ვიხეხავთ კბილებს. და მე კი მაინც -
უკვე მეოთხე გვერდითი კბილი
ამოვიღე, - არა ფოტომოდელის მსგავსად -
რომ ყვრიმალები უკეთ დამაჩნდეს, -
არამედ, შენი ტყუპისცალი ვარ -
სტივი, - ასეთი ახალგაზრდა და უკბილო
და არ ვიცი რას დავაბრალო -
მურაბებს თუ გუდასტვირის ხმას -
რომ დაგვაბედა ორივე - სიტკბოს სიყვარულიც,
კბილის ტკივილიც; სიყვარული და
ტკივილი - ჩვენი ტყუპისცალი
და ბებერი და უკბილო სამშობლოების.
* * *
უცხო ყოფილა -
ჩემი ძმობილი -
თრობისთვის - ყველა სუფრის სტუმარი;
და მეც - სულელი! -
სულ ვაძალებდი -
ლექსის ღვინოს და ლექსის პურმარილს.
მუტანტები
შავი მერცხლები, თეთრი გულის
გარეშე - შავი და ვეება მერცხლები -
გასულ ზაფხულს მოფრინდნენ
ქალაქში. მყისვე - ყველაზე დიდი
შენობის თაღებს მიაწყდნენ.
ქროდნენ შეუჩერებლად. აშენებდნენ
შავ ბუდეებს. ააშენეს სტალინის
ძეგლის ზურგსუკან. მიწით გადალესეს
შენობის ყველა ბზარი. ტალახის
ნამცეცებით ამოავსეს ჰაერი. ძეგლი -
მათი სიშავით შეშფოთებულ
გამვლელებს - მშვიდი, კმაყოფილი
გადმოჰყურებდა. სახელმწიფო
მოხელეები ცდილობდნენ სწრაფად
გადმოსულიყვნენ მანქანებიდან,
სწრაფი ნაბიჯით აევლოთ კიბე
და კარსუკან მიმალულიყვნენ.
ხოლო მერცხლები - მთელი ზაფხული
ტრიალებდნენ საფრთხედ ჰაერში
და ზაფხული ისე გავიდა -
თავს არ დასხმიან არავის,
მხოლოდ - ქუჩებში და ბაღებში -
ხშირად ვპოულობდით - მკვდარ
ჩიტებს - მკვდარ, ჩვეულებრივ
პატარა და თეთრგულა მერცხლებს.
* * *
ბორჯომის პარკში - ცის კრიალა
ზოლს ავსებენ ტკბილი ღრუბლები -
ბამბის ფერადი ნაყინები:
"ყვითელი თუ ვარდისფერი?"
პატარა გოგო - ვარდისფერს ირჩევს
და კარუსელის ბილეთების გამყიდველი ქალი -
ვიღაც მტირალა ბიჭის
გვერდით სვამს, უხსნის:
"პაპა ძალიან მაღალია,
მიწაზე უნდა დარჩეს" და ის კი -
ვარდისფერი ღრუბელით ხელში -
მაისურებს, საქანელებს, ფიჭვებს დაჰყურებს.
მტირალა ბიჭი არ ჩუმდება.
ვარდისფერ ღრუბელს უწვდის -
აჩუმებს. ამ სიმაღლიდან
ყველაზე მეტად - პაპის დანახვა უხარია
და ხელს უქნევს: დამელოდე,
არსად წახვიდე. საკმარისია - ის -
ვინც გიყვარს - თვალს მიეფაროს
და სამოთხეც - შენიანად - შენს გარშემო -
უცხოდ, ავად დატრიალდება.
ის იღვიძებს: ზრდასრული და
ბამბის ნაყინს გადაჩვეული.
მამამისის რადიოში უყურადებს
ხალხის ამბავს, - საკუთარ სისხლს რომ
ჰყიდიან, რომ ბავშვებისათვის
თბილი პური იყიდონ. ვისი
ღვთაებრივი ძარღვებისაკენ მიედინება
ამდენი სისხლი?! ან რამდენი
დონორია კიდევ საჭირო - რომ ამოავსოს,
წამით მაინც აგრძნობინოს ეს ტკივილი,
ეს სურვილი - თბილი პურისა?!
სამყარო უცხოდ და საშიშად ტრიალებს.
უკვირს - მტირალა ბიჭი -
ვარდისფერი ღრუბელით ხელში -
როგორ სწრაფად ჩუმდება და მიწაზე - თვალით -
არვის ეძებს; ეუბნება:
"აქ კარგია. კიდევ ვიქროლოთ!"
* * *
მომთაბარეთა ტომის შვილებო,
არ გაიშლება თქვენი თმა - ლაღად;
სხვისი მიწისთვის მარად მშივრები -
მუზარადებით შუბლებს იდაღავთ;
ჩვენ ერთგულების ღმერთი გვყავს, თქვენთვის -
ოქროთი - მხოლოდ ფერფლს ასწონიან -
აწმყოში - თქვენი ომის ღმერთები,
წარსულიც - ფერფლის თანასწორია;
და მომავალსაც - თუ გაუსწორებთ -
მახვილს, - ვერ შეძლებს თვალი - იგივეს:
იქით - ოქროთი აუწონავი -
კვლავ ჩვენი პურის ყანა ბიბინებს.
© ”არილი”
No comments:
Post a Comment