არილი

Saturday, November 21, 2009

ჯორჯ ორუელი – წიგნით მოვაჭრის მოგონებები


ჩემდა გასაოცრად, ბუკინისტურ მაღაზიაში (ანუ, ზოგიერთის წარმოდგენით, ერთგვარ "პატარა სამოთხეში", სადაც სანდომიანი ბერიკაცი გამუდმებით იქექება ფოლიანტებში) მუშაობისას იშვიათად ვხვდებოდი ჭეშმარიტ ბიბლიოფილებს. მაღაზიაში საინტერესო ფონდები ინახებოდა, მაგრამ მყიდველთა მხოლოდ ათიოდ პროცენტი თუ განასხვავებდა კარგ წიგნს უხეიროსგან. ლიტერატურის მოყვარულთ ჭარბობდნენ პირველ გამოცემათა შეძენით დაინტერესებული სნობები. ზოგჯერ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები კითხულობდნენ იაფფასიანი ქრესტომათიების ღირებულებას. კლიენტთა ძირითად მასას კი შეადგენდნენ ქალები, რომლებიც ბავშვებისთვის დაბადების დღის საჩუქრებს ყიდულობდნენ.
ბევრი მუშტარი აუტანლად გვაბეზრებდა თავს. მაგალითად, სასიამოვნო გარეგნობის მოხუცებული ქალბატონი ეძებდა "წიგნს ინვალიდისთვის" (ეს ძალზე ხშირად ხდებოდა). ერთმა დარბაისელმა მანდილოსანმა 1897 წელს წაიკითხა "არაჩვეულებრივად საინტერესო წიგნი" და ახლა გვთხოვდა, გვეშოვნა ის. საუბედუროდ, არც სახელწოდება ახსოვდა, არც ავტორი, არც - შინაარსი, მაგრამ იცოდა, რომ წიგნს წითელი გარეკანი ჰქონდა. ბუკინისტებს განსაკუთრებით აწამებენ ორი ტიპის ადამიანები: ჯერ ერთი, ბეხრეკი, ობმოკიდებული ბებრუცუნები, რომლებიც ყოველდღე, ხშირად კი - დღეში რამდენჯერმე მიდიან ბუკინისტებთან და ცდილობენ, გაყიდონ თავიანთი ხარახურა; სხვები კი უკვეთენ უამრავ წიგნს, რომელთა გამოსყიდვასაც არ აპირებენ. ჩვენს მაღაზიაში კრედიტით არაფერი იყიდებოდა, მაგრამ შეგვეძლო წიგნების გადანახვა ან მათი შეკვეთა კლიენტებისთვის. დამკვეთთა თითქმის ნახევარი არასოდეს მოდიოდა წიგნების წასაღებად, რაც ჩემს გაკვირვებას იწვევდა. ისინი გვიკვეთდნენ იშვიათ, ძვირადღირებულ წიგნებს, რამდენჯერმე გვახსენებდნენ თავს, შემდეგ კი სამუდამოდ უჩინარდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი - უეჭველად, ნამდვილი პარანოიკი - მაღალფარდოვანი კილოთი გვიამბობდა ძალზე გულისამაჩუყებელ ამბებს, რაც კი თავს გადახდენოდა, შემდეგ კი გვიხსნიდა, რომ საფულე შინ დარჩა (მგონი, ეს თვითონაც სჯეროდა). ისეთ ქალაქებში, როგორიც ლონდონია, მრავლად ნახავთ მოცლილ შერეკილებს, რომელთა ბრტყელ-ბრტყელი გამოთქმების მიღმა უმწეობა და დაბნეულობა შეიგრძნობა. მათ მაგნიტივით იზიდავს წიგნის მაღაზიები, სადაც შეიძლება მთელი დღე გაატარო ისე, რომ ერთი პენსიც კი არ დახარჯო. გარკვეული დროის შემდეგ ასეთ ადამიანებს ადვილად ვარჩევდი ჩვეულებრივი კლიენტებისგან. ხშირად, მორიგი პარანოიკის შემოსვლისთანავე, თაროებიდან ვიღებდით იმ წიგნებს, რომელთაც ის მოითხოვდა, მისი წასვლის შემდეგ კი წიგნებს თავის ადგილას ვდებდით. შევნიშნე, რომ არც ერთ მათგანს არ უცდია, მალულად ან საფასურის გადახდის გარეშე წაეღო წიგნი. ისინი მხოლოდ შეკვეთებს გვაძლევდნენ და ამ გზით საკუთარ თავს უმტკიცებდნენ, რომ შეძლებული, გადახდისუნარიანი ადამიანები გახლდნენ.
ისევე, როგორც ბუკინისტთა უმრავლესობა, ჩვენც ვეწეოდით სხვადასხვაგვარ დამატებით საქმიანობას: ვყიდდით ნახმარ საბეჭდ მანქანებს ან, მაგალითად, მარკებს - გამოყენებულ მარკებს ვგულისხმობ (მარკების შემგროვებლები - ახირებული, სიტყვაძვირი ადამიანების საგანგებო მოდგმაა). ვყიდდით აგრეთვე ჰოროსკოპებს. მათ ადგენდა ერთი სუბიექტი, რომელმაც გამოგვიცხადა, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა წინასწარ განვჭვრიტეო. ჰოროსკოპები დაწებებულ კონვერტებში ეწყო. ჩვენი კლიენტები ხშირად გაოცებით გვიმხელდნენ, რომ მათი ჰოროსკოპები "სწორი" იყო (რა თქმა უნდა, ჰოროსკოპი "სწორია", თუ ის გაუწყებთ თქვენი გარეგნული მიმზიდველობის შესახებ, ან კიდევ - იმას, რომ თქვენი ძირითადი ნაკლი - ჭარბი გულუხვობაა). მომგებიანი იყო საბავშვო წიგნებით ვაჭრობაც. თანამედროვე საბავშვო წიგნები მართლაც რომ ამაზრზენია. პირადად მე ბავშვს უფრო პეტრონიუს არბიტრს წავაკითხებდი, ვიდრე - "პიტერ პენს", მაგრამ თვით ჯეიმს ბარიც გაცილებით გაბედული და თანმიმდევრულია, მის გვიანდელ მიმბაძველებთან შედარებით. საშობაოდ, ათი დღის განმავლობაში, გამალებით ვაგზავნიდით ღია ბარათებსა და კალენდრებს (ეს დამღლელი, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, შემოსავლიანი საქმეა), რომელთა გამომშვები ფირმები დაუფარავი ცინიზმით ეწეოდნენ ქრისტიანული გრძნობების ექსპლუატაციას. ისინი ჯერ კიდევ ივნისში გვიგზავნიდნენ თავიანთ კატალოგებს. დამამახსოვრდა ზედნადები ქვითრის ერთი სტრიქონი: "ოცდაოთხი ჩვილი იესო ბოცვრებით".
ამასთან, ჩვენი დამატებითი საქმიანობის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, სადაც მკითხველებს არ სთხოვდნენ გირაოს დატოვებას. მხატვრული ლიტერატურის ხუთასი თუ ექვსასი ტომი გვქონდა. ასეთი ბიბლიოთეკები იზიდავს წიგნის ქურდებს. უადვილესი რამაა ერთ ბიბლიოთეკაში ორპენსიანი წიგნის მოპარვა, ფასის წაშლა და შემდეგ სხვა ბიბლიოთეკაში მისი გაყიდვა ერთ შილინგად. მიუხედავად ამისა, წიგნით მოვაჭრეების აზრით, უფრო მომგებიანია წიგნების ნაწილის დაკარგვა (ჩვენი მაღაზიიდან ყოველთვიურად თორმეტი წიგნი მაინც იკარგებოდა), ვიდრე - კლიენტების დაფრთხობა გირაოს მოთხოვნით.
მაღაზია ჰემპსტედსა და კედმენ-ტაუნს შორის იყო განლაგებული. უამრავი კლიენტი გვყავდა, ბარონეტებით დაწყებული და ავტობუსთა კონდუქტორებით დამთავრებული. შესაძლოა, ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველები ლონდონის მკითხველი საზოგადოების ტიპური წარმომადგენლები გახლდნენ. ალბათ, დაინტერესდებით, რომელ ავტორს კითხულობდნენ ყველაზე ხშირად. პრისტლის? ჰემინგუეის? უოლპოლს? უოდჰაუზს? არა. პირველ ადგილზე იყო ეტელ მ. დელი, მეორეზე - უორვიკ დიპინგი, ხოლო მესამეზე - ჯეფრი ფარნოლი. რა თქმა უნდა, დელის რომანებს კითხულობდნენ მარტოოდენ ქალები, მაგრამ - ყველა ტიპისა და ასაკის ქალები, და არა მხოლოდ მარტოობისგან გაბეზრებული შინაბერები ან თამბაქოს მაღაზიების მეპატრონეთა ჩასორსლებული ქვრივები (როგორც ამას ხშირად ფიქრობენ). სწორი არაა შეხედულება, თითქოს მამაკაცები საერთოდ არ კითხულობენ რომანებს, მაგრამ ისინი თავს არიდებენ ხოლმე მათ გარკვეულ სახეობებს. ეგრეთ წოდებული "საშუალო" რომანი - ესე იგი, ჩვეულებრივი, წყალნარევი ჰოლსუორთი, რომელიც ინგლისური რომანისთვის ნორმად იქცა, - მგონი, მხოლოდ ქალებს იზიდავს. მამაკაცები კითხულობენ სოლიდურ რომანებს ან დეტექტივებს, მაგრამ დეტექტივებს ისინი უჩვეულო რაოდენობით ნთქავენ. ერთ-ერთი მკითხველი ყოველკვირეულად სანსლავდა ჩვენი ბიბლიოთეკიდან წაღებულ ოთხ-ხუთ დეტექტივს (სხვა ბიბლიოთეკიდანაც მიჰქონდა წიგნები), თანაც მაკულატურის ეს უზარმაზარი ნაკადი (ერთი წლის განმავლობაში წაკითხული გვერდების რაოდენობა, ალბათ, სამ მეოთხედ აკრს დაფარავდა) სამუდამოდ რჩებოდა მის მეხსიერებაში. სახელწოდებები და ავტორები არ ახსოვდა, მაგრამ წიგნის დანახვისთანავე ხვდებოდა, წაკითხული ჰქონდა თუ არა ის.
ბიბლიოთეკაში ვლინდება ადამიანთა რეალური გემოვნება და არა მათი მოჩვენებითი პრეტენზიები. ინგლისელ კლასიკოსთა - დიკენსის, თეკერეის, ჯეინ ოსტინის, ტროლოპის და ა.შ. - რომანები არავის აინტერესებს. მეცხრამეტე საუკუნის რომანები, თანამედროვე მკითხველთა აზრით, "დახავსებულია", მაგრამ დიკენსისა და შექსპირის გაყიდვა ძნელი როდია. დიკენსი ის მწერალია, რომლის წაკითხვას მკითხველები ყოველთვის "აპირებენ" და რომლის შესახებ (ბიბლიის მსგავსად) მათ გარკვეული წარმოდგენა აქვთ. თანამედროვე ადამიანებმა ყურმოკვრით იციან, რომ ბილ საიქსი ქურდი გახლდათ, მისტერ მიკობერი კი მელოტი იყო, ისევე, როგორც გაგონილი აქვთ, რომ მოსე ლერწმის კიდობანში იპოვეს და მან სახე დაიფარა, რადგან ღვთის ხილვისა ეშინოდა... მეორე თვალსაჩინო ტენდენცია - ამერიკული წიგნების მზარდი არაპოპულარობაა. ნაკლები მოთხოვნაა, აგრეთვე, ნოველებზე. ბიბლიოთეკაში მოსული ადამიანები, ჩვეულებრივ, მაშინვე აცხადებენ: "ნოველები არ მომცეთ" (ჩვენი ერთი გერმანელი კლიენტი ამბობდა, არ მსურს "პაწაწინა მოთხრობების" კითხვაო). თუ მიზეზით დაინტერესდებით, გეტყვიან, რომ დამქანცველია ახალ-ახალი პერსონაჟების დამახსოვრება, მაშინ, როდესაც რომანის პირველივე თავის წაკითხვის შემდეგ ყველაფერი "წყალივით მიდის". ჩემი აზრით, ამაში ბრალი მიუძღვით მწერლებს, და არა - მკითხველებს. ბევრი თანამედროვე ინგლისური და ამერიკული ნოველა უფრო უსიცოცხლო და უფერულია, ვიდრე - რომანები. კარგი მოთხრობები საკმარისად პოპულარულია: მაგალითად, დ. ლოურენსის მოთხრობები ისევე ინტერესით იკითხება, როგორც - მისი რომანები.
მინდოდა თუ არა, პროფესიად გამეხადა წიგნით ვაჭრობა? საბოლოო ანგარიშში - მაღაზიის პატრონის სათნო ხასიათისა და იქ გატარებული ბედნიერი დღეების მიუხედავად, - არა.
საკმარისი ოდენობის კაპიტალი, მისი გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, განათლებულ ადამიანს საშუალებას აძლევს, ამის გარეშეც იოლად გავიდეს. მიუხედავად ამისა, წიგნით ვაჭრობას მიმართავენ "იშვიათი" წიგნების მოსაპოვებლად. ამ საქმის შესწავლა ადვილია, ხოლო თუ თქვენთვის ნაცნობია გასაყიდი წიგნების შინაარსი, წარმატებული ვაჭრობა უზრუნველყოფილია (გამყიდველთა უმრავლესობა წიგნებს არ კითხულობს. დააკვირდით ჩანაწერებს შეკვეთილი წიგნების შესახებ. თუ იქ არ იპოვით ბოსუელის "დაცემასა და განადგურებას", ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად ნახავთ თ. ელიოტის "ფლორის წისქვილს"(1)). თანაც, ეს ჰუმანური პროფესიაა, რომლის ვულგარიზება ძნელად თუ მოხერხდება. სინდიკატები ვერასოდეს გამოდევნიან დამოუკიდებელ წიგნით მოვაჭრეს, თუმცა მათ გამოდევნეს ბაყალი და მერძევე. ამასთან, ეს შრომატევადი პროფესიაა. მე მხოლოდ დღის გარკვეული ნაწილის განმავლობაში ვირჯებოდი მაღაზიაში, მაგრამ მისი პატრონი კვირაში 70 საათს მუშაობდა, თუ არ ჩავთვლით ხშირ ვოიაჟებს წიგნების შესაძენად. წიგნით ვაჭრობა არაჯანსაღი სამუშაოცაა; როგორც წესი, მაღაზიაში ცივა, რადგან სითბოსგან ფანჯრები იორთქლება, ფანჯრები კი - ვიტრინაა. ამასთან, არც ერთ საგანზე არ გროვდება იმდენი მავნე მტვერი, რამდენიც - წიგნებზე, და არსად ისე მრავლად არ იხოცებიან ბუზები, როგორც - წიგნების ყდებზე. მაგრამ მთავარი მიზეზი, რომლის გამოც უარი ვთქვი წიგნით მოვაჭრის პროფესიაზე, - ისაა, რომ აღარ მიყვარს წიგნები. კლიენტების მოტყუების შემდეგ გამყიდველს თავისი უსიამოვნო განცდები წიგნებზე გადააქვს. ამ განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებს წიგნების პერიოდული გაწმენდისა და გადაადგილების აუცილებლობა. ოდესღაც მართლაც მიყვარდა წიგნების (განსაკუთრებით, ძველი წიგნების) სურნელი, მსიამოვნებდა მათი ფურცვლა. ვნეტარებდი, როდესაც სოფლად გამართულ აუქციონზე წიგნების დასტას ერთ შილინგად ვიძენდი. მახარებდა მოულოდნელი აღმოჩენები: მეთვრამეტე საუკუნის დავიწყებული პოეტები; გაცრეცილი გაზეთები; ძველი რომანების ცალკეული ტომები; სამოციანი წლების ქალთა ჟურნალები. აბაზანაში ყოფნისას, ან უძილო ღამით, ან კიდევ - ლანჩამდე დარჩენილი თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში არაფერი სჯობს "გოგონათა გაზეთის" უკანასკნელი ნომრის გადათვალიერებას. მაღაზიაში მუშაობისას კი წიგნებზე გული ავიყარე. როდესაც ყოველდღე უყურებ ხუთ ან ათ ათას ტომს, წიგნები აღარ გიზიდავენ. ახლა დროდადრო ვყიდულობ თითო-თითო წიგნს, რომელთა წაკითხვაც მსურს და რომელთაც არავინ მათხოვებს. და არასოდეს ვიძენ ძველ წიგნებს. გაცრეცილი ქაღალდის საამო სურნელი აღარ მიზიდავს. ჩემს ცნობიერებაში ის განუყოფლად უკავშირდება პარანოიდულ კლიენტებსა და მკვდარ ბუზებს.

1. აქ მწერალი ქირდავს წიგნით მოვაჭრეთა უმეცრებას. "რომის იმპერიის დაცემა და განადგურება" - ინგლისელი ისტორიკოსის, ე. გიბონის თხზულებაა, ხოლო რომანი "ფლორის წისქვილი" ეკუთვნის ჯორჯ ელიოტის კალამს.

თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”


ბესო ხვედელიძე – ჯაჭვური რეაქცია

მე ნესტორ ბლიაძიშვილი ვარ - 40 წლის თმაგაცვენილი, ცოტათი ოღროჩოღრო თავის მქონე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი (ცოტათი ოღროჩოღრო თავი მე მაქვს და არა “მარშრუტკას”. მისი თავი უბრალოდ აქერცლილია).
მე კი არავინ მეკითხება, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ქალი უშნოა, მაშინ ჯიგარი მაინც უნდა იყოს. სხვანაირად ეგეთი ქალი გახეული და სკოჩით გადაწებებული ლარიანიც არ ღირს. სამაგიეროდ, ჩემი აზრით, ლამაზ ქალს აქვს უფლება იყოს შტერი და სულელი! მეგრულ წიწაკასავითაც შეუძლია იყოს!.. თან ტვინში სელაპივითაც უსლიპინებდეს - ეგრეც შეიძლება, რადგანაც მის ამ ცუდ მხარეს ლამაზი გარეგნობა ფარავს. მე რომელს ვარჩევ? მე პირადად სრულყოფილებისკენ ვარ, მაგრამ რადგან არც არაფერია ჩემს გარშემო სრულყოფილი, საქმე საქმეზე მიდგეს და ორივეზე ორივე ხელს ვწევ (გააჩნია სიმთვრალეს). არა, ერთს მაინც აუცილებლად ხმამაღლა ვიტყვი - მიუხედავად საკუთარი დიდი ვერაფერი გარეგნობისა, თვალი მაინც უფრო სილამაზისკენ გამირბის, ვიდრე სიჯიგრისკენ. უჰ, აბა სად კაი სამნომერძუძუიანი, კრიალაკანიანი და გრძელფეხება ქალი, რომელმაც არ იცის სადაა გელენჯიკი, და სად უმკერდო, ვიწრომენჯიანი და ფეხებდაბრეცილი ქალი, რომელმაც იცის სადაა გელენჯიკი. დარწმუნებული ვარ, ჩემნაირად ბევრი ფიქრობს, და თუ სხვანაირად ფიქრობენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ სხვანაირ ფიქრებში. ბოლოს და ბოლოს არ გავკარი გელენჯიკს?
ქალებზე რომ დავიწყე ლაპარაკი, ეგ იმის ბრალია, რომ ამხელა ჯორივით ვირს ჯერ ცოლიც არ მომიყვანია. ქალებშიც, ამ სამარშრუტო ტაქსის გადამკიდე, ხშირად ვერ დავიარები. არც ადრე მქონია მაინცდამაინც ატალახებული ჩემი უბნელი “მეძავეების”, მარინასა და დოდოს ბინები, სამარშრუტო ტაქსზე დაჯდომამ კი საერთოდაც გაურკვეველი ვადით დამაზეპირებინა 10 მცნებათაგან “არა იმრუშო”. სარკიდან მგზავრთა მუშტრის თვალით თვალიერებას ცოდვად ნამდვილად ვერ ჩავითვლი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გამიშიშვლებია მზერით, და ბევრისთვის სად აღარ დამითვლია ხალები და სხვა რამეებიც.
ისევ მივედ-მოვედები, ძირითად ამბავს კი ვერაფრით მივუდექი! მოკლედ, ნესტორი რომ მქვია, ამაზეც ვიტყვი.
ჩემზე ამ სახელის დარქმევას ძალიან უცნაური ისტორია აქვს. ეს არაა არავითარი ბაბუის, დიდი ბაბუის და წინაპრის, საპატივცემულოდ დარქმეული სახელი. არ ვიცი რატომ (ვერც ჩემებმა გაიგეს და დაადგინეს), მაგრამ მე რკინიგზის სამშობიაროში ერთი ნესტოთი დავიბადე. არა! ერთი ნესტო დახურული კი არ მქონია და მეორე ღია, არამედ ორივე გაერთინებული - ანუ მოვევლინე მე ამ ქვეყანას იმ ნესტოებშორისი ხრტილის, იგივე “პერეგაროდკის” გარეშე. რა უნდა ექნათ ჩემს საცოდავ მშობლებს. ცხონებულები მაშინ ამას იმდენად ჩააჭიჭინდნენ, რომ დაივიწყეს წინასწარ მოფიქრებული სახელები (ნოე, ლეო და გენადი), და გაერთიანებულნესტოიანობის გამო პირდაპირ ნესტორი ჩამიწერეს დაბადების მოწმობაში.
ისე, სადღაც სწორედ ამ ერთი და ფართე ნესტოს ბრალიცაა, რომ ჯერ ცოლი არ მომიყვანია. არა, გარედან კი არ ჩანს, ერთი ნესტო რომ მაქვს, მაგრამ მისი გადამკიდე ცხვირის ისეთი საშინელი ცემინება ვიცი, შეშურდებოდა ძველ კალათბურთელ ტკაჩენკოს... ეგეთს კიდევ, აბა რომელი კულტურული ქალი გამომყვება... არა, ისე, ტკაჩენკოს ცხვირის ცემინების შესახებ მე არაფერიც არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ დროსAმსაჯებსაც და იატაკის მომწმენდებსაც შიშისგან კუილი ძვრებოდათ. ეს არავის გაუგონია და თავისი თვალითაც არავის დაუნახავს. ეს მართლა მე მოვიფიქრე!.. და როცა მძღოლები სმენის დამთავრების მერე “გომს” და ლიმონათს ვსვამთ, ამას ვიხსენებ როგორც ადრე, სპორტის სასახლეში ჩემი თვალით ნანახს, და ყოველ მოყოლაზე ამ ისტორიას ახალ დეტალით ვამდიდრებ.
რამდენი ვილაპარაკე, და მთავარს კი მაინც ვერაფრით მივადექი. მოკლედ, ამ ჩემი გაერთიანებულნესტოობის გამო ცხვირის ცემინება ვიცი – უსაზარლესი! არა! აქ მხოლოდ გამოცემული ხმებზე არაა ლაპარაკი, რომელიც შედგება უამრავი ხახისმიერი, სასისმიერი თუ ბებიაჩემისმიერი თანხმოვნისგან და რატომღაც სრულდება მუდამ წივილიანი წამოძახილით “ხერთვისი-ბირთვისი-ყინწვისი”... ხომ იცით, ნორმალური, ორნესტოიანი ადამიანები, როგორც წესი ცხვირის ცემინებისას ხმარობენ ცხვირსახოცს, ან ცხვირზე იფარებენ ხელს, ან რა ვიცი კიდევ რას, მაგრამ მე ამ დროს იმხელა გამონადენი მაქვს ცხვირიდან, რომ ხაშის ჭამა შეიძლება შეძულდეს ადამიანს. ამიტომ, ცხვირსახოცის მაგივრად, სამარშრუტო ტაქსში, ჩემი სკამის ქვეშ, ყოველთვის მიდევს ძველისძველი, წითელ-კუბიკებიანი ბალიშისპირი. ისაა ჩემი ცხვირსახოცი ასეთ მომენტებში (ასეთი მომენტები კი მინდა გითხრათ რომ არცთუ იშვიათია, ვინაიდან ხან ვის აქვს მოღიავებული ფანჯარა და ხან ვის ჩემის ჩათვლით) და მერე, სულ მთლად დამბალს ჩემივე “მარშრუტკის” ფანჯრიდან ვფენ ხოლმე გარეთ. ეს მაგარი ჭკვიანური რამეა! ჯერ ერთი, გაქანებული სამარშრუტო ტაქსიდან გადმოფენილი ბალიშისპირი მალევე შრება, და მეორეც, თუკი გარეთ რამე მიტინგი ან საპროტესტო აქციაა (რაც ხშირია), ეს ჩემი სველი ბალიშისპირი თავისუფლად სწევს ხოლმე რომელიღაც დადებითი ქვეყნის (მგონი ხორვატიის) დროშის მაგივრობას.
ახლა კი, მგონი უკვე სულ მთლად ახლოს ვარ მთავართან და ბარემ იმასაც პირდაპირ ვიტყვი.
ხომ იცით, ქვეყანაში რა სიტუაციაცაა? სკოლები და ბაღები ლტოლვილებითაა სავსე. ბევრმა ისე დატოვა სახლი, ფეხზე ტუფლის ჩაცმაც ვერ მოასწრო. შიათ, წყურიათ. პასუხად, კეთილი ქალაქელი ხალხი ეზიდება მათთვის რაც აქვს ზედმეტი: ტანსაცმელი, ჭურჭელი, ნივთები. აბარებენ სპეციალურ პუნქტებში. მერე იქიდან ლტოლვილებზე ნაწილდებაო – ეგრე თქვეს რადიოში.
და განა მე რითი ვარ სხვაზე ნაკლები?
ჰოდა, გადავწყვიტე მეც შევწეოდი გაჭირვებულებს რამეთი. ისე, ბევრი კი ვერაფერი გავიმეტე, მაგრამ რაც გავიმეტე, ერთი უბრალო “მარშრუტკის” მძღოლისგან ეგეც საკმარისი იყო:
საკუჭნაო სავსე მქონდა 1939 წლიდან გამოშვებული საბჭოთა ჟურნალ “ოგონიოკებით”. ბევრი არ მიფიქრია - ავდექი, სულ ჩავზიდე და გავავსე ნახევარი “მარშრუტკა”. გადაყრა მენანებოდა - მაინც ჩემი ცხონებული მშობლების გამოწერილი და ნაგროვები იყო. იქ კიდევ, გადაფურცლავს ვინმე, წაიკითხავს. თუ არ წაიკითხა, შესახვევად გამოადგებათ, ან ცეცხლის დასანთებად, ან რა ვიცი კიდევ რაში – ტუალეტში გამოიყენებენ ბოლოს და ბოლოს. პრიალა ქაღალდი კია, მაგრამ ხელისგულში მოჭმუჭვნის შემდეგ მშვენიერი გამოსადეგია.
მოკლედ, ამასწინებზე, იმის მაგივრად, რომ ხაზზე გამოვსულიყავი (ეს ძირითადად უთენიას ხდება, ვინაიდან ბუნებით ტოროლა ვარ, ზოდიაქოთი მარჩბივი და შესაბამისად ძალიან ადრე მეღვიძება), ასე დატვირთული დილიდანვე პირდაპირ ჩამბარებელი პუნქტისკენ წავედი. წინა გვერდითა და ჩემს უკან მდებარე ორი სკამი სპეციალურად ცარიელი დავტოვე - იქნებ და გზაში ვინმე სამს დაექნია ხელი... ბარემ იმათაც გადავიყვანდი და ლარნახევარს არ დავკარგავდი. მანქანის სალონის დანარჩენი მხარე, როგორც ვთქვი, ძველი “ოგონიოკებით” იყო სავსე.
პირველივე მგზავრი, ზორბა აღნაგობის სამხედროფორმიანი მამაკაცი, რომელსაც გავუჩერე, ისეთ ანგელოსურ პახმელიაზე იყო, რომ უკუსვლით ამოვიდა სალონში, ჩემს უკან რომ ორი სკამია, იქ ხმაურით დაეხეთქა და ეგრევე დიამბეგური ხვრინვა ამოუშვა.
ერთი პირობა ძალიან დავფეთდი, უფრო სწორად მომავალი ორი მგზავრის მაგივრად დავფეთდი, რომლებიც ასეთ ვინმესთან ერთად არ მოინდომებდნენ მგზავრობას, კარსაც მომიჯახუნებდნენ და მაზარალებდნენ, მით უმეტეს რომ არც ეს ჩანდა რამის გადამხდელი და თან სამხედრო ფორმა ეცვა. ამიტომ, სამარშრუტო ტაქსიდან გადმოვედი, სალონში შესულმა ერთბაშად ორ სკამზე გადათხლეშილ პიროვნებას იღლიებში ხელი მოვკიდე და მისი ვერტიკალურად გასწორება მოვინდომე.
მისი სანახევროდ მოღიავებული ლაშებიდან გარდმომავალმა მძაფრმა სურნელმა მაშინვე მიმახვედრა, რომ ამ თავზეხელაღებულ მოქალაქეს მთელი ღამე გაეთენებინა რომელიღაც აქაურ ნესტიან დუქანში, ეჭამა რა სავარაუდოდ თხუთმეტამდე კატლეტი ახალი ტყემლით, ბადრიჯანი ნიგვზით, მარნეულის პომიდორი და ჩურჩხელა ძაფით. ამ ბოლო ნუგბარის მირთმევას მიდასტურებდა მისი პირიდან გადმოკონწიალებული ძაფი. რაც შეეხება სასმელს... მას, ასევე მძაფრი, ოღონდ უკვე ალკოჰოლური სურნელება ჰყიდიდა, რომ მუცელში აშკარად ჩაესხა ჯერ ოთხი კათხა ჩამოსასხმელი “ლომისი”, შემდეგ ორი ლიტრიანი არაყი “ხლებნაია”, რაზეც დაეყოლებინა ოთხ ლიტრამდე ჩამოსასხმელი წითელი ღვინო. სუნზევე ეტყობოდა, რომ ზედ შამპანიური “თამარიონიც” დაემატებინა. ვიდრე ამ ოხშივარადენილ პიროვნებას ვასწორებდი, სწორედ ასეთი მენიუც კი წარმომექმნა გონებაში და ცოტათი მადაც კი აღმეძრა.
კაი ხანს ვეჯაჯგურე. ის იყო ფანჯრისკენ სკამზე მიჯენას ვუპირებდი, რომ ჩემი შარვალი აქეთა სკამის მეტალის წიბოს გამოვდე და ზედ სასირცხო ადგილას გადავიგლიჯე. თითქოს ეს არ კმაროდა, ამ დროს, ლამის ბოლომდე გადათრეულ პიროვნებაზე ხელიც კი გამეშვა და მანაც მაინცდამაინც იმავე სკამის მეტალის წიბოს ჩამოჰკრა საფეთქელი... ეს იყო და, აქვე, ჩვეული “ხერთვისი, ბირთვისი, ყინწვისის” თანხლებით მთელი ძალით დამაცემინა და ჩემი ცხვიროსნული გადმონადენი ამ უცნობ პიროვნებას უკანასკნელ წვეთამდე სახეზე, კეფაზე და სამხედრო ფორმაზე დავანთხლიე.
“ვაი შენ დღეს, დაღუპულო, ნესტორ ბლიაძიშვილო...” – შემოვირტყი თავში ხელი და გონებამაც მყისვე გაასმაგებული გააფთრებით იწყო მუშაობა.
კიდევ კაი, სისხამი დილა იდგა და ბევრი არავინ მოძრაობდა გამზირზე, თორემ ხომ აუცილებლად დაინტერესდებოდნენ შუა ქუჩაში მდგარი და კარმოღიავებული სამარშრუტო ტაქსით. და რას აღმოაჩენდნენ შიგნით, ან ვის? ხვანჯარგამობდღვნილ ნესტორ ბლიაძიშვილს, ჩემი ცხვირის ლორწოში ამოვლებულ სამხედროფორმიანი მამაკაცის ცხედარსა და 1939 წლიდან გამოშვებულ ყველა “ოგონიოკს”. რას იფიქრებდნენ? რა თქმა უნდა, კაის არაფერს! და რას მოიმოქმედებდნენ?
“ჰოი, შენ, მახეში გაბმულო, ნესტორ ბლიაძიშვილო!” – ამოვიგმინე გუნებაში და მთელი ძალღონე მოვიკრიბე. დიდი ძალისხმევის შემდეგ ხელში ატატებული სამხედროფორმიანი მამაკაცის დასვრილი ცხედარი ცარიელ წინა სკამზე ძლივსძლივობით გადავახოხიალე, დავსვი და სამაშველო ქამრითაც დავაბი. აი ასე უკვე სავსებით ბუნებრივად გამოიყურებოდა ჩემი სამარშრუტო ტაქსის სალონი:
დილის 7 საათი. “მარშრუტკა”, სადაც მძღოლის გვერდით მხოლოდ ერთი მგზავრი ზის და უღვთო პახმელიაზე მყოფსა და ვითომც საკუთარ ნარწყევში ამოვლებულს ბუნებრივად ჩასძინებია.
რაღაც სასწრაფოდ უნდა მექნა. ჯერ კიდევ ეძინა თბილის-ქალაქს და ეს ხელს კიდევ უფრო მაძლევდა – ცხადი იყო, არ მოვყვებოდი საცობებში და არც მგზავრები წამიღებდნენ ტვინს. ამიტომ სადღაც მაინც ოპტიმისტურად მივაგელვებდი “მარშრუტკას” თბილისის ცარიელ ქუჩებში და თავში ათასნაირი საშინელება მიტრიალებდა; უპირველეს ყოვლისა – სასჯელი, რომელიც სავარაუდოდ მელოდა და გამიყენებდა გზას ციხისკენ. ამასვე მიდასტურებდა მთელ ხმაზე აღრიალებული მანქანის რადიო, სადაც ხრინწიან ხმაზე რუსულად მღეროდნენ: “КАКАЯ ОСЕНЬ В ЛАГЕРЯХ!”
“არ უნდა ნესტორ ბლიაძიშვილს ციხე!” – ამავე სიმღერის ტაქტსა და რიტმში ვღრიალებდი გუნებაში მეც ჩემის მხრივ და მანქანას დაშვებულზე სწრაფად მივაქროლებდი.
ნელ-ნელა ემატებოდა ქუჩას სხვა ტრანსპორტიც. უკლებლივ ყველას ფანჯრებიდან ქვეყნის დროშა ჰქონდა გადმოფრიალებული. სახლების ფანჯრებიდან და აივნებიდანაც იგივე ალმები გადმოეშვირათ. ვხვდებოდი, რომ ჩემი “მარშუტკა” ამ ყველაფრის ფონზე ისევე უცხოდ გამოიყურებოდა, როგორც სიტყვაზე ისევ ზემოთნახსენები ტკაჩენკო ქართულ საერთო აბანოში, ან სულაც ტელევიზია “კავკასია” დანარჩენი ქართული არხების გვერდით. ამიტომ ჩემი მრავალგზისნახმარი წითელ-კუბიკებიანი ბალიშისპირი ამჯერად მშრალი გავჩხირე ფანჯარაში და მაშინვე ბუნებრივად ჩავეწერე ქუჩის პატრიოტულ განწყობაში.
ეს იყო და, სწორედ აქ დამარტყა თავში საზარლად გენიალურმა აზრმა, რომლის განსახორციელებლად და მოსალოდნელი შარის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი რამ იყო საჭირო: გეზი სასწრაფოდ ახალი სასაფლაოსკენ უნდა ამეღო. გუშინ გათხრილ საფლავებიდან ერთ-ერთში, რომელთა გათხრასაც თავად ვესწრებოდი (გაგიმხელთ, რომ ერთ-ერთმა სამხედრო ნაწილმა მიქირავა და ამაყვანინა ჯარისკაცები დაღუპული მებრძოლებისთვის საფლავების გასათხრელად) თავისუფლად მოვასწრებდი ჩემ გვერდითა სკამზე მიქამრებული მამაკაცის ცხედარის ჩაგდებას და ზედ მიწის ისე მოყრას, რომ ვერავის ვერაფერი შეემჩნია; შუადღისკენ კი მავანნი იმავე საფლავში ჩვეულებრივად ჩაასვენებდნენ რომელიმე დაღუპული უცნობი თუ ნაცნობი ჯარისკაცის კუბოს და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
ამ ვერაგი იდეის განხორციელება არ გამჭირვებია, რადგანაც ჩემდა ბედად სასაფლაო სრულიად ცარიელი დამიხვდა. მინდა აქვე გავამხილო, რომ საფლავში ჩასასვენებელი სამხედროფორმიანი მამაკაცის დაჩხრეკვა და მისთვის ჯიბეების ამოსუფთავება წამით არ მომსვლია აზრად, რადგანაც ზუსტად მამაკაცის მანქანიდან გადმოთრევისას ამიბობოქრდა სულში 10 მცნებათაგან კიდევ ერთი – “არა იპარო”, უკან წამოქროლებულს კი, უკვე სულ აღარ მეჩამბარებელპუნქტებოდა, ოღონდ სახლამდე დროულად მიმეღწია, ამომესუნთქა და გადახეული შარვალი დამეკერებინა. უბრალოდ, ერთი იყო – უკვე შუადღე იდგა, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაკეთებული ხალხის ჯაჭვი მაყოვნებდა, კაი გემრიელი წყელვა-კრულვაც მესმოდა ჩემი და ჩემი “მარშრუტკის” მისამართით, თუმცა ფანჯრიდან გადაკიდებული ჩემი წითელ-კუბიკებიანი ბალიშისპირის დანახვაზე ყველანი ერთხმად დუმდებოდნენ, თავს მანებებდნენ და სხვა ტრანსპორტისკენ ილტვოდნენ.
ხალხის ჯაჭვი მაინც მაგვიანებდა, მაგრამ მთავარი უკვე უკან იყო.
სწორედ ამ დროს მოვკარი თვალი ჩემ უბნელ “მეძავეებს” მარინასა და დოდოს, რომლებსაც სხვა მათნაირებთან ერთად ჩაეჭიდათ ერთმანეთისთვის ხელი და აქციაში მონაწილეობდნენ. აქვე გამახსენდა, რომ კაი ხანი იყო ქალებში არ გამეჯირითა. მათაც მოთხაპნილ სახეებზე შევატყვე, რომ დიდად არ ეპრიანებოდათ ჯაჭვში დგომა და უბრალოდ, სხვების დასანახავად იხდიდნენ ძალით-მოქალაქეობრივ ვალს.
“აი, შენი ალიბი, ნესტორ ბლიაძიშვილო!” – გამინათდა გონება.
ეს გავიფიქრე თუ არა, ჩემი მარშრუტკა ზედ მარინასა და დოდოს ფეხებთან მივაგდე და მცირედაც მივუსიგნალე, რაც სრულიად საკმარისი იყო ორივენი თავპირისმტვრევით ამოცვენილიყვნენ ჩემი “მარშრუტკის” სალონში.
-ვაიმე, ნესტორ! სიხარულო!
-ნესტორ, შენ ხომ არ იცი რა მაგარი კაცი ხარ!
-ნესტორ, შენ უნდა გერქვას ნესტორ მშველელი და გადამრჩენელი!
-სულ დამეწვა კანი!
-რას გიგავს მანქანა? ფოსტალიონად დაიწყე მუშაობა?
-ეს რა ჟურნალებია ნესტორ?
-უიმე, რუსულად კითხვა სულ არ ვიცი?
-ფუჰ, თან რა მტვრიანია...
-ნესტორ, რატომ გაქვს შარვალი გადაგლეჯილი?
-ნესტორ, რამე ცუდი არ მაფიქრებინო იცოდე...
მათი წამოძახილებისთვის არც ყურადღება მიმიქცევია და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია, უბრალოდ იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო აქედან გაგვეღწია და შინ მშვიდობით მივსულიყავით.
მე ბედნიერად ვიღიმებოდი და ჯაჭვს მივარღვევდი. დოდო და მარინა ჩახლეჩილი ხმით ხაოდნენ, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდნენ და არ ჩერდებოდნენ.

* * *

ჩემთან ასულმა მე, დოდომ და მარინამ სხეულისა და მისი ჯანმრთელობისთვის ფრიად საჭირო ურთიერთობებს მთელი დღე დავუთმეთ. იმ ყველაფერს დეტალურად ვერ მოვყვები, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ - უკაცრავად და, ხან ერთი მაჯდა სახეზე და მეორე ქვემო წელს ეპოტინებოდა, და ხანაც პირიქით, ანუ ვცვალეთ ნერწყვი და პოზები ბითუმად, შუადღისკენ კი მოწყურებულებმა ჩავისხით სამი ბოთლი “გომი” ტარხუნის ლიმონათის თანხლებით და ერთი-ხუთად გავეშებულებმა ამჯერად ნოხზე გავიმეორეთ, და არა მხოლოდ გავიმეორეთ, ყველაფერი იქამდე საწოლში ჩატარებული.
და ეს იყო:
საფო, ემანუელა ამერიკაში, სკანდალი, მკვეთრი მოსახვევი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ემანუელა 2, ილზა - ქალი მგელი, შავი ემანუელა, კენ პარკი, პაპრიკა, წვიმის წვეთები მხურვალე კლდეებზე, აჩქარება, X რომანსი, ინტიმი, სხეული როგორც სამხილი, სასტიკი მთვარე, გამჟიმე, ცოდვის ისტორია, მეწამული დივა, შამანკა, სახიფათო სექს-პაემანი, მარკიზ დე სადის ბუდუარის ფილოსოფია, გრძნობათა იმპერია, ცელქი გოგო, სიბნელესთან ჩახუტებულნი, გზააბნეული ღრუბელი, მოთვალთვალე, ამორალური ისტორიები, ემანუელა 4...

მერე მარინამ ძველ “ოგონიოკის” ერთ ნომერს მიაგნო, რომელიც ჟურნალების მანქანაში ჩაზიდვისას შემთხვევით შემოსასვლელში დამვარდნოდა. შიშველმა დოდომ ჟურნალი კროსვორდზე გადაშალა, რომელშიც ჩემ ცხონებულ მშობლებს რამდენიმე გრაფა შეუვსებელი დარჩენოდათ. ვინაიდანაც მარინას რუსული არ ესმოდა, დოდომ რუსულად წაკითხულის ქართულად თარგმნა იწყო, მარინა კი ამ დროს ჩემზე იწვა და მე ხელისგულში მისი მარცხენა ძუძუ მეჭირა.
-შავიზღვისპირა კურორტი კრასნოდარის მხარეში! – თარგმნა რუსულიდან დოდომ.
-კრასნოდარის? – ვიკითხე მე.
-რვაასოიანი. მესამე ასოა ლ!
-მესამე ლ?
-ლ!
სამივენი დავფიქრდით და ბავშვობისდროინდელ ზღვისპირულ მოგონებებში წავედით.
დოდო და მარინა ლამაზი და ეფექტური “მეძავეები” არიან. ყველაფერი თავის ადგილზე აქვთ ტვინის გარდა. ეგ არაფერში ჭირდებათ – უმაგისობას გარეგნობა უჩრდილავთ. ტვინი რომ ჰქონდეთ, ხომ ვიცი – ასეთი მადისაღმძვრელები ნაღდად ვერ იქნებოდნენ. თან ხომ აუცილებლად ეცოდინებოდათ, რომ კრასნოდარის მხარის რვაასოიანი შავიზღვისპირა კურორტი, რომლის მესამე ასოცაა ლ – ესაა რუსულად გელენჯიკ.
შემდეგი შეუვსებელი გრაფის რუსულიდან ნათარგმანები კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა:
-ღმერთის უფროსი შვილი. მატერიალური სამყაროს შემქმნელი. დაცემული ანგელოზი. კაენისა და კალომენას მამა. ჰქონდა გაერთიანებული ნესტო!
-ნესტორ, ნახე, შენსავით?
-ექვსასოიანი... მეორე ასო – ა, მეოთხე ასოც – ა, და მთავრდება ა-ზე!
-ვა, სამი ა?
-სამი ა.
-ვერა ვხვდები... თამარა?.. თუ ლამარა?
-მგონი თამადა!
-ერთი მაგათი დედაც... აღარ გვინდა კროსვორდი!
საღამოხანს, ასევე დედიშობილად ნოხზე მიყრილებს ქვეყნის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ ტელევიზორიდან გვამცნო, რომ:
-დღეს, ახალ სასაფლაოზე, როდესაც ხორციელდებოდა საომარი მოქმედებისას დაღუპული უცნობი ჯარისკაცების საფლავებში ჩასვენების სამგლოვიარო აქტი, ერთ-ერთი საფლავიდან მოულოდნელად ამომხტარ იქნა თავფეხიანად მიწაში ამოგანგლული ვინმე სამხედროფორმიანი პიროვნება, რომელიც საფლავიდან ამოხტომის შემდეგ პირჯვრის წერითა და საშინელი ღრიალით მიფარებულ იქნა მხედველობის არეალს მიღმა. მისი დაკავების მცდელობა განხორციელებულ იქნა გამოძახებული სამართალდამცავების მიერ, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია!
სიუჟეტის ავტორის ვარაუდით, ეს იყო ვინმე იმ პაციფისტურად განწყობილ დეზერტირთაგანი, რომლებიც მისივე თქმით უხვად მოიძევებიან ქვეყანაში, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს, და მიმალვაში მყოფები არ თაკილობენ გათხრილ საფლავებში ძილსაც კი, სადაც მათ საბნის მაგივრობას ღვთისმშობლის წილნაყარი მიწა უწევთ...
დოდომ და მარინამ ბევრი იხარხარეს, მე კიდევ მათგან განსხვავებით სულ ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი (მიზეზს აბა როგორ გავამხელდი), ამის პარალელურად კი, ცხადად ვგრძნობდი თუ როგორ იდგამდა ჩემს სულში ფესვს სამარადისოდ უკვდავების ხე სახელად “არა კაც ჰკლა!” სწორედ ამ დროს, თითქოს საკუთარი თავისა და ფიქრებისადმი საბოლოო დათანხმების ნიშნად, საზარელ ხმაზეც დამაცემინა ჩვეული “ხერთვისი-ბირთვისი-ყინწვისის” თანხლებით.
მარინასა და დოდოს კინაღამ გული გაუსკდათ, ერთხმად ახავლდნენ, ვინაიდან ერთიანად გაიწუწნენ ჩემი ცხვიროსნული ლორწოთი, მე კი ფეხზე წამომდგარმა გულში ღრმად ამოვიჭერი:
დაე გათენდეს! დაე ჩემი მარშრუტკით წავიდეთ ექსკურსიაზე! დაე რიგრიგობით მოვინახულოთ ხერთვისი, ბირთვისი და ყინწვისიც! და უკან რომ დავბრუნდებით - მე, ნესტორ ბლიაძიშვილი ვფიცავ ჩემს ამ ერთ ნესტოს, რომ დოდოსაც და მარინასაც რიგრიგობით მოვიყვან ცოლად.
ბოლოს და ბოლოს, მართლა არ გავკარი გელენჯიკს?

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ახალი წიგნები – 2008 – დეკემბერი

გაბრიელ გარსია მარკესი, მოთხრობები. მთარგმნელი თეა გვასალია. თბ. “ინტელექტი” 2008.

ცამეტი მოთხრობა და ერთი რომანი - წიგნი კიდევ ერთი საჩუქარია კოლუმბიელი მწერლის ქართველი თაყვანისმცემლებისთვის. გაბრიელ გარსია მარკესის არაერთი ნაწარმოებია უკვე ქართულ ენაზე ნათარგმნი, რომელთა რიცხვსაც ამჯერად მოთხრობები: “ქვეყნად ყველაზე ლამაზი დამხრჩვალი”, “ტრამონტანა”, “აგვისტოს საშინელებანი”, “გზა მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო”, “სანტა”, “ჩვიდმეტი მოწამლული ინგლისელი, “შენი სისხლის კვალი თოვლზე”, “მარია დუშ პრაზერეში” და სხვ., და რომანი “სიყვარულსა და სხვა დემონებზე” შეემატა. წიგნში ასევე წაიკითხავთ ქართველი რეჟისორის, დავით პაპავა-გურჯის ნობელიანტ მწერალთან შეხვედრის სასიამოვნო მოგონებებს.

ჯუანშერ ტიკარაძე, „უკუქცევა“ (ლექსები). თბ. „დიოგენე“ 2008.

პოეზიის მოყვარულებს წინ კიდევ ერთი საინტერესო საკითხავი ელით - ჯუანშერ ტიკარაძის ახალ პოეტურ კრებულში „უკუქცევა“ პოეტის 1982-2006 წლებში დაწერილი ლექსებია თავმოყრილი. წიგნი ავტორის მეორე პოეტური კრებულია, მკითხველთა ნაწილი მის შემოქმედებას 2002 წლის გამოცემით იცნობს. „მიმავალი კაცის ჩანაწერები“, „სანამ ოფელიას მოასვენებენ,“ „გაწყვეტილი კრიალოსანი“, „ბეკეტი, კამიუ და სხვანი მარტოხელა ზარმაცი ადამიანისთვის“, „ვინმე, ნისლიდან გამოსული“, „ინსტრუქციები დამწყებ მომაკვდავს“ და სხვა ლექსები კიდევ ერთ საინტერესო და გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტს გააცნობს მკითხველს.

მაინ რიდი, “უთავო მხედარი” (რომანი). მთარგმნელი ელგუჯა მაღრაძე. რედაქტორი ანა კორძაია-სამადაშვილი. თბ. “არეტე” 2008.

ყველას გვაქვს სამყარო, რომელში დაბრუნებაც ხანდახან ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლებს - ბავშვობას ან სიყმაწვილის პერიოდს გვახსენებს. გვაქვს წიგნებიც, რომლებიც ამ სამყაროში გვაბრუნებს. ალბათ არაერთი თქვენგანისათვის ერთ-ერთი ასეთი წიგნი მაინ რიდის „უთავო მხედარია“ - მეცხრამეტე საუკუნის ტეხასის უდაბნოებშიც გიმოგზაურიათ რომანის პერსონაჟებთან ერთად და მორისისა და ლუიზას სასიყვარულო თავგადასავლის გულშემატკივარიც ყოფილხართ. ახლა კიდევ ერთხელ გეძლევათ საშუალება, გაიხსენოთ საყვარელი რომანი, იმ ახალგაზრდებს კი, რომელთაც ჯერ არ წაუკითხავთ „უთავო მხედარი“, წინ საინტერესო სათავგადასავლო საკითხავი ელით.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, “ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა” (მასალები). თბ. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2008.

მეცხრამეტე საუკუნე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში და ამიტომაც ხშირად გადაიქცევა ხოლმე არაერთი მკვლევარის დაკვირვებისა და ინტერესის სფეროდ. ამჯერად ხელთ გვაქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა ფოკუსშიც აღნიშნული პეროიდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, მწერალი და საწოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძეა მოქცეული. წიგნში “ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა” საინტერესო მასალებს ნახავთ ილიას შემოქმედების ირგვლივ, მკითხველი კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, ახლებურად გაიაზროს ილიასა და მთელი მისი ეპოქის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა.

ლიტერატურის თეორია, XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები. თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2008.

ლიტერატურა ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში ვითარდება, სახეს იცვლის. ამ პროცესში იგი მკითხველით საზრდოობს, და ხშირად ლიტერატურის ახლებურად წაკითხვა ხდება მისი სახეცვლილებსა და ზრდის წინაპირობა. წინამდებარე წიგნში თავმოყრილი მასალებიც მეოცე საუკუნის ძირითადი ლიტერატურულ-თეორიული კონცეფციებისა და მიმდინარეობების ანალიზს მოიცავს, კვლევისა თუ კრიტიკის ახალ, საინტერესო მეთოდოლოგიებს, რომლებიც არა მარტო ფილოლოგებსა და ვიწრო ჰუმანიტარული პროფილით მომუშავე პირებს დააინტერესებს, არამედ ლიტერატურათმცოდნეობით გატაცებულ ფართო აუდიტორიასაც.

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი. II ნაკვეთი. რედატორი ნარგიზა გოგუაძე. თბ. „არტანუჯი“ 2008.

ქართული ლექსიკოლოგიით დაინტერესებული პირებისათვის გამომცემლობა „არტანუჯმა“ კიდევ ერთი საინტერესო ლექსიკონი მოამზადა. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი 1963-1971 წლებში გამოცემული ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლების ოთხი ტომის მასალას მოიცავს და ნაშრომი ხელნაწერთა ინსტიტუტშია მომზადებული. სიმფონია-ლექსიკონი ნაკვეთებად გამოიცემა, ამჯერად კი მკითხველის წინაშე ლექსიკონის მეორე ნაკვეთია. ნაშრომის პირველი ნაწილი 2006 წელს გამოვიდა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მარკ ვილარი - უკანმოუხედავად


დომინიკმა კიბე ჩაირბინა, ქუჩაში გავიდა და მიწაყრილთან, ზედ ქალაქის საზღვართან, ლამპიონების შუქზე დაინახა, როგორ აბამდა ჭყეტელა ტანსაცმელში გამოწყობილი ვიღაც არაბი პაბლოს. ცოტაც და ორთავენი "კლიოსკენ" შეუყვნენ. დომინიკმა თავი გვერდზე მიაბრუნა. თორმეტი წლისას, წაბლისფერი თმა და ჩამუქებული თვალები ჰქონდა. სახლში ორასი ფრანკი თუ არ მიიტანა, ღამის თევა ზღურბლთან მოუწევს. ორი დღეა პირში ნამცეცი არ ჩასვლია და კუჭის წვას ვერაფრით შველის. უცებ, ანდრე-მალროს კორპუსთან უბნის კოხტაპრუწას დაადგა თვალი და ტრაკის ნელი რწევით თმაშეთხელებულ ბერბიჭასკენ გაემართა.
-ასი ფრანკი და... მოგწუწნი.
კაცმა ალმაცერად გამოხედა; შუბლზე ოფლმა დაასხა.
-სულ ეს არის?
- მეტი თუ გინდა, სამასი დაღაჭე.
-მაგარი ვინმე ხარ, ჯიგარო; ნუ ინაზები, ახლოს მოდი...
ბიჭმა ზიზღს სძლია და ფერმიხდილი ჰომოსექსუალისტს მიუახლოვდა, ის კი ისევ თავისაზე იდგა:
-ასი ფრანკი გაწყობს?
-კარგი, მოსულა...

ომარი, დომინიკის მამა, სააბაზანოდან გამოვიდა. ხელში ნემსი ეკავა, საწოლზე გაიშხლართა და თვალი კედელზე ჩამოკიდებულ "ჯომოლუნგმას" გაუშტერა. კუთხეში მიმჯდარი პატარა ლულუ ძველი "პარი-მატჩიდან" თვითმფრინავის სურათის ამოჭრას შეეშვა.
ისე, რომ უმცროსი ბიჭისკენ არც გაუხედავს, კაცმა თქვა:
-საგარეუბნო მეტროს სადგურთან ჩადი და მუყაოს ფირფიტაც გაიყოლე: "მშობლები დამეხოცა, შემეწიეთ!" საღამოს უფულოდ შინ ფეხი არ მოადგა.
ბიჭი მკვირცხლად წამოხტა და სიტყვის უთქმელად კარებისკენ წავიდა, თან მაგიდაზე ობლად მიგდებულ ფორთოხალს თვალს არ აშორებდა. ომარმა შვილს გამოხედა:
-მაყუთი მოიტა და ფორთოხალი შენია.
ლულუმ კარი გაიხურა და მუყაოს ფირფიტით ხელში, სამი სართული ხტომა-ხტომით ჩაათავა. გაჩხიკინებული მკლავები გაძვალტყავებულ სხეულზე შემოივლო და თხელი სვიტრით სამ გრადუსიან ყინვაში გააბიჯა. ოცდაორი დეკემბერი იყო...
სამზარეულოში ომარმა ქვაბის ფსკერი მოჩიჩქნა. ზურგს უკან კარმა გაიჯახუნა. კონგოელი ქუსლებზე შემოტრიალდა და დაფანტული მზერით კატიას, საკუთარი შვილების დედას მიაჩერდა. კატია ერთი ლოყებჩაცვენილი ევროპელი დედაკაცი იყო. ქალმა "ოშანში" ნაყიდი ხელჩანთა სკამზე მოისროლა და ნიკაპი ზანგისკენ აიქნია. სიღარიბით სიქაგაცლილი ბეჩავი ადამიანის გამოხედვა ჰქონდა:
-ისევ გაიჩხირე... თვალებზე გატყობ...
-რას მიედ-მოედები? ერთი გრამი ტალახი რა სალაპარაკოა?
-დაგრჩა?
-არა, აი, ბიჭები ფულს მოიტანენ და...
-ეგრეა, ყველაფერი შენ, მე კი უშაბათო კვირა, ხომ ასეა?
პასუხად ომარმა გეიზერივით წითლად ალაპლაპებული ცხვირი მოისრისა.
-მოკეტე, დამპალო!
ქალმა მუქარა ყურად იღო, სამი ნაბიჯი გადადგა, პირზე ცხვირსახოცი აიფარა და კიბის უჯრედს ჩახედა: მას შემდეგ, რაც კორპუსის ნაძირალა ფაშისტებმა უფროსი ბიჭი იხმარეს, ბავშვები ლიფტს ერიდებოდნენ.


ლულუმ ფირფიტის წინ დახორავებული თორმეტი ფრანკი მოხვეტა და ყინვისგან გალურჯებული, გარეუბნისკენ მიმავალ გზას გაუყვა. მორის ტორეზის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებასთან, სონიას გადაუსწრო. ათი წლის ზანგ გოგონას ლამის ნაკუწებად ქცეული კაბა ეცვა, მხრებზე კი წვრილად დაწნული თმები ეყარა. ბალახს ქაჩავდა და ფეხებს მოყინულ ასფალტზე აბაკუნებდა.
-ნაფაზს ხომ არ დაარტყამ, ლულუ?
-ეგეთები ჩემთვის ჯერ ადრეა.
-დომინიკმა დაგაშინა?
-ჰო, რა...
-ეტყობა, რაღაცას მალავთ...
ბიჭმა წარბები შეჭმუხნა და გოგონას გასაოცრად, ადგილს შურდულივით მოწყდა.
ათი წუთიც და ახლა უკვე ედმონდ-მიშლეს კორპუსის დილერს, მისტერ დ-ს გადაეყარა. ახალგაზრდა არაბმა ჯერ გაუღიმა, მერე კი გააფრთხილა:
-თავს უშველე. შენი ბებრები სამასი ფრანკისთვის ერთმანეთს ცხვირ-პირს უნაყავენ.
ბიჭმა ნაბიჯი შეანელა, კიბე საფეხურ-საფეხურ აიარა და კარებს ყურით აეკრა. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ბიჭს გულს მოეშვა, კარი შეაღო და ბინაში შევიდა. ტუნისური პუფის წინ ჩაჩოქილი, მისავათებული დედა გაბმით მოთქვამდა. ომარი მინგრეულ-მონგრეულ სამზარეულოდან გამოვიდა; ხელი გასისხლიანებული ჩვრით ჰქონდა შეხვეული.
-არ მინდოდა, განზრახ არ მიქნია, ომარ...
-ეს დანა სად დაითრიე?
-რიკომ მომცა.
-იმ ძუკნის გაგდებულს კიდევ ხვდები?
ქალმა პირი იბრუნა. გაცოფებული ომარი ცოლს მივარდა და მუცელში წიხლები დაუშინა, თან ყურში ჩასძახოდა, ბოზი და ჩათლახი ხარო. არც ცდებოდა... ოთახის ზღურბლთან გაშეშებულმა დომინიკმა კუთხეში, ტელევიზორთან შიშისგან მოკუნტული ძმის მზერა მოწვა და ხელით ანიშნა, გვერდით დამიდექიო. სანამ აყალ-მაყალი გრძელდებოდა, გვერდით ოთახს თავშეფარებულმა ბიჭებმა ძმურად გაიყვეს გამომშრალი ბიგ-მაკი.
-დომ, პორტოებს* თუ დაებაზრე?
-დე სუზამ უკანა სკამებზე ორი ადგილი გადაგვინახა.
-და ის...
-ამაზე თავს ნუ იტკივებ... მომენდე, როგორც ვთქვი, ისე იქნება... ნუ გეშინია, შენთან ვარ...
-ვიცი, მაგრამ თავს ვერ ვერევი.
დომინიკმა, გასამხნევებლად, ძმას ხელზე ხელი დაადო, თითქოს საკუთარი ძალის გადაცემა სურდა. სულმობრუნებული და ვითომ შერიგებული ომარი და კატია ბინიდან გავიდნენ და დომინიკის ფულით მომაგრებულნი რაშიდთან წავიდნენ, იქნებ კოკაინი ან, ბოლო-ბოლო, რაიმე სხვა წამალი დავტყუოთო.

მეორე დღეს, კატიამ დომინიკი მამაკაცების გამოსაჭერად გაუშვა, ლულუ მეტროს სადგურზე გაისტუმრა, თვითონ კი, სოციალური დახმარების ფულით, რომელიც დილით მოუტანეს, "სუპერ-ოშანში" "კრონენბერგის" სამი პაკეტი, სამი ბოთლი მყრალი ვისკი და ორი ლიტრი რომი "ნეგრიტა" იყიდა, რომელსაც, საუზმისას ომარი, რა თქმა უნდა, წირვას გამოუყვანს. უცებ, ბუნდოვნად გაახსენდა, რომ ბიჭებს ორი დღეა პირში ლუკმა არ ჩასვლიათ და ტახტზე გაშხლართულ, ძენის მედიტაციაში ჩაფლულ ომარს გასძახა:
-საჭმლის ყიდვა დამავიწყდა.
-არაფერია, რაიმეს გააჩალიჩებენ. ნაძლევს ჩამოვალ, დომინიკს სადმე სასუსნავი ექნება გადამალული...
-თვითონაც ხედავ, ოჯახში არც თუ ისე ცოტა შემოაქვს, ჰოდა...
-გეყო, მოკეტე!
ომარს გამეორება აღარ დასჭირვებია, კატიამ მყისვე ხმა გაკმინდა.

დომინიკმა მეორე კლიენტს ზურგი აქცია და კელერისკენ წავიდა. კელერი იარაღით ვაჭრობდა.
მეტროს შესასვლელთან, ლულუმ ქუდში წვრილი ფული მოქუჩა და წამსვე, შიგ სიფათში მოფაშისტო სხენდერის ჩექმა მოხვდა: ხოტორა ტიპი ირგვლივ შემოკრებილ, მასავით თავგადაპარსულ, გამოთაყვანებულ ნაძირლებს ართობდა.
სონიამ მისტერ დ. მესამე კორპუსის სამრეცხაოში იპოვა.
-გაასაღებ? დილერობას შესძლებ?
-ნაღდია... ამბობ, რაღა...
-თუ არ დამასიაბანდებ, ყოველ დღე გაკაიფებ...
-მესმის, ჯიგარო...
-მაგრამ ჯერ გამოცდა უნდა გაიარო. ჯინსი გაიხადე და კოხტა შავი ტრაკი გამობზიკე.
-შემეშვი...
-რა ეშმაკი გეტაკა?
-ჩვენ მხოლოდ დილერობაზე შევთანხმდით, სულ ეს იყო.
-მუშტი ხომ არ მოგენატრა?
-გინდა რიკოს ყველაფერი ჩავუკაკლო?
ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით განსხვავებული მშვიდი დღე იდგა.
მერე იყო და ერთბაშად, მეორე დღეც დადგა.

წელიწადში ერთხელ, დე სუზას და ადელტონს სამშობლოში დაბრუნების მსურველი პორტუგალიელები საზღვარზე გადაყავდათ. მანქანას დოს სანტოსისგან თხოულობდნენ. ჩვეულებრივ, ოცდაოთხ დეკემბერს, საღამოს რვა საათზე გზას დაადგებოდნენ და მეორე დღეს, შუადღისას, ლისაბონში ჩადიოდნენ. მანქანა არასოდეს ივსებოდა, რადგან ბევრ პორტუგალიელი მამაკაცი ფრანგ ქალებზე ქორწინდებოდა და შობას საკუთარ ოჯახში, მშვიდ და ნეტარ ნავსაყუდელში ატარებდა.
დომინიკს თავის მოკატუნება არც დასჭირვებია, აქაოდა, კლიენტების გამოსაჭერად, აღმა-დაღმა დავსეირნობო. ჯერ უმიზნოდ იყიალა ქუჩებში, მერე მოშორებით მდგარ თვითმომსახურების მაღაზიაში შეიარა და სიფრიფანა ნაჭრებად კოხტად დათლილი ყველი იყიდა. საქმე რომ მოითავა ყურადღება მოიკრიბა და იარაღზე დაიწყო ფიქრი.

რევოლვერი მესამე კორპუსის სამრეცხაოში, საგულდაგულოდ მოწყობილ სამალავში ჰქონდა გადანახული. იარაღი ხელში ემსუბუქა, თუმცა კარგად იცოდა რა მომაკვდინებელ ძალას მალავდა ეს ლამაზი სათამაშო. მჭიდი მოუსინჯა, დამცველი გადასწია, ჯინსის ქამარში გაირჭო და "ნაიკის" ქურთუკის კალთა ჩამოაფარა.
ლიანდაგებს დაფენილი ნისლი საგარეუბნო მეტროს დარბაზს არარეალურ იერს სძენდა. შესასვლელიდან თხუთმეტი მეტრის მოშორებით, ბოძს მიყრდნობილი დომინიკი ლულუს მისჩერებოდა. ჩანდა, რომ პატარას დაღლილობისგან მუხლები ეკეცებოდა; ხელი გამვლელებისკენ ჰქონდა გაშვერილი, თუმცა ამაოდ: აქეთ-იქით მოჩქარე მგზავრები მათხოვარს ზედაც არ უყურებდნენ. დომინიკს გული მოეწურა. ავტომანქანების გაჩერებაზე ყველის სენდვიჩი იყიდა და გაჩქარებული ნაბიჯით ძმისკენ წავიდა.
-აჰა, თოხლე...
პატარამ ხარბად ჩაასო კბილები სენდვიჩს და გამოტენილი პირით იკითხა:
-თან გაქვს?
დომინიკმა თავი დაუქნია, ქურთუკი გაიხადა და ძმას მხრებზე მოაცვა.
-აბა, გავუტიეთ!
-რომელია?
-დათქმული დროა, წავედით.
უცებ პატარამ თვალი თვალში გაუყარა და სიტყვა ბანზე აუგდო:
-სონიამ შენზე თქვა, პედერასტიაო. პედერასტი რას ნიშნავს?
-ეგ შენი სონია დიდი დამპალი ვინმეა; პედერასტები თავისიანებში მოიკითხოს. შენ კი ერთხელ და სამუდამოდ თავში ჩაიჭედე, რომ პედერასტის არაფერი მცხია. ახლა კი, ფეხი გამოადგი.
-მეშინია, დომ...
-მეც.

ედმონ-მიშლეს ბლოკი ბუნდოვნად იკვეთებოდა დეკემბრის ნისლში. საღამოს ათის ნახევარი იყო. სამმა ნარკომანმა მეოთხე კორპუსის კიბესთან დაყუდებულ ძმებს წინ ჩაუარა და ბოროტი მზერა შეავლო.
ბიჭები ომარ და კატია ბონგოების ბინისკენ ამავალ კიბეს აუყვნენ.
უცებ დომინიკის ტვინში ყუმბარამ იქუხა: ყველა ძალადობამ, რაც ამ ბოლო წელს გამოსცადა, გაალმასებული თვალების წინ ელვასავით გაკვესა. ბიჭმა ნაბიჯს მოუჩქარა და დაბოღმილმა წიხლით შეაღო ბინის კარები, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: "ჩათლახი ზანგები". ძმებმა სამი მსუბუქი ნაბიჯით გადაკვეთეს ოთახი. საწოლში ომარი ცოლის დუნდულებზე ფართხალებდა. თვალები კოკაინით ჰქონდა დაბინდული. ამ ბინძური ურჩხულის შემყურე ბიჭები ადგილზე გაქვავდნენ. უფროს ბონგოებს არაფერი ესმოდათ, ვერც ვერაფერს ხედავდნენ,-ოფლად გაღვრილები, მძიმედ ხვნეშავდნენ.
დომმა და ლულუმ "გლოკი" ხელებში ჩაბღუჯეს და როგორც დათქვეს, ისე მოიქცნენ. დომი მარჯვენა ხელით კონდახს წაეტანა, პატარამ კი სასხლეტს გამოკრა თითი... მჭიდი მთლიანად დაიცალა.
მშობლების ტვინი კედლებს შეასკდა, ბავშვების გატანჯულ სახეზე, უკეთური ცხოვრების გამოსატირებელმა ყველა ცრემლმა ერთიანად იხუვლა.
იარაღიდან ადენილმა კვამლმა ბიჭები გამოაფხიზლა. დომმა რევოლვერი გაწმინდა და გვამებისკენ მოისროლა...
მანქანის წინ მდგომმა დე სუზამ ბავშვებს შეუძახა:
-კარგა ბლომად გვალოდინეთ, უთქვენოდ ვაპირებდით გამგზავრებას.
ბიჭებმა, ღიმილის ნიშნად, კბილები დაკრიჭეს და მანქანის უკანა სკამზე, თავისუფალ ადგილზე მოყუჩდნენ.
დე სუზამ ძრავა პირველ სიჩქარეში გადართო და გეზი ლისაბონისკენ აიღო.
სუსხიანი ქარი გაქუცულ საშობაო გვირგვინებს არხევდა. პორტუგალიელი მუშებით სავსე მანქანამ გარეუბანი გაიარა და "მერსედესის" სალონში ბოთლები, ძეხვეული და ცხელი პური გამოჩდა.
ადელტონი ბონგოებს მიუბრუნდა. ხელში სენდვიჩი ეკავა.
-მადაზე როგორა ხართ, ბიჭებო?
ლულუმ მორცხვად გაიწოდა ხელი, სენდვიჩს წაწვდა, ნახევარი ძმას მოუტეხა და თავის წილს კბილებით ეძგერა. პორტუგალიელი გაოცებით შესცქეროდა. წამით, ბავშვის ჩაცვენილ ლოყებს დააჩერდა, მერე ტუჩი მოიკვნიტა და თავი მიაბრუნა.
ლულუ ძმას მიუტრიალდა:
-პორტუგალიაში სკოლაში ვივლი?
-ეჭვი არ შეგეპაროს. ამ საქმეს დე სუზა მოუვლის. გაკვეთილების შემდეგ, პლაჟისკენ გავუტევთ.
-"განგაში მალიბუში" რომ არის ისე, არა?
-დიახაც... ახლა კი, დაიძინე...
პატარამ ძმას მხარზე ჩამოადო თავი და წამსვე ძილში დაინთქა. მშვილდივით დაჭიმული დომინიკი, დაბინდული ფანჯრიდან ღამეს გასცქეროდა. ჯინსის ჯიბიდან "შიდსის" ტესტის ფურცელი ამოიღო და მუშტში მოჭმუჭნა. მერე, თვალები დახუჭა და ბრწყინვალე, აელვარებულ სივრცეს გაუყვა, სადაც აღარც შიში იყო, აღარც სისხლი და აღარც ცრემლები...

ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

23 აპრილი – წიგნის და საავტორო უფლებების დღე

მაშ, "საბა"?
ნატო თორთლაძე


"მრავალი სამყაროდან, რომელიც ადამიანმა ბუნებისგან საჩუქრად კი არ მიიღო, არამედ თავად შექმნა, ყველაზე დიდი წიგნის სამყაროა."

ჰერმან ჰესე


ძველისძველი კატალონიური ტრადიცია ყოფილა: ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონა – როგორც ჩანს, ამ სფეროში მომუშავე ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით გონებაგახსნილი იყო, - და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს.
თავის ინიციატივა გილდიამ ძალიან ლოგიკურად დაასაბუთა. ხომ არ იტყოდნენ, წიგნებს ვასაღებთო! ამიტომ გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა, და საერთოდაც ხომ შექსპირის გარდაცვალების დღის აღნიშვნა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ კიდევ 1771 წელს გადაწყვიტა! მოკლედ, წმინდა გიორგის კლასიკოსებიც შეუერთდნენ, და მალე საქმე იქამდე მივიდა, რომ თუ 23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ, ამ მხარეში ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა.
1995 წელს კატალონიამ იუნესკოს თავის შესანიშნავი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა, და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა – "წიგნის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ახალგაზრდებისათვის კითხვის შესაყვარებლად". იუნესკოს რეზოლუციაში ნათქვამია: "ვინაიდან წიგნი კაცობრიობის ისტორიაში ცოდნის გავრცელებისა და დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, 23 აპრილი ყოველწლიურად წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ ცხადდება".
იუნესკოს გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა გამოდგა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს "თეთრი წიგნის კვირეულით" აღნიშნავენ, და დიდი ბრიტანეთი, სადაც "წიგნის მსოფლიო დღე" დიდ დღესასწაულად იქცა. წიგნის დღეს ზეიმობენ ავსტრალიაში, კანადაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, მოზამბიკში, პუერტო რიკოში, კუბაზე – სად აღარა... წელს კი "წიგნიერ" ქვეყნებს საქართველოც შეუერთდა.
არადა, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი თურმე საერთოდ არ კითხულობს. თურმე, ჩვენს ქვეყანაში უწიგნურებიც არსებობენ. მიუხედავად ამისა, წიგნის საქმე აშკარად ვითარდება – საბჭოთა დროსთან შედარებით, ცხადია, ნაკლები ტირაჟით გამოსცემენ, სამაგიეროდ, რამდენი ახალი დასახელების წიგნი გამოდის! მკითხველი ბუზღუნებს, ძვირიაო, და ავტორები, გამომცემლები და წიგნით მოვაჭრენი ჩივიან, მკითხველი დაბალი დონისა გვყავსო, მაგრამ ფაქტია, რომ წიგნები ისტამბება და იყიდება, - თუნდაც გაზეთ "24 საათის" კულტურის გვერდებს რომ გადახედოთ, კვირაში ოთხჯერ მაინც ამოიკითხავთ ახალი წიგნის პრეზენტაციის ან დამატებითი ტირაჟის გამოშვების ამბავს.
საქართველოში წიგნის საქმის განვითარებას – სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია – დღემდე უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო უწყობდნენ ხელს, ვიდრე ის ხალხი, "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემისთვის საკმარის თანხას რომ სამორინეში ტოვებს ხოლმე. მაგრამ წელს შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ წიგნის საქმე საერო საქმედაა აღიარებული, და ავტორებს საქართველოშიც პატრონი გამოუჩნდათ.
ასე რომ, წიგნის დღეს ჩვენც ვიზეიმებთ. თან შესანიშნავად: საჯარო კითხვებით, ლიტერატურულ-კულინარული საღამოებით, და, რაც მთავარია, ჯილდოების გადაცემებით. ქართული წიგნის უდიდესი საცავი, ეროვნული ბიბლიოთეკა, "ღია კარის" დღეს მოაწყობს და გამოფენასაც გამართავს, "წიგნის მხატვრობა". ქუჩაში წიგნები დიდი ფასდაკლებით გაიყიდება, მათ, ვისი ჯიბე ამასაც ვერ გაწვდება, ასევე საბავშვო სახლებს და ციხეებს, წიგნებს საჩუქრად გადასცემენ. ამ დღისთვის ათასგვარი ლამაზი ნივთი დამზადდება: მაისურები, დროშები, საფოსტო ბარათები, პლაკატები... "პარნასსა" და "სარდაფში" დისკუსიები გაიმართება, და გვპირდებიან, ამ დღეს მაინც დაიჯერებთ, რომ წიგნის მაღაზია კულტურის ლოკალური ცენტრიაო.
ამ დღესასწაულის კულმინაცია კი "საბა"-თი დაჯილდოება იქნება. ავტორების, კრიტიკოსების და მთარგმნელების მორალური და მატერიალური მხარდაჭერა "თი-ბი-სი" ბანკმა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა, გაზეთმა "24 საათმა" და "ქართულმა პენ-კლუბმა" გადაწყვიტეს.
რატომ "საბა"? (ერთ-ერთ ორგანიზატორს ამ სახელის იდეა, პირველმა, ბიძინა მაყაშვილმა მიაწოდა, შემდეგ კი ე.წ. ფოკუს-ჯგუფი, რომელიც სპეციალურად შეიკრიბა საკითხის გადასაწყვეტად, დამოუკიდებლად მივიდა ამ სახელწოდებამდე.) იმიტომ, რომ სულხან-საბა ორბელიანი არაჩვეულებრივი მწერალია და, სხვა თუ არაფერი, სიტყვის კონა აქვს შედგენილი – ამაზე უკეთესი განმარტებითი ლექსიკონი ჩვენ დღემდე არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, თავად სახელი ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის იოლი წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელია – ბიძინამ იაპონელების "სონის" პრიციპი გაიხსენა; თან – ეს უკვე ჩემი ეჭვია – ადამიანის სახელი, თავისთავად, ყველა სხვა სახელწოდებას სჯობს, იმიტომ რომ ადამიანურია. ასე "მოინათლა" "ქართული ბუკერი", და, ვფიქრობ, ამ სახელით ყველა კმაყოფილი დარჩა.
მატერიალური, მარმარილოსა და მოვერცხლილი ლითონისგან დამზადებული "საბას" ავტორი ალეკო კასრაძე გახლავთ - ამ ფიგურას ჩვენი გაზეთის მკითხველები უკვე იცნობენ.
პრემიის მიზანი გასული წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენაა. დაჯილდოების ცერემონიალს "რუსთავი-2" პირდაპირ ეთერში გადასცემს, ასე რომ, საზღვარგარეთაც რომ ვიყოთ გადახვეწილი, მაინც ყველანი დავესწრებით.
ჟიური შვიდი ადამიანისგან შედგება. მათი ვინაობა უცნობია, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ძირითადად კრიტიკოსები და ლიტერატორები არიან, და მათი ნაწარმოებები, ცხადია, კონკურსში არ მონაწილეობს. ჟიური გასულ წელს საქართველოში გამოქვეყნებულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს, უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ასევე პრესაში გამოქვეყნებული ან წიგნად დაბეჭდილი ლიტერატურული კრიტიკის ნიმუშებსა და პიესებს განიხილავს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო, ვისაც გასული წლის განმავლობაში რომელიმე გამომცემლობაში ქართულ ენაზე ერთი რომანი, პოეტური კრებული, პროზაული ნაწარმოები, პიესა, კრიტიკული წერილი და თარგმანი მაინც ჰქონდა გამოქვეყნებული, და ნომინანტები, რომელთა ვინაობაც გაზეთის პირველი გვერდიდან შეიტყვეთ, 300-მდე ავტორიდან იქნენ არჩეული.
ნომინაციებში გამარჯვებულები "საბას" და ორ-ორ ათას ლარს მიიღებენ. საგანგებო პრემია - "ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" - 5000 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, გამარჯვებულ ავტორებს მთელი წლის განმავლობაში – მომავალ "საბამდე" – "რუსთავი 2"-ში უფასო საეთერო დრო და გაზეთ "24 საათის" გვერდებიც დაეთმობათ, რაც – ამაში ნებისმიერი ლიტერატორი დამეთანხმება – არანაკლებ ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი ფულადი ჯილდო.
ვინ გახდება ყველაზე წარმატებული ლიტერატორი? ვის ერგება "საბა"? აზრი მრავალი არსებობს, მაგრამ ზუსტ პასუხს მხოლოდ 23 აპრილს შევიტყობთ, როდესაც პირველად ქართული წიგნის არსებობის ისტორიაში, წიგნის საერთაშორისო დღეს, გამარჯვებულებს ჯილდოები გადაეცემათ.

სტატია დაიწერა 2003 წელს

© “წიგნები – 24 საათი”